IKEA-ს წარმატების საიდუმლო
ანა ბუხრაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
ანოტაცია
არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი შესაძლებლობებით მთელი მსოფლიოს გაკვირვებასა და აღტაცებაში მოყვანას ახერხებენ. ამაში ზოგს განათლება, ზოგს კი განსაკუთრებული უნარები ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი ადამიანია IKEA-ს დამაარსებელი – ინგვარ კამპრადი- რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ავეჯის ინდუსტრიის განვითარებაში და თავისი სიტყვა თქვა თანამედროვე ბიზნეს სტრატეგიების დანერგვაში. მას არ მიუღია განსაკუთრებული განათლება, თუმცა შეძლო მაქსიმალურად გამოეყენებინა თავისი პოტენციალი და ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენთა წრეში მოხვედრილიყო.
IKEA-მ რამდენიმე ათწლეულში განვლო განვითარების სხვადასხვა ეტაპი, რომლებიც, როგორც სირთულეებით, ასევე დიდი წარმატებებით ხასიათდება. ერთ-ერთი გარემოება, რომელიც ამ კომპანიას კონკურენტებისაგან გამოარჩევს ისაა, რომ ის ყოველთვის ცდილობს ისწავლოს შეცდომებზე და აღმოაჩინოს სირთულეების დაძლევის სხვადასხვა ალტერნატივა.
ნაშრომის მიზანს წარმოადგენს ინგვარ კამპრადის მიღწევების წარმოჩენა, მის მიერ გამოყენებული ბიზნეს სტრატეგიების ანალიზი და მათი შედეგის შეფასება IKEA-ს წარმატებასა და ზრდაზე.
Annotation
There are people who are iconic for society for their opportunities. Some of them are special because of their education, some of them because of their unique skills. Ingvar Kamprad- founder of IKEA – is a man like that indeed. He played the most important role in developing furtniture industry and made a big contribution in implementing modern business strategies. He managed to use whole his potential and became one of the most succesful businessman.
There were several stages of development in IKEA history and they were full of as difficulties as succes. One of the different features of this company is that it always tries to learn on its mistakes and never give up.
The goal of this thesis is to show achievements of Ingvar Kamprad, to analyze his business strategies and to determine its impluence on IKEA succes and growing.
დღეს IKEA უდიდესი ავეჯის მწარმოებელი ტრანსნაციონალური კორპორაციაა. როგორ მიაღწია მან ასეთ წარმატებას?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ გამოჩნდა ის ბაზარზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იკეას ისტორია დაიწყო 1926 წელს, მისი დამფუძნებლის -ინგვარ კამპრადის დაბადების დროს. ინგვარს ჯერ კიდევ ბავშვობისას სურდა, საკუთარი ბიზნესი ჰქონოდა და ხუთი წლის ასაკში ასანთის, ორი წლის შემდეგ კი საწერი კალმების გაყიდვა დაიწყო.
1943 წელს, მომწოდებლებთან ოფიციალური ურთიერთობების დასამყარებლად, ინგვარი იძულებული გახდა დაერეგისტრირებინა საკუთარი კომპანია და ამ გზით ბაზარზე გამოჩნდა კომპანია IKEA. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად კომპანია კალმებს, საათებს, საფულეებს და სხვა იაფფასიან ნივთებს ყიდდა.
სწორედ ასეთი პატარა კომპანიისგან შეიქმნა დღეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი იმპერია.
თუ გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე, როგორ გახდა იკეა ასეთი მძლავრი კომპანია, პასუხი მისი დამფუძნებლის პიროვნებაში უნდა ვეძებოთ. ბრენდის განვითარების მანძილზე ინგვარ კამპრადმა გამოავლინა ბიზნესმენისათვის საჭირო უამრავი მნიშვნელოვანი და საინტერესო უნარი, რამაც, რა თქმა უნდა, კომპანიის საწარმოო პოლიტიკა მისაბაძად აქცია მთელს მსოფლიოში.
კერძოდ:
– დაარსებიდან 2 წლის შემდეგ, როცა უკვე აშკარა იყო კომპანიის განვითარება და წინსვლა, კამპრადმა გადაწყვიტა კლიენტთა გაზრდის უფრო აქტიურ ფაზაში გადასულიყო და ამისთვის მან მარკეტინგს მიმართა-დაიწყო საკუთარი ფირმის გაზეთების საშუალებით რეკლამირება. ამ გზით უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყო „იკეა“-ს შესახებ და კიდევ უფრო დიდი წარმატება ჰპოვა ბრენდმა ბაზარზე.
