გლობალიზაცია და მისი გამოწვევები

ქეთევან ღარიბაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტი
ketato97@gmail.com

რეზიუმე: გლობალიზაცია არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ტერმინი. გლობალიზაცია გავლენას ახდენს თანამედროვე ცხოვრების ყველა ასპექტზე. ეს კვლევა გვიჩვენებს პროცესის ნაკლოვანებებს და უპირატესობებს. გლობალიზაციამ წვლილი შეიტანა ეკონომიკის განვითარებაში. მეცნიერულმა მიღწევებმა და ტექნოლოგიურმა განვითარებამ ბიზნესებს საშუალება მისცა ტერიტორიული საზღვრები გადაეკვეთა. ერთი-ერთი ყველაზე მთავარი სოციალური ასპექტი გლობალიზაციის არის ის, რომ იზრდება ეპიდემიური დაავადებების ადვილად გავრცელების საფრთხე, რადგანაც ტრანსპორტირება სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება თანამედროვე განვითარებულ საზოგადოებაში.

Abstract: Globalization is such a commonly used term in the 21th century. Globalization has impacted nearly every aspect of modern life. This research shows penalties and advantages of globalization and analysis the process. Globalization has contributed to the world’s economies in many beneficial ways. The advances in science and technology have allowed businesses to easily cross over territorial boundary lines. One crucial social aspect of globalization is the risk and danger of epidemic diseases which can easily be spread as the transportation becomes easier and faster in today’s advanced society.

გლობალიზაცია და მისი გამოწვევები

რა არის გლობალიზაცია? რამ გამოიწვია იგი? რა დადებითი შედეგების მოიტანა შეუძლია საქართველოსთვის ? რა საფრთხეებს შეიცავს გლობალიზაცია პატარა ერებისთვის და ზოგადად სამყაროსთვის? ეს არის კითხვების ძალიან მცირე ჩამონათვალი, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გაუჩნდება, თუკი ერთხელ მაინც დადგება გლობალიზაციის, ფაქტის და ხშირ შემთხვევაში პრობლემის წინაშე. და მაინც რა არის გლობალიზაცია?”Globe” ინგლისური სიტყვა და გლობუსს ნიშნავს, ხოლო “global” – მსოფლიოს, გლობალურს. ტერმინ “გლობალიზაციის” წარმოშობა უკავშირდება ამერიკელი სოციოლოგის რ. რობერტსონის სახელს, რომელმაც ეს 1983 წელს სტატიაში გამოიყენა.

გლობალიზაციის მრავალი განმარტება არსებობს. მარტინ ელბროუ ამბობს, რომ გლობალიზაცია ასახავს ყველა იმ პროცესს, რომელთა მეშვეობითაც მსოფლიო ხალხები ერთ მსოფლიო საზოგადოებაში, გლობალურ საზოგადოებაში ერთიანდებიან. მარტინ ხორი კი ამ ტერმინს შემდეგნაირად განმარტავს – გლობალიზაცია გახლავთ ის, რასაც ჩვენ მესამე სამყაროში საუკუნეების მანძილზე კოლონიზაციას ვუწოდებდით. თუმცა ამ ტერმინის, ალბათ, ყველაზე მისაღები განმარტება ისაა, რომ გლობალიზაცია აღნიშნავს პროცესებს, რომელთა მეოხებითაც სოციალურ ურთიერთობებს შედარებით ნაკლებად აფერხებს მანძილი და საზღვრები. თუ გავიხსენებთ ბერძნულ კოლონიზაციას, ამ პროცესს თავისუფლად შეგვიძლია, გლობალიზაცია ვუწოდოთ. ბერძნები სხვა ქვეყნებში ავრცელებდნენ და ნერგავდნენ თავიანთ კულტურას. ასევე, საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა ვაჭრების მოგზაურობა, ანუ მოძრაობდა კაპიტალი. გამოყოფენ გლობალიზაციის 4 სახეს, რომელთა რაობის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღევანდელი მსოფლიო უპრეცედენტო სისწრაფით მიილტვის ინტეგრაციისაკენ, რასაც თავის მხრივ მოჰყვება უკმაყოფილება საზოგადოების ნაწილის მხრიდან.

