საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი კოვიდ პანდემიის ფონზე

ავტორის სტილი დაცულია

ირაკლი კვანტალიანი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
irakli.kvantaliani800@eab.tsu.edu.ge  

ანოტაცია

კოვიდ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის გამო როგორც საქართველო,ისე მსოფლიო ეკონომიკა ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანა,თუმცა ბოლო პერიოდში  შეინიშნება ეკონომიკის აღდგენის გაცილებით სწრაფი ტრენდი, ვიდრე ეს მანამდე იყო ნავარაუდევი. მიუხედავად ამისა, კვალვ ძალიან მნიშვნელოვანია საშუალვადიანი რისკების ანალიზი, ვიანიდან პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკა კიდევ უფრო მოწყვლადია ამ რისკებისა თუ შოკების მიმართ, ვიდრე პანდემიმდელ პერიოდში იყო. მოცემული ნაშრომი სწორედ საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობის უახლეს ანალიზს მოიცავს და კიდევ უფრო ნათლად დაგვანახებს თუ რა მდგომარეობას გვაქვს ქვეყანაში.

Annotation

Due to the economic losses caused by the Covid Pandemic, both Georgia and the world economy have had very bad results, although recently there has been a much faster trend of economic recovery than previously expected. Nevertheless, it is still very important to analyze medium-term risks, since in the post-pandemic period the economy is even more vulnerable to these risks or shocks than it was in the pre-pandemic period. This paper includes the latest analysis of the macroeconomic situation in Georgia and will show us even more clearly what the situation is in the country.

საქართველოს 2020-2021წლების მაკროეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი

პანდემიიდან ერთი წლის შემდეგაც მაღალი რჩება გაურკვევლობა გლობალური ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივებზე, გაურკვევლობის ახალ წყაროს წარმოადგენს აგრეთვე ვირუსის ახალი მუტაციები. ეკონომიკის აღდგენის ტემპი განსხვავებულია ქვეყნებისა და ეკონომიკური სექტორების მიხედვით და განპირობებულია, ერთი მხრივ, პანდემიით გამოწვეული დაზიანების ხარისხით, მეორე მხრივ კი პოლიტიკის საპასუხო მხარდასაჭერი ღონისძიებებით. ამ ეტაპისთვის ეკონომიკის აღდგენის ტემპი ორ მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული, ერთი მხრივ – რამდენად ეფექტიანად განხორციელდება ვაქცინაცია ვირუსის გავრცელების შესაზღუდად, ხოლო მეორე მხრივ – რამდენად წარმატებულია ეკონომიკის მხარდასაჭერი ღონისძიებები ხანგრძლივი დაზიანებების აღმოსაფხვრელად. მოცემული მომენტისათვის ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივები განსხვავებული ქვეყნებისათვის კიდევ უფრო დაშორდა ერთმანეთს. ვაქცინაციის განხორციელების ეფექტიანობამ მკვერთი ხაზი გაავლო ქვეყნებს შორის და გამოიკვეთა გლობალური აღდგენის ორი სცენარი: ქვეყნები რომლებიც კვლავ დგანან covid-19-ის მომდევნო ტალღის წინაშე და ქვეყნები რომლებიც რომლებიც ეკონომიკური აქტივობის კიდევ უფრო ნორმალიზაციას ელიან (თითქმის ყველა განვითარებული ქვეყანა). აღსანიშნავია, რომ უკანასკნელის აღდგენის პერსპექტივებიც საფრთხის წინაშეა, სანამ ვირუსი მსოფლიოში კვლავ მაღალი ტემპით მიმდინარეობს. 2021 წლის ივლისის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, 2020 წელს დაფიქსირებული -3.3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2021 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდა 6 პროცენტზე შეაფასა, რომელიც დაახლოებით 4.9 პროცენტზე დასტაბილურდება 2022 წლისათვის. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლისათვის გლობალური ზრდის პროგნოზი უცვლელია ივლისის განახლებაში და კვლავ აპრილში შეფასებულ დონეზე ნარჩუნდება, მოხდა მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ცვლილება. განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივები შემცირებულია, საწინააღმდეგოდ კი განვთარებული ქვეყნების აღდგენის ტემპი აჭარბებს აპრილის მოლოდინებს. არსებულ ცვლილებაში ძირითადად ასახულია პანდემიის განვითარების სცენარები და შეცვლილი პოლიტიკის პასუხები. 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 2022 წლის გლობალური ზრდის მოლოდინი აპრილთან შედარებით, რაშიც ძირითადი წვლილი განვითრებული ეკონომიკების, განსაკუთრებით კი აშშ-ს პროგნოზის ცვლილებამ შეიტანა, რომელშიც ასახულია 2021 წლის მეორე ნახევარში განხორციელებული დამატებითი ფისკალური მხარდაჭერის ღონისძიებები და გაუმჯობესებული ჯანმრთელობის სტატისტიკა.[1]

