ბიზნეს სექტორის განვითარების ტენდენციები საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

თიკო დალაქიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
tikodalaqishvili@gmail.com

ანოტაცია

ბიზნეს სექტორის განვითარება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დღეს, ბიზნესი წარმოადგენს მთავარ მექანიზმს ეკონომიკური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებისთვის. იგი ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირების, სამუშაო ადგილების შექმნის, ბაზარზე მოქმედი ორგანიზაციების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის საკითხში. აქედან გამომდინარე, დღევანდელ პირობებში შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება წარმოების, ფინანსური ინსტიტუტებისა და საწარმოო-სოციალური ინფრასტრუქტურის გარეშე.

Annotation

The development of the business sector plays a vital role for the country. Today, business is the main mechanism for improving the economic and social environment. It is one of the main driving forces in shaping the GDP of the state, creating jobs, meeting the needs of market organizations, and introducing new technologies and innovations. Therefore, in the current conditions, it is impossible to develop the country economically without production, financial institutions and industrial-social infrastructure.

ბიზნეს გარემო საქართველოში

ბიზნეს გარემო წარმოადგნეს სოცილურ, ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოს, რომელიც  განსაზღვარავს  ქვეყანაში ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს. ბოლო  წლების განმავლობაში  საქართველოში ბიზნეს გარემო მნიშვნელოვნად  გაუმჯობესდა და ბიზნესის კეთება ქვეყანაში  შედარებით გამარტივებულია. ბიზნესის წარმოების სიმარტივის მსოფლიო რეიტინგში Doing Business, ბოლო, 2020 წლის მონაცემებით საქართველოს მე-7 ადგილი უკავია 190 ქვეყანას შორის[2].

 საქართველოში ბიზნეს გარემოს აღსაწერად საჭიროა არსებული პრობლემების გამოვლენა, უაღრესად მნიშვნელოვანია ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობის გათვალისწინება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს: ბიზნესის დაწყების ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემას, საგადასახადო სისტემის მოქნილობას, საგადასახადო კონტროლს, საბაჟო გადასახადსა თუ კადრების დაქირავებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკმაოდ გამარტივებულია ბიზნესის წარმოწყება და ფუნქციონირება, საქართველოს ბიზნეს გარემოზე ნეგატიურად მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური არასტაბილურობა. იმისათვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნეს გარემო ჩამოყალიბდეს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კერძო სექტორს. სწორედ კერძო სექტორი ქმნის ქვეყანაში კონკურენტულ გარემოს, შეუძლია სოციალური პრობლემების აღმოფხვრა, დასაქმების დონის ზრდა და შესაბამისად სიღარიბის დაძლევაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა[3].

ბიზნეს სექტორის სტატისტიკური ანალიზი

ბიზნეს სექტორის როგორც ბრუნვის, ისე მთლიანი გამოშვების ზრდის ტემპი წინ უსწრებს მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალურ ზრდის ტემპს, ამ უკანასკნელის ფორმირებაში კი ბიზნეს სექტორის როლი და მონაწილეობის დონე მატულობს, რაც ცალსახად პოზიტიური პროცესია ქვეყნის ეკონომიკის ჭრილში[1].

დიაგრამა1.-ის მიხედვით შგვიძლია ვიმსჯელოთ ბიზნეს სექტორის ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების ცვლილებებზე თითოეული წლის ანალოგიური,III კვარტალის მონაცემებით. ბრუნვის მოცულობაში ზრდის ტენდენცია შეინიშნება,თუმცა პანდემიის კრიზისის კვალი მაინც ეტყობა 2020 წლის III კვარტალის მონაცემებს 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით,მონაცემი უმნიშვნელოდ, 0.69%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება პროდუქციის გამოშვების მოცულობის ცვლილებას,იგი მზარდი იყო 2019 წლამდე. კორონა ვირუსის გავლენით კი 2020 წლის III კვარტალში მონაცემი 9.38%-ით შემცირდა,2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის III კვარტალის მონაცემებით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 38.5%-ითაა გაზრდილი და 40.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ზრდის ტენდენციით ხასიათდება აგრეთვე ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2021 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 15 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 29%-ით მეტია[4].

დიაგრამა1. ბიზნეს სექტორის ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების მოცულობის ცვლილება კვარტლების მიხედვით(2018-2021)

წყარო: www.geostat.ge

მიმდინარე ტენდენციები საშუალებას გვაძლევს დავინახოთ,რომ საშუალო და მცირე ბიზნესის დინამიური, სწრაფი განვითარების ხარჯზე მსხვილი ბიზნესის წილი თანდათან კლებულობს და შესაბამისად, იზრდება როგორც მცირე, ისე საშუალო ბიზნესის წილი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის III კვარტალის მონცემებით, მთლიანი ბრუნვის 60.5% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 18% – საშუალოზე, ხოლო მცირე ბიზნესზე 21.5%. შედარებით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიან გამოშვებაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 42.1%, საშუალოზე – 27.4%, ხოლო მცირე ბიზნესზე  30.5% ნაწილდება. 2021 წლის III კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 678 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5%-ით აღემატება. რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობის გადანაწილებას საწარმოთა ზომების მიხედვით, 2021 წლის III კვარტალის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.6% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.6% – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 37.8% – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 647.3 ათასი კაცი შეადგინა,რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით მეტია. საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე კი – 2 894.1 მლნ.ლარით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებელიც, დაქირავებულთა რაოდენობის ზრდის შესაბამისად,წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 18.7%-ით.(იხ.დიაგრამა2.)[4]

დიაგრამა2. ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა კვარტლების მიხედვით

წყარო: www.geostat.ge

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირადაა განაწილებული:

  • მსხვილი ბიზნესი – 1 484.2 ლარი,
  • საშუალო ბიზნესი – 1 703.8 ლარი,
  • მცირე ბიზნესი – 1 253.7 ლარი.

