ქართული ექსპორტის არასატარიფო ბარიერები
მარინე თავართქილაძე
ივ. ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი
განვითარებული ქვეყნების სავაჭრო პოლიტიკის რეგიონალური და საგარეო ასპექტები უშუალოდ ეხება მცირე ღია ეკონომიკის ქვეყნების, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე რეგიონალურ გაერთიანებებში ინტეგრაციის პრობლემებს, აღნიშნულიდან გამომდინარე სავაჭრო რეჟიმების შესაძლებლობების და მოსალოდნელი შედეგების შეფასება ძალზედ აქტუალურობით გამოირჩევა. ასეთი რეჟიმებით სარგებლობის ეფექტები მსოფლიო ეკონომიკაში ოპტიმალური ინტეგრირებისთვის შეფასებულია საქართველო-ევროკავშირის მაგალითზე. ნაშრომში გამოკვლეულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DDCFTA) გამოყენების შესაძლებლობები და მოსალოდნელ შედეგები.
ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს, საგარეო ვაჭრობის 26.1% მოდის ევროკავშირზე, მას მოსდევს თურქეთი (17.2%) და აზერბაიჯანი (10,3%). საქართველოს ექსპორტი ბოლო ათწლეულის მანძილზე ევროკავშირთან იზრდება პრეფერენციული რეჟიმების ფონზე (ცხრილი # 1).
ცხრილი # 1
საქართველოს ექსპორტი ქვეყნების მიხედვით (ათასი აშშ დოლარი)
წყარო: ცხრილი შედგენილია საქართელოს სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის მონაცემების საფუძველზე http://geostat.ge/
2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 712 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია. ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა: მინერალური პროდუქცია, მანქანა და ტექნიკა, ქიმიური პროდუქტები და სატრანსპორტო მოწყობილობა. საქართველოს გააქვს ევროკავშირში მინერალური პროდუქტები, სოფლის მეურნეობის პროდუქტები (უმეტესად თხილი), მზა ლითონები და ქიმიური პროდუქტბი.
კვლევის მიზანს წარმოადგენს სწორედ საქართველოს მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორთან- ევროავშირთან არსებული ექსპორტის არასატარიფო ბარიერების იდენტიფიცირება, რათა უფრო მეტად იქნეს გამოყენებული თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლოებები. შესასწავლი საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით შეირჩა ჩაღრმავებული (ნახევრად სტრუქტურირებული) ინტერვიუს მეთოდი. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2016 წლის პირველ კვარტალში და ჯამში ჩატარდა 15 ინტერვიუ, რომელიც დაიგეგმა სხვადასხვა ბიზნეს სექტორში:
წყლის მწარმოებელი კომპანია
თხილის გადამამუშავებელი ქარხანა soWis Teslis mwarmoebeli კომპანია;
წვენების მწარემოებელი კომპანია
თაფლის მწარმოებელი კომპანია
ღვინის მწარმოებელი კომპანია
კომპანიების შერჩევა მოხდა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინები:
კომპანია პროდუქციას აწარმოებდა ადგილობრივად და ახორციელებდა მის ექსპორტს ;
ექსპორტი ხდებოდა ევროკავშირის ქვეყნებში.
