კორონავირუსის გავლენა განათლების სექტორზე

ავტორის სტილი დაცულია

ბექა ბაიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, IV კურსი
Beka.baiashvili@wikimedia.ge


ანოტაცია: კორონავირუსის პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა ნებისმიერ ადამიანზე განურჩევლად ეროვნებისა, განათლებისა, შემოსავლის დონისა და გენდერისა. იმავეს თამამად ვერ ვიტყვით გრძელვადიან შედეგებზე, რომლებიც ყველაზე მეტად სოციალურად ნაკლებად დაცულ საზოგადებას დააზარალებს.

Annotation: The coronavirus pandemic has negatively affected any person regardless of nationality, education, income level and gender. The same cannot be said with certainty about the long-term consequences that will hurt the most socially disadvantaged society.

კორონავირუსის პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა ნებისმიერ ადამიანზე განურჩევლად ეროვნებისა, განათლებისა, შემოსავლის დონისა და გენდერისა. იმავეს თამამად ვერ ვიტყვით გრძელვადიან შედეგებზე, რომლებიც ყველაზე მეტად სოციალურად ნაკლებად დაცულ საზოგადებას დააზარალებს.

განათლების სექტორი გამონაკლისი ვერ იქნება. მოტივირებული და შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები, რომლებსაც აქტიურად ეხმარებიან მშობლები ან ახლობლების წრე, დახურული სასწავლო დაწესებულებების მიუხედავად, მაინც მოახერხებენ და მიაგნებენ სწავლის ახალ, ეფექტიან მეთოდებს. სოციალურად ნაკლებად უზრუნველყოფილი მოსწავლეები კი, მსგავსი შეზღუდვების შემთხვევაში, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას კარგავენ.

პანდემიის კრიზისმა გამოავლინა არაერთი უთანასწორობა და არაადეკვატურობა მსოფლიოს განათლების სისტემაში — დაწყებული ელემენტარული ტექნოლოგიური რესურსების, როგორიცაა კომპიუტერები და ინტერნეტი, ხელმიუწვდომლობიდან, დასრულებული ბევრისთვის არაჯანსაღი და შეუსაბამო სასწავლო გარემოთი, რომელიც, საბოლოო ჯამში, საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს შორის მნიშვნელოვან შეუსაბამობას იწვევს.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებული შემზღუდველი პოლიტიკის გამო, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) უმეტეს და მის პარტნიორ არაერთ ქვეყანაში სწავლა ჩვეული რეჟიმისგან განსხვავებულად წარიმართა. ამ პროცესებმა მინიმუმ 10 კვირა გასტანა (ზოგიერთ შემთხვევაში ბევრად მეტი) (Schleicher, 2020). სწავლის უწყვეტობის შესანარჩუნებლად საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენელთა ძალისხმევისა და რესურსების მიუხედავად, სტუდენტებსა და მოსწავლეებს მოუწიათ საკმაოდ დიდი რაოდენობით საკუთარი რესურსების გამოყენება, რათა სასწავლო პროცესს არ ჩამორჩენოდნენ. პროფესორ-მასწავლებლებსაც, სტუდენტების მსგავსად, არაერთი დაბრკოლება შეხვდათ იმის გამო, რომ მათ არ ქონდათ ვირტუალურ სივრცეში მოსწავლეთათვის ინფორმაციის სწორად და ეფექტიანად გადაცემის როგორც გამოცდილება, ისე შემუშავებული მეთოდები. ამისთვის უმეტეს მათგანს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები არ გაუვლია.

გაეროს (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის) მდგრადი განვითარების 17 ძირითადი მიზნიდან მე-4 ხარისხიანი განათლებაა. რომლის მიხედვითაც, ხარისხიანი განათლების ნაკლებობის მიზეზია სათანადოდ მომზადებული მასწავლებლების სიმცირე, სკოლებში არსებული ცუდი პირობები და სოფლად მცხოვრები ბავშვებისათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის არარსებობა (sustainability.ge, 2020). თუ ამ ყველაფერს დღეს შექმნილ ვითარებას დავუკავშირებთ, ვნახავთ, რომ მე-4 მიზნის განხორციელება, ჩაკეტილი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფონზე, მეტად რთულდება. როგორც უკვე ვახსენეთ, ონლაინ სწავლებისთვის პროფესორ-მასწავლებელთა უდიდესი ნაწილი არაკვალიფიციური აღმოჩნდა, შესაბამისად, გაიზარდა დაბალხარისხიანი განათლების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზის სიღრმე.

