განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა

რედაქციისაგან

იყო დრო, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება მისი მიმღები ქვეყნებისთვის დიდი გამოცდა იყო, რომელსაც გვერდს ვერავინ აუვლიდა. გემოვნებით შერჩეულ პიჯაკებში გამოწყობილი ხალხი, ცივი, შეუვალი გამოხედვით გულმოდგინედ სწავლობს თქვენი ქვეყნის ბიუჯეტს, ითხოვს მტკივნეული სტრუქტურული რეფორმების გატარებას და მკაცრ საბიუჯეტო შეზღუდვებს. განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე საფინანსო კრიზისის შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდი “გულუხვ ბიძას” დაემსგავსა.

ასე თუ ისე აწყობილი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ფულის მისაღებად ნაკლები ბარიერის გადალახვა უწევს. 29 ოქტომბერს სავალუტო ფონდმა შედარებით ჯანმრთელი ეკონომიკის მქონე განვითარებადი ქვეყნებისათვის მოკლევადიანი კრედიტების გაცემის ახალი მექანიზმის შემუშავების შესახებ განაცხადა. სქემის მიხედვით, ფონდი სამთვიან სესხს გასცემს სრულყოფილი პოლიტიკური კონიუნქტურის მქონე ქვეყნებზე და მათ ფონდისთვის ჩვეულ პირობებს არ უყენებს. სსფ-მ გააძლიერა თავისი “მძიმე არტილერიის” გადარჩენის პროგრამა და ბრაზილიის, მექსიკის, სამხრეთ-კორეის და სინგაპურის ცენტრალური ბანკებისათვის 30 მლრდ დოლარის სვოპ-საკრედიტო ხაზების გახსნის შესახებ გამოაცხადა.
ტრადიციული დაკრედიტების ფარგლებში ფონდი ნაკლებად მკაცრ პირობებს აყენებს. უნგრეთის 25,1 მლრდ დოლარით დაკრედიტების პროცესი, გარიგების ერთ-ერთი მონაწილის თქმით, სწრაფი, ადვილი და შედეგიანი იყო. ამ ქვეყანას დახმარება გაეწია უკრაინისთვის 16,5 მლრდ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილების მიღებიდან სულ რამდენიმე დღეში. გარდა ამისა, ფონდი მზადაა დახმარება გაუწიოს პაკისტანსაც.
უნგრეთისათვის ფართომაშტაბიანი საერთაშორისო დახმარების გაწევის აუცილებლობა აღმოსავლეთ ევროპისათვის ბედის ირონიაა, რადგან ამ რეგიონში ბოლო ათწლეულების მანძილზე ეკონომიკური ზრდა და პოლიტიკური სტაბილურობა შეინიშნებოდა. მაგრამ, საგარეო ვალის ზრდისა და ნდობის შესუსტებას გამო უნგრეთის ეკონომიკა მძიმე დგომარეობაში აღმოჩნდა. ბაზრების რეგულირება ვერც ბიუჯეტის ხარჯების შემცირებით, ვერც გადასახადების გაზრდით, ვერც ევროპის ცენტრალური ბანკისგან 5 მლრდ ევროს სესხად აღებით და ვერც საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი გაზრდით (8,5%-დან 11,5%-მდე) ვერ მოხერხდა.
სსფ ცდილობდა გერმანიის, იტალიის და ავსტრიის ხელისუფალნი ჩაება უნგრეთის ეკონომიკის გადარჩენის პროცესში. ამ ქვეყნების ბანკები ასე თუ ისე დამოკიდებულნი არიან უნგრელ მსესხებლეზე (ევროსა და შვეიცარიულ ფრანკებში დაკრედიტების მომგებიანი პირობების გამო). ავსტრიამ ამ პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა, გერმანიამ კი – არა. შედეგად საერთაშორისო სავალუტო ფონდი 15,7 მლრდ დოლარით დაეხმარა უნგრეთს, ევროსაბჭო – 8,1 მლრდ დოლარით, მსოფლიო ბანკი კი – 1,3 მლრდ დოლარით. ერთადერთი, რაც ამის საპასუხოდ უნდა გააკეთოს უნგრეთმა, არის ის, რომ უნდა მიიღოს პასუხისმგებლობის ფისკალური კანონი, რომელიც პარლამენტში განიხილება.
ამჟამად დიდი გაურკვევლობაა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ხანძრის ჩაქრობა მოუწევს სსფ-ს და სხვა დონორებს და შეძლებენ თუ არა ისინი ამის გაკეთებას. სრულიად შესაძლებელია, რომ ფონდს არ ეყოს ის 250 მლრდ დოლარი, რომელიც მას დღეისათვის აქვს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გორდონ ბრაუნის მოთხოვნაა, რომ დიდი პროფიციტის მქონე ქვეყნებმა (ჩინეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები), გაზარდონ თავიანთი შენატანები სსფ-ში.