უმუშევრობა საქართველოში
მარიამ გოგოძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
III კურსის სტუდენტი
Gogodze1999mariami@gmail.com
ანოტაცია
საქართველოს მოსახლეობა ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს. მოსახლეობის დაახლოებით 60% თავს უმუშევრად თვლის. უმუშევარი მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია რომ არ არის საკმარისი სამუშაო ადგილი, ან შესაბამისი ანაზღაურება.განსაკუთრებით მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი ახალგაზრდა თაობაში, ასაკოვან მოსახლეობასთან შედარებით. ახალგაზრდა ასაკშივე ითხოვენ რამდენიმე წლიან გამოცდილებას, რაც შეუძლებელია. ახალგაზრდები ვერ საქმდებიან და შედეგად კი ვიღებთ უამრავ დაუსაქმებელ ახალგაზრდას. ამიტომ გადავწყვიტე ვისაუბრო უმუშევრობაზე და მის გამომწვევ და შემცირების მიზეზებზე, რადგანაც სამუშაო ძალა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.
შესავალი
უმუშევრობა არის მოვლენა, რომლის დროსაც მოსახლეობის ცალკეული ნაწილი ვერ შოულობს სამუშაოს. უმუშევრობის გარკვეული დონის არსებობა გარდაუვალია რეალურ ეკონომიკაში. უმუშევრობის ნორმალურ ანუ ბუნებრივ დონეს განსაზღვრავს ოფიციალურად რეგისტრირებულ უმუშევართა ხვედრითი წონა შრომისუნარიანი ასაკის მქონე მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაში, მაგრამ ეს მაჩვენებელი არ გვაძლევს სრულ წარმოდგენას ამ სფეროში შექმნილ ვითარებაზე. არსებული მდგომარეობის სწორად შეფასებისათვის აუცილებელია ვიცოდეთ არა მხოლოდ უმუშევართა რაოდენობა, არამედ მათი უმუშევრობის პერიოდის ხანგრძლივობა.
ამერიკის შრომის სტატისტიკური ბიუროს (შსბ) მონაცემებით განისაზღვრება დასაქმებული, დაუსაქმებელი და უმუშევარი პირები. იმისთვის, რომ შსბ-ს აღრიცხვაზე მოხვდეს, ის უნდა ეკუთვნოდეს არაინსტიტუციონალურ მოსახლეობას. აქ იგულისხმებიან 16 წელს მიღწეული და უფროსი ასაკის პირები, რომლებიც მოცემულ მომენტში ციხეებსა და საავადმყოფოებში არ იმყოფებიან. არაინსტიტუციონალური მოსახლეობა იყოფა შემდეგ კატეგორიებად: დასაქმებული, უმუშევარი და არათვითმოქმედი მოსახლეობა. უმუშევართა და დასაქმებულთა დონის განსაზღვრისათვის შსბ ეყრდნობა, როგორც საკუთარ კვლევებს (ეს უკანასკნელი ტარდება ყოველთვიურად), ასევე აშშ-ს სენსუს ბიუროს მიერ ჩატარებულ ორ კვლევას. უმუშევრობის დონე განისაზღვრება საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის მიერ დაწესებული სტნდარტების შესაბამისად. თუმცა, მიღებული მონაცემები ასევე გამოიყენება უმუშევრობის 5 სხვადასხვა დონის განსაზღვრისათვის, რომლებსაც მინიჭებული აქვთ შესაბამისი კოდები. კერძოდ კი:
1 – სამუშაო ძალის პროცენტი, რომელიც ვერ დასაქმდა 15 კვირის ან მეტი პერიოდის განმავლობაში;
2 – სამუშაო ძალის პროცენტი, რომელმაც კვლევის მომენტისთვის დაკარგა სამუშაო ან დაასრულა დროებითი სამუშაო;
3 – ოფიციალური უმუშევრობის დონე საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის განმარტებების შესაბამისად;
4 – სამუშაო ძალა, რომელსაც სურს მუშაობის დაწყება, მაგრამ შეწყვიტა ძიება, რადგან არსებული ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილი არ არის ხელმისაწვდომი;
5 – ნახევარი განაკვეთით დასაქმებული პირები, რომლებსაც სურთ სრულ განაკვეთზე მუშაობა, მაგრამ არ შეუძლიათ გარკევული ეკონომიკრი მიზეზების გამო.
შრომის სტატისტისიკის მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციაზე, 1982 წლის ოქტომბერში მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა შესაბამისი შრომის ბაზრის კატეგორიების განსაზღვრის სტანდარტები. ამ სტანდარტების მიხედვით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია უმუშევრობას განმარტავს შემდეგნაირად: „უმუშევართა რაოდენობა აერთიანებს 15 და მეტი წლის პირებს, რომლებიც შესწავლის პერიოდისათვის არიან უმუშევრები – არ იღებენ ხელფასს ან/და არ არიან თვითდასაქმებულები.“
უმუშევრობა საქართველოში
უმუშევრობის მაღალი დონე საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, შესაბამისად უმუშევრობის დონის შემცირება მომდევნო წლებში ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამასთან, კერძო სექტორის შემდგომი განვითარება და ზრდა წარმოადგენს უმუშევრობის შემცირების ყველაზე ეფექტიან მექანიზმს. იმისათვის, რომ უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ზრდის მიმართულებით ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა განხორციელდეს, მნიშვნელოვანია განხორციელდეს უმუშევრობისა და დასაქმების კომპონენტების ანალიზი, როგორც მიწოდების მიმართულებით, რაც გულისხმობს შრომის ბაზრის ასიმეტრიულობას, მობილობის დაბალ ხარისხს, დაბალი პროდუქტიულობისა და არაადექვატური კვალიფიკაციის არსებობას, ასევე მოთხოვნის მიმართულებით, რაც მოიცავს კერძო სექტორის არასაკმარის დივერსიფიცირებულობას, სექტორებს შორის არათანაბარ განვითარებას და ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობის გეოგრაფიული კონცენტრაციის საკითხებს.
საქართველოს მოსახლეობა ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს. მოსახლეობის დაახლოებით 60% თავს უმუშევრად თვლის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიხედვით კი უმუშევრობის დონე 11.6%-ია და წინა წელთან შედარებით 1.1%-ით არის შემცირებული. ადამიანები უფრო მარტივად თვლიან თავს უმუშევრად, ვიდრე ამას საქსტატის ოფიციალური მეთოდოლოგია ადგენს.
2019 წლის ბოლოს საქართველოში 3 723.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. მათგან 15 წლის და მეტი ასაკის იყო დაახლოებით 3 მილიონი. ამ 3 მილიონიდან 1 690.2 მილიონი დასაქმებული იყო, ხოლო 221 ათასი – უმუშევარი. დარჩა კიდევ მილიონ კაცზე მეტი, რომელთაც 15 და მეტი წელი შეუსრულდათ, ანუ სამუშაო ასაკს მიაღწიეს, მაგრამ არც დასაქმებულები არიან და არც უმუშევრები. ეს მილიონი კაცი მოიცავს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის ან სხვა გარემოების გამო არ შეუძლიათ მუშაობა (მაგალითად, პატიმრები) ან თავიანთი ნებით არ ეძებენ სამსახურს. მათ შორის, ნახევარი მილიონი 15-19 წლისა და საპენსიო ასაკის ადამიანები არიან, რომლებიც ობიექტური მიზეზების გამო არ არიან დაინტერესებული მუშაობით. მეორე ნახევარი მილიონი კი ან დიასახლისია და ე.წ. ოჯახის საქმეებით არის დაკავებული, ან აღარ აქვს იმედი, რომ სამსახურს იშოვის, აღარც ეძებს ან უბრალოდ, არ უნდა მუშაობა.
ახლა დავუბრუნდეთ დასაქმებულ 1.7 მილიონ ადამიანს. მათ შორის ორი კატეგორიის დასაქმებულებია: დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები. სწორედ თვითდასაქმებულების ნაწილია ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ უმუშევარია. 2019 წლის ბოლოს 849.3 ათასი ადამიანი იყო დაქირავებით დასაქმებული, ანუ იღებდა შრომის ანაზღაურებას და 840.4 ათასი იყო თვითდასაქმებული, სამსახური არ ჰქონდათ, მაგრამ ინდივიდუალურად შრომობდნენ. ასეთი ტიპის დასაქმებულებს მიეკუთვნებიან სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, რეპეტიტორები, საცალო ვაჭრობით დაკავებული ფიზიკური პირები და ა.შ. ეს ადამიანები სასურველი სამსახურის პოვნამდე სხვადასხვა გზით ცდილობენ შემოსავლის მიღება
შესაბამისად, როდესაც საქართველოში ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები (ე.წ. ხელფასიანი სამსახური), არ ნიშნავს, რომ ამ ადგილებს აუცილებლად ოფიციალური გაგებით უმუშევრები დაიკავებენ. თეორიულად შესაძლოა, ახალი სამუშაო ადგილები თვითდასაქმებულებმა სრულად შეავსონ და უმუშევართა რაოდენობა არ შემცირდეს.
2016 წელთან შედარებით 2019 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 27 ათასით არის გაზრდილი, რაც 4-წლიანი პერიოდისთვის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. თუმცა, თუ ვნახავთ რეალურად, ანუ დაქირავებით დასაქმებულებს, მათი რაოდენობა 48 ათასით არის გაზრდილი, ხოლო თვითდასაქმებულების რაოდენობა 69 ათასით არის შემცირებული. უმუშევართა რაოდენობა 58 ათასით არის შემცირებული, ანუ მაღალი ალბათობით, უმუშევართა ნაწილმა მუშაობა კი არ დაიწყო, სამსახურის ძებნას თავი დაანება, სამუშაო ძალიდან გავიდა.
უმუშევრობის შემცირების მიზეზები
უმუშევრობა სამი გზით შეიძლება შემცირდეს: 1. ეკონომიკის ზრდა. საქონლისა და მომსახურების გაზრდილ წარმოებას დასჭირდება მეტი სამუშაო ძალა; 2. სამუშაო ძალის ექსპორტი. საქართველოს მოქალაქეებმა მუშაობა დაიწყონ სხვა ქვეყნებში; 3. შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია. დამსაქმებელს მოეხსნას ბარიერები.
საქართველოში დასაქმების ზრდის ძირითად წყაროს კერძო სექტორი წარმოდგენს. შესაბამისად, დასაქმების შემდგომი ზრდისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს კერძო სექტორის აქტივობა და უზრუნველყოფილ იქნას მაღალი ეკონომიკური ზრდა.
ამ თვალსაზრისით, ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის ანალიზისას, აშკარაა, რომ 2010 წლიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ინვესტიციები იყო, რომლის უდიდეს ნაწილს – 70%-ზე მეტს – კერძო ინვესტიციები შეადგენდა. აღნიშნული შესაბამისობაშია უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირების ტენდენციასთან 2010-2016 წლებში.
ამასთან აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ძირითადად საგარეო ეკონომიკური შოკების ზეგავლენის შედეგად, ჩამორჩება მის პოტენციურ დონეს, რაც მიუთითებს, რომ ბიზნეს სექტორის ზრდა გარკვეულწილად ჩამორჩება პოტენციურ შესაძლებლობას და შესაბამისად მის მიერ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმების ზრდაზე გავლენა დამატებით პოტენციალს შეიცავს. ამასთან, 2017 წლის დასაწყისიდან საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესებისა და ნეგატიური ფაქტორების შერბილების შედეგად,გაუმჯობესდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და გაიზარდა კერძო სექტორისაქტივობა.ბოლო წლებში დაფიქსირებულმა ეკონომიკურმა ზრდამ ასევე ხელი შეუწყო უმუშევრობის დონის შემცირებას. 2016 წლის შემდეგ უმუშევრობის დონე შემცირების ტენდენციით ხასიათდება და 2019 წელს ამ მაჩვენებელმა 11.6% შეადგინა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლებში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა დიდწილად მთლიანი პროდუქტიულობის ზრდით იყო გამოწვეული.
საქართველოს შრომის ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია: არ არის დაწესებული მინიმალური ხელფასის სავალდებულო ზღვარი, იოლია სამუშაოზე აყვანა, არ არის უმუშევრების დახმარება, სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია, მაგრამ არ კონტროლდება. ეს სიტუაცია ბევრჯერ გამხდარა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის საგანი, მაგრამ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით და დასაქმების მაჩვენებლის ამაღლებისათვის რეგულაციებისგან თავისუფალი შრომის ბაზარი უკეთესია. ბევრი ევროპული ქვეყნისთვის შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია ერთ-ერთი გზაა უმუშევრობის შესამცირებლად, საქართველოში კი მეტი ლიბერალიზება ფაქტობრივად შეუძლებელია და დასაქმების ამაღლების მხრივ მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება.
საქართველოში უმუშევრობას ორი მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს: მცირე ეკონომიკა და სამუშაო ძალის არასასურველი კვალიფიკაცია. დღეისათვის ფიზიკურად არ არსებობს საქართველოში იმდენი სამუშაო ადგილი, რამდენი სამუშაოს მსურველიც არის გარკვეული ხელფასის სანაცვლოდ. შესაბამისად, მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერიოდში, უმუშევრობის შემცირების ერთადერთი გზა საქართველოს ეკონომიკის ზრდა და, აქედან გამომდინარე, სამუშაო ადგილების მატებაა. საქართველოში საშუალო და უმაღლესი განათლების არასასურველი ხარისხის გამო პრობლემაა საშუალო და მაღალკვალიფიციური კადრების მოძიება. ასიათასობით უმუშევარს არა აქვს ის კვალიფიკაცია და ცოდნა, რაც ხშირად ამა თუ იმ ვაკანსიის დასაკავებლადაა საჭირო.