სასწავლო წლის დაკარგვის ან გაუარესების გრძელვადიანი ეკონომიკური შედეგები

ჰანუშეკმა და ვოესმანმა ისტორიულ მონაცემებზე აგებული რეგრესიით, მოსწავლეთა დღევანდელ კონტიგენტზე დაკვირვებით გამოთვალეს გრეძლვადიანი ეკონომიკური შედეგები, რომელთაც სასწავლო წლის საშუალოდ ერთი მესამედის დაკარგვა ან არეფექტიანობა გამოიწვევს. იმის გამო, რომ სწავლის ხარისხის შემცირება ამცირებს მოსწავლეთა კვალიფიკაციას და ეს, თავის მხრივ, ამცირებს სამუშაო ძალის პროდუქტიულობას, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ, იგივე მთლიანი სამამულო პროდუქტი) საშუალოდ 1.5%-ით დაბალი იქნება საუკუნის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში. ეს გათვლები ეყრდნობა იმ დაშვებას, რომ სასწავლო დაწესებულებების დახურვა განათლების ხარისხზე უარყოფითად იმოქმედებს მხოლოდ დღევანდელ მოსწავლეთა კონტიგენტზე. იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო პროცესები ჩვეულ რეჟიმს სწრაფად არ დაუბრუნდება, პოტენციური ეკონომიკური დანაკარგი გაცილებით მეტი აღმოჩნდება.

რა თქმა უნდა, მოსწავლეთა უნარების შემცირებით გამოწვეული ეკონომიკური ტემპების შენელება გრძელვადიანი შედეგია, თუმცა მნიშვნელობიდან გამომდინარე, ძალიან საყურადღებო საკითხია. ამავე კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სწავლა ჩვეულ რეჟიმში სწრაფად აღდგება, ქვეყნების კეთილდღეობის დონე შორეულ პერსპექტივაში მაინც შემცირდება. თუ დავუშვებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში (აშშ) 2020 წელს სასწავლო დაწესებულებების დაკეტვით გამოწვეული მოსწავლეთა უნარების დანაკარგი ერთი მეათედია და თუ ამჟამინდელი კონტიგენტი კლასიკურ სწავლებას და პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდება, მშპ-ის მომავალი დანაკარგი ქვეყანაში მაინც 15.3 ტრილიონი აშშ დოლარის ტოლფასი იქნება (Hanushek & Woessman, 2020).

ზემოთ მოცემული სავარაუდო დანაკარგების შესახებ დასკვნის გაკეთების საფუძველს გვაძლევს ის ფაქტიც, რომ, კვლევების მიხედვით, ადამიანის სწავლის დროის დამატებით ერთი წლის განმავლობაში გაზრდა, მის შემოსავლებს 7.5-10%-ით ზრდის (Hanushek [1], 2015). თუ სიტუაციას მეორე მხრიდან შევხედავთ, სასწავლო წლის თუნდაც ერთი მესამედის დაკარგვა ან მისი ხარისხის გაუარესება, მოსწავლეთა მომავალ შემოსავალს, უხეში გათვლებით, 3%-ით შეამცირებს. უხეში ეკონიმიკური დათვლების გარდა, უფრო მეტად გასათვალისწინებელია დახურვის შედეგად გამოწვეული მოსწავლეთა კოგნიტური უნარების დაკარგვის პროცესი და სასწავლო დაწესებულებების ხელახლა გახსნის არატესტირებული მეთოდები.

კორონავირუსის გავლენა განათლების ხელმისაწვდომობაზე

ვირტუალური სწავლების სისტემა ბევრად რთულია სოციალურად მძიმე მდგომარეობის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რომელთაც განსაკუთრებული მიდგომა და ყურადღება ესაჭიროებათ. აქედან გამომდინარე, სასწავლო დაწესებულებების დახურვა, შესაძლებელია, გახდეს განათლების საზოგადოებისთვის უთანასწოროდ მიწოდების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი.

განათლებაში უთანასწორობის სავარაუდო ზრდის ილუსტრირებისთვის დავაკვირდეთ ცხრილ 1-ს. მასზე ასახულია ოჯახში თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის სიდიდე მაღალი შემოსავლის (HIC – High Income Countries), მაღალი საშუალო შემოსავლის (UMC – Upper Middle Income Countries), დაბალი საშაულო შემოსავლისა (LMC – Lower Middle Income Countries) და დაბალ შემოსავლიან (LIC – Low Income Countries) ქვეყნებში.

