საქართველოს საგარეო ვაჭრობის ანალიზი და მისი პრიორიტეტები
თამარ მძელური
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
IV კურსი
tam.mdzeluri@gmail.com
საკითხის აქტუალურობა
საგარეო ვაჭრობის საკითხი მეტად აქტუალურია, რადგან საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ამაღლებას მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში. საქართველოს ეკონომიკის ზრდისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია პოტენციური შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება, საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგების სტიმულირებითა და მხარდაჭერით. ქვეყანას აქვს დიდი საექსპორტო რესურსი, ყველასგან გამორჩეული პროდუქცია და დარგები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოარჩევს მთელ მსოფლიოში. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე განხილულია ის პრინციპები და მიდგომები, რომელთა პრაქტიკაში გატარება ხელს შეუწყობს ქვეყანაში საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგების განვითარებას. ნაშრომში გაანალიზებულია საქართველოს ექსპორტ-იმპორტის განვითარების კანონზომიერებები და თანამედროვე მდგომარეობა, სახელმწოფოს როლი საგარეო ვაჭრობის რეგულირების სფეროში. განხილული და ჩამოყალიბებულია ქვეყნის ექსპორტზე ორიენტირებული დარგების ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები. ასევე აღნიშნულია უახლესი მონაცემები , რომლებსაც საქართველოსთვის მარკეტინგული კუთხით დიდი ცნობადობის მოტანა შეუძლია კერძოდ,მსოფლიო ბანკმა ბიზნესის კეთების (Doing Business) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-6 ადგილზეა 83.7 ქულით. გასულ წელს საქართველო მე-7 ადგილზე იყო 83.5. მსოფლიო ბანკი ბიზნესის კეთების რეიტინგს 2003 წლიდან აქვეყნებს. კვლევაში მსოფლიოს 190 ქვეყანაა ჩართული. ბიზნესის კეთების რეიტინგი ქვეყნებში ბიზნესის დაწყების, მართვისა და დახურვის სახელმწიფო რეგულაციების სიმარტივეს ზომავს.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მაჩვენებელი საქართველოში იზიდავს ინვესტორებს და შესაბამისად საექსპორტო შესაძლებლობებს ზრდის, მაგრამ ეს უკანასკნელი, ბიზნესის კეთების მაჩვენებლებით 43 ადგილზე იმყოფება.აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საექსპორტო პოტენციალის გამოყენებით საქართველოში არსებულ ბიზნესს ექნება დიდი ბაზარი და ეკონომიკური მდგომარეობაც შესაბამისად გაიზრდება.
Doing Business 2019-ის ანალიზი
მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უპრეცენდენტოდ დიდ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა. რეიტინგში წინა წელთან შედარებით ქვეყნის პოზიცია 3 ადგილით გაუმჯობესდა, ხოლო სარეიტინგო ქულა – 0.48 პუნქტით და შედეგად, ქვეყანას 2019 წელს ისტორიული მაქსიმუმი – 83.28 ქულა აქვს.
• საქართველომ პირველად გადაასწრო რეიტინგის ისეთ ლიდერ ქვეყნებს, როგორიცაა ნორვეგია (მე-7 ადგილი), აშშ (მე-8 ადგილი) და დიდი ბრიტანეთი (მე-9 ადგილი). მსოფლიო სხვა ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია: მაკედონია (მე-10 ადგილი), ლიეტუვა (მე-14 ადგილი), ესტონეთი (მე-16 ადგილი), ლატვია (მე-19 ადგილი), კანადა (მე-22 ადგილი), ირლანდია (მე-23 ადგილი), გერმანია (მე-24 ადგილი), აზერბაიჯანი (25-ე ადგილი), რუსეთი (31-ე ადგილი), საფრანგეთი (32-ე ადგილი), პოლონეთი (33-ე ადგილი), ჩეხეთი (35-ე ადგილი), ნიდერლანდები (36-ე ადგილი), ბელორუსია (37-ე ადგილი), შვეიცარია (38-ე ადგილი), იაპონია (39-ე ადგილი), სომხეთი (41-ე ადგილი), სლოვაკეთი (42-ე ადგილი), თურქეთი (მე-43 ადგილი), მოლდოვა (47-ე ადგილი), სერბეთი (48-ე ადგილი), უკრაინა (71-ე ადგილი) და სხვა.
