ინვესტიციების არსი და მისი როლი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში

გიორგი კვიტატიანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი
Kvitatiani.g@gmail.com

რეზიუმე
სახელმწიფოს სამეურნეო კომპლექსის ფუნქციონირება ყოვლად შეუძლებელია ინვესტიციების გარეშე. ინვესტიციები უზრუნველყოფენ კვლავწარმოების უწყვეტობას. ხელს უწყობენ საწარმოო, ინოვაციური და სოციალური პროექტების რეალიზაციას, მონაწილეობენ წარმოების მოცულობის ზრდისა და საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობის შემდგომი ამაღლების საქმეში. სახელმწიფოს კრიზისის პირობებში ინვესტიციები წარმოადგენენ ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებას სოციალური და საწარმოო პოტენციალის სტრუქტურული გარდაქმნისა და მისი ბაზრისადმი დაქვემდებარების გზაზე. თანამედროვე ეტაპზე გლობალიზებულ მსოფლიო ეკონომიკაში, უცხოური პირდაპირი ინვესტიციები (უპი) ურთიერთდამოკიდებული ეროვნული ეკონომიკების ზრდის მამოძრავებელი ძალაა და მისი შესწავლა და ანალიზი აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს.

Abstract
The functioning of the state complex is impossible without investments. Investments provide continuity of reproduction. Facilitate realization of industrial, innovative and social projects, participate in increasing the volume of production and further enhancement of efficiency of public production. Under the state crisis, investments are the most important means of structural transformation of the social and industrial potential on the way to its market. In the global stage global economy, foreign direct investments are the driving force of growth of national economies and its analysis are a topical problem.

ეკონომიკურ ლიტერატურაში – „ინვესტიციები“ სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება: სამომხმარებლო ინვესტიციები; ინვესტიციები ბიზნესში (ეკონომიკური ინვესტიციები); ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში (საფინანსო ინვესტიციები).

სამომხმარებლო ინვესტიციები
– მკაცრად რომ ვთქვათ, პირდაპირი მნიშვნელობით არ წარმოადგენს ინვესტიციებს. იგი ნიშნავს ხანგრძლივი მოხმარების საქონლის ან უძრავი ქონების შეძენას. ასეთი გაგება აღმოცენდა თვით მომხმარებლებს შორის. ფინანსური თვალსაზრისით ამ შემთხვევაში არ არსებობს შემოსავალი დაბანდებულ კაპიტალზე და ბუნებრივია არც ეს უკნასკნელი იზრდება. დაბანდებული სახსრები (ხანგრძლივი მოხმარების საქონელი ან უძრავი ქონება) თავისი არსით წარმოადგენს ფულად დანაზოგებს და არა მათ ინვესტირებას. აღნიშნული ნივთების დაგროვებიდან მიღებული ფულით შეიძლება ფასიანი ქაღალდების შეძენა. მოცემული სახეობის დანაზოგების უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში: 1. დაბანდებული სახსრები არ ექვემდებარება ინფლაციისაგან დაცვას, ე.ი. ინფლაციის ზრდასთან ერთად იზრდება დანაზოგებიც; 2. დაბანდებულ სახსრებს შეუძლიათ შემოსავლის მოტანა ნივთების კომერციულ საქმიანობაში გამოყენებით (მაგ. სახლის გაცემა არენდით).

ინვესტიციები ბიზნესში თავის უმთავრეს მიზნად ისახავს მოგების მიღებას, რისთვისაც ხდება საწარმოო აქტივების შეძენა და გამოყენება. მაშასადამე, ინვესტიციების ასეთი ფორმის დროს იქმნება რეალური საწარმოო სიმძლავრეები. ეკონომიკური ინვესტირება ნიშნავს საწარმოო პროცესების ორგანიზებას მოგების მიღების მიზნით, ე.ი. ამ დროს ხდება წარმოების ფაქტორების (ძირითადი და საბრუნავი კაპიტალი და სამუშაო ძალა) შეძენა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ინვესტირება რეალურ აქტივებში სახსრების დაბანდებაა მოგების მიღების მიზნით, რომელიც დაკავშირებულია საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან „ნორმალური“ რისკის პირობებში.