კვლევის მიზნიდან გამომდინარე განისაზღვრა შემდეგი ამოცანები:
ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანის პროცესის შეფასება;
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შეფასება;
ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანის პროცესის შეფასება
კვლევაში მონაწილე რესპონდენტები ექსპორტირების პროცესს და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს საკმაოდ კარგად იცნობდნენ, გამომდინარე იქიდან რომ უკვე წლებია თავიანთი პროდუქცია გააქვთ სხვადასხვა ქვეყანაში. უმრავლესობის შეფასებით, ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანა შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს და ამიტომ მათთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი. თუმცა კვლევის ფარგლებში მაინც გამოვლინდა ცალკეული საკითხები, რომელიც სენსიტიურია ქართული ბიზნესისთვის. აღსანიშნავია, რომ სირთულეები, რომელზეც რესპონდენტები საუბრობდნენ, უფრო მეტად ქვეყნის სხვა გლობალურ საკითხებთან არის დაკავშირებული, კერძოდ:
• არაადგილობრივ კომპანიებთან ბიზნეს ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის და შესაბამისად პროდუქციის ექსპორტისთვის, მნიშვნელოვანია, ქართულ კომპანიებს შეეძლოთ მოთხოვნის შესაბამისი პროდუქციის წარმოება (ამ შემთხვევაში საუბარია თხილის დიდ რაოდენბაზე) და მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფა. ხოლო ამ ორი პირობის დაკმაყოფილებისთვის კომპანიებს ესაჭიროებათ დიდი ოდენობით თანხები, რომ შეიძინონ საკმარისი რაოდენობის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე და ჰქონდეთ ადეკვატური საწარმო. რესპონდენტების თქმით, ქართულ ორგანიზაციებს არ აქვთ საკმარისი კაპიტალი, შესაბამისად უწევთ მიმართონ ბანკებს. მათი თქმით, მორიგ პრობლემას სწორედ აქ აწყდებიან, რადგან ევროკავშირის ბანკებისგან განსხვავევით, ქართული ბანკები მხოლოდ მაღალ პროცენტში გასცემენ სესხს და მოითხოვენ უზრუნველყოფას, რაც სერიოზული ბარიერია ქართული ბიზნესის განვითარებისთვის. როგორც რესპონდენტებმა აღნიშნეს, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იმუშაოს ამ მიმართულებით, დაწიოს საპროცენტო განაკვეთი, რადგან უბრალოდ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ არის საკმარისი, აუცილებელია მოხდეს ქართული ბიზნესის ხელშეწყობა, რომ მან აითვისოს გახსნილი ბაზარი.
• დიდი მოცულობის ტვირთის ექსპორტზე გატანა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული პრობლემა უდგათ იმ კომპანიებს, რომლებიც პროდუქციის ექსპორტს საზღვაო ტრანსპორტით ახორციელებენ. სირთულეს წარმოადგეს ქართული პორტები, სადაც ზღვის დაბალი დონეა და დიდი გემები ვერ შედიან. ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ შედეგად მათ უწევთ ტვირთების ჯერ პატარა გემებით თურქეთამდე ჩატანა, შემდეგ კი დიდ გემზე გადატანა. ორმაგი გადაადგილების გამო იზრდება ტვირთის ტრანსპორტირების ხარჯი, რაც ავტომატურად იწვევს პროდუქციის საექსპორტო ფასის აწევას.
• კომპანიებს შორის საექსპორტო პროდუქციის ექსკლუზივზე შეთანხმების დარღვევა შესაძლოა მოხდეს სხვა მესამე პირის/ორგანიზაციის გამო. ქართული საკანონდმებლო სისტემიდან გამომდინარე ნებისმიერ პირს შეუძილა შეიძინოს საქართველოში იგივე პროდუქცია, აიღოს ხარისხის შესაბამის სერტიფიკატი და გაიტანოს ექსპორტზე, მაშინ როცა ამავე ქვეყანაში უშუალოდ მწარმოებელს გაფორმებული აქვს კომპანიასთან მიწოდების ექსკლუზივის კონტრაქტი. როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, ასეთი შემთხვევები ყოფილა მათ პრაქტიკაში და დადებითად არ აისახება ბიზნეს პარტნიორობაზე.
• სახელმწიფო დონეზე ფასწარმოება არ რეგულირდება. როგორც ერთ-ერთი თხილის გადამამუშავებელი ქარხნის წარმომადგენელმა აღნიშნა, თხილის შეძენა საქართველოში ძირითადად ხდება გადამყიდველების (ხშირ შემთხვევაში რამდენიმე რგოლია ჩართული) საშუალებით, რომლებიც ხელოვნურად ზრდიან თხილის ფასს. გაძვირებულ პროდუქციაზე კი მოთხოვნა ნაკლებია, რის გამოც პარტნიორებმა შეამცირეს შეკვეთები.
• სერტიფიკატების აღებასთან დაკავშირებით არსებობს ორმაგი სტანდარტები. ქართული კანონმდებლობის თანახმად, თუკი ადგილობრივად არ არსებობს შესაბამისი აკრედიტირებული ლაბორატორია, მაშინ კომპანია სარგებლობს არადგილობრივი კომპანიის მომსახურებით და ამ პროცესს გადის წელიწადში მხოლოდ ერთხელ. მაგრამ თუ საქართველოში არის ლაბორატორია, მაშინ კომპანია ვალდებულია ყოველი პარტიისთვის აიღოს ეს სერტიფიკატი, რაც საკმაოდ სოლიდურ ხაჯებთან არის დაკავშირებული. შედეგად კი პროდუქციის თვითღირებულება იზრდება.
