ინვესტიციები
ნათია ხვთისიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
Khvtisiashvilin99@gmail.com
ანოტაცია
მოცემულ სტატიაში განხილულია ინვესტიციების ეკონომიკური შინაარსი. მისი მნიშვნელობა, დაყოფის ჯგუფები და ფომები. საინტერესოდ მივიჩნიე მომეძია ინფორმაცია, თუ როგორ მოვიზიდოთ ინვესტორი და რა ფორმით წარვუდგინოთ საინვესტიციო პროექტი. განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, რადგან არ შეიმჩნევა სტაბილურობა ეკონომიკის თითქმის არცერთ სფეროში, ამიტომაც მოვიძიე სტატისტიკური მონაცემები საქსტატიდან წლებისა და სექტორების მიხედვით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობის შესახებ და ასევე განვიხილე ინვესტიციებთან დაკავშირებული მიმდინარე სიახლეები.
Annotation
This article discusses the economic content of investments. Its importance, division groups and formats. I found it interesting to find information on how to attract an investor and how to present an investment project. especially attracts the attention of the investment environment in Georgia, as there is no stability in almost any area of the economy, That’s why I searched for statistics from Geostat, by years and sectors On the number of FDI in Georgia And I also discussed current investment-related news.
ინვესტიციების ეკონომიკური შინაარსი
ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. ინვესტიცია (ლათ. Investire – შემოსვა) ეწოდება კაპიტალის დაბანდებას ეკონომიკურ საქმიანობაში მოგების და სოციალური ეფექტის მიღების მიზნით.
ზოგადად თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში ინვესტიციები განიხილება, როგორც გრძელვადიანი კაპიტალდაბანდება ნებისმიერი (ფულადი სახსრები, მიზნობრივი საბანკო ანაბრები, პაი, აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები, ინტელექტუალური ფასეულობები და ა.შ.) ფორმით საკუთარ ქვეყანაში ან საზღვარგარეთ, სხვადასხვა პროფილის საწარმოში, სამეწარმეო პროექტებში, სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებში, ინოვაციურ პროექტებში მოგების მიღების მიზნით დაბანდებიდან გარკვეული ვადის შემდეგ.
საქართველოს კანონმდებლობით „ინვესტიციად მიიჩნევა ყველა სახის ქონებრივი და ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება, რომელიც დაბანდდება და გამოიყენება შესაძლო მოგების მიღების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანად და უპირობოდ არის დაცული”.
ინვესტიციებში იგულისხმება ეკონომიკურ სისტემაში მოქმედი კაპიტალის მოცულობის ზრდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ინვესტიცია წარმოადგენს სხვადასხვა ინსტრუმენტებით განხორციელებული გარკვეული ხარჯების ერთიანობას აწმყოში და შესაძლო გაფართოებულ მოთხოვნას მომავალში.
როგორც ნებისმიერი სხვა ეკონომიკური კატეგორია, ინვესტიციაც იყოფა მარტივ შემადგენლებზე, რომლებიც სრულად ასახავენ საინვესტიციო საქმიანობის მნიშვნელოვან მახასიათებლებს და საშუალებას იძლევიან რეალურად იქნეს შეფასებული მთელი პროცესის ხარისხი. კერძოდ, ინვესტიციები შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად:
• დაბანდებები ძირითადი ფონდების შესაქმნელად ანუ კაპიტალდაბანდებები. ხშირად ასეთ ინვესტიციებს პირდაპირ ანუ რეალურ ინვესტიციებს უწოდებენ;
• პორტფელური (საფინანსო) ინვესტიციები ანუ დაბანდებანი ფასიანი ქაღალდების შესაძენად (აქციები, ობლიგაციები, სასესხო ვალდებულებები და ა.შ.).
აღსანიშნავია, რომ რეალური და პორტფელური ინვესტიციები წარმოადგენენ ინვესტიციური ნაკადის ძირითად ქვესახეობას, რომლებიც ნებისმიერ საბაზრო ეკონომიკაში არსებობენ. ინვესტირების ორივე მეთოდი ძირითადად ერთმანეთის მსგავსია, მათ შორის განსხვავება კი დაბანდების განხორციელების ხერხებში მდგომარეობს. (ინვესტიციების ეკონომიკური შინაარსი)
ინვესტიციები იყოფა ასევე ფორმების მიხედვითაც:
• მატერიალური ინვესტიციები (მიწა, უძრავი ქონება, აღჭურვილობა-ტექნიკა)
• არამატერიალური ინვესტიციები (საავტორო უფლებები, ლიცენზიები)
• ფინანსური ინვესტიციები (ფასიანი ქაღალდები)
(რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში)
როგორ მოვიზიდოთ ინვესტორი?!
