სოციალური პოლიტიკა და მისი გამოწვევები საქართველოში
ავტორის სტილი დაცულია
ანი შანიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწფიო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
Ani.Shanidze105@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
სოციალური საკითხი ყოველთვის იყო აქტიური პოლემიკის საგანი. აგრეთვე ისიც, რომ სოციალური პრობლემები დღემდე რჩება მსოფლიო დონის პრობლემებად. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა სხვადასხვა ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, მათი უმეტესობა დღემდე გადაუჭრელად რჩება.ნაშრომში განხილულია სოციალური პოლიტიკა, მისი არსი, მიზნები, ფუნქციები და ინსტრუმენტები. ყურადღება გავამახვილე ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზე, ვინაიდან ამ მხრივ საქართველოში მწვავე მდგომარეობაა. ხაზი გავუსვი სოციალური პოლიტიკის სწორად გატარებას და განვიხილე საქართველოს პოლიტიკური კურსი ამ სფეროში.
Annotation
The social issue has always been the subject of active discussion. Also, social problems remain world-class problems to this day. Despite great efforts by various countries and international organizations, most of them remain unresolved to this day. This article discusses social policy, its essence, goals, functions and tools. I focused on our country’s situation, because, situation in Georgia is dire. I outlined the proper product of social policy and I discussed the political course of Georgia in this field.
სოციალური პოლიტიკა
თანამედროვე მსოფლიოში სოციალური პრობლემატიკა მზარდი აქტუალურობით გამოირჩევა სოციალური პოლიტიკა სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს განსაკუთრებით ითქმის სოციალური საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე, სადაც სოციალური განზომილება ყველაზე მაღალ რეგისტრშია აყვანილი და სადღეისოდ ამ სფეროს განვითარება განახლებისა და აღორძინების ცნებებთან ასოცირდება.
სოციალური სფერო ალბათ ყველაზე პრიორიტეტულია მსოფლიოში. მთავრობები დიდ თანხებს ხარჯავენ ბიუჯეტიდან სოციალური სფეროს დასაფინანსებლად.
სხვადასხვა მოსაზრებით სოციალურ პოლიტიკას არ გააჩნია რამე ერთიანი, კონკრეტული განმარტება. ის შეიძლება წარმოვადგინოთ, როგორც მიზნებისა და ინდიკატორების სისტემა მოსახლეობის ყველა ფენის კეთილდღეობის მისაღწევად, რომელიც მოიცავს სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას საზოგადოებრივი გაერთიანებების, სპეციალური ფონდების, მშრომელთა და დამსაქმებელთა ერთობლივი ძალისხმევით, საზოგადოების იდეალური იდეების გათვალისწინებით.[1]
ფიცპატრიკის განმარტებით, სოციალური პოლიტიკა არის პროცესი, რომელიც აძლიერებს კეთილდღეობას და ამცირებს „არაკეთილდღეობას“ (ფიცპატრიკი,2001). მისი აზრით, კეთილდღეობა უნდა განვიხილოთ შემდეგი ექსვის პერსპექტივიდან: ბედნიერება, უსაფრთხოება, საჭიროება, დამსახურება, უპირატესობები და შედარებითობა.
თუმცა, ყველაზე სრულყოფილად სოციალური პოლიტიკის არსი ასე ჟღერს: სოციალური პოლიტიკა – ესაა სახელმწიფოს, საწარმოების, ორგანიზაციების, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების სოციალურ-ეკონომიკურ ღონისძიებათა კომპლექსი, მიმართული მოქალაქეთა მატერიალური უზრუნველყოფის დაცვისა და შესაძლებლობების გათანაბრებისაკენ შემოსავლების, საცხოვრებელი პირობების, ჯანდაცვის, განათლებისა და პროფესიონალურ სფეროებში (Meyers Universallexikon. Meyers Lexikonverlag. Mannheim. 2007.) [7]
სოციალური პოლიტიკის მიზნები და მოდელები
სოციალური პოლიტიკის გატარების ძირითად მიზნებს წარმოადგენს:
- ფასების ზრდისას ცხოვრების დონის დაცვა, კომპენსაციის განსხვავებული ფორმების შემოღებითა და ინდექსაციის განხორციელებით.
