სამეწარმეო რისკების მართვის თავისებურებები

მარიამ ღარიბაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი
marrygharibashvili@gmail.com

რეზიუმე
საწარმოს საქმიანობა მუდმივ კავშირშია რისკებთან. რისკების მართვას საფუძვლად უდევს მიზანმიმართული ძიება და სამუშაოთა ორგანიზაცია, როგორც რისკების ხარისხის შემცირების მიზნით, ასევე მზარდი შემოსავლის მისაღწევად, განსაკუთრებით განუსაზღვრელ სამეურნეო სიტუაციებში. რისკების ხარისხიანი მართვის გარეშე ბაზარზე დამკვიდრება შეუძლებელია. რისკების ანალიზი მოიცავს რისკების შეფასების და რისკების შემცირების მეთოდებს, რაც თავის მხრივ საწარმოს იცავს წარუმატებელი შედეგებისგან.
წარმატებული სამეწარმეო საქმიანობისათვის საჭიროა რისკის შემცირების ცოდნა ცალკეულ გარიგებაზე, რაც საკუთარი საშუალებების არა მარტო დაზოგვას, არამედ გაზრდასაც შეუწყობს ხელს. რისკ-ფაქტორების გამოვლენის და შეფასების პროცედურები არასასურველი ხდომილებების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

Abstract
Operation of any enterprise is permanently connected with risks. The basis of a risk management lays in a purposeful organization of operations in order to diminish a possible risk and increase a profit, especially in the conditions of uncertainty. It is impossible to gain a market share without quality risk-management. Risk-analyses includes methods of risk evaluation and diminishing, which, in turn, saves an enterprise from undesirable results.
For successful entrepreneurship it is necessary to know tools and techniques of risk-management, which leads to effective utilization of resources. Determination and evaluation of risk-factors allow diminishing possible chance of failure.

თანამედროვე სამყაროს ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური განვითარების შედეგად სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების სპექტრი თანდათან იზრდება. განსაკუთრებით ბოლო 10-15 წლის მანძილზე, რისკების მართვა მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა, როგორც ფინანსური ბაზრების მონაწილეებისათვის, ასევე კომპანიებისა და სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის. ამის მიზეზია არა სხვადასხვა კომპანიისა და ბანკის გაკოტრება, ან სახელმწიფო ფინანსების კრიზისები (მათ ადგილი ჰქონდათ ადრეც), არამედ, მათი მასშტაბი, წარმოშობის სიხშირე და გავრცელების სიჩქარე.

რისკების სპექტრის გაფართოება და მათი შემცირების ეფექტიანი გზების ძიება აქტუალურს ხდის რისკ-მენეჯმენტის თეორიასა და პრაქტიკას. რისკ-მენეჯმენტი რისკების მართვის სისტემა და ამ პროცესში წარმოქმნილი საფინანსო ურთიერთობების რეგულირებაა. რისკ-მენეჯმენტის ორგანიზაცია რამდენიმე ეტაპს მოიცავს: სარისკო კაპდაბანდებების მიზნების ფორმირება; სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მიღება და მისი ანალიზი, რისკის დონის გამოვლენა, მდგომარეობის დადგომის ალბათური შეფასება; კაპიტალდაბანდების რისკისა და მოსალოდნელი მოგების ვარიანტების ანალიზი; რისკების მართვის სტრატეგიის შერჩევა, რისკიანობის დონის შემცირების მეთოდების არჩევა, სარისკო გადაწყვეტილებების აღქმის ფსიქოლოგიური ასპექტების ჩამოყალიბება; რისკების შემცირების მოქმედებათა პროგრამის დამუშავება; დასახული პროგრამის განხორციელების ორგანიზაცია; პროგრამის რეალიზაციაზე მონიტორინგი და კონტროლი; მიღებული სარისკო გადაწყვეტილების შედეგების შეფასება და ანალიზი.