საფინანსო ინვესტიციები ნიშნავს აქტივების შეძენას ფასიანი ქაღალდების სახით მოგების მიღების მიზნით, ამ სახის ინვესტიციებისთვის „ნორმალური“ რისკის პირობებში. ეკონომიკური ინვესტიციებისაგან განსხვავებით საფინანსო ინვესტიციები არ საჭიროებს ახალი საწარმოო სიმძლავრეების შექმნას და მათი გამოყენების კონტროლს. ამიტომ, საფინანსო ინვესტორი უშუალოდ არ მონაწილეობს მართვის პროცესში და წინასწარ ეგუება რეალური აქტივების სხვისგან მართვას. როგორც წესი, იგი უბრალოდ ყიდულობს უკვე არსებულ ფასიან ქაღალდებს. საფინანსო ინვესტირების პროცესი ნიშნავს უბრალოდ საკუთრების უფლების გადაცემას: ინვესტორი გადასცემს ფულზე თავის საკუთრების უფლებას (აძლევს ფულს) და ამის სანაცვლოდ ღებულობს უფლებას მომავალ შემოსავალზე (იძენს ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლებას).

საქართველოში სამეურნეო გარდაქმნის პერიოდში საწარმოო სექტორის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. შესაბამისად შემცირდა, რიგ შემთხვევაში საერთოდ შეწყდა ინვესტიციები. ინტენსიური ხასიათი მიიღო დაგროვების დეფიციტმა. საწარმოთა მოგებამ დაკარგა ინვესტიციური ფუნქცია მისი უმნიშვნელო მოცულობის გამო. მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში, რომელსაც ძირითადად ზედმეტად მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა განაპირობებს, საბანკო კრედიტი განსაკუთრებით ხელმიუწვდომელია წვრილი და საშუალო მეწარმისათვის.

რაც შეეხება საქართველოში საინვესტიციო გარემოს შეფასებას, აუცილებელია, პირველ რიგში, გავაანალიზოთ ქვეყანაში ღრმა ინვესტიციური კრიზისის მიზეზები და გამოვლინების ფორმები. ამის საფუძველზე უნდა დავსახოთ ინვესტიციური საქმიანობის გააქტიურების კონკრეტული ღონისძიებები. აღნიშნული მიზეზებიდან მთავარია შემდეგი:

1) კაპიტალური დაბანდებების და დაგროვების მკვეთრი შემცირება. საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა მთლიან შიდა პროდუქტში ინვესტიციების ხვედრითი წონა 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან და მსოფლიო მაჩვენებელზე – 24,7%-ზე ნაკლები აღმოჩნდა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში არსებულ ვითარებას სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ ინვესტიცური კატასტროფა, რომლიდანაც ეკონოიკა იწყებს თავის დაღწევას. 2003 წლის მონაცემებით, არაფინანსურ (კაპიტალწარმომქმნელ) ინვესტიციებთან დაკავშირებულმა სიტუაციამ საქართველოში გამოსწორება დაიწყო. ქვეყანაში 90-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე ნეგატიურმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა მოვლენებმა განსაკუთრებით მძიმე გავლენა მოახდინა ინვესტიციების მთლიან მოცულობასა და ეკონომიკის ისეთი მნიშვნელოვანი დარგის განვითარებაზე, როგორიც მშენებლობაა. ამასთან, 2003 წლიდან მნიშვნელოვნად იზრდება ინვესტიციების მოცულობა. კერძოდ 2007 წელს მშენებლობაში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა 2003 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4,5 -ჯერ გაიზარდა. ბოლო წლებში შედარებით სწრაფად იზრდება ინვესტიციები მომსახურების სფეროშიც. მომსახურების სფეროში კაპიტალდაბანდებათა ხვედრითი წონის გადიდება შეიძლება ავხსნათ თანამედროვე საინვესტიციო პროცესის იმ ერთ-ერთ დამახასიათებელ ტენდეციასთან დამთხვევით, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში აღინიშნება. მაგრამ საქართველოში ამ მოვლენას თან ახლავს საინვესტიციო საქმიანობის მკვეთრად შემცირება მატერიალურ-ნივთობრივ წარმოების სფეროში, რაც მისი ტექნიკურ-ეკონომიკური ბაზის ფიზიკურად და მორალურად მოძველებას იწვევს.