– მალევე დამფუძნებელმა გაიაზრა, თუ როგორი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ბიზნესის გარემოს ანალიზს კომპანიის ფუნქციონირებაზე და დაიწყო არსებული მდგომარეობის შეფასება. 40-იანი წლების ბოლოს მან ყურადღება მიაქცია ერთ მეტად საინტერესო ფაქტს-იმ პერიოდში შვეციაში მოსახლეობის უმეტესობისათვის ავეჯი უზომოდ დიდი ფასის გამო ფუფუნების საგანს წარმოადგენდა. შესაბამისად მათ არ შეეძლოთ ავეჯის ყიდვა. სწორედ ამიტომ ბიზნესმენმა დაიწყო თავისი მაღაზიის რეფორმირება. იგი ეძებდა ყველაზე იაფ ავეჯს და შეჰქონდა თავის მაღაზიაში გასაყიდად. ე.ი. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მომხმარებლის მოთხოვნის შესწავლასთან, ანალიზთან და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზებით მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან.
-ინგვარმა, იმისათვის, რომ კომპანიის მიმართ მომხმარებელთა ინტერესი კიდევ უფრო გაეზარდა, გადაწყვიტა საქმიანობაში ინოვაციები დაენერგა. კერძოდ: თითოეულ ნივთს შეურჩია საკუთარი სახელი, რომელსაც თავად იგონებდა. კომპანია „იკეა“-ს სახელმა ელვის სისწრაფით დაიწყო გავრცელება.
– 1951 წელს „იკეა“-მ მოახერხა ახალი ქარხნის ყიდვა და გაფართოება. მართალია, ქვეყნის საზღვრები არ გადაულახავს, მაგრამ შეძლო ადგილობრივი მომხმარებლების გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
– აღსანიშნავია, რომ „იკეა“-ს მხოლოდ კონკრეტული დაბალი ფასის შენარჩუნება არ დაუსახავს მიზნად, ის მუდამ ცდილობს არსებულის კიდევ უფრო შემცირებას და ამ გზით ერთგული მომხმარებლებისათვის საჩუქრის გაკეთებას. ცხადია, ეს მიდგომა კლიენტებს კიდევ უფრო ლოიალურს ხდის და „იკეას“ მიმართ დადებითად განაწყობს.
– რა თქმა უნდა, „იკეა“-ს ასეთმა წარმატებამ არასახარბიელო გავლენა იქონია კონკურენტების მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ მას არაერთი მტერი გამოუჩნდა. კონკურენტებმა, რომლებიც შედიოდნენ ავეჯის წარმოების ნაციონალურ ასოციაციაში, დაიწყეს ზეწოლა ადგილობრივ მწარმოებლებზე, რომლებიც მუშაობდნენ „იკეა“-სთან. კონკურენტებმა შეძლეს რამდენიმე მათგანის გადმობირება და „იკეა“-მ დაკარგა მნიშვნელოვანი მომწოდებლები. ალბათ ეს ფაქტი უზარმაზარი დარტყმა იქნებოდა კომპაანიისათვის, რომ მის სათავეში არ ყოფილიყო ინგვარი. მისთვის ეს პრობლემა აღმოჩნდა ახალი გზების ძიების სტიმული. არ გჯერათ, რომ პრობლემებმა შეიძლება დადებითად იმოქმედოს ბიზნესზე? ადგილობრივი მეწარმეების უარმა ,,იკეა’’ მიიყვანა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებლამდე მსოფლიოში . სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს უკვე ,,იკეა’’ საერთაშორისო ბიზნესში ჩართვას იმპორტის ფორმით. მან დაიწყო ავეჯის დეტალების უმეტესი ნაწილების შესყიდვა პოლონეთში-გაიჩინა ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი. აღსანიშნავია ისიც, რომ არ ხდებოდა შეკვეთის დაყოვნება, ანუ მომარაგება დროულად მიმდინარეობდა.
– იმ ფაქტზე, რომ ინგვარი მუდმივად ცდილობდა პროდუქციისა და მომსახურების ხარისხისა თუ ფასების გაუმჯობესებაზე მიუთითებს ისიც, რომ ასაწყობი ავეჯის შემოღებით მან შეამცირა ტრანსპორტირების დანახარჯები, შესაბამისად პროდუქციის თვითღირებულება და ფასი. კომპანიაში დაინერგა პროდუქციის სახლში მიტანის სერვისი, შემდგომ კი, ფასების გაუმჯობესების მიზნით, იკეამ დაიწყო ასაწყობი ავეჯის წარმოება-გაცილებით მოსახერხებელი ტრანსპორტირებისათვის. დამფუძნებელს ეს იდეა გაუჩნდა სრულიად შემთხვევით – ერთხელ, როდესაც ინგვარმა მაგიდა შეიძინა, ვერ შეძლო მისი მანქანაში მოთავსება და ფეხები მოაჭრა ტრანპორტირების გასაადვილებლად. მან გადაწყვიტა, რომ შეექმნა ავეჯი, რომლის დაშლა-აწყობა მარტივად მოხდებოდა. ბევრი იდეა, რომელსაც ამჟამად იყენებს კომპანია დაიბადა იმის შედეგად, რომ ინგვარმა რაღაც ქუჩაში მოისმინა ან დაინახა საკუთარ მაღაზიაში.