მსოფლიო ბანკის ივნისის შეფასების მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 2021 წლისთვის 5.6 პროცენტამდე გაიზრდება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მოცემული ძლიერი ზრდა მნიშვნელოვანი არათანაბრობით ხასიათდება და ძირითადად განპირობებულია ზოგიერთ მნიშვნელოვან ეკონომიკაში დაფიქსირებული მკვეთრი აღდგენით, მანამ სანამ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური აქტივობა კვლავ შეზღუდულია ვაქცინაციისათვის შექმნილი დაბრკოლებებით. ხოლო ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) სექტემბრის პროგნოზის მიხედვით, მსოფლიო რეალური ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 5.7 პროცენტს, ხოლო 2022 წელს 4.5 პროცენტს გაუტოლდება. აღნიშნულ პროგნოზში გათვალისწინებულია ევროპის ქვეყნებში დაფიქსირებული ძლიერი აღდგენა, აშშ-ში მოსალოდნელი დამატებითი ფისკალური სტიმულირების პაკეტები და განვითარებულ ქვეყნებში შინამეურნეობების დანაზოგების შემცირება, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას.[1]

დიაგრამა 1.განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2020-2021წლებისთვის

წყარო: https://www.imf.org/en/Home

მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე პანდემიის გავლენა არ არის ერთგვაროვანი. მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, სადაც გლობალიზაციისა და მომსახურების დარგების წილი მაღალია, უფრო მაღალი ეკონომიკური კლება დაფიქსირდა ვიდრე განვითარებად ქვეყნებში. სსფ-ის განახლებული პროგნოზით მოწინავე ეკონომიკის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.6, ხოლო განვითარებადი ქვეყნების 6.3 პროცენტზეა მოსალოდნელი 2021 წლისათვის.[3]

საქართველოს ეკონომიკური მიმოხილვა

როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, საქართველომაც ასევე განიცადა COVID-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესია. 2020 წლის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა -6.2 პროცენტი. 2020 წლის ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე დიდი გავლენა იქონია ტურიზმთან დაკავშირებულმა სექტორმა, რასაც საქართველოს ეკონომიკის 10-12 პროცენტი უჭირავს. წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი მაღალი ტემპებით იზრდებოდა, რამაც ეკონომიკა მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახადა ამ სექტორზე. ტურიზმის სექტორმა პანდემიის შედეგად დიდი დარტყმა მიიღო და 2020 წლის მარტის თვიდან თითქმის 100 პროცენტით შემცირდა. 2021 წლის დასაწყისში COVID რეგულაციების ფონზე პირველი კვარტალის ეკონომიკურმა ზრდამ -4.5 პროცენტი შეადგინა. მიუხედავად ამისა, 2021 წლის მეორე კვარტლის დასაწყისიდან ეკონომიკამ სწრაფი აღდგენა დაიწყო, რამაც ეკონომიკის 29.9 პროცენტით გაზრდა გამოიწვია, რომელიც 2019 წლის ამავე პერიოდის მონაცემს 12.8 პროცენტით აღემატება აღნიშნული ეკონომიკური ზრდის ტენდენცია დასტაბილურდა, მაგრამ მაინც მაღალი ნიშნული შეინარჩუნა და დეკემბერში 13.9 პროცენტი შეადგინა, რაც 2019 წელის მონაცემს 6.9 პროცენტით აღემატება  აღნიშნული დადებითი ტენდენცია, მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღება, ტურიზმის სტაბილური აღდგენა, ექსპორტის და ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა და ვაქცინაციის პროცესი მაღალ საბაზო ეფექტთან ერთად ქმნის მაღალი ზრდის მოლოდინს. [4]

