ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების პრობლემები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში
ბორის ჭიჭინაძე
ეკონომიკის დოქტორი
აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის მასწავლებელი, ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ სამეცნიერო საბჭოს წევრი,
საქართველოს ეკონომისტთა სამეცნიერო საზოგადოების წერი
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსოციალისტურ რესპუბლიკებში ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად ყოველთვის მიიჩნეოდა ადგილობრივი თვითმმართველობების ფორმირება და გაძლიერება. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განვითარების რამდენიმე მოდელი შეირჩა, იყო პოზიტიური ნაბიჯებიც, თუმცა თვითმმართველობათა რეალური განვითარება მაინც ვერ მოხერხდა.
თვითმმართველობების განვითარების აუცილებლობა განსაკუთრებად მწვავედ დგას დღის წესრიგში ეხლა, რადგანაც პოსტსოციალისტურ რესპუბლიკების უმრავლესობას კურსი აღებული აქვს ევროპული სტრუქტურებისკენ, გამომდინარე აქედან უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების ისეთი სტრატეგიის შემუშავებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდა. მრავალი წლის განმავლობაში არ არსებობდა საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფდა მუნიციპალიტეტების შემდგომ განვითარებას. მუნიციპალიტეტებისადმი გატარებულ პოლიტიკას არ გააჩნდა მწყობრი ხასიათი, ამას ემატებოდა აღნიშნულ რესპუბლიკებში არსებული მძიმე კრიმინოგენური და ეკონომიკური მდგომარეობა, დაქვეითებული შრომითი და სამეწარმეო აქტივობა, რაც მთლიანობაში მუნიციპალიტეტების განვითარებაზე უარყოფითად აისახებოდა და არაპროგნოზირებადს ხდიდა მათ საქმიანობას.
მიუხედავად ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებული არაერთი კანონისა, წლების განმავლობაში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მუნიციპალიტეტების მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა და მათი ცენტრზე დამოკიდებულება კიდევ უფრო იზრდებოდა.
ათწლეულების განმავლობაში არ ხდებოდა მუნიციპალიტეტებში არსებული რეზერვების გამოყენება. მუნიციპალიტეტებს არ გააჩნდათ ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თანამედროვე პროგრამები. მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარებისათვის არ იყო განსაზღვრული სხვადასხვა ადგილობრივი მიმართულებების პრიორიტეტულობა, საკითხები წყდებოდა სპონტანურად, ყოველგვარი განხილვისა და მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე. ადგილი ჰქონდა კომპეტენციების და უფლება-მოვალეობების აღრევას ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.
მდგომარეობა პოსტსოციალისტურ რესპუბლიკებში ამჟამადაც რთულია, ადგილობრივ თვითმმართველობებს არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობა, ცენტრალური მთავრობის მიერ მიღებული კანონები ვერ უზრუნველყოფენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ეკონომიკის მდგრად განვითარებას, ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას და ეკონომიკური ზრდის პოლიტიკაზე გადასვლას.
ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების მიმართულებით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მდგომარეობა თითქმის იდენტურია (გარდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებისა) და ძირითად მნიშვნელოვან გადაუწყვეტელ საკითხებად კვლავ რჩება:
ა) ცენტრსა და რეგიონს შორის უფლება–მოვალეობებისა და კომპეტენციების აღრევა და მათი გამიჯვნის არ–არსებობა;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი;
გ) ადგილობრივ თვითმმართველობებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დასანიშნ პირთა მიმართ დაწესებული მოთხოვნების გაუმჭვირვალობა;
დ) ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არსებული ბიუროკრატიის მაღალი ხარისხი;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობებში დასაქმებულ პირთა სახელფასო სარგოების მოუწესრიგებლობა;
ვ) ადგილობრივ თვითმმართველობებში სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის დადგენის კრიტერიუმის არ–არსებობა;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ფუნქციების გაორება და მათი კომპეტენციების აღრევა;
თ) ადგილობრივი თვითმმართველობების ანგარიშვალდებულობის დაბალი ხარისხი მოსახლეობის მიმართ;
ი) ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მოსახლეობის თანამონაწილეობის დაბალი ხარისხი;
კ) ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული კომუნალური სახის პრობლემების მოგვარების კუთხით ხელშეწყობის დაბალი დონე;
ლ) ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის ფაქტიურად არ–არსებობა.
ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების კუთხით განვიხილოთ ზოგიერთ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობა.
სომხეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმირებას საფუძველი ჩაეყარა სომხეთის კონსტიტუციით, რომელიც მიღებული იქნა 1995 წელს რეფერენდუმით. სომხეთის კონსტიტუციაში ცალკე თავი აქვს დათმობილი ადგილობრივ თვითმმართველობებს და მათ სამართლებრივ რეგულირებას. იქვე მითითებულია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს უდიდესი როლი გააჩნია სახელმწიფო მშენებლობის მიმართულებით. მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა კონსტიტუციაში 2005 წელს, რითაც განისაზღვრა მუნიციპალიტეტების სამართლებრივი სტატუსი, როგორც ცალკე არსებული იურიდიული პირებისა. კონსტიტუციითა და სხვა სამართლებრივი აქტებით ამოცანად იქნა დასახული ცენტრსა და მუნიციპალიტეტებს შორის უფლებების გამიჯვნა და მათი კომპეტენციების განსაზღვრა. სომხეთში ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების და რეგულირების კუთხით არსებობს ორი მნიშვნელოვანი კანონი, ესენია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ (მიღებული 2002 წელს) და ,,ქალაქ ერევნის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ (მიღებული 2008 წელს) კანონები. აღნიშნული კანონებით მკაცრადაა განსაზღვრული ადგილობრივი მუნიციპალიტეტების უფლებები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. სომხეთის ადგილობრივი თვითმმართველობებზე სახელმწიფოდან გადაცემულ დელეგირებულ უფლებებზე სამართლებრივ ზედამხედველობას კანონის შესაბამისად ახორციელებს შესაბამისი ცენტრალური ორგანოები. მოქმედი კანონმდებლობით ცენტრალურ ხელისუფლებას მკაცრად ეკრძალება ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში ჩარევა.
საბიუჯეტო და საფინანსო–ეკონომიკურ სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობა სომხეთში რეგულირდება 1997 წელს მიღებული კანონით „საბიუჯეტო სისტემის შესახებ“. აღნიშნული კანონით განისაზღვრება ადგილობრივი ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ფორმირების წყაროები.
მიუხედავად სომხეთის კანონმდებლობით განსაზღვრული მუნიციპალიტეტების უფლებებისა და კომპეტენციებისა, მათი დამოუკიდებლობის ხარისხი ჯერ კიდევ დაბალია, გაურკვეველია აღმასრულებელ ორგანოებში დასანიშნ პირთა კრიტერიუმები, ასევე მათი გადაყენების სამართლებრივი პროცედურები. აღნიშნული საკითხები მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია და დიდ პრობლემებს უქმნის სომხეთის ადგილობრივი თვითმმართველობების შემდგომ განვითარებას.
თურქმენეთის რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ისტორია 20 წელზე მეტ ხანს ითვლის. თურქმენეთის კონსტიტუციაში ადგილობრივ თვითმმართველობებს ცალკე თავი აქვს დათმობილი. კანონითა და კანონქვემდებარე აქტებით უდიდესი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებას და მათი დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან გაზრდას. კანონით განსაზღვრულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ეს არის მოსახლეობის მხრიდან მმართველობის ფორმა, რომლის საშუალებითაც ადგილებზე გადაიჭრება ისეთი საკითხები, რომლების არ შედის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციებში. ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტისას მაქსიმალურადაა უზრუნველყოფილი მოქალაქეთა თანამონაწილეობის პრინციპი. ადგილობრივი თვითმმართველობები იქმნება ისტორიული, ნაციონალურ–ეთნიკური, რეგიონული და ეკოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, რომელიც ეფუძნება დეცენტრალიზაციის პრინციპს, აღნიშნული მიდგომა კი წინგადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი დემოკრატიის გასანვითარებლად.
თურქმენეთის კანონმდებლობით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტას როგორიცაა:
ა) ადგილობრივი ფინანსური წყაროების გაზრდა;
ბ) ადგილობრივი საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო ტრეინინგების მოწყობა;
გ) ადგილობრივი ქონების მნიშვნელოვანი ზრდა;
დ) ადგილობრივი სამედიცინო მომსახურების ხარისხის ზრდა;
ე) ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.
თურქმენეთში ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმირება დაიწყო ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონის მიღებიდან. აღნიშნულ კანონში მოცემულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები წარმოადგენს დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი დემოკრატიის ძირითად მართველობით ფორმას. ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული ადგილობრივი ხელისუფლებების საქმიანობის გამჭვირვალობას და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობას მოსახლეობის წინაშე. კანონით მკაცრადაა განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების დროს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების უფლებები და კომპეტენციები.
მიუხედავად იმისა, რომ თურქმენეთის კანონმდებლობით მკაცრადაა განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციები, დღის წესრიგში კვლავ დგას ადმინისტრაციული რეფორმის გატარების საკითხი. აღნიშნულმა რეფორმამ კიდევ უფრო ნათელი უნდა გახადოს ცენტრალური ორგანოების დამოკიდებულება ადგილობრივ თვითმმართველობებთან მიმართებაში, რამაც საბოლოო ჯამში უნდა უზრუნველყოს ცენტრსა და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილებათა მკვეთრი გამიჯვნა.
ყირგიზეთის რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების კუთხით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკამ უკვე 20 წელზე მეტია რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა, თვითმმართველობების დამოუკიდებლობის ხარისხი დაბალია და სასწრაფოდ საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს. კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ხელისუფლებათა გადანაწილება, რაც გამოიხატება ცენტრსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის კომპეტენციათა მკვეთრი გამიჯვნით. ადგილობრივი თვითმმართველობების სამართლებრივი რეგულირება ხორციელდება კანონით „ყირგიზეთის რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“. აღნიშნული კანონით ვერ ხდება ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობის ზრდის უზრუნველყოფა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს თვითმმართველობების საქმიანობის ეფექტურობას და მათი ცენტრზე დამოკიდებულების ხარისხს ზრდის.
მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთის კონსტიტუცია წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის დამოუკიდებლობის გარანტს, ადგილობრივი თვითმმართველობების სამართლებრივი რეფორმირების გარეშე ფაქტიურად წარმოუდგენელია ქვეყნის მთლიანი ეკონომიკის სტაბილურობა, რაც მთლიანობაში საფრთხეს უქმნის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შემდგომ განვითარებას. ამჟამად ყირგიზეთის ცენტრალურ ხელისუფლებაში მიმდინარეობს მუშაობა ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების მიმართულებით. მზადდება მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც უნდა გახდეს ყირგიზეთის ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობის გაზრდის საფუძველი.
ტაჯიკეთში ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებას ხელს უშლის არაეფექტური საკანონმდებლო ბაზა, რაც მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების კუთხით. თვითმმართველობების საქმიანობა რეგულირდება კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დასახლებებში და სოფლებში“, რომელიც მიღებულია 1994 წელს. 2005 წელს დღის წესრიგში დადგა ახალი კონსტიტუციური კანონის მიღების აუცილებლობა, კერძოდ მიღებულ იქნა კანონი ,,სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების შესახებ“. მიუხედავად მიღებული კანონებისა ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარება მაინც ვერ ხერხდება. ამჯამად ყირგიზეთში არსებობს მართველობის შერეული ფორმა. საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად ადგილობრივი მმართველობითი ფორმა არ შეცვლილა და ამჟამად მოქმედი წესი წარმოადგენს უკვე არსებულის გაგრძელებას.
ამჟამად ტაჯიკეთის მთავრობის მიერ მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მნიშვნელოვანი ადგილობრივი რეფორმების განხორციელება, სამოქალაქო ინიციატივების უზრუნველყოფა, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას მოქალაქეთა თანამონაწილეობის ზრდა. ტაჯიკეთის რესპუბლიკამ უკვე ბევრი დრო დაკარგა, ამიტომ დღის წესრიგში დგას ადგილობრივი რეფორმების სწრაფი და ეფექტური განხორციელების აუცილებლობა.
