მწვანე ეკონომიკა და საქართველო

ავტორის სტილი დაცულია

მარიამ გურჩიანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
IV კურსის სტუდენტი
Gurchianimariami19@gmail.com

ანოტაცია

მოცემულ სტატიაში განხილულია მწვანე ეკონომიკის ძირითადი არსი, მოკლე მიმოხილვა, მისი მნიშვნელობა და აქტუალობა, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც. საუბარი იქნება გლობალური მწვანე ეკონომიკის ინდექსზე, მსოფლიოში საქართველოს ადგილზე ამ ინდექსის მიხედვით. განვიხილავთ ასევე საქართველოში მწვანე ეკონომიკის პრობლემებსა და მიღწევებს.

Annotation

The following article is about the essence of Green Economy, its importance and relevance, both in the world and in Georgia. We will talk about the Global Green Economy Index (GGEI), Georgia’s place in the world according to this index. Also, we will discuss about the problems and achievements of the Green Economy in Georgia.

რას გულისხმობს მწვანე ეკონომიკა ?!

დავიწყოთ იმით, რომ ბოლო ათწლეულების მანძლზე გლობალური ეკონომიკა მოიცვა ცვლილებათა სამმა ძირითადმა ტალღამ: პირველი – საქონლის, ინფორმაციისა და ფინანსების ნაკადების მიმოცვლის ბარიერების შემცირება;
მეორე – ეკონომიკური ძალაუფლების გადანახვლება დასავლეთიდან აღმოსავლეთით; ხოლო მესამე ტალღა წარმოშვა კლიმატის გლობალურმა ცვლილებებმა და მიმართულია უფრო მწვანე მსოფლიო ეკონომიკის ჩამოყალიბებისკენ. [1]

ტერმინი „მწვანე ეკონომიკა“ პირველად გამოყენებულ იქნა ნაშრომში „მწვანე ეკონომიკის პროექტი“ („Blueprint for a Green Economy”). მწვანე ეკონომიკის კონცეფცია გადმოცემულია რიო-დეჟანეიროს მდგრადი განვითაებისადმი მიძღვნილი კონფერენციის დოკუმენტში „მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს“ ( “Future we want”). [2]

მწვანე ეკონომიკის კონცეფცია დაიწყო მდგრადი განვითარების იდეიდან და დაფუძვნებულია მდგრად და გრძელვადიან განვითარების სტრატეგიაზე. ზოგადად, მწვანე ეკონომიკა ეს არის ეკონომიკური განვითარების მოდელი, რომელიც დამყარებულია მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზე. გვაქვს ასევე, მწვანე ეკონომიკის უფრო ვრცელი განმარტება, რომელიც შემოთავაზებულია გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის მიერ და მისი მიხედვით მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც ამცირებს გარემოსდაცვით რისკებს და ეკოლოგიურ პრობლემებს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას . ის მჭიდრო კავშირშია ეკოლოგიურ ეკონომიკასთან, ხელს უწყობს სიღარიბის აღმოფხვრასა და მდგრადი განვითარების მიღწევას, შესაბამისი პოლიტიკის მეშვეობით აერთიანებს გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს. მწვანე ეკონომიკა ეკონომიკის სხვა დარგებისგან იმით განსხვავდება, რომ პირდაპირ აფასებს ქვეყნის ბუნებრივ კაპიტალს, რომელსაც აქვს ეკონომიკური ღირებულება. მისი განვითარება ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებას, ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას, იზიდავს მწვანე ინვესტიციებს და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. საბოლოო ჯამში კი, მისი ძირითადი მიზანი არის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება გრძელვადიან პერიოდში.

მწვანე ეკონომიკა არ მიჯნავს ერთმანეთისაგან კერძო და სახელმწიფო სექტორს. იგი ცდილობს მოძებნოს ეკონომიკური გადაწყვეტილების პოზიტიური ალტერნატივა, აქედან გამომდინარე, მწვანე ეკონომიკის მთავარი რეგულატორი არა სახელმწიფო ან კერძო ბიზნესია, არამედ საზოგადოება, რომელიც ირჩევს და თავად მართავს მას.

მრავალი სპეციალისტის აზრით, მწვანე ეკონომიკა მოიცავს ექვს მთავარ სექტორს, ესენია:
1) განახლებადი ენერგია ( მზის, გეოთერმული, ქარის, ბიოგაზის და სითბური უჯრედების ენერგია);
2) მწვანე შენობები (მწვანე პროდუქტები და მასალები, ენერგიის მწვანე მოდიფიკატორები);
3) სუფთა ტრანსპორტი ( ალტერნატიული საწვავი, ჰიბრიდული და ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები);
4) წყლის მენეჯმენტი ( წყლის და წვიმის გამწმენდი სისტემები, შიდა წყლის ლანდშაფტი);
5) ნარჩენების მართვა ( ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, უტილიზაცია)
6) მიწის მართვა ( ორგანული სოფლის მეურნეობა, ტყეების განაშენიანება, ურბანული ტყეები და პარკები).

