ეკონომიკური თავისუფლება საქართველოში

მარიამ გურჩიანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
III კურსის სტუდენტი
Gurchianimariami19@gmail.com

ანოტაცია
ამ სტატიაში განხილულია ეკონომიკური თავისუფლების ძირითადი არსი და მოკლე მიმოხილვა, მისი მნიშვნელობა და აქტუალობა. ყურადღება გამახვილებულია ეკონომიკური თავისუფლების ინდექსებზე და მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, პოზიციაზე ამ მაჩვენებლების მიხედვით. ასევე სტატიაში საუბარია ეკონომიკური თავისუფლების ძირითად პრობლემებზე საქართველოში, ბოლოდროინდელ წარმატებებსა და მოსალოდნელ მიღწევებზე ამ მიმართულებით.

Annotation
The following article is about the essence of Economic Freedom, its meaning and relevance. The main attention is devoted to its indexes and the scores of countries all around the world, including Georgia, ranked by the index of Economic Freedom. Additionally, we will discuss the problems referred to economic freedom in Georgia, recent success and expected achievements in this field.

რა არის ეკონომიკური თავისუფლება? ეკონომიკური თავისუფლება, თანამედროვე გაგებით, გულისხმობს ხელშეუხებელ კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული წარმოების, ვაჭრობის, დაგროვების, ინვესტირების, გამომუშავების და შექმნილის გამოყენების, თანამემამულეებთან ან უცხოელებთან ეკონომიკურ კონტაქტში შესვლის, ფასების დაწესების, კონტრაქტში მონაწილე პირთა ურთიერთთანხმობის შედეგად ნებისმიერი ფულადი ერთეულის გამოყენების თავისუფლებას.

ეკონომიკური თავისუფლება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. ეკონომიკურ თავისუფლებაში რეალურად იგულისხმება, თუ რამდენად ერევა მთავრობა ბიზნესის საქმიანობაში, ქვეყნის ეკონომიკის რა წილი მოდის სახელმწიფოს ფუნქციების შესრულებაზე და რამდენად კარგი სამართლებრივი გარემოა კეძო საკუთრების დაცვისთვის. სწორედ ეკონომიკურ თავისუფლებას უნდა უმადლოდეს მთელი სამყარო საქონელთა გაცვლისა დ ვაჭრობის განვითარებას, რომელმაც განაპირობა საერთაშორისო ურთიერთობები, შესაბამისად, სამყარო უფრო ერთიანი დ სრულფასოვანი გახდა. ცალკეული რადიკალური შემთხვევების გამოკლებით, დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკური ძალები თანხმდებიან იმაზე, რომ ეკონომიკური თავისუფლება ქვეყნისთვის კარგია. აღნიშნული ქვეყნები ეკონომიკური თავისუფლების მაღალ დონეს თავისუფლების შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმში მაღალი მაჩვენებლით აღწევენ.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსები და ქვეყნების რეიტინგები

ეკონომიკურ თავისუფლებას ორი ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაცია იკვლევს. ესენი არიან ფრეიზერის ინსტიტუტი (Fraser Institute) და ჰერიტაჯ ფაუნდეიშენი (Heritage Foundation). კვლევებზე დაყრდნობით, ისინი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსებს ადგენენ.ჰერიტაჯის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი შეფასების 12 კრიტერიუმს მოიცავს. თითოული კრიტერიუმის მაქსიმალური ქულაა 100. აღნიშნული 12 კრიტერიუმი 4 მთავარ ჯგუფში ერთიანდება. ესენია: კანონის უზენაესობა, შეზღუდული მთავრობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზრები.

Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავსუფლების ინდექსის“ 2019 წლის კვლევის მიხედვით საქართველომ წინ წელთან შედარებით რეგიონში პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა და ამ შედეგით ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის მე-8 პოზიციაზეა, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის კი მე-16 პოზიციაზეა ,,უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საერთო ქულა (75.9 ქულა) აღემატება როგორც რეგიოონის (68.6 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (60.8 ქულა).

