ეკონომიკური ზრდის როლი ქვეყნის განვითარებაში
ნათია ხვთისიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
Khvtisiashvilin99@gmail.com
ანოტაცია
მოცემულ თემაში ვეცადე აქცენტი გამეკეთებინა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობაზე და მის როლზე ქვეყნის გავითარებაში. ზრდა არის მაკროეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი ძირითადი ცნება, რომელსაც იყენებენ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის პოზიტიური ცვლილებების გამოსახატავად. ის ქვეყნის განვითარებულობას უსვამს ხაზს. იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში მოსახლეობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ახალშექმნილი სიმდიდრე, ეკონომიკური ზრდა რეალურად არ მოხდება, ვერ უზრუნველყოფს პროგრესს. გარდა ამისა, განვიხილე ეკ. ზრდის ტიპები, ზრდის საერთაშორისო გავლენები და საქართველოში არსებული მდგომარეობა ეკონომიკური ზრდის მხრივ. ფაქტია, უნდა განისაზღვროს ის დეტერმინანტები რომლებიც ეკ. ზრდას ასტიმულირებენ და მოხდეს მათი დანერგვა ეკონომიკურ საქმიანობაში. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ერთ-ერთი ასეთი დეტერმინანტია მრეწველობა და ვფიქრობ, რომ მის განვითარებას შეუძლია ძალიან ბევრი ეკონომიკური პრობლემის მოგვარება.
Annotation
In this topic I tried to focus on the importance of economic growth and its role in the development of the country. Growth is one of the key concepts of macroeconomic theory used to depict positive changes in the country’s economic situation. It highlights the country’s development. Unless the country’s population grows faster than newly created wealth, economic growth will not actually materialize, and it will not make progress. In addition, I discussed the types of economic growth, international impacts of growth, and the state of economic growth in Georgia. In fact, the determinants that stimulate economic growth should be identified and implemented in economic activity. It is my subjective opinion that one of these determinants is industry and I think its development can solve many economic problems.
ეკონომისტები ფიქრობენ იმის შესახებ, თუ რატომაა ზოგიერთი ქვეყანა მდიდარი, ზოგიერთი ღარიბი. 1776 წელს ადამ სმიტის ნაშრომის „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ გამოქვეყნებიდან, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ეკონომიკური ზრდის აფეთქებებს, განსხვავებით, მსოფლიოს წინა პერიოდის მთელი ისტორიისგან. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ახლა მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებად მოიაზრებიან, ცხოვრების დონე სრულებით ტრანსფორმირებულია. თუმცა 2000 წლის განმავლობაში ამ ქვეყნებში ცხოვრების დონეები თითქმის არ იცვლებოდა.უმდიდრეს ქვეყნებში შემოსავლები მოსახლეობის ერთ სულზე, სულ მცირე 10-ჯერ მეტია, ვიდრე 200 წლის წინათ.მაგრამ შემოსავლების ზრდა თანაბარი არ ყოფილა. ისეთ ქვეყნებში, სადაც პირველად დაიწყეს შემოსავლების ზრდა, მათ შორის, დასავლეთ ევროპის ნაწილს, აშშ-სა და კანადაში, მატება შედარებით ნელა მიდიოდა.მაგრამ, ორი საუკუნის განმავლობაში გეომეტრიული პროგრესიით ზრდამ განაპირობა ის, რომ ისინი პასუხისმგებლები გახდნენ ცხოვრების დონეებში ცვლილებებზე. ისეთმა ქვეყანამ, როგორიცაა იაპონია, ზრდა გვიან დაიწყო, მაგრამ იზრდებოდა უფრო სწრაფად, ვიდრე ისინი, რომლებმაც პირველებმა დაიწყეს მატება.იაპონია დაეწია მათ შემოსავლების მხრივ მე-20 საუკუნის ბოლოსათვის.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიო შემოსავლების საშუალო ზრდის ტემპი გაიზარდა და როგორც ვირუსი ისე გავრცელდა პლანეტის უდიდეს ნაწილზე. მსოფლიო მოსახლეობის 72% ცხოვრობს იმ ქვეყნებში, სადაც 1960-2000 წლებში მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლები 4-ჯერ და უფრო მეტად გაიზარდა. მაგრამ, თვით ამ პერიოდშიც კი, მსოფლიოს ზოგიერთი ნაწილი არ გაზრდილა.მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით ცენტრალურ აფრიკაში, მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლები ამ 40 წლის განმავლობაში შემცირდა.
