ამნისტია ყველასთვის
სოფიკო სიჭინავა
ბოლო ერთი წლის მანძილზე პროკურატურის აქტიური მუშაობით დაშინებული მდიდარი ხალხის ფული სავალალოდ დააკლდა ქართულ ეკონომიკას. ხელისუფლება ამას კარგად ხვდება. იმ უპრეცენდენტო პროცესის შედეგად, რასაც პრემიერ-მინისტრი ყოფილი ჩინოვნიკების მასობრივ დაპატიმრებებს უწოდებს, სახელმწიფო ბიუჯეტში ათობით მილიონი ლარის მობილიზება მოხდა, მაგრამ ჟვანია იქვე დასძენს, რომ დროა ქართულ ეკონომიკაში ახალი ათვლის წერტილი დაიწყოს, როცა არავის შეეშინდება დაგროვილი ფულის გამოჩენა.
“ჩვენ არ ვაპირებდით და არც ვაპირებთ შევეგუოთ იმას, რომ ჩინოვნიკებმა საბოლოოდ დაისაკუთრონ ის ქონება, რომელიც მიტაცებული იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ეს პროცესი, პრაქტიკულად, დასრულებულია. ხალხმა უკან დაიბრუნა ბიუჯეტში ათობით მილიონი ლარი და ახლა ჩვენ გვჭირდება ეკონომიკას ახალი ათვლის წერტილი მივცეთ, როცა გვექნება ახალი ბევრად უფრო ლიბერალური საგადასახადო კოდექსი, როდესაც მივიღებთ კანონმდებლობას, რომლითაც, პრაქტიკულად, გარანტია შეექმნება თითოეულ მეწარმეს, რომ წინა წლების პრობლემებზე არავინ შეედავება და რომ ქვეყანაში ფსიქოლოგიურად შეიქმნება ის სიტუაცია და ატმოსფერო, როცა ყველა გაბედულად შეძლებს, ინვესტიცია განახორციელოს. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მეტი უცხოელი ინვესტორი შემოვიდეს ქვეყანაში”.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის არჩევნებზე პრემიერ-მინიტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტორი ადგილობრივი მეწარმეა, ის თანამემამულეები, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდენენ და აქ მოახერხეს მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესის აწყობა. ჟვანია ყველას დაჰპირდა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა პირველ ყოველისა მიმართული იქნება ამ მეწარმეთათვის ხელშეწყობისკენ, რათა გაბედულად და წარმატებულად იმოქმედონ საქართველოში.
ხელისუფლების მხრიდან ამ დაპირების მთავარი გარანტი ახალი საგადასახადო კოდექსია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას შეუწობს ხელს. პრემიერ-მინისტრი გულდაწყვეტილი ამბობს, რომ ამ კოდექსის მისამართით ხშირად ზღვარსგადასული კრიტიკა ისმის და ხდება მთავარის იგნორირება, იმისა, რომ გადასახადების რაოდენობა და განაკვეთები მკვეთრად მცირდება. კოდექსის მიღების შემდეგ კი ევროპაში არ იქნება ქვეყანა, რომელსაც უფრო დაბალი განაკვეთები ექნება, ხოლო მთავრობა ამ კოდექსით მომავალი წლის ბიუჯეტში ასობით მილიონი ლარის მიღებაზე ამბობს უარს. საგადასახადო კოდექსის პარალელურად მთავრობა პარლამენტში საგადასახადო ამნისტიის განხორცილების ინიციატივასაც წარადგენს. ყველა წინა ცოდვა უნდა გაბათილდეს.
“საგანგებოდ მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობა სრულიად გახსნილია იმისთვის, რომ გააგრძელოს დისკუსია ახალი საგადასახადო კოდექსის ნებისმიერ დებულებაზე, მით უმეტეს მაშინ, როცა მის განხილვას დაიწყებენ პარლამენტში, რომლისგანაც კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედი გვაქვს”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა და საზოგადოების ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ახალ კოდექსში გადასახადების რაოდენობა 22-დან 9-მდე შემციდება და იმ გადასახადთა განაკვეთიც, რაც დარჩება. ასეთი შემცირება კი ბიუჯეტს საკმაოდ სოლიდურ თანხებად დაუჯდება.
“ხელისუფლება ისეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს იმიტომ დგამს, რომ ეს ფული ისევ მეწარმეებს დარჩეთ, რომლებმაც იგი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდასა და წარმოების განვითარება-გაფართოებას უნდა მოახმარონ,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.