აშშ – ჩინეთის სავაჭრო ომი
სალომე გობეჯიშვილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
IV კურსის სტუდენტი
sallogobejishvili1@gmail.com
ანოტაცია
როგორც Clausewitz-მა თქვა: „ომი – ეს უბრალოდ პოლიტიკური კურსის გაგრძელებაა სხვა ხერხებით“. შესაბამისად, საინტერესოა რა გავლენას იქონიებს ჩინეთსა და აშშ-ის, ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის სავაჭრო ომი მსოფლიო გეოპოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. განვიხილოთ ამ ორი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, ასევე სხვა სავაჭრო პარტნიორები, რომლებზეც შესაძლოა ირიბად, თუმცა არცისე მსუბუქად ექნება გავლენა აღნიშნულ პროცესს; წარმოვადგინოთ აშშ-ისა და ჩინეთს შორის არსებული ვაჭრობის სტრუქტურა, რომელმაც შეერთებული შტატები მიიყვანა $375 მლრდ-იან დეფიციტამდე და „აიძულა“ ტრამპი ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდში დაანონსებული პროტექციონისტული პოლიტიკის განხორციელება რეალობაში ყველაზე მკაცრად სწორედ ჩინეთის მიმართ.
As Clausewitz put it: “War – it’s just a continuation of the political course in other ways.” Consequently, it is interesting to see how the trade war between China and the US, the two largest economies, will affect the world geopolitical or economic situation. Consider the economic indices of these two countries, also other trading partners that may indirectly, but not mildly, are influenced by the process; Let’s illustrate the structure of trade between the US and China, which led the United States to a $ 375 billion deficit and “forced” Trump to implement a protectionist policy announced in the pre-election period, in reality, most strongly against China.
აშშ და ჩინეთი – რა არის თავისუფალი ვაჭრობის მომავალი?
ეწინააღმდეგება თუ არა აშშ თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობის და კონკურენციის თამაშის წესებს?
ჰუავეიმ ბევრად წინ გაუსწრო აშშ-ის ტექნოლოგიებს. ის უკვე დიდი ხანია იყენებს 5G ტექნოლოგიებს, რომელიც აშშ-ში ჯერ არ გამოუყენებიათ. ჰუავეი კერძო კომპანიაა და ჩინეთის მთავრობისგან სუბსიდიებს არ იღებს.
მას ბრალს დებენ იმაში, რომ მან შექმნა Spy Chip-ები, რომლის საშუალებითაც მომხმარებლისაგან იპარავდა ინფორმაციას. ამიტომ, აშშ-ში ამბობენ, რომ ქვეყნის ინტერესების დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკურენციის ხელშეწყობა.
როგორც ჰუავეის მენეჯმენტის ჯგუფი აცხადებს, ისინი უკვე კარგა ხანია ემზადებოდნენ ასეთი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისათვის. მათ უკვე შექმნეს ანდროიდის ჩამნაცვლებელი სისტემა, მიხვდნენ რა, რომ ეს მალე საჭირო გახდებოდა. ჰუავეი ანდროიდის კონკურენტ პლატფორმას ნამდვილად ფლობს თუ არა, ეს ზუსტად არავინ იცის, თუმცა არც გამორიცხულია. მათი მობილური ტელეფონის ბოლო მოდელების კამერები ხომ გაცილებით ჯობდა აიფონის ანალოგებს.
ანალოგიურად, გასული საუკუნის 80-იან წლებში ამერიკამ იაპონიას მსგავსი პოლიტიკური მოსაზრებებით შეუზღუდა ბაზარი. შესაბამისად, ინტერნეტში გადააწყდებით სტატიებს მსგავსი სათაურით: ტრამპის სავაჭრო შეზღუდვები არის 80-იანი წლების სავაჭრო შეზღუდვების ექო, იმ პოლიტიკისა, რომლითაც ყველაზე მეტად სწორედ ამერიკელი მომხმარებელი დაზარალდა. მიუხედავად იმისა, რომ 80-იან წლებში აღნიშნულმა პროტექციონისტულმა პოლიტიკამ ნაწილობრივ მოახერხა კიდეც სავაჭრო დეფიციტის შემცირება, მისი უარყოფითი შედეგები ბევრად ძვირად დაუჯდა ამერიკელებს.