• საქართველომ პირველად შეძლო და ქვეყნის ქულები 10 ინდიკატორიდან გაუმჯობესდა 7 ინდიკატორში და მხოლოდ 3 ინდიკატორშია უცვლელი. ამასთან, ბიზნესის დაწყების ინდიკატორში საქართველოს მაქსიმალური 100 ქულიდან 99.34 ქულა მიენიჭა.
• 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ დასახელდა, როგორც ლიდერი ქვეყანა განხორციელებული რეფორმების კუთხით.
• 2003 წლიდან საქართველო ტოპ რეფორმატორია – ქვეყანაში განხორციელდა 50 რეფორმა როგორც ინსტიტუციური, ასევე მარეგულირებელი გარემოს დახვეწის კუთხით.
• საქართველოს წლევანდელი წარმატება განაპირობა ქვეყნის მთავრობის ეფექტიანმა მუშაობამ. მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის აღიარებული 3 რეფორმით – ბიზნესის დაწყება, გადასახადების გადახდა და კონტრაქტების აღსრულება საქართველო მსოფლიოში კვლავ ინარჩუნებს რეფორმატორი ქვეყნის სტატუსს.
• საქართველო 4 ინდიკატორის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით 190 ქვეყანას შორის პირველ ათეულში შედის. ეს ინდიკატორებია: ბიზნესის დაწყება (მე-2 ადგილი), მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა (მე-2 ადგილი), ქონების რეგისტრაცია (მე-4 ადგილი) და კონტრაქტების აღსრულება (მე-8 ადგილი).
• 2019 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოს სარეიტინგო მდგომარეობა (პოზიცია) 10 ინდიკატორიდან შემდეგ 4 ინდიკატორში გაუმჯობესდა:
• ბიზნესის დაწყება (99.34 ქულა) – გაუმჯობესდა 2 პოზიციით და მე-4 ადგილიდან მე-2 ადგილზე გადმოინაცვლა;
• მშენებლობის ნებართვა (77.61 ქულა) – გაუმჯობესდა 2 პოზიციით და 29-ე ადგილიდან 27-ე ადგილზე გადმოინაცვლა;
• გადასახადების გადახდა (89.03 ქულა) – გაუმჯობესდა 6 პოზიციით და 22-ე ადგილიდან გადმოინაცვლა მე-16 ადგილზე;
• ვაჭრობა საზღვრებს მიღმა (90.03 ქულა) – გაუმჯობესდა 19 პოზიციით და 62-ე ადგილიდან გადმოინაცვლა 43-ე ადგილზე.
საქართველოს რეიტინგი უცვლელია 3 ინდიკატორში:
•ქონების რეგისტრაცია (92.86 ქულა) – საქართველო მე-4 ადგილზეა;
• კრედიტის მიღება (85.00 ქულა) – მე-12 ადგილი;
• მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა (81.67 ქულა) – მე-2 ადგილი.
მნიშვნელოვანი მიღწევები
• უმნიშვნელოვანესია მსოფლიო ბანკის მიერ პოზიტიურად შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საგადასახადო რეფორმა. კერძოდ, საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, გაუნაწილებელი მოგება გათავისუფლდა მოგების გადასახადისგან, რომელიც რეინვესტირების წყაროა. აღნიშნული რეფორმის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მთლიანი საგადასახადო ტვირთის წილი მთლიან მოგებაში და ეს მაჩვენებელი 9,9%-ს გაუტოლდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 6,5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. მინიმალური საგადასახადო განაკვეთით საქართველო მსოფლიოში პირველ სამეულშია ასევე, გადასახადების გადახდისთვის შემცირდა ბიზნესის დროის დანახარჯი, შესაბამისად, წელიწადში გადასახადების გადახდისთვის საჭირო დროის რაოდენობა, 49 საათით – 269-დან 220 საათამდე შემცირდა. შედეგად, გადასახადის გადახდის ინდიკატორში საქართველო მე-16 ადგილზეა.
