SWIFT-დან გათიშვა – ყველაზე მკაცრი სანქცია რუსეთისთვის

ავტორის სტილი დაცულია
თეა ჭაღალიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი
chagalidzetiko@gmail.com

ანოტაცია

24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. აღნიშნულს ცივილიზირებული სამყარო საერთაშორისო სამართლის უპრეცედენტო, უხეშ დარღვევად აფასებს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. ახლა მსოფლიო გადამწყვეტ სანქციაზე ლაპარაკობს, რომელსაც ზოგიერთი ფინანსური ანალიტიკოსი, ეკონომიკურ კონტექსტში, “ბირთვულ ვარიანტს” უწოდებს. მას ჰქვია SWIFT და ამ სტატიაში მოგიყვებით, რა არის სვიფტი და რა ელის რუსეთს, როცა დასავლელი მოკავშირეები ქვეყანას სისტემიდან გათიშვით დასჯიან.

Annotation

On February 24, Russia invaded Ukraine. The civilized world considers this an unprecedented, gross violation of international law and imposes sanctions against Russia. Now the world is talking about a crucial sanction, which some financial analysts in the economic context call the “nuclear option.” It is called SWIFT, and in this article I will tell you what Swift is and what awaits Russia when its Western allies punish the country by shutting it down.

რა არის სვიფტი?

Society for Worldwide Interbank Financial Telecommunications (SWIFT) წამყვანი საერთაშორისო სისტემაა ფინანსური ტელეკომუნიკაციების სფეროში, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური შეტყობინებების ეფექტურ, უსაფრთხო და აბსოლუტურად საიმედო გადაცემას მთელს მსოფლიოში. ის დაცული სისტემაა, რომელიც ერთმანეთთან 11 000 ფინანსურ ინსტიტუტს აკავშირებს 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე. SWIFT ბანკებს აწვდის ინფორმაციას ტრანზაქციის განხორციელებისას. შესაბამისად, ეს სისტემა უზრუნველყოფს ბანკებს შორის ფულად ტრანზაქციებს.

SWIFT კოოპერატიული კომპანიაა, რომელიც ბელგიის კანონმდებლობით მოქმედებს. ვებსაიტზე ნათქვამია, რომ „მას ფლობენ და აკონტროლებენ მისი აქციონერი ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა ფირმების რაოდენობაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით,  3,500-ს შეადგენს. სისტემას ზედამხედველობს G10 ცენტრალური ბანკები, ისევე როგორც ევროპის ცენტრალური ბანკი, ხოლო მთავარი ზედამხედველია ბელგიის ეროვნული ბანკი გახლავთ. [1][5]

2021 წელს, SWIFT-ის განცხადებით, დღეში საშუალოდ 42 მილიონზე მეტი შეტყობინება გადიოდა მათ სისტემაში, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 11.4% იყო. [2]

დიაგრამა 1. SWIFT ფინანსური შეტყობინებები ყველა მარკეტისათვის 2019-2021 წლებში 

წყარო : https://www.swift.com/about-us/discover-swift/fin-traffic-figures

სამწუხაროდ, თებერვლის მონაცემები ჯერ მზად არ არის, თუმცა  2022 წლის 25 თებერვალს მათ გამოაქვეყნეს იანვრის თვის ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ მოცემულ თვეში საშუალოდ 46,307,226 ფინანსური შეტყობინებაა გაგზავნილი, ხოლო სულ ჯამში 891,414,103. [3]

მოცემული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ნათლად ჩანს, თუ როგორი ხშირად გამოყენებადი პლატფორმაა იგი. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ SWIFT-ით სარგებლობს 200-ზე მეტი ქვეყანა. ხოლო რეგიონების განაწილება გაგზავნილი ფინანსური შეტყობინებების მიხედვით ნაჩვენებია დიაგრამა 2-ში.

იაგრამა 2. 2022 წლის იანვარში გაგზავნილი ფინანსური შეტყობინებები და პროცენტული განაწილება რეგიონების მიხედვით.

ავტორისეული გრაფიკი, მონაცემების წყარო: www.swift.com

მოცემული დიაგრამის გათვალისწინებით და ასევე სხვა სტატისტიკური მონაცემებით დასტურდება, ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად იყენებენ SWIFT-ს საბანკო ოპერაციებში. მათ შორისაა რუსეთიც. თუ რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან გათიშვა რუსეთის ეკონომიკაზე და ასევე სხვა მასთან დაკავშირებულ ქვეყნებზე,  განვიხილოთ შემდეგ ნაწილში.

რა გავლენას მოახდენს რუსეთზე SWIFT-დან გათიშვა?

შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნებისთვის რუსეთის SWIFT-დან გამორიცხვა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ფინანსური ნაბიჯი, რომლის გადადგმაც მათ ოდესმე შეეძლოთ. ეს გამოუსწორებლად დააზარალებს რუსეთის ეკონომიკას, ექნება როგორც მყისიერი გავლენა, ასევე მნიშვნელოვანი ნეგატიური ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში. მოსკოვი SWIFT-ზე ძალიანაა დამოკიდებული. რუსეთის ეროვნული SWIFT ასოციაციის მონაცემებით, რუსეთის სისტემას დაახლოებით 300 რუსული ფინანსური ინსტიტუტი ეკუთვნის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მონაცემებით ყველაზე მეტია. რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების ნახევარზე მეტი SWIFT-ის წევრია. ეს ნაბიჯი რუსეთს ჩამოაშორებს საერთაშორისო ფინანსურ ტრანზაქციებს. ეს კი  მხოლოდ რუსეთისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის ფულის მიმოცვლას არ ნიშნავს. ამის შემდეგ ის ვეღარ მიიღებს ისეთ ფინანსურ ტრანზაქციებს, როგორსაც ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მოგების სახით იღებდა, რაც რუსეთის, როგორც ქვეყნის შემოსავლის 40%-ზე მეტს შეადგენს. [1][5]