ნებისმიერი ინვესტირების, მთავარი მოქმედი პირი ინვესტორია. ინვესტორი არის პირი ან კომპანია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ბიზნესის რომელ სფეროში რა სახის ინვესტირება განახორციელოს.
საკუთარი საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად და ინვესტორების მოსაზიდად დასაწყისისთვის საჭიროა რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა:
• რას იძლევა ეს საინვესტიციო პროექტი და რა პრობლემას ჭრის ის ?
• რა კონკრეტული გზებია საჭირო მის განსახორციელებლად ?
• როგორ მივიღოთ შემოსავალი და მოგება საინვესტიციო პროექტისგან?
როდესაც გვექნება მკაფიო პასუხი ყველა ზემოთ აღნიშნულ კითხვაზე, მაშინ შეგვიძლია დავრწმუნდეთ რომ ჩვენი საინვესტიციო პროექტი მზად არის ინვესტიციების მოსაზიდად და შეგვიძლია გადავიდეთ პრაქტიკულ ქმედებებზე.
დასაწყისისთვის აუცილებელია პროექტისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება, კერძოდ, ბიზნეს გეგმის შემუშავება და საინვესტიციო წინადადების მომზადება.
ინვესტორის მოსაზიდად ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება გააკეთოთ არის ის, რომ აჩვენოთ მას სარგებელი, რომელსაც ის თქვენთან თანამშრომლობის შედეგად მიიღებს. ყველა კერძო ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მისი ინვესტირებული თანხის არცერთი თეთრი არ დაიკარგება უმიზნოდ. ასევე ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია სრული ინფორმაციის მიღება პროექტის შესახებ, რათა მან შეძლოს ყველა შესაძლო რისკის განსაზღვრა. ინვესტორის წარმატებული მოზიდვის ყველაზე კარგი
საშუალება გახსნილობა და გულახდილობაა.
(როგორ მოვიზიდოთ ინვესტორი?!)
რამდენად წარმატებულად იზიდავს საქართველო უცხოურ ინვესტიციებს?
ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და განვითარება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი ადგილი ინვესტიციების ზრდას უკავია. ინვესტიცია შეიძლება იყოს შიდა ან საგარეო (უცხოური). ორივე შემთხვევაში ინვესტიციას დანაზოგები ქმნის.
საქართველოში დანაზოგების დონე მაღალი არ არის, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს არა აქვს ისეთი შემოსავალი, რომ ფული დაზოგოს. ეს გარემოება კიდევ უფრო აუცილებელს ხდის უცხოური დანაზოგების, იმავე ინვესტიციების საქართველოში მოზიდვას. ამასთან უცხოური ინვესტიციები უცხოური ვალუტით შემოდის და ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობას უწყობს ხელს. ხშირ შემთხვევაში უცხოურ ინვესტიციას ცოდნა, გამოცდილება, ტექნოლოგიები და ცნობადობა მოჰყვება.
საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას ასევე ამცირებს ის, რომ ქვეყანა ღარიბია ბუნებრივი რესურსებით. თუმცა, ამავე დროს, ინვესტიციებს იზიდავს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა. ამ გარემოების დამსახურებაა ის, რომ ყველაზე მეტი ინვესტიცია ტრანსპორტის სექტორში შემოდის.
საქართველოს საინვესტიციო უპირატესობას სძენს ლიბერალური საგარეო სავაჭრო რეჟიმი (განსაკუთრებით, ხელშეკრულებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ) და უცხოური კაპიტალის გადაადგილებაზე კონტროლის არარსებობა.