რუსეთში ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებამ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობისას. რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობა წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური მშენებლობის ძირითად ინსტიტუტს. 2003 წელს მიღებული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობების საერთო პრინციპების შესახებ რუსეთის ფედერაციაში“ მკაცრად არის განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებები და კომპეტენციები, მოქალაქეთა მონაწილეობის აუცილებლობა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ადგილობრივი თვითმმართველობების ძირითად ვალდებულებებს წარმოადგენს სახალხო მმართველობის დანერგვისა და მისი ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობა. მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული კანონით განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებები, მოქალაქეთა საზოგადოებრივი აქტიურობის ხარისხი მაინც დაბალია, უმნიშვნელოა მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში, აღნიშნულის გარეშე კი ფაქტიურად წარმოუდგენელია ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება.
რუსეთის სამართლებრივი, სოციალურ–ეკონომიკური და კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე შუძლებელი გახდება ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარება. ჯერ კიდევ დაბალია ადგილობრივი თვითმმართველობების თანამდებობის პირების მუშაობის გამჭვირვალობის ხარისხი, ფაქტიურად არ ხდება ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოქალაქეებთან განხილვა, დაბალია ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო დამოუკიდებლობა და არ ხდება ადგილობრივი საგადასახადო შემოსავლების დივერსიფიკაცია.
ამჟამად რუსეთში დღის წესრიგში დგას ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმირების საკითხი, რომელიც მოითხოვს სპეციალური ფედერალური კანონების მიღებას. ევროსაბჭოს სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად აუცილებელია რუსეთის ადგილობრივი თვითმმართველობების მნიშვნელოვანი რეფორმირება, რომელმაც მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს თვითმმართველობების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც გახდება საფუძველი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის გაზრდისა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული პროცესების დაწყება.
ყაზახეთში ადგილობრივი მმართველობის ორგანოები შედიან ცენტრალური აღმასრულებელი ორგანოების შემადგენლობაში. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ცენტრალურ ხელისუფლების პრეროგატივაა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებებისადმი ხელშეწყობა და ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება. რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ რეგიონებში ინიშნება სპეციალური წარმომადგენლები. თვითმმართველობების დონეებზე კი ხდება წარმომადგენლობითო ორგანოების არჩევა მოსახლეობის მიერ. მთავრობის მიერ დიდი ყურადღება ეთმობა ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმირების აუცილებლობას, მიუხედავად იმია, რომ კანონით გარანტირებულია თვითმმართველობების დამოუკიდებლობა, პრაქტიკაში საქმე სულ სხვაგვარადაა, თვითმმართველობები განიცდიან საკუთარი საბიუჯეტო შემოსავლების დეფიციტს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ეფექტურად გადაწყვეტას, ეს კი უარყოფითად აისახება მთელი ქვეყნის მდგომარეობაზე.
ყაზახეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ იქნა სტრატეგია, რომელიც ,,ყაზახეთი–2030“–ის სახელითაა ცნობილი, სადაც დასახულია მიზნად ცენტრსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის კომპეტენციათა მკვეთრად გამიჯვნის აუცილებლობა. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებლობადაა მიჩნეული ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობების მეთოდიკის დახვეწა, რამაც უნდა უზრუნველყოს ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილებზე მნიშვნელოვანი უფლებამოსილებების გადაცემა.
უკრაინაში რესპუბლიკაშიც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების კუთხით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკამ უკვე 20 წელზე მეტია რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა, თვითმმართველობების დამოუკიდებლობის ხარისხი დაბალია და სასწრაფოდ საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს. უკრაინაში კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ხელისუფლებათა გადანაწილების საკითხი. მნიშვნელოვნადაა დასახვეწი ადგილობრივი თვითმმართველობების სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები. პრობლემად რჩება ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო დამოუკიდებლობის ხარისხი. არ ხდება ადგილობრივი საბიუჯეტო შემოსავლების დივერსიფიკაცია, არ არსებობს თანამდებობებზე დასანიშნ პირთა კრიტერიუმები, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე ადგილი აქვს ნეპოტიზმის ნიშნებს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმირების პროცესს. საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია დღეს, რადგანაც უკრაინას კურსი აქვს აღებული ევრო–სტრუქტურებისკენ, რაც მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე.
