პოსტკრიზისული აღდგენის ფისკალური სტიმულები

ავტორის სტილი დაცულია
გიორგი კოხრეიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
giokokhreidze1@gmail.com

ანოტაცია
მოცემულ ნაშრომში ვისაუბრებ პოსტკრიზისულ აღდგენაზე. მსჯელობას დავიწყებ ფისკალური პოლიტიკის არსით, მისი მიზნებით და ინსტრუმენტებით. შემდგომში უკეთ განვიხილავ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს და ჩამოვთვლი იმ ფისკალურ სტიმულებს, რომლითაც სარგებლობენ სხვადასხვა ქვეყნები ახლაც, რათა შეიმსუბუქონ კორონავირუსის გავლენა მათ ეკონომიკებზე.

Annotation
This article discusses postcrisis recovering. I start with description of fiscal policy, its essence, goals and instruments. Then I will go deep into crisis engineered through coronavirus and detail fiscal fillip which is used by other countries in order to discharge coronavirus influence on economics.

ფისკალური პოლიტიკა: არსი და მიზნები
ფისკალური პოლიტიკა არის მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები სახელმწიფო დანახარჯების, გადასახადებით დაბეგვრისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მდგომარეობის ცვლილებებით, რომელიც მიმართულია სრული დასაქმების, საგადასახდელო ბალანსის წონასწორობისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. ის ორი სახისაა: მასტიმულირებელი ფისკალური პოლიტიკა (ფისკალური ექსპანსია) და შემზღუდველი ფისკალური პოლიტიკა ( ფისკალური რესტრიქცია).

ფისკალური ექსპანსია – მოკლევადიანი პერსპექტივისთვის მიზნას ისახავს ეკონომიკური ციკლის ვარდნის დაძლევას და გულისხმობს სახელმწიფო დანახარჯების ზრდას, გადასახადების შემცირებას ან მათ ერთობლივ კომბინაციას. გრძელვადიანი პერსპექტივისთვის გადასახადების შემცირებამ შეიძლება განაპირობოს წარმოების ფაქტორთა მიწოდების გაფართოება და ეკონომიკური პოტენციალის ზრდა.

ფისკალური რესტრიქცია – მიზნად ისახავს ციკლური აღმავლობის შეზღუდვას და გულისხმობს სახელმწიფო დანახარჯების შემცირებას, გადასახადების ზრდას ან მათ ერთობლივ კომბინაციას. მოკლევადიანი პერსპექტივისთვის ეს ღონისძიებები საშუალებას იძლევა შემცირდეს მოთხოვნის ინფლაცია წარმოების ვარდნის და უმუშევრობის ზრდის ხარჯზე. გრძელვადიანი პერიოდისთვის გადასახადების ზრდადი განაკვეთი ერთობლივი მიწოდებისა და სტაგფლაციის გამომწვევი. გაჭიანურებული სტაგფლაცია კი ქმნის ეკონომიკური პოტენციალის რღვევის პირობებს.

არსებობს აგრეთვე დისკრეციული და არადისკრეციული ფისკალური პოლიტიკა :
დისკრეციული ფისკალური პოლიტიკა ეწოდება სახელმწიფო დანახარჯების, გადასახადებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სალდოს სიდიდის მიზანმიმართულ ცვლილებებს მთავრობის სპეციალურ გადაწყვეტილებათა შედეგად, რომელიც მიმართულია დასაქმების დონის, წარმოების მოცულობის, ინფლაციის ტემპებისა და საგადასახდელო ბალანსის მდგომარეობის შეცვლისკენ.

არადისკრეციული ფისკალური პოლიტიკა ეწოდება დასახელებულ სიდიდეთა ავტომატურ ცვლილებებს ერთობლივი მოთხოვნის ციკლური რყევების შედეგად. არადისკრეციული ფისკალური პოლიტიკა გულისხმობს წმინდა საგადასახადო შემოსავლების ზრდას (კლებას) სახელმწიფო ბიუჯეტში მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის (შემცირების) პერიოდებში, რომელიც მასტაბილიზებელ ზემოქმედებას ახდენს ეკონომიკაზე.
[დეივიდ ნეილი. „ეკონომიკური ზრდა“ ( თსუ, 2016)]

