ბუშის ეკონომიკური გეგმა

მოამზადა ლინა ეპიშევამ

აშშ-ის ფედერალური სისტემის წარმომადგენლები თვლიან, რომ აქციებზე კურსის ვარდნა გამოწვეული იყო სკანდალებით დიდ კორპორაციებში, რამაც შექმნა დღევანდელი ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში. “ვრემია”, “ნოვოსტის” ცნობით, ჯორჯ ბუში კიდევ ერთხელ შეეცადა დაერწმუნებინა ამერიკელები და მსოფლიო საზოგადოება მდგომარეობის სტაბილურობაში.

ეჭვებმა ფინანსურ მომავალზე აიძულა სახელმწიფო მეთაური მოეწვია ფორუმი ტეხასის შტატის ქალაქ უეიკოში, რომელშიც მონაწილეობდნენ წამყვანი ეკონომისტები, აღმასრულებელი დირექტორები, პროფკავშირის წარმომადგენლები, ინვესტორები, ტოპ-მენეჯერები და სტუდენტები.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს მონაწილეობა მიეღოთ უეიკოს კრებაზე. “ადმინისტრაცია მხოლოდ იცავს თავის პოლიტიკას სერიოზული ანალიზისაგან. ეს პოლიტიკა შემოიფარგლება მხოლოდ კერძო ინტერესებით და ერთნაირად მოაზროვნე მონაწილეებით. ასე რომ, ფორუმზე ჭარბობს უბრალო სიტყვები და არა რეალური გადაწყვეტილებები”-განაცხადა დემოკრატმა-სენატორმა ჯონ სპრატმა.

ჩიკაგოს ეკონომიკურ კლუბში პრეზიდენტმა ბუშმა გამოაქვეყნა ამერიკული ეკონომიკის სტიმულირების გეგმა, რომელიც ამერიკულ ბიუჯეტს 674 მილიარდი დოლარი დაუჯდება. გეგმა 12 პუნქტისაგან შედგება: ტერორიზმისაგან ფედერალური დაზღვევის პროგრამა, დახმარების გაწევა სამშენებლო სექტორისთვის, ინვესტიციების გაზრდა და ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია უცხოურ რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაზე და გადასახადების გაუქმებაზე. თუმცა, ჟურნალ უოლ-სტრიტის განცხადებით, საბუთი არ შეიცავდა რაიმე ახალ მოსაზრებას. ამ საბუთის დამსახურება იმაშია, რომ მან გააერთიანა ეკონომიკის დარგში უახლესი კონსტრუქციული ინიციატივები ერთ ლოგიკურ რიგში.
როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, გეგმის საკამათო მომენტი მდგომარეობს დივიდენდებზე გადასახადის გაუქმებაში. ათ წელიწადში ამ გადასახადის გაუქმება ამერიკულ ბიუჯეტს 300 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

საშობაო არდადეგებამდე თეთრი სახლის მრჩეველები საუბრობდნენ გადასახადის მხოლოდ 50%-იან შემცირებაზე, მაგრამ არდადეგების დროს ბუშმა მიიღო თამამი გადაწვეტილება გადასახადის მთლიან გაუქმებაზე.

ბუშის გეგმა წარმოადგენს მის რეაქციას აქციათა კურსის მკვეთრ დაცემაზე. რომელ ეკონომიკურ ეფექტს ელოდებიან პრეზიდენტი და მისი მრჩეველები? უპირველეს ყოვლისა, ისინი ვარაუდობენ, რომ გაუქმებული გადასახადის მეშვეობით შენახული თანხით აქციონერები ახალ აქციებს შეიძენენ, მაგრამ ყველაზე მეტად ისინი ამყარებენ იმედებს ირიბ მასტიმულირებელ ეფექტზე, რომელსაც გადასახადის გაუქმება გამოიწვევს. მათი გაანგარიშებით, აქციათა საერთო ღირებულება 20%-ით უნდა გაიზარდოს. (უნდა აღინიშნოს, რომ ბაზრის რეაგირება ჯერ კიდევ თავშეკავებულია. ორშაბათს, პრეზიდენტის გეგმის გამოქვეყნებამდე, დოუ-ჯონსის ინდექსი 178 პუნქტით გაიზარდა, მაგრამ სამშაბათს კვლავ შემცირდა). თეთრი სახლის მრჩევლები დარწმუნებულნი არიან, რომ სამ წელიწადში ბუშის გეგმა 2 მილიონი სამუშაო ადგილების შექმნას და მშპ-ის 0,4%-ით გაზრდას შეუწყობს ხელს. ისინი ამტკიცებენ, რომ ბუშის მიერ შეთავაზებული ზომების წყალობით ამ წელს 92 მილიონი გადასახადის გადამხდელი შეინახავს დაახლოებით 1,083 დოლარს. 35 მილიონი გადამხდელი, რომელიც შემოსავალს აქციებზე დივიდენტებისაგან იღებს, შეძლებს დანახარჯების და ინვესტიციების გაზრდას.