- ყველაზე ღარიბი ოჯახების დახმარებით უზრუნველყოფა.
- უმუშევრობის შემთხვევაში შემწეობების გაცემა.
- სოციალური დაზღვევის პოლიტიკის უზრუნველყოფა, დასაქმებულთათვის მინიმალური ხელფასის განსაზღვრა.
- განათლებისა და ჯანდაცვის სფეროთა განვითარება უპირატესად სახელმწიფოს ხარჯზე.
- აქტიური პოლიტიკის გატარება მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად.
რასაკვირველია, ამ მიზნების განხორციელებისთვის, რომელიც მთავრობას აკისრია, იქმნება გარკვეული სახის მოდელები. დანიელი მეცნიერი ესპინგ-ანდერსენი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იკვლევს მაღალი კეთილდღეობის მქონე საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების სოციალურ პოლიტიკას. 1990 წლისთვის მან ჩამოაყალიბა სოციალური დაცვის სამი ძირითადი მოდელი ( საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოთა ტიპოლოგიები). ესენია:
- კონტინენტალურ-ევროპული ანუ კონსერვატიული
- სკანდინავიური ანუ სოციალურ-დემოკრატიული
- ლიბერეალური
კონტინენტალურ-ევროპული ანუ კონსერვატიული ქვეყნები (გერმანია, ჰოლანდია, საფრანგეთი, იტალია, ავსტრია) სოციალური ქსელის პირველ შემადგენელ ნაწილად სოციალურ დაზღვევას განიხილავენ. მეორე სოციალურ ქსელს წარმოადგენს სოციალური უზრუნველყოფის სისტემა, რომელსაც ქმნის ოჯახი და მასთან დაკავშირებული საგადასახადო და ტრანსფერტული სისტემა ერთობლიობაში. მესამე ქსელი კი სოციალურად უზრუნველყოფის სათანადო მომსახურების ბაზისის შექმნას გულისხმობს.
მოცემული მოდელი დაზღვევის ეფექტიანი სისტემის მეშვეობით, უზრუნველყოფს ადამიანთა დაცვას ძირითადი რისკებისგან დასაქმების ასაკში. ეს სისტემა ფინანსდება ხელფასებზე დაფუძნებული სოციალური ანარიცხებიდან და მისი უზრუნველყოფა ხდება ადრე გამომუშავებული შემოსავლების საფუძველზე.
სკანდინავიური, უნივერსალური სოციალური მოდელის მქონე ქვეყნებში (დანია, შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი) სახელმწიფო, პირიქით, ცდილობს მაღალი გადასახადების დაწესებით ყველა მოქალაქისთვის შექმნას ერთნაირად მაღალი შემოსავლების მიღებისა და სოციალურ სისტემაში თანაბარი მონაწილეობის პირობები.ეს სისტემა ფინანსდება გადასახადებიდან და უნივერსალურად გაიცემა, ანუ არ არის დამოკიდებული ადრე შესრულებულ სამუშაოზე.
ლიბერალური, ანუ ანგლოსაქსური მოდელი (დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, ავსტრალია) პირველ რიგში, საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული. საარსებო მინიმუმის დაფინანსება უპირატესად გადასახადებიდან ხდება, ტრანსფერტული გადარიცხვები კი, საჭიროებაზე მოწმდება და მხოლოდ ამის მიხედვით ნაწილდება.
[„კეთილდღეობის ეკონომიკა“ (ი.გაგნიძე, 2015,თსუ, თბილისი)]
აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ სოციალური პოლიტიკის უმთავრეს გამტარებელს და მის ე.წ. „მთავარ მამოძრავებელ მექანიზმს“ სახელმწიფო წამოადგენს. აქ თავს იჩენს ისეთი ცნებაა, როგორიცაა სოციალური კეთილდღეობა. სოციალური კეთილდღეობისთვის მთავარი მიზანია ,რომ მოხდეს მოსახლეობისათვის საყოველთაო კეთილდღეობის შექმნა, ნებისმიერი მოქალაქისათვის ცხოვრებისა და განვითარების ღირეული პირობებით უზრუნველყოფა. მთავარი ორიენტირი უნდა იყოს მოქალაზე,რომლის კეთილდღეობა და სოციალური დაცულობა უზრუნველყოფილი უნდა იქნას სახელმწიფოს მხრიდან და მეორეს მხრივ,საზოგადოებაზეც,რომელიც ამ ინდივიდების ერთობლიობაა და რომელშიც თითოეულ მოქალაქეს პასუხისმგებლობები გააჩნია საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ. ნებისმიერი ქვეყნის სოციალური დაცვის შინაარს და მისდამი მიდგომებს შემდეგი ფაქტორები განაპირობებენ, როგორებიცაა: ისტორია, ტრადიციები, ფასეულობათა სისტემა, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა.