„მწვანე ეკონომიკა“ და „ყავისფერი ეკონომიკა“

ხშირად მწვანე ეკონომიკას განიხილავენ „ყავისფერ ეკონომიკასთან“ შეპირისპირებით. ყავისფერი ანუ ტრადიციული ეკონომიკა დაკავშირებულია წარმოების პროცესში ნახშირბადის მაღალ შემცველობასთან, რესურსების მფლანგველურ მოხმარებასა და სოციალურ ექსკლუზიურობასთან. ის ეფუძვნება ამოწურვადი და არაგანახლებადი საწვავის გამოყენებას. ამის საწინააღმდეგოდ კი მწვანე ეკონომიკა ხასიათდება ნახშირბადის დაბალი შემცველობით, რესურსების რაციონალური მოხმარებით, იგი არა მხოლოდ ინარჩუნებს, არამედ აღადგენს ბუნებრივ კაპიტალს.

ყავისფერი და მწვანე ეკონომიკების შედარებითი ანალიზი მოცემულია გრაფიკის სახით.

1

მწვანე ეკონომიკის პრინციპები

არსებობს გარკვეული პრინციპები რომლებიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორი უნდა იყოს მწვანე ეკონომიკა. სწორედ ეს პრინციპები იქნა შემოთაბაზებული 2012 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამის -UNEP – ის მმართველთა საბჭოს მიერ. ეს პრინციპებია:

1) მდგრადობის პრინციპი – მწვანე ეკონომიკა ხელს უწყობს განვითარებას;
2) სამართლიანობის პრინციპი – უზრუნველყოფს თანასწორობას;
3) ღირსების პრინციპი – ქმნის კეთილდღეობას ყველასთვის;
4) ჯანსაღი პლანეტის, უსაფრთხოების პრინციპი – აუმჯობესებს ბუნებრივი გარემოს საზღვრებს;
5) მონაწილეობისა და ჩართულობის პრინციპი;
6) სათანადო მმართველობის და ანგარიშვალდებულების პრინციპი;
7) მოქნილობის პრინციპი – უზრუნველყოფს ეკონომიკურ სოციალურ და მდგრად განვითარებას;
8) ეფექტიანობისა და საკმარისობის პრინციპი – ავითარებს მდგრად მოხმარებასა და წარმოებას;
9) მომავალი თაობების პრინციპი – ახდენს ინვესტირებას მომავალში. [3]

მწვანე დასაქმება, მწვანე ზრდა და მისი ინდიკატორები

„მწვანე დასაქმება“ გულისხმობს ისეთი სამუშაო ადგილების შექმნას, სადაც გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა და რესურსდამზოგი ტექნოლოგიები. მწვანე სამუშაო ადგილი ერთმანეთისგან ორი კრიტერიუმით შეიძლება განვასხვაოთ:
1) პროდუქციის გამოშვების მიხედვით;
2) წარმოების პროცესის მიხედვით.
პ ირველი კრიტერიუმის მიხედვით სამუშაო ადგილები დაკავშირებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის გამოშვებასთან, ხოლო მეორეკრიტერიუმის მიხედვით ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების გამოყენებასთან. მსოფლიოში „მწვანე“ სამუშაო ადგილების შეფასება სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით ხდება და ეს მოცემული ქვეყნის სპეციფიკაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება „მწვანე ზრდას“, ის გულისხმობს ერთდროულად ეკონომიკურ ზრდასა და გარემოს სტაბილურობას. მწვანე ზრდის ინდიკატორები შემუშავებულია „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ ( OECD) მიერ. ინდიკატორების ჩამონათვალი ინარჩუნებს მოქნილობას, ისე, რომ თითოეულ ქვეყანას შეეძლოს მათი ადაპტაცია მათ კონკრეტულ სიტუაციაზე. ეს ამარტივებს მოცემული ინდიკატორების გამოყენებას. მოცემულ ეტაპზე ასეთი ინდიკატორებია:

● გარემოს და რესურსების პროდუქტიულობა;
● ბუნებრივი რესურსების ბაზა;
● ცხოვრების ხარისხის ეკოლოგიური გაზომვა;
● ეკონომიკური შესაძლებლობები და პოლიტიკური პასუხისმგებლობა;
● სოციო-ეკონომიკური კონტექსტი და ზრდის თავისებურებები. [4]