წარსულში გადასახადების შემცირება ამერიკელი რესპუბლიკელებისათვის იყო ერთ-ერთი ხერხი, რომლის მეშვეობით ისინი თეთრ სახლში გამარჯვებას აღწევდნენ. სხვა ლოზუნგები იყო თავდაცვის გაძლიერება და ანტიკომუნიზმი. გასაგებია, რა ბედი ეწია ამ ორ ლოზუნგს, მაგრამ გადასახადების შემცირებამაც დაკარგა თავისი მაგიური ძალა. წინასაარჩევნო გამოკითხვის თანახმად, ეს თემა უკვე ნაკლებად აღელვებს ამომრჩეველს.

რა რეაქცია ჰქონდათ ამ გეგმაზე სპეციალისტებს და კომენტატორებს? დემოკრატების მომხრენი ამ გეგმას აკრიტიკებენ, რესპუბლიკელების უმეტესი ნაწილი, ცენტრისტები და მემარჯვენეები მას მხარს უჭერენ. ექსპერტ-ეკონომისტებსაც არ გააჩნიათ შეხედულებათა ერთიანობა, მაგრამ ბიზნეს ელიტის უმეტესი ნაწილი გეგმას მთლიანად უჭერს მხარს.

დემოკრატები აკრიტიკებენ გეგმას შემდეგი მიზეზების გამო: მართალია, ბუშის გეგმა შეუწყობს ხელს მოქალაქეების შემოსავლების ზრდას, მაგრამ არა ყველა მოქალაქის, არამედ მხოლოდ მდიდრების. გადასახადის შემცირება და დივიდენტებზე გადასახადის გაუქმება საშუალო ფენაზე არანაირად აისახება. საგადასახადო პოლიტიკის გავლენიანი კვლევის ცენტრის ხელმძღვანელობის განცხადებით, გადასახადის გაუქმების შემდეგ შენახული თანხების 28,3% მდიდარი ამერიკელების 1%-ს ერგება წილად მაშინ, როცა აშშ-ის მოქალაქეების 80% ამ თანხიდან მხოლოდ 22%-ს მიიღებენ. ბლუმბერგ ნიუსის ცნობით, თუ ბუში ამ გეგმას გასულ წელს განახორციელებდა, მაშინ პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული შემოსავლებიდან გამომდინარე, იგი დამატებით 44,5 ათას დოლარს შეინახავდა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი დიქ ჩეინი, რომლის შემოსავალმა 2001 წელს 4,3 მილიონი დოლარი შეადგინა, 326,55 ათას დაზოგავდა. საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება გამოიწვევდა სახელმწიფო დანახარჯების პენსიონერებზე და გაჭირვებაში მყოფ ადამიანებზე შეკვეცას. ამავე დროს, ერაყთან შესაძლო ომის და ეროვნულ უსაფრთხოებაზე უზარმაზარი დანახარჯების შემთხვევაში, შემოსავლების მასშტაბური შემცირება მნიშვნელოვან საბიუჯეტო დეფიციტს გამოიწვევს. ზოგიერთი რესპუბლიკელიც კი დაფიქრდა იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ფულის გადაცემა მაშინ, როცა ქვეყანას სჭირდება თანხები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ახლა რესპუბლიკელები ქმნიან კოალიციას იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც გადასახადის შემცირებას აგიტიციას უწევენ. “ეს ბუშის პირველი გამოცდაა, – განაცხადა გორვერ ნორკვისტმა, კონსერვატიული ორგანიზაციის “ამერიკა საგადასახადო რეფორმისათვის” ხელმძღვანელმა. თუ ბუში თავის გეგმას გაიტანს, ორი რამ მოხდება. ერთი მხრივ, ვაშინგტონში მისი რეპუტაცია და ძალაუფლება მკვეთრად გაიზრდება, მეორე მხრივ, მას გაუადვილდება პროგრამის დანარჩენი ნაწილის გატანა”. ამავე მიზეზით დემოკრტები აპირებენ ბუშს წინააღმდეგობა გაუწიონ.