ზრდის არათანაბარმა განაწილებამ, მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის არსებულ შემოსავლებში ქვეყანათაშორისი უზარმაზარი დიფერენციაცია გამოიწვია. სინამდვილეში, ქვეყნებს შორის ცხოვრების დონეებში განსხვავებები ჩრდილავს იმას, რაც სმიტის გამოკვლევის შთაგონების წყარო იყო. ქვეყნებს შორის ეს უთანაბრობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის შიგნით არსებული უთანაბრობა მსოფლიო უთანაბრობაში წვლილის თვალსაზრისით.
შემოსავლების არათანაბარზომიერი განაწილება ქვეყნებს შორის, შესაძლოა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტია მსოფლიოში. უთანაბრობის ასეთი მაღალი დონე გავლენას ახდენს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაზე, გარემოს დაცვაზე და ჯანმრთელობაზე. მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის არსებული გარღვევის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ ის გვთავაზობს სიღარიბის შემსუბუქების პოტენციალს. ის ფაქტი, რომ მრავალი ქვეყანა წარმოიშვა სიღარიბიდან – აშშ მე-19 საუკუნის დასწყისი და სამხრეთ კორეა მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან – დამაიმედებელი ნიშანია მილიარდობით ადამიანისათვის, რომლებიც გაჭირვებულ მდგომარეობაში რჩებიან. მართლაც, მიუხედავად მსოფლიოში დღეს არსებული ყველა ეკონომიკური პრობლემისა, ჩვენ განვიცდით პლანეტის ისტორიაში სიღარიბის შემცირების ყველაზე დიდ პერიოდს.
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის გარღვევა და ქვეყნების დივერგენციული გამოცდილება, რომლებიც სწრაფად იზრდებოდნენ და რომლებიც განიცდიდნენ სტაგნაციას, ეკონომისტებისათვის გამოცანათა მთელი წყებაა.რა ფაქტორები განსაზღვრავენ აყვავებულ ქვეყნებს? შეგვიძლია თუ არა მივუთითოთ კონკრეტულ ეკონომიკურ პრინციპებზე? არსებობს თუ არა ქვეყნების კონკრეტული მახასიათებლები, რომლებიც განსაზღვრავენ ეკონომიკურ ბედ-იღბალს? არის თუ არა აყვავება გამართლების შედეგი? როგორც ნობელის პრემიის ლაურეატმა, ეკონომისტმა რობერტ ლუკასმა დაწერა, „ადამიანური კეთილდღეობის შედეგები, რომლებიც ჩართულია ამის მსგავს კითხვებში, უბრალოდ არამდგრადია: როგორც კი თითოეული იწყებს მასზე ფიქრს, ძალიან რთულია კიდევ სხვა რამეზე იფიქრო“. (Wells)
ეკონომიკური ზრდა მაკროეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი ძირითადი ცნებაა, რომელსაც იყენებენ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის პოზიტიური ცვლილებების გამოსახატავად. ეკონომიკურ ზრდაში იგულისხმება ეკონომიკის რაოდენობრივი ზრდა, ქვეყნის დოვლათის მოცულობისა და საწარმოო პოტენციალის გადიდება. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლად გამოიყენება რეალური მშპ-ის ზრდის წლიური ტემპი. უფრო ზუსტად მას ასახავს ქვეყანაში მოსახლეობის ერთ სულზე შექმნილი დოვლათის მოცულობის გადიდება. შესაძლებელია გაიზარდოს მშპ, მაგრამ ქვეყნის სიმდიდრე არ გადიდდეს ან, პირიქით, – შემცირდეს კიდეც, თუ ახლად შექმნილი სიმდიდრე არ გადააჭარბებს ბუნებრივი პროცესით ან სხვა მიზეზით მწყობრიდან გამოსული დოვლათის მოცულობას. იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში მოსახლეობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ახალშექმნილი სიმდიდრე, ეკონომიკური ზრდა რეალურად არ მოხდება, ვერ უზრუნველყოფს პროგრესს.