– 1951 წელს გამოვიდა იკეას კატალოგი. ეს საკმაოდ ინოვაციური ნაბიჯი იყო, რადგან მომხმარებლისთვის უცხო გახლდათ ამ გზით ავეჯის შეძენა და ყველამ, ვინც კი ეს კატალოგი ერთხელ მაინც ნახა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაიმახსოვრა. ამას გარდა, მისი პრინციპის განსაკუთრებულობა მდგომარეობდა იმაში, რომ კატალოგში მოცემული ფასები არ უნდა მომატებულიყო ერთი წლის განმავლობაში. ეს ფაქტი მომხმარებლებში კომპანიის მიმართ სანდოობის გრძნობას იწვევდა.
– ინგვარმა ისიც კარგად გაიაზრა, თუ როგორი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესების თვალყურის დევნებას, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღმოჩენილი და დანერგილი სიახლეების გაცნობას და გათავისებას. სწორედ ამას უკავშირდებოდა მისი მოგზაურობა ამერიკაში 1952 წელს, სადაც გაეცნო მაღაზიების განლაგების სისტემას Cash & Carry, რომლის მიხედვითაც ისინი განლაგებულია ქალაქების გარეუბნებში, სადაც მიწის ფასი უფრო დაბალია. გარდა ამისა მაღაზიები უზარმაზარი საწყობის ფორმისაა. შედეგად გაიხსნა „იკეა“-ს ორი სავაჭრო მაღაზია.
– იმისათვის, რომ მომხმარებელთათვის კიდევ უფრო დიდი კომფორტი შეექმნა, დამღლელი სავაჭრო პროცესი შეემსუბუქებინა, „იკეა“-მ გააგრძელა დამატებითი სერვისების დახვეწა, რომლითაც მომხმარებლისთვის მოსახერხებელი იქნებოდა სავაჭრო ცენტრის დათვალიერება. 50-იან წლებში „იკეა“-ს მაღაზიებში გაჩნდა პატარა კაფეები, სადაც კლიენტებს შეეძლოთ დასვენება და დანაყრება.
– 1963 წელს კი, როდესაც კომპანია მიხვდა, რომ ადგილობრივი ბაზარი საკმაოდ გაჯერებული და ათვისებული იყო, შემოსავლების ზრდა რთულდებოდა და უკვე გააჩნდა საკმაო გამოცდილებაც ახალი ბაზრების ასათვისებლად, გადაწყვიტა საერთაშორისო ვაჭრობაში ჩაბმა. „იკეა“-ს მაღაზია გაიხსნა ნორვეგიაში, მოგვიანებით კი შვეიცარიაში.
– ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ „იკეა“-ს აქვს ვებ-გვერდი, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს 10 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციაზე online-shopping -ი ნებისმიერ დროს შეუძლია. რა თქმა უნდა, ეს გარემოება ყიდვის პროცესს კიდევ უფრო ადვილს, მოქნილს ხდის და მომხმარებლებს დროისა და ენერგიის დაზოგვაში ეხმარება. ე.ი. „იკეა“-ს კომპანია ფეხს უწყობს თანამედროვე გამოწვევებსა და სიახლეებს.
– იკეას ყველა მაღაზია შვედეთის გარეთ შეღებილია ყვითელ-ლურჯ ფერებში. სალაროების გვერდზე მოთავსებულია განყოფილებები, სადაც იყიდება შვედური ნაციონალური საჭმელი. ე. ი. მართალია კომპანია მსოფლიოს არაერთ ბაზარზეა, მაგრამ არ ივიწყებს თავის ეროვნულ კულტურასა და ტრადიციებს და ბოლომდე მათი ერთგული რჩება.
სწორედ ამ უზარმაზარი გამოცდილების, სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვის გრძელი გზის გავლის შემდეგ , იკეა, რომლის მაღაზიებიც ყოველდღე ათასობით მომხმარებელს ემსახურება 49 ქვეყანაში, დღეს ლიდერია ავეჯის მწარმოებელ კომპანიათა შორის.
გამოყენებული ლიტერატურა
1. ჯონ დ. დენიელსის, ლი ჰ. რედებოგის, დენიელ პ. სალივანის წიგნის ,, საერთაშორისო ბიზნესი’’ გარესამყარო და ოპერაციები, ინგლისური მე-14 გამოცემის ავტორიზებული თარგმანი.
2. საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი-IKEA-ბრენდის წარმოშობა და განვითარება
3. Business Press News (BPN)
4. Marketing Directo-www.marketingdirecto.com
5. Ingvar Kamprad Biography: Success Story of IKEA Founder. Astrum People website