გლობალიზაციის სახეებია: ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ეკონომიკური გლობალიზაციის არსი მდგომარეობს ეკონომიკის ლიბერალიზაციაში და ქვეყნების ჩაბმაში მსოფლიო ეკონომიკურ თანამეგობრობაში, ვაჭრობის, ინვესტიციების, მომსახურების ბაზრების და სხა სფეროებში. კულტურული გლობალიზაცია, მიზნად ისახავს რელიგიური, ეროვნული და კულტურული განსხვავებების წაშლასა და ერთსახოვანი, გლობალური კულტურის ფორმირებას. ის დასავლური სამყაროს პირმშოა. მაგრამ გლობალიზაციის ერაშიც არის შესაძლებელი კულტურული თვითმყოფადობისა და ინდივიდუალიზმის შენარჩუნება, თუმცა ეს ყველაფერი ერის სიძლიერესა და ინტერესებზეა დამოკიდებული. იმაზე, თუ რამდენადაა ერი შეკრული და გაერთიანებული, რამდენად ძლიერია, ღრმაა მათი კულტურული, ისტორიული წარსული, რამდენად ფასეულია ეს ტრადიციები, რამდენად მიიღებს მათი კულტურა გარედან შემოსულ გლობალურ გარდაქმნებს. გლობალიზაციის ნეგატიურ და პოზიტიურ მხარეებზეც გავამახვილოთ ყურადღება, ნეგატიურ მხარედ შეგვიძლია ჩავთვალოთ ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის შესუსტება და გაერთსახოვნება, თუმცა ყველაფერს აქვს დადებითი მხარე, არც გლობალიზაციაა გამონაკლისი, იგი ხელს უწყობს ინტეგრაციის გზით ერებსა და სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვ. კავშირების გაღრმავებასა და განმტკიცებას. გლობალიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო გამოხატულება არის ფეხბურთი. ეს არის სპორტი, რომელსაც უყურებენ მსოფლიოს ყველა ოჯახში. მნიშვნელოვანი მატჩის დროს, მსოფლიო მოსახლეობის 85%-ზე მეტი უყურებს მატჩის რეპორტაჟს. ამ შეჯიბრებების ჩატარებაში მთელი მსოფლიოა ჩართული. ასევე, კლუბებში თამაშობენ სხვადასხვა ქვეყნის და შესაბამისად, კულტურის წარმომადგენლები. ფეხბურთმა შეძლო ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ვერ გააკეთა პოლიტიკამ. მოხდა განსხვავებული ეროვნების, განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანების დაახლოება, რასობრივი კონფლიქტების შერბილება. გლობალიზაციის, ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ეშინიათ. ბევრს ჰგონია, რომ სხვა კულტურის შემოსვლა ადგილობრივს გაანადგურებს. ეს შეცდომაა. ტრადიცია საპატივცემულო რამაა, მაგრამ არ უნდა მოხდეს მისი გაიდიალება. ტრადიცია შეიძლება იქცეს შეფერხების მიზეზად, თუკი ის ჩაკეტილი, დრომოჭმულია და თანამედროვე მოთხოვნებს არ ეხმიანება. კულტურის გახსნილობა სწორედ მისი გადარჩენისთვისაა აუცილებელი. მუდამ ახალი გააზრება, ახალი ხედვებია საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, კულტურა ჩაიკეტება და განადგურდება. საქართველოში უკვე დიდი ხანია, კულტურის ჩაკეტვის პროცესი მიმდინარეობს. მართალია, ,,მაკდონალდსიც’’ გვიყვარს და კინოებიც, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და წარმომადგენლობითი ჯაზ-ფესტივალიც გვაქვს, მაგრამ დასავლური აზროვნების ისევ გვეშინია.

ცოტა არ იყოს, პარადოქსული სიტუაციაა: ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ქართულ საზოგადოებას დასავლეთთან სურს ინტეგრაცია, რაც დღეს შეუძლებელია. დასავლეთთან ინტეგრაციისთვის, პირველ რიგში, იქაურ აზროვნებასთან ინტეგრაციაა საჭირო. დასავლურს უკვე საკმაოდ დაშორებულ ქართულ აზროვნებას კი, არაფრით არ სურს შეცვლა. რაც საბოლოოდ გაანადგურებს კიდეც, რადგან ერთ ადგილას გაყინული, არაქმედითი და არაგანახლებადი აზროვნება მოკვდავია.

ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, შეგვიძლია ერთი დასკვნა გამოვიტანოთ, ყველა ერი ეძებს თავისუფლებას, რათა თავად იყოს თავის თავის უფროსი, თავად მოახერხოს განვითარება და იპოვოს გზა მსოფლიოში დასამკვიდრებლად. გლობალიზაცია კი შეუქცევადი პროცესია, რომელიც თავის გზაზე შესაძლოა მართლაც ანადგურებს ერის ინდივიდუალიზმსა და ნაციონალიზმს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა, იქნება ძლიერი საკუთარი ტრადიციებით, კულტურით ისტორიითა და შიდასახელმწიფოებრივი მდგომარეობით, შესაძლებელია გლობალიზაციას ფეხი ავუწყოთ ისე, რომ არ დავკარგოთ ინდივიდუალიზმი, არამედ დავიმკვიდროთ ადგილი მსოფლიო არენაზე და მეტიც, ჩვენი კულტურა ვაქციოთ გლობალურ კულტურად და არა პირიქით.

გლობალიზაციის ისტორია
გლობალიზაციის პოპულარობა 90-იანი წლებიდან მომდინარეობს. ბევრი სწავლული ცდილობდა ეპოვა თანამედროვე გლობალიზაცია და მისი ისტორიული ანალოგების საერთო საფუძვლები. გლობალიზაციის ისტორიული პრეცედენტები შეგვიძლია ვეძებოთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის იმპერიული სახელმწიფოების დაპირისპირების ხანაში. თუმცა, მისი ადრეული ფორმები არსებობდა ძველ მსოფლიოშიც. ამის ნათელი მაგალითი რომის იმპერია, ხანის დინასტია. ,,აბრეშუმის გზის’’ მშენებლობა სხვა არაფერია, თუ არა გლობალიზაციის გამოვლინება.

1850 წელს ინდუსტრიული კაპიტალიზმის მზარდმა აღმავლობამ მოითხოვა მეტი რესურსი და გლობალური ბაზარი. ასეთ დროს კი პროტექციონიზმი უძლური იყო. ყოველივე ამან ხელი შეუწყო თავისუფალი ვაჭრობის განვითარებას. უკვე 1870 წლისთვის დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური უპირატესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გერმანიისა და აშშ-ს ინდუსტრიალიზაციის მზარდი ტემპების გამო. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ 1870 წლიდან პირველ მსოფლიო ომამდე საქონლისა და კაპიტალის მიმოქცევამ მიაღწია იქამდე არნახულ მასშტაბებს, რაც შემდგომ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში განმეორდა. ეკონომიკური ასპექტებით იმდროინდელი მსოფლიო მართლაც ძალიან ჰგავდა თანამედროვე ტენდენციებით გაჯერებულ რეალობას, თუმცა, შესაძლოა, მხოლოდ ერთი შეხედვით.

გლობალიზაციის არსი

გლობალიზაცია გულისხმობს ვაჭრობის, ფინანსური ნაკადებისა და ტექნიკის ინტეგრაციას. იგი გარდაუვალი და შეუქცევადი შედეგია იმ ბუნებრივი პროცესებისა, რომელთაც ადგილი აქვთ ეკონომიკაში. დღესდღეობით, ჩვენ მივისწრაფვით იმისკენ, რომ შევქმნათ ძლიერი, დემოკრატიული, მტკიცე ეკონომიკაზე დაფუძნებული სახელმწიფო. ეს ის გამოწვევებია, რომელსაც რეალობა გვთავაზობს. დღევანდელი ეკონომიკა კი განუყოფელია გლობალიზაციისგან, იგი მსოფლიოს მომავალი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წყაროა. გლობალიზაცია განაპირობებს საზღვრების გახსნილობას, როგორც საქონლის, ასევე შრომის რესურსების გადაადგილებას. საზღვრების გახსნა პრინციპულად ერთადერთი საშუალებაა ისეთი განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, მიაღწიოს საერთაშორისო ბაზრებს და მოახდინოს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია. ეკონომიკის არსიც ესაა: შექმნა პროდუქტი და მოახდინო მისი მიწოდება მომხმარებლამდე. ყოველივე ეს იწვევს მსოფლიოში სიმდიდრის ზრდასა და ცხოვრების სტანდარტების ამაღლებას. გლობალიზაცია ხელს უშლის ადგილობრივი მონოპოლიების წარმოშობასა და ზრდას. გარდა ამისა, გლობალური ინტეგრაცია ზრდის კონკურენციას ფირმებს შორის და უბიძგებს მათ ახალ გლობალურ ეკონომიკაში გადარჩენისთვის მიმართონ ინოვაციებს, დანერგონ და გამოიყენონ უახლესი ტექნოლოგიები, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლისთვის არის სასარგებლო. მიჩნეულია, რომ ეკონომიკური ინტეგრაცია ხელს უწყობს მსოფლიოში მშვიდობისა და დემოკრატიის შენარჩუნებას.