ეკონომიკური ზრდის ცნება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში აისახება ეკონომიკური განვითარების ხასიათი. მთავარია მისი კავშირი მოსახლეობის ცხოვრების დონესთან. ეკონომიკურმა ზრდამ უნდა უზრუნველყოს ხალხის კეთილდღეობის ამაღლება, რაც გამოიხატება ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის სიმდიდრის მოცულობის გადიდებით.
ეკონომიკური ზრდა, თავისი ხასიათითა და ფაქტორებით, არაერთგვაროვანი, რთული პროცესია. იგი მერყევია და დაკავშირებულია ეკონ. დინამიკის ციკლურობასთან და არაციკლურ ცვლილებებთან. ეკონომიკური დინამიკა არ არის მხოლოდ აღმავალი პროცესი. მისი ტემპები შეიძლება იყოს ნულოვანიცა და უარყოფითიც ანუ კლებადი. ძირითადი კანონზომიერება არის ზრდის ტენდენცია, რაც ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ერთ-ერთი პირობაა.
ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია, ერთი მხრივ, წარმოების ფაქტორების რაოდენობის გადიდებაზე, მეორე მხრივ, ეკონომიკურ განვითარებაზე, ამ ფაქტორების თვისებრივ გაუმჯობესებაზე. ეკონომიკური ზრდის გადამწყვეტი პირობა უფრო მეტად თვისებრივი და არამატერიალური ფაქტორებია, რომლებიც ნაკლები დანახარჯებით ან სულაც უდანახარჯოდ ზრდიან ეკონომიკურ დოვლათს (სიმდიდრეს).
ეკონომიკური ზრდის ტიპები
თანამედროვე ეკონომიკაში განარჩევენ ეკონომიკური ზრდის ოთხ ტიპს: თანაბარი ზრდა (აშშ და ევროპის ქვეყნები); სასწაულებრივი ზრდა (იაპონია, სამხრეთი კორეა..); ტრაგიკული ზრდა (აფრიკის რამდენიმე ქვეყანა) და ეკონომიკური ზრდის არარსებობა (ზიმბაბვე)
ფაქტორებთან მიმართებით არსებობს ეკონომიკური ზრდის ორი გზა: ექსტენსიური და ინტენსიური, რომლებიც აბსტრაქტული თეორიული მოდელებია, ხოლო პრაქტიკაში, როგორც წესი, შერწყმულად თანაარსებობენ.
სწრაფი ეკონომიკური ზრდა – თეორიული არგუმენტები
სწრაფად მზარდი ეკონომიკების საერთო მახასიათებელი აქტიური სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით ეკონომიკის დივერსიფიცირების ხელშეწყობაა. საყურადღებოა, აღნიშნულის თეორიული არგუმენტებით ახსნა.
როდრიკის (Rodrik, 2013) მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ორ საფუძველს შეიძლება დაეყრდნოს (თუ გამოვრიცხავთ ბუნებრივ რესურსებს). პირველი – ფუნდამენტური შესაძლებლობების ჯამური აკუმულირებაა. ასეთ დროს ვითარდება ადამიანური და ფიზიკური კაპიტალი, ასევე, ინსტიტუტები და ინფრასტრუქტურა. ყოველივე ეს ნელი და ხარჯიანი პროცესია. სხვადასხვა ფაქტორი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და მათი სრული გამოვლენა მაშინ ხდება, როდესაც ისინი უკვე საკმარისად დაგროვდება. მეორე საფუძველს სტრუქტურული ტრანსფორმაცია წარმოადგენს, რომლის დროსაც ახალი მაღალპროდუქტიული დარგების შექმნა და სამუშაო ძალის დაბალპროდუქტიულიდან მაღალპროდუქტიულ აქტივობაში გადაყვანა ხდება (Romer). აღნიშნული შედარებით სწრაფი პროცესია და ყველა ე.წ. „ეკონომიკური სასწაული“ სტრუქტურული ტრანსფორმაციის შედეგია, როდესაც ზრდა დაბალი ფუნდამენტური შესაძლებლობების პირობებში ხდება. თუ ეკონომიკური ზრდის პირველ საფუძველს საკმაოდ ფართო და ყოვლისმომცველი ინვესტირება სჭირდება, სტრუქტურული ტრანსფორმაციის შემთხვევაში საჭიროა უფრო მცირე, მაგრამ მიზნობრივი ინვესტიციები. სტრუქტურული ტრანსფორმაცია იმ ფუნდამენტური ფაქტორების სისუსტის კომპენსაციას ახდენს, რაც განვითარებადი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. ეკონომიკის განვითარებასთან ერთად განსხვავება აღნიშნულ ორ გზას შორის ქრება და ეკონომიკური ზრდისთვის ფუნდამენტური ფაქტორი ხდება განმსაზღვრელი. საბოლოოდ, ეკონომიკური განვითარების მაღალ ეტაპზე, თუ ფუნდამეტური ფაქტორების აკუმულირება არ მოხდა, მხოლოდ სტრუქტურული ტრანსფორმაციით ზრდა ვეღარ მიიღწევა. თავის მხრივ, ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაციის მიღწევაში სახელმწიფოს ჩარევის წინაპირობა „ბაზრის ჩავარდნის“ არსებობაა. როდრიკის (Rodrik, 2004) თანახმად, ინტერვენციის არგუმენტები პირობითად შემდეგ ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ:
• ხარჯების სტრუქტურის იდენტიფიკაციის პრობლემა თავისუფალი ბაზრის მიერ;
• კოორდინაციის პრობლემის გადაჭრა, რასაც ასევე, როგორც წესი, ვერ ახერხებს თავისუფალი ბაზარი.
(ნადარაია)
რატომ გვჭირდება ეკონომიკური ზრდა?
ქვეყნის მოსახლოების შემოსავლების ძირითადი წყარო არის მისი ეკონომიკა. შესაბამისად, ეკონომიკის ზრდა არის ერთადერთი საიმედო და მდგრადი გზა, რომ ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდოს. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა ვაწარმოოთ გაცილებით მეტი პროდუქცია და გავწიოთ გაცილებით მეტი მომსახურება, რომ ერი მდიდარი იყოს. შესაძლოა ერთჯერადად სხვა ქვეყნები დაგვეხმარონ, მოსახლეობის ნაწილი ემიგრაციაში წავიდეს და გადმოგვირიცხოს თანხა (როგორც ხდება კიდეც), მაგრამ ამით ქვეყნის ეკონომიკა არ განვითარდება და არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც ემიგრანტების გადმორიცხული თანხით გამდიდრდა. პირიქით, ემიგრაცია სამუშაო ძალის გადინებას ნიშნავს და დემოგრაფიულ პრობლემებთან ერთად, შრომისუნარიანი მოსახლეობის წილს ამცირებს.
გაზრდილი ეკონომიკა ბევრ ფულს მისცემს მთავრობასაც და ექნება საშუალება, უფრო სწრაფად გაზარდოს ხელფასები, პენსია, ჯანდაცვისა და განათლების დაფინანსება და ა.შ.
(ნამჩავაძე)
ეკონომიკური განვითარება
ეკონომიკის სრულყოფა, მისი ახალ თვისებრიობაში გადასვლა. ეკონომიკის, სამრეწველო ძალების, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ცხოვრების დონისა და ცხოვრების ხარისხობრივი და კაპიტალის ხარისხობრივი და სტრუქტურული დადებითი ცვლილებების გაფართოება.
ცნება ეკონომიკური განვითარება პრაქტიკაში ხშირად გაიგივებულია ცნებასთან „ეკონომიკური ზრდა“, რაც ნიშნავს ეკონომიკური მასშტაბების რაოდენობრივ გადიდებას. ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის სიღრმისეული კავშირი არსებობს. ეკონომიური ზრდა განვითარების ერთ-ერთი არსებითი ფაქტორია, ხოლო, თავის მხრივ, ეკონომიკური განვითარება ქმნის ეკონომიკის რაოდენობრივი ზრდის განუსაზღვრელ პირობებს. თუმცა ეკონომიკური ზრდა შესაძლებელია ეკონომიკური განვითარების გარეშეც, მაგ., მაშინ, როდესაც წარმოების ფაქტორები ექსტენსიურად იზრდება. ეკონომიკური განვითარების არსებობაც შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის გარეშე, მ. შ. ეკონომიკური დაქვეითების პირობებშიც. ეკონომიკური განვითარება ნებისმიერი ეკონომიკური წყობისა და ნებისმიერი განვითარების დონის მქონე ქვეყნების თანმხლები მოვლენაა. მნიშვნელოვნად განსხვავებულია მხოლოდ მისი მიზნები და ამოცანები. ეკონომიკურ განვითარებას, საბოლოო ანგარიშით, უნდა მოჰყვეს საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლება, რაც გამოიხატება არა მხოლოდ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდით, არამედ მოსახლეობის ფენებს შორის შემოსავლების თანდათან გათანაბრებით.