ზოგი დემოკრატი-პოლიტიკოსის აზრით, ბუშის გეგმის იდეალოგია ძველ თეზისში მდგომარეობს – გაამდიდროს საზოგადოების მაღალი ფენა იმ იმედით, რომ მისი წარმომადგენლები ფულს ყველაზე პერსპექტიულ ბიზნეს-პროექტებში დააბანდებენ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და მაშასადამე, საზოგადოების კეთილდღეობის ზრდას. რესპუბლიკელებს ძველი ლიბერალური რეცეპტების სჯერათ: რაც კარგია ფორდისათვის, კარგია ამერიკისათვისაც, მაგრამ დემოკრატები გვახსენებენ, რომ ეს თეზისი ყოველთვის არ მოქმედებს. თუ ეკონომიკა რეცესიაში იმყოფება, მაშინ გადასახადების შემცირებით შენახული თანხები დაბანდდება არა ახალ პროექტებში, არამედ ბრუნვიდან ამოიღება.

რესპუბლიკელები კი თვლიან, რომ მდიდრები ბევრ გადასახადს არაპროპორციულად იხდიან, ამიტომ სამართლიანი იქნება თუ გადასახადების შემცირება, უპირველეს ყოვლისა, მათ მდგომარეობას შეამსუბუქებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მოგებაში დიდი საშუალო ფენა დარჩება, მაგრამ დემოკრატების გამოხტომები ბუშის გეგმაზე მანამდე იყო ეფექტიანი, სანამ აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში ჩავარდა და მისმა მაგმა, ამერიკული ცენტრობანკის ხელმძღვანელმა – ალან გრინსპანმა განაცხადა, რომ ბუშის გეგმა ეკონომიკის აღდგენას შეუწყობდა ხელს.

პრეზიდენტი აპირებს 10 წელიწადში გადასახადები 1,6 ტრილიონით და დაბეგვრის მაქსიმალური განაკვეთი 39,6%-დან 33%-მდე შეამციროს. ბუში აგრეთვე აპირებს ნულამდე დაიყვანოს მემკვიდრეობის და მომუშავე მეუღლეების დამატებითი გადასახადი.

ახლა არავინ კამათობს იმაზე, რომ უნდა შემცირდეს გადასახადები. კამათი, ძირითადად, შემცირების მასშტაბებს და ვადებს ეხება. ეკონომისტთა შეფასებებზე დაყრდნობით, ბევრი რესპუბლიკელი თვლის, რომ გადასახადები უფრო მეტად უნდა შემცირდეს. ისინი შიშობენ, რომ ბუშის გეგმა გადასახადების შემცირების შესახებ არ იქნება საკმარისი ეკონომიკის აღსადგენად. რესპუბლიკელთა აზრით, ეს პროცესი არ უნდა გაიწელოს და გადასახადები ერთი დარტყმით უნდა შემცირდეს, რომ ოპოზიციამ ვერ მოასწროს გონზე მოსვლა. რესპუბლიკელები თვლიან, რომ ბუში გადასახადებს ორჯერ ნაკლებად ამცირებს, ვიდრე რეიგანი 18 წლის უკან, როცა ეკონომიკური ბუმს საფუძველი ჩაეყარა.

დემოკრატები სხვა აზრის არიან. მათი აზრით, რეიგანის გადასახადების შემცირებას კატასტროფული შედეგები მოჰყვა, რომლის ლიკვიდირება კლინტონმა შეძლო, რომელმაც 1993 წელს გადასახადები გაზარდა. დემოკრატები თვლიან, რომ გადასახადები უნდა შემცირდეს თანდათან, დაახლოებით, 300 მილიარდზე და არა ტრილიონებზე.

დემოკრატებმა მოამზადეს ეკონომიკის სტიმულირების საკუთარი გეგმა, რომლის ღირებულება 4,5-ით ნაკლებია პრეზიდენტის გეგმაზე და რომელიც მიმართულია საშუალო ფენისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებაზე და დახმარებების ვადის გაგრძელებაზე.

