შრომითი მიგრაციის გავლენა ეკონომიკაზე

ავტორის სტილი დაცულია

ანა შენგელია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  IV კურსის სტუდენტი
ana.shengelia568@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

სტატიის შესავალში საუბარია შრომითი მიგრაციის არსზე და ამ საკითხის აქტუალურობაზე. აქვე მიმოხილულია შრომითი მიგრაციის განმაპირობებელი მიზეზები  და მსოფლიოში არსებული საერთო სურათი. სტატიის ძირითადი ნაწილი იწყება საქართველოს ეკონომიკაზე შრომითი მიგრაციის გავლენის ანალიზით, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით განხილულია ფულადი გზავნილების შემოდინება-გადინება ბოლო სამი წლისთვის. ამის შემდგომ მიმოვიხილავ შრომითი მიგრაციის გავლენას ინფლაციასა და გაცვლით კურსზე. გვერდს ვერ ავუვლიდი ცირკულარულ მიგრაციას, რადგან ეს პროგრამა ქართველი ემიგრანტებისთვის ლეგალურად დასაქმების კარგი საშუალება გახდა. სტატიის ბოლო ნაწილი ეთმობა შრომითი მიგრაციის რეგულირების ღონისძიებებს  და რეკომენდაციებს. დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია სტატიის მიზანი და ავტორისეული დასკვნა.

Annotation

The introduction of the article talks about the essence of labor migration and the urgency of this issue. It also reviews the reasons for labor migration and the overall picture around the world. The main part of the article begins with an analysis of the impact of labor migration on the Georgian economy, based on statistics, discusses the inflow and outflow of remittances for the last three years. I will then review the impact of labor migration on inflation and the exchange rate. I could not avoid circular migration because this program has become a good way for Georgian emigrants to find legal employment. The last part of the article is devoted to measures and recommendations for regulating labor migration. The concluding section presents the purpose of the article and the author’s conclusion.

შესავალი

თანამედროვე, განვითარებულ სამყაროში უამრავი გამოწვევაა, რომელთა წინაშე დგას ადამიანები და სახელმწიფო. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია შრომითი მიგრაცია. სამუშაო ძალის მიგრაცია გახდა თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევა 90–იანი წლების შემდეგ.  დასაქმების მიზნით მიგრაციის ორი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი არსებობს: 1) სამუშაო ადგილების მცირე რაოდენობა, როდესაც შრომისუნარიან ადამიანთა უმრავლესობა ვერ პოულობს სამსახურს საკუთარ ქვეყანაში და 2) დაბალი ანაზღაურება, შრომის ანაზღაურება არ არის შესაბამისი, რომლითაც შეძლებენ დასაქმებულები თავიანთი ოჯახების რჩენას.აღნიშნულ შემთხვევაში, მოქალაქე იღებს გადაწყვეტილებას მიგრირების შესახებ, ირჩევს ქვეყანას, სადაც მუშახელის დეფიციტია.

ბოლო პერიოდის განმავლობაში მთელ მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა შრომითი მიგრაცია. წლებთან ერთად მიმოსვლა ქვეყნებს შორის უფრო და უფრო იზრდება. ადამიანებს საშუალება ეძლევათ, ისწავლონ და იმუშაონ თავიანთი ქვეყნის საზღვრებს მიღმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში. შრომის ბაზარი, ისევე როგორც განათლების ბაზარი, მეტად ფართომასშტაბიანი გახდა. ადამიანები არჩევანის გაკეთებისას არ იზღუდებიან, რადგანაც საკუთარ ქვეყანაში არსებული ბაზრების გარდა, არსებობს სხვა ალტერნატივებიც. ეროვნული განათლების სისტემას და დამსაქმებლებს კი უხდებათ კონკურენციის გაწევა მსოფლიოს სხვა ქყვეყნებთან, რათა მოიზიდონ საუკეთესო კადრები და მიაღწიონ მწარმოებლურობის უფრო მაღალ დონეს. შრომითი მიგრაცია სასარგებლოა როგორც გამგზავნი და მიმღები ქვეყნების, ისე თავად მიგრანტებისთვის. მან შეიძლება ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას როგორც მიგრანტთა წარმოშობის, ისე მათ მიმღებ ქვეყნებში.