დღევანდელი გამოწვევები

ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევებზე ადეკვატური პასუხის გაცემა შეუძლებელია მოვლენათა სწორი გააზრების გარეშე. სწორედ ამიტომ, ეკონომიკა, სოციოლოგია, კომუნიკაციის თეორია, მულტიკულტურალიზმი თუ პოსტმოდერნული ფილოსოფია წარმოადგენს კვლევის იარაღებს, რომელთა გამოყენებაც დაგვეხმარება გლობალიზაციის ზოგადი არსის გამოკვეთაში.
დღევანდელი ქართული საზოგადოების გლობალურ კულტურაში მონაწილეობის ხარისხი და ამბიცია ძალზე დაბალია. გლობალიზაციის არსის სწორად გაგება დაგვეხმარება უმაღლესი განათლების განვითარების პერსპექტივების დახვეწაში. ერთ-ერთ ნაშრომში საუბარია კანადის უნივერსიტეტების საქმიანობასა და მისიის გლობალიზებაზე. ცოდნის მენეჯმენტის დახმარებით გლობალიზაციის უარყოფითი მხარეები ნაკლებად იმოქმედებს ადამიანთა ცხოვრებაზე. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მომხდარი გადატრიალებები ციფრულ ტექნოლოგიებში ახალი დილემების წინაშე გვაყენებს, თუმცა მკაცრი დუალიზმის თავიდან არიდება ძალზე მარტივად შეგვეძლება, თუ დადებით მნიშვნელობებს ადეკვატურად გავიგებთ.

გლობალიზაციამ გარდა ეკონომიკური განვითარებისა მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა ჩვნს ცხოვრებაში კომუნიკაციის სრულად ახალი ტექნოლოგიბის დანერგვით. ინფორმაციის გავრცელების სიჩქარემ დღეს წარმოუდგენელ დონეს მიაღწია, შეიქმნა ინტერნეტი, რომელმაც გლობალიზაცია ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ნებისმიერი სერიოზული ბიზნესის წამოწყება დაკავშირებულია პირველ რიგში ინფორმაციის მოგროვებაზე. ნათელია იმ ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების სუსტი პოზიციები, რომლებიც ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ამ საკითხს. ამერიკის დაზვერვის 2002 წლის მონაცემებით მსოფლიოში ინტერნეტი მომხმარებელთა რაოდენობა 600 მილიონს აღემატებოდა. ეს მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 10 პროცენტია.

ინტერნეტის განვითარებამ არამარტო ბიზნესის განვითარება გამოიწვია. მსოფლიოში ადამიანებს მიეცათ საშუალება გაეცნონ ერთმანეთის კულტურას, ისტორიას, ყოფას და ცხოვრებას, როგორც იტყვიან, სახლიდან გაუსვლელად. როდესაც ახალ ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ ასევე უნდა გავიხსენოთ ტრანსპორტირებისა და გადაადგილების თანამედროვე საშუალებები, რომელმაც ადამიანებს საშუალება მისცა გაცილებით სწრაფად გადაადგილდეს თანაც გაცილებით დაბალი რისკებით.