მწვანე ეკონომიკა, გლობალური მწვანე ეკონომიკის ინდექსი და საქართველო

საქართველოში „მწვანე“ ეკონომიკის ფორმირების მიმართულებით გარკვეული ინსტიტუციური საფუძვლები მომზადებულია. კერძოდ, მიღებულია „საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ“; საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა სამი ეროვნული პროგრამა; საქართველოს კანონი – „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და ასევე „ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა, სადაც ასახულია საქართველოს გარემოსდაცვითი მიზნები და პრიორიტეტები, განსაზღვრულია უახლოეს 5 წელიწადში განსახორციელებელი ამოცანები, რომლებიც აუცილებელია გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის კორპორაციის (GIZ) მიერ მომზადდა მქვანე ზრდის პოლიტიკის დოკუმენტი. ამასთან ერთად, 2016 წლის ნოემბერში საქართველო შეუერთდა „მწვანე ზრდის დეკლარაციას“, რომლის შესაბამისად ქვეყნები აცხადებენ, რომ გააძლიერებენ მწვანე ზრდის სტრატეგიაზე მუშაობას იმის გათვალისწინებით, რომ მათში ერთდროულად იყოს გათვალისწინებული „მწვანე“ და „ზრდა“, ასევე ხელს შეუწყობენ მწვანე ინვესტირებას. გარდა ამისა აღსანიშნავია ასევე რამოდენიმე პოზიტიური აქტივობა, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში „მწვანე“ ეკონომიკის ფორმირების მიმართულებით. მაგალითად: მიმდინარეობს მუშაობა „მწვანე“ ეკონომიკის ზრდის სტრატეგიაზე. მის შექმნაშ ეკონომიკური პროფილის სამინისტროები მონაწილეობენ და ასევე ისეთი დონორი ორგანიზაციები როგორიცაა : ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების ეკონომიკების გამწვანების პროექტი (Eap GREEN), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP). ასევე , 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნკური ინსპექტირების პროცესი, ბენზინსა და დიზელში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ნორმა დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტს, უპირატესობა ენიჭება ეკოლოგიურ ტრანსპორტს, დაიწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეცვლა ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტრანსპორტით; დაგეგმილა გადასახადებისგან სრულად გავათავისუფლდესის სექტორი, რომელიც საქართველოში შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას და ა.შ.

თუმცა „მწვანე“ ეკონომიკის ფორმირების გზაზე არარერთი მწვავე პრობლემა გვხვდება, მაგალითად: მდინარეები დაბინძურებულია აზოტის ნაერთებით, მძმე ლითონებით, ნავთობპროდუქტებით; არ ხდება ჩამდინარე წყლების სათანადოდ გაწმენა; ადამიანის არასწორი სამეურნეო მოქმედების შედეგად დიდია ნიადაგის დანაკარგები; უკანონო და უკონტროლო ხე-ტყის მოპოვება; ატმოსფეროს დაბინძურება და მრავალი სხვა.

რაც შეეხება გლობალური მწვანე ეკონომიკის ინდექსს( GGEI), ეს არის ქვეყნების მწვანე ეკონომიკური საქმიანობის საზომი. ამ ინდექსის გაანგარიშება დაიწყო 2010 წელს და დღესდღეისობით ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებებისა და სხვათა მიერ. ინდექსის გაანგარიშებისას გამოიყენება შემდეგი ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები: ლიდერობა და კლიმატის ცვლილება, სექტორთა ეფექტიანობა, ბაზრები და ინვესტიციები, გარემო. 2018 წელს GGEI ინდექსი 20 ძირითადი მაჩვენებლის მიხედვითაა გაანგარიშებული, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ 4 ძრითად ჯგუფში ერთიანდება. [5]
2018 წლის მონაცემებით, საქართველო 130 ქვეყანას შორის 44-ე ადგილს იკავებს (0.52 მაჩვენებლით) და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა თურქეთი, ესტონეთი, ლატვია, აზერბაიჯანი, უკრაინა და სხვა. ქვეყნების პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

2

3

საბოლოოდ, დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ ეკონომიკის გამწვანება შეიძლება მდგრადი განვითარების და სიღარიბის აღმოფხვრის მექანიზმი გახდეს. მწვანე ეკონომიკის შედეგია სწორედ ადამიანის გაუმჯობესებული კეთილდღეობა და სოციალური თანასწორობა. „მწვანე“ ეკონომიკაზე გადასვლა დამოკიდებულია ეკონომიკის განვითარების საერთო დონეზე. მართალია საქართველოში საზღვარგარეