რატომ დახურეს თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა?
ეკონომიკის, ეროვნული ვალუტის და სოციალური მდგომარეობის შესაძლო პერსპექტივა და რატომ დახურეს თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა?
რა გველოდება ახლო მომავალში? ეკონომიკური აღმავლობა და რეალური დამოუკიდებლობა, თუ სოციალური მელანხოლია და საერთო ეკონომიკური დეპრესია?
ეს ყოველივე დამოკიდებულია ჩვენი სამთავრობო ეკონომიკური გუნდის არჩევანზე.
იქნება მოგებულ მდგომარეობაში სამთავრობო ბიზნეს-ელიტა და წაგებულ სიტუაციაში საქართველოს მოსახლეობა, თუ პირიქით?
ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა და საბაზრო ურთიერთობების სრულფასოვნად დამკვიდრება დიდწილად დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის სამთავრობო ეკონომიკური სტრუქტურების მრავალმხრივ გააზრებულ და თანმიმდევრულად განხორციელებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე.
ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხედველობაში ვიქონიოთ წარმატებულ ქვეყნებში აპრობირებული ეკონომიკური სისტემებისა და ტენდენციების გაანალიზება და შესაბამისად შემუშავებული გეგმის მიხედვით განვითარება, სადაც სამოქალაქო საზოგადოებაა მთავარი მამოძრავებელი ძალა და იმპულსი, ხოლო არჩეულმა და დაქირავებულმა ხელისუფლებამ პასუხისმგებლობით უნდა აღასრულოს ჩვენი ხალხის მიერ მხარდაჭერილი და გაცხადებული პოლიტიკური და ეკონომიკური დაკვეთები.
სამწუხაროდ, საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული, ახალ ეკონომიკურ სისტემაზე რეალურად გადასვლის ყოველი მცდელობა უდიდეს სიძნელეებს აწყდებოდა. განსაკუთრებით საგანგაშო ტენდენცია შიექმნა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისა და მისი მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მიერ მხოლოდ დეკლარირებული, თავისუფალ კონკურენციაზე დამყარებული ანტიმონოპოლიური ეკონომიკური სისტემის დაფუძნება. სინამდვილეში კი, ანტიმონოპოლიური კანონების გაუქმებით, მათ ხელშემწყობი წინაპირობა შექმნეს, შესუსტების ნაცვლად, გაძლიერებული მონოპოლისტური გარემოს ჩამოსაყალიბებლად და ხელისუფლების მიკერძოებული და კორუფციული ინტერესების გასატარებლად. ასეთ ვითარებას თან სდევდა მრავალი არსებული საბაზრო სტრუქტურების განვითარებისა და ფუნქციონირების ხელის შეშლა და განადგურებამდე მიყვანა. ეს ეხება ისეთ მნიშვნელოვან საბაზრო სტრუქტურებს, როგორებიც იყვნენ საფონდო ბირჟა და ბანკთაშორის სავალუტო ბირჟა (ეს უკანასნელი მოქმედებდა 1994-2006 წლებში). სავალუტო ბირჟასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი საკმაოდ მოძლიერებული იყო, ფლობდა მნიშვნელოვან სარეზერვო და განვითარების ფონდებს, წარმოადგენდა ლარის სავალუტო კურსის მაფორმირებელ უმნიშვნელოვანეს სტრუქტურას, მუშაობდა სავალუტო კურსის ჰეჯირების ინსტრუმენტების დანერგვაზე, სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდების მეორადი ბრუნვის (მათთვის ლიკვიდობის მიმნიჭებელ) უზრუნველყოფის ორგანიზებაზე და სხვა ახალი საფინანსო ინსტრუმენტების შექმნასა და მათი ბაზრების ამოქმედებაზე. მაგრამ ბირჟის ყოველი ხსენებული ფუნქციების ინიციატივები იგნორირებული იყო მაშიდელი ხელისუფლების მიერ და სწორედ მისივე მოთხოვნით, ბირჟის გაუქმებით დასრულდა. ამის შედეგად ეროვნულმა ბანკმა დაკარგა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის საბაზრო ბერკეტების მეშვეობით რეგულირების მსოფლიოში აპრობირებული შესაძლებლობები, და ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის გამჭვირვალე სავაჭრო სისტემის ნაცვლად მივიღეთ „Bloomberg” – ის სისტემაში გადატანილი, სპეციალურად შექმნილი და სრულიად დახურული ლარის სავალუტო კურსის ფორმირების ვიწრო წრეში მოქმედი საინფორმაციო ხასიათის მქონე პრაქტიკა.