2019 წლის ჰერიტაჯ ფაუნდეიშენის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს ქულები 12 კრიტერიუმის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
●საკუთრების უფლება – 65.9
●მთავრობის მთლიანობა – 58.5
●სასამართლოს ეფექტურობა – 54.6
●ბიზნესის თავისუფლება – 85.8
●შრომის ბაზრის თავისუფლება – 76.6
●მონეტარული თავისუფლება – 76
●მთავრობის დანახარჯები – 73.6
● საგადასახადო ტვირთი – 87.1
●ფისკალური მდგრადობა – 93.9
●ვაჭრობის თავისუფლება – 88.6
●ინვესტირების თავისუფლება – 80
●ფინანსური თავისუფლება – 70.

ამ 12 კომპონენტიდან საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესებულია 5 კომპონენტში: საკუთრების უფლება, მთავრობის დანახარჯები, საგადასახადო ტვირთი, ფისკალური მდგრადობა და ფინანსური თავისუფლება. 6 კრიტერიუმში საქართველოს სარეიტინგო ქულები გაუარესდა და ამან გამოიწვია 0.03 ქულით საქართველოს ჩამოქვეითება, თუმცა ამან გავლენა ვერ მოახდინა მთლიან სარეიტინგო ქულაზე და საქართველომ შეინარჩუნა ზემოთ აღნიშნული მე-16 ადგილი. საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: ლუქსემბურგი, შვედეთი, ფინეთი, გერმანია,ნორვეგია, ისრაელი, კორეა, იაპონია, ბულგარეთი, პოლონეთი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, იტალია და სხვა.[1]
ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, თავისუფალ ქვეყნებს შორის, სადაც შეფასების ქულა 100-დან 80-მდეა, შედის 6 ქვეყანა: ჰონგკონგი (90.2 ქულა) , სინგაპური (89.4 ქულა), ახალი ზელანდია (84.4 ქულა), შვეიცარია (81.9 ქულა), ავსტრალია (80.9 ქულა) და ირლანდია (80.5 ქულა). მოცემულ ქვეყნებს აქვთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი მთელს მსოფლიოში. ხოლო რაც შეეხება ყველაზე დაბალი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მქონე ქვეყნებს, ესენია: ირანი, ეგვიპტე, სირია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ანგოლა, სუდანი და სხვა.[2]

ხოლო რაც შეეხება ფრეიზერის ინსტიტუტის მიერ ამოქვეყნებულ ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშს, ამ მონაცემების მიხედვითაც საქართველოს პოზიცია გაუმჯობესებულია. დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ერთი საფეხურით გაიუმჯობესა მდგომარეობა და მეთორმეტე ადგილზე გადაინაცვლა. ანგარიშში მსოფლიოს 162 ქვეყანა სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით არის შეფასებული. ინდექსით 5 ძირითადი სფერო და 43 პარამეტრი იზომება, თითოეულ მათგანში ქვეყნებს 0-დან 10 ქულამდე ენიჭებათ. ჯამურად საქართველოს ქულა 7.94-ს შეადგენს, რაც 2018 წელს გამოქვეყნებულ ინდექსთან შედარებით 0.06 ქულით მეტია. ფრეიზერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის ინდექსი 2017 წლის მაჩვენებელს ზომავს, შესაბამისად 2018-2019 წლებში მომხდარი საკანონმდებლო და რეგულატორული ცვლილებები აღნიშნულ ინდექსში 2020 და 2021 წლებში აისახება.[3]

ეკონომიკური თავისუფლების პრობლემები და წარმატებები საქართველოში

საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება გარკვეული პრობლემებისა და წინააღმდეგობების წინაშე დგას, რაც ხელს უშლის მის დაწინაურებას და რეიტინგში უფრო მაღალი პოზოციის დაკავებას. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარკვეულ კრიტერიუმებშ აღინიშნება ქვეყნის დაწინაურება. ამ პრობლემებისა თუ წარმატებების გამოსავლენად ცალ-ცალკე განვიხილოთ საქართველოს ეკონომიკური თავისუფლება შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

● კანონის უზენაესობა

საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები და, შესაბამისად, ყველაზე ცუდი პოზიცია კანონის უზენაესობის კრიტერიუმებში აქვს. ზოგადად, კანონის უზენაესობა მოიცავს კორუფციისგან თავისუფლების კრიტერიუმებს და კერძო საკუთრების დაცვას. საკუთრების დაცვაში საქართველოს 65.9 ქულა აქვს, მართალია, 2010 წელთან (40 ქულა) შედარებით ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდა, თუმცა, მაინც დაბალ მაჩვენებლად ითვლება. თავად ჰერიტაჯი ასე განმარტავს: საკუთრების დაცვის მხრივ სასამართლო სისტემა არაეფექტიანია. საქმის განხილვა იმდენად გვიანდება, რომ სასამართლოსათვის მიმრთვისგან თავის შეკავება ხდება. აქედან გამომდინარე საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება პრობლემებს სწორედ კანონის უზენაესობაში აწყდება.

რაც შეეხება კორუფციისგან თავისუფლების შეფასებას, ამ დროს გამოყენებულია საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი. ამ რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. 2019 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილს იყოფს კოსტა-რიკასთან, ჩეხეთთან და ლატვიასთან. საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუარესდა გასულ წელთან შედარებით, თუმცა კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად, 2-ქულიანი ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ მიიჩნევა.[4]

●შეზღუდული მთავრობა

რამდენად შეზღუდულია მთავრობის ჩარევა ეკონომიკაში, ეს ფასდება მთავრობის (ბიუჯეტის) ხარჯების მოცულობით და ფისკალური თავისუფლების დონით. საქართველოში კანონით არის აკრძალული, რომ ბიუჯეტის ხარჯები მშპ-ის 30%-ს აჭარბებდეს, საქართველო იცავს აღნიშნულ ზღვარს. თუმცა, თუ საქართველოს მთავრობა მოახერხებს ხარჯების მშპ-ს მიმართ 30%-ზე ქვემოთ დაწევას, ეს ეკონომიკური თავისუფლების დონეს აამაღლებს.

ფისკალური თავისუფლება გულისხმობს საგადასახადო განაკვეთების სიდიდეს და ბიუჯეტის მიერ გადასახადებისაგან მიღებული შემოსავლის მშპ-თან ფარდობას. განაკვეთბის სიდიდის შეფსებისას მხოლოდ საშემოსავლო და მოგების გადასახადის მაქსიმალური დონეების გათვალისწინება ხდება, რაც საქართველოში 15%-დან 20%-მდეა. ფისკალური თავისუფლების მხრივ საქართველოს მაღალი ქულა – 93.9 აქვს. 12 კრიტერიუმს შორის სქართველოს ყველაზე მაღალი ქულა სწორედ ამ კრიტერიუმში აქვს.[5]

●რეგულაციების ეფექტიანობა

რეგულაციების ეფექტიანობა მოიცავს ბიზნესის თავისუფლებას, შრომის ბაზრის თავისუფლებას და მონეტარულ თავისუფლებას.
ბიზნესის თავისუფლების მხრივ საქართველოს მაღალი – 85.8 ქულა აქვს. აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ეყრდნობა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსის შეფასებებს (Doing Business). ბიზნესის კეთების ინდექსის მიხედვით, 2019 წლის მონაცმებით, საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილზეა 83.7 ქულით. 2018 წელს საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-6 ქვეყანა იყო და მას მხოლოდ ახალი ზელანდია, სინგაპური, დანია, ჰონგკონგი, სამხრეტ კორეა და აშშ უსწრებდა.[6]