რისკების მართვის წარმატება დამოკიდებულია კონკრეტულ ეკონომიკურ, იურიდიულ და ორგანიზაციულ გარემოში მენეჯერთა მიერ გამოყენებულ ინსტრუმენტებზე. მენეჯერთა არსენალი ძალიან მრავალფეროვანია, მათ შორის, ყველაზე გავრცელებული მეთოდებია: დაზღვევა, რეზერვირება ანუ თვითდაზღვევა, ჰეჯირება, დივერსიფიკაცია, განაწილება, მინიმიზაცია და სარისკო ოპერაციიდან თავის არიდება. სამეწარმეო საქმიანობის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და რისკების მართვის ეფექტიანობის მისაღწევად იყენებენ რისკების მართვის მეთოდების კომბინაციებს. სხვადასხვა მეთოდის პარალელური გამოყენება გამოწვეულია ინტეგრალური რისკის (შემცირებული და დარჩენილი რისკის დონის ჯამი) სირთულით. როცა დანაკარგების რისკი მისაღებ დონემდეა (შესაძლოა დანაკარგების სიხშირე მაღალი იყოს, მაგრამ სიმძიმე ანუ დანაკარგების სიდიდე უმნიშვნელოა), სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტმა უმჯობესია გამოიყენოს თვითდაზღვევის მეთოდი. როცა დანაკარგების სიხშირე მისაღებ დონეს სცილდება და ამასთან, იზრდება ზარალის მოცულობაც, სასურველია რისკების შეზღუდული დაზღვევა. შეზღუდული დაზღვევის დროს, ტრადიციულ დაზღვევასთან შედარებით, სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედების ხანგრძლივობა უფრო დიდია (3-5 წელი) და იგი ერთდროულად მოიცავს რამდენიმე ტიპის დაზღვევას. შეზღუდული დაზღვევა ჩვეულებრივ გულისხმობს მოგების განაწილებას, ანუ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის სადაზღვევო ანაზღაურება იცვლება განუსაზღვრელად, შესაძლებელია მოხდეს სადაზღვევო პრემიის კორექტირება. უნდა აღინიშნოს, რომ დანაკარგების სიდიდის ზრდის შესაბამისად მათი დადგომის სიხშირე მცირდება. თუ დანაკარგების სიმძიმის დონე მაღალია, იყენებენ ტრადიციული დაზღვევის ან გადაზღვევის მექანიზმებს. როცა სადაზღვევო და გადამზღვევი კომპანიების რეზერვები არასაკმარისია სამეწარმეო საქმიანობის დასაცავად, კრიტიკული და კატასტროფული რისკების კომპენსაციისთვის ხორციელდება სახსრების მოზიდვა ფინანსური ბაზრებიდან, სეკიურიტიზაცია უზრუნველყოფს სერიოზული დანაკარგების კომპენსაციას სოციალური, პოლიტიკური და სხვა რისკების დადგომისას. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რისკების შემცირების მეთოდების შერჩევა დამოკიდებულია პოტენციური დანაკარგების რისკის დონეზე – სწორედ ამიტომაა აუცილებელი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტმა გამოყოს ინტეგრალური რისკის მინიმალური, დასაშვები, კრიტიკული და კატასტროფული დონეები.

პირველ რიგში, უნდა განიხილებოდეს და იმართებოდეს რისკები, რომელთა მოხდენის ალბათობა და გავლენა ყველაზე მაღალია. რიგითობით ყოველი შემდეგი უნდა იყოს რისკი ნაკლები მოხდენის ალბათობითა და გავლენით. პრაქტიკაში ეს პროცესი გაცილებით რთულია, რადგან არსებობენ რისკები, რომელთა მოხდენის ალბათობა არის მაღალი, მაგრამ დაბალია გავლენა და/ან პირიქით. ასეთ შემთხვევებში უნდა განხორციელდეს რისკების პრიორიტეტებად დალაგება დაწესებულების მიზნებისა და ამოცანებიდან გამომდინარე, რათა არ მოხდეს შეცდომის დაშვება.

რისკის მართვა მოიცავს პრაქტიკულად ყველა რისკს, რომელიც ეხება დაწესებულების საქმიანობას წარსულში, აწმყოსა და მომავალში.

ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს დაწესებულებაში რისკის მართვის გამართული სისტემის ჩამოყალიბებას და ფუნქციონირებას, ხოლო დაწესებულებაში შექმნილი შიდა აუდიტის სუბიექტის მოვალეობაა არსებული რისკის მართვის სისტემის შეფასება და მის გასაუმჯობესებლად შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.