ფისკალური პოლიტიკის დადებითი და უარყოფითი მხარეები
ფისკალური პოლიტიკა , ბევრი ეკონომისტის აზრით, წარმოადგენს ეფექტიან ინსტრუმენტს სახელმწიფოს ხელში. მას გააჩნია ბევრი დადებითი მხარე :
1) მულტიპლიკატორის ეფექტი – ფინანსური პოლიტიკის ინსტრუმენტებს აქვს მულტიპლიკატორული ზეგავლენა წონასწორულ გამოშვებაზე.
2) გარეგანი დროითი ლაგის არარსებობა – გარეგანი ლაგი, როგორც ვიცით, არის დროის შუალედი, გადაწყვეტილების მიღებასა და ეკონომიკაზე ასახული პირველ ცვლილებებს შორის. როდესაც მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს ფისკალური პოლიტიკის გამოყენებაზე, მაშინ ეფექტი სწრაფად აისახება ეკონომიკაზე.
3) ჩაშენებული სტაბილიზატორების არსებობა – ვინაიდან ეს სტაბილიზატორები ჩაშენებულია მთავრობას არ უწევს რამე კონკრეტული ღონისძიებების გატარება ეკონომიკური ციკლების რყევების დასარეგულირებლად.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფისკალურ პოლიტიკას გააჩნია რიგი ნაკლოვანებებიც:
1) გამოდევნის ეფექტი – ფისკალური ექსპანსია რეცესიის დროს იწვევს ერთობლივი შემოსავლის ზრდას მულტიპლიკატორის მეშვეობით, რაც ზრდის მოთხოვნას ფულზე, და საპროცენტო განაკვეთს ზრდის. საპროცენტო განაკვეთის ზრდა იწვევს ინვესტიციების შემცირებას, რაც უარყოფითად აისახება მთლიან გამოშვებაზე. გამოშვების გარკვეული ნაწილი „გამოდევნილი“ იქნება.
2) შინაგანი დროითი ლაგი – შინაგანი ლაგი არის დროის მონაკვეთი პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობის გაჩენიდან და მისი შეცვლის გადაწყვეტილების მიღებას შორის. ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტების შეცვლის გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო მაგრამ ამ ცვლილების შეტანა უნდა იყოს დამტკიცებული საკანონმდებლო ორგანოს მიერ. შესაბამისად ეს ცვლილება ძალაში შედის გარკვეული ხნის შემდეგ, რამაც შეიძლება გააუარესოს ეკონომიკური სიტუაცია. მაგალითად : ეკონომიკური ვარდნის პერიოდში მასტიმულირებელი ფისკალური პოლიტიკის მიღების გადაწყვეტილება ძალაში შეიძლება შევიდეს, როდესაც ეკონომიკური ვარდნა დასრულდება და ამგვარად გადაჭარბებულად დასტიმულირებული ეკონომიკა გადახურდება და შეიძლება წარმოიშვას ინფლაცია. პირიქით, ეკონომიკური აღმავლობის პერიოდში გატარებულ პოლიტიკამ შეიძლება გააუარესოს ეკონომიკური ვარდნა.
3) ბიუჯეტის დეფიციტი- კეინზიანური მიდგომის მოწინააღმდეგები ხშირად ასახელებენ ბიუჯეტის დეფიციტს ფისკალური პოლიტიკის უმთავრეს და უმნიშვნელოვანესს ნაკლად. მართლაც ეკონომიკური რეცესიების დროს გატარებული ფისკალური ექსპანსია ზრდის სახელმწიფო ხარჯებს და ამცირებს გადასახდებს, რაც თავისთავად ზრდის ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტს.
ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფისკალური პოლიტიკის გამოყენება ბევრ ნიუანსს მოიცავს და მთავრობამ ფრთხილად უნდა მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება. თუმცა კი, ფაქტია, რომ ფისკალური პოლიტიკა საკმაოდ ეფექტიან ინსტრუმენტს წარმოადგენს.
[https://studfile.net/preview/2437734/page:8/]

პანდემია: შედეგები ეკონომიკაზე

მოგვეხსენება, რომ დღეს მთელი მსოფლიო უდიდესი პრობლემის წინაშე დგას კორონავირუსის პანდემიის სახით. უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა, შიმშილობს და უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდა. მრავალი აქტივობა და ღონისძიება გაურკვეველი ვადით გადაიდო ან გაუქმდა. გართობა, პარკებში სეირნობა და გარეთ ფეხბურთის თამაში იშვიათი მოვლენა გახდა და ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი შეწყდა. გარდა იმისა, რომ პანდემიამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ის მთელ მსოფლიოს რიგი ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა. თუ გადავხედავთ ახლო ისტორიას, ეკონომიკური კრიზისების ფართო სპექტრს ვიხილავთ.