სიღრმისეულადაც რომ არ განვიხილოთ, ისედაც ჩანს, რომ აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტი ახორციელებს ანალოგიურ პოლიტიკას არა მარტო სავაჭრო დეფიციტის შემცირების, არამედ კონკრეტული ინდუსტრიების დასაცავად. მერილ ლინჩის ეკონომისტები, Anna Zhou და Ethan Harris როგორც ამბობენ, მე-20 საუკუნის ბოლოსაც სავაჭრო დეფიციტის არსებობა აღქმული იყო როგორც არასამართლიანი ვაჭრობის ნიშანი, შესაბამისად, აშშ-მა გაატარა პროტექციონისტული ღონისძიებები, რომლების თავის მხრივ, თუნდაც თავი დავანებოთ აშშ-ისა და ჩინეთს თუ აშშ-სა და იაპონიას, არის არაოპტიმალური და ხშირ შემთხვევაში, ემოციებზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკის ნიშანი. მათთვის ვინც მცირედით მაინც ერკვევა ეკონომიკაში და არაა შეზღუდული გარკვეული სპეციფიკური პოლიტიკური, პირადი ინტერესებით, მისაღებია სწორედ თავისუფალი ვაჭრობა და არა სამამულო ბაზრის დაცვის არგუმენტით გატარებული პროტექციონისტული პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც ისიც სადაოა თუ კონკრეტულად რას წარმოადგენს განვითარებული სამამულო ბაზარი.
ისევე როგორც ტრამპი, თავის დროზე რეიგანის სამიზნეც იყო ავტომობილები, ფოლადი და ნახევარგამტარების ინდუსტრია. შესაბამისად, ტარიფებმა, კვოტებმა და სხვა საიმპორტო შეზღუდვათა სერიამ დათვური სამსახური გაუწია ამერიკულ კომპანიებს. აქვე შეგვიძია დავძინოთ, რომ ეს სულაც არაა გასაკვირი იმ პირობებში, როცა ზოგადადაც, პროტექციონიზმი ითვლება ადგილობრივი წარმოების „წამახალისებლად“ , რადგან ის იძლევა შესაძლებლობას, მეწარმეებმა ბევრად მარტივ, რბილ, სასათბურე პირობებში წარმართონ საქმიანობა, ხშირ შემთხვევაში აღარ იზრუნონ ხარისხზე და უცხოური კომპანიების გაძევების შემდეგ დარჩეთ ფასების აწევის ძალაუფლებაც აწ უკვე არც თუ ისე ხარისხიან პროდუქციაზე. ვინაა მოგებული იმ პირობებში, როცა ყველა მწარმოებელი მომხმარებელია თუმცა ყველა მომხმარებელი მწარმოებელი არაა? ნათელია, რომ იზღუდება უმრავლესობის ინტერესი.
დავუბრუნდეთ უშუალოდ აღნიშნულ საკითხს, სადაც შემდეგი შედეგები მივიღეთ 80-იან წლებში: ნაცვლად დეფიციტის შემცირებისა, დეფიციტი 36 მილიარდიდან, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 1.3%-დან გაიზარდა 170 მილიარდამდე ანუ GDP-ის 3.7%-მდე 1989 წლისთვის. მთავარი გაკვეთილები კი აქედან შემდეგია:
1. ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს არა სავაჭრო პოლიტიკას, არამედ საშინაო პოლიტიკას, რომელიც იქნება არა იმპორტის შემზღუდველი, არამედ ექსპორტის წამახალისებელი.
2. ტარიფების დაწესების შედეგად გაზრდილი ფასები პროდუქციაზე გავლენას ახდენს ყოველ ამერიკული საოჯახო მეურნეობის შემოსავლების ღირებულებაზე, რამდენადაც მცირდება მათი რეალური მსყიდველუბითუნარიანობა და შესაბამისად, რეალური ცვლადები, რაც არის მთავარი მაჩვენებელი ეკონომიკური კეთილდღეობისა, განსხვავებით ნომინალური ცვლადებისგან. ასე მაგალითად, მხოლოდ 1984 წელს, მომხმარებელმა გადაიხადა დამატებით 53მლრდ დოლარი იმპორტის ტარიფების შემოღების შედეგად გაზრდილი ფასების მქონე პროდუქტებში. გაზრდილი დანახარჯები საფრთხის ქვეშ აყენებს დასაქმების დონესაც, რამდენადაც კომპანიები ცდილობენ საერთო დანახარჯების შემცირებას ან არსებული ხელფასების შემცირების ან რაც უფრო სავარაუდოა, პერსონალის რაოდენობის შემცირების ხარჯზე.