ამჟამად უკრაინაში ცენტრალური მთავრობის მიერ დღის წესრიგში დადგა ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმირების საკითხი, იმედია პროცესები პოზიტიურად განვითარდება და მთავრობის მიერ მიღებული იქნება ისეთი კანონები, რომლების მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თვითმმართველობების განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს თვითმმართველობების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის ზრდას.
განხილვამ ცხადყო, რომ თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში (გარდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებისა) ადგილობრივი თვითმმართველობების წინაშე მდგარი პრობლემები იდენტურია. კერძოდ:
ა) დაბალია თვითმმართველობების დამოუკიდებლობის ხარისხი;
ბ) თვითმმართველობებს არ გააჩნიათ საჭირო ფინანსები და მისი მართვის დამოუკიდებელი ბერკეტები;
გ) გაურკვეველია იმ ქონების შესახებ, რომლებიც უნდა გადაეცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს;
დ) ფაქტიურად გაურკვეველია ხელმძღვანელ თანამდებობებზე დასანიშნ პირთა კრიტერიუმები;
ე) არ არსებობს მოხელეთა დაწინაურების ქმედითი მექანიზმი;
ვ) არ ხდება ადგილობრივი შემოსავლების დივერსიფიკაცია;
ზ) თვითმმართველობების მიერ არ ხდება დამატებითი საბიუჯეტო წყაროების მოძიება;
თ) ფაქტიურად გაურკვეველია და დაუსაბუთებელია ადგილობრივ თვითმმართველობებზე გადასაცემი ტრანსფერის გამოანგარიშების წესი;
ი) ტრანსფერების გადაცემისას ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს სუბიექტურ მიდგომებს, რაც ნეპოტიზმის ნიშნებს ატარებს;
კ) ფაქტიურად არ ასრულებენ თვითმმართველობები მათზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ჯანსაღი გარემოს შექმნის და ჯანმრთელობისათვის საშიში რისკ–ფაქტორების გამოვლენას მიმართულებით;
ლ) ხშირ შემთხვევაში ადგილობრივ დონეებზე არ ხდება უსახლკარო პირთა გამოვლენის და მათი საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა;
მ) ადგილობრივ დონეებზე არ ხდება თვითმმართველობების განვითარების გეგმების შედგენა და ამ გეგმების მიმდინარეობაზე მონიტორინგის განხორციელება;
ნ) ფაქტიურად არ ხდება თვითმმართველობების მიერ გაწეულ ხარჯებზე მოქალაქეთა კონტროლი;
ო) ხშირად ადგილობრივი ბიუჯეტები მიიღება მოქალქეებთან კონსულტაციების გავლის გარეშე;
პ) ბიუჯეტების შედგენისას უმნიშვნელოდაა გათვალისწინებული თვითმმართველობების სპეციფიკა;
ჟ) უმნიშვნელოდ იყენებენ თვითმმართველობები უცხოეთის განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას მუნიციპალიტეტების განვითარების უზრუნველსაყოფად;
რ) მნიშვნელოვანი პრობლემებია მუნიციპალური შესყიდვების კუთხით, რაც ძირითადად გაუმართავი კანონმდებლობითაა გამოწვეული;
ს) ადგილი აქვს ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების უფლება–მოვალეობათა აღრევას და პარალელიზმს.
გამომდინარე აქედან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არსებული თვითმმართველობების რეგულირების სისტემები სასწრაფოდ საჭიროებს რეფორმირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო გაღრმავდება უფსკრული ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის, რაც მთლიანობაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე ნეგატიურად აისახება.
