საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ძირითადი გამოწვევა

თამარ მძელური
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
IV კურსი
tam.mdzeluri@gmail.com

საქართველო -ევროკავშირის ურთიერთობები

1992 წელს ევროგაერთიანებამ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და მასთან თანამშრომლობა დაიწყო. თავდაპირველად ეს თანამშრომლობა დაბალი ინტენსივობით მიმდინარეობდა და, ძირითადად, შემოიფარგლებოდა საქართველოსთვის ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარებებით.

1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, ევროკომისიისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც 1999 წელს შევიდა ძალაში. შეთანხმება დაიდო 10 წლის ვადით, ვადის ამოწურვის შემდეგ კი ავტომატურად გაგრძელდებოდა ყოველ წელს, თუ რომელიმე მხარე საწინააღმდეგო პოზიციას არ დააფიქსირებდა.

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მოიცავდა მრავალ სფეროს, სადაც მხარეები იღებდნენ ვალდებულებას, ერთობლივად ემუშავათ გარკვეული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიზნების მისაღწევად. მართალია, შეთანხმება არ განსაზღვრავდა კრიტერიუმებს თანამშრომლობის შუალედური ან საბოლოო მიზნებისთვის (მაგალითად, ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელ კრიტერიუმებს), მაგრამ იგი ითვალისწინებდა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის უწყვეტ პროცესს.

შეთანხმების 43-ე მუხლის თანახმად, საქართველომ ვალდებულება აიღო, ეტაპობრივად მიეახლოებინა თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ამავე მუხლში ჩამოთვლილია სფეროები, რომლებიც უნდა მოეცვა საკანონმდებლო ჰარმონიზაციას, ესენია: ინვესტიციები, საბაჟო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, საბანკო სამართალი, კომპანიათა ანგარიშები და გადასახადები, ინტელექტუალური საკუთრება, დასაქმებულთა დაცვა სამუშაო ადგილებზე, ფინანსური მომსახურება, კონკურენციის წესები, სახელმწიფო შესყიდვები, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, არაპირდაპირი დაბეგვრა, ტექნიკური წესები და სტანდარტები, ბირთვული კანონმდებლობა და ტრანსპორტი და სხვა. ამასთანავე, შეთანხმების 44-ე მუხლი საგანგებოდ საუბრობს კანონმდებლობის დაახლოებაზე კონკურენციის სფეროში.

საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. შეთანხმების შემდგომ საქართველომ მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით. 1997 წლის 2 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, 1998 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს პარლამენტში მიღებული ყველა კანონი და სხვა ნორმატიული აქტი უნდა შეესა- ბამებოდეს ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს.

2000 წლიდან შეიქმნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიო- რობისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია, რომელსაც სხვა ფუნქციებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ხელშეწყობა დაევალა. კომისიის მიერ შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით შემუშავდა საქართველოს კანონმდებლობის ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სტრატეგია, რომელიც დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 14 ივნისის #613 განკარგულებით. შემდგომ ეტაპს წარმოადგენდა საქართველოს კანონმდებლობის ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამის შემუშავება. პროგრამაზე მუშაობა 2001-2003 წლებში მიმდინარეობდა. 2004 წლის 8 მაისის განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ მოიწონა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამა და მთავრობის წევრებს დაევალათ ეროვნული პროგრამის შესასრულებლად ინდივიდუალური (სექტორული) სამოქმედო გეგმების შემუშავება.

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელებისა და მონიტორინგის მიზნით ჩამოყალიბდა შემდეგი ერთობლივი ინსტიტუტები:
თანამშრომლობის საბჭო წელიწადში ერთხელ იკრიბებოდა და მის ფუნქცია პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე ზედამხედველობა წარმოადგენდა. ის, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის წევრებისგან შედგებოდა. თანამშრომლობის საბჭოზე მხარეები განიხილავდნენ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში წამოჭრილ საკითხებს, აგრეთვე, ორმხრივი თუ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში წამოჭრილ ნებისმიერ სხვა საკითხებს, რომლებიც საერთო ინტერესის საგანს წარმოადგენდა და პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მიზნებს ემსახურებოდა.
• თანამშრომლობის კომიტეტი წელიწადში ერთხელ იკრიბებოდა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების დონეზე. ის ამზადებდა თანამშრომლობის საბჭოს სხდომებს და უზრუნველყოფდა, რომ შეხვედრებს შორის უწყვეტი პროცესი ყოფილიყო. თანამშრომლობის კომიტეტი შემდეგ ქვეკომიტეტებს მოიცავდა:
• ტრანსპორტის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის;
• დასაქმებისა და სოციალური საკითხების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ტრენიგის, განათლებისა და ახალგაზრდობის, კულტურის, საინფორმაციო საზოგადოების და აუდიოვიზუალური პოლიტიკისა და მეცნიერების და ტექნოლოგიების;
• ვაჭრობის, ეკონომიკისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების;
• სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების.
• საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი შედგებოდა საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებისგან. ეს იყო პლატფორმა პოლიტიკური დიალოგისთვის ევროკავშირისა და საქართველოს პარლამენტარებს შორის.

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მის ყოფილ ტერიტორიაზე უზარმაზარი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვაკუუმი შეიქმნა, რასაც ყოველმხრივი დახმარება ესაჭიროებოდა. ამ მოვლენათა სწრაფი ტემპისა და დახმარების საჭიროების გათვალისწინებით, ევროკავშირმა წამოიწყო თავისი პროგრამა TACIS – ტექნიკური დახმარების პროგრამა დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობისთვის (Technical Assistance to the Commonwealth of Independent States). იგი ვრცელდებოდა შემდეგ ქვეყნებზე: აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, მონღოლეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. 2007 წელს TACIS -ის პროგრამა ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტმა (ENPI) ჩაანაცვლა. აღნიშნული პროგრამა იმ ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენდა, რომლის საშუალებითაც ევროკავშირი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების განხორციელებას უზრუნველყოფდა.

მოგვიანებით, ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო ფორმალური და პოლიტიკურად აქტიური გახდა. პროგრამა TACIS -ის დაწყებისას ტექნიკური დახმარება ცალკე ხორციელდებოდა, მოგვიანებით კი, ეს პროგრამა პარტნიორ ქვეყნებთან, საქართველოს ჩათვლით, რთული და სწრაფად მზარდი ურთიერთობის ნაწილი გახდა. პროგრამის მიზანი იყო უფრო ღრმა პოლიტიკური ურთიერთოების პრიორიტეტების დაკმაყოფილება. TACIS -ის დახმარების ძირითადი ელემენტი იყო ევროკავშირში არსებული ორგანიზაციების ნოუჰაუს და გამოცდილების გაზიარება პარტნიორი ქვეყნებისთვის. ზოგადად, პარტნიორი კომპანია (კონტრაქტორი) ევროკავშირიდან მუშაობდა პარტნიორ ორგანიზაციასთან (სამთავრობო ან არასამთავრობო) TACIS-ის ქვეყანაში კონკრეტულ პროექტზე. საქართველოში TACIS-ის საქმიანობა ეხმარებოდა ევროკავშირის ზოგად სტრატეგიას, გაეძლიერებინა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და მისი სვლა საბაზრო ეკონომიკისა და კარგად განვითარებული დემოკრატიისკენ.

მრავალი პროგრამის განხორციელების შედეგად TACIS-მა წვლილი შეიტანა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში, ესენია: ახლად დანიშნულ მოსამართლეთა მომზადება; სტრუქტურული რეფორმები ენერგეტიკულ სექტორში; პარლამენტის ინსტიტუციური მშენებლობა; საჯარო მოხელეთა მომზადება; ქუთაისსა და თბილისში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება; საბაჟოს მოხელეთა მომზადება; ახალი საბუღალტრო სტანდარტების დამკვიდრება კომერციულ ბანკებში; ტურიზმის სტრატეგიის განვითარება; საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კორპორაციისთვის დახმარების გაწევა; პორტებში საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება; TRACECA-ს ხიდის მშენებლობა; ფოთი-ილიჩოვსკის სარკინიგზო ბორნის მშენებლობა; რკინიგზაზე კომუნიკაციისა და სასიგნალო სისტემის შექმნის მიზნით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი სისტემის დამონტაჟება; ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარება; გაზის განაწილების ქსელის განვითარება; სტატისტიკის დეპარტამენტისთვის დახმარების გაწევა; ტემპუსი – უმაღლესი განათლების განვითარება და რესტრუქტურიზება; ქართულ-ევროპული პოლიტიკის და სამართლებრივი საკონსულტაციო ცენტრისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის შექმნა და ა.შ. 1992–2006 წლებში ევროკომისიამ ტასისის ფარგლებში საქართველოში ასობით პროექტის განსახორციელებლად 131 მილიონამდე დახმარება გამოყო.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა

2002 წლის 18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ და 2002 წლის 12-13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს კოპენჰაგენის სამიტმა გამოხატა ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების სურვილი რუსეთთან, უკრაინასთან, მოლდავეთთან, ბელორუსიასა და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროს ქვეყნებთან. ასევე, მიესალმა ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივნის, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის წინადადებებს აღნიშნული მიმართულებით. სამეზობლო პოლიტიკა მიზნად ისახავდა ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთ- დაახლოების პროცესის მხარდაჭერას. სამეზობლო პოლიტიკის საშუალებით ევროკავ შირი თავისი საზღვრების გარშემო დემოკრატიის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გავრცელებას უწყობდა ხელს.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა საქართველოზე, სომხეთსა და აზერ- ბაიჯანზე 2004 წლის ივნისიდან გავრცელდა და მიზნად ისახავდა პროგრესის მიღწევას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა:
• სტანდარტებისა და წესების ჰარმონიზაცია;
• ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნებისათვის პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმების მინიჭება, ევროკავშირის ბაზარზე შეღწევ- ის გაიოლების მიზნით;
• ადამიანური რესურსის თავისუფალი გადაადგილებისა და კანონიერი მი- გრაციის საფუძვლების შექმნა;
• თანამშრომლობის გაძლიერება უსაფრთხოების საკითხებში, კერძოდ, ტერორიზმის, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების, ნარკოტიკების ტრანზიტის, ტრეფიკინგის, ფულის გათეთრებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში;
• ევროკავშირის უფრო აქტიური მონაწილეობა კონფლიქტის დარეგულირების და კრიზისულ სიტუაციათა მართვის (Crisis Manage- ment) საკითხებში;
• მეტი ძალისხმევის მიმართვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ;
• ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყანათა ინტეგრაცია ევროპულ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და სატელეკომუნიკაციო ქსელებში, ასევე – სამეცნიერო კვლევათა ევროპულ სივრცეში (European Research Area);
• ინვესტიციების ხელშეწყობისა და მათი დაცვის ახალი ინსტრუმენტების შექმნა;
• ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნების მოთხოვნილებებზე უკეთ ორიენტირებული დახმარების უზრუნველყოფა;
• დაფინანსების ახალი წყაროების მოძიება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხების ხელმისაწვდომობის ჩათვლით. 2006 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის დასრულდა საქართველო-ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შეთანხმება, რომელიც თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნებისა და შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტების განხორციელებას უწყობდა ხელს. სამოქმედო გეგმა 2006 წლის 14 ნოემბერს მიიღეს.
ევროპულმა სამეზობლო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მხრივ და ხელი შეუწყო ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების გატარებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესს.

ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი
(European Neigborhood Policy Instrumanet/ENPI)

ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი (ENPI) იყო ის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც გულისხმობდა სამეზობლო პოლიტიკის კონკრეტული ფინანსური აქტივობებით მხარდაჭერას და 2007 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებდა. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტმა ჩაანაცვლა თანამშრომლობის ისეთი პროგრამები, როგორებიცაა: TACIS (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის) და MEDA (ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებისთვის). ამ თვალსაზრით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტი უზრუნველყოფდა ამ პროგრამებში არსებული სტრატეგიული ხაზის გაგრძელებას. მის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საერთო ღირებულებების გაზიარება, სტაბილურობისა და კეთილდღეობის არეალის შექმნა, ინტენსიური თანამშრომლობა და უფრო ღრმა ეკონომიკური და რეგიონული ინტეგრირება თანამშრომლობის სფეროების მთელი სპექტრის გათვალისწინებით. 2007-2013 წლებში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში გამოყოფილმა ფინანსურმა დახმარებამ 16 სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნისა და რუსეთისათვის 11 მილიარდი ევრო შეადგინა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ევროკავშირის დახმარება მისი სამეზობლოსათვის.

2007 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოსთვის 24 მილიონი ევრო გამოიყო, რაც სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული სფეროების რეფორმირებას მოხმარდა. სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში 2007-2010 წლების საერთო ბიუჯეტმა 120 მლნ ევრო შეადგინა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის კონფლიქტებთან დაკავშირებული პაკეტიდან ევროკომისიამ საქართველოსთვის დამატებით გამოყო 500 მლნ ევრო, რომლის ძირითადი ნაწილი იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერას მოხმარდა.

აღმოსავლეთ პარტნიორობა
ევროპის კავშირის პროექტი, რომელიც მომზადდა პოლონეთისა და შვედეთის მიერ. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინიციატივა წარადგინეს ევროკავშირის ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოს სხდომაზე 2008 წლის 26 მაისს, ბრიუსელში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინაუგურაცია შედგა პრაღაში, 2009 წლის 7 მაისს. მისი წევრები არიან ევროკავშირი და აღმოსავლეთი ევროპის 6 სახელმწიფო.
პროექტის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა 2009 წლის 8 დეკემბერს, ბრიუსელში გაიმართა. 2010 წლის დეკემბერში ევროპის საინვესტიციო ბანკმა ჩამოაყალიბა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური მხარდაჭერის ფონდი“ (EPTATF). ის მოიცავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის სტაჟიორთა პროგრამას“, რომელიც ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის აზერბაიჯანიდან, სომხედითან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.
ევროკავშირმა 2018 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული ყოველწლიური გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.გამოკითხვის მიხედვით:
• საქართველოს მოქალაქეების 59%-ს ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობა აქვს, რაც სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მხოლოდ 5%-ს აქვს ნეგატიური დამოკიდებულებას ევროკავშირის მიმართ, რაც, ასევე, საგრძნობლად დაბალია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე – 13%-ზე.
• წინა წლის კვლევის შედეგების მსგავსად გამოკითხულთა 83% საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას დადებითად აფასებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი კი 63%-ია.
• საქართველოს მოსახლეობის 70% ნდობას უცხადებს ევროკავშირს, რაც 2017 წელთან შედარებით 4%-ითაა გაზრდილი. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მიმართ ნდობა 24%-ზე ნაკლებია.
• საქართველოს მოსახლეობის 67% ინფორმირებულია ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების შესახებ, რაც წინა წელთან შედარებით 9%-იან ზრდას აჩვენებს. 59% კი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური დახმარება ეფექტიანი და შედეგიანია.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარი გამოწვევა-უსაფრთხოება
საქართველოს მდგომარეობა
(1992-2008 წლები)

აფხაზეთის ომი — 1992-1993 წლების ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი. ომმა და ომის შემდგომმა უწესრიგო შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გააპარტახა. დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. როგორც თვით აფხაზები აცხადებენ, რეგიონი რუსეთის ფედერაციის „დე ფაქტო პროტექტორატია“.
რუსეთ-საქართველოს ომი — აგრეთვე ცნობილი როგორც 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი, შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ რუსეთის ფედერაციას შორის, ოს და აფხაზ სეპარატისტებთან ერთად.

ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.

აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირება

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობა მხოლოდ ერთი თემითაა შემოზღუდული: ესაა მთიანი ყარაბაღის თემა.1991 წლის სექტემბრის დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა რესპუბლიკამ, რომელიც მანამდე აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედიოდა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თავად აზერბაიჯანმა ამ მოვლენამდე ორი დღით ადრე გამოაცხადა მოსკოვისგან დამოუკიდებლობა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1988-1991 წლებში წამოწყებული კონფრონტაცია მთიანი ყარაბაღის გამო მალე ომში გადაიზარდა. ამ ომის განმავლობაში საერთაშორისოდ არაღიარებული დე ფაქტო რესპუბლიკისა და სომხეთის ჯარებმა ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკისა და მისი მოსაზღვრე მხარეების დიდი ნაწილი საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს. ომის დროს 11 000 აზერბაიჯანელი და 6 000 სომეხი დაიღუპა. 500 000 აზერბაიჯანელი განიდევნა მთიანი ყარაბაღისა და მის მოსაზღვრე ტერიტორიებიდან. სომხეთის მოსაზღვრე ტერიტორიიდან 30 000 კაცი განდევნეს, ხოლო მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთით მდებარე მხარე შაუმიანიდან 40 000 სომეხს მოუწია იძულებით გადაადგილება. ამასთანავე, ჯერ კიდევ 1988-1990 წლებში „პოგრომების“ შედეგად აზერბაიჯანი 350 000 სომეხმა დატოვა და თავი სომხეთსა და რუსეთს შეაფარა. ამავე დროს, 186 000 აზერბაიჯანელმა და 18 000 მუსლიმმა ქურთმა დატოვა სომხეთი აზერბაიჯანში გადასასვლელად.
ამიტომაც, ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობის ყველა საკითხი პირდაპირ და ირიბად სწორედ ყარაბაღის კონფლიქტთანაა დაკავშირებული. აქ კი განუწყვეტლივ მიმდინარეობს კამათი მთიანი ყარაბაღის სტატუსის, სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის სახმელეთო მიმოსვლისა და ლტოლვილთა ორმხრივად დაბრუნების შესახებ.

მოლდოვაში ორხელისუფლებიანობა შეიქმნა – ორი პრეზიდენტითა და ორი მთავრობით

მოლდოვა ღრმა პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც 9 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ დროებით ჩამოაშორა ხელისუფლებას პრეზიდენტი იგორ დოდონი და მისი უფლებამოსილება გადასცა პაველ ფილიპს, დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილესა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს.
ერთ მხარეს აღმოჩნდა პაველ ფილიპი და მთავრობის ძველი შემადგენლობა, მისი პოლიტიკური საყრდენით, დემოკრატიული პარტიით, რომლის ლიდერი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, ვლადიმირ პლაჰოტნიუკია.

მეორე მხარესაა ბლოკი „აკუმი“ („ახლავე“) და მოლდოვის სოციალისტური პარტიის ლიდერი, ამჟამად უკვე ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთთან უფრო მჭიდრო სიახლოვეს.

დასკვნა
EaP- ის ინიცირებიდან ათი წლის შემდეგ, როგორც ჩანს, არც ევროკავშირს და არც საქართველოს არ აქვთ მკაფიო იდეები საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად (ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარე დღის წესრიგის გარდა), ან აღმოსავლეთით ევროკავშირის გაფართოების რაიმე გეგმა. ევროკავშირი და საქართველო უნდა შეთანხმდნენ მკაფიო ხედვაზე, თუ სად ხედავენ თავიანთ ურთიერთობას 2030 წლისთვის და რა სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ევროკავშირთან დაახლოება საქართველოს რიგით მოქალაქისთვის. 2017 წლის მარტში ევროკომისიამ გამოაქვეყნა white paper” ევროკავშირის მომავლის შესახებ. დოკუმენტი განსაზღვრავს ევროკავშირის სამომავლო განვითარებას, რომელიც მოიცავს პერიოდს 2030 წლამდე. თუმცა, იგი არ ითვალისწინებს გაწევრიანების რაიმე პერსპექტივას აღმოსავლეთის სამეზობლო ქვეყნების მიმართულებით. ევროკავშირს არ სურს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატ ქვეყნებთან – ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ამ ამბებს, ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვის თვალსაზრისით, კარგი გავლენა არ აქვს საქართველოზე და აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ლიდერ ქვეყნებზე.
ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში 1990-იან წლებში დაწყებული კონფლიქტების შედეგების დაძლევის მიმართულებით. ის ასევე ეხმარება საქართველოს, მიაღწიოს მეტ სტაბილურობას 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ.
ევროკავშირი ასევე მოლაპარაკებებისა და სანქციების მეშვეობით ცდილობს არსებულ გაერთიანებაში კონფლიკტების მოგვარებას.
EaP-ს დასახული აქვს რიგი მიზნები რომლის მიღწევაც მისთვის პრიორიტეტულია და მათი მიღწევის შემთხვევაში პოზიტიური მოქმედებები განხორციელდება 

გამოყენებული ლიტერატურა და ინტერნეტ მასალა
1. აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე – რას ნიშნავს ინიციატივა საქართველოსთვის? (euneighbours.eu)
2. 20 შედეგი, 2020წლისთვის; (infocenter.gov.ge)
3. ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები: ფაქტები და რიცხვები-EaP (old.infocenter.gov.ge);
4. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია(www.matsne.gov.ge) ;
5. Security challenges in the Eastern Partnership countries – Euronest working document-EuroNest (hokmark.eu);
6. Aleksandra Brzozowski-Domestic challenges overshadow ten-year anniversary of EU’s Eastern Partnership”2019 (www.euractiv.com);
7. Annual Survey Report: Georgia 3rd wave, 2018 (www.euneighbours.eu) .