ეკონომიკური ზრდა
ავტორის სტილი დაცულია
თამარ აბრამიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
tamar.abramishvili620@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური მაჩვენებელია, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების განვითარების დონეს. თანამედროვე დროში ის წარმოადგენს კეთილდღეობის ზრდის საფუძველს და მისი განმსაზღვრელი ფაქტორების ანალიზი საშუალებას გვაძლევს ავხსნათ ქვეყნის ტემპი და განვითარების დონე დროის სხვადასხვა მონაკვეთში.
საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდის ეფექტურობისა და ხარისხის პრობლემებს. მისი ეკონომიკა ხასიათდება ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა შიდა პროდუქტების დაბალი კონკურენტუნარიანობა, მზა პროდუქციის იმპორტის ცუდი განვითარება, დაბალი შრომის პროდუქტიულობა, ცუდი დაფინანსება უცხოელი ინვესტორებისგან, მანქანებისა და აღჭურვილობის ხანმოკლე მომსახურების ვადა, ინფლაცია. ამ მიზეზების გამო, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი და ეფექტურობა აქვს, ამიტომაც აუცილებელია მთავრობის მიერ დაგეგმილი სამთავრობო პროგრამა ითვალისწინებდეს განვითარების პოლიტიკის რეალურ მიზნებს, ამოცანებსა და ღონისძიებებს.
Annotation
Economic growth is one of the most important financial indicators that determines the level of society. In modern times it is the basis of prosperity growth and due to the analysis of its determinants we can explain the pace of the country and the level of development accordingly.
The efficiency of economic growth and quality are extremely important to Georgia. The features of its economy are – low competitiveness of domestic products, poor development of the imports that are ready-product; low labor productivity; poor financing from foreign investors; the short service of machinery and equipment; inflation. According to these reasons, our economic growth has a rather low rate and grade so that the government should establish the specific program foreseeing the real goals; objectives and measures of the development policy.
ეკონომიკური ზრდის კონცეფცია და არსი
ეკონომიკური ზრდა საქონლისა და მომსახურების წარმოების ზრდაა დროის კონკრეტულ პერიოდში. მისი განსაზღვრის მრავალი მიდგომა არსებობს. ის შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ქვეყანაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობის გრძელვადიანი ზრდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში (ჩვეულებრივ წელიწადში).
ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე: მარტივად რომ ვთქვათ რამდენი შრომისუნარიანი ადამიანია ქვეყანაში, რამდენი კვალიფიციური სპეციალისტი, რამდენი ბუნებრივი რესურსი, რამდენად ტექნოლოგიურად განვითარებულია წარმოება, სტაბილურია თუ არა სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა, ვითარდება თუ არა ინვესტიციები. და ა.შ. მაგრამ იმისთვის, რომ გაზომვები იყოს ყველაზე ზუსტი, აუცილებელია გავითვალისწინოთ ინფლაციის გავლენა. როგორ მოქმედებენ ჩვეულებრივი ადამიანები, მეწარმეები, საწარმოები მაღალი და არაპროგნოზირებადი ინფლაციის პირობებში? ისინი რაც შეიძლება სწრაფად ხარჯავენ გამომუშავებულ ფულს, უარს ამბობენ დანაზოგზე და გრძელვადიან ინვესტიციებზე, ინვესტირებას ახდენენ არა განვითარებაში, არამედ ძვირფას საქონელში, უძრავ ქონებაში ან უცხოურ ვალუტაში. გრძელვადიან პერსპექტივაში რაიმეს დაგეგმვა შეუძლებელი ხდება