2021 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 36.5% ვაჭრობის დარგზე მოდის(ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.4%-იანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.9%-ით, მშენებლობა – 5.8%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.2%, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 2.9%, ხოლო დარჩენილი 8.3% სხვა დარგებზე ნაწილდება. უნდა აღინიშნოს,რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ორი დარგის – ვაჭრობისა და მშენებლობის წილია შემცირებული, შესაბამისად 1.8%-ითა და 2.1%-ით,დანარჩენი დარგების წილი გაზრდილია. ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების სტრუქტურაში 2021 წლის III კვარტალის მიხედვით, პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა – 24.2% და ვაჭრობა – 19.3%, შემდეგ მოდის მშენებლობა – 16.8%-ით და ტრანსპორტი და დასაწყობება – 8.3%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31.4%-იანი წილი უჭირავს. წინა წლის შესაბამის პეიოდთან შედარებით, გამოშვების სტრუქტურაში შემცირებულია მშენებლობის წილი 3.9%-ით,იგი 2020 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში მეორე ადგილს იკავებდა.[4][5]

ბიზნეს საქმიანობის რეგულირება

სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ბიზნესის არსებული მდგომარეობა ქვეყანაში. ხელისუფლებას შეუძლია შეზღუდოს მიდგომა ბაზართან და შემოიღოს უსაფრთხოების ისეთი სტანდარტები, რომლებსაც არასაბაზრო სტანდარტები ეწოდებათ. ბიზნეს სექტორის რეგულირება ემსახურება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სისტემას და ეს რეგულირება მოიცავს:

  • შემადგენელ ელემენტებს შორის ურთიერთობის სისტემას,
  • ბიზნეს სექტორის საქმიანობის ნორმატიულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას,
  • მიზანს მაკროეკენომიკურ დონეზე,
  • საგარეო ვაჭრობის რეგულირებას, მხარდაჭერასა და სტიმულირებას,
  • ხელსაყრელი სოციალური ფონის ჩამოყალიბებას.

მაშასადამე, სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე შეუძლებელია სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს ფორმირება და გაუმჯობესება. სწორედ ბიზნეს კანონმდებლობა ახდენს მასზე დადებით გავლენას და ის უფრო მოქნილი და თითოეული ბიზნეს სუბიექტისთვის მორგებული ხდება. ბიზნეს კანონმდებლობის ძირითად შემადგენელ კომპონენტებად შეგვიძლია მივიჩნიოთ:

  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი – კოდექსი განსაზღვრავს საგადასახადო სისტემის ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, დარღვევის სახეებს და ა.შ.
  • კანონი მეწარმეთა შესახებ – კანონი აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივ ნორმებს.
  • საბაჟო კოდექსი – აღნიშნული კოდექსი აწესრიგებს საქართველოს საბაჟოდან საქონლის შემოტანისა და გატანის პროცედურების სამართლებრივ პრინციპებს, განსაზღვრავს ამ პროცედურების კონტროლის სისტემას – ზედამხედველობას. საბაჟო კოდექსი არეგულირებს საბაჟო პროცედურების განხორციელებისას ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების სამართლებრივ მდგომარეობას.
  • კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ – კანონი არგეულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებებს რომლების ეხება განუსაზღვრელ ადამიანთა წრეს, ხასიათდება სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისთვის საზიანო თვისებით. ეს კანონი ასევე აწესრიგებს ლიცენზიათა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს.
  • კანონი საბაჟო მოსაკრებლის შესახებ – განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიერ საბაჟო პროცედურებისთვის გადასახდელი მოსაკრებლის განაკვეთებს, მათი გადახდის წესებსა და ვადებს.
  • საქართველოს კანონი სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ – განსაზღვრავს კანონით დადგენილ სანებართვო და სალიცენზიო საქმიანობის გახორციელების ან/და სარგებლის უფლების მინიჭებისთვის საჭირო მოსაკრებლის მოცულობას, გადახდის წესებსა და მის ვადებს.
  • კანონი საქართველოს ტერიტორიებიდან საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავი ნებართვების მოსაკრებლის შესახებ – ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის საჭირო ნებართვის გაცემის მოსაკრებლის ოდენობას, ასევე მისი გადახდის წესებსა და ვადებს.

სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორის მიზნები სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ბიზნეს სექტორს ცხადია აქვს კერძო, მისთვის ბენეფიტის მომტანი კომერციული მიზნები, ხოლო სახელმწიფოს საზოგადოებრივი მიზნები.თუმცა ქვეყნის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ერთი მეორესთან თანამშრომლობა და ხელშეწყობა.[3]

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბიზნეს სექტორი დადებითი ტენდენციით ხასიათდება, აღნიშნულის განვითარება ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესება და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება მოითხოვს ამ სფეროში რეფორმების შემდგომ განხორციელებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებისა და ინოვაციების წახალისების გზით, რაც თავის მხრივ პოზიტიურად აისახება ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://openscience.ge/bitstream/1/798/1/samagistro%20pataraidze%20salome.pdf
  2. http://www.economy.ge/uploads/files/2017/reitingebi/doing_business_2020_geo.pdf
  3. https://openscience.ge/bitstream/1/1649/1/Irakli%20Chelidze%20Samagistro.pdf
  4. https://www.geostat.ge/media/41949/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%282021-%E1%83%AC–III-%E1%83%99%E1%83%95%29.pdf
  5. https://www.geostat.ge/media/35146/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%282020-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-III-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%29.pdf