რეფორმირების აუცილებლობა გამოწვეულია ასევე 1985 წელს მიღებული ევროპული ქარტიით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, სადაც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული იმ ქვეყნების უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც აღიარებენ აღნიშნულ ქარტიას და შესაბამისი რატიფიცირებაც აქვთ მოხდენილი თავიანთ საკანონმდებლო ორგანოებში. კერძოდ ქარტიის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ: ,,ქვემორე ხელმომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები, ითავლისწინებენ რა, რომ ევროპის საბჭოს მიზანს წარმოადგენს მის წევრებს შორის უფრო დიდი ერთიანობის მიღწევა იმ იდეალებისა და პრინციპების დაცვის მიზნით, რომლებიც წარმოადგენენ მათ საერთო მემკვიდრეობას;
ითვალისწინებენ რა, რომ ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს მმართველობის სფეროში ხელშეკრულებების დადება;
ითვალისწინებენ რა, რომ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები წარმოადგენენ ნებისმიერი დემოკრატიული რეჟიმის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს;
ითვალისწინებენ რა, რომ მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საქმეების წარმართვაში წარმოადგენს ერთ-ერთ დემოკრატიულ პრინციპს, რომელიც საერთოა ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოსათვის;
ითვალისწინებენ რა, რომ სწორედ ადგილობრივ დონეზე შეიძლება ყველაზე ეფექტურად ამ უფლების პირდაპირი რეალიზაცია;
დარწმუნდნენ რა იმაში, რომ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არსებობას, რომლებსაც გააჩნიათ რეალური პასუხისმგებლობა, შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და ამასთან მოქალაქეებთან დაახლოებული მმართველობა;
აცნობიერებენ რა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დაცვა და გაძლიერება სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში წარმოადგენს მნიშვნელოვან წვლილს დემოკრატიისა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პრინციპებზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობისათვის;
ამტკიცებენ რა, რომ ეს გულისხმობს ხელისუფლების ისეთი ადგილობრივი ორგანოების არსებობას, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე, დემოკრატიული გზით შექმნილი ორგანოების მიერ და რომლებსაც გააჩნიათ ფართო ავტონომია მათი კომპეტენციის, ამ კომპეტენციის განხორციელებისა და ამისათვის აუცილებელი სახსრების მხრივ, თანხმდებიან,, რომ ითანამშრომლონ და მიიღონ ისეთი კანონები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობის ზრდა და მათი სტანდარტების მიახლოება ევროპულ მოთხოვნებთან.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების თვითმმართველობებში არსებული მდგომარეობის განხილვა კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აღვნიშნოთ:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობა ეს არის მოქალაქეთა უფლება, დაკავებული იყვნენ ადგილობრივი საკითხების დაგეგმვა–გადაწყვეტაში;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობა ეს არის სახალხო მმართველობის ფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობა ეს არის მმართველობის ისეთი ფორმა, რომელიც არსებობს ცენტრალური ხელისუფლების პარალელურად;
დ) ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა იფუნქციონიროს საკუთარი ხარჯებით, საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ;
ე) თვითმმართველობები ვალდებულნი არიან საქმიანობა განახორციელონ საჯაროდ;
ვ) თვითმმართველობებმა გაწეული საქმიანობის შესახებ სისტემატურად უნდა წარუდგინონ ანგარიში ხალხს;
ზ) თვითმმართველობებმა პერიოდულად უნდა მოახდინონ საკითხების საჯარო განხილვები მოქალაქეებთან.
მხოლოდ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების დაცვის შემდეგ იქნება თვითმმართველობები ნამდვილად დამოუკიდებელნი და მათი მუშაობა დემოკრატიულ საწყისებზე დაფუძნებული, რაც მთლიანობაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველობების სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას, გამომდინარე აქედან უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეთა კეთილდღეობა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1) Уваров В. Н., Государственная служба и управление, Учебник, Г. Петропавловск 2004 г.
2) „Проблемы и перспективы развития местного самоуправления в странах СНГ и Европы“ Сборник материалов. Г. Москва, Российский университет дружбы народов. 2013 г.
3) www.geostat.ge–საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ოფიციალური ვებ.გვერდი.
4) www.parliement.ge-საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებ.გვერდი.