აქედან გამომდიანრე,სოციალური დაცვის სისტების შინაარსი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესაბამისად მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ზოგადად ტერმინი „სოციალური უსაფრთხოება“ გამოიყენება განვითარებულ ქვეყნებთან მიმართებაში და ის საზოგადოების მიერ მისი წევრების სოაციალური რისკებისაგან დაცვას გულისხმობს სოლიდარობის მექანიზმის გამოყენებით.
სოციალურ რისკებად შეიძლება ჩაითვალოს:
- შრომის უუნარობა
- სიბერე
- მარჩენალის დაკარგვა
- ჯანმრთელობის გაუარესება
- უმუშევრობა
- საწარმოო ტრამვები/პროფესიული დაავადებები
- შვილების გაზრდის ხარჯები
- გაჭირვება
სოციალური პოლიტიკის ინსტრუმენტები
სოციალური პოლიტიკის მთავარ ინსტრუმენტებად განიხილება: უფლებები და ფული.
სოციალური სახელმწიფოს ყველა ინსტრუმენტიდან უფლებები ყველაზე უკეთ ახორციელებს მთავრობის მიერ ნაკისრ სოციალურად სამართლებრივი სახელმწიფო ვალდებულებას. ისინი ქმნიან საიმედოობას კანონ-აღმასრულებელი სოციალური მმართველობისთვის. პირველ რიგში, მოქალაქეებს უქმნიან საიმედოობის განცდას, რომ სოციალური შემწეობები შემთხვევით არ გაიცემა. აქ იგულისხმება, რომ სოციალური დაცვის სფეროში, ისევე, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის სხვა დანარჩენს სფეროებში, გამოიყენება ჩვეულებრივი კანონები, რაც სამართლებრივი ჩარჩოებით გათვალისწინებული ინდივიდუალური პრეტენციების დაკმაყოფილებას გულისხმობს.
ფულის საშუალებით სოციალური სახელმწიფო ცხოვრებაში ახორციელებს უფლებებს, რაც ფულადი გადარიცხვების ან ფულად ღირებულების მქონე მომსახურების სახით ვლინდება. სახელმწიფოს მიერ მის განკარგულებაში არსებული სახსრების შერჩევა ყველაზე რთული საქმეა, სხვა ამოცანებთან შედარებით. სახელმწიფომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – ფული აირჩიოს, თუ ნატურალური დახმარება, მთლიანი თანხა გადასცეს თუ მოთხოვნილებები დაუკმაყოფილოს? ამ ყველა გადაწყვეტილებას ახლავს რისკი. ამიტომ სტანდარტულად, სახელმწიფო ცდილობს მიმართოს ყველაზე იოლ გამოსავალს – ფულად გადარიცხვებს [7]
.სოციალური პოლიტიკა საქართველოში
საქართველოში სოციალური დაცვის პრობლემატიკა ბოლო ათლეულის განმავლობაში თავის აქტუალურობას არ კარგავს. პირიქით, სოციალური საკითხები სულ უფრო მეტ სიმწვავეს იძენენ, მთავრობის მიერ გადადგმული, ხშირად სრულიად გაუაზრებელი და მეცნიერულად დაუსაბუთებელი ნაბიჯების გამო.