ქართული პროდუქციის დაბალი ცნობადობა ექსპორტზე გატანის აუცილებელი პირობაა, რომ კომპანიას ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატები, რომლებიც ცვალებადია პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე. კვლევის ფარგლებში რესპონდენტებმა გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. როგორც მათთან საუბარში გაირკვა, ზოგიერთი ორგანიზაცია ხარისხს საკუთარი ლაბორატორიის საშუალებით ამოწმებს. თუმცა ეს ყოველთვის საკმარისი არ არის ევროპელი პარტნიორებისთვის. ხშირად ისინი ითხოვენ აკრედიტირებული, დამოუკიდებელი ლაბორატორიის დასკვნას. ასეთ შემთხვევაში სერტიფიკატის აღება ხდება:
• საქართველოში არსებულ ლაბორატორიებში – თუმცა ადგილობრივად არ არის შესაძლებელი ყველა პროდუქტის ხარისხის შემოწმება (მაგალითად თაფლი); „
• საზღვარგარეთ არსებულ ლაბორატორიებში – ასეთ შემთხვევაში ან შესამოწმებელი პროდუქციის გაგზავნა ხდება, ან ადგილზე ხდება ლაბორატორიის წარმომადგენლების ჩამოყვანა. ორივე შემთხვევაში ქართული კომპანიისთვის ეს დამატებით ხარჯია.
ფიტოსანიტარული სერტიფიკატი სავალდებულო დოკუმენტია, რომლის გარეშეც პროდუქციის ექსპორტზე გატანა შეუძლებელია. მონაწილეები ცალსახად აღნიშნავენ, რომ მის აღებასთან დაკავშირებით პრობლემები არასოდეს ჰქონიათ. ეს პროცესი არც დიდ დროსთან და არც დიდ ფინანსურ რესურსთან არ არის დაკავშირებული.
ხარისხის მართვის სერტიფიკატი (ISO) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც ეხმარებათ სხვადასხვა კომპანიებთან პარტნიორობის დამყარებაში. აღსანიშნავია, რომ ISO სერტიფიკატის ქონა სავალდებულო მოთხოვნა არ არის, თუმცა მისი არსებობა ცალსახად ზრდის ორგანიზაციის მიმართ ნდობას. რესპონდენტების თქმით, სერტიფიცირება შესაძლებელია, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიების დახმარებით. თუმცა ორივე შემთხვევაში ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული.
რესპონდენტთა ნაწილის თქმით, სერტიფიცირების პროცესი ნაკლებად არის დაკავშირებული პრობლემებთან. მთავარია კომპანია აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს და სტანდარტებს და შეეძლოს ამ მომსახურების ღირებულების გადახდა.
ის ფაქტი, რომ კომპანიებს უწევთ სხვადასხვა სერტიფიკატების აღება, რომელიც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ნაკლებად იწვევდა პროტესტს ქართული ბიზნესის წარმომადგენლებში. ისინი ამ საკითხზე საუბრობდნენ, როგორც ექსპორტზე გატანის აუცილებელ კომპონენტზე. ცალკეულ შემთხვევაში კი გამოთქვა მოსაზრება, რომ ასეთი მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება ხელს შეუწყობს ბიზნესის და წარმოების განვითარებას და ეს პროდუქციის რეალიზაციის ბარიერი არ არის.
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გავლენის შეფასება
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის მიმართ რესპონდენტების სრულ უმრავლესობას ზოგადი, დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა მათვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა დაესაბუთებინათ თავიანთი დამოკიდებულება და მოეყვანათ კონკრეტული მაგალითები, თუ რა პოზიტიური გავლენა იქონია ამ შეთანხმებამ ქართულ ბიზნესზე. ამასთან მონაწილეების უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ უშუალოდ საკუთარ ბიზნესზე ნაკლებად იგრძნეს ეს გავლენა.
ცალკეულ შემთხვევებში კი დასახელდა შემდეგი ცვლილებები:
• ბიზნესი გათავისუფლდა ექსპორტის გადასახადიდან – თუმცა ყველა რესპონდენტი ცალსახად აღნიშნავდა, რომ არც მანამდე იხდიდნენ. მათი ვარაუდით, ეს სარგებელი უფრო სხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებს შეეხო;
• გაიზარდა ნდობა ქართული პროდუქციის მიმართ – ის ფაქტი რომ ევროკავშირმა ნდობა გამოუცხადა საქართველოს, ბიზნეს პარტნიორებზეც გავრცელდა და შესაბამისად, გაიზარდა ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა
გამკაცრდა ხარისხის კონტროლი – შეცვლილი რეგულირებით ფიტოსანიტარული სერტიფიკატის გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ესწრება ტვირთის დალუქვას.
