უმუშევრობა
თიკო დალაქიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი
tikodalaqishvili@gmail.com
ანოტაცია
მოცემულ სტატიაში განხილულია უმუშევრობის არსი, მისი გამომწვევი მიზეზები, ტიპები და რეკომენდაციები.როგორც მომავალი ეკონომისტი, ვფიქრობ, რომ აღნიშნული საკითხი საინტერესოა თითოეული ჩვენგანისთვის,მისი აქტუალურობიდან გამომდინარე. უმუშევრობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს,რომელიც ხანგრძლივი პერიოდია არსებობს. მოგეხსენებათ, ის დღესაც აქტუალური პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა მრავალი განვითარებადი ქვეყნისთვისაც. უმუშევრობა, ეს არის მოვლენა, როდესაც სამუშაო ძალის მიწოდება აღემატება მასზე მოთხოვნას. ძირითად შემთხვევაში, უმუშევარია ადამიანი, თუ ის სასურველ სამუშაოს, სასურველი ანაზღაურებით ვერ პოულობს. შესაბამისად, უმუშევრობა შრომის კომერციალიზაციამ ანუ შრომაში სასურველი ხელფასის მოთხოვნის თავისუფლებამ წარმოშვა. უმუშევრობის გარკვეული დონის არსებობა გარდაუვალია რეალური ეკონომიკისათვის. უმუშევრობის ნორმალურ, ანუ ბუნებრივ დონეს განსაზღვრავს ოფიციალურად რეგისტრირებულ უმუშევართა ხვედრითი წილი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაში,თუმცა ეს მაჩვენებელი არ გვაძლევს სრულ წარმოდგენას ამ სფეროში შექმნილ ვითარებაზე. არსებული მდგომარეობის ადეკვატურად შეფასებისთვის აუცილებელია ვიცოდეთ არა მხოლოდ უმუშევართა რაოდენობა, არამედ მათი უმუშევრობის პერიოდის ხანგრძლივობა.
Annotation
This article discusses the essence of unemployment, its causes, types and recommendations. As a future economist, I think this issue is of interest to us all, given its relevance. Unemployment is the most important macroeconomic indicator, which exists for a long period. As you know, it’s still a current problem as for Georgia, as for many other developing countries. Unemployment is an event, when the supply of labor exceeds the demand for it. In the main case, a person is unemployed if he/she does not find the desired job or the desired salary. Consequently, unemployment has risen from the commercialization of labor , or the freedom to demand wages in labor. Having a certain level of unemployment is inevitable for the real economy. The normal, or natural, level of unemployment is determined by the proportion of officially registered unemployed in the overall population of economically active people, although this figure does not give a complete picture of the situation in this area. In order to adequately assess the current situation, it is necessary to know not only the number of unemployed but also the length of their unemployment period.
უმუშევრობის მრავალფეროვანი გაგება
ადამიანის მიერ საკუთარი უმუშევრობის აღქმა ხშირად არ ემთხვევა ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს. მაგალითად, მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ დასაქმებულია ის პირი, რომელიც საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობს გარკვეული ანაზღაურების მიღების მიზნით, ანუ ისინი თავს მხოლოდ მაშინ აღიქვამენ დასაქმებულად, თუ ხელფასი აქვთ დანიშნული.ასევე,ვისაც არ აქვს სასურველი სამსახური, მუშაობს, მაგრამ თვლის, რომ უმუშევარია. ასე გაჩნდნენ „უმუშევარი“ ტაქსის მძღოლები,სოფლის მეურნეობაში საკუთარ მიწაზე თვითდასაქმებულები და ა.შ. ოფიციალური სტატისტიკით ისინი უმუშევრებად არ ითვლებიან. დასაქმებული არის პირი,რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმვლობაში მუშაობდა(სულ მცირე, ერთი საათი მაინც) შემოსავლის მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ სხვა შინამეურნეობის წევრებს, ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. შესაბამისად, უმუშევრად ითვლება 15 და მეტი წლის პირი, რომელსაც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში არ უმუშავია ერთი საათიც კი, მზად იყო მუშაობისთვის და ეძებდა სამუშაოს გამოკითხვამდე 4 კვირის განმავლობაში. მომუშავეების და უმუშევრების ზემოთ მოტანილი განმარტებები დადგენილია ე.წ. „მკაცრი კრიტერიუმით“.თუმცა ქვეყნები,რომლებიც შრომის ბაზრის ჩამოყალიბების პროცესში იმყოფებიან ხელმძღვანელობენ „შერბილებული კრიტერიუმით“-აც. ამ კრიტერიუმით უმუშევრად ითვლებიან ის პირებიც, რომლებმაც ხელი ჩაიქნიეს სამუშაოს პოვნაზე. ამრიგად, უმუშევრობის თითოეული გაგების მიხედვით ქვეყანაში დასაქმებულთა და უმუშევართა რიცხვი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.
უმუშევრობის გამომწვევი მიზეზები
შრომის ბაზრის დამახასიათებელი თავისებურებებია: სამუშაო ადგილების მცირე რაოდენობა, დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობები, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი, ნაკლები ელასტიკურობა, დაბალი ანაზღაურება და ხანგრძლივ უმუშევართა მაღალი წილი უარყოფით გავლენას ახდენს შრომის ბაზრის ფუნქციონირებაზე,რაც შესაბამისად აისახება უმუშევრობის გამომწვევ მთავარ მიზეზებში.ესენია: შეზღუდული მოთხოვნა სამუშაო ძალაზე, შრომის დაბალი ანაზღაურება, შრომის დისკრიმინაციული პირობები, პროფესიული მომზადების დაბალი ხარისხი, სამუშაოს მოძიებისა და საკუთარი თავის წარმოჩენის უნარ-ჩვევების ნაკლებობა, სამუშაოს მაძიებელთა პასიურობა, სპეციალობით სამუშაოს შოვნის სირთულე.
მოცემული ჩამონათვალიდან დიდი ნაწილი ეთმობა განათლების არ ქონას ან მისი პრაქტიკაში გამოყენების სირთულეს.მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ უმუშევრობის მთავარი მიზეზი სახელმწიფოა. მან არ შექმნა შესაბამისი რაოდენობის სამუშაო ადგილები და არ დაასაქმა ისინი. რეალურად, უმუშევრობის მთავარი მიზეზი განათლებაა. აუცილებელია ადამიანებმა იფიქრონ საკუთარი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ სფეროში არ უნდა დაინანოს სახლმწიფომ ინვესტიცია. ეს მოსაზრება გამართლებულია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში თითოეული ორგანიზაცია ერთ-ერთ პრობლემად კვალიფიციურ კადრებს ასახელებს, მაშინ როდესაც შრომის ბაზარზე მიწოდება ჭარბია. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ინვესტორებს უცხოეთიდან შემოჰყავთ უკვე გადამზადებული სამუშაო ძალა, რათა ადგილობრივების სწავლებაში დამატებით ფულის ჩადება არ უღირთ. ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ, უმუშევრობის მაღალ დონეს იწვევს.
უმუშევრობის ტიპები
როგორც წესი, ეკონომისტები გამოყოფენ სამი ტიპის უმუშევრობას, ესენია:
I. ფრიქციული უმუშევრობა – ზოგჯერ მომუშავეები დროის გარკვეულ მომენტში უმუშევარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ზოგიერთები ნებაყოფლობით იცვლიან სამუშაო ადგილს, ზოგი დროებით კარგავს სეზონურ სამუშაოს. აგრეთვე არსებობს კიდევ ერთი მომუშავეთა კატეგორია – ახალგაზრდები, რომლებიც პირველად ეძებენ სამუშაოს. როდესაც ყველა ეს ზემოთ ხსენებული ადამიანი მოძებნის სამუშაოს ან ძველს დაუბრუნდება დროებით განთავისუფლების შემდეგ, მათ შეცვლის სამუშაოს სხვა „მძებნელები“ და დროებით განთავისუფლებული მომუშავეები, რომლებიც მათ ადგილს დაიკავებენ უმუშევართა „საერთო ფონდში“.
II. სტრუქტურული უმუშევრობა – ფრიქციული უმუშევრობა შეუმჩნევლად გადადის მეორე კატეგორიაში, რომელსაც „სტრუქტურული უმუშევრობა“ ეწოდება. დროთა განმავლობაში სამომხმარებლო მოთხოვნის სტრუქტურასა და ტექნოლოგიებში ხდება ცვლილებები,რომლებიც ცვლიან სამუშაო ძალაზე ერთობლივი მოთხოვნის სტრუქტურას. ასეთი ცვლილებების შედეგად მოთხოვნა გარკვეული ტიპის პროფესიათა სახეობაზე იზრდება. მოცემულ შემთხვევაში უმუშევრობა წარმოიქმნება იმიტომ, რომ სამუშაო ძალა სრულად ვერ პასუხობს მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს. ზოგიერთი მომუშავე დაინახავს, რომ ის პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ ახლა გააჩნიათ, უკვე აღარ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს და ერთგვარად მოძველებულია.
III. ციკლური უმუშევრობა – იგი წარმოიქმნება დაქვეითების პერიოდში, ე.ი. ეკონომიკური ციკლის იმ ფაზაში, რომელიც საერთო ანუ მთლიანი ხარჯების უკმარისობით ხასიათდება.
უმუშევრობის დათვლის მეთოდები
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია იყენებს უმუშევრობის დათვლის 4 მეთოდს:
• სამუშაო ძალის გამოკვლევის მეთოდი – უმუშევრობის დონის განსაზღვრის ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული მეთოდია, ვინაიდან ის იძლევა შედარებით სრულყოფილ შედეგს და უმუშევრობის დონის ისეთი განსხვავებული ჯგუფების მიხედვით გამოთვლის შესაძლებლობას, როგორიცაა რასა, სქესი და ა.შ. ეს მეთოდი ყველაზე კარგად ერგება საერთაშორისო სტანდარტებს.
• ოფიციალური შეფასებები – გამოიყენება ერთი ან მეტი მონაცემი გაანგარიშების სხვა სამი მეთოდიდან. ამ მეთოდის გამოყენება შედარებით შესუსტდა სამუშაო ძალის გამოკვლევის მოდელის სასარგებლოდ.
• საზოგადოებრივი დაზღვევის სტატისტიკა – მაგალითად, უმუშევრის შემწეობა, გამოითვლება დაზღვეული პირების მიხედვით,რომლებიც მიეკუთვნებიან მთლიან სამუშაო ძალას და იმ პირთა რიცხვის მიხედვით, რომლებიც იღებენ შემწეობას.
• დასაქმების სამსახურის სტატისტიკა – ნაკლებად ეფექტური უწყებაა, რადგან ის მოიცავს იმ პირთა მხოლოდ თვიურ რაოდენობას, რომლებიც მიმართავენ დასაქმების სამსახურს. ეს მეთოდი აგრეთვე მოიცავს ისეთ უმუშევრებს, რომლებიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით არ არიან უმუშევრები.
უმუშევრობის დონის განსაზღვრა
უმუშევრობის დონის განსაზღვრა სრული დასაქმების დროს იმის გამო რთულდება, რომ პრაქტიკაში უმუშევრობის დონის ზუსტად დადგენა საკმაოდ რთულია. ამისთვის მოსახლეობა დაყოფილია სამ დიდ ჯგუფად:
1. მოზარდები, რომლებსაც ჯერ არ მიუღწევიათ 16 წლამდე, ასევე ისინი, ვინც სპეციალურ დაწესებულებებში არიან მოთავსებული. ადამიანთა ეს კატეგორია არ განიხილება სამუშაო ძალის პოტენციური კომპონენტის სახით.
2. „სამუშაო ძალის შემადგენლობაში არშემავალი“ ჯგუფი – ესენი არიან მოზარდები,რომელთაც პოტენციურად აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო არ მუშაობენ და არც ეძებენ სამუშაოს.
3. ეს ჯგუფი საკუთრივ სამუშაო ძალაა. იგი მოიცავს მათ, ვინც ეძებს და მზად არის მუშაობისთვის.
უმუშევრობის დონეს ვახასიათებთ უმუშევრობის კოეფიციენტით,რომელიც გამოითვლება მოცემულ წელს უმუშევართა რიცხვის შეფარდებით ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან(სამუშაო ძალის მთლიანი რაოდენობა) და გამოითვლება პროცენტებში.
შრომის ბაზარზე სრული დასაქმების მიღწევა თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკაში დასაშვებია უმუშევრობის ბუნებრივი დონე, რაც მკვეთრად განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნისთვის მათი პრიორიტეტებიდან გამომდინარე. საინტერესოა ისიც, რომ უმუშევრობის ფაქტობრივი დონის 15%-ით გაზრდა იწვევს რეალური მთლიანი ეროვნული პროდუქტის 2,5%-ით ჩამორჩენას პოტენციური მეპ-ისგან. ამ მოვლენისგან თავის ასარიდებლად სახელმწიფო უნდა ცდილობდეს უმუშევრობის ბუნებრივი დონის რეგულირებას.
შრომის ბაზრის საკანონმდებლო რეგულირება საქართველოში და რეკომენდაციები
შრომის ბაზრის ჩამოყალიბება და მისი გამართული მუშაობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის განვითარებისთვის. შრომის ბაზრის ჩამოყალიბების პროცესში კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოცემული სფეროს მარეგულირებელ განონმდებლობას.
შრომითი ბაზრის საკანონმდებლო რეგულირება ხორციელდება 1999 წლის 1 სექტემბერს მიღებული საქართველოს „შრომის კანონთა კოდექსით“. აღნიშნული კანონი შრომითი ურთიერთობის რეგულირების პროცესში წარმოშობდა ბარიერებს. არსებული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით კანონში წლების განმავლობაში შევიდა 20-ზე მეტი ცვლილება, რამაც მნიშვნელოვნად ვერ შეცვალა არსებული მდგომარეობა. ამ ყველაფერმა განაპირობა მისი შეცვლის აუცილებლობა. საქართველოს პარლამენტის მიერ 2006 წლის 25 მაისს მიღებულ იქნა ახალი „შრომის კოდექსი“, რომელიც მოცემული სფეროს ძირითადი მარეგულირებელი კანონია. ახალ კოდექსში შეიტანეს მთელი რიგი ცვლილებები. კერძოდ, ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენდა დამსაქმებელისა და დასაქმებულის შრომითი ურთიერთობის რეგულირება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. ახალი კანონმდებლობის თანახმად, 2007 წლის 1 ივლისისთვის შემუშავებულ იქნა მძიმე,მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოთა ნუსხა, აგრეთვე დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალი და წესები. ეს და სხვა დანარჩენი კანონი საკმაოდ დიდი გადადგმული ნაბიჯი გახლდათ შრომის ბაზრის რეგულირების საკითხში.
თუმცა არსებობს სხვა მრავალი რეკომენდაცია, რომლებიც უფრო მეტი ეფექტურობით გამოირჩევიან:
1. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია.
2. სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა გაზარდოს ძალისხმევა უმუშევართა სარეგისტრაციო პროცესების დახვეწის მიზნით.
3. სახელმწიფო დასაქმების პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს მოსახლეობის მოტივაციას ჩაერთო სამუშაო ძალაში.
4. სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა გაზარდოს დასაქმების სახელმწიფო სერვისების ცნობადობა რეგიონებში და მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა გახდეს მათთვის,ვისთვისაც ხელმისაწვდომი არ არის თანამედროვე ტექნოლოგიები.
5. ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებობს ჭარბი განათლების სინდრომი, მიუთითებს განათლების სამინისტროს მხრიდან რეფორმების გატარების აუცილებლობაზე.
6. უმუშევრობის დაძლევის აუცილებელ პირობას წარმოადგენს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.
7. მაღალმწარმოებლური სამუშაო ადგილების შექმნა აუცილებელია როგორც სამეწარმეო სექტორში, ასევე სოფლის მეურნეობის დარგში,რათა ქვეყანამ შეძლოს ისეთ გამოწვევებთან გამკლავება, როგორიცაა შემოსავლების უთანაბრობა და სიღარიბე.
8. სახელმწიფომ უნდა გაძლიეროს დასაქმების ბაზრის ემპირიული კვლევები, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დასაქმების კუთხით სახელმწიფო ხარჯების აღრიცხვა და შეფასება,რათა ქვეყანამ დროულად უპასუხოს დასაქმების ბაზარზე არსებულ გამოწვევებს.
გამოყენებული ლიტერატურა:
www.forbes.ge
www.matsne.gov.ge
www.economists.ge
www.nplg.gov.ge
სტატისტიკა ეკონომიკისა და ბიზნესისთვის 2 – ლექციების მოკლე კურსი, 2017.
„დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში“ , 2017.