• უნდა აღინიშნოს ქვეყნის წარმატება ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით. კერძოდ, საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭიროა მხოლოდ 1 პროცედურა და ჩვენი ქვეყნის ანალოგიურად, მსოფლიოში მხოლოდ ახალ ზელანდიაშია შესაძლებელი ერთი პროცედურით ბიზნესის დარეგისტრირება. ბიზნესისთვის დღგ-ს გადასახადის ნებაყოფლობითი რეგისტრაციის შესაძლებლობის მიცემამ საქართველო გასულ წელთან შედარებით ყველაზე მეტად დაუახლოვა საუკეთესო მაჩვენებელს. რეფორმამდე საჭირო იყო მეწარმეთა რამდენიმე ვიზიტი შემოსავლების სამსახურში, რათა კომპანიის რეგისტრაციის შემდეგ ისინი დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირებულიყვნენ. საქართველომ ასევე გააფართოვა არსებული „ერთი ფანჯრის პრინციპი“ (one-stop shop) ბიზნესებისთვის, რაც გულისხმობს მეწარმეების მიერ კომპანიის საქმიანობის დაწყებას ერთი პროცედურის მეშვეობით. აღნიშნული მაჩვენებელი აისახა რეგისტრაციის შემდგომი პროცედურების გაუმჯობესებაში, რაც ბიზნესის დაწყების სიმარტივეს გულისხმობს. შესაბამისად, ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო პროცედურების რაოდენობა 2-დან 1-მდე შემცირდა და ბიზნესის დაწყებაში საქართველომ მე-2 ადგილი დაიკავა.
• ასევე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების დადებითი შეფასება. საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, მათ შორის სასაზღვრო პროცედურებთან დაკავშირებით, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ადგილობრივი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე ადგილის დამკვიდრებისთვის. ამ მხრივ, აღსანიშნავია ექსპორტის დროს დოკუმენტების მომზადებისთვის საჭირო მინიმალური დრო და ნულოვანი დანახარჯი აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის, ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდა სასაზღვრო მოთხოვნებთან დაკავშირებული დრო და დანახარჯები – ექსპორტზე დახარჯული დრო შემცირდა 42 საათით (50 საათიდან 8 საათამდე), ექსპორტის ხარჯი შემცირდა 306 დოლარით (418 დოლარიდან 112 დოლარამდე).
• ხელშეკრულების აღსრულების გამარტივების მიმართულებით საქართველომ შემოიღო სასამართლო საქმეებზე მოსამართლეთა შემთხვევითი შერჩევის და ავტომატური დანიშვნის მექანიზმი. აღნიშნულმა გააუმჯობესა სასამართლო პროცესების ხარისხი და შედეგად, რეიტინგში სასამართლო პროცესების ხარისხის ინდექსში 18 ქულიან შკალაზე ქვეყნის ქულა 12.5-დან 13.0-მდე გაუმჯობესდა.
• საქართველოს მთავრობამ უკვე განახორციელა და კვლავ აგრძელებს რეფორმებს, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციას მსოფლიო ბანკის მომდევნო წლები რეიტინგში.
• აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მიხედვით 2019 წელსაც საქართველო ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში (24 ქვეყანას შორის) კვლავ ლიდერ პოზიციაზე იმყოფება. რეიტინგის მიხედვით, საქართველო ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში 10-დან 7 ინდიკატორში ტოპ სამეულში შედის. აქედან, საქართველო პირველ პოზიციაზე იმყოფება ბიზნესის დაწყების, ქონების რეგისტრაციის, გადასახადების გადახდის და კრედიტის მიღების ინდიკატორებში, მე-2 ადგილი უკავია მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვის და კონტრაქტების აღსრულების ინდიკატორებში, ხოლო მე-3 ადგილზეა მშენებლობის ნებართვის გაცემის ინდიკატორში.
საქართველოში არსებული მდგომარეობა(სტატისტიკური მონაცემები)
საგარეო ვაჭრობა მლნ. აშშ დოლარი
წყარო: საქსტატი
ექსპორტი ქვეყნების მიხედვით
წყარო: საქსტატი
ექსპორტი ქვეყნების ჯგუფების მიხედვით
წყარო: საქსტატი
წყარო: საქსტატი
წყარო: საქსტატი
საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა.
საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ იქნა როგორც სატარიფო პოლიტიკისა, ასევე ტექნიკური რეგულირების სფეროს რეფორმა, რის შედეგადაც საქართველოს დღეისათვის გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს გამარტივებულ საგარეო ვაჭრობის რეჟიმსა და საბაჟო პროცედურებს, დაბალ საიმპორტო ტარიფებსა და მინიმალურ არასატარიფო რეგულირებას.
სატარიფო პოლიტიკა იმპორტზე
საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური და კონკურენტული სავაჭრო რეჟიმი აქვს. საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, 2006 წლის 1 სექტემბრიდან საიმპორტო ტარიფების 16 სატარიფო განაკვეთი შემცირდა 3 განაკვეთამდე (0, 5 და 12%). საიმპორტო ტარიფები გაუქმდა პროდუქციის დაახლოებით 85%-ზე. აღარ არსებობს სეზონური ტარიფები. იმპორტირებულ საქონელზე ტარიფი დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXVIII-ე თავისშესაბამისად.
