რეგრესული, მაგრამ ოპტიმალური რევოლუცია საქართველოს ეკონომიკაში
სოფიკო სიჭინავა
დღეს პოლიტოლოგის მჭვრეტელობა არ სჭირდება იმის გარკვევას, თუ რომელ პოლიტკურ ძალას მოუწევს იმ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რასაც ქვეყნის პატრონობა ჰქვია. არჩევნებისთვის მზადება ნაციონალურ მოძრაობას ფიზიკურად არ უტოვებს დროს იმისთვის, რომ თავისი ეკონომიკური ხედვა პროგრამის სახით ჩამოაყალიბოს. თუმცა, გარკვეულია მიმართულებები და პრინციპები, რის მიხედვითაც ეს ჯგუფი სამომავლოდ იმოქმედებს.
ამერიკიდან დაბრუნებული გია მაისაშვილის საარჩევნო პროგრამა მხოლოდ ამ პიროვნების კუთვნილება გახდა. პარტიას ნულიდან დაწყება არა, მაგრამ საკმაო შრომის გაწევა მოუწევს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მოსარგები ეკონომიკური მოდელი შეიმუშავოს. საუბრებიდან და პრეზიდენტობის კანდიდატის საჯარო გამოსვლებიდან ნათელი ხდება, რომ რევოლუცია ეკონომიკაში ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაშია, რადგან პოლიტიკურ ჯგუფს საკმაოდ არაორდინალური, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ბესო ჯუღელის განცხადებით, რეგრესული, მაგრამ ჩვენთვის პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. რასაკვირველია, ეს ჯერ კიდევ ბევრ რამეზეა დამოკიდებული: შეიქმნება თუ არა მინისტრთა კაბინეტი, როგორი იქნება ქვეყნის პარლამენტი და მეორე გამარჯვებული გუნდი, ბურჯანაძე-დემოკრატების სახით, რამდენად დაეთანხმება ნაციონალების რევოლუციურ იდეებს.
გასათვალისწინებელია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეხედულებებიც. რჯერობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის საგადასახადო და საბაჟო კოდექსები შეიცვლება. გამარტივებული, ქართულ ენაზე დაწერილი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, პარამეტრების ჯამი 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. გათვალისწინებული უნდა იყოს გრძელვადიანი ინდიკატური გეგმა, WTO-ს პარამეტრები, ქვეყნები, რომლებთანაც ექსპორტ-იმპორტი გვაქვს და ამის მიხედვით დაიწეროს ახალი საბაჟო კოდექსი. ძალაში რჩება დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონის პროექტი, რომელიც, ალბათ, კანონად გადაიქცევა (თუმცა, ეს ჯერ კიდევ ბევრ გარეშე ფაქტორებთან არის კავშირში) და აქედან ამოსული თანხები, საერთაშორისო ფულად ინექციებთან ერთად, ქვეყნის ბიუჯეტის შემავსებელი ძირითადი წყარო გახდება. გარდა ამისა, ფიქრობენ 20 ჰა-მდე მიწის ფართობებზე გადასახადის გაუქმებას და წვრილი მეწარმეობის ხელშეწყობისთვის ფიქსირებული გადასახადის შემოღებას. ყოველივე ეს კი, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს ქვეყნის ეკონომიკის ჩრდილოვანი სექტორის 60%-დან უმეტესობა დღის სინათლეზე გამოიყვანოს და დასაშვებ ზღვარს მიუახლოვოს.
ამ საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრება ბესო ჯუღელი:
გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამა თეზისების სახით გვაქვს ჩამოყალიბებული. საგადასახადო სისტემის შეცვლის მონახაზიც გაგვაჩნია, მაგრამ ერთიანად აკინძული და საბოლოო სახით – ჯერ არა. წინასაარჩევნო პერიოდში ბევრ რამეს ფიზიკურად ვერ ვასწრებთ. გარკვეულ ეტაპზე, ამ მონახაზებს მაისაშვილი აკეთებდა, მაგრამ შემდეგ, მოგეხსენებათ, პოლიტიკურად დაგვშორდა. ამჟამად ამ პროგრამაზე მუშაობენ: რომან გოცირიძე, ვანო მერაბიშვილი და თქვენი მონა-მორჩილი.
როგორია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები?
ახალს და ჯერ რომ არავის გაუგონია, ისეთს, არაფერს ვამბობთ. ჩვენი გუნდი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სისტემა მთლიანადაა შესაცვლელი. რა არის ის ძირითადი, რაც უნდა შეიცვალოს? სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი და მოკლევადიანი ინდიკატური გეგმა, სამწუხაროდ, ასეთი ერთიანი გეგმა ქვეყანას არ გააჩნია.