ბოლო ათწლეულში საქართველოს ეკონომიკამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა, რაც განპირობებული იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებით, გაზრდილი საგარეო ვალებით და მიგრანტების გზავნილების დიდი მოცულობით. თუმცა, ამ ყველაფერს ემატებოდა საბანკო დაკრედიტების დიდი ზრდა, შედეგად კი ქვეყანაში შიდა მოთხოვნის ზრდას ჰქონდა ადგილი, რაც მეტწილად კმაყოფილდებოდა იმპორტის გაზრდის ხარჯზე. არ შექმნილა ახალი სამუშაო ადგილები. არ განხორციელებულა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანმდევი ახალი და მაღალტექნოლოგიური დარგების შექმნა და განვითარება, რამაც მნიშველოვნად შეაფერხა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრაცია გლობალური და რეგიონული თვალსაზრისით საგრძნობლად დაეცა.
ყურადღება მინდა გავამახვილო ისეთ საკითხზე, როგორიცაა სიღარიბე და უმუშევრობა, რადგანაც სწორედ ეს ორი არის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი სოციალური პოლიტიკის გატარებისთვის.
სიღარიბე – არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ან ოჯახი მოკლებულია თავისი ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას, უსახსრობის ან დაბალი შემოსავლის გამო. არსებობს აბსოლუტური და შედარდებითი სიღარიბე.
აბსოლუტუი სიღარიბე საბაზისო საჭიროებების არ ქონას გულისხმობს. ამაში იგულისხმება საცხოვრებელი, საკვები, წყალი და სხვა. რაც შეეხება ფარდობით სიღარიბეს, ის ნიშნავს იმ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი ვერ სარგებლობს ცხოვრების იმ მინიმალური დონით, რომელიც განსაზღვრულია მთავრობის მიერ და რომელიც განსხვავდება ქვეყნების მიხდედვით.
სიღარიბის შედარება დროსა და სივრცეში საკმაოდ რთული ამოცანაა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ საქართველოში სიღარიბის ეროვნული დეფინიცია და საარსებო მინიმუმის ზღვარი მუდმივად ივლება. ასევე ეს გამომდინარეობს იქიდანაც, რომ რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებს სიღარიბის საკუთარი დეფინიციები აქვთ. მაგრამ, მსოფლიო ბანკი პერიოდულად გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას მსოფლიოში არსებული სიღარიბის და სიღატაკის შესახებ.
მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უმუშევრობით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური შედეგები განიხილება ისეთ მნიშვნელოვან გლობალურ პრობლემებთან ერთად, როგორიცაა სიღარიბე და სოციალური სტაბილურობა. საქართველოში უმუშევრობა ყველაზე მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა და აქტუალური გამოწვევაა. იგი გვევლინება ქვეყანაში სიღარიბის განმაპირობებელ მთავარ ფაქტორად. უმუშევრობა მაღალია როგორც ქალაქად, ისე სოფლად.
უმუშევრობა, როგორც სოციალურ-ეკონომიკური მოვლენა ახასიათებს იმ დაუსაქმებელ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც შრომის ბაზარზე წონასწორობის მუდმივი რყევის შედეგად, მოკლებულნი არიან მუშაობის შესაძლებლობებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებიდან გამომდინარე, ადამიანი უმუშევრად რომ ჩაითვალოს, ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. იყოს ,,სამუშაოს გარეშე” ე.ი. არ გააჩნდეს ანაზღაურებადი სამუშაო გარკვეული დროის განმავლობაში;
2. ,,მზად იყოს მოცემულ მომენტში მუშაობისათვის” ე.ი. მზად იყოს იმუშაოს დაქირავებით ან თვითონ დასაქმდეს;
3. ,,ეძებდეს სამუშაოს” ე.ი. კონკრეტულ ღონისძიებებს ახორციელებდეს ანაზღაურებადი სამუშაოს მოსაძებნად.
უმუშევრობის შემდეგ ძირითად სახეებს გამოყოფენ: ფრიქციული, სტრუქტურული და ციკლური უმუშევრობა. [„დასაქმებისა და შრომის ბაზრის რეგულირება“(მ.ცარციძე,2017,თსუ,თბილისი)]
ფრიქციული უმუშევრობა-ესაა მოკლევადიანი უმუშევრობა, რომელიც წარმოიშობა მომუშავის ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე გადასვლისას, როცა იგი ,,ორ სამუშაოს” შორის მდგომარეობაში იმყოფება.