დიდი დეპრესია – ალბათ ყველაზე ცნობილი, მასშტაბური კრიზისია მთელი მსოფლიოსთვის, რომელიც 1929-1933 წლებში აშშ-ში დაიწყო და მთელი მსოფლიო მოიცვა. მაშინდელი მთავრობები რიგ შეცდომებს უშვებდნენ და კრიზისის რეგულირების ნაცვლად დეპრესია უფრო გააღრმავეს. არასწორი მონეტარული პოლიტიკითა და პროტექციონიზმით, სახელფასო და ფისკალური პოლიტიკით გამოწვეული პრობლემები ისედაც გაჭინაურებული ეკონომიკური სიტუაცია საბოლოო კრახამდე მიიყვანა.
2019 წელს ჩინეთის ქალაქ უჰანში დაიწყო კორონავირუსის გავრცელება და სულ რაღაც 3-4 თვეში მთელ მსოფლიოს მოედო. უაღრესად სწრაფი ტემპებით გავრცელდა დაავადებულთა რიცხვი, რის გამოც მსოფლიოს ქვეყანათა უმრავლესობამ კარანტინის რეჟიმში გადავიდა. პანდემიამ უდიდესი ზარალი მოიტანა ქვეყნებისთვის ეკონომიკური კუთხითაც.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კორონავირუსის პანდემიამ საზარალი შედეგები მოიტანა ეკონომიკისთვის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკას აზარალებს არა თვითონ ვირუსი, არამედ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები. ადამიანები ცდილობენ თავი აარიდონ მოგზაურობას, ვაჭრობას რაც საბოლოო ჯამში მოთხოვნას ამცირებს. კომპანიების გადაწყვეტილებები, შეაჩერონ საწარმოო პროცესები ამცირებს მიწოდებას. შემცირებული მოთხოვნა და შემცირებული მიწოდება კი ეკონომიკისთვის კარგს არაფერს ნიშნავს.

განვითარებული მოვლენები ასევე უარყოფითად აისახება ფინანსურ ბაზრებზეც. ჩინეთის აქციები მკვეთრად დაეცა. სასაქონლო ბაზრებზე ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა , ხოლო მისი ფასი უარყოფით ნიშნულამდეც კი ჩავიდა.

მსგავსი პარადოქსები და ეკონომიკური ვარდნები მთელ მსოფლიოში განმეორდა. მთავრობები რთული გადაწყვეტილებების წინაშე აღმოჩნდნენ. მაშასადამე, განვიხილოთ რა მოიმოქმედეს ქვეყნების მთავრობებმა.

ფისკალური სტიმულები: პასუხი კრიზისებს
ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტები ორ მთავარ პუნქტს მოიცავს: სახელმწიფო დანახარჯების და გადასახადების ზრდა / შემცირება.
პანდემიის დროს მოსახლეობის ეკონომიკური მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ შეიძლება შეამციროს გადასახადები. რა მოყვება ამას ? როგორც ვიცით მაკროეკონომიკიდან, გადასახადების შემცირება მოკლევადიან პერსპექტივაში იწვევს საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდას და ამგვარად, მიგვიყვანს წარმოების მოცულობისა და დასაქმების დონის ზრდამდე. მაგრამ, ინვესტორებს შორის კონკურენციის გამწვავების გამო საპროცენტო განაკვეთიც გაიზრდება დანაზოგების მოცულობის შემცირებასთან ერთად. საპროცენტო განაკვეთის ზრდა შეაფერხებს ინვესტიციებს და სტიმულს მისცემს უცხოური კაპიტალის მოზიდვას. ადგილობრივი ვალუტა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გაიზრდება, რაც გამოიწვევს ადგილობრივი ფირმების კონკურენტუნარიანობის შემცირებას მსოფლიო ბაზარზე.
გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდის სამომხმარებლო ხარჯებს და იწვევს ეროვნული დანაზოგის შემცირებას. დანაზოგის შემცირება იწვევს საპროცენტო განაკვეთის ზრდას. სოლოუს მოდელის თანახმად, საპროცენტო განაკვეთის ზრდა იწვევს ინვესტიციების შემცირებას. ინვესტიციების ამგვარი ცვლილება თანდათანობით იწვევს კაპიტალშეიარაღების მდგრადი დონის შემცირებას და წარმოების მოცულობის შემცირებას. კაპიტალშეიარაღების დონის შემცირება იწვევს მოხმარების შემცირებას და შედეგად ეკონომიკური კეთილდღეობის დონეს დაბლა წევს.