დიაგრამა 2: წლიური ინფლაციის დონე

წყარო: https://www.geostat.ge/ka

საქართველოს ეკონომიკისთვის პანდემიამ ერთი მხრივ იმოქმედა ერთობლივი მოთხოვნის მხარეს ტურიტული მომსახურების ექსპორტის კლების, ხოლო მეორე მხრივ, მობილობის შემცირების გამო შეაფერხა სამომხმარებლო პროდუქტების მიწოდების არხები, რამაც პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე ინფლაციის ზრდა გამოიწვია. ანალოგიური ტენდენცია იყო მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. მოგვიანებით, ივნისი-ივლისიდან, მოთხოვნის შემცირების ეფექტმა გადააჭარბა მიწოდების ეფექტს. შედეგად ინფლაციის მაჩვენებელმა შემცირება დაიწყო. თუმცა 2021 წლის მარტში მოხდა წლიური ინფლაციის მნიშვნელოვანი ზრდა 3.6 პროცენტიდან 7.2 პროცენტამდე. აღნიშნული მკვეთრი ზრდა იყო განპირობებული ზოგიერთ პროდუქტზე მთავრობის სუბსიდირების პროგრამის შეწყვეტით. მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა 2021 წლის შემდგომ თვეებშიც: აპრილი 7.2 პროცენტი, მაისი 7.7 პროცენტი, ივნისი 9.9 პროცენტი, ივნისი 11.9 პროცენტი, ივლისი 12.8 პროცენტი. მოცემული მაღალი ინფლაცია ძირითადად განპირობებულია სასურსათო პროდუტისა და ტრანსპორტირების ფასების ზრდით, რომლებიც გამოწვეულია მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასების ზრდით. მაგრამ მაღალი წლიური ინფლაციის ფონზე, სეზონურად მოსწორებული თვიური ანუალიზებული ინლფაცია მცირდება, რაც გამოწვეულია გამკაცრებუილი მონეტარული პოლიტიკის ასახვით ფასებზე. თუმცა, წლიურ ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლა დამოკიდებულია მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე გაზრდილი ფასებისა (მათ შორის ნავთობის ფასები) და წინა პერიოდში გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე, რაც ზრდის ინფლაციის მაჩვენებელზე იმპორტული საქონლისა და სურსათის ფასების გავლენას. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდიის საბაზო ეფექტი წლიური ინფლაციის მაჩვენებელს 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში დამატებით დროებით გაზრდის. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, და იმ მოლოდინით, რომ წლის განმავლობაში მოხდება ეკონომიკური აქტივობის ზრდა, რაც ქმნის დამატებით წნეხს ინფლაციურ პროცესებზე, მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში საშუალო ინფლაცია იქნება მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი და საბაზო სცენარით გაუტოლდება 8.9 პროცენტს, ხოლო 2022 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს.[1]