და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა ინვესტიციებისა და მთლიანად ეკონომიკის ზრდისთვის. გრძელვადიანი დაგეგმვისა და ინვესტიციების გარეშე შეუძლებელია მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ინდუსტრიების განვითარება, რომელთა გარეშეც თანამედროვე ეკონომიკა წარმოუდგენელია. მაღალი ინფლაციის პირობებში ეკონომიკური ზრდა შესაძლებელია, თუ მას ხელს შეუწყობს გარე ფაქტორები, მაგალითად, მაღალი ფასები ექსპორტირებულ ბუნებრივ რესურსებზე. მაგრამ ასეთი ფაქტორების ზემოქმედება შეიძლება დასრულდეს, რასაც აუცილებლად მოყვება ეკონომიკური ზრდის დასრულება. დღეს, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის ორი მესამედი – ანუ ყველა საქონელი და მომსახურება, რომელიც მთელმა მსოფლიომ აწარმოა დროთა განმავლობაში – აღრიცხულია იმ ქვეყნების მიერ, სადაც ცენტრალური ბანკები აკონტროლებენ ინფლაციას ამა თუ იმ ფორმით. ანუ რაც უფრო დაბალია ფასების ზრდის ტემპი, მით უფრო ადვილია წინასწარ დაგეგმვა – ეს ეხება ბიზნესს, ბანკებს და ჩვეულებრივ ადამიანებს. სტაბილური ფასები კი ეკონომიკური განვითარების საფუძველია. [1]
ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას, წარმოების განვითარებასა და მშპ-ს ზრდას. იგი ასახავს ეროვნული ეკონომიკის უნარს დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნილებები, შექმნას მისთვის საჭირო სარგებელი და ცხოვრების დონე აამაღლოს. ეკონომიკური ზრდა შეიძლება მივიჩნიოთ სახელმწიფოს განვითარების მთავარ ინსტრუმენტად შემდეგი მიზეზების გამო:
- ის ზრდის პროდუქციისა და მომსახურების წარმოების მოცულობას;
- საზოგადოებაში ცხოვრების რეალურ დონეს ამაღლებს;
- შეუძლია ეკოლოგიის, განათლების, ჯანდაცვისა და სიღარიბის პრობლემების უფრო რაციონალური გადაწყვეტა ცხოვრების დონის შემცირების გარეშე;
- ამცირებს წარმოების ხარჯებს და ზრდის შრომის პროდუქტიულობას.
მთლიანი შიდა პროდუქტი საუკეთესო საშუალებაა ეკონომიკური ზრდის გასაზომად. ის ითვალისწინებს ქვეყანაში წარმოებულ ყველა პროდუქტს. მშპ მოიცავს ყველა საქონელსა და მომსახურებას, რომელსაც ბიზნესი აწარმოებს და ყიდის ქვეყანაში. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი იყიდება ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ. მაგრამ შეიძლება თუ არა ყოველთვის ვისაუბროთ ზრდის ტემპების დაჩქარებაზე, როდესაც ხდება რეალური მშპ-ს ზრდა? პასუხია არა. მაგალითად, წარმოვიდგინოთ რომელიმე ქვეყანა, სადაც მისი მოსახლეობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მშპ. ამ დროს ეკონომიკურ ზრდაზე დაკვირვება შეუძლებელია. უფრო ზუსტი და მკაფიო განმარტებისთვის აუცილებელია ისეთი ინდიკატორის გამოყენება, როგორიცაა მშპ ერთ სულ მოსახლეზე.
ამრიგად, ეკონომიკური ზრდა არის სახელმწიფოს ეროვნული შემოსავლის მოცულობის გაზრდის პროცესი, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს მაკროეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, რომლის მიღწევა განპირობებულია მშპ-ს უფრო დიდი ზრდის საჭიროებით მოსახლეობის ზრდასთან შედარებით ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით. [2]
ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი პირობები და ფაქტორები
მრავალფეროვანი ფაქტორები გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, წარმოების მოცულობაზე, მის სიჩქარესა და ეფექტურობაზე. ზემოქმედების მიხედვით ფაქტორები არსებობს ორი სახის – პირდაპირი და არაპირდაპირი (ირიბი).
პირდაპირი ფაქტორები იგივე მიწოდების ფაქტორები განსაზღვრავენ ეკონომიკური ზრდის ფიზიკურ შესაძლებლობებს და ხელს უწყობენ ეკონომიკის განვითარებას.