ეკონომიკური განვითარების რაოდენობრივი გაზომვის მიზნით ერთმანეთისაგან განასხვავებენ ეკნომიკური განვითარების ეკონომიკურ (მთლიანი შიდა პროდუქტი, სიღარიბის დონე, ჯინის კოეფიციენტი და სხვ.), სოციალურ (ადამიანის განვითარების ინდექსი, საშუალო და უმაღლესი განათლების დონის ხარისხი, დასაქმების დონე, გაზეთების რაოდენობა, ელექტროენერგიისა და სხვათა მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, შობადობის საერთო კოეფიციენტი, დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარე და სხვ.) და თვისებრივი ცვლილებების (საკუთრების ფორმების ცვლილება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, საწარმოთა რესტრუქტურიზაცია, საწარმოთა პრივატიზება, საწარმოთა რეკონსტრუქცია-გადაიარაღება, ინსტიტუციური ცვლილებები, ინოვაციებზე გაწეული ინვესტიციების ხვედრითი წილი ინვესტიციების საერთო რაოდენობაში, მეცნიერულ განვითარებაზე გაწეული დანახარჯების ხვედრითი წილი მთლიან ეროვნულ პროდუქტში, განათლების დონე და სხვ.) გამომხატველ მაჩვენებლებს. (ნადარაია)
ეკონომიკური ზრდა საქართველოში
საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროცესი წინააღმდეგობრივად მიმდინარეობს. XX საუკუნეში, საბჭოთა პერიოდის გარკვეულ ეტაპზე, მიღწეული იყო ეკონომიკური განვითარების შთამბეჭდავი წარმატებები. შეიქმნა განვითარებული მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, მშენებლობა, მომსახურება და სხვა. XX საუკუნის 90-იან წლებში სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაციის, სამოქალაქო უთანხმოებათა და კონფლიქტების შედეგად გამოწვეულმა ღრმა ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოში ეკონომიკური ზრდა არა მარტო შეაჩერა, არამედ ეკონომიკა მკვეთრად დააქვეითა, რაც 1995 წლამდე გაგრძელდა. 1995 წლიდან დაიწყო ეკონომიკის ნელი გამოცოცხლება.
შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპების სტატისტიკა წლების მიხედვით, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებიდან გამომდინარე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2011 წელს _ 7.4%, შემდეგ დაიწყო კლება და 2016 წელს გვქონდა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი _ 2.9%, ამის შემდგომ დაიწყო ზრდა და დასტაბილურდა 2017-18 წლებში _ 4.8% , რასაც დღესაც ინარჩუნებს. (geo)
2019 წელს მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა გახლდათ მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილება. საქსტატი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაანგარიშების ახალ მეთოდოლოგიაზე გადავიდა, რის შედეგადაც მთლიანი შიდა პროდუქტი 3.5 მლრდ ლარით გაიზარდა. თუ 2018 წელს ძველი მეთოდოლოგიით დათვლილი ნომინალური მშპ 41.1 მლრდ ლარს შეადგენდა, ახალი მეთოდოლოგიით გადაანგარიშების შემდეგ 44.6 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ანუ მოხდა მთლიანი შიდა პროდუქტის დონის 8.6%-ით მატება. შესაბამისად, გაიზარდა მშპ ერთ მოსახლეზე. ერთ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობა 4 345,5 აშშ დოლარიდან გაიზარდა 4 722,0 აშშ დოლარამდე. ასევე მოხდა დინამიკური მწკრივის მაჩვენებლების ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად დაკორექტირება, რამაც გამოიწვია, როგორც 2018-ის ისე წინა წლების მშპ-ის ზრდა და რის გამოც 2018 წელს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 4.8% (4.7% ძველი მეთოდოლოგიის მიხედვით).მშპ-ის გამოთვლა ხდება ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მიხედვით (ეას).