ახალი ხელისუფლების მიერ მიღებული მძიმე მემკვიდრეობის გამოსწორება ყველა ძირითად ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად მოითხოვს ზემოხსენებული საკითხების მიმართ კომპლექსურ მიდგომას და თანმიმდევრულ ქმედებებსა და ძალისხმევას, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან, რის გარეშეც შეუძლებლად მიგვაჩნია ეკონომიკის სტაგნაციიდან გამოსვლა და ეკონომიკური ზრდის სტაბილურად შენარჩუნება.
იმ შემთხვევაში, თუ დროულად გატარდება ეფექტიანი ეკონომიკური რეფორმები – მიიღებს თუ არა ქვეყანა ეკონომიკური დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომელიც მოგვცემს საშუალებას არ მოვექცეთ რომელიმე სახელმწიფოს (ან სახელმწიფოების) ტოტალიტარული დიქტატის ქვეშ?
იყო თუ არა ბანკთაშორისი ბირჟა გასანადგურებელი?
ამ კითხვებზე რომ გავცეთ პასუხი, საჭიროა მოვახდინოთ მოკლე ექსკურსი ნაციონალური მოძრაობის „ეკონომიკური აღმავლობის“ ეპოქაში.
მოდით ვეცადოთ ობიექტურად შევაფასოთ დღეს არსებული ეკონომიკური „სასტარტო“ სიტუაცია.
ანალიზის დროს, ძირითად აქცენტს გავაკეთებთ ეროვნული ვალუტის და შესაბამისად „ფასთა ინდექსი“ – ს მდგომარეობაზე.
ყოველთვის წინანდელი მთავრობის ერთ-ერთი საამაყო იყო – ლარის გაცვლითი კურსის ე.წ. „სტაბილულობა“ (ანუ თითქმის ერთ ნიშნულზე ფიქსაცია).
ნუ ჯერ ერთი, საერთაშორისო პრაქტიკაში ითვლება ვალუტის კურსი სტაბილური, მაშინ, როდესაც ვალუტის კურსის ცვლილებები მოქცეულია გარკვეულ დიაპაზონში. იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის კურსი „გაქვავებულია“, ეს იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები „სტაგნაციის“ მდგომარეობაშია მოქცეული (ანუ ეკონომიკა პრაქტიკულად არ ვითარდება) და საინვესტიციო პროცესები ფაქტიურად გაჩერებულია.
მაშინდელ პერიოდში საქართველოს ეროვნულ ბანკს არ უჭირდა სავალუტო კურსის რეგულირება (არც მაინცა და მაინც ეხლა უჭირს).
აქ უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას, ყოველთვის გააჩნია არჩევანი; – ჰქონდეს სტაბილური ვალუტა და უმუშევრობის მაღალი დონე, თუ დაუშვას ზომიერი ინფლაცია და შეამციროს უმუშევრობის პროცენტი (ეკონომიკის განვითარებას და ახალ სამუშაო ადგილების შექმნას ესაჭიროება ფულადი მასის გაზრდა. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, – მიმოქცევაში დამატებითი ფულადი საშუალებების გამოშვება, რაც შესაბამისად იწვევს ინფლაციას).
ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი იყო „კლასიკურად“ დალაგებული – კატასტროფიული უმუშევრობა, მაგრამ სამაგიეროდ „ზედმეტად სტაბილური“ ლარი.
ესეა, თუ ისე, – მოჩვენებითი „მდგრადი ეკონომიკის“ ხანა სრულდება და გვაქვს იმედი, რომ ახლო მომავალში ეკონომიკის რეალური სექტორიც ამუშავდება და უმუშევრობის პრობლემაც გადაწყდება.
მაგრამ, მზად არის თუ არა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი იმისათვის, რომ ეფექტიანად არეგულიროს სავალუტო კურსი და აითვისოს დღეისათვის, საინვესტიციო ფონდში, ინვესტიციის სახით უკვე აკუმულირებული რამოდენიმე მილიარდი აშშ დოლარი?
ცხადია, რომ ეკონომიკის განვითარებას ესაჭიროება, მიმოქცევაში ახალი ფულის გამოშვება, რაც ბუნებრივად იწვევს ინფლაციურ პროცესების სტიმულირებას.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ინფლაციის დროს ფულის გაუფასურების (მყიდველობისუნარიანობის დაცემა) შედეგად ყოველთვის არსებობს მოგებული და წაგებული მხარე.
ვინ არის მოგებული მხარე, და რატომ?