ეკონომისტები ყურადღებას აგრეთვე იმ ფაქტს აქცევენ, რომ ახალი გეგმის შედეგად შეიძლება დაზარალდეს შტატების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რადგანაც დაეცემა ინტერესი თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მიმართ.

გუბერნატორებმა იცოდნენ, რომ დიდი იმედების დამყარება ბუშის ეკონომიკურ პროგრამაზე არ იყო რეალური, მაგრამ შტატების ლიდერები ელოდებოდნენ, რომ, ყოველ შემთხვევაში, მათ ფედერალური დახმარების მცირე ნაწილი მაინც შეხვდებოდათ. გასულ კვირას თეთრი სახლი განიხილავდა მრავალწლიან პროგრამას შტატებისათვის, რომელიც 10 მილიარდამდე შემცირდა ერთი-ორი წლის განმავლობაში, შემდეგ კი 6 მილიარდამდე და ბოლოს, გაჭირვებაში მყოფ შტატებს ნამცეციც კი არ შერჩათ.

შტატებში ფისკალური სიტუაცია კრიტიკულია. გუბერნოტართა ეროვნულმა ასოციაციამ და აშშ-ის მერების კონფერენციამ გამოიმუშავეს ერთიანი ლობირებული სტრატეგია ფისკალური სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

პოლემიკამ გადასახადების შემცირების ირგლივ დაჩრდილა პრეზიდენტის სხვა შეთავაზებები, რომლებიც ორიენტირებული არიან დაბალშემოსავლიან და საშუალო ფენებზე, როგორიცაა, მაგალითად, უმუშევრობის დახმარების ვადის გაგრძელება კიდევ 13 კვირით. ამის გარდა, უმუშევრები მიიღებენ დამატებით 3 ათას დოლარს კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი სამსახურის შოვნისათვის. გათვალისწინებულია ერთ ბავშვზე თანხის 600 დოლარიდან 1000 დოლარამდე გაზრდა, შემოსავლებზე გადასახადის შემცირება, მცირე საწარმოებისათვის დაუბეგრავი ინვესტიციების 25 ათასი დოლარიდან 75 ათას დოლარამდე გაზრდა.

ეკონომისტთა აზრი ბუშის გეგმის შესახებ განსხვავდება, მაგრამ ისინი ერთ რამეში თანხმდებიან: ბუშის გეგმა ძალიან თამამი ნაბიჯია, შეიძლება კიდეც ზედმეტად თამამი. თუ ეს ზომა გამოიწვევს რაიმე დადებით ეფექტს, ეს მალე არ მოხდება, არამედ რამდენიმე წლის შემდეგ, რადგან პირველად დაუბეგრავი დივიდენდები მხოლოდ 2004 წელს გამოვლენ. ყველაზე დიდ პრეფერენციებს მიიღებენ კომპანიები, რომლებიც რეგულარულად უხდიან აქციონერებს დივიდენდებს. ეს ძველი, სტაბილურად მომუშავე კომპანიებია, მათ შორის ნავთობ-კორპორაციები (მაგალითად, IBM da Eხხონ Mობილ-ის აქციათა კურსი ორი დღის განმავლობაში 2%-ით გაიზარდა). მაღალ-ტექნოლოგიური სექტორიდან ახალ კომპანიებს, რომლებიც მთელ მოგებას განვითარებაში აბანდებენ, ახალი გეგმა ნაკლებად შეეხება.

რაც არ უნდა იყოს, პრეზიდენტ ბუშის გეგმა უნდა გავნიხილოთ, როგორც უზარმაზარი ექსპერიმენტი, რომლის შედეგების პროგნოზირება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, თუ რომელი საგადასახადო პოლიტიკა განხორციელდება, არავინ შეიძლება იცოდეს, როგორი გახდება მსოფლიო 2004 წელს, მით უმეტეს 10 წლის შემდეგ.

ტერორიზმის და კორპორაციული კორუფციის გავრცელების მიუხედავად, აშშ-ის განვითარებული და მოწინავე ეკონომიკა აღდგენის გზაზე იმყოფება სახელმწიფოს მასტიმულირებელი ზომების გარეშე. თუ ეკონომიკის აღდგენის პროცესი გაგრძელდება, ამისათვის ბუშს უნდა ვუმადლოდეთ. თუ ადმინისტრაციის ზომების შედეგად ეკონომიკა დასუსტდება, ამ ექსპერიმენტს შესაბამისად შეაფასებენ.