2) რეფორმების არასაკმარისი (არაეფექტური) შედეგები ინვესტიციურ სფეროში. საქართველოს საინვესტიციო სფეროში 1990-2003 წლებში აღინიშნებოდა მთლიან შიდა პროდუქტში დაგროვების ხვედრითი წონის შემცირება, ხოლო 2004-2007 წლებში ადგილი აქვს დაგროვების დონის გადიდებას. 2004 წელს ამ მაჩვენებელმა შეადგინა 3134,8 მლნ. ლარი, ხოლო 2007 წელს მისი რაოდენობა გაიზარდა და 5882,6 მლნ. ლარი შეადგინა. მიუხედავად ყველაფრისა, საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლამ ინვესტიციური საქმიანობა მკვეთრად გააუარესა. ამის მთავარი მეზეზია რეფორმის სტრატეგიის არასრულყოფილება. მასში გათვალისწინებული არ იყო საბაზრო გარდაქმნების რეალური ინვესტიციურ კომპლექსში და კონკრეტული ტრანსფორმაციული ღონისძიებების არაადეკვატურობა ეკონომიკური ზრდის მოთხოვნების მიმართ.

3) საოჯახო მეურნეობებისა და საწარმოთა ფინანსების გაუარესება. ეროვნულ მეურნეობრიობაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ენიჭება საოჯახო მეურნეობებისა და საწარმოების ფინანსებს. საოჯახო მეურნეობები დამოუკიდებლად განკარგავენ ფულად შემოსავალს, მათ გამოყენებასა და დაზოგვას, ღებულობენ გადაწყვეტილებებს, მათი საბანკო ანგარიშებზე შენახვის ან ბიზნესში დაბანდების შესახებ. ამიტომ , ეს შემოსავლები ინვესტიციების დაფინანსების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა.

4) ინვესტიციების სახელმწიფო დაფინანსების სიმცირე. მაკროეკონომიკური არასტაბილურობისა და წარმოების საერთო დაცემის ფონზე სუსტია ქვეყნის საინვესტიციო აქტიურობა, ამასთან, ამ სფეროში შექმნილი სურათი არაერთგვაროვანია. რეფორმების პირველ ეტაპზე ინვესტიციური კომპლექცი ღრმა კრიზისში აღმოჩნდა. პრობლემები, უპირველეს ყოვლისა, გამოიწვია ინვესტიციების მოცულობის მკვეთრად კლებამ და მათი შეუფერხებელი დაფინანსების წყაროს უქონლობამ. მთლიანობაში ინვესტიციების შემცირება ყველაზე საგრძნობლად გამოვლინდა საწარმოო დანიშნულების პროდუქციის გამოშვებაში. ასეთი შემცირება გათვალისწინებულია თვითონ რეფორმების საერთო კონცეფციით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გრძელვადიან პერიოდში ასეთი პოლიტიკა ძალზე წამგებიანია და იგი შესაძლებელია, მხოლოდ მაშინ, თუ ქვეყანა სტაბილიზაციას შედარებით ხანმოკლე პერიოდში აღწევს. საქართველოს შემთხვევაში, მდგრადი მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მიღწევა ძალიან გახანგრძლივდა და ასეთ პირობებში ინვესტიციების სახელმწიფო დაფინანსების შეკვეცა ეკონომიკის პარალიზების ფაქტორად გვევლინება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინვესტიციების დაფინანსების მკვეთრი შემცირება გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით: საკუთრების გასახელმწიფოებრიობისა და პრივატიზაციის მაღალი ტემპით; ანტი ინფლაციური პოლიტიკით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების აუცილებლობით; სახელმწიფო ინვესტიციური პროგრამების შეკვეცით. ეს იმას ნიშნავს, რომ მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ამოცანას ინვესტიციური საქმიანობის ინტენსიფიკაცია, ანუ ფაქტობრივად ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა ეწირება, რაც მიუღებელია.

5) პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლების სიმცირე. მიჩნეული იყო, რომ საწარმოების, განსაკუთრებით, მსხვილი საწარმოების გაყიდვიდან მიღებული რესურსების ინვესტიციების სახით გამოყენება, დააჩქარებდა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. მეორე მხრივ, თვითონ პრივატიზებული საწარმოები შეძლებდნენ უფრო ეფექტიან, მომგებიან ფუნქციონირებასა და ინვესტიციების დაფინანსებისათვის დამატებითი სახსრების მოზიდვას, მაგრამ სინამდვილეში ეს იმედები არ გამართლდა. პრივატიზებული საწარმოები ისევე, როგორც სახელმწიფო საწარმოები, განიცდიან ფინანსური რესურსების უკმარისობას და ამცირებენ ინვესტიციურ ხარჯებს. უფრო მეტიც, პრივატიზებული საწარმოების ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი გადავიდა ჩრდილოვან ეკონომიკაში ან საერთოდ ქვეყნიდან არალეგალურად გაიტანეს. ამასთან, სრულად არ გამართლდა უცხოურ ინვესტიციების მასშტაბურად შემოსვლის იმედებიც, უპირატესად, ქვეყნის ინვესტიციური მოუწყობლობის გამო. ამიტომაც ნაკლებად იზიდავს უცხოელ ინვესტორებს. მდგომარეობა ერთგვარად გაუმჯობესდა 2004 წელს. მოხდა ისეთი დიდი ობიექტების პრივატიზაცია, როგორიცაა: ელმავალმშენებელი ქარხანა, „ჭიათურმანგანუმი“, „ვარციხეჰესი“ და სხვა. ამგვარად, გარდამავალ პერიოდში საინვესტიციო საქმიანობის გააქტიურებისათვის აუცილებელია ინვესტიციური კრიზისის გამომწვევი ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების აღმოფხვრა.

მიუხედავად ზემოთ ხსენებულისა, ინვესტიციებს გააჩნია უარყოფითი მხარეებიც. ის, რომ თუ ჩვენ აქცენტს ავიღებთ მხოლოდ უცხოურ ინვესტიციებზე და მის ხარჯზე მოხდება ეკონომიკის აღმავლობა, შედეგად მივიღებთ იმას, რომ ყველაზე მომგებიან დარგებს შეისყიდიან უცხოელები, რომელთაც (სავარაუდოდ) წილში ჩაუჯდება ადგილობრივი მაღალი დონის ჩინოვნიკი (ამ ცდუნების ალბათობა ძალიან დიდია ნებისმიერ ქვეყანაში და ხელისუფლებაში). ამას შესაძლოა მოჰყვეს ის, რომ ადგილობრივებს დაასაქმებენ იაფ მუშა-ხელად, დროებით მუშად, რომელსაც შრომითი ხელშეკრულებით ექნება მხოლოდ მომსახურების ფუნქცია და მეტი არანაირი უფლება. უფრო მეტიც, რადგან ტოპ-მენეჯერები უცხოელები იქნებიან, ძალიან დიდი ალბათობით, რიგითი თანამშრომლების უმრავლესობასაც უცხოელებს ჩამოიყვანენ (ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები იუსტიციის სახლის მშენებლობისას თბილისში), ადგილობრივები კი (თუნდაც დიპლომიანები) – შეიძლება იყვნენ დამლაგებლები, მძღოლები, მიმტანები და ა.შ. მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ უცხოელ ინვესტორს მთელი მოგება თავის ქვეყანაში მიაქვს. ამგვარ შემთხვევაში, ადგილობრივი ადამიანი ვერასდროს შეძლებს მისთვის კონკურენციის გაწევას, თუ არ იქნება გატარებული პროტექციონისტული პოლიტიკა, როგორც ეს არის ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე და განსაკუთრებით კი იაპონიაში, რომელსაც 11 ათასზე მეტ პროდუქციაზე აქვს პროტექციონისტული მიდგომა. ამასთან, როცა დანგრეულ ეკონომიკაში შემოდის უცხოელი ინვესტორი, ის დარგის მონოპოლისტი ხდება, ითვისებს ბაზარს და რადგან ადგილობრივებს შესაბამისი კაპიტალი არ აქვთ, შესაბამისად ისინი ვერც ვერასდროს წამოეწევიან უცხოელ ინვესტორს. არადა დღევანდელ მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის მთავარი წინააღმდეგობა სწორედ ბაზრის გადანაწილებაშია.

ბოლოს, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად განხილული ურთიერთსაწინააღმდეგო ეფექტებისა ითვლება, რომ უცხოური ინვესტიციების გავლენა მიმღები ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითია, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნები განსხვავებულად სარგებლობენ განხორციელებული ინვესტიციებისგან. უცხოური ინვესტიცია თავისთავად არ წარმოადგენს უპირატესობას ან ნაკლოვანებას, მისი დადებითი ეფექტი დამოკიდებულია მიმღებ ქვეყანაზე.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. სტატისტიკის დეპარტამენტის წელიწდეული. 2008.
2. Селищев А.С., Макроэкономика. Санкт-Петербург, ПИТЕР. 2002. გვ.103; გვ.107; გვ.108
3. ლ. ქარჩავა – „ისევ საინვესტიციო გარემოს შესახებ საქართველოში ანუ როგორი ინვესტორი გვჭირდება?“