საბოლოოდ, თუ გადასახადების შემცირება მოხდა სახელმწიფოს ვალის ზრდის ხარჯზე მაშინ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ტვირთად დააწვება მომავალ თაობებს.

არსებობს ბევრი დავა იმის შესახებ უნდა აიღოს თუ არა სახელმწიფომ ვალი და როგორ უნდა დახარჯოს ის? მაგრამ მთავარი იდეა ისაა, რომ სახელმწიფომ შეძლოს მაქსიმალურად შეუმსუბუქოს ხალხს მოკლევადიანი „ტანჯვა“ და შემდგომ ხელი შეუწყოს ეკონომიკურ აღმავლობას.

მეორე მხრივ, თუ სახელმწიფო დღეს გადასახადებს ამცირებს იმ პირობით, რომ მომავალში ის შეამცირებს სახელმწიფო შესყიდვებს, მაშინ მომხმარებელი საკუთარ თავს ჩათვლის უფრო უზრუნველყოფილად და გაზრდის დანახარჯებს.

მოდით, განვიხილოთ დიდი დეპრესიის მაგალითი. დიდი დეპრესიის დროს მთავრობამ ბევრი შეცდომა დაუშვა და არასწორი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, პრიმიტიულად და დოგმატიურად გატარებული ფისკალური პოლიტიკა ზიანის მომტანი აღმოჩნდა. 1929 წლის დეკემბერში, აშშ-ს პრეზიდენტმა ჰარვერ ჰუვერმა ეკონომიკური თავდაჯერებულობის სადემონსტრაციოდ 1%-ით შეამცირა გადასახადები. 1930 წელს ბიუჯეტი გახდა დეფიციტური, პრეზიდენტმა გადასახადი გაზარდა. მწვავე რეცესიის დროს ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფმა მოსახლეობამ კიდევ უფრო ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა, უარესად შემცირდა გამოშვება, სამომხმარებლო ხარჯები და ეკონომიკური აქტივობა. სიტუაცია შეიცვალა პრეზიდენტ რუზველტის მოსვლისთანავე ქვეყნის სათავეში. მან წამოაყენა „ახალი კურსი“ რომლითაც შეიძლება ითქვას გადაარჩინა ამერიკის ეკონომიკა საბოლოო კრახისგან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული რეფორმების გატარების შემდეგ 1933-1935 წლებში აშშ-ს ეკონომიკა ვერ განვითარდა. კვლავ უამრავი უმუშევარი ადამიანი იყო, რომელიც თან მოთმინებას კარგავდა. რუზველტმა ჩაატარა ე.წ. „მეორე ახალი კურსი“-ის პოლიტიკა, რომელიც უფრო აგრესიული იყო და მიზნად ისახავდა უმუშევრობის სა¬ფუძვლიანად აღმოფხვრას ფართო სამთავრობო ინვესტიციებისა და გრძელვადიანი მოქმედების მეშვეობით. დასაქმების პროგრამა კონკურენციას არ უწევდა კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ის ემსახურებოდა სახელმწიფო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეკონსტრუქციას. იგებოდა გზები, შენდებოდა სკოლები, ხიდები, საფოსტო ოფისები და სკვერები. ამ პროგრამის მეშვეობით 1935-1943 წლებში უმუშე¬ვართა დიდი ნაწილი, 8.5 მილიონი ადამიანი კვლავ დასაქმდა.