SWIFT-დან რუსეთის გათიშვის მოთხოვნა, არ არის ახალი საკითხი . კერძოდ იგი 2014 წელსაც განიხილებოდა, როცა ქვეყანამ უკრაინის ნაწილის — ყირიმის ანექსია მოახდინა. მაშინ ამ განხილვაზე რუსეთის საპასუხო რეაქცია მწვავე იყო. რუსეთის მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა, ალექსეი კუდრინმა აღნიშნა, რომ SWIFT-დან გაძევება ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა და SWIFT-ის დატოვება ქვეყანას ეკონომიკის მხოლოდ 5%-იან ვარდნად დაუჯდებოდა. ამასთანავე მოსკოვს პოზიციებს უმყარებდა რუსეთის დასავლეთთან ღრმა ეკონომიკური ინტეგრაცია – გათიშვის შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიას სერიოზული დანაკარგები ელოდათ, რადგანაც სწორედ ამერიკული და გერმანული ბანკები რუსულ პარტნიორებთან თანამშრომლობისას SWIFT-ს სისტემას ყველაზე აქტიურად იყენებდნენ.[4]

თუმცა, ამავე დროს რუსეთი იწყებს ალტერნატივების ძებნას და მუშაობს საკუთარი ფინანსური ტრანსფერის სისტემის შექმნაზე. კერძოდ, შიდა ტრანზაქციებისთვის სისტემა „SPFS“ შეიქმნა, რომელიც 73 მილიონ ბარათს ემსახურება. თუმცა, რუსეთის ფარგლებს გარეთ ის მხოლოდ სომხეთში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ნაწილობრივ თურქეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში და ყაზახეთში მოქმედებს. შესაბამისად, ეს სისტემა საგარეო ტრანზაქციების პრობლემას ვერ ხსნის. შედარებით რეალისტური ვარიანტია ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორიშისი ანგარიშსწორების სისტემაზე CIPS შეერთება, თუმცა,  მას ამ ეტაპზე SWIFT-ის ჩანაცვლება არ შეუძლია. ის ძირითადად იუანების ტრანზაქციებზე მუშაობს, ხოლო მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე იუანის წილი მხოლოდ 2%–ს შეადგენს, მაშინ, როდესაც დოლარში მთელი ტრანზაქციების 40% ხორციელდება.  [4][1]

2012 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით ბირთვული პროგრამებიდან გამომდინარე SWIFT-დან ირანი გამოთიშეს. შედეგად, ირანმა ნავთობის ექსპორტის შემოსავლის თითქმის ნახევარი დაკარგა.

ირანის მაგალითიდან შეუძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთის გარიცხვა SWIFT-დან დიდ ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკას, არამედ სხვა ქვეყნების ფინანსურ მდგომარეობასაც. ევროპის ქვეყნები ვერ მიიღებენ რუსეთის საქონელსა და მომსახურებას, როგორიცაა მაგალითად: ნავთობი, გაზი, ლითონი და იმპორტის სხვა განსაკუთრებული მაჩვენებლები. ამგვარმა აკრძალვამ, ასევე, შეიძლება ხელი შეუწყოს იმ ფაქტს, რომ მოსკოვმა, ჩინეთთან ან სხვა ქვეყნებთან ერთად, დააჩქაროს ალტერნატიული ტრანსფერების სისტემის განვითარება, რაც პოტენციურად შეამცირებს აშშ-ის დომინირებას ფინანსურ სისტემაში.[6]

ასკვნა

SWIFT უზრუნველყოფს ბანკებს შორის ფულად ტრანზაქციებს. მისგან რუსეთის გათიშვა პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის რუსეთის შესაძლებლობას ჩვეულ რეჟიმში აწარმოოს ბიზნესი. SWIFT-ის გათიშვა დააზარალებს არა მხოლოდ ბანკის მომხმარებლებს, არამედ რუსულ ექსპორტსაც. თითქმის შეუძლებელი გახდება მაგალითად, ნავთობის და გაზის საერთაშორისო მიწოდების გადახდა, იმ საბანკო სისტემაში, რომელიც პარალიზებული იქნება საერთაშორისო ანგარიშსწორებისთვის. ამან შეიძლება მკვეთრად შეამციროს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება, კიდევ უფრო შეასუსტოს რუბლი და გამოიწვიოს ფასების ზრდა.

იბლიოგრაფია

  1. https://www.nbcnews.com/news/world/swift-banking-system-used-sanction-russia-rcna17533
  2. https://www.swift.com/about-us/discover-swift/fin-traffic-figures#:~:text=In%20full%20year%202021%2C%20SWIFT,same%20period%20of%20previous%20year
  3. https://www.swift.com/about-us/discover-swift/fin-traffic-figures/swift-fin-traffic-document-centre
  4. https://commersant.ge/ge/post/ra-safrtxes-uqmnis-rusets-swift-idan-gatishva
  5. https://businessformula.ge/News/7210?fbclid=IwAR2yucUe9HGb82HM-KRVw0lZE4OmA4qlzCzjVqxb49rJC8e_EHBGwIM3Xu8
  6. https://www.aljazeera.com/news/2022/2/25/what-is-swift-could-be-used-punish-putin?fbclid=IwAR07Go3gqw5D2zIBnKYiO5LBq3YJYGgbe7wC-VMTsA8JQFLcEMm4QC-aefc