ჩრდილოვანი ეკონომიკა
ანა კახნიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი
anakakhniashvili1@gmail.com
ანოტაცია
მოცემულ სტატიაში განხილულია ჩრდილოვანი ეკონომიკის არსი. დღესდღეობით , ეს თემა აქტუალურია მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში, რადგან ქვეყნის ეკონომიკისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ჩრდილოვანი (არაფორმალური) ეკონომიკა ეროვნული მეურნეობის ის ნაწილია, რომელიც მოქმედებს კანონის დარღვევით, ვერ აღირიცხება სახელმწიფო მართვის ორგანოების მიერ და არ იხდის სახელმწიფო გადასახადებს. დღეის მონაცემებით, ძნელი სათქმელია, თუ რა წილი უკავია ჩრდილოვან ეკონომიკას ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში. ჩრდილოვან ეკონომიკას უდიდესი დანაკარგები მოაქვს ქვეყნისათვის, რაც, პირველ რიგში, აისახება შემოსავლების მეტად უთანაბრო განაწილებაში. მისი არსებობა ასევე იწვევს ეკონომიკური არაეფექტურობის ზრდას, სახელმწიფო შემოსავლების შემცირებას გადასახადებისაგან თავის არიდების გამო, სახელმწიფო უწყებებში კორუფციის სტიმულირებას. შევეცდები გაგაცნოთ, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში ამ კუთხით და გავცემთ იმ კითხვაზე პასუხს, თუ რამდენად “ჩრდილოვანია” საქართველოს ეკონომიკა.
Annotation
Nowadays, this topic is relevant worldwide, as well as in Georgia, because it is very important for the economy of all country around the world. The shadow (informal) economy is a part of the national economy that operates in violation of the law, cannot be accounted for by state authorities and does not pay state taxes. To date, it is difficult to say what share the shadow economy has in the country’s national economy. The shadow economy has the biggest losses for the country, primarily reflected in a more unequal distribution of income. Its existence also leads to an increase in economic inefficiency, a reduction in public revenues due to tax evasion, and a stimulation of corruption in state agencies. I will try to inform you about the situation in Georgia in this regard and answer the question of how “shadow” the Georgian economy is.
ჩრდილოვანი ეკონომიკის არსი
ჩრდილოვანი ეკონომიკა, ეს არის საზოგადოების წევრებს შორის ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობანი, რომელიც ვითარდება სტიქიურად, სახელმწიფო კანონებისა და საზოგადოებრივი წესების გვერდის ავლით. ამ საქმიანობის შედეგად მირებული შემოსავლები დაფარულია სახელმწიფო საგადასახადო სტრუქტურებისათვის.
თუ ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო მისგან თავისუფალ ,,ხვრელებს” გააჩენს, არსებული ჩარჩო პირობები არადამაკმაყოფილებლად აღიქმება. თუ სახელმწიფო კერძო ეკონომიკურ აქტივობას საკანონმდებლო ველისგან თავისუფალ სივრცეს დაუტოვებს, მაშინ შეიძლება ჩრდილოვანი ეკონომიკა წარმოიშვას. ამასთან საქმე ეხება საქმიანობას, რომელიც გადასახადების დაწესებას და სახელმწიფო სექტორის მიერ რეგლამენტირებას არ ექვემდებარება. თუმცა ისინი უნდა შედიოდნენ ბრუტო მშპ-ში, არ შედიან. ჩრდილოვანი ეკონომიკის შიდა პროდუქტს მიეკუთვნება:
• ლეგალური აქტივობა,რომელიც ლეგალურად სრულდება,მაგრამ რომელზეც გადასახადები ვერ წესდება(გადასახადების დამალვა);
• ლეგალური აქტივობა რომელიც არალეგალურად სრულდება(ფარულად მუშაობა);
• არარეგალური აქტივობა(ნარკოტიკებით ვაჭრობა);
• შემოსავლები საკუთარი ლეგალური წარმოებიდან და პირდაპირი გაცვლიდან
ჩრდილოვან ეკონომიკას უდიდესი დანაკარგები მოაქვს ქვეყნისათვის, რაც, პირველ რიგში, აისახება შემოსავლების მეტად უთანაბრო განაწილებაში. მისი არსებობა ასევე იწვევს ეკონომიკური არაეფექტურობის ზრდას და სახელმწიფო უწყებებში კორუფციის სტიმულირებას.
განსაზღვრულ პერიოდში ჩრდილოვანი ეკონომიკა მით უფრო დიდია, რაც: უფრო მაღალია გადასახადებისა და სოც. დანახარჯების ზღვრული ოდენობა; უფრო დაბალია გადასახადის გადამხდელთა და ამკრეფთა მორალი; მაღალია სახელმწიფო რეგლამენტირების ტვირთი; სწრაფია დანახარჯების მატება და აღქმა; მცირეა რეალურად არსებული შემოსავალი მოსახლეობის ერთ სულზე; მცირეა დროის შესაბამისი ხარჯები, ანუ რაც უფრო მცირეა ოფიციალური ასაკობრივი დასაქმების წილი და სამუშაო დრო და რაც უფრო დიდია უმუშევართა რაოდენობა; მცირეა დასაქმების ხარჯები, ანუ რაც უფრო მცირეა მოსალოდნელი დასჯის საზომი და არაოფიციალური საქმიანობის აღმოჩენის ალბათობა. ზემოთ მოყვანილმა ფაქტება თავიანთი მოქმედებით შეიძლება ერთმანეთი გააძლიერონ.
ჩრდილოვანი ეკონომიკის განსაზღვრის მეთოდები
ჩრდილოვანი ეკონომიკის გაზომვა მეტად რთული და შრომატევადი პროცესია და მიუხედავად ამისა იგი მაინც არ იძლევა ზუსტი მონაცემების მიღების საშუალებას, მიუხედავად ამისა არსებობენ მეთოდები, რომელთაც იყენებენ ეკონომისტები ამ მონაცემების გამოსათვლელად. ესენია: დასაქმების ქვოტის ცვლილებები, სხვაობა შემოსავალსა და ხარჯებს შორის, ნაღდი ფულის მიმოქცევის მეთოდი, ქვემოთ შევეცდებით განვსაზღვროთ ამ მეთოდების დადებითი და უარყოფითი მხარები.
• დასაქმების ქვოტის ცვლილებები – დაღმავალი ოფიციალური დასაქმების ქვოტა ჩრდილოვანი ეკონომიკის სიდიდეზე და განვითარებაზე გვაძლევს ინფორმაციას. ეს ხდება მაშინ, თუ არ აშკარავდება, რომ ფორმალური ეკონომიკიდან საბოლოოდ გამოსული და ამით სტატისტიკურად დაუფიქსირებელი დასაქმებული ჩრდილოვან სექტორში საქმიანობს. ვარაუდობენ, რომ სრული დასაქმების პირობებში ჩრდილოვანი ეკონომიკა საერთოდ არ უნდა არსებობდეს, ხოლო დასაქმების დაბალი ქვოტის შემთხვევაში ადამიანებს მეტი სტიმული აქვთ ჩრდილოვანი საქმიანობისთვის.
• სხვაობა შემოსავალსა და ხარჯებს შორის – მშპ ვიცით რომ შეგვიძლია ვიანგარიშოთ
როგორც შემოსავლების, ისე ხარჯების მეთოდით. როდესაც დანახარჯები უფრო მაღალია, ვიდრე შემოსავლები, შეგვიძლია ვივარაუდოთ ფარული შემოსავლების არსებობაზე. ამ მეთოდის ნაკლოვანებას წარმოადგენს ის, რომ იგი ვერ ითვალისწინებს იმას, რომ ხარჯები შესაძლოა კრედიტით დაფინანსდეს. ასეთ შემთხვევაში მთლიანი პროდუქტის შექმნისათვის გამოყენებული ფაქტორების ნაწილის ღირებულება ჯერ არ არის გადახდილი საწარმოთა მიერ და ამიტომაც არ აისახება ხარჯებით დათვლილ მშპ-ში.
• ნაღდი ფულის მიმოქცევის მეთოდი – ვარაუდობენ, რომ ტრანსაქციები ჩრდილოვან ეკონომიკაში არალეგალური საქმიანობის დამალვის მიზნით მხოლოდ ნაღდი ფულით იფარება, ამიტომ ფულის რაოდენობის მეშვეობით ან მისი ცვლილებით ცდილობენ ჩრდილოვანი ეკონომიკის სიდიდის განსაზღვრას. დგინდება საბაზისო დროის მონაკვეთი, რომლისთვისაც ჩრდილოვანი ეკონომიკის არარსებობის დადასტურება ხდება. ამ სიტუაციისთვის არსებული ნაღდი ფულის რაოდენობა ან თანაფარდობა მოკლევადიან შენატანებთან „ნორმალურად აღიქმება“. ჩრდილოვანი ეკონომიკის ტრანსაქციათა სიდიდე მხოლოდ მაშინ გამოითვლება ასე, როდესაც ფორმალური ეკონომიკის მოთხოვნაზე მეტი ნაღდი ფულის მოცულობა ჩრდილოვანი ეკონომიკის ფულის რაოდენობის გამოხატულებად განიხილება. თუ გავამრავლებთ ამ სიდიდეს ფულის ბრუნვის სიჩქარეზე მაშინ შესაძლებელია ჩრდილოვანი ეკონომიკის სიდიდის განსაზღვრა.
ჩრდილოვანი ეკონომიკის გამომწვევი მიზეზები
ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების შემუშავებისა და გამოყენებისთვის საჭიროა მისი გამომწვევი მიზეზების ანალიზი, რომელიც სახელმწიფოს ისეთი პოლიტიკის გატარების საშუალებას მისცემს, რაც სათანადო ნიადაგს გამოაცლის ჩრდილოვანი ეკონომიკის აღმოცენებას და განვითარებას. ასეთი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი ხასიათის. ეს მიზეზებია:
• ეკონომიკური არასტაბილურობა, მისი კრიზისული მდგომარეობა.
• გადასახადების დაბეგვრის მაღალი დონე
• საკუთრების უფლების დაუცველობა
• ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის მასშტაბების ზრდა და ეკონომიკის რეგლამენტაციის ამაღლება.
• არახელსაყრელი სოციალური ფონი
• პოლიტიკური არასტაბილურობა
რამდენად „ჩრდილოვანია“ საქართველოს ეკონომიკა?
ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ საბჭოთა კავშირს საკმაოდ დიდი ჩრდილოვანი (არაფორმალური) ეკონომიკა ჰქონდა. საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი იყო ძალიან მკაცრი ფორმალური სისტემა მაღალი დონის ბიუროკრატიითა და არაეფექტური დაგეგმარებით. ეს ბევრ პრობლემას ქმნიდა როგორც წარმოებაში, ისე მოხმარებაში. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ გარემოებებმა მოამზადა ნაყოფიერი ნიადაგი ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარებისთვის. რისი მოპოვებაც ოფიციალურად შეუძლებელი იყო, არაფორმალურად გახდა შესაძლებელი.
2018 წლის იანვარში გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კვლევა, რომელშიც მოცემულია 158 ქვეყნის ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომის შესწავლის ახალი შედეგები 1991-2015 წლებისთვის. აღნიშნულ პერიოდში ჩრდილოვანი ეკონომიკა საქართველოში, საშუალოდ, მშპ-ის 64.9%-ს შეადგენდა. . 2015 წელს (ბოლო წელი რომელსაც მოიცავს კვლევა), საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესდა და ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 53%-მდე დავიდა. თუმცა, ამ შედეგის მიუხედავად, მსოფლიო რეიტინგში საქართველო მხოლოდ ზიმბაბვეს (67%) და ჰაიტის (56%) ჯობნის.
საქართველოს შემთხვევაში ჩრდილოვანი ეკონომიკის განსაზღვრისთვის ერთი სისტემური პრობლემა დგას – რაც ქვეყანაში თვითდასაქმებულთა განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით არის განპირობებული. ყველაზე მწვავედ თვითდასაქმების პრობლემა რეგიონში დგას, სადაც მცხოვრები პირები შემოსავლის მიღების მიზნით საკუთარ მეურნეობებში წარმოებულ პროდუქციას ყიდიან. მართალია შემდომში ამ პროდუქციის ნაწილი ისევე ხილულ და აღრიცხვად ეკონომიკაში ხვდება (ვაჭრობის დარგის გავლით, ასევე საკვები მრეწველობის გავლით) თუმცა, მათი თავდაპირველი წარმოება ხშირად ლეგალური ბრუნვის მიღმაა. საქართველოში ათასობით ადამიანი სოფლის მეურნეობის გარდა სხვა ტიპის არაფორმალურ სამუშაოსაც ფლობს, მათ შორისაა სარეპეტიტორო საქმიანობა და სატაქსო საქმიანობაც, თუმცა ეს უკანასკნელი ელექტრონული გადახდის სისტემების უფრო ფართოდ დანერგვასთან ერთად თანდათანობით ფარული ეკონომიკიდან გამოდის. თავისთავად ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილია კრიმინალიც, რაც უფრო მეტად იატაკქვეშა ეკონომიკას წარმოადგენს.
ჩრდილოვანი ეკონომიკა მსოფლიოში
მსოფლიოში ყველაზე მცირე ზომის ჩრდილოვანი ეკონომიკა შვეიცარიას (7,2%), ამერიკის შეერთებულ შტატებსა (8,3%) და ავსტრიას (8,9%) აქვს. სავალუტო ფონდის კვლევა 1991 წლიდან 2015 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ამავე მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 53.07%-მდე შემცირდა. ჩრდლოვან ეკონომიკად სავალუტო ფონდი ყველა იმ ეკონომიკურ აქტივობას ასახელებს, რომელიც დამალულია სახელმწიფო უწყებებისთვის სხვადასხვა მიზეზებით. მიზეზებს შორის სახელდება გადასახადებისგან და ბიუროკრატიული მექანიზმებისგან თავის არიდება.
ჩრდილოვანი ეკონომიკის გასაზომად სავალუტო ფონდმა გამოიყენა სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების მონაცემები, გამოკითხვები და ოჯახების შემოსავლებსა და მოხმარებას შორის არსებული უთანაბრობა. OECD-ის ქვეყნებს შორის ჩრილოვანი ეკონომიკის წილი საშუალოდ 20%-ზე დაბალია. ჯამში მსოფლიოში 1991 წლიდან 2015 წლამდე ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 5%-ზე მეტად შემცირდა. კვლევის მიხედვით, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 52.19%-ია, სომხეთში 42.59%, თურქეთში 31.38%, ხოლო რუსეთში კი 39.73%.
დასკვნა
დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი შემაფერხებელი ფაქტორია. საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის ხვედრითი წილი საკმაოდ მაღალია. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის რომ გარკვეულ სფეროებში მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა თავი აარიდონ გადასახადებს ლეგალურად, ამას კანონმდებლობაც არ უშლის ხელს, ხოლო უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს დასაქმების დაბალი დონე, რაც მოქალაქეებს არალეგალური აქტივობებისკენ უბიძგებს. ასევე შეიძლება გამოიყოს ის რომ ზოგიერთ სფეროში წარმოება მონოპოლიზირებულია, რაც ასევე ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარების წინაპირობებს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოვანი საქმიანობის სრული კონტროლი შეუძლებელია, მაგრამ სახელმწიფომ უნდა ჩაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რომლებიც ჩრდილოვან ეკონომიკას შეამცირებენ.
გამოყენებული ლიტერატურა
1. გველესიანი რ., გოგორიშვილი ი. – ეკონომიკური პოლიტიკა, წიგნი I, თბილისი 2009
2. www.imf.org
3. www.theglobaleconomy.com