სატარიფო პოლიტიკა ექსპორტზე
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ექსპორტი ან რეექსპორტი საქართველოდან განთავისუფლებულია საბაჟო გადასახადისაგან. გამომდინარე იქიდან, რომ 1997 წლის 1 სექტემბრიდან საქართველო იყენებს საქონლის დამატებული ღირებულების დაბეგვრას დანიშნულების ქვეყნის პრინციპით, ექსპორტი საქართველოდან დღგ-თი არ იბეგრება.
ირიბი გადასახადები
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დამატებული ღირებულების გადასახადის და სააქციზო გადასახადის განაკვეთები ადგილობრივ და იმპორტირებულ პროდუქციაზე თანაბარია.
ლიცენზიები და ნებართვები
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად კანონმდებლობით საგარეო ვაჭრობაში არ არის გათვალისწინებული რაიმე არასატარიფო შეზღუდვები (ლიცენზირება, კვოტირება, აკრძალვები და სხვა) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვისათვის. კერძოდ, გაიცემა შემდეგი სახის ლიცენზიები და ნებართვები:
• ფიტოსანიტარულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის უვნებლობის სამსახური)
• დაკვირვების ელექტრონული საშუალებების ექსპორტ-იმპორტის ლიცენზია (შინაგან საქმეთა სამინისტრო);
• შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა (გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო)
• ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა (ენერგეტიკის სამინისტრო)
• იარაღისა და საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის ნებართვა (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო)
• ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა (საქართველოს შემოსავლების სამსახური)
• სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა (საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო)
• არაიოდიზირებული მარილის იმპორტის ნებართვა (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო)
• “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა .
აკრძალულია კულტურულ ფასეულობათა საქონლის საქართველოდან ექსპორტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნუსხის მიხედვით.
ქვეყნის ექსპორტზე ორიენტირებული დარგების განვითარების ძირითადი პრიორიტეტები
თანამედროვე ეტაპზე ექსპორტ-იმპორტის განვითარების პრობლემების დამუშავებამ და მათმა სწორად წარმართვამ ჩვენს ქვეყანაში უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა. სწორად წარმართვაში იგულისხმება ექსპორტისა და იმპორტის დასაბუთებული ურთიერთშეფარდება, ისეთი იმპორტული პროდუქციის შემოტანას ქვეყანაში, რომელიც დასაბამს მისცემდა საექსპორტო პროდუქციის გაზრდას, იმავდროულად იმპორტის თანდათანობით შემცირებას და მოსახლეობის ძირითადად საკუთარი წარმოების საქონლით დაკმაყოფილებას. მსოფლიო ექსპორტის ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფია სასურსათო საქონელი, რომელშიც შედის: მარცვლეული და მისი გადამუშავების პროდუქტები. ზოგიერთი კულტურების თესლი, ზეთი, ცხიმები, ხილი, ბოსტნეული, ყავა, კაკაო, ჩაი, თევზი და ზღვის პროდუქტები, რძის პროდუქტები და შაქარი. სასურსათო საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ამ რესურსების ზრდა სოფლის მეურნეობის განვითარებაზეა დამოკიდებული. ამჟამად იგი ღრმა სტრუქტურულ გარდაქმნას განიცდის. სასოფლო-სამეურნეო წარმოება გადავიდა განვითარების მანქანურ სტადიაზე, ფართოდ ინერგება ინტენსიური ტექნოლოგიები. თანამედროვე ეტაპზე საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ტენდენციაა ამ საქონლის მსოფლიო ექსპორტში მოხმარებისათვის მზა და ნახევრად მზა პროდუქტების ხვედრითი წილის ამაღლება, სურსათის ექსპორტის ძირითადად განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე წამყვანი ადგილი პოსტსოციალისტურ და განვითარებად ქვეყნებს უკავიათ. მაგალითად, განვითარებად ქვეყნებზე მოდის ტროპიკული პროდუქტების მსოფლიო ექსპორტის დაახლოებით 90%, შაქრის- 50%- ზე მეტი, ზეთოვნების, ხილისა და ბოსტნეულის 30-35% (ბ. ნოზაძე2016). სურსათის უმსხვილეს ექსპორტიორთა რიცხვში შედის აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა და ავსტრალია, ჩინეთი, ხოლო იმპორტიორებში – იაპონია, აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთი. სურსათის ყველა წამყვანი იმპორტიორი (იაპონიისა და რუსეთის გარდა) ერთდროულად ამ პროდუქტების მსხვილ ექსპორტიორთა როლში გამოდიან. სასურსათო საქონლის მსოფლიო ბაზრის შემდგომი განვითარება დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებასთან. მრავალ ქვეყანაში შეიმჩნევა წყლის უკმარისობა, ნიადაგის ეროზიის საყოველთაო გავრცელება და მისი საფარის გამოფიტვა, რომლის აღდგენა სასუქების გამოყენებას მოითხოვს და ა.შ. გარდა ამისა, მიწის გარკვეული ნაწილი გამოიყენება სამრეწველო და სასაქონლო მშენებლობისათვის, რის შედეგადაც მცირდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესები და საძოვრები. ეს, თავის მხრივ, სასურსათო ვაჭრობაზე ახდენს გავლენას. საექსპორტო პოტენციალის ანალიზისას მნიშვნელოვანია განვიხილით საქართველოს ექსპორტი სტრუქტურულ ჭრილში. 2017 წლის მონაცემებით საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები – 419,8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 15,4%), 2016 წელს ეს მაჩვენებელი ტოლი იყო 312,3 მლნ. აშშ დოლარის (14,7%). 2017 წელს მეორე ადგილზე ფეროშენადნობები – 306,9 მლნ.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებისთვის სამინისტრო ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას და თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებას. პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება-ეფექტიანობის გაზრდა; მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარება, შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის გაფართოება-მოდერნიზაცია; წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა; ფერმერთა ცოდნისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება; საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია; სოფლის მეურნეობის სამინისტრო რესურსების გაერთიანებაში უნდა დაეხმაროს საექსპორტო და ადგილობრივ ბაზრებზე მოთხოვნად ისეთი პროდუქტების მწარმოებლებს (მათ შორის თაფლის), რომლებიც ცალკე ძალებით ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნას, ხოლო გაერთიანების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება შედეგების მიღწევა. ასევე დაიგეგმოს ალპური მესაქონლეობის განვითარების მიზნობრივი პროგრამები. უნდა განხორციელდეს სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის მასშტაბური პროექტები. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს უწყობს ფერმერთა აგრობაზრების და ბაზრობების, ფესტივალების (ღვინისა და ყველის) ორგანიზებას. საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ორგანიზებას უწევს დეგუსტაციებს, კონკურსებს, ღვინის საერთაშორისო კონფერენციებს, გამოფენების და მედია-ტურების ჩატარებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. იმისათვის, რომ საქართველოში აგრარული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდოს, აუცილებელია ჩატარდეს მარკეტინგული კვლევები. რის საფუძველსაც წარმოადგენს გლობალური გარემოს შესწავლა. იმ კომპანიებსაც კი, რომლებიც არ აწარმოებენ თავიანთი პროდუქციის მარკეტინგს საერთაშორისო ბაზარზე, მაინც ესაჭიროებათ საერთაშორისო ეკონომიკური გარემოს შეფასება. კომპანია, ძირითადად, რესურსების გადამამუშავებელი მექანიზმია, რომელიც იღებს მასალებს, მუშახელს, მანქანადანადგარებსა და ფონდებს. საჭირო რესურსების მოპოვება ხშირად საზღვარგარეთის წყაროებიდან ხდება, თუნდაც არაპირდაპირი გზით. ის, თუ რამდენად კარგად ახერხებს კომპანია შესყიდვას, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ფლობს იგი საერთაშორისო ხელსაყრელ სიტუაციასა და ვალუტის გაცვლის ბაზარს. საერთაშორისო გარემოს შეფასებისათვის საერთაშორისო კომპანიების მიერ ისევე, როგორც სხვა კომპანიების მიერ, მნიშვნელოვანია მისი ხასიათის წინასწარ განჭვრეტა და სხვადასხვა ფაქტორის ცვლილების სიჩქარის გაანგარიშება: გეოგრაფიული რეგიონები, ქვეყნები და ა.შ. ყოველივე აღნიშნული წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ გაზრდის საქართველოს საექსპორტო პოტენციალს.
გამოყენებული ლიტერატურა და ვებ-გვერდები:
1. გიორგი ღაღანიძე-„საქართველოს საექსპორტო პოტენციალის მენეჯმენტის აქტუალური საკითხები“ 2014 cu.edu.ge
2. გიორგი აბულაძე-„საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ამაღლების გზები გლობალიზაციის პირობებში“ 2018 openscience.ge