საქართველოში არის რამდენიმე მიმართულება, რომელიც ამ ინდიკატურ გეგმაში აისახება და პრიორიტეტების სახით განისაზღვრება. გადამამუშავებელი მრეწველობა რომ ქვეყანაში ძლიერია, ამაში დამეთანხმებით, ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, რესურსები და გარკვეული სიმძლავრეები გვაქვს. როცა ეს მიმართულება ქვეყანას ძლიერი აქვს და ინდიკატურ გეგმაში, არც მოკლევადიანში და არც გრძელვადიანში ჩასმული არ არის, ეს დამღუპველია. მარტივი მაგალითი: კაუსტიკური სოდა, რომელიც შემოგვაქვს და აუცილებელია გადამამუშავებელი მრეწველობისთვის. უნდა ვეცადოთ, საბაჟო კოდექსი ისე შევადგინოთ, რომ კაუსტიკური სოდა მინიმალური დაბეგვრის რეჟიმში მოხვდეს და საქართველოში ნაწარმოები პროდუქციის თვითღირებულება იმდენი იყოს, რომ, ვთქვათ, ბულგარეთიდან შემოტანილ კონსერვებს კონკურენცია გაუწიოს. ქართული ეკონომიკის განვითარება ისე უნდა მიდიოდეს, რომ მრავალი პარამეტრი და საკითხი იყოს გათვალისწინებული. ამიტომ, როცა ინდიკატურ გეგმაზე, საგადასახადო და საბაჟო კოდექსებზე ეკონომიკური გუნდი მუშაობს, გათვალისწინებული უნდა იყოს ის პარამეტრები, რაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ სივრცეს ქმნის.
ქვეყნის ეკონომიკური მოდელის შექმნა უზარმაზარი შრომაა, რომელსაც რამდენიმე კაცი ვერ გაართმევს თავს, ყველა მხრიდან უნდა იყოს ინფორმაცია, მთლიანად საქმის კურსში უნდა იყო, სად რა ხდება და მერე დაიწეროს. ამიტომ ვამბობთ, რომ საჭიროა მოკლევადიანი ინდიკატური გეგმა, ვიდრე ეს ყველაფერი დამუშავდება, სახელმწიფო ერთ ადგილზე არ უნდა გაჩერდეს.
დიდი შეცდომა იყო WTO-ში უპირობოდ გაწევრიანება. დღემდე არც რუსეთი და არც ჩინეთი ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი არ არის. ეს მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯი არ გახლავთ, ეკონომიკურიცაა, ამიტომ სერიოზული დაფიქრება გვმართებს.
როგორ ფიქრობთ, ამ ტარიფების რევიზია შესაძლებელი იქნება?
რასაკვირველია, ხელი მოწერილია და რევიზიას ვეღარ მოვახერხებთ, ამის შედეგებს 2005 წლიდან მოვიმკით. საქმე იმაშია, რომ ვინაიდან საქართველოს პოლიტიკა და ეკონომიკა ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩნდა, ამ სფეროებში გამონაკლისი ყოველთვის არსებობს, ისევე, როგორც იურისპრუდენციასა თუ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის საკითხებში. საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე დიდი ბოდიშის მოხდით, შესაძლებელია რაღაცნაირად მოგვცენ საშუალება, გამონაკლისის სახით რომ რევიზია დაუშვან. ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, ვფიქრობ, უკვე აქვს ეს ავტორიტეტი. თუმცა, ეს მხოლოდ სურვილია. ყოველ შემთხვევაში, ამის შესაძლებლობა თეორიულად არსებობს.
ახლა ისევ თეზისებს დავუბრუნდეთ. ვგეგმავთ მთლიანად საქართველოში მიწების გადასახადისაგან განთავსუფლებას. ამ ლიბერალიზაციის ამოსავალი წერტილი იმაში მდგომარეობს, რომ ქართველ გლეხს დღეს არ აქვს იმის საშუალება, რომ მიწის გადასახადი გადაიხადოს. თუ მიწის ნაკვეთი 20 ჰა-ს აღემატება, მათი მფლობელები მიწის გადასახადს გადაიხდიან. ეს გლეხს პროდუქციას გაუიაფებს, რასაც ქალაქის მომხმარებელიც იგრძნობს. ჩვენი პრინციპი ასეთია, სჯობს ბიუჯეტში შემოსავალი ნაკლები იყოს, მაგრამ მწარმოებელს ამოსუნთქვის და მოღონიერების საშუალება მიეცეს. მოღონიერებული ფერმერი კი, სახელმწიფოს ძლიერებაა.
როგორ მიდიხართ ასეთ რისკზე?