3. რეალურად იმ ინდუსტრიებმა, რომელთა „დაცვისა“ და წახალისებისთვისაც გატარდა აღნიშნული ღონისძიებები მიიღეს ფაქტობრივად ძალიან მცირე დახმარება.
თუმცა არის ხელშესახები განსხვავებანი 80-იანი წლების სავაჭრო კონფლიქტსა და დღეს არსებულ სავაჭრო კონფლიქტს შორის, იმდენად, რამდენადაც, თავის დროზე იაპონიამ, ასე ვთქვათ, მიიღო კიდეც აღნიშნული შეზღუდვები, მაშინ როცა ჩინეთი, რომლის ეკონომიკაც რიგით მეორე ეკონომიკას წარმოადგენს, უკან დახევას სულაც არ აპირებს, მიუხედავად თავიდანარსებული შედარებით „მომთმენი“ პოლიტიკისა. ჩინეთმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მას არ ეშინია ამ სავაჭრო ომის. აშშ-ის პოტენციურმა მხარდამჭერებმაც კი, როგორიცაა მექსიკა, კანადა და ევროკავშირი, ამ შემთხვევაში უკან დაიხიეს და სულაც არ აღმოჩნდნენ აღნიშნული ამერიკული ტარიფების მოტრფიალე.
ჩვენი თემა ჰუავეის მაგალითის განხილვით დავიწყეთ და ამ ყოველივეს შემდეგ შეგვიძლია უკეთ განვიხილოთ ეს ქეისი და მისი საშულებით დავინახოთ არსებული რეალობა. ჩინეთში ამბობენ, რომ თუ ჩიპების არსებობა რეალურია, მაშინ რამდენიმე წლის წინ რატომ გამოუშვეს გუგლმა და ჰუავეიმ მობილური ტელეფონების ერთობლივი სერია?
დამაფიქრებელი რეალობა: ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ჰუავეის განვითარების სტრატეგია, რომლის მიხედვით ის გაყიდვათა მოცულობით ნომერ პირველი კომპანია უნდა ყოფილიყო 2021 წლისთვის.
რა გამოდის, თავისუფალი ვაჭრობა არ აწყობს ამერიკას? კონკურენციას ვერ უწევს ჩინეთს და პოლიტიკური მეთოდების დახმარებით ზღუდავს კონკურენტს? რატომ არ მსჯელობს ასე აშშ როცა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს სწორედ კონკურენციის ხელშემშლელი ქმედებების განხორციელების დროს? რა გამოდის, „დიდისთვსი“ დასაშვებია და „პატარისთვის“ არა?
ამ ყოველივეზე საინტერესო მოსაზრება აქვს ჯეფრი საქსს, რომელიც ამბობს რომ ჩინეთი არაა აშშ-ის ეკონომიკური პრობლემების წყარო, არამედ კორპორაციული სიხარბე და გაუმაძღრობა. CNN-თან საუბრისას ის ხაზს უსვამს, რომ ჩინეთი არაა აშშ-ის მტერი. ისაა ქვეყანა, რომელიც ცდილობს თავისი ცხოვრების დონის ამაღლებას განათლების, ტექნოლოგიების, ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისა და მათ შორის, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ვაჭრობის დახმარებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ის აკეთებს ზუსტად იმას, რასაც ნებისმიერი ქვეყანა უნდა აკეთებდეს იმ ისტორიული პირობებიდან გამომდინარე, როცა მისი მოსახლეობის მესამედი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს( 1970 წელს ჩინეთში ეს მაჩვენებელი 30% იყო). ამიტომაც, აშშ ცდილობს შეაჩეროს ჩინეთის განვითარება, რომელიც საფრთხედ იქცა როგორც თავად აშშ-თვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვის. იმის მაგივრად, რომ ჩვენ დავადანაშაულოთ ჩინეთი კონკურენტული ბაზრის მახასითებლების და მის, როგორც ფენომენის „პატივისცემისთვის“, უნდა დავბეგროთ ჩვენი მულტინაციონალური კომპანიების ზედმეტად თავისუფალი, „მონავარდე“ კორპორაციული მოგება და გამოვიყენოთ ეს ამონაგები საოჯახო მეურნეობებიდან გამოსული მუშახელისთვის, დავაბანდოთ მოწინავე ტექნოლოგიებსა და რა თქმა უნდა, განათლებაში, ამბობს საქსი.