მოგებულში რჩებიან ის მთავრომასთან დაახლოებული – ელიტარული ბიზნეს- სტრუქტურები, ვისთვისაც ხელმისაწვდომია ინფლაციის საწყის ეტაპზე თანხების ათვისება (იგივე სესხების, დოტაციების, მოგებული ტენდერების ან სახელმწიფო დაკვეთების სახით), მანამ სანამ ამ დამატებით გამოშვებულმა ფულის მასამ არ მოახდინა საგრძნობი გავლენა ფასების ზრდაზე.
კერძოდ, ეს არის ის კომპანიები, ვისაც უპირობოდ შეუძლიათ სესხების მიღება კომერციულ ბანკებში (ანუ ფაქტიურად მონოპოლისტი-კომპანიები) და დოტაციებზე მყოფი არარენტაბელური სახელმწიფო საწარმოებები, რომლებიც იღებენ გაზრდილ სუბსიდირებას.
წაგებული მხარე ამ შემთხვევაშია – მცირე და საშუალო ბიზნესია, დანარჩენ მოსახლეობასთან ერთად.
განსაკუთრებულ ზარალში კი არიან ფიქსირებული შემოსავლების მქონე ადამიანები.
რა საკვირველია, სავალუტო კურსის რეგულირება და ინფლაციური პროცესების მართვა, აკისრია საქ. ეროვნულ ბანკს (სებ) – სავალუტო რეზევების გამოყენებით და სავალუტო ბაზარზე (ამ შემთხვევაში იგულისხმება ბანკთაშორისი ბაზარი) ვალუტის ყიდვა გაყიდვის ოპერაციების (სავალუტო ინტერვენციები) განხორციელებით.
მაგრამ საინტერესოა, უცხოური დახმარებების და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საკრედიტო ხაზების გარეშე, როდემდე ეყოფა სებ-ს არსებული სავალუტო რეზერვები სავალუტო კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად?
იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს ინფლაციური პროცესი და წყდება ქვეყნის ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების ნაკადი, მოსახლეობა ზარალდება არა მხოლოდ რესურსების უსამართლო გადანაწილებისაგან პრივილეგირებული ბიზნეს-ჯგუფების სასარგებლოდ, არამედ უცხოური საინვესტიციო კაპიტალის გადინებისაგან და სამუშაო ადგილების შემცირებისაგან.
რაც შეეხება ახლო მომავალში ინფლაციური პროცესების განვითარებას, – ეს პრაქტიკულად გარდაუვალია, ჯერ მარტო იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო – საინვესტიციო ფონდში, როგორც უკვე მოგახსენეთ, აკუმულირებულია 10 მლრდ. აშშ დოლარამდე, რომელსაც ჭირდება ლარში კონვერტირება.
შესაბამისად უნდა დაიბეჭდოს დაახლოებით სულ ცოტა 16 მლრდ. ახალი ფულადი ნიშნები.
ანუ მიმოქცევაში მოხვდება დამატებითი ფულადი მასა, რომელიც უნდა დაბანდდეს (ჯერ მართლა გაუგებარია როგორი ფორმით) ძირითადათ ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებში.
როგორც მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობაში კი ნებისმიერი ინვესტიციების უკუგებას და დაბანდებული თანხის დასაქონლებას ჭირდება მინიმუნ 1 წელი.
აქედან გამომდინარე 16 მილიარდიანი ფულადი მასა (ჯერ დაუსაქონლებელი) რჩება ბრუნვაში. შედეგად ფასების ინდექსები კატასტროფიულად გაიზრდება და ქვეყნის მოსახლეობა იზარალებს.
ამ სცენარით, რომ არ განვითარდეს ინფლაციური პროცესები, სახელმწიფო იძულებულია მიმართოს სავალუტო ფონდს დამატებითი სასესხო ტრანშების მისაღებად. შედეგად – ქვეყანა ვარდება უკიდურეს დამოკიდებულებაში, უცხოური ქვეყნის (აშშ-ს) მიმართ.
აქ უკვე ირთვება პოლიტიკური წნეხი, რაც ნიშნავს იმას, რომ არც ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიიღება აშშ-ს რეზოლუციის გარეშე. თან ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ნებისმიერი მთავრობა და პრივილეგირებული ბიზნეს-ჯგუფები ნახულობენ კარგ მოგებას, ყოველი მორიგი ინფლაციური ეტაპის (და დამატებითი ფულადი მასის გამოშვების) შედეგად.
რა მდგომარეობაა დღეისათვის საქართველოში?
იმისათვის, რომ დავსვათ ზუსტი დიაგნოზი, უნდა ჩავატაროთ პატარა ექსკურსი ისტორიაში. უფრო სწორედ შევადაროთ დღეს არსებული ფულად-სავალუტო ბაზარზე არსებული მდგომარეობა იმასთან რაც არსებობდა 2006 წლამდე.
1994 დან – 2006 წლამდე საქართველოში არსებობდა საერთაშორისო სტანდარტების მქონე ორგანიზებული და გამჭვირვალე სავალუტო და ფინანსური ბანკთაშორისი ბაზარი, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის (თბსბ) სახით.
დღეისათვის ფუნქციონირებს ე.წ. ბანკთაშორისი „Bloomberg” – ის საინფორმაციო სისტემა, სადაც კომერციული ბანკები უბრალოდ ცვლიან ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ კოტირებებს და შემდგომში დამოუკიდებლად ასრულებენ (თუ ნაწილობრივ ასრულებენ) შეთანხმებულ გარიგებებს.
მოდით ერთად ვნახოთ, კარდინალურად რითი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ეს ორი სავაჭრო სისტემა და რითი იყო განპირობებული ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ჩანაცვლება დღეს არსებული სისტემით.
საქართველოს პირობებში ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირებისათვის აქამდე რა განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებდა ბაკნკთაშორისი სავალუტო ბირჟა დღეისათვის მოქმედი “Bloomberg” –ის სისტემაში ლარის კურსის ფორმირებასთან შედარებით:
როგორც ჩანს, ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის უპირატესობა აშკარაა!
მაშ რატომ მოხდა ისე, რომ 2006 წელს თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა (თბსბ) დახურეს (უფრო სწორად გაანადგურეს).
ცნობისათვის უნდა ითქვას, რომ თბსბ იმ მომენტისათვის წარმოადგენდა საერთაშორისო სტანდარტების მქონე საბირჟო სისტემას, რომლის სავაჭრო – საანგარიშსწორებო და საგარანტიო სისტემები იყო ძირითადათ ფრანქფურტის საფონდო-სავალუტო ბირჟის ანალოგი.
1998 წელს პირველად დსთ – ს ქვეყნების კაპიტალის ბაზრის სივრცეში, თბსბ-ზე წარმატებით აპრობირებული იყო სავალუტო ვადიანი კონტრაქტებით ელექტრონული ვაჭრობის სისტემა, რომელიც სავალუტო კურსის ცვლილებებთან დაკავშირებული რისკების მართვის საშუალებას იძლეოდა არა მხოლოდ ბანკებისათვის, არამედ საბანკო კლიენტურის ფართო სპექტრისათვის.
გარდა ამისა, ლონდონის ცენტრალური ბანკის სპეციალისტებთან ერთად, სრულყოფილად შემუშავებული იყო სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების მეორადი მიმოქცევის (ვაჭრობის) სისტემა, რაც სებ-ს აძლევდა, ეკონომიკაში ფულადი მასის რეგულირების უფრო მოქნილ შესაძლებლობას და შესაბამისად ინფლაციური პროცესების მართვის ეფექტიან მექანიზმს.
ამასთან ერთად, მაშინდელი საქ.ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბ-ნ ირაკლი მანაგაძის ინიციატივით, თბსბ-ს სპეციალისტებმა მოამზადეს „საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში არსებული ოქროს მიმოქცევის ლეგალიზაციის პროექტი“, რომელიც ითვალისწინებდა სტანდარტიზირებული ოქროს ზოდების (0.9999) მიმოქცევაში (საბანკო ოპერაციებში) შემოღებას.
შესაბამისად იგეგმებოდა სებ-ის, როგორც ოქროს შემნახველი „ცენტრალური დეპოზიტარის“ მეშვეობით თბსბ-ზე ოქროს ზოდებზე – უფლებებით სავაჭრო სესიების გამართვა.
აღნიშნული პროექტის რეალიზაციის ძირითად მიზანს წარმოადგენდა, საქართველოს ეროვნული ბანკის „ოქროს რეზერვების“ ფორმირება (ოქროს რეზერვები იმ დროისათვის სებ-ს პრაქტიკულად არ გააჩნდა) და ლონდონის „მეტალის ბირჟაზე“ აქტიური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა.
ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ იმ პერიოდში თბსბ, როგორც უნივერსალური საბირჟო სტრუქტურა იმყოფებოდა აქტიური განვითარების სტადიაში.
მაგრამ … მოხდა ის, რაც იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი.
თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა „მოკლეს“ !
მიზეზი იყო ის, რომ მაშინდელი ყველასათვის ცნობილი „მძიმეწონოსანი რეფორმატორის“ უტოპიური იდეის საფუძველზე, რომელიც მდგომარეობდა – საქართველოში „მულტისავალუტო სისტემის“ დანერგვაში – საქ.ეროვნულ ბანკს (რომლის პრეზიდენტიც იყო ბ-ნი რომან გოცირიძე – ის რომან გოცირიძე, რომელიც „ისტორიაში“ შევიდა, როგორც 200 ლარიანი ფულადი ნიშნების შემოღებით, ოქროს საიუბილეო მონეტების გამოშვებით, ბანკის თანამშრომლების უპრეცენდენტო განთავისუფლებით, „ჯონჯოლის“ და „ჰამბურგერის“ სავალუტო კურსის დადგენის წესის აგიტაციით და სავალუტო ბირჟის განადგურებით) მიეცა თბსბ-ს დაშლის შესახებ „რეკომენდაცია“.
ცნობისათვის უნდა ავღნიშნოთ, რომ ე.წ. „მულტისავალუტო სისტემა“ ნიშნავს ეროვნულ ვალუტასთან (ლართან) ერთად მიმოქცევაში აშშ დოლარის და ევროს მიმოქცევის დაკანონებას.
ფაქტიურად ეს ნიშნავს ეროვნული ვალუტის „სუროგატი ვალუტის“ სტატუსში გადასვლას და საბოლოო ჯამში ლარის არსებობის მიზანშეწონილობის შესახებ საკითხის დასმის წინაპირობის შექმნა.
ანუ ესეთი პოზიციის შედეგი არის, ეროვნული ვალუტის მიმოქცევიდან ამოღება და მასზე საბოლოოდ უარის თქმა.
საერთოდ „მულტისავალუტო სისტემების“ დანერგვის „მოსამზადებელი ეტაპი მდგომარეობს, ეროვნული ვალუტის კურსის „მიბმაში“ რომელიმე „ძლიერ“ (თავისუპლად კონვერტირებად) ვალუტასთან (აშშ დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი და სხვა), რაც გულისხმობს იმას, რომ ერთ მშვენიერ დღეს ფიქსირდება კურსი – მაგალითად ევრო – ლარი და შემდგმში ლარის კურსი აშშ დოლართან დამოკიდებულია – აშშ დოლარის კურსზე – ევროსთან მიმართებაში, (ანუ 1 აშშ დოლარი – N რაოდენობის ევრო – M რაოდენობის ლარი) რის შედეგადაც ეროვნული ვალუტა კარგავს თავის დამოუკიდებლობას და მნიშვნელობას.
ესეთი პრაქტიკის გამოყენებამ, არაფერი კარგი არ მოუტანა არც მექსიკას და არც არგენტინას, სადაც ეროვნული ვალუტის კურსი ამის გამო გახდა არარეალური და არ ასახავდა გაცვლითი სავალუტო კურსის სინამდვილეს.
შედეგად აღნიშნულ ქვეყნებში იფეთქა ეკონომიკურმა კრიზისებმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს დაჭირდა დამატებითი „სტაბილიზაციის ტრანშების“ გამოყოფა: მექსიკისათვის – 42 მლრდ. აშშ დოლარი და არგენტინისათვის – 38 მლრდ. აშშ დოლარი, რამაც ეს ქვეყნები საბოლოოდ აშშ – ს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტყვეობაში მოაქცია.
საბედნიეროდ ჩვენთან ამ გეგმამ ვერ მოასწრო ხორცშესხმა, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი და საბაზრო პრინციპებზე აგებული საფინანსო ინსტიტუტი თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის სახით, სამწუხაროდ აღარ არსებობს.
ფაქტიურად 12 წლის მანძილზე ეფექტიანი განვითარების სტადიაში მყოფი ბირჟა მოსპეს და მოსპეს არა მხოლოდ ტექნოლოგიები, უნიკალური ნორმატიული ბაზა და საერთაშორისო ბირჟებს შორის კავშირები, არამედ მოახდინეს გონების, გამოცდილების, პროფესიონალიზმის დათრგუნვის და ადამიანური რესურსის „ექსპორტის“ სტიმულირება. წარმოქმნეს „დაკარგული თაობის“ და „ჩარეცხილების“ სოციალური ფენა.
თბსბ-ს დახურვასთან დაკავშირებით, საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურების მხრიდან პირველი შეკითხვა, რაც იყო დასმული, – ეს იყო : „ … თქვენთან რა სახელმწიფო სამხედრო გადატრიალება მოხდა? ხუნტა მოვიდა სათავეში?“
ალბათ მოხდა, უბრალოდ მაგას „ვარდების რევოლუცია“ ერქვა…
დამოუკიდებელი საინვესტიციო ექსპერტი – ვახტანგ ხომიზურაშვილი