ევროპის მწვანე შეთანხმების მნიშვნელობა საქართველოსთვის

ავტორის სტილი დაცულია
ანასტასია შკამარიდინა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი

anastasiashkamaridina@gmail.com

ანოტაცია

თანამედროვე  მსოფლიოში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა გარემო პირობების მდგრადი განვითარების პრობლემას, რათა ის რესურსები, რომლებიც გვაქვს იმგვარად გამოვიყენოთ, რომ მომავალ თაობას შეუნარჩუნდეს მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. გარემოს დაბინძურება და კლიმატის ცვლილება არ ცნობს საზღვრებს. ევროპული მწვანე შეთანხმების მეშვეობით ევროკავშირი აყალიბებს ნიმუშს თუ როგორ უნდა განხორციელდეს ინფრასტრუქტურის, პროდუქციისა და სტანდარტების განახლება კლიმატ-ნეიტრალური გზით, რითაც მაგალითს მისცემს მსოფლიოს ყველა ქვეყნას, მათ შორის საქართველოს. მოცემულ ნაშრომში განხილულია ევროკავშირის მწვანე შეთანხმების არსი, მიზნები და მათი მიღწევისათვის საჭირო ღონისძიებები. ასევე მოცემულია მწვანე შეთანხმების წინაშე არსებული გამოწვევები და მოცემული შეთანხმების მნიშვნელობა საქართველოსთვის.

Annotation

In the modern world, significant attention is paid to the problem of sustainable development of environmental conditions, in order to use the resources that we have in such a way that future generations can maintain the ability to meet their needs. Environmental pollution and climate change know no borders. Through the European Green Deal, the European Union sets a model for how to update infrastructure, products and standards in a climate-neutral way, thus setting an example for all countries in the world, including Georgia. This paper discusses the essence of the European Union Green Agreement, its goals and the necessary measures to achieve them. The challenges facing the Green Agreement and the importance of this agreement for Georgia are also given.

ევროკავშირის მწვანე შეთანხმება

,,ევროკავშირის მწვანე შეთანხმება“  წარმოადგენს განვითარების ახალ სტრატეგიას მდგრად ეკონომიკურ მოდელზე ევროკავშირის გადასვლისათვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროკავშირის კლიმატნეიტრალურობა 2050 წლისთვის. მწვანე შეთანხმება არის ევროკომისიის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი გაეროს 2030 წლის დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებლად. იგი ქმედითი ინსტრუმენტია პარიზის შეთანხმების მოთხოვნათა შესრულებისთვის. მწვანე შეთანხმება ევროკავშირის შიდა დოკუმენტია, მაგრამ ამბიცია უფრო შორს მიდის და ოფიციალურ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მწვანე შეთანხმების მისწრაფებაა გადააქციოს არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ მთლიანი ევროპა პირველ ნახშირბადნეიტრალურ კონტინენტად. [6]

2016 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას. ასოცირების ხელშეკრულება პირველ რიგში გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მწვანე შეთანხმებამ მოითხოვა უპრეცენდენტო რაოდენობის ცვლილებები ევროკავშირის კანონმდებლობაში. ცვლილებები გულისხმობს როგორც ახალი საკანონმდებლო აქტების მიღებას, ისე ცვლილებებს არსებულ აქტებში. არსებული აქტებიდან რამოდენიმე ასახულია ასოცირების ხელშეკრულებაში, ამიტომ საქართველო ვალდებულია უშუალოდ ჩაერთოს მწვანე შეთახმების განხორციელებაში.[4]

ევროკავშირის მწვანე შეთანხმების სამი მთავარი მიზანია: ევროკავშირი გახდეს პირველი კლიმატნეიტრალური რეგიონი 2050 წლისთვის, განვითარება და ეკონომიკური ზრდა ნაკლებად დამოკიდებული იქნეს რესურსების გამოყენების დონეზე და ამასთან განვითარება უნდა იყოს ინკლუზიური და სამართლიანი.