შრომითი მიგრაციის გავლენა საქართვლოს  ეკონომიკაზე

სამუშაო ძალის მიგრაციის გავლენა ეკონომიკაზე სხვადასხვაგვარად აისახება. არსებობს  დადებითი და უარყოფითი ეფექტებიც. მიგრაცია ეკონომიკური თვალსაზრისით მოქმედებს: დასაქმებაზე, უმუშევრობაზე, ეროვნულ პროდუქტზე, საგადამხდელო  ბალანსზე, უცხოური ვალუტის შემოდინებაზე ქვეყანაში და სხვა ფაქტორებზე. მიჩნეულია, რომ მოსახლეობის იმ ნაწილის ემიგრაცია, რომელსაც მაღალი განათლება და ადამიანური კაპიტალის სხვა მახასიათებლები აქვს, შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური  განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს. არაკვალიფიციური მშრომელების ემიგრაცია კი ნაკლებად ახდენს გავლენას ეკონომიკის განვითარების ტემპზე.

ეკონომისტები, ასევე, განასხვავებენ ფულადი გზავნილების როლს ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში. ფულადი გზავნილების შემოდინება, ასევე, ეხმარება ქვეყანას   უცხოური ვალუტის რეზერვთა შევსებაში, რაც აუცილებელია იმპორტირებული საქონლის შესაძენად. ეკონომისტები, რომელთა აზრითაც ფულადი გზავნილები არ  ახდენს პოზიტიურ გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, მიუთითებენ, რომ ეს რესურსები ხშირად არააუცილებელ მოხმარებაზე იხარჯება და არ ბანდდება პროდუქტიულ ინვესტირებაში. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ ფულადი გზავნილები ეკონომიკური  ზრდისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია ნაკლებად განვითარებული საფინანსო  სისტემის მქონე ქვეყნებში, რადგან დაფინანსების ეს მეთოდი გვევლინება ინვესტირებისა და ლიკვიდურობის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ.

მიგრანტების მიერ გამოგზავნილმა ფულადმა ნაკადებმა შეიძლება საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდაც გამოიწვიოს და ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზეც მოახდინოს გავლენა.

ფულად გზავნილებს ძალიან დიდი როლი აქვს საქართველოს ეკონომიკაში. ამ როლის შესაფასებლად განვიხილოთ სტატისტიკური მონაცემები ფულადი გზავნილების შესახებ 2021 წლის იანვრის თვეში.

2021 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 149.8 მლნ აშშ დოლარი (493.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19.2%-ით (24.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გრაფიკი 1: ფულადი გზავნილების ჩარიცხვების და გადარიცხვების სტატისტიკა

2019-2021 წლებში

წყარო: საქსტატი

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.2% იმ 16 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 92.8% მოდიოდა.

ცხრილი 1: ქვეყნების სია ფულადი გზავნილების ჩარიცხვების მიხედვით

 ჩარიცხული მოცულობა (მლნ.აშშ დოლარი)წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაშიჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი
სულ 149.75100.00%19.2%
ევროკავშირის ქვეყნები66.4944.40%26.76%
დანარჩენი ქვეყნები83.2655.60%13.77%
   მათ შორის:   
იტალია27.3218.24%29.72%
საბერძნეთი18.6212.43%25.25%
გერმანია6.064.05%57.15%
ესპანეთი3.512.35%1.82%
საფრანგეთი2.391.60%32.79%
პოლონეთი1.951.30%2.94%
გაერთიანებული სამეფო1.370.92%15.59%
ირლანდია1.350.90%46.25%
რუსეთის ფედერაცია23.1815.48%-11.44%
აშშ18.0712.07%33.24%
ისრაელი13.168.79%0.55%
თურქეთი7.164.78%8.54%
უკრაინა6.434.29%80.65%
აზერბაიჯანი5.323.55%213.08%
ყაზახეთი2.201.47%11.21%
კანადა1.460.97%53.67%

წყარო: საქსტატი

2021 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.2 მლნ აშშ დოლარი (56.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის იანვრის (18.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.7%-ით ნაკლებია.  [1]

სამუშაო ძალის მიგრაციის გავლენა ინფლაციასა და გაცვლით კურსზე

ძირითადი გზა, რითაც სამუშაო ძალის მიგრაცია შეილძება გავლენას ახდენდეს ქვეყანაში ფასების ზრდაზე, ემიგრანტთა ფულადი გზავნილებია. ვინაიდან ამ გზავნილების შემოდინება იწვევს დამატებით ეკონომიკურ აქტივობას, პროდუქციასა და მომსახურებაზე მოთხოვნისა და მოხმარების ზრდასთან ერთად, ვარაუდობენ, რომ ფულადი გზავნილები ხელს უწყობს ინფლაციურ პროცესებს, განსაკუთრებით, გრძელვადიან პერიოდში. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევების ნაწილი ადასტურებს ინფლაციის და ფულადი გზავნილების დადებით კავშირს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მსგავსი ეფექტი საქართველოშიც შეინიშნება. მიგრანტების მიერ გამოგზავნილმა ფულადმა ნაკადებმა შეიძლება საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდაც გამოიწვიოს და ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზეც მოახდინოს გავლენა. სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდა იწვევს ფასების მომატებას, მაგრამ ეს ეფექტი შეიძლება უმნიშვნელო იყოს, როცა ფულადი გზავნილების წილი შედარებით მცირეა მოსახლეობის მთლიან შემოსავლებში. ამასთან ცნობილია, რომ ქვეყანაში შემოსული გზავნილები უცხოურ ვალუტაშია მიმღებ შინამეურნეობებს მიღებული რესურსების გამოყენბისათვის ესაჭიროებათ გამოგავნილი ფულის, მაგალითად, ამერიკული დოლარი, ევროს, რუსული რუბლის თუ თურქული ლირის გადაცვლა ლარზე. გაზრდილი მოთხოვნა ადგილობრივ ვალუტაზე იწვევს მისი ფასის ზრდას, ანუ გაცვლიი კურსის გამყარებას, რასაც შეიძლება ახლდეს ფულადი გზავნილების მსყიდველუნარიანობის შემცირება. იმ ქვეყნებში, სადაც მოხმარებული საქონლის დიდი ნაწილი იმპორტირებულია, ეროვნული ვალუტის გამყარებამ შეიძლება გამოიწვიოს ფასების შემცირება. [2]

ცირკულარული მიგრაცია

განვითარებულ ქვეყნებში ემიგრაციამ შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული პრობლემები, მაგალითად, როგორიცაა არალეგალური მიგრაცია, ადამიანებით ვაჭრობა და კორუფცია. ცირკულარული მიგრაცია ხელს უწყობს ამ პრობლემების მოგვარებას. მას ევროკავშირის დოკუმენტები განსაზღვრავს, როგორც „მიგრაციის ფორმას, რომელიც დადგენილია იმგვარად, რომ იძლევა ორ ქვეყანას შორის გარკვეული ხარისხის ლეგალური მობილობის შესაძლებლობას“. აღიარებულია, რომ ის ხელს უწყობს მუშა-ხელის მომწოდებელი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და თავიდან არიდებს ტვინების გადინებასა და სხვა ნეგატიურ შედეგებს. საქართველო მუშაობს შეთანხმებების, თანამშრომლობისა და პროექტების განვითარებაზე, რომელთა მიზანია ბინადრობის/სამუშაო ნებართვის კვოტების მოპოვება აღნიშნულ ქვეყნებთან და მოთხოვნა/მიწოდების შესაძლებლობების შესწავლა გამგზავნ/მიმღებ სახელმწიფოებში. [3]

ცირკულარული მიგრაციის პროგრამის პირობებში გერმანიამ ახალი შესაძლებლობების ფანაჯარ გაუხსნა ქართველ მიგრანტებს, კერძოდ 15 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქმებას შეძლებენ. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება. დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 18 წლიდან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;

ფიზიკური ჯანმრთელობა; მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას; გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი. [4]

შრომითი მიგრაციის რეგულირება, მართვა და რეკომენდაციები

სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ქვეყნის ადამიანური რესურსების განვითარებას არა მარტო ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო შრომის ბაზრების მოთხოვნების შესაბამისად. სისტემატურად უნდა ხდებოდეს პოტენციური პარტნიორი სახელმწიფოების შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციისა და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი. ეს შექმნის წინაპირობებს  ევროკავშირთან  და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისათვის სამუშაო ძალის ლეგალურად გაცვლისა და დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში. ასევე მნიშვნელოვანია ამ სფეროში  დასაქმების კერძო  სექტორის  როლიც.

 ეკონომიკური თვალსაზრისით, შრომითი მიგრაციის არალეგალური ხასიათი უარყოფით        გავლენას ახდენს როგორც მიმღებ, ისე გამგზავნ ქვეყნებზე და თვით არალეგალურ ემიგრანტებზე. მიმღები ქვეყნებისათვის არაოფიციალურად დასაქმებული შრომითი ემიგრაცია ნიშნავს, რომ ბიუჯეტი ვერ იღებს დაგეგმილ გადასახადებს, სამაგიეროდ, განათლების და ჯანდაცვის ხარჯები, რომლებითაც სარგებლობენ ემიგრანტები, ქვეყნის ბიუჯეტს აწვება. გამგზავნი ქვეყნები და მიგრანტების ოჯახები იღებენ გაცილებით ნაკლები ოდენობის ფულად გზავნილებს, ვიდრე ისინი მიიღებდნენ, ემიგრანტები რომ ლეგალურად იყვნენ დასაქმებულები. შესაბამისად, შრომითი მიგრაციის რეგულირება ერთობლივი ძალებით უნდა განხორციელდეს.

 მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით მართულმა მიგრაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას, ინოვაციების დანერგვას  და სიღარიბის დონის შემცირებას. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ მიგრაცია  გამგზავნ ქვეყანას უმსუბუქებს შრომის ჭარბი მიწოდების პრობლემას, მიმღები ქვეყნები აწყდებიან მრავალ გამოწვევას. მიგრაციის დადებითი შესაძლებლობების გამოყენებისას მისი გამოწვევების გადასაჭრელად, ქვეყნებს მოეთხოვებათ, რომ შექმნან პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოები, რომლებიც გაანალიზებენ შრომითი მიგრაციის მამოძრავებელ ძალებს და მიგრანტების მახასიათებლებს. [3]

დასკვნა

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მიგრაცია გარდაუვალია ისეთი განვითარებადი და ეკონომიკური თვალსაზრისით შეუმდგარი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, სადაც ადამიანთა უმრავლესობა ვერ რეალიზდება, ვერ ახერხებს დასაქმებას სასურველი პროფესიით, პირობებით და ანაზღაურებით. შრომით ემიგრაციას ახლავს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური შედეგები.

პოზიტიური შედეგები გამოიხატება შემდეგ ფაქტორებში: ფულადი გზავნილების დიდი მოცულობა და მის ხარჯზე სამშობლოში დარჩენილი ოჯახების შემოსავლების ზრდა, სიღარიბის შემცირებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. შრომითი ემიგრანტების ფულადი სახსრების ინვესტირებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური განვითარების დაჩქარება, ეროვნული ვალუტის გამყარება, სავალუტორ რეზერვების სტაბილურობის ხელშეწყობა, ქვეყანაში უმუშევრობისა და არასრული დასაქმების მასშტაბების შემცირება.

შრომით ემიგრაციას ასევე ახლავს უარყოფითი შედეგები და რისკები რომლებიც შემდეგში მდგომარეობს: ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობის კლების შედეგად ქვეყნის შრომითი პოტენციალის შემცირება, არალეგალური შრომითი მიგრაციის შემთხვევაში, სამუშაო ძალის სტიქიური მიწოდების გამო, მიგრანტების პოტენციალის გამოუყენებლობა და მათი ადამიანური კაპიტალის გაუფასურება. ფულადი გზავნილების დიდი ოდენობით შემოდინების შემთხვევაში, ინფლაციის ზრდა და გარკვეული ჯგუფის საქონელზე ფასების მატება, დემოგრაფიული სიტუაციის გაუარესება, ხანგრძლივ ემიგრაციასთან დაკავშირებული რისკების გამწვავება, ეროვნული იდენტიფიკაციისა და თვითმყოფადობის დაკარგვა, ფულადი გზავნილების თანდათან შემცირება, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სრულფასოვანი რეინტეგრაციის სირთულეები, მიმღებ ქვეყანაში სამუდამოდ დარჩენის დიდი ალბათობა.

მოცემული უარყოფითი შედეგების შემცირება დადებითი ეფექტის გაზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია შრომითი ემიგრაციის სფეროში ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, რომლის ძირითადი მიზანი უნდა იყოს ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირება და მიგრაციიდან მეტი ეფექტის მიღება.

იმიგრაცია გარკვეულ წილად საჭიროა, რათა არსებობდეს საერთაშორისო გზავნილები, ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლოს მაღალგანვითარებადი ტექნოლოგიების შესწავლა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მაგრამ ეს ყოველივე მანამ, სანამ ადგილი ექნება ქვეყნიდან მაღალ უნარებიანი კადრების გასვლას, ე.წ. ტვინების გადინებას. ვინაიდან სწორედ მაღალ უნარებიანი კადრები არიან ის მაღალი მწარმოებლურურობის მქონე ადამიანური კაპიტალი, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლის საწინდარია.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.nbg.gov.ge/index.php?m=715
  2. https://openscience.ge/bitstream/1/919/1/samagistro%20jangveladze%20gvantsa.pdf
  3. გოგოლაშვილი, კ. (2019). ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის . საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი.
  4. https://www.moh.gov.ge/ka/news/5704/