აქვე საინტერესოა ის ფაქტორი, რომ ჩინეთი არაერთხელ ქცეულა სხვა ქვეყნების დარტყმების ობიექტად. საკმარისია გავიხსენოთ 1839 წელს დიდი ბრიტანეთის მიერ წამოწყებული ე.წ. ოპიუმის ომი და მე-19 საუკუნის ბოლოს ახალ გაინდუსტრიალებულ იაპონიასთან წაგებული ომი. რეალურად, ჩინეთის განვითარება მხოლოდ 1978 წელს დაიწყო, როცა Deng Xiaoping მოვიდა ხელისუფლებაში და დაიწყო ძირეული ეკონომიკური გარდაქმნები. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ჩინეთმა განიცადა შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, ისტორიული გამოცდილება და ასე ვთქვათ, „მოუშუშებელი იარები“, რომელიც დარჩა წინა საუკენეებში გარესამყაროსთან ბრძოლის შედეგად, აიძულებს თანამედროვე ჩინეთს, უფრო მეტად იქნას მობილიზებული, აღარ დაუშვას შეცდომები და კვლავ დამარცხება. რადგან მიუხედავად წარმატებებისა, ჩინეთი ვერ გამოვიდა სიღარიბის მდგომარეობიდან. ასე მაგალითად, მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით დათვლილი მშპ-ის მოცულობის შედარებისას, კაპიტალის ერთ ერთეულზე შემოსავლების მოცულობამ მიაღწია აშშ-ის ანალოგიური მაჩვენებლის 28.8%-ს 2018 წლის მონაცემებით.
და მაინც, ჩინეთი რომ ყოფილიყო ისეთი აზიური ქვეყანა, როგორიცაა სამხრეთ კორეა, ჩინეთისგან განსხვავებით ბევრად უფრო მცირე, 50 მლნ-იანი მოსახლეობით, მაშინ მისი წარმატება აშშ-ის მიერ შეფასებული იქნებოდა როგორც საოცარი ეკონომიკური წარმატების ისტორია, რაც ასეცაა, თუმცა იმის გამო, რომ ის ესოდენ დიდია, ის უკუაგდებს აშშ-ის პრეტენზიას იმაზე, რომ მართოს მსოფლიო. აშშ-ის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 4.2%-ს შეადგენს, რაც ჩინეთის მოსახლეობის მეოთხედის ტოლფასია. სიმართლე ისაა, რომ არცერთ მათგანს არ ძალუძს გლობალური დომინანტური პოზიციის დაკავება, რადგან დღესდღეობით ტექნოლოგიები და ნოუ-ჰაუ გადაადგილდება ქვეყნებს შორის იმაზე სწრაფად, რაც კი ოდესმე ყოფილა.
შეუძლებელია ხაზი არ გავუსვათ მსოფლიო ეკონომიკასაც, როგორც მიწოდების ერთიან ჯაჭვს და შესაბამისად იმას, რომ ორი გიგანტის დაპირისპირება გავლენას ახდენს არა მარტო ამ ორი ქვეყნის კომპანიებზე, საშუალო სამომხმარებლო ფასების ზრდას უარყოფიტი ეფექტი აქვს, როგორც სამომხმარებლო, ისე ბი-თუ-ბი ბაზრებზეც. როგორც Clausewitz-ი ამბობდა: „ომი – ეს უბრალოდ პოლიტიკური კურსის გარძელებაა სხვა ხერხებით“, შესაბამისად აშშ-ჩინეთის თამაშებს ბევრად დიდი გავლენა აქვს მსოფლიო გეოპოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ვიდრე ამ თამაშებიდან საკმაოდ შორს მყოფი და ფაქტობრივად, გამოთიშული ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია წარმოიდგინოს.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ლექციების კურსი მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში, ნოდარ ხადური
2. საერთაშორისო ეკონომიკა: თეორია და პოლიტიკა, პოლ კრუგმანი
3. მაკროეკონომიკა, ოლივიე ბლანშარი
4. მიკროეკონომიკის პრინციპები, გრეგორი მენქიუ
5. www.businessinsider.com
6. www.project-syndicate.org
7. www.project-syndicate.org
8. www.politico.com
9. edition.cnn.com