რისკის მართვა ეხმარება და აძლიერებს დაწესებულებას, უზრუნველყოფს რა მისი ამოცანების ეფექტურად შესრულებას, მათ შორის:
• დაწესებულების ზოგადი მიმართულებების ჩამოყალიბებას, რომელიც საშუალებას იძლევა მომავალი საქმიანობა გამართული და კონტროლირებადი ფორმით წარიმართოს;
• რიგი პროცესების გაუმჯობესებას – გადაწყვეტილების მიღება, დაგეგმვა და პრიორიტეტების მინიჭება;
• დაწესებულებაში არსებული ქონებისა და რესურსების პროდუქტიული განაწილებისა და გამოყენების ხელშეწყობას;
• დაწესებულების რეპუტაციისა და აქტივების დაცვას და გაძლიერებას;
• ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციონალური ცოდნის ბაზის განვითარებას და გაძლიერებას;
• ოპერაციების ოპტიმიზაციას და სხვ.

რისკის მართვის პროცესი არის კოორდინირებული და თანმიმდევრული უწყვეტი ქმედებების ერთობლიობა. მისი შემადგენელი ცალკეული ნაწილები დამოკიდებულია დაწესებულების სპეციფიკაზე, მის მიზნებსა და სტრატეგიაზე, თუმცა რისკის მართვის პროცესის ზოგადი სტრუქტურა ყველა დაწესებულებაში იდენტურია.

გარდამავალი ეკონომიკის პირობებში ორგანიზაციები და ინვესტორები ძირითადად რისკების მართვის ორ მეთოდს იყენებენ: თვითდაზღვევასა და დაზღვევას. ითვლება, რომ ორივე მექანიზმი თანაბრად უზრუნველყოფს მოსალოდნელი ზარალის კომპენსაციას, მაგრამ რომლის გამოყენებაა უფრო ეფექტიანი კონკრეტულ შემთხვევაში, დამოკიდებულია კომპანიის ღირებულებაზე, რაშიც იგულისხმება თავისუფალი აქტივების ღირებულება (ყველა აქტივისა და ვალდებულების სხვაობა). დაზღვევის დროს ზარალის სიდიდე არ მოქმედებს კომპანიის ღირებულებაზე და კომპენსირდება სადაზღვევო კომპანიის მიერ, თუმცა დაზღვევა ზრდის სამეწარმეო საქმიანობის დანახარჯებს, ვინაიდან მოითხოვს სადაზღვევო შენატანების რეგულარულ გადახდას. თვითდაზღვევის შემთხვევაში კომპანია სრულად ინარჩუნებს რისკს და ქმნის სპეციალურ სარეზერვო ,,სარისკო“ ფონდს. ამ შემთხვევაში კომპანიას ორი ტიპის დანაკარგი გააჩნია: პირდაპირი და ირიბი. პირდაპირი დანახარჯი არასასურველი მოვლენის დადგომისას დანაკარგების სიდიდეა, ხოლო ირიბი დანაკარგები განპირობებულია სარეზერვო ფონდის დაბალი შემოსავლიანობით, ვინაიდან ,,სარისკო“ ფონდი ძირითადად ლიკვიდურ ფორმაში ინახება და ამიტომაც ნაკლები შემოსავალი მოაქვს.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ დაზღვევის გამოყენება მით უფრო ეფექტიანია, რაც მეტია ,,სარისკო“ ფონდის სიდიდე, ან რაც უფრო რენტაბელურია კაპიტალდაბანდება წარმოების საშუა ლებებსა და სხვა დაბალლიკვიდურ აქტივებში. თვითდაზღვევის უპირატესობები კი შეგვიძლია ეკონომიკური და მმართველობითი თვალსაზრისით განვიხილოთ, ეკონომიკური ეფექტიანობა გულისხმობს ეკონომიას სადაზღვევო პრემიაზე და შესაბამისად ხარჯების შემცირებას; სარეზერვო ფონდზე შემოსავლის მიღების შესაძლებლობას; წარსულში გაწეულ დანაკარგებზე დეტალური დაკვირვების შედეგად მიღებულ ეკონომიას, ხოლო მმართველობითი თვალსაზრისით, შეიძლება გამოიყოს რისკების მართვის მოქნილობის ზრდა; ფულად სახსრებზე კონტროლის შენარჩუნება და სხვა.

ცხადია, ამა თუ იმ ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება დამოკიდებულია ორგანიზაციის სიდიდეზე, საქმიანობის სფეროსა და თავისებურებებზე, გარემო ფაქტორების ცვალებადობაზე და სხვა. მაგრამ რისკ-მენეჯმენტთან მიმართებაში შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ორგანიზაციული სტრუქტურისადმი წაყენებული შემდეგი მოთხოვნები:
რისკების მართვის პროცესის მეცნიერულობა – აუცილებელია მეცნიერული მიდგომების გამოყენება და ისეთი დისციპლინების მიღწევების დანერგვა, როგორიცაა: მენეჯმენტი, ეკონომიკური ანალიზი, მათემატიკური მოდელირება, სტატისტიკა, ინვესტიციური მენეჯმენტი და სხვა;
რისკების მართვის აპარატის სრულყოფა – ეკონომიკური ანალიზის თანამედროვე მეთოდოლოგიური აპარატის გამოყენება და ამასთან საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება მმართველობითი ამოცანების პრინციპულად ახალი, ხშირად კი მოულოდნელი, გადაწყვეტის საშუალებას იძლევა;
რისკების მართვის სისტემის მუდმივი მოდიფიკაცია – რისკების მართვის სისტემა ადაპტირებადი უნდა იყოს სამეწარმეო საქმიანობის პროცესში გარემო ფაქტორების ცვლილებისადმი და უნდა განიცდიდეს მუდმივ მოდიფიცირებას მიღებული ინფორმაციული ნაკადების ადეკვატურად.

რისკის შეფასება და მართვა ობიექტურ საფუძვლებზე უნდა ხდებოდეს, ვინაიდან თავად რისკის მიზეზებიც და შედეგებიც ობიექტურ ხასიათს ატარებს. მაგრამ რისკების შეფასება სუბიექტურიცაა – რისკ-მენეჯერი ახდენს რისკების იდენტიფიკაციასა და მათ ანალიზს, შესაბამისად ინფორმაციის საიმედოობისა და სიზუსტის აღქმა დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე, მის ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე, ანალიტიკური და მეცნიერული გათვლების შესაძლებლობებსა და ინტუიციაზე. უკანასკნელ წლებში მნიშვნე ლოვნად გაიზარდა მოდელების რისკის აქტუალურობა.

მნიშვნელოვან როლს რისკ-მენეჯმენტში ორგანიზაციული კულტურა ასრულებს, სასურველია ორგანიზაციაში შემდეგი ღონისძიებების გატარება:
მუდმივად უნდა ვითარდებოდეს პერსონალის მოტივაციისა და მართვის პრინციპები;
რისკების ყველა სახეზე და მიღებულ შედეგებზე დაკვირვება და ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა; მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
მონაცემთა სწორი კლასიფიცირება და ანალიზი, ინფორმაციის წარმოდგენის ეფექტიანი და მოსახერხებელი საშუალებების (სხვადასხვა ტიპის ანგარიშების) შემუშავება, ამასთან, დანახარჯების ოპტიმიზაციაზე ორიენტაცია;
ისტორიული მონაცემების ზომიერი გამოყენება, ვინაიდან ნებისმიერი გაანგარიშების სიზუსტე დამოკიდებულია არჩეულ მოდელსა და სწორ დაშვებებზე;
კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა, რაც მაღალი ორგანიზაციული კულტურის მქონე ორგანიზაციებისათვის არის დამახასიათებელი.

რისკების მართვის ბოლო კომპონენტია მონიტორინგი და კონტროლი. მონიტორინგით ახორციელებენ რისკების დიაპაზონის პერიოდულ შემოწმებას, რათა მან არ გადააჭარბოს დასაშვებ ზღვარს, კონტროლი კი მიმართულია აქტიური მოქმედებებისაკენ აღმოჩენილი ხარვეზების გამოსასწორებლად. სწორად ორგანიზებული კონტროლი უზრუნველყოფს, ერთის მხრივ, თანამშრომლებისთვის აუცილებელი დამოუკიდებლობის მინიჭებას და, მეორე მხრივ, თუნდაც უმნიშვნელო შეცდომების თავიდან აცილებას. რისკების მართვის პროცესის კონტროლის ძირითადი მიზანია არა მხოლოდ რისკების შემცირება, არამედ რისკების მართვაზე გაწეული დანახარჯების ეფექტიანობის შეფასება.

ქართული კომპანიები, მათ შორის მსხვილი კომპანიებიც, ნაკლებად უთმობენ ყურადღებას რისკების იდენტიფიცირებასა და ანალიზს, რაც გამოწვეულია, როგორც ქვეყნის განვითარების თავისებურებებით, ასევე იმითაც, რომ სამეწარმეო რისკ-მენეჯმენტი მსოფლიო ეკონომიკური მეცნიერებისა და პრაქტიკის შედარებით ახალი მიმართულებაა. საბაზრო ურთიერთობების განვითარებასთან ერთად იზრდება განუსაზღვრელობა, მეწარმული რისკების რაოდენობა და მათი მართვის მექანიზმები. შესაბამისად, საქართველოში იზრდება რისკების მართვის მნიშვნელობა და კომპანიების მხრიდან ამ პროცესების შეუფასებლობამ შეიძლება შეაფერხოს მათი განვითარება.

რისკ-მენეჯმენტი შედარებით უფრო განვითარებულია ერთობლივ საწარმოებში, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ გამოიყენონ უცხოელი დამფუძნებლების ან პარტნიორების გამოცდილება. მიუხედავად ამისა, მსხვილ და ერთობლივ საწარმოებშიც რისკ-მენეჯმენტის სისტემა ფრაგმენტულ, ეპიზოდურ და შეზღუდულ ხასიათს ატარებს. მაგალითად, კომპანიათა უმრავლესობა რისკების იდენტიფიცირებისას არ განიხილავს სტრატეგიულ რისკებს, როგორებიცაა: რეპუტაციის რისკი, ტექნოლოგიური ინოვაციების რისკი, დემოგრაფიული, სოციალური რისკები და სხვა. საერთოდ არ განიხილება მოდელების რისკი, რაც სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან კომპანიათა უმრავლესობა არ იყენებს რისკ-მენეჯმენტის მოდელებს; ამასთან, სტატისტიკურ მონაცემთა ბაზები ძირითადად მხოლოდ საფინანსო ორგანიზაციებს გააჩნიათ. არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ რისკების მართვას კომპანიებში ამა თუ იმ თანამდებობის პირები ახორციელებენ და არა სპეციალური განათლების მქონე პირები. აღნიშნული პროცესები დამახასიათებელია გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის, ბიზნესის განვითარებისა და მენეჯმენტის სრულყოფის კვალობაზე საქართველოში რისკ-მენეჯმენტი აუცილებლად გახდება აქტუალური, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიზნეს-სექტორისთვის რისკების შეფასებისა და მართვის, ასევე რისკ-მენეჯმენტის ისეთი სისტემის შეთავაზება, რომელიც შეესაბამება ქართულ რეალობას და პრაქტიკულად ადვილი გამოსაყენებელი იქნება ქართული კომპანიების მენეჯერებისთვის.

დასკვნა

ამრიგად, რისკის მართვის მთავარი ამოცანაა მოახდინოს რისკების იდენტიფიკაცია და საპასუხო ღონისძიებების გატარება. რისკის მართვის საშუალებით შესაძლებელია გამოვლენილ იქნეს პოტენციური დადებითი, თუ უარყოფითი ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს დაწესებულების საქმიანობაზე. ამასთან, რისკის მართვა უნდა ატარებდეს პერმანენტულ ხასიათს და ხორციელდებოდეს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ყოველწლიურად დამტკიცებული რისკის მართვის სტრატეგიის შესაბამისად.

გამოყენებული ლიტერატურა:
გიგოლაშვილი, გიორგი. სადაზღვევო საქმე. თბილისი. 2010.
ჯაყელი, კახაბერ. დაზღვევა და ჯანდაცვის ეკონომიკა. თბილისი. 2010.
ვერულავა, თენგიზ. ჯანდაცვის ეკონომიკა და დაზღვევა, საქართველოს უნივერსიტეტი. თბილისი. 2009.
ბენიძე, ნანა. შონია ნანა. ბიწაძე, ჯემალ. რისკები და დაზღვევა. თბილისი. საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“. 2010