დიაგრამა 3:მშპ და ეკონომიკური ზრდა, 2021

წყარო: https://www.mof.ge/mshp_ekonomikuri_zrda

ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსების წლიური გაუფასურების მიუხედავად, ბოლო თვეებში შეინიშნება გამყარების ტენდენცია. კერძოდ, ბოლო 4 თვის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი წინა 4 თვესთან შედარებით 6.3 პროცენით გამყარდა, ხოლო რეალური ეფექტური გაცვლით კურსი 34.6 პროცენტით, რაც განპირობებული იყო ამ პერიოდში სწრაფი ეკონომიკური ზრდით, რამაც ასევე ხელი შეუწყო პოზიტიური მოლოდინების ფორმირებას, მაგრამ ეკონომიკურ ზრდის დასტაბილურებასთან ერთად სტაბილურდება ლარის გამყარების ტენდენციაც. კერძოდ, აგვისტოს ნომინალური ეფექტური გაცლითი კურსი გამყარდა 0.1 პროცენტით ივლისთან შედარებით, ხოლო ივლისის ნომინალური ეფექტური გაცვლით კურსი გამყარდა 1.6 პროცენტით ივნისთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი განაგრძობს მცირე გამყარებას, რაც ამავე დროს დადებითად აისახება ინფლაციის მაჩვენებელზე.[2]

2020 წლის განმავლობაში პანდემიის შედეგად მნიშვნელოვანი გაუარესება მოხდა საგარეო ბალანსში. თუმცა 2021 წლის თებერვლიდან, ექსპორტის წლიურმა ზრდამ მიიღო დადებითი მნიშვნელობა. 2021 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში ექსპორტი წლიურად გაიზარდა 26 პროცენტით, ხოლო იმპორტი გაიზარდა 20.7 პროცენტით. როგორც შედეგი, სავაჭრო დეფიციტი გაიზარდა 17 პროცენტით. ამავე პერიოდში რეექსპორტი გაიზარდა 19.3 პროცენით და მთლიანი ექსპორტის 27.3 პროცენტი შეადგინა. ასევე, მნიშნელოვან წილს ექსპორტში იკავებს ნედლეულის ექსპორტი, დაახლოებით 38 პროცენტით, რომლის წლიურმა ზრდის ტემპმა იანვარ-აგვისტოს პერიოდში შეადგინა 28 პროცენტი. ექსპორტის სწრაფი აღდგენის მიუხედავად, ტურიზმის აღდგენა საჭიროებს მეტ დროს და მნიშნელოვნად არის დამოკიდებული ვაქცინაციის პროცესზე. 2021 წლის იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2020 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელს 45.6 პროცენტით, ხოლო 2019 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებლის 31.1 პროცენტი შეადგინა. 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შეფარდება მშპსთან უდრის 10.7 პროცენტს, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქონლით ვაჭრობის დეფიციტი შემცირდა მშპ-ს 23.4 პროცენტიდან მშპ-ს 22.2 პროცენტამდე, ხოლო მომსახურებით ვაჭრობის ბალანსი შემცირდა მშპ-ს 6.6 პროცენტიდან მშპ-ს 0.7 პროცენტამდე. მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი ტრანსფერები (მეორადი შემოსავალი), მშპ-ს 9.8 პროცენტიდან 14.8 პროცენტამდე, ხოლო პირველადი შემოსავლის ბალანსი დარჩა თითქმის უცვლელად, მშპ-ს -4.3 პროცენტიდან მშპ-ს -4.0 პროცენტამდე. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსება ხდება როგორც პირდაპირი (მშპ-ს -1.2 პროცენტი), ასევე – პორტფელური ინვესტიციებით (მშპ-ს -1.2 პროცენტი). თუმცა ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ძირითად წყაროდ ვლინდება „სხვა ინვესტიციები“ (2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, მშპ-ს -14.1 პროცენტი), რის მიზესსაც წარმოადგენს მთავრობის მიერ საგარეო ვალის აღება. 2021 წლისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზი მშპ-ს 9.0 პროცენტს შეადგენს.[1]

დიაგრამა 4: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, %-ად მშპ-თან

წყარო: https://www.geostat.ge/ka

რისკების მატერიალიზაციის ანალიზ

2021 წლის ბიუჯეტის კანონის ცვლილების პროექტთან თანდართულ სცენარების დოკუმენტში წარმოდგენილი იყო შემდეგი რისკ ფაქტორები:

· პანდემიის გამწვავება შესაძლოა ითქვას რომ ეს რისკი ნაწილობრივ მატერიალიზდა. 2021 წლის ივლისის ბოლო განახლდა კოვიდ-ინფიცირების დღიური შემთვევების მატება და 2021 წლის აგვისტოს საშუალო დღიური შემხვევების რაოდენობამ შეადგინა 4202 შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილთა საშუალო დღიური რაოდენობა გაუტოლდა 51-ს. მიუხედავად ამისა, არ განხორციელდა პანდემიის შეკავების ისეთი ღონისძიებები, რაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენდა ეკონომიკურ აქტივობაზე. ამავე დროს, უკვე არსებობს რამდენიმე ვაქცინა, რომელიც აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და მსოფლიოსა და საქართველოსთვის ტურიზმის მხრივ მნიშვნელოვან ქვეყნებში დაწყებულია ვაქციანციის პროცესი. მინიმუმ 1 დოზით აცრილია მოსახლეობის 26 პროცენტზე მეტი. ვაქცინების არსებული მარაგი შესაბამისია მთავრობის გაცხადებულ მიზანთან – პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევა წლის ბოლომდე. თუმცა, მთავარი დაბრკოლებაა ვაქცინაციის დაბალი ტემპი.

· ტურიზმის გლობალური სენტიმენტების გაუარესება ამ ეტაპზე ნაადრევია ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებზე მსჯელობა. იმის მიუხედავად, რომ 2021 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი აღემატება 2020 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 45.6 პროცენტით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების დონე შეადგენს 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლსის მხოლოდ 31.1 პროცენტს. ამავე დროს, აგვისტოს თვეში პანდემიის ახალი ტალღა და დაბალი ვაქცინაციის ტემპი აფერხებს ტურიზმის სექტორის აღდგენის პერსპექტივას. ტურიზმის აღდგენის არსებული ტემპი შესაბამისია საბაზისო მოლოდინთან.

· გლობალური სავაჭრო ბრუნვის შემცირება აღნიშნული რისკი მატერიალიზაციის მიმართულებით ამ ეტაპისთვის ფიქსირდება როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ტენდენციები. კერძოდ, ერთი მხრივ გაზრდილია სავაჭრო ბრუნვა, ხოლო მეორე მხრივ ადგილი აქვს მიწოდების გაზრდილ დანახარჯებს, რაც აისახება მთელს მსოფლიოში მომატებულ ინფლაციური ტენდენციებში

· რეგიონული რისკები რეგიონული რისკების მიმართულებით შენარჩუნებულია 2020 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობა. გარდა ამისა, ავღანეთში მოხმდარი კრიზის გამო, გაურკვეველია ახლო აღმოსავლეთის მომავალი პოლიტიკური ვითარება, რაც ასევე ქმნის გარუკვევლობას მთელ რეგიონში.

· გაზრდილი გლობალური ვალი ამ ეტაპისთვის შეინიშნება ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა. რაც ამცირებს ამ რისკ-ფაქტორის მატერალურობის შეფასებას. მიუხედავად ამისა, მოსალონელია ეს რისკები მომდებნო წლებში ნაწილობრივ შენარჩუნდეს.

· გლობალური მომხამრებელთა ქცევა ამ ეტაპისთვის აღნიშნული რისკ ფაქტორის მატერიალიზაციის ნიშნები არ იკვეთება. მთელ მსოფლიოში გაზრდილია როგორც საგარეო, აგრეთვე შიდა მოთხოვნა. საქართველოს ეკონომიკის აღდგენა ძირითადად მოხმარების აღდგენის ხარჯზე მიმდინარეობს.[1]

დასკვნა

კოვიდ პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა მთელს მსოფლიოს. ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოს ეკონომიკაც რეცესიაში აღმოჩნდა. როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შეფერხდა.საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა ინფლაციის დონე, რაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე აისახა. მოცემული  საკითხების  გაანალიზების და 2021წლის მონაჩემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეტაპობრივად ხდება ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და რეცესიიდან გამოსვლა.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://www.mof.ge/images/File/2022-biujeti/
  2.  https://www.geostat.ge/ka
  3. https://www.imf.org/en/Home
  4. http://pbo.parliament.ge/media/k2/attachments/Macroeconomic_Forecasts_December.pdf
  5. https://www.mof.ge/mshp_ekonomikuri_zrda