წყარო: www.geostat.ge
დღეს ბევრი ქვეყანა ეჯიბრება ერთმანეთს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. შეჯიბრი ინვესტირებისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შეთავაზებაში გამოიხატება. ინვესტიციებს იზიდავს: სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, დაბალი გადასახადები და რეგულაციები, იაფი ან კვალიფიციური სამუშაო ძალა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, ქვეყნის ეკონომიკური გახსნილობა, ბუნებრივი რესურები, სტრატეგიული მდებარეობა, თავისუფალი ვაჭრობა, კორუფციისგან თავისუფლება და სხვა. (ნამჩავაძე)
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში წლების მიხედვით
წყარო: www.geostat.ge
სიახლეები:
• ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გახსნა, რომელიც სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მოამზადა. მინისტრის თქმით, ამ სტრატეგიის შედეგად, უახლოეს ორ წელიწადში, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, ყველაზე მაღალანაზღაურებად, პერსპექტიულ დარგებში 3500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. (სამინისტრო, 2019)
• მასშტაბური საპრივატიზაციო პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” 2019 წლის ნოემბერში ამოქმედდა. ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა, თუმცა ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მთავრობა რეალურად მნიშვნელოვან ობიექტებს თავისთვის იტოვებს. ობიექტების ჯამური ღირებულება 150 მილიონი ლარია. მთავრობა ამ პროექტისგან ხალხის დასაქმებასა და 200 მილიონი ლარის ინვესტიციას ელის. საპრივატიზაციო ობიექტები 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტშია გაბნეული. (თამაზაშვილი)
• საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანია Aero Georgia გამოჩნდება. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა იგორ აფციაურმა განუცხადა. როგორც აფციაური ამბობს, ავიაკომპანიის ჩამოყალიბებაზე უკვე სამი თვეა მიმდინარეობს მუშაობა. მისი თქმით, ინვესტიციას კერძო ინვესტორი განახორციელებს და მისი მოცულობა პირველ ეტაპზე 5 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება. აფციაური იმასაც ამბობს, რომ სერთიფიცირების პროცესი სავარაუდოდ, მარტის ბოლოს დაიწყება. (ჯოხაძე, 2020)
• ანაკლიის პორტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, დასაქმებისა და პოლიტიკური სტაბილურობის კუთხით მნიშვნელოვნად წინ გადადგმული პროექტი იქნებოდა, მისი მშენებლობა კვლავ ჩიხშია შესული. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, რომლის პირობებითაც უნდა მოეზიდა 400მლნ აშშ დოლარის სესხი საერთაშორისო ბანკებიდან, ინვესტორებისგან 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია, ხოლო ხელმოწერილი ხელშეკრულებები პორტის ოპერატორთან და მშენებელ კომპანიებთან. საქართველოს მთავრობა იმსჯელებს და გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გამოიტანს. მოლოდინები რომ ხელშეკრულების პირობები ვერ შესრულდებოდა უკვე 2019 წლის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებიდან იქმნებოდა. როგორც ჩანს ეს პროცესი კიდევ დიდხანს გაგრძელდება და რა შედეგებით დასრულდება ეს მთავრობის პოზიციასა და გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული. (მაკალათია, 2020)
დასკვნა
ამრიგად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ინვესტიციები მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ფაქტორია. თუმცა მისი მოზიდვა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან ინვესტიციების მოზიდვა საკმაოდ ბევრ გარე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში კონკურენციის ფაქტორი, დღეს ბევრი ქვეყანა ეჯიბრება ერთმანეთს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინვესტიციების მოსაზიდად საჭიროა სხვა ქვეყნებზე მეტად მიმზიდველი ბიზნესგარემო გქონდეს. ქვეყნების ბიზნესგარემოს რამდენიმე გავლენიანი ორგანიზაცია იკვლევს და, ინდექსებზე დაყრდნობით, შესაბამის რეიტინგებს აქვეყნებს. თუმცა აღნიშნულ რეიტინგებს შორის გამოვყოფ ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing business) და ეკონომიკური თავისუფლების (ჰერიტაჯის ინდექსი) რეიტინგებს. პირველ რეიტინგში საქართველო მე-16 ადგილზეა (რეგიონში მე-3), ხოლო მეორეში მე-13 ადგილზე (რეგიონში მე-5).
მაკროეკონომიკურად რომ განვიხილოთ ინვესტიციების ფუნქცია დამოკიდებულია რეალურ საპროცენტო განაკვეთზე I=I(r) ; რეალური საპროცენტო განაკვეთის ზრდა იწვევს ინვესტიციების სიდიდის შემცირებას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები რადგან ინვესტორი ყოველთვის დაინტერესებულია თუ როგორ გარემოს შეუქმნის სახელმწიფო მის ბიზნესს, ამიტომაც ისეთ გარდამავალ პერეიოდში როგორიც არჩევნებია ეკონომისტები ნაკლები ინვესტიციების განხორციელებას მოელიან.
გამოყენებული ლიტერატურა
თამაზაშვილი, ნ. (n.d.). 2019 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები. www.Commersant.ge.
(n.d.). ინვესტიციების ეკონომიკური შინაარსი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
მაკალათია, ი. (2020). 2020 წლის პირველი კვირის ტოპ 10 ეკონომიკური მოვლენა. BUSINESS MEDIA GEORGIA.
ნამჩავაძე, ბ. (n.d.). რამდენად წარმატებულად იზიდავს საქართველო უცხოურ ინვესტიციებს? Forbes GEORGIA.
(n.d.). რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში. DELTA CAPITAL.
(n.d.). როგორ მოვიზიდოთ ინვესტორი?! DELTA CAPITAL.
სამინისტრო, ს. ე. (2019). www.economy.ge.
ჯოხაძე, ა. (2020). საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანია გამოჩნდება. BUSINESS MEDIA GEORGIA.