პირდაპირ ფაქტორებში შედის:
- შრომითი რესურსი არის ყველა ადამიანი, რომელსაც თავისი შესაძლებლობებისა და უნარების წყალობით შეუძლია ჩაერთოს სოციალურად სასარგებლო საქმიანობებში. უფრო მეტიც, რაც უფრო მაღალია შესაძლებლობები და უნარები, განათლება და კვალიფიკაცია, მით უფრო მაღალია მათ მიერ შექმნილი საქონლისა და მომსახურების ხარისხი.
- ბუნებრივი რესურსები (წიაღისეული, ფლორა, ფაუნა, წყალი და ა.შ.) არათანაბრადაა განაწილებული დედამიწაზე, რის გამოც ზოგიერთი ქვეყანა მოკლებულია ამ ფაქტორს, ზოგს კი უხვად აქვს. ქვეყანას უფრო მეტი პოტენციალი აქვს ეკონომიკური ზრდისთვის, როდესაც მისი ბუნებრივი რესურსების რაოდენობა დიდია. ამის მაგალითია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები: კატარი, საუდის არაბეთი, ქუვეითი.
- ძირითადი კაპიტალის მოცულობა და ხარისხი. ძირითადი კაპიტალის შემადგენლობაში შედის შრომის ის საშუალებები, რომლებიც წარმოების პროცესში რამდენჯერმე გამოიყენება. რაც მეტია ძირითადი კაპიტალის რაოდენობა, მით მეტი პროდუქტის წარმოებაა შესაძლებელი.
- ტექნოლოგიების განვითარების დონე ეფუძნება სახელმწიფოს პოლიტიკურ და ფინანსურ მდგომარეობას. ტექნოლოგიური მიღწევები გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე.
- წარმოების ორგანიზაცია, ეს არის წარმოების პროცესის რაციონალურად ორგანიზების უნარი, სარგებლის ეფექტური გამოყენება. ქვეყანაში მეწარმეთა წიგნიერებას შეუძლია ხელი შეუწყოს მაქსიმალურ ეკონომიკურ ზრდას და წარმოების ეკონომიკურ ეფექტურობას.
არაპირდაპირი ფაქტორები იგივე მოთხოვნის ფაქტორები განსაზღვრავენ რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს.
არაპირდაპირ ფაქტორებში აერთიანებენ:
- ბაზრის მონოპოლიზაცია. თანამედროვე ბაზარზე ხშირად ჩნდება სიტუაცია, როდესაც ერთი ან რამდენიმე ფირმა მთლიანად აკონტროლებს პროდუქციას. ეს საშუალებას აძლევს ფირმებს, დააწესონ მონოპოლიური ფასები, რაც ძირს უთხრის ეკონომიკურ ზრდას, ამცირებს წარმოების საერთო ეფექტურობას და აფერხებს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პროგრესს.
- საგადასახადო მდგომარეობა ქვეყანაში. გადასახადები ყველაზე დიდ გავლენას ახდენს წარმოების პროცესსა და შესაბამისად ეკონომიკურ ზრდაზე. გადასახადების ზრდა იწვევს მწარმოებლების ინტერესის შემცირებას წარმოებისადმი, რადგან ის იძულებულია გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის უმეტესი ნაწილი გადასცეს სახელმწიფოს, რაც მისთვის წამგებიანია. ამიტომ აუცილებელია ქვეყანაში საგადასახადო სისტემის გაუმჯობესება.
- საწარმოო რესურსების ფასები. რაც უფრო დაბალია ფასები ნედლეულზე, მით უფრო მეტი მწარმოებლს უნდა შეძენა, ამიტომ ისინი ეძებენ რესურსებს ყველაზე დაბალ ფასებში, რათა მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი მოგება.
- საკრედიტო და საბანკო სისტემის განვითარება. ნებისმიერ ქვეყანაში მშპ-ს მოცულობის გასაზრდელად საჭიროა წარმოების პროცესში სულ უფრო მეტი ადამიანის ჩართვა. თუმცა, ყველა მეწარმეს არ აქვს ბიზნესის წამოწყების საშუალება, რის გამოც ისინი მიმართავენ ბანკებს სესხის მისაღებად. მაგრამ ბანკის მიერ დადგენილი პირობები ყოველთვის არაა მისაღები მეწარმეებისთვის. ამიტომ, სახელმწიფოს უბრალოდ სჭირდება საბანკო სისტემის გაუმჯობესება და სესხების მიღების შესაძლებლობების გაფართოება.
- ინვესტიციები გავლენას ახდენს სახელმწიფოს ეკონომიკაზე. ქვეყნები ინვესტირებას ახდენენ ინოვაციურ პროექტებში, რაც იწვევს წარმოებისა და მშპ-ს ზრდას.
ამრიგად, ეკონომიკური ზრდის ფაქტორები შეიძლება გავიგოთ როგორც პროცესების ერთობლიობა, რომლებიც გავლენას ახდენენ წარმოების მოცულობაზე, მის სიჩქარესა და ეფექტურობაზე. [3]
ეკონომიკური ზრდა საქართველოში
წინა წლებში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინვესტიციები წარმოადგენდა, რომელთა დიდი ნაწილი მიმართული იყო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. 2020 წელს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის საპასუხოდ მთავრობამ გადაწყვიტა საერთაშორისო დახმარების მიღება და 1.7 მლრდ აშშ დოლარის დამატებითი სახსრების მოზიდვა, რაც მოხმარდა საბიუჯეტო შემოსავლებსა და ანტიკრიზისული ღონისძიებებით გათვალისწინებულ ხარჯებს. სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებით 2020 წლისთვის მიაღწევს 59.9%-ს. მთავრობის მიზანია ვალის მაჩვენებელი მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაბალ ნიშნულს დაუბრუნოს. [4]
ცხრილი 1: მთლიანი შიდა პროდუქტი წლების მიხედვით (2017-2021 წლები)
დასახელება | 2017 | 2018 | 2019 | 2020 | I 21* | II 21* | III 21* | |
მშპ მიმდინარე ფასებში, მილიარდი ლარი | 40.8 | 44.6 | 49.3 | 49.3 | 11.5 | 15.5 | 16 | |
მშპ მუდმივ 2015 წლის ფასებში, მილიარდი ლარი | 36.6 | 38.4 | 40.3 | 37.6 | 8.8 | 11.2 | 10.5 | |
რეალური მშპ–ს ზრდა, პროცენტი | 4.8 | 4.8 | 5 | -6.8 | -4.1 | 28.9 | 9.1 | |
მშპ დეფლატორის ცვლილება, პროცენტი | 8.5 | 4.4 | 5.2 | 7.3 | 7.9 | 11.6 | 9.4 | |
მშპ ერთ სულზე (მიმდინარე ფასებში), ლარი | 10 933.9 | 11 968.0 | 13 239.4 | 13 234.1 | 3 081.3 | 4 161.4 | 4 290.4 | |
მშპ ერთ სულზე (მიმდინარე ფასებში), აშშ დოლარი | 4 358.5 | 4 722.0 | 4 696.2 | 4 255.7 | 929.7 | 1 250.7 | 1 375.0 | |
მშპ მიმდინარე ფასებში, მილიარდი აშშ დოლარი | 16.2 | 17.6 | 17.5 | 15.8 | 3.5 | 4.7 | 5.1 |
გრაფიკი 1: მთლიანი შიდა პროდუქტი წლების მიხედვით (2017-2020 წლები)
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp
როგორც ვხედავთ, რეალური მშპ-ს კლება მოხდა 2020 წელს წინა წელთან შედარებით 6,8%-ით, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: 8.1%-იანი ზრდა იყო სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის, ხოლო 8.6%-იანი განათლების მიმართულებით; სამთო-მოპოვებითი მრეწველობა 12.4%-ით გაიზარდა, 2.3%-ითსახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა – სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 2.8%-ით გაიზარდა, ინფორმაცია და კომუნიკაცია კი 2.6%-ით. კლება აღინიშნა შემდეგ სექტორებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები (-44.9%), ტრანსპორტი და დასაწყობება (-23.0%), დამამუშავებელი მრეწველობა (-7.1%), მშენებლობა (-8.0%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (-4.7%). 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში. [5]
საქართველოს პოლიტიკაში ეკონომიკური ზრდის სამთავრობო პროგრამა
2020 წელს დაწყებულმა კორონავირუსის პანდემიამ ყველა ქვეყნის მთავრობა მრავალი გამოწვევისა და პრობლემის წინაშე დააყენა. ეკონომიკის ყველა სფეროში საჭირო გახდა განსხვავებული ქმედებების განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან, ამასთანავე წარმოიშვა განვითარების ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები. დაიგეგმა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა 2021-2024 წლების განმავლობაში, სადაც გამოიკვეთა ბიზნეს და საინვესტიციო გარემოსა და ინფრასტრუქტურის განვითარება.
ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ისევ დაეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც კერძო სექტორი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ახალი სამთავრობო პროგრამა ითვალისწინებს შიდა ინვესტიციების ზრდას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. უზრუნველყოფს მაკროეკონომიკური სტაბილურობას სხვადასხვა ინსტრუმენტებით, კერძოდ: სახელწიფო ვალის ეტაპობრივი შემცირება, ფასების სტაბილურობა, გაუმჯობესებული ფისკალური დისციპლინა, მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობა, ბიუჯეტის დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება. შიდა ინვესტიციების ხელშეწყობისა და სტიმულირების მასშტაბის ზრდისათვის აუცილებელი მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გატარება.
დასაქმების მიმართულებით დაგეგმილია ბიზნესის ხელშეწყობა, დასაქმებულთა უფლებების დაცვა, შრომის ბაზრის მომსახურებების (სტაჟირება, პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება) განვითარება, შრომის ბაზრის დეტალური კვლევა და ა.შ.
მეწარმეობის პოლიტიკის მიხედვით საქართველო შეინარჩუნებს საგადასახადო სისტემას, რომლის მიხედვითაც შენარჩუნდება დაბალი საგადასახადო წნეხი, გაგრძელდება ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპების საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა, დაგეგმილია ბიზნესის, როგორც მცირე ისე საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა, შეიცვალა ინვესტორებთან მუშაობისა და კომუნიკაციის პროცესი. იგეგმება ონლაინ პლატფორმა tradewithgeorgia.com-ის განვითარება, სადაც კომპანიები შექმნიან თავიანთ პროფილებს და დარეგისტრირდებიან საერთაშორისო ღონისძიებებზე.
მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურის სფეროს განსავითარებლად განხორციელეუბლია 20 მილიარდამდე ლარის ინვესტირება. დაგეგმილია 200 კილომეტრამდე ავტობანი, 200-მდე ხიდი და 70-მდე გვირაბი, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით ავტომაგისტრალები, ასევე პროგრამის დასრულებამდე საქართველოს მოსახლეობის 77%-ს ექნება გამართული წყალმომარაგება.
ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანია მოცემულ პერიოდში განავითაროს 106 მცირე და საშუალო სიმძლავრის, ხოლო 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური. ასევე უნდა აშენდეს 16 ქარის, 4 კი მზის ელექტროსადგური. 2024 წლისთვის საქართველოში 1140 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზების აშენდება.
ქვეყნის სატრანზიტო მიმართულების განვითარების მიზნით, იგეგმება ბათუმის აეროპორტის ტერმინალისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება, რომლის შედეგად ტერმინალის ფართობი გაიზრდება 5-ჯერ, ხოლო მგზავრთა გამტარუნარიანობა გაიზრდება 4- ჯერ (დაახლოებით, 2 მლნ მგზავრი წელიწადში).
კავშირგაბმულობის განვიათარების შედეგად, შინამეურნეობებს წვდომა ექნებათ არანაკლებ 100 მბ/წმ-ის, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საწარმოებს − არანაკლებ 1 გბ/წმ-ის სიჩქარის ინტერნეტზე, რაც საშუალებას მისცემს ათასამდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ ნახევარ მილიონ მოსახლეს, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით.
6 მილიარდი ლარი გამოიყო რეგიონებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელიც მოხმარდება სოფლის გზების რეაბილიტაციას, წყალმომარაგება-წყალარინების, სკოლების, საბავშვო ბაღების, კულტურის ობიექტების, სპორტული ინფრასტრუქტურის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. შეიქმნება ტურიზმის ახალი მიზიდულობის ცენტრები, როგორიცაა: აბასთუმანი, მესტია, ველისციხე, წყალტუბო და სხვა.
2021-2024 წლებში, აგროპოლიტიკა ყურადღებას დაუთმობს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდასა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას. მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაცია, ამასთანავე 10 ჰა-მდე იჯარით აღებული მიწები პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცემა. სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსია გამოყოფილი.
გარემოს დაცვის მიზნით საქართველოს მასშტაბით სტიქიურად მოწყვლად ხეობებში განთავსდება 150-მდე დაკვირვების ავტომატური სადგური და თანამედროვე ადრეული გაფრთხილების სისტემები. გაგრძელდება ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემების გაფართოება, გაიმართება გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები, განხორციელდება სასკოლო და უმაღლესი განათლების სისტემაში გარემოსდაცვითი განათლების საკითხების ინტეგრირება.
პანდემიის შედეგად ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ინდუსტრიაა. საქართველოს მთავრობა მიზნას ისახავს პანდემიამდე არსებული შედეგების აღდგენასა და ტურიზმის სექტორის შემდგომ განვითარებას. მოხდება „ღვინის გზის“ პროგრამის გაფართოება ახალი ხარისხის სტანდარტით. პროექტი მოიცავს ქვეყნის მასშტაბით არსებულ ღვინის იმ საოჯახო მარნებსა და საწარმოებს, რომლებიც ეწევიან მასპინძლობას ღვინის ტურიზმის ფარგლებში. სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, თეთნულდი და ჰაწვალი) განვითარების მიზნით, განხორციელდება სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარება და „4 სეზონის“ ტურისტული პროდუქტების შექმნა. [6]
ამრიგად, ეკონომიკური ზრდა შეიძლება განისაზღვროს, როგორც რეალური მშპ-ს ზრდა ან რეალური მშპ-ს ზრდა ერთ სულ მოსახლეზე. ის უზრუნველყოფს წარმოების ზრდას, რომელიც გამოიყენება შიდა და საერთაშორისო სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად.
ეკონომიკური ზრდა ხასიათდება წარმოების მოცულობის ზრდით ეკონომიკურ ბრუნვაში დამატებითი რესურსების ჩართვით და მათი ხარისხობრივი გაუმჯობესებით. ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: ბუნებრივი რესურსები, შრომითი რესურსები, კაპიტალი, ტექნოლოგია, წარმოების ორგანიზაცია. ასევე, ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას ახდენს ისეთი არაპირდაპირი ფაქტორები, როგორიცაა ბაზრის მონოპოლიზების ხარისხი, ქვეყანაში საგადასახადო მდგომარეობა, საწარმოო რესურსების ფასები, საკრედიტო და საბანკო სისტემის განვითარება, ინვესტიციები.
შიდა ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები და მისი კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე კრიტიკულად იქნება დამოკიდებული იმაზე, შეძლებს თუ არა საქართველო ეკონომიკური განვითარების ახალ გზაზე გადასვლას, რომელიც გააუმჯობესებს ეკონომიკური ზრდის ხარისხსსა და ტემპს.
[2] https://studfiles.net/preview/3580013
[1] https://ourworldindata.org/economic-growth
[4] https://www.gov.ge/files/382_42949_233871_400-1.pdf
[5] https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp
[6] https://www.gov.ge/files/68_78117_645287_govprogramme2021-2024.pdf