გლობალური ეკონომიკის მთავარი გამოწვევა
12-14 ოქტომბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრა ჩატარდა ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინანსთა მინისტრებისა და ლიდერების შეხვედრა ფინანსური ბაზრების შეტორტმანების პერიოდს დაემთხვა, შეხვედრების მთავარი ლაიტმოტივი გეოპოლიტიკურ რუკაზე არსებული დაძაბულობა იყო.
გლობალურ ეკონომიკაში, ერთი შეხედვით, ჯანსაღი ვითარებაა მაგრამ არსებობს რისკები, რომელსაც საერთაშორისო ინსტიტუტებმა და მსოფლიო ლიდერებმა თვალი უნდა გაუსწორონ. IMF-ის ხელმძღვანელმა, კრისტიან ლაგარდმა გამოსვლაში ყველა ქვეყანას „ერთიანი მოქმედებისკენ“ მოუწოდა, მაგრამ სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ერებს შორის თანამშრომლობის მიღწევა ძალიან რთულად შესასრულებელი მიზანია. ინდონეზიის პრეზიდენტმა, Joko Widodo-მ განაცხადა, რომ „ურთიერთობა მთავარ ეკონომიკებს შორის სულ უფრო ემსგავსება „სამეფო კარის თამაშებს“, რომლის შედეგების გადახდაც ყველას მოუწევს“.
შეხვედრებზე საჯარო გამოსვლების დროს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა მსოფლიოში ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებულ რისკებზე გაამახვილეს ყურადღება. ორგანიზაცია რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რომელთაგან ერთ-ერთი სავაჭრო სექტორში დაძაბულობისა და უთანასწორობის მატებაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, „სავაჭრო ომთან“ მიახლოება კიდევ უფრო მეტად აყენებს ზიანს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას“ (IMF -მა 2016 წლის შემდეგ პირველად შეამცირა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი). IMF Brexit-ის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გამოყოფამ, შესაძლოა, ევროპის საფინანსო სექტორს ზიანი მიაყენოს. მათივე განცხადებით, ინგლისის ცენტრალური ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს საჭიროების შემთხვევაში უფრო მეტი ფულის დასაბეჭდად. ამასთანავე, ბრიტანეთის მხრიდან გადასახადების გაზრდაა მოსალოდნელი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვარაუდით, ეკონომიკური ვარდნა შემდეგი წლისთვის არის მოსალოდნელი და ამის ძირითად მიზეზს სავაჭრო ბარიერები წარმოადგენს. სპეციალისტთა შეფასებით, მთავრობებმა ხელი უნდა შეუშალონ 2008 წელს დაწესებული საბანკო რეგულაციების გაუქმებას, რათა არ განმეორდეს 2008 წლის ფინანსური კრიზისი. ამერიკის ეკონომიკა გაძლიერდა, რაც ინვესტორებს აძლევს სტიმულს, შევიდნენ ქვეყნის ბაზარზე და ინვესტიციები დოლარში განახორციელონ. ინფლაციის საფრთხის გასანეიტრალებლად, აშშ-ს ცენტრალური ბანკი და ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთს ზრდის, რაც აშშ-ს ბაზარს ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. IMF ამერიკის ეკონომიკის სწრაფ ზრდასა და ბაზრის გამყარებაში მოსალოდნელ რისკს ხედავს. რადგან შექმნილი ვითარება აუარესებს ისეთი განვითარებადი ქვეყნების მდგომარეობას, რომელსაც დიდი ოდენობის ვალი აქვთ აღებული. ასევე გააკეთა განცხადება ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთის ზრდა და აქციების ფასების კიდევ უფრო ვარდნა.
ამის პარალელურად სავაჭრო ომშია ჩართული ორი უმსხვილესი ეკონომიკა – ზაფხულში 25%-იანი საბაჟო გადასახადი ჩინური წარმოების 818 დასახელების პროდუქტზე გავრცელდა, ჯამური ღირებულებით 34 მლრდ აშშ დოლარი. და მათი კიდევ უფრო გაზრდაა მოსალოდნელი, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნები ვაშინგტონსა და პეკინს დეესკალაციისა და ზავისაკენ მოუწოდებენ. თუმცა, რბილად რომ ვთქვათ, „ზავისაგან“ აშშ და ჩინეთი შორს არიან.
გაურკვევლობებია განვითარებად ეკონომიკებშიც, განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში, სავალო ვალდებულებების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე ყურადღება Caroline Freund-მა, მსოფლიო ბანკის ვაჭრობის, კონკურენციის, რეგიონალური ინტეგრაციისა და ინვესტიციების დირექტორმა, გაამახვილა და აღნიშნა, რომ ნაკლებ გამჭვირვალეა იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საკითხი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანა ჩინეთისგან აღებული ვალებით აფინანსებს. სპეციალისტთა შეფასებით, ბევრ ქვეყანას არ აქვს რეალური რესურსი მოემსახუროს სავალო ვალდებულებებს, რის გამოც მათ ადრე თუ გვიან მოუწევთ დახმარებისათვის საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს მიმართონ. მაგალითისათვის, პაკისტანმა უკვე მოითხოვა ფინანსური დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ეს იქნება რიგით მე-13 „ბეულაუთი“ ამ ქვეყნისათვის ბოლო 30 წლის განმავლობაში.
როგორც IMF-ის ყოველწლიური შეკრების დროს წარმოთქმული, ბევრი გამომსვლელის სიტყვიდან შეიძლება შევაჯამოთ, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა გლობალური თანამშრომლობის მიღწევა. წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო აღმოჩნდება ფრაგმენტაციის წინაშე, რაც გაართულებს მომავლის გამოწვევებზე ადეკვატურ რეაგირებას. ერთიანობა აუცილებელია საერთაშორისო მონეტარულ და ფისკალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, იმისათვის რომ თითოეულ ქვეყანაში იყოს ზრდის უფრო მაღალი მასშტაბები მეტი სტაბილურობით. ფაქტია, რომ ყოველთვის არსებობენ მოგებულები და წაგებულები, როდესაც საქმე ტექნოლოგიურ პროგრესსა და სავაჭრო პოზიციებს ეხება. ცალკეულ ერებს შორის ყოველთვის იყო ესკალაციის პრობლემა, თუმცა ახლა ეს მთელი მსოფლიოს წესრიგს ემუქრება. რაც ყველაზე ფუნდამენტალურია, ციფრულ ეკონომიკაში აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და „ცხოვრების-განმავლობაში“ სწავლაში ინვესტირება, იმისათვის რომ მომავალში შეიქმნას მეტი და არა ნაკლები სამუშაო ადგილი. ეროვნულ დონეზე გატარებული რეფორმები, რომელიც ემსახურება საინვესტიციო და ფინანსურ სტაბილურობას, უფრო მეტად ეფექტიანია თუ ისინი გატარებულია საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას 19000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის მინისტრები, ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.