შრომის ბაზრის თავისუფლების კრიტერიუმი, სადაც საქართველოს 76.6 ქულა აქვს, ქვეყნის შრომის ბაზარზე დაწესებულ საკანონმდებლო რეგულაციების შეფასებას მოიცავს. ესენია: სავალდებულო მინიმალური ხელფასი, სამუშაო ძალის დაქირავების შემაფერხებელი რეგულაციები, სამუშაო საათების მაქსიმუმის მკაცრად განსაზღვრა, სამსახურიდან განთავისუფლების წინასწარ შეტყობინების პერიოდი და სხვა. ამგვარად, რაც უფრო ნაკლებად ერევა სახელმწიფო დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წარმოშბილ შრომით ურთიერთობებში, მით უფრო მაღალია შრომის ბაზრის თავისუფლება.

●ღია ბაზრები
ღია ბაზრების თემატური ჯგუფი მოიცავს საგარეო ვაჭრობის თავისუფლებას, ინვესტირების თავისუფლებასა და ფინანსურ თავისუფლებას.

საქართველოს კარგი პოზიცია აქვს საგარეო ვაჭრობის თავისუფლებაში. ( 88.6 ქულა) აღნიშნული კრიტერიუმი ფასდება იმის მიხედვით, თუ რა სიდიდის ტარიფები და არასატარიფო ბარიერები აქვს დაწესებული ქვეყანას იმპორტსა და ექსპორტზე. საქართველოს მაღალ ქულას განაპირობებს დაბალი საიმპორტო ტარიფები და თავისუფლი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან, თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან.

ინვესტირების თავისუფლებაში 80 ქულა გვაქვს. ეს კრიტერიუმი მაშინ იმსახურებს 100 ქულას, თუ ინვესტიციის გატანა ან ქვეყანაში შემოტანა სრულიად თავისუფალია. ასევე, ქულაზე მოქმედებს ბიუროკრატიის დონე, უსაფრთხოება და ა.შ.

საქართველოს არც თუ ისე მაღალი ქულა აქვს ფინანსურ თავისუფლებაში ( 70 ქულა). ფინანსური თავისუფლება გულისხმობს როგორც სბანკო სექტორის ეფექტიანობას, ასევე ფინანსური სექტორის სახელმწიფო კონტროლისა და ჩარევისგან თავისუფლებას. საქართველოს მთავარ მინუსად ფასიანი ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობაა მიჩნეული.

და ბოლოს, აღნიშვნის ღირსია Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2019 წლის კვლევის შეფასება, რომლის მიხედვითაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები: განახორციელა არაერთი რეფორმა ქვეყანაში წვრილმანი კორუფციის აღმოფხვრის მიზნით, შემცირდა და გამარტივდა რეგულაციები, ქვეყანა გადავიდა ღია ბაზრის პოლიტიკაზე, განვითარდა სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. რეგულაციების, საგადასახადო ტვირთის და კორუფციის შემდგომი შემცირება ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში. ანგარიში, საბოლოო ჯამში, პოზიტიურ შეფასებას უკეთებს ქვეყნის მონეტარულ სტაბიულორობასა და ფისკალურ სიჯანსაღეს, ისევე, როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგრადობას.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. 2019 Index of Economic Freedom:Georgia 16th in the world and 8th in Europe. 2019 25 Jan. p-1. URL : agenda.ge
2. Country Rankins . 2019/ URL: www.heritage.org
3. ი.ლექვინაძე,OECD-ის და ფრეიზერის ინსტიტუტის შეფასება ინვესტორებისთვის პოზიტიური მესიჯია.2019.9 დეკ. გვ-1.URL: commersant.ge
4. 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგები საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს.2020 23 იანვარი.გვ-1 transparency.ge
5. თ.ნადარეიშვილი/“ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა და ევროპის რეგიონში მე-8 ადგილზეა 1tv.ge
6. ბიზნესის კეთების ინდექსში საქართველომ მე-6-დან მე-7 ადგილზე ჩამოინაცვლა/2019,24 ოქტომბერი forbes.ge
7. forbes.ge
8. commersant.ge
9. netgazeti.ge