სტრუქტურული უმუშევრობა ფრიქციულისაგან განსხვავებით, დროში უფრო მეტ ხანს გრძელდება და განპირობებულია სამუშაო ადგილებისა და მომუშავეთა პროფესიულ-კვალიფიციურ სტრუქტურაში არსებული განსხვავებით.
ციკლური უმუშევრობა გამოწვეულია ეკონომიკური ციკლის იმ სტადიით, რომელიც ხასიათდება ერთობლივი დანახარჯების დაბალი დონით, როცა საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა მცირდება, მნიშვნელოვნად ეცემა წარმოებისა და დასაქმების დონე, იზრდება მომუშავეების გამოთავისუფლების მასშტაბები, შესაბამისად უმუშევრობის დონე მკვეთრად იზრდება.
რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, შეგვიძლია განვიხილოთ ქვემოთ მოცემული ცხრილი და განვსაზღვროთ ქვეყნის სოციალური მდგომარეობა და მისი ცვლილება ბოლო წლებში .
ნახაზი 1: უმუშევრობის დონე საქართველოში 2006-2019 წლებში
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/38/dasakmeba-da-umushevroba
შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმუშევრობის დონეს საქართველოში ახასიათებს კლების ტენდენცია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის გამოწვეული უშუალოდ უმუშევრობის დაძლევითა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნით. პირველ რიგში, ეს უშუალოდ, მოსახლეობის შემცირებით არის გამოწვეული და აგრეთვე იმ გარემოებით, რომ ბევრი მოქალაქე სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდის, რის გამოც უმუშევრობის დონე ხელოვნურად მცირდება.
კიდევ უფრო სიღრმისეულად შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს სოციალური პოლიტიკის ეს სფერო, თუ კი გავიგებთ, რომ უმუშევრობა, მიუხედავად თავისი ნეგატიური ზეგავლენისა, პოტენციალს აძლევს ქვეყანას. ამისთვის განვიხილოთ უმუშევრობის დადებითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები.
ცხრილი 1. უმუშევრობის დადებითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები
დადებითი სოციალური შედეგები | დადებითი ეკონომიკური შედეგები |
სამუშაო ადგილის სოციალური სტატუსის და დატვირთვის ამაღლებასამუშაო ადგილის არჩევანის თავისუფლებაშრომის სოციალური მნიშვნელობისა და როლის ამაღლება | სამუშაო ძალის რეზერვის შექმნა ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნებისთვისკონკურენციის ზრდა მომუშავეებს შორისშრომის მწარმოებლურობის ზრდის სტიმულირება |
წყარო: „დასაქმებისა და შრომის ბაზრის რეგულირება“(მ.ცარციძე,2017,თსუ,თბილისი)
დავუბრუნდეთ მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას – სიღარიბეს. განვიხილოთ საქართველოს მდგომარეობა ამ კუთხით.
ნახაზი 2. სიღარიბის აბსოლუტური დონე (%) საქართველოში 2004-2019 წლებში
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done
როგორც ვხედავთ, სიღარიბის დონეც ანალოგიურად მცირდება დროთა განმავლობაში. თუ 2004 წელს ეს მონაცემი 34.3%-ს შეადგენდა, 2019 წელს ის თითქმის განახევრდა და 19.5%-ს შეადგენს. აქ უნდა აღინიშნოს, პირველ რიგში ახალი სოციალური მოდელებისა და პროგრამების არსებობა, რომელთა შემოღებაში დიდი წვლილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიუძღვნის.
საინტერესოდ ჩავთვალე ხაზი გამესვა იმ გარემოებისადმი, რომ ქალაქში ცხოვრება უფრო კარგ პირობებს უკავშირდება ვიდრე სოფელში. აგრეთვე, ხშირია საკითხი იმის შესახებ, რომ სიღარიბემ არ იცის სქესი – ანუ, რომ როგორც კაცები, ასევე ქალები, ერთნაირად ღარიბები არიან. განვიხილოთ ქვემოთ მოცემული ცხრილი:
ცხრილი 2: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი(%) – დემოგრაფიულ ჭრილში 2010-2018 წლებში
წყარო: https://forbes.ge/news/6338
ცხრილის მონაცემებზე დაყრდნობით, ვასკვნით, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო სოფელს უფრო მეტად აწუხებს სიღარიბის პრობლემა, ხოლო სქესის თვალსაზრისით, სიღარიბემ, მართლაც არ არჩევს სქესს.
განვითარების ხედვა
საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, კერძოდ, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია („საქართველო 2020“), ეკონომიკურ ეფექტიანობასთან ერთად, ყურადღებას ამახვილებს სოციალური უსაფრთხოებისა და ოციალური სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრების მნიშვნელობაზე. მთავრობის სტრატეგიის ამ პრინციპების განმახორციელებენ ინსტრუმენტებად კი განიხილება უმუშევრობის შემცირება და მოსახლეობის უზრუნველყოფა ღირსეული მშრომის პირობებით, ასევე ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების, ჯანდაცვისა და საბაზისო სოციალური უზრუნველყოფის სისტემების ინკლუზიურობაზე ორიენტაცია. აქედან გამომიდნარე, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის მთავრობის მიზანია, ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ სამართლიანობას შორის ბალანსის მიღწევა და გზების გამოკვეთა, რომლებიც მიმართული იქნება არა მხოლოდ სიღრიბესთან ბრძოლისკენ, არამედ ქვეყანაში სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობისაკენ, მარგინალიზაციის პრევენციისა და სოციალური კეთილდღეობისაკენ [10].
დასკვნა
პირველ რიგში, აღვნიშნე ის, რომ სოციალური პოლიტიკა შეისწავლის ეკონომიკის ბევრ სფეროს, ყურადღებას ამახვილებს კაცობრიობის ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა უმუშევრობა, სიღარიბე, სოციალური დაცვა და ადამიანთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა. სახელმწიფო, რომელიც გამოდის მთელი მოსახლეობის ინტერესების წარმომადგენლად, ასრულებს მთავარ მარეგულირებელ ფუნქციას. სწორედ სახელმწიფოს ეფექტიან და მიზანმიმართულ ქმედებებზეა დამოკიდებული სოციალური პოლიტიკის შედეგი. განვიხილე აგრეთვე სოციალური პოლიტიკის რამდენიმე მოდელი, რომელიც მიუხედავად არსებითი განსხვავებისა ერთნაირ მიზანს ემსახურება. ჩვენი ქვეყნის მაგალითზე აღვწერე მდგომარეობა ამ კუთხით და ხაზი გავუსვი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს. ამრიგად, საქართველოს მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, რამდენად შორსაა სოციალური პოლიტიკა იდეალურობისგან და რომ, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, სოციალური პრობლემები იყო, არის და იქნება მსოფლიო დონის პრობლემები კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.
გამოყენებული ლიტერატურა
- „ეკონომიკური პოლიტიკა“ (რ.კლუმპი, 2015, თბილისი)
- „კეთილდღეობის ეკონომიკა“ (ი.გაგნიძე, 2015,თსუ, თბილისი)
- „დასაქმებისა და შრომის ბაზრის რეგულირება“(მ.ცარციძე,2017,თსუ,თბილისი)
- http://www.umo.msu.ru/russia_xxi_new/book/section0331.html
- https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_social_political/SWP%20BA%20savaldebulo.pdf?fbclid=IwAR0R0LFWfQPXUOui7NP_JFAYBCIEOp1YX-KapjT1Il5p3rjl_lAUd2ysKrU
- https://forbes.ge/news/6338
- https://www.tsu.ge/data/file_db/library/Disertacia-Gelitashvili.pdf?fbclid=IwAR00mwvQPSn8cfMf5-PaV4URRLi68htvN82DH0uf1LgGAFNY-LmNRS4F1jA
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/38/dasakmeba-da-umushevroba
- http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadFile/81368/Social_Str_geo?fbclid=IwAR1MS8I2BT–OWCrR0xKT5GUjGIt9E4TxYKNr-0aXDUJnbPiZfDoUCSLmko
- http://www.umo.msu.ru/russia_xxi_new/book/section0331.html