აღნიშნული მიზნების მიღწევისთვის მწვანე შეთანხმება ფოკუსირდება მომავალი განვითარების პოლიტიკის 8 მიმართულებაზე:

  • ევროკავშირის კლიმატური ამბიციის გაზრდა 2030 და 2050 წლებში
  • მრეწველობის მობილიზება სუფთა და ცირკულარული ეკონომიკისთვის
  • სუფთა, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგიის მიწოდება
  • მშენებლობა და განახლება ენერგო და რესურსეფექტური გზით
  • მდგრადი და ჭკვიანი მობილობისკენ გადასვლის დაჩქარება
  • “ფერმიდან ჩანგალამდე”: სამართლიანი, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა კვების სისტემის შემუშავება
  • ნულოვანი დაბინძურება არატოქსიკური გარემოსთვის
  • ეკოსისტემების და ბიომრავაფეროვნების შენარჩუნება და აღდგენა[6]

მწვანე შეთანხმების წინაშე არსებული გამოწვევები

მწვანე შეთანხმების მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ითვალისწინებს არა ეკონომიკური ზრდის შეფერხებას, არამედ ეკონომიკის ზრდასა და ემისიების შემცირებას შორის კავშირის გაწყვეტას, განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობაში მზარდი ინვესტირების განხორციელების გზით. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მწვანე შეთანხმება მისი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტია და უწოდეს კიდეც „ევროპის ადამიანი მთვარეზე“, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ის რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას, როგორც თვითონ ევროკავშირის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მწვანე შეთანხმებას აქვს როგორც სამართლებრივი, ისე ფინანსური სირთულეები.[4]

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ გარემოსდაცვით პრობლემას თავისი ტერიტორიის ფარგლებს მიღმა გადაიტანს. მაგალითად, შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირი გეგმავს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მეოთხედი 2030 წლისთვის იყოს ორგანულად მოყვანილი, 50%-ით დაიკლოს სასუქისა და პესტიციდების მოხმარებამ, დაირგოს 3 მილიარდი ხე და აღდგეს ის ეკოსისტემა, რომელიც დამამტვერიანებლების საჭირო რაოდენობას შეინარჩუნებს. თუმცა, სამწუხაროდ, იგივე მიზნები არ გვხვდება ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებში. ევროკავშირის პროდუქტების ერთი მეხუთედი ისეთი ქვეყნებიდანაა იმპორტირებული, სადაც მკაცრი გარემოსდაცვითი ზომები ნაწილობრივ ან საერთოდ არ არის შემოღებული. თანაც, გასათვალისწინებელია ისიც, რომ პარიზის შეთანხმების შესაბამისად, ნახშირბადის ემისიებს ითვლიან ეროვნული წარმოებიდან და არა იმპორტირებული მოხმარებული პროდუქციიდან, რაც ქმნის კიდეც გარემოსდაცვითი პრობლემების განვითარებად ქვეყნებში გადატანის საშიშროებას. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ მისსავე ტერიტორიაზე მიღებული სტანდარტების მაქსიმალური გავრცელება საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებზე.სოფლის მეურნეობის სექტორში იგივე სტანდარტების გავრცელება შესაძლოა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვისაც მიმზიდველი აღმოჩნდეს. საქართველოს და უკრაინის მსგავსმა ქვეყნებმა შესაძლოა ისარგებლონ ორგანული და ჭკვიან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის დასანერგად და განსავითარებლად.[2]

ამასთან, ევროპელი მემარცხენეები არ ეთანხმებიან მიღებულ მწვანე შეთანხმებას და მიიჩნევენ, რომ მასში გაწერილი მიზნები არ არის საკმარისი პლანეტისა და საზოგადოების დასაცავად. მწვანე შეთანხმებასთან მიმართებით, მათ ათი მოთხოვნა წამოაყენეს. ისინი, პირველ რიგში, ეხებოდა პარიზის შეთანხმებით დადგენილი ვალდებულების შესრულებას ტემპერატურის ზრდის 1.5 გრადუსამდე შენარჩუნებასთან დაკავშირებით, რაც მწვანე შეთანხმებით დადგენილი მიზნებით ვერ მიიღწევა. მათ სურდათ, რომ ემისიების შემცირება გაზრდილიყო 70%-ით 2030 წლისთვის, ხოლო ევროკავშირი ყოფილიყო ნეგატიური ნახშირბადის ბალანსით 2050 წლისთვის. ასევე ითხოვდნენ კერძო თვითმფრინავების აკრძალვას, ევროკავშირის მიწის 30%-ის „ნატურა 2000“-ში შეყვანას, კლიმატის ბანკს, რომელსაც ექნებოდა ნულოვანი საპროცენტო განაკვეთი და სხვა.[4]

რა სარგებელს მოიტანს მწვანე შეთანხმება?

ევროპული მწვანე შეთანხმება ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც პირდაპირ არის მიმართული საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე. მათ შორის უმთავრესია ის ქმედებები, რომლებიც მიმართულია ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული ჰაერისა და წყლის დაბინძურების პრობლემის გადაჭრაზე, რაც პირდაპირ აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ყოველწლიურად 400,000-ზე მეტი ადამიანი ნაადრევად იღუპება ჰაერის დაბინძურების გამო, რადგან ბევრ ურბანულ ზონაში გრძელდება ევროკავშირთან შეთანხმებული ჰაერის ხარისხის სტანდარტების დარღვევა. წყლის დაბინძურება ევროპაში კვლავაც დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მავნე ქიმიკატებისა და საკვები ნივთიერებების კონცენტრაცია ბევრგან ისევ მაღალი რჩება. ევროკავშირში 3 მილიონი პოტენციურად დაბინძურებული უბნის არსებობა და ნიადაგის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის. საშიში ქიმიკატებისა ან მათი ერთობლიობის ზემოქმედება ერთ-ერთ მთავარი ფაქტორია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა კიბო, რეპროდუქციული ან სასუნთქი ორგანოების დაავადებები. ამ ფაქტორებით გამოწვეულია გარემოს დეგრადაციაც.[5]

დიაგრამა 1.ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებები, ათასი ტ/წელი

წყარო: https://www.geostat.ge/ka

 დიაგრამა 1-ზე ნაჩვენებია ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების სტატისტიკური მონაცემები 2013-2020 წლისთვის. მოცემული მონაცემებიდან ჩანს,რომ მავნე ნივთიერებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ატმოსფერულ ჰაერში არის ნახშირბადის მონოოქსიდი ანუ იგივე ნახშირორჟანგი, რომელიც მხუთავი აირია და ძლიერ საწამლავს წარმოადგენს. მოცემული მაჩვენებელი კლებადი ტენდენცთ ხასიათდება 2016წლიდან მოყოლებული. თუმცა ანალოგიური სიტუაცია არ შეიმჩნევა სხვა მაჩვენებლებთან მიმართებით და ჰაერში მავნე ნივთიერებათა რაოდენობა წლიდან-წლამდ უმნიშვნელოდ იცვლება.

2021 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში წარდგენილ იქნა კანონპროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიზანია  „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ცვლილებების  მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნაცვლად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო და შესაბამისად ამ სააგენტომ უნდა განახორციელოს ის საქმიანობები, რაც სამინისტროს პრეროგატივაში შედიოდა.

ცვლილებების შედეგად  სააგენტო უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წესით შეიტანოს ცვლილება გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში ან გზშ-ის სფეროში გაცემულ შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, თუ ამ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულია გარემოს შემადგენელი ცალკეული ელემენტების/კომპონენტების დამატებითი შესწავლის ვალდებულება და შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით სააგენტო პირობის შეცვლის აუცილებლობას დაადგენს.[4]

კანონპროექტის ძალაში შესვლა, გარდა დაჩქარებული წესით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის განხილვის პუნქტისა, გათვალისწინებულია 2022 წლის 1 მაისიდან. ხოლო, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის განხილვის ნაწილის ამოქმედება გათვალისწინებულია 2023 წლიდან.

ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე მიმართული ინიციატივები ირიბ სარგებელს მოგვიტანს ეკოსისტემების გაუმჯობესებით, ხეების დარგვითა და ეკოსისტემების დაცვის მეშვეობით. სოფლის მეურნეობის სფეროში პესტიციდების გამოყენებისა და მათთან დაკავშირებული რისკების შემცირება საზოგადოებას პირდაპირ სარგებელს მოუტანს, რადგან დადებითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

დიაგრამა 2. პესტიციდების მოხმარება, ტონა

წყარო: https://www.geostat.ge/ka

დიაგრამა 2-ზე ნაჩვენებია პესტიციდების მოხმარება 2015-2021 წლებში. მოცემული მონაცემებიდან ჩანს, რომ გამოყენებული პესტიციდების მოცულობა ყოველწლიურად სულ უფრო იზრდებოდა 2020წლის ჩათვლით და 12%-ით შემცირდა 2021 წელს.

იდეალურ შემთხვევაში, პესტიციდი სასიკვდილო უნდა იყოს სამიზნე მავნებლებისთვის, მაგრამ არასამიზნე სახეობებისთვის, მათ შორის ადამიანისთვის, არ უნდა მოჰქონდეს ზიანი. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. პესტიციდები ანადგურებს გარემოს, საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას და ასუსტებს ბუნებრივ სისტემებს, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანის გადარჩენა.

გარდა ამისა, ევროპული მწვანე შეთანხმება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებაზე მიმართულ ღონისძიებებს. ასეთი ღონისძიებების მეშვეობით შემსუბუქდება წყალდიდობითა ან გვალვით გამოწვეული პრობლემები, გაუმჯობესდება მშენებლობის ხარისხი. მწვანე ინფრასტრუქტურისა და ეკომეგობრული ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად გაჯანსაღდება გარემო.