უმუშევრობის შემცირებას გარკვეულწილად ტექნოლოგიური პროგრესიც ანელებს. ხელით შრომა სულ უფრო ნაცვლდება ტექნიკით, კომპიუტერებით. მაგალითად, ფულის ჩასარიცხმა აპარატებმა გააქრო ათასობით მოლარისა და ოპერატორის სამუშაო ადგილი. თავის მხრივ, ახალი ტექნოლოგიების შექმნა აჩენს ახალ სამუშაო ადგილებს, მაგრამ ეს ხდება თანამედროვე ტექნიკა-ტექნოლოგიების მწარმოებელ და არა მომხმარებელ ქვეყნებში.
თუ ვნახავთ შრომის პროდუქტიულობას, ასეთი სურათია: 2010 წელს ერთი დასაქმებული საქართველოს ეკონომიკაში ქმნიდა 12 700 ლარის დამატებულ ღირებულებას, 2019 წელის(3 კვარტლის მიხედვით) კი დაახლოებით 13 500 ლარისას (2010 წლის ფასებში, ანუ ინფლაციის ეფექტის გარეშე). ეს ნიშნავს, რომ შრომის პროდუქტიულობა გაიზარდა.
დასკვნა
დღევანდელ პირობებში, საქართველოში შრომის ბაზრის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, დასაქმების სტრუქტურა და თვითდასაქმებულების დაბალი პროდუქტიულობა.შრომითი რესურსების მიწოდების მიმართულებით, საგულისხმოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ადგილი აქვს მკვეთრ დემოგრაფიულ ცვლილებებს, რაც აისახება სამუშაო ძალის შემცირებაში. ყოველივე განპირობებულია ქვეყნიდან ადამიანების გადინებითა და შობადობის არასტაბილური ცვლილებით.ასევე, ქვეყნიდან „ტვინების გადინება“ მოკლევადიან პერიოდში აკარგვინებს ქვეყანას ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, თუმცა მათი ქვეყანაში დაბრუნება მნიშვნელოვან როლს ასრულებს შრომის ბაზარზე, რადგან კვალიფიციურ ადამიანთა რიცხოვნობის ზრდა დადებითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე და მის ზრდაზე.საჭიროა, რომ საქართველოში დაინერგოს სამუშაო ძალის სტრუქტურის თვისობრივად განსხვავებული კვლევა, ისეთი, როგორიც იწარმოება ევროპასა და აშშ- ში.ფარული უმუშევრობისა და არასაკმარისი დასაქმების დაუთვლელობა არის რეალური პრობლემის არ-აღიარების ტოლფასი ქმედება, რადგან იგი თავშივე კლავს ამ პრობლემის მოგვარების პერსპექტივას. შედეგად, იკარგება პოტენციური ადამიანური და ეკონომიკური რესურსი, რაც არარაციონალურია.გარდა ამისა, არ არის საკმარისი შრომის ბაზრის წელიწადში ერთხელ კვლევა. ეს მაჩვენებელი არ გვაძლევს სრულ წარმოდგენას ამ სფეროში შექმნილ ვითარებაზე, ვერ ასახავს სეზონურად დასააქმების დინამიკას და არ გვაძლევს შესაძლებლობას გავაანალიზოთ უმუშევრობის პრობლემა ეკონომიკური ციკლების ჭრილში.მნიშვნელოვანია,რომ გაფართოვდეს წარმოების ბაზა, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილები. საქართველოს მინიმუმ 7%-იანი ეკონომიკური ზრდა სჭირდება, რომ ყოველწლიურად დამატებითი 50 ათასი სამუშაო ადგილი შექმნას და მოსახლეობამ უმუშევრობის დაძლევის რეალური შედეგები დაინახოს. აღნიშნული ეკონომიკური ზრდა კი შესაძლებელია კერძო დანაზოგების ზრდით,ასევე კვალიფიკაციური კადრების მომზადებით,რისთვისაც საჭიროა განათლების სფეროს სწორი რეფორმირება.
გამოყენებული ლიტერატურა
1. მაკროეკონომიკის პრინციპები. გრეგორი მენქიუ;
2. მაკროეკონომიკა. ოლივიე ბლანშარი;
3. Forbes.ge;
4. BM.ge;
5. National Parliamentary Library of Georgia;
6. შრომის საერთაშორისო ორგასნიზაცია(ILO);
7. Geostat.ge
8. www.lmis.gov.ge