ბევრი ავტორი მიიჩნევს, რომ გლობალიზაციას კი არ განმარტავენ, არამედ იცავენ. ჰირსტი და ტომპსონი შენიშნავენ, რომ გლობალიზაციის სწორად გასაგებად, აუცილებელია წარმოვიდგინოთ იდეალური გლობალური ეკონომიკის მოდელი, რომლის მიმართ კონტრასტირებაც საშუალებას მოგვცემს დავაკვირდეთ არსებულ ტენდენციებს. ზემოთ აღნიშნული იდეალური მოდელის შესაძლო ნიშნებია:
1. პოლიტიკური მმართველობის პრობლემის გადაწყვეტა.
2. მულტინაციონალური ორგანიზაციების ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებად გარდაქმნა, რაც გულისხმობს კაპიტალს, სახელმწიფოს ნაციონალური იდენტობის გარეშე.
3. ნაციონალური ან ლოკალური სავაჭრო კავშირების დასუსტება.
4. ჰეგემონური ერი-სახელმწიფოების გაქრობა.

თანამედროვე ეკონომიკური გლობალიზაცია უფრო და უფრო ინტენსიური ხდება ტექნოლოგიის გაუმჯობესებისა და საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის გაცვლა-გამოცვლის ლიბერალიზაციის ხარჯზე. ამ უკანასკნელ მოვლენას ხელი შეუწყო ,,მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ’’ ,,საერთაშორისო სავალუტო ფონდმა’’ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა თუ შეთანხმებებმა. ნებისმიერ პროცესს გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები. მიუხედავად იმისა, რომ გლობალიზაცია ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიტიკურ თავისუფლებას. ქვეყნის ინტეგრაცია გლობალურ პროცესებში ეხმარება იქ პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო უფლებების გავრცელებას. რაც გულისხმობს იმას, რომ კორუფციის დონე მით უფრო დაბალია, რაც უფრო გლობალიზებულია ქვეყანა. თუმცა ამის საპირისპიროდ სახეზეა სინგაპურის მაგალითი, რომელიც ყველაზე გლობალიზებული სახელმწიფოა, მკაცრი სახელმწიფო კონტროლით პრესაზე და შეზღუდული პიროვნული თავისუფლებებით გამოირჩევა. მეორე მხრივ, სამხრეთ აფრიკა, რომელიც პოლიტიკური თავისუფლების მაღალი დონით გამოირჩევა, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გლობალიზებულია.

დასკვნა: საბოლოო ჯამში, ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ გლობალიზაციას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ზეგავლენა სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაზე, იმის მიუხედავად ეს ქვეყანა განვითარებულია, თუ ბევრად ჩამორჩენილი საერთაშორისო ასპარეზზე სხვა სახელმწიფოებთან შედარებით. ამ ფონზე გლობალიზაციის ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები ზოგიერთი ქვეყნის მდგომარეობას აუმჯობესებს, ხოლო ზოგისას კი, პირიქით აუარესებს. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი შედარებითია, ამის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ გლობალიზაციის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმა თითოეული ქვეყნისათვის წინ გადადგმული ნაბიჯია მათი სამომავლო განვითარებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის.

გამოყენებული ლიტერატურა
ბეკი, უ. (2001). რა არის გლობალიზაცია? მოსკოვი: გამომცემლობა:“პროგრესი-ტრდიცია”.
დავითაშვილი, ზ. (2003). ნაციონალიზმი და გლობალიზაცია. თბილისი: ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”.
BIBLIOGRAPHY კანტი, ი.
(1991). მუდმივი მშვიდობა. “პოლიტიკური ნაწერები” .
კრუგმანი, პ.
(2001). გულები და თავები. “ნიუ-იორკ ტაიმსი” .
მელიქიძე, ვ.
(2006). მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია. თბილისი: გამომცემლობა “სოციალურ მეცნიერებათ ცენტრი”.
მენქიუ, გ. (2000). მიკროეკონომიკის პრინციპები. თბილისი: გამომცემლობა “დიოგენე”.
ჟვანია, ნ. (2006). საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია. თბილისი: “სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი”.
ჰეივუდი, ე. (2008). პოლიტიკა. თბილისი: გამომცემლობა
“საქართველოს მაცნე”.