Made in Georgia
„საქსტატის“ მიერ 19 ოქტომბერს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2015 წლის პირველ ცხრა თვეში საგარეო ვაჭრობა 12,75 %-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 7,3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
იმპორტის მოცულობა იანვარ-სექტემბერში 9 %-ით შემცირდა და 5, 66 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ექსპორტს, მისი მოცულობა 2015 წლის პირველ ცხრა თვეში 23,6 %-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1, 65 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
2 % იანი ზრდა განიცადა ექსპორტმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იანვარ-სექტემბერში და 471 მლნ დოლარი შეადგინა. ეს მთლიანი ექსპორტის 29 %-ს შეადგენს.
საქართველოს ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში 44 %-ით შემცირდა და 630 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 38 %-ია.
ჩვენი ქვეყნისთვის პირველი საექსპორტო ბაზარი თურქეთია რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 1,1 მილიარდ ლარს მიაღწია. მას მოსდევს აზერბაიჯანი, ჩინეთი და სხვა სახელმწიფოები.
წელს საექსპორტო პროდუქციის რეიტინგული ათეულის მეხუთე ადგილი საქართველოოში წარმოებულმა მედიკამენტებმა დაიკავა, რომლის ექსპორტის მოცულობამ 96, 5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის მონაცემებზე 46, 8 %-ით მეტია. რეიტინგის პირველ და მეორე ადგილებს სპილენძის მადნები და ფეროშენადნობი პროდუქცია იკავებს.
ქართულ ბაზარზე მედიკამენტების წარმოების სიძლიერით გამოირჩევა PSP-ს დაფინასებით შექმნილი ფარმაცევტული საწარმო GMP, რომელიც 1998 წელს დაარსდა. იგი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ფუნქციონირებს. 2004 წლიდან კომპანია ფლობს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შესაბამისობის სერტიფიკატს ISO 9001:2000. კომპანია აწარმოებს 100-ზე მეტი მედიკამენტის ექსპორტს 10 სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორისაა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, მოლდოვა და სხვა სახელმწიფოები.
განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობს საწარმოს მიერ გამოშვებული ლაქტო ჯი, აზიმაკი, ტრიმიკორი და სხვა მედიკამენტები.
უცხოეთში წამლების რეალიზება სულ უფრო მეტად იზრდება ბოლო პერიოდში. თუ 2013 წლისთვის მისმა მოცულობამ 52 მილიონი დოლარი, ხოლო 2014 წელს 92 მილიონი დოლარი შეადგინა, საბოლოოდ მან ერთერთი წამყვანი პოზიცია დაიკავა საექსპორტო პროდუქციის ათეულში. ამის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ წამლების ინდუსტრიას დიდი და მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს ჩვენს ქვეყანაში.
როგორც ‘ჯი ემ პი“-ს დამფუძნებელმა, კახა ოქრიაშვილმა bpn-თან საუბარში განაცხადა, მისი საწარმო არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას და 2018 წლისთვის გეგმავს, რომ ექსპორტის მოცულობამ 100 მილიონი დოლარი შეადგინოს.
ჩვენს ქვეყანაში მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯებში მედიკამენტების წილი განსაკუთრებით დიდია . მისი მოცულობა დაახლოებით 60 %-ს უტოლდება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ზოგადად, ჯანდაცვის დანახარჯებში მედიკამენტების წილი 30 %-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამას ორი მიზეზი განაპირობებს- წამლების მაღალი ფასები და ექიმების მიერ არასაჭიროებისამებრ გამოწერილი წამლები.
საგარეო ვაჭრობა ექსპორტირებული და იმპორტირებული პროდუქციის ერთობლიობაა. მედიკამენტების ექსპორტის ზრდაც აღინიშნა 2015 წლის დასაწყისიდან მოყოლებული.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-მაისში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 262 მილიონი დოლარი და მთელი იმპორტის 9 პროცენტი შეადგინა. გასულ წელს სამკურნალო საშუალებების იმპორტს მთლიან მოცულობაში 3,5 პროცენტი ეჭირა. საქსტატის ინფორმაციით, სამკურნალო საშუალებების იმპორტმა ნავთობპროდუქტების ჯგუფს გაუსწრო. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 242 მილიონი დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო, გასული წლის 10 პროცენტის ნაცვლად.
ფარმაცევტული კომპანიები საქასტატის მონაცემებს უარყოფენ.თუმცა ფაქტია რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე სულ უფრო მეტი უცხოური წარმოშობის მედიკამენტის რეალიზება ხდება.
საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ფარმაცევტული ბიზნესი საქართველოში ვითარდება და წინ მიიწევს . ქართულ ბაზარზე იმპორტირებული მედიკამენტების სიმრავლე და ამავდროულად ადგილობრივი წარმოების ფარმაცევტული ნაწარმის უცხოურ ბაზარზე ზრდა ამაზე მიუთითებს. იქმნება წინაპრობა, რომ მალე ქართული მედიკამენტები ღირესეულ ადგილს დაიკავებენ საერთაშორისო წარმოებაში და ანოტაციაში სიტყვები MADE IN GEORGIA სანდოობის გარანტი გახდება.
ავტორი: ანა ურუშაძე