• შეიქმნა ერთიანი სტანდარტები – ევროკავშირს და საქართველოს აქვთ ერთნაირი სტანდარტები. შესაბამისად, აღარ არის საჭირო გატანილი პროდუქციის ადგილობრივი სორტორება.
საბოლოო ანგარიშით, DCFTA სარგებლის მომტანი იქნება საქართველოსთვის იმ მოქალაქეთა კეთილდღეობის ამაღლების თვალსაზრისით, რომელთაც ექნებათ წვდომა უკეთესი ხარისხის პროდუქციასთან შიდა ბაზარზე და უფრო შორეული პერსპექტივით, გაეზრდებათ შემოსავლები ევროპასთან ინტეგრაციის შედეგად სტიმულირებული ახალი ბიზნეს-შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის გამო. შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმების გამოყენების წარსული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ვაჭრობა ცალსახად იხრება იმ პროდუქტებისკენ, რომლებზეც ვრცელდება აღნიშნული შეღავათები. DCFTA შეთანხმების ამოქმედებით გამოწვეული შესაძლო გვერდითი ეფექტებისა და გამოწვევების შერბილების მიზნით სასურველია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:
• საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება სასოფლო-სამეურნეო სექტორისთვის, მისი საექსპორტო პოტენციალის შეფასებით და იმ სექტორების განსაზღვრით, რომლებშიც საქართველო, შესაძლოა, კონკურენტულ უპირატესობას ფლობდეს.
• მიზნობრივი სექტორალური პროგრამების და ინიციატივების შემუშავება კონკურენტულ დარგებში ექსპორტის პოტენციალის ზრდის მიზნით.
• არასატარიფო ღონისძიებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისათვის სერტიფიცირების პროცედურებში დახმარება, კონსულტაციების ჩატარება, ფერმერების სახლებისა და ტრენინგცენტრების როლის ზრდა.
• სახელმძღვანელოს შექმნა მწარმოებლებისთვის, სადაც მოცემული იქნება ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ;
• განვითარებული ქვეყნების სტანდარტებთან (ISO, IEC, CEN, CENELEC ) დაახლოების კონკრეტული ღონისძიებების ფორმირება მიზნობრივი ორგანიზაციების ჩამოყალიბების საფუძველზე.
• საქართველოს ახალი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგულაციების, შესაბამისი საკანანომდებლო ბაზის შექმნა პოზიტიურ გავლენას იქონიებს სოფლის მეურნების სექტორზე იმ თვალსაზრისით, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოება ორიენტირებული იქნება იმ სტანდარტებით პროდუქციის წარმოებაზე, რომელსაც რეალიზაციის პერსპექტივები ექნება ევროკავშირისა და სხვა განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე და, ამავდროულად, მაღალი სტანდარტები შეზღუდავს საქართველოში იმპორტირებულ დაბალი ხარისხის პროდუქციას.
გამოყენებული ლიტერატურა:
თავართქილაძე მ., Preferential Trade Regimes as Tools for Integrating Small Countries into the World Trading System (Case of Georgia)” STRATEGICA International Academic Conference, Bucharest, Romania, Oct 29-30, 2015. http://strategica-conference.ro/wp-content/uploads/2016/01/Strategica-2015-Challenges-of-Integration-into-the-World-Economy.pdf
თავართქილაძე მ., EU trade regimes and Prospects of their efficiency for small countries” EU-SPRI Early Career Researcher Conferences (ECC), IRCRES Rome, Italy, 14-15-16 October 2015.
http://www.euspri-forum.eu/archives/ecc/ecc_october_2015/nieuw-categorien-1/
Association Agreement Between the European Union and the EUROPEAN ATOMIC ENERGY COMMUNITYAND THEIR MEMBER STATES, OF THE ONE PARTAND GEORGIA, OF THE OTHER PART, 2015
Technical Barriers to Trade; a publication of the EU-Georgia Business Council, 2014.
http://ec.europa.eu/trade/policy/countries-and-regions/countries/georgia/
http://eeas.europa.eu
http://www.geostat.ge/