კლიმატის ცვლილება გარემოზე მრავალმხრივ  გავლენას ახდენს და იწვევს ტყის ხანძრებს, ოკეანეებში წყლის მჟავიანობის მატებას, მყინვარების დნობასა და ბიომრავალფეროვნების შემცირებას. ევროკავშირი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით ხელს შეუწყობს ამ ფაქტორების შემცირებას. ევროკავშირის მიერ აღებული ვალდებულების შედეგად, მის ტერიტორიაზე 2020 წლამდე 20% -ით, ხოლო 2030 წლამდე 40% -ით შემცირდება ემისიების მაჩვენებლები 1990 წელთან შედარებით. ევროკავშირმა პირველმა დააკანონა 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლები, რასაც დაემატა ენერგიის დაზოგვასთან და განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ახალი სამიზნე მაჩვენებლები და სათბურის აირების შემცირებაზე მიმართული საკანონმდებლო აქტები.[4]

ევროპის მწვანე შეთანხმების მნიშვნელობა საქართველოსთვის

გარემოსდაცვით მიმართულებაში იკვეთება ეკონომიკური სარგებლის მომტანი თემები (ნარჩენების უტილიზაცია, ინოვაციური ტექნოლოგიები) და თემები, რომლებიც, პირიქით, თავდაპირველად დიდ ინვესტირებას საჭიროებს, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, მათაც მოაქვს ფინანსური სარგებელი დაზოგილი ჯანდაცვის ხარჯებით (მაგალითად, ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრის შემთხვევაში), ან ეკოსისტემების სერვისების მიღებით და სხვა. ამიტომ, აუცილებელია, სტრატეგიულად განისაზღვროს მთავრობისა და კერძო სექტორის როლი და სახელმწიფომ იტვირთოს „გარანტორის“ ფუნქცია ფინანსურად ნაკლებმიმზიდველი გარემოსდაცვითი პროექტების განსახორციელებლად. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ისედაც მრავალი ვალდებულების, სტრატეგიული დოკუმენტისა თუ საკანონმდებლო აქტის მიღება და განხორციელებაა საჭირო, რაც ამჟამინდელი ინსტიტუციური მოწყობითა და ადამიანური რესურსებით საკმაოდ რთულია. ამას ემატება პოსტ-2020 წლებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების განსაზღვრა, განვითარების გეგმებში მწვანე შეთანხმების საქართველოსთვის შესაბამისი სახით ინტეგრირება და გრძელვადიანი, ნახშირბადნეიტრალური განვითარების დასახვა, რაც შესაბამისი ენერგეტიკული სისტემის გარეშე ვერ მოხერხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, განვითარების გეგმებში ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდეს გაზრდილ ენერგომოხმარებასა და იმ რესურსებზე, საიდანაც ეს გაზრდილი მოხმარება უნდა დაკმაყოფილდეს, თუნდაც, განახლებადი ენერგორესურსების საკითხებზე.[5]

დიაგრამა 3. წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა 2018-2022 წლისთვის

წყარო: https://www.geostat.ge/ka

დიაგრამა 3-ზე ნაჩვენებია წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა 2018-2022 წლისთვის. ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 15 პროცენტით შემცირდა და 10 965.2მილიონი კილოვატსაათი შეადგინა.

საქართველოს ელექტროსისტემის განვითარების გეგმაში, 2030 წლისთვის, ქარისა და მზის ელექტროსადგურების წილი მხოლოდ 18%-ია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ თბოსადგურების მნიშვნელოვანი მატება არ არის გეგმით გათვალისწინებული. მნიშვნელოვანი მიმართულებაა ასევე ბუნებრივი აირის ჩანაცვლების საკითხების განხილვა და სამომავლო სტრატეგიულ დოკუმენტებში მისი ასახვა. საქართველომ 2020 წელს მიიღო კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ და ასევე ვალდებულია, ენერგოგაერთიანებაში ყოველწლიურად წარადგინოს ანგარიში წლიური სამიზნე მაჩვენებლის შესახებ. 2019-2020 წლების ანგარიშის მიხედვით, 2025 წლისთვის, პირველადი ენერგიის წყაროში ენერგიის დაზოგვამ შესაძლოა შეადგინოს 13%, ხოლო ენერგიის საბოლოო მოხმარებაში – 9%. აღნიშნული მაჩვენებელი 2030 წლისთვის არის 14% პირველადი ენერგიის წყაროში და 11% საბოლოო მოხმარებაში, ბიზნესის ჩვეულებრივი განვითარების გზასთან შედარებით, თუმცა, რომელი წლიდან აითვლება ეს განვითარების ტრენდი, არ არის დაკონკრეტებული. შედარებისთვის, ევროკავშირის განახლებული დირექტივის მიხედვით, 2030 წლისთვის, პირველადი ენერგიის წყაროში ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს 32.5 პროცენტით. მიუხედავად ამბიციურობის კუთხით მნიშვნელოვანი განსხვავებისა, კანონი შეიძლება წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს, მისი შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებითაც.[1]