მშპ-ის მოცულობის ზრდაზე გავლენა იქონია ორმა ფაქტორმა:
1. მეთოდოლოგიურმა ცვლილებამ (3%-იანი გავლენა მთლიან ზრდაზე)
2. სტატისტიკური წყაროს გაუმჯობესებამ (5,6%-იანი გავლენა მთლიან ზრდაზე), რაც გულისხმობს ეკონომიკური სექტორების დეტალიზებულ დაკვირვებასა და დაუკვირვებადი ეკონომიკის სექტორების კვლევის მონაცემების მოპოვებას. (BUS)
ზრდის საერთაშორისო გავლენები
ეკონომიკური ზრდა დანარჩენ მსოფლიოში კარგია თუ ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის? ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყანა ვაჭრობაში ჩაბმული მსოფლიო ეკონომიკის ნაწილია, ზრდის თუ ამცირებს ეკონომიკური ზრდის სარგებელს? თითოეულ შემთხვევაში პასუხი დამოკიდებულია ზრდის მიმართულებაზე. ექსპორტზე ორიენტირებული ზრდა დანარჩენ მსოფლიოში ჩვენთვის კარგია, რადგან ის აუმჯობესებს ჩვენი ვაჭრობის პირობებს, ხოლო იმპორტზე ორიენტირებული ზრდა საზღვარგარეთ აუარესებს ჩვენი ვაჭრობის პირობებს. ჩვენს ქვეყანაში ექსპორტზე ორიენტირებული ზრდა აუარესებს ჩვენი ვაჭრობის პირობებს, რაც ეკონომიკური ზრდის უშუალო სარგებელს ამცირებს, ხოლო იმპორტზე ორიენტირებული ზრდა იწვევს ჩვენი ვაჭრობის პირობების გაუმჯობესებას, რაც დამატებითი სარგებელია. (melitz)
დასკვნა
ამრიგად, ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია და საკმაოდ მგრძნობიარეა გარე ფაქტორების მიმართ, ეს შეიძლება იყოს შემოსავლების არათანაბარი განაწილება, არასამშვიდობო ურთიერთობა ქვეყნებს შორის მაგ: ომი და სხვა კომფლიქტური სიტუაციები.ასევე ეკ.ზრდაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს მოსახლეობის რიცხოვნობა რადგან მოსახლეობის უმეტესობა უნდა წარმოადგენდეს სამუშაო ძალას რომელმაც მშპ-ში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს, თუმცა მეორეს მხრივ იმ ქვეყნებს რომელთაც შობადობა ჯერ კიდევ მაღალი აქვთ,შობადობის კლებამ შესაძლოა GDP ერთ სულზე აუმაღლოს კიდეც. აღსანიშნავია კაპიტალის როლიც, რაც უფრო მეტი რესურსი აქვს ქვეყანას მით მეტის წარმოება და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერება შეუძლია და ასე ძალიან ბევრი ფაქტორის განხილვა შეგვიძლია, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ეკ. ზრდასთან, თუმცა ფაქტი ერთია, ის მცენარე რომელიც უკეთეს პირობებშია უფრო მალე გაიხარებს და მეტ ნაყოფს მოგვცემს. ასე ხდება ეკონომიკაშიც აუცილებელია ხელშეწყობა და ეკ. ზრდაზე დადებითად მოქმედი ფაქტორების სტიმულირება.
გამოყენებული ლიტერატურა
melitz, k. o. (n.d.). International Economics.
Wells, D. A. (n.d.). Economic Growth.
wikipedia. (n.d.).
ka.wikipedia.org
ნადარაია, ო. (n.d.). ეკონომიკური ზრდა და სტრუქტურული ტრანსფორმაცია.
www.nbg.gov.ge
ნამჩავაძე, ბ. (n.d.). რა არის და რატომ გვჭირდება ეკონომიკური ზრდა? www.helloblog.ge.
helloblog.ge
bm.ge
www.geostat.ge