რადგან მთელი მსოფლიო გვერდით დაგვიდგა, პოლიტიკურად იმედი გვაქვს, რომ, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ახლა ცრუ დაპირებებს არ გვაძლევენ. ერთი-ორი წელი მოსაღონიერებლად მთელი ცივილიზებული საზოგადოებრიობა დაგვეხმარება.
დახმარებაში ფინანსურ რესურსებს გულისხმობთ?
რასაკვირველია, ამიტომ მივდივართ ასეთი ლიბერალური მიმართულებით.
ამ დროის განმავლობაში რა შეიცვლება, არავინ იცის. თავიდან წინა ხელისუფლებასაც გვერდით ედგა მთელი ცივილიზებული საზოგადოებრიობა, რამდენად გონივრულია მხოლოდ გარე დახმარებების იმედად დარჩენა, თუკი შიგა რესურსები არ ამოქმედდა?
საქართველოს მხოლოდ ერთწლიანი დახმარება სჭირდება, ქართული ეკონომიკა ამ ხნის მანძილზე ფეხზე წამოდგება. ერთი წელი კი, თავს გაგვატანინებენ, რომ ლიბერალური პოლიტიკის გატარება მოვასწროთ. მინიმუმ 8 მლრდ, მაქსიმუმ 27 მლრდ ქვეყნის საზღვრებს გარეთYარის გატანილი. ამ თემაზე ხშირად გვისაუბრია მე და ბატონ მიხეილ სააკაშვილს, ეს ციფრი ზუსტად რამდენია, არავინ იცის. დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონი, რომელიც სააკაშვილმა პარლამენტში წარადგინა და რომელსაც დღის შუქი ვერ ეღირსა, ახალი პარლამენტი ამ კანონს, სავარაუდოდ, მიიღებს და, რასაკვირველია, ამ თანხას სრულად ვერა, მაგრამ ნაწილს ბიუჯეტი მაინც დაიბრუნებს, რაც უზარმაზარი ინექცია იქნება. ბიუჯეტის შესავსებად ესეც დამატებითი რესურსი იქნება. ამით მცირე ბიზნესი ფეხზე დადგება.
წინასაარჩევნოდ, თქვენ არა მარტო მცირე, საშუალო ბიზნესზეც საუბრობდით, მართლა აპირებთ ამ დანაპირების შესრულებას და მათ უპირობო გათავისუფლებას გადასახადებისგან?
ყველა გადასახადისგან გათავისუფლებას, რასაკვირველია, არა. მცირე ბიზნესის ხელშეწყობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირად არის წარმოდგენილი, ჩვენ კონკრეტულად რომელ მოდელს ავირჩევთ, ჯერ არ გადაგვიწყვეტია.
ხელშეწყობა, ბუნებრივია, ლიბერალიზაციას გულისხმობს. თუ გაქვთ დათვლილი ქართულ ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესს რა პროცენტი უჭირავს და ბიუჯეტს მოსალოდნელი ცვლილებებით დაახლოებით რამდენი მოაკლდება?
მაგალითისთვის ავიღოთ ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები, ადრე მათ ვლობირებდი და სავალუტო ფონდის მაშინდელ წარმომადგენელთან, ლეინთან მივიყვანე. ლეინს ასეთი რამ შევთავაზეთ: ჯიხურებისთვის გავაკეთოთ ფიქსირებული გადასახადი 150 დოლარის ოდენობით. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს მარცხენა და მარჯვენა გადასახადი ერთად 200 დოლარამდე უგროვდებათ. აქედან მხოლოდ 50 დოლარია სახელმწიფოსი. ცვლილების შემთხვევაში, ერთნაირად მოგებული რჩებოდა ბიუჯეტიც და წვრილი ბიზნესიც. ლეინმა მიპასუხა, რომ იგი მხარს უჭერს ასეთ ცვლილებებს. მას წერილობითაც გავაფორმებინე ეს თანხმობა და რომ მოვინდომო, ამ დოკუმენტს არქივში მოგიძებნით კიდეც, მაგრამ იგი მხოლოდ ფარატინა ქაღალდის სახით დამრჩა. ასე რომ, ფარსია ის, რასაც წინა ხელისუფლება ამბობდა, თითქოს სავალუტო ფონდი მათ ფიქსირებული გადასახადის შემოღების უფლებას არ აძლევდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამეტში რომ გამოვედი, დამცინეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ ჯუღელი საგადასახადო სისტემაში რეგრესულ ფორმას გვთავაზობსო. გეთანხმებით, რეგრესულია, მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, პრაგმატული. ამ პრინციპს, დღეს ყველა ეთანხმება.