მწვანე შეთანხმება საქართველოსთვის შეიძლება გულისხმობდეს სისტემურ ტრანსფორმაციას, განსაკუთრებით, გაციფრულების ახალ ეპოქაში, სადაც საჭიროა ეკონომიკური მოდელების ამ სისტემაზე გადაწყობა. აღმოსავლეთ ევროპისთვის განკუთვნილმა განახლებულმა ინსტრუმენტმა, შეიძლება უზრუნველყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, სათანადო უნარების შექმნა და ფინანსური მხარდაჭერა. ამან შესაძლოა ქვეყნის განვითარების ახალი პერსპექტივები გამოკვეთოს, რისი აუცილებლობა კოვიდ19-ის პანდემიამაც დაგვანახა. გამოჩნდა, რომ ეკონომიკის მხოლოდ ერთი სექტორის განვითარება შეცდომაა და აუცილებელია ინვესტიციების დივერსიფიცირება ეკონომიკის უფრო მოქნილი, თვითკმარს სექტორების გასაძლიერებლად.

ამისთვის აუცილებელია ინსტიტუციური მზაობა,რაც მოიცავს მეტ ინვესტიციას გარემოსდაცვით მართვაში, პოლიტიკის დაგეგმვასა და აღსრულებაში. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასევე სამოქალაქო სექტორის განსაკუთრებულ აქტიურობასა და საჯარო მართვაში ადამიანების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას, გრძელვადიანი მდგრადი განვითარების კონკრეტული მიზნების დასახვას, რომლისთვისაც იარსებებს შესაბამისი მონიტორინგის სისტემა და შესაძლებელი იქნება მისი ტრაექტორიის მუდმივად განახლება. ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მეტი მწვანე სამუშაო ადგილის შექმნას. მწვანე შეთანხმება მხოლოდ გარემოსდაცვითი დოკუმენტი არაა, მისი იდეა არის ასევე სოციალური თანასწორობის შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფა, რამაც, საუკეთესო შემთხვევაში, საფუძველი უნდა ჩაუყაროს თანასწორი და ჯანსაღი საზოგადოებების ფორმირებას.[4]

დასკვნა

მწვანე შეთანხმების საშუალებით ევროკავშირი ქმნის კლიმატ-ნეიტრალური გზით ინფრასტრუქტურის, პროდუქტებისა და სტანდარტების გაუმჯობესების მოდელს, რომელიც წარმოადგენს მაგალითს და იმ გზას, რომელსაც უნდა გაყვეს მსოფლიოს ყველა ქვეყანა. მოცემული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მიუხედავათ ამისა, ინფორმაცია ამ დოკუმენტის შესახებ ძალზე მწირია. მწვანე შეთანხმება საქართველოსთვის შეიძლება გულისხმობდეს სისტემურ ტრანსფორმაციას, განსაკუთრებით, გაციფრულების ახალ ეპოქაში, სადაც საჭიროა ეკონომიკური მოდელების ამ სისტემაზე გადაწყობა. ამისათვის აუცილებელია შესაბამისი ინსტიტუციური მზაობა, კერძოდ, მეტი ინვესტირება გარემოსდაცვით მართვაში, პოლიტიკის დაგეგმვასა და აღსრულებაში, ასევე ადმინისტრირების უნარებში. აუცილებელია აგრეთვე სამოქალაქო სექტორის განსაკუთრებული აქტიურობა, საჯარო მართვაში ადამიანების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების კონკრეტული მიზნების დასახვა.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. მთავრობა, „საქართველოს ენერგოეფექტურობის 2019-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“
  2. Fuchs, Brown, and Rounsevell, “Europe’s Green Deal Offshores Environmental Damage to Other Nations.”
  3. https://www.geostat.ge/ka
  4. https://ge.boell.org/ka/2021/02/18/evropis-mcvane-shetankhmeba-da-misi-mnishvneloba-sakartvelostvis#_ftn20
  5. https://eu4georgia.eu/ka/green-deal/#
  6. https://www.greens.ge/storage/publications/October2021/yY6fYirpZFij2rvG9fJC.pdf