ფულადი გზავნილები საქართველოში
ავტორის სტილი დაცულია
თამარ აბრამიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
tamar.abramishvili620@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
საერთაშორისო ფულადი გზავნილები ესაა პირადი თანხები, რომლებსაც მიგრანტები თავიანთ სამშობლოში უგზავნიან ოჯახის წევრებს. ამასთანავე, ის უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა მსოფლიოს მრავალი ქვეყანისთვის. მას საქართველოს ეკონომიკაში დიდი როლი უჭირავს, რადგან მისი მოცულობა ქვეყანაში შემოსული გრანტებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობას აღემატება და გამოიყენება სიღარიბის შემცირების, ვალუტისა და ოჯახების ეკონომიკური სტაბილურობის მიზნით.
Annotation
Global Remittances are the personal funds which are sent to family household by migrants. In addition, to many countries it is an important source of foreign exchange inflows around the world. It plays a major role to Georgian economy because the volume exceeds both the number of grants and the amount of Foreign Direct Investment; it is used to reduce poverty, currency and economic stability of families.
ფულადი გზავნილების მიმოხილვა
ფულადი გზავნილი ფინანსური პროდუქტია, რომელიც საშუალებას გვაძლებს მესამე პირს გადავურიცხოთ თანხა იმ შემთხვევაშიც, თუ არ ვიცით მიმღების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი ან ოპერაციის შესრულება ანგარიშის გაუხსნელად გვინდა. პირველად ფულადი გზავნილი გამოსცა American Express-მა 1882 წელს. [1] [9]
გზავნილს აქვს მომსახურების საკომიო, რომელსაც იხდის ან თანხის გამგზავნი ან მიმღები (გადაწყვეტილებას იღების თანხის გამგზავნი), ასევე შეიძლება გათვალისწინებული იყოს თანხის მინიმალური და მაქსიმალური მოცულობა. ბანკის მიერ მინიჭებული კოდი მთავარი საიდენტიფიკაციო მონაცემია და გამოიყენება ფულის მიღებისას.
ფულადი გზავნილების გამოყენებისას უნდა დავიცვათ შემდეგი უსაფრთხოების წესები:
- ონლაინ მომსახურების დროს, ტრანზაქცია უნდა განვახორციელოთ დაცული ვებგვერებით, რომელთა მისამართი იწყება https://-ით ან shttp:// და არა http://-ით;
- გზავნილის კოდი მხოლოდ მიმღებმა და გამგზავნმა პირმა უნდა იცოდეს;
- აუცილებელია დავაზუსტოთ ფულადი გზავნილის სისტემა არის თუ არა იმ ქვეყანაში/ქალაქში, სადაც თანხას ვაგზავნით;
- გზავნილის განხორციელებისას უნდა მივუთით შესრულების დრო, თუ რამდენად სწრაფად გვინდა თანხის მიწოდება.
საერთაშორისო სწრაფი ფულადი გზავნილით თანხის მიღება უფრო სწრაფადაა შესაძლებელი, ვიდრე ანგარიშზე საერთაშორისო სავალუტო გადარიცხვებით. ფულადი გზავნილის გაუქმება შესაძლებელია, როდესაც მიმღებს ის ჯერ არ გაუნაღდებია. [1]
ფულად გზავნილებს არ გასდით ვადა, რაც გულისხმობს, რომ რაც არ უნდა ძველი ფულადი გზავნილი იყოს, შეგვიძლია მისი განაღდება. მაგრამ ემიტენტებმა შეიძლება შემოიღონ საკომისიოები, როდესაც ფულადი გზავლი არ არის განაღდებული ერთი ან მეტი წლის განმავლობაში. [2]
ფულადი გზავნილები საქართველოში
საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყარო სწორედ, ემიგრანტების მიერ სამშობლოში გამოგზავნილი თანხებია. მათი მიღება სამ დაწესებულებაში შეგვიძლია: ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ფულადი გადარიცხვების განმახორციელებელ სხვა დაწესებულებებში. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების რეგისტრაციას და მონიტორინგს საქართველოს ეროვნული ბანკიხელძღვანელობს. [1]
საქართველოს ისტორიაში 2021 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის ფულადი გზავნილები განხორციელდა და მთლიანი წლის წმინდა ფულადი გზავნილების (სხვაობა ჩარიცხულ და გაგზავნილს თანხებს შორის) მოცულობამ შეადგინა 2 032,6 მილიონი აშშ დოლარი, რაც 24%-ით მეტია წინა წელთან შედარებით ($1 639,1 მილიონი). ეს ზრდა განპირობებული იყო იტალიიდან, საბერძნეთიდან, აშშ-დან და რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების ზრდით. 2021 წლის დასაწყისიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების რაოდენობა ყოველ თვეში $100 მილიონს აჭარბებდა, ხოლო ივნისის თვიდან მაჩვენებელი $200 მილიონს გადასცდა, რაც აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. [3] [4]