შეგვიძლია აღვნიშნოთ ესეთი შედეგი, რომ კრიზისების დროს სახელმწიფო ვალი აუცილებელიცაა, იმ პირობით თუ ის მიზანმიმართულად იხარჯება. ამერიკის მაგალითზე ვხედავთ, რომ რუზველტს შეეძლო დაერიგებინა ხალხისთვის პირდაპირი ფულადი დახმარება, რომლითაც რა თქმა უნდა გაზრდიდა სოციალურ სარგებელს მაგრამ ამას მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ექნებოდა. ამიტომ პროგრამის მიზანი იყო დასაქმების ადგილების შექმნა გრძელვადიანი პერსპექტივით. ერთ-ერთი ჩინური ანდაზა გვეუბნება: „ მიეცი ადამიანს თევზი და შენ მას ერთი დღით გამოკვებავ. ასწავლე მას თევზის დაჭერა და შენ მას მთელი ცხოვრება გამოკვებავ“ .

ეს ანდაზა კარგად წარმოგვიჩენს , რომ საკვანძო მომენტი იკვეთება: სანამ ადამიანი ისწავლის თევზის ჭერას ის არ უნდა მოკვდეს მშიერი და ამიტომ უნდა დავეხმაროთ მას დღეს,რომ მომავალში მან შეძლოს თავისი გამოკვება დამოუკიდებლად. ამ ანდაზის ილუსტრაცია იყო სწორედ რუზველტის მიერ გატარებული პოლიტიკა, მოკლევადიან პერიოდში მან შეუწყო ხალხს არსებობისთვის საჭირო გარემო, ხოლო გრძელვადიანში მისცა მათ დასაქმების შესაძლებლობა. შედეგად, მეორე ახალი კურსის“ ფარგლებში განხორციელებული აგრესიული პოლიტიკის, ზემოთ ხსენებული აქტიური ღონისძიებების და უზენაესი სასამართ¬ლოს მიერ კერძო სექტორის შემზღუდველი კანონპროექტების გაუქმების შედეგად აშშ-ს ეკონომიკამ საგრძნობი წინსვლა შეძლო. 1935 წლიდან 1937 წლის ივნისამდე უმუშევრობა 12%-მდე შემცირდა, განვითარდა ქვეყნის ინფრასტრუქტურა, რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი ბუნებრივ, 9%-ს დაუბრუნდა. აშკარაა, რომ „ახალი კურსის“ პირველი ტალ-ღისგან განსხვავებით, 1935 წელს დაწყებულ 2 წლიან აღმავლობის პერიოდში, რუზ-ველტის ეკონომიკური პოლიტიკა ჯონ მეინარდ კეინზის იდეოლოგიას ეფუძნებოდა, რაც სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი ინვესტიციებითა და გაზრ¬დილი ხარჯე-ბით უმუშევრობასთან ბრძოლას და მოხმარების სტიმულირებას გულისხმობდა.

დღევანდელი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, საგრძნობლად განსხვავდება დიდი დეპრესიის შემთხვევისგან, ვინაიდან ეს კრიზისი ბანკების მუშაობაში გამოწვეული შეფერხებებით არ იყო გამოწვეული. პანდემია პირველ რიგში ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, იწვევს ადამიანების სიკვდილიანობის ზრდას, რასაც საკმაოდ სიღრმისეული მაკროეკონომიკური რეცესიები მოყვება.

ქვეყნების უმრავლესობამ გადაწყვიტა მოსახლეობის ტვირთის შემსუბუქების მიზნით გასცეს პირდაპირი დახმარებები, როგორც ცალკეულ ინდივიდებს, ასევე კომპანიებს. უმეტესწილად აქცენტი გაკეთდა გადასახადების შემცირებაზე და არა სახელმწიფოს ხარჯების შემცირებაზე, ვინაიდან სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ფინანსირება, როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის კუთხით. ამიტომ შემცირებული გადასახადი და გაზრდილი სამომხმარებლო ხარჯი, იწვევს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას. სახელმწიფოები ერთადერთ გამოსავალს ხედავენ სახელმწიფო ვალში, რაც ნაწილობრივ გამართლებულია კიდევაც. როგორც აქამდე აღვნიშნე, სახელმწიფო ვალი ასეთ პერიოდში აუცილებელია, თუ კი მთავრობა მას მიზანმიმართულად იყენებს. სახელმწიფო ვალით, მთავრობას აქვს პოტენციალი შექმნას სამომავლოდ სამუშაო ადგილები. თუმცა აქ ვაწყდებით ერთ პარადოქსს. ვინაიდან კორონომიკა სხვა ხასიათს ატარებს, სახელმწიფოს უზარმაზარი თანხები მიდის სწორედ ჯანდაცვაში და არა ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. მართლაც, როგორ უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, როცა უკვე არსებულიც კი ცარიელდება. ამიტომ მთავრობების უმთავრეს მიზანს უნდა წარმოადგენდეს არა უშუალოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ არსებული ეკონომიკური სიტუაციის შენარჩუნება და მისი გაუარესების პრევენცია.