საერთო მაჩვენებლების განხილვისასაც კი ვამჩნევთ, რომ 142 ქვეყანაში ინტერნეტთან წვდომა მოსახლეობის ნახევარსაც კი არ აქვს. დაბალია ტელევიზიასთან და კომპიუტერთან წვდომის მაჩვენებლებიც. განსაკუთრებით ეს სირთულეები გვხვდება დაბალი და დაბალი საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში. აღნიშნული მონაცემები არაა უშუალოდ მოსწავლეთა კონტიგენტიდან, თუმცა საერთო მოსახლეობის ჭრილშიც კი, რიცხვები საკმაოდ ბევრს მეტყველებს. მაღალი საშუალო შემოსავლის ქვეყნებშიც კი, კომპიუტერითა და ინტერნეტით უზრუნველყოფის ხარისხი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ გონივრულ რიცხვს, რის საფუძველზეც შეგვეძლებოდა დაგვესკვნა, რომ თითოეული ადამიანი ვირტუალურ სივრცეში თანაბარი ხარისხის ცოდნას მიიღებს.

დასკვნა

კლასიკური სწავლების მეთოდის ალტერნატივად დისტანციური სწავლის სხვადასხვა ფორმა დაინერგა. მაგალითად, საქართველოში აქტიურად გამოიყენეს ონლაინ შეხვედრების პლატფორმები და ტელევიზია როგორც სინქრონული, ისე ასინქრონული სწავლის სინთეზისათვის.

მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ განათლების სექტორის მომავალი ონლაინ სწავლებაა, რომელიც მოსწავლეს მეტ თავისუფალ დროს და თვითგანვითარების მეტ შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, 2020 წლისათვის მსოფლიოს უდიდესი ნაწილი მსგავსი ტრანსფორმაციისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი საშუალო და დაბალი შემოსავლების ქვეყნებში, დღესაც კი არ აქვს წვდომა თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებზე, რასაც ადასტურებს კვლევაში მოხმობილი კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები.

სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღმოჩნდა, რომ სწავლის ხანგრძლივობის შემცირება ან მისი ხარისხის გაუარესება საზოგადოების შემოსავლებს და მთლიან შიდა პროდუქტს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვასკვნით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების სიმცირე, სასწავლო დაწესებულებების ჩაკეტვა და მისი გახსნის არასწორი მეთოდები, ასევე, პროფესორ-მასწავლებელთა ონლაინ სწავლებისთვის მოუმზადებლობა აუარესებს სწავლის ხარისხს და ამცირებს ნებისმიერი ადამიანისთვის განათლების თანასწორუფლებიანობას. აქედან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, სრული დისტანციური სწავლის მეთოდები მიუღებელია, რადგანაც მას საკმაოდ დიდი ეკონომიკური და საზოგადოებრივი დანახარჯები აქვს. უკეთ რომ ჩამოვაყალიბოთ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მცირდება არა მხოლოდ მომავალი ეკონომიკური კეთილდღეობა, საფრთხე ექმნება მდგრად განვითარებას იმ კუთხითაც, რომ საზოგადოების ნაწილი, სხვასთან შედარებით, მეტად უხარისხო განათლებას მიიღებს.

თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და საზოგადოების მათზე წვდომის ზრდა არის საუკეთესო საფუძვლის ჩამყრელი მომავალში დისტანციური ან ნაწილობრივ დისტანციური სწავლებისთვის. ამ ეტაპზე კი მიზანშეწონილად მიგვაჩნია აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებში მოსწავლეთა და სტუდენტთა რაც შეიძლება სწრაფი და უმტკივნეულო, რეკომენდაციების დაცვით დაბრუნება.

ბიბლიოგრაფია

  • Hanushek [1], E. (2015). Returns to Skills around the World: Evidence from PIAAC. European Economic Review.
  • Hanushek, E., & Woessman, L. (2020). The economic impacts of learning losses. OECD Publishing.
  • Schleicher, A. (2020). THE IMPACT OF COVID-19 ON EDUCATION, INSIGHTS FROM EDUCATION AT A GLANCE 2020. OECD.