გრაფიკი 1: ფულადი გზავნილები საქართველოში 2009-2021 წლებში (მილიარდი აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი და IDFI
ფულადი გზავნილების მოცულობა შეიძლება უფრო მაღალი იყოს, რადგან კვლევის თანახმად, მსოფლიოში არარეგისრირებული გზავნილების რაოდენობა დაახლოებით 2,5-ჯერ მეტია რეგისტირებულ ფულად გზავნილებზე. EBRD-ის 2007 წელს გამოკითხვის შედეგად, საქართველოში ფულადი გზავნილების ერთი მესამედი არაოფიციალური არხებით შემოვიდა. [5]
საქართველოს ბიზნესში რუსული კაპიტალის წილი მაღალია, კერძოდ რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაო“-ს ეკუთვნის „თელასის“ 75%, თბოსადგური შპს „მტკვარი ენერგეტიკა“, „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2“. მოცემულმა გარემოებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის შეფერხება, რასაც კიდევ ემატება რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა. ქართველების ყველაზე დიდი დიასპორა რუსეთის ფედერაციაშია, რის გამოც ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი ნაწილი მასზე მოდის. [5] [6]
გრაფიკი 2: ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან და სხვა ქვეყნებიდან ერთად 2008 – 2021 წლებში (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი და IDFI
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიცილაური მონაცემებით, 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების შეადგენს 411,37 მილიონ აშშ დოლარს, რაც საერთო ფულადი გზავნილების 17,5%-ის ტოლია და 1.8%-ით ჩამორჩება წინა წლის მაჩვენებელს (2020 წელს რუსეთიდან გამოგზავნილი ფულადი მასალების წილი საერთო ფულად გზავნილებში 19,3% იყო).
როგორც გრაფიკ 3-ზეა ნაჩვენები, 2008 წლის შემდეგ რუსეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების მაქსიმალური მოცულობა (აბსოლუტური ოდენობა) დაფიქსირდა 2013 წელს, რომლის მნიშვნელობაც $801,4 მილიონი შეადგინა. აღსანიშნავია ის რომ, ეს მაჩვენებელი მეტი იყო სხვა ქვეყნებიდან განცორციელებული გზავნილების ჯამურ მოცულობაზე. ხოლო პროცენტულად (წილი საქართველოში შემოსულ ფულად გზავნილებში) 2008 წელს განხორციელდება ყველაზე მაღალი პროცენტის ფულადი გზავნილის მოცულობა, რომელიც ტოლი იყო 63,3%-ის. [3]
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციიდან დიდი მოცულობის ფულადი გზავნილები განხორციელდა, ეს რაოდენობა ბოლო წლებში შემცირდა და უარყოფითი წვლილი შეიტანა გზავნილების ზრდაში. 2020 წლის დასაწყისში ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო ნავთობზე ფასების შემცირებით, რამაც დამატებითი დარტყმა მიაყენა ნავთობზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქვეყნების ეკონომიკას, განსაკუთრებით კი ეს შეეხო რუსულ რუბლს და აისახა რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების შემცირებაში. [7]
გრაფიკი 3: რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში გამოგზავნილი ფულადი გზავნილების პროცენტული წილი 2008-2021 წლებში
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
2021 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ 317 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის (247 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 28.34%-ით მეტია. [3]
გრაფიკი 4: საქართველოდან გაგზავნილი ფულადი გზავნილები 2012-2021 წლებში (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი [10]
ევროკავშირის ქვეყნებიდან (27 ქვეყანა) საქართველოში ფულადი გზავნილების განხორციელებით ლიდერობს იტალია, საბერძნეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი და ა.შ. თუმცა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობაში დიდი წილი დანარჩენ ქვეყნებს მიუძღვით. დანარჩენი ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი წილი მოდის რუსეთის ფედერაციაზე, აშშ-ზე, ისრაელზე, ყაზახეთზე, თურქეთზე, უკრაინაზე და ა.შ. [3]