მაგალითად, ბევრ ქვეყანაში, გადასახადები შემცირდა, მთლიანად შეიცვალა საგადასახადო სისტემა და უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ხარჯები ამ დროს თითქმის არ შემცირებულა. ვინაიდან როგორც განვიხილეთ, როცა გადასახადების შემცირება ხდება მხოლოდ ვალის ზრდის ხარჯზე, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობას უჩნდება მოლოდინი იმისა რომ მომავალში გადასახადები გაიზრდება და ისინი მეტს ზოგავენ.
აგრეთე მიზანშეწონილი აღმოჩნდა მსგავსი რეფორმების გატარება ადმინისტრაციული სისტემის გამარტივების ფონზე. სახელმწიფოს მთავარ მიზანს უნდა შეადგენდეს „ოქროს შუალედის“ პოვნა ეკონომიკური ზრდას და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას შორის.
[ხადური ნ. „მაკროეკონომიკური პოლიტიკა“ ( ლექციების კურსი, თსუ, 2016)]

დასკვნა
ამრიგად, კრიზისები ჩვენი მსოფლიოსთვის არ არის ახალი მოვლენა. იყო ფინანსური კრიზისები, დიდი დეპრესია და მრავალი სხვა. მსოფლიო პანდემიის ბევრ შემთხვევასაც მოესწრო, იყო ეს შავი ჭირი, ესპანური გრიპი და ა.შ. დღეს მსოფლიო კვლავ დაუპირისიპირდა პანდემიას კორონავირუსის სახით. აღსანიშნავია, რომ სულ მცირე დროში კორონავირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა და მნიშვნელოვნად დააზარალა ის, როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკური კუთხით.
ვისაუბრეთ ფისკალური პოლიტიკის ზოგად არსზე და მიზნებზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე. აღვნიშნეთ, როგორ ებრძოდნენ კრიზისებს დიდი დეპრესიების დროს და აღვნიშნეთ როგორ ებრძვიან დღეს კორონავირუსს ქვეყნები ფისკალური პოლიტიკის საშუალებით.
გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ჭეშმარიტება: ნებისმიერ რამეს ორი მხარე გააჩნია: ერთის მხრივ , ფისკალური პოლიტიკით მთავრობა ამცირებს გადასახადებს, მაგრამ ამავდროულად ზრდის მოლოდინებს იმისა რომ ეს გადასახადები მომავალში გაიზრდება. მაგრამ, მეორე მხრივ თუ ის სწორად იყენებს რესურსებს, თუ კი იღებს ვალს, და მიზანმიმართულად ხარჯავს მას, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის აღწევს მსგავსი კრიზისების დროს თავის უმთავრესს მიზანს- ის პოულობს იმ ოქროს შუალედს, რომელიც ქვეყანას საშუალებას აძლევს ამოისუნთქოს და შეინარჩუნოს ნაწილობრივი სტაბილურობა მაინც.
საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად თავისი ნაკლოვანებებისა ფისკალური პოლიტიკა მძლავრ და ეფექტიან ინსტრუმენტად რჩება არამარტო ჩვეულებრივ სიტუაციებში, არამედ კრიზისების დროსაც. თუმცა ფაქტია, ფისკალური პოლიტიკის გამოყენებით მიღებული სარგებელი თუ ზარალი უმეტესწილად დამოკიდებულია მთავრობის გონიერ ქმედებებზე.


გამოყენებული ლიტერატურა
1. ხადური ნ. „მაკროეკონომიკური პოლიტიკა“ ( ლექციების კურსი, თსუ, 2016)
2. დეივიდ ნეილი. „ეკონომიკური ზრდა“ ( თსუ, 2016)
3. რაინერ კლუმპი, „ ეკონომიკური პოლიტიკა“ (თსუ, 2015)
4. ნ.ხადური, მ.ჩიქობავა, ნ.კაკულია, „ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება“ (თსუ)
5. studfile.net