განათლება, როგორც ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი
ავტორის სტილი დაცულია
სალომე შუკაკიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
salome.shukakidze22@gmail.com
ანოტაცია
განათლება არის ცოდნის, უნარის და სხვა თვისებების სწავლებისა და განვითარების პროცესი ლეგალურ სასწავლო დაწესებულებებში. განათლება, ასევე წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას და მნიშვნელოვან პირობას ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. მაღალი ხარისხის განათლება ხელს უწყობს კეთილდღეობის ამაღლებას და პიროვნული, სოციალური და პროფესიული განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ამ მიზნების მისაღწევად, საგანმანათლებლო სისტემა უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი და ქვეყნის ყველა მოქალაქე უზრუნველყოს მაღალი ხარისხის მდგრადი შედეგების მიღწევის შესაძლებლობით. მოცემულ სტატიაში განხილულია თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს განათლების დონეს ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის.
Annotation
Education is the process of teaching and developing knowledge, skills and other qualities in legal institutions. Education is also one of the fundamental human rights and an important condition for the sustainable development of the country. High quality education promotes well-being and is a necessary prerequisite for personal, social and professional development. To achieve these goals, the education system must be accessible to all and provide all citizens of the country with the opportunity to achieve high quality sustainable outcomes. This article discusses the importance of the level of education for the development and economic growth of the country.
რამდენად არის დამოკიდებული ეკონომიკური ზრდა განათლებაზე?
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ განათლებულ ადამიანს მეტი შესაძლებლობები აქვს ისეთი ახალი იდეების შესამუშავებლად, რომელიც მიმართული იქნება როგორც ტექნოლოგიის სრულყოფის, ასევე მართვისა და ორგანიზაციის ახალი მეთოდების შემუშავებისაკენ. ამიტომაა, რომ ქვეყნისათვის მეტად არასასურველია ე.წ. “ტვინების გადინება” – მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის გასვლა ქვეყნიდან ცხოვრების უკეთესი პირობების საძებნელად. ვინაიდან კაპიტალის შექმნისა და გაფართოების პროცესი ინვესტირების პროცესს წარმოადგენს, ამიტომ განათლების მიღებაზე გაწეული დანახარჯები არის ადამიანში განხორციელებული ინვესტიციები. ასეთი ინვესტიციების გაწევა მოხდება მაშინ, როდესაც დიდი მოთხოვნა იქნება მაღალკვალიფიციურ მუშაკებზე, რომელთაც მაღალ ანაზღაურებაზე დაინტერესებაც ექნებათ. მაგრამ, იმის გამო, რომ საზოგადოებაში სიმდიდრის მიხედვით არსებობენ სხვადასხვა ფენები, ახალგაზრდები, შესაძლებელია, არათანაბარ სასტარტო პირობებში აღმოჩნდნენ ცოდნის მიღებასთან მიმართებით. ასეთ ვითარებაში სახელმწიფომ უნდა შექმნას განათლების ისეთი სისტემა, რომელიც ყველა ადამიანს, მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა, ერთნაირ სასტარტო პირობებში ჩააყენებს.
განათლება ეკონომიკაზე გავლენას ახდენს, როგორც მეცნიერების განვითარების წინაპირობა და სამუშაო ძალის მწარმოებლურობის ამაღლების უმთავრესი საშუალება. მაგრამ, მისი გავლენა ეკონომიკაზე ამით არ ამოიწურება. განათლება ასევე ზემოქმედებს მომხმარებელზეც, ზრდის რა მათ გემოვნებასა და მოთხოვნილებებს, რაც, თავის მხრივ, სრულყოფს და აფართოებს ბაზარს. განათლება, როგორც ეკონომიკური კატეგორია, არის მომსახურების დარგი, სადაც ხდება ადამიანისეული კაპიტალის სრულყოფა. განათლებაზე გაწეული ხარჯები განიხილება როგორც ამ კაპიტალის შექმნაზე გაწეული ინვესტიციები. განათლება ასევე შეიძლება დავახასიათოთ როგორც პროცესი, რომლისდროსაც პიროვნება, უპირველეს ყოვლისა, იძენს ცოდნას და მასთან ერთად სრულყოფს თავის ადამიანისეულ მახასიათებლებს. [1]
საგანმანათლებლო დაწესებულება გამოდის როგორც განსაკუთრებული სახის საწარმო, სადაც შრომობს როგორც მწარმოებელი (მასწავლებელი), ისე მომხმარებელი (მოსწავლე), ქვეყნის ადამიანისეული კაპიტალის გადიდების მიზნით. დანახარჯებს ამ კაპიტალის შესაქმნელად იღებს ან თვით მომხმარებელი, ან საზოგადოება. განათლების მიღება არასდროს არის უფასო. ძირითად მოთხოვნას განათლების დარგს ეკონომიკა უყენებს. ამდენად, იგი ეკონომიკის განვითარების საჭიროებებს უნდა პასუხობდეს. [2]
ეკონომიკური განვითარებისათვის განათლებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ის ვითარდებოდა ეკონომიკის სრულყოფასთან ერთად. თუ საუკუნეების განმავლობაში კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადება არ ხდებოდა საზოგადოებრივად ორგანიზებული გზით, თანამედროვე პირობებში, ეკონომიკის მაღალი ტექნიკურ-ორგანიზაციული დონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული განათლების სისტემა ჩამოყალიბდა. ამასთან, უაღრესად დიდი მნიშვნელობის გამო, მისი განვითარების მხოლოდ საბაზრო ძალებისადმი მინდობა დაუშვებელია. აუცილებელია საგანმანათლებლო სისტემის სახელმწიფო ორგანიზაცია, ბუნებრივია, საბაზრო ურთიერთობათა გამოყენებით. განათლების საკითხებისადმი ზერელე მიდგომამ შესაძლებელია გაგვაკეთებინოს მცდარი დასკვნა, რომ თითქოს ეკონომიკის განვითარების ძირითადი ფაქტორი განათლების რაოდენობრივი ზრდაა, რაც უფრო მეტი იქნება უმაღლესდამთავრებულთა რიცხვი, მით უფრო დაჩქარდება ეკონომიკური განვითარების პროცესი. თავის დროზე, განვითარებული ქვეყნების უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება მთელი მოსახლეობის განათლების დონის ამაღლების შესახებ. ამ პროგრამაზე მილიარდობით დოლარი დაიხარჯა, მაგრამ ათეული წლების გასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას შესაბამისი შედეგი არ მოჰყოლია. აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
განათლების ეკონომიკის ამოცანა არის სწორედ იმის განსაზღვრა, თუ რა რაოდენობის სახსრები უნდა გამოყოს ქვეყანამ განათლებისათვის და რამდენად ეფექტიანად იხარჯება იგი შესაბამისი მაღალკვალიფიციური კადრების მოსამზადებლად.
განათლების ეფექტიანობის შეფასების ყველაზე დიდი კრიტერიუმი უნდა იყოს ცოდნა – განათლებამიღებულ პიროვნებას სამუშაოს შოვნაში ხელს არ უნდა უშლიდეს შესაბამისი ცოდნის უქონლობა. ადამიანისეული კაპიტალის შეფასების ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი კი უნდა იყოს შრომის ანაზღაურება. უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე მუშაკს მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირღვევა განათლების ეკონომიკური არსი.
იმისათვის, რომ გავერკვეთ, თუ როგორი უნდა იყოს განათლების იდეალური სისტემა, აუცილებელია, შესწავლილი იქნეს განათლების ეკონომიკური ბაზისი. ამისათვის კი საჭიროა ეკონომიკური მეცნიერების ისეთი დარგის დაწინაურება, როგორიცაა “განათლების ეკონომიკა”. სწორედ ისაა მოწოდებული, გაარკვიოს განათლებისათვის საზოგადოების რესურსებისა და ფინანსურ შესაძლებლობათა ის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც აუცილებელია განათლებისათვის. [1]
განათლების დონე საქართველოში
საქართველოში განათლება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სახელმწიფომ 2015 წლიდან უფასო სწავლებას უზრუნველყოფს 21 სპეციალობის მიხედვით. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოწოდებულია, საზოგადოების მონაწილეობით ჩამოაყალიბოს თანამედროვე და ინოვაციური საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემო. დღეისათვის საქართელოში საკმაოდ დიდი რაოდენობით ბავშვი იღებს საბაზისო განათლებას.
ნახ. 1
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/193/ganatleba
ნახაზი 1-ზე, მოცემულია მოსწავლეთა რაოდენობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. 2012/2013 წლებთან შედარებით 2021/2022 წლებში საკმაოდ გაზრდილია მოსწავლეთა რაოდენობა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისათვის, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნე, განათლების მაღალი დონე განაპირობებს სწორედ ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას. დღეისათვის საქართველოში მიმდინარეობს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესი გამკაცრებული კრიტერიუმებით. საქართველოში უმაღლესი განათლება სამი საფეხურისგან შედგება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.
ნახ. 2
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/193/ganatleba
ნახაზი 2 გიჩვენებს თუ რამდენ სტუდენტს იღებს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 2015 წლიდან დღემდე. მაგალითად, თ თუ 2015/2016 წლებში კერძო დაწესებულებაში აბარებდა დაახლოებით 15000 სტუდენტი, ხოლო სახელმწიფო დაწესებულებაში დაახლოებით 27000, ეს მაჩვენებელი 2020/2021 წლებში საკმაოდ გაზრდილია. [3]
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს. სწავლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამა შედგება არანაკლებ 240 კრედიტისგან. უმაღლესი განათლების პირველი საფეხური შეიძლება მოიცავდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს. მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. სწავლების მესამე საფეხური (დოქტორანტურა) შედგება არანაკლებ 180 კრედიტისაგან. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლის შემთხვევაში მიანიჭოს სტუდენტს შუალედური კვალიფიკაცია. [4]
არსებობს მოსაზრება, რომ სახელმწიფომ უნდა მისცეს უმაღლეს სასწავლებლებს თვითმართვის უფლება, რადგან სასწავლო დაწესებულების განვითარება საგანმანათლებლო სტანდარტების დაცვით ეფექტიანია მაშინ, როცა მას აქვს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. ეს კი საშუალებას მისცემს მას გადაწყვეტილების მიღების ეფექტიანი მექანიზმის გზით განსაზღვროს ცვლილებები სასწავლო პროცესში, მაგრამ როდესაც საქმე ეხება აკადემიური სტანდარტების დაცვას, სახელმწიფომ იურიდიულად უნდა აკონტროლოს დამოუკიდებელი სასწავლებლები. 2020 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოში ფუნქციონირებს 31 უნივერსიტეტი, 21 სასწავლო უნივერსიტეტი, 4 კოლეჯი და 8 მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი სასწავლებელი. ხოლო რაც შეეხება კოლეჯებს, 2020 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოში ფუნქციონირებს 18 ავტორიზებული სახელმწიფო საზოგადოებრივი/პროფესიული კოლეჯი, 7 სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კოლეჯი და 41 ავტორიზებული კერძო პროფესიული/საზოგადოებრივი კოლეჯი.[5]
დასკვნა
მაშასადამე, განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური განვითარებისათვის, რადგანაც განათლებულ ადამიანს მეტი შესაძლებლობები აქვს ისეთი ახალი იდეების შესამუშავებლად, რომელიც მიმართული იქნება როგორც ტექნოლოგიის სრულყოფის, ასევე მართვისა და ორგანიზაციის ახალი მეთოდების შემუშავებისაკენ. ამიტომაც ყველა ქვეყნის სახელმწიფოსათის პრიორიტეტი უნდა იყოს უზრუნველყოს განათლების მაღალი დონე.
გამოყენებული ლიტერატურა
1. აბესაძე. რ. ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური რეგრესი. თბ. ,,თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა“, 2015.
2. კეთილდღეობის ეკონომიკა, რიდერი, შემდგნ. ასოც. პროფ. ი. გაგნიძე.
3. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/193/ganatleba
4. https://mes.gov.ge/uploads
5. http://www.conferenceconomics.tsu.ge