გრაფიკი 5: ევროკავშირიდან და დანარჩენი ქვეყნებიდან გამოგზავნილი ფულადი გზავნილები საქართველოში 2019-2021 წლებში (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
2021 წელს საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი – 411,37 მლნ აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან, 385,74 მლნ აშშ დოლარი იტალიიდან, 284,3 მლნ აშშ დოლარი აშშ-დან, 240 მლნ აშშ დოლარი საბერძნეთიდან გადმოირიცხა. [3]
ცხრილი 1: 2021 წელს საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების განაწილება ქვეყნების მიხედვით (მლნ. აშშ დოლარი)
რუსეთი | იტალია | აშშ | საბერძნეთი | ისრაელი | გერმანია | ყაზახეთი | ესპანეთი |
$411,37 | $385,74 | $284,3 | $240 | $186,8 | $113,4 | $61,8 | $55,3 |
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ფულადი გავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან და მშპ-სთან მიმართებაში
აღსანიშნავია, რომ სასაქონლო ექსპორტის შემდეგ, საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მთავარი წყაროა ფულადი გზავნილები. მაგალითად, 2013 წლიდან საქართველოში განხორციელებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას თუ შევადარებთ საზღვარგარეთიდან განხორციელებულ ფულადი გზავნილების მოცულობას, შევნიშნავთ რომ ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად აღემატება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას ბოლო წლებში. [8]
გრაფიკი 6: პირდაპრი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები საქართველოში, 2013-2021 წლები (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ფულადი გზავნილების მნიშვნელობის დასადგენად ის განიხილება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. 2020 წელს მშპ-ს მნიშვნელობა 49,3 მილიარდი ლარის ტოლი იყო, ხოლო წმინდა გზავნილები შეადგენდა 5,05 მილიარდ ლარს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 10,24%-ია (გაზრდილია 1%-ით წინა წელთან შედარებით) და დიდ მაჩვენებელს წარმოადგენს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2021 წელს ფულადი გზავნილების დიდი რაოდენობით ზრდა ლარის გაცვლითი კურსის შედარებით ასტაბილურებს. [3]
დასკვნა
კოვიდ პანდემიამ ფულადი გზავნილების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა ბოლო პერიოდში, რადგან დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ სახლში და ინტერნეტ გადახდა თითქმის ყოველდღე გვჭირდება.
გრაფიკების ანალიზიდან შევნიშნეთ, რომ ფულადი გზავნილების ზეგავლენა მნიშვნელოვნად მოქმედებს საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე, კერძოდ ვალუტის კურსზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილებაზე. შესაბამისად, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია მისი სწორად მართვა და შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება.
გამოყენებული ლიტერატურა:
[1] https://www.finedu.gov.ge/ge/fuladi-gzavnilebi-1
[2] https://www.creditkarma.com/money/i/do-money-orders-expire
[3] https://nbg.gov.ge/page/%E1%83%A4%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
[4] https://idfi.ge/ge/remittances_in_georgia
[5] https://idfi.ge/ge/the-impact-of-russian-money-transfers-on-stability-of-georgian-economy
[6] https://bit.ly/3GPaH1z
[7] https://www.mof.ge/images/File/2021-publikaciebi/24-08-2021/Outlook%202021Q2_GEO.pdf
[8] https://forbes.ge/blogs/e1-83-a4-e1-83-a3-e1-83-9a-e1-83-90-e1-83-93-e1-83-98-e1-83-92-e1-83-96-e1-83-90-e1-83-95-e1-83-9c-e1-83-98-e1-83-9a-e1-83-94-e1-83-91-e1-83-98-e1-83-a1-e1-83-90-e1-83-a5-e1-83-90-e1-83-a0-e1-83-97/
[9] https://www.investopedia.com/terms/m/money-order.asp
[10] https://analytics.nbg.gov.ge/views/Money_Transfers_GE/sheet2?iframeSizedToWindow=true&%3Aembed=y&%3AshowAppBanner=false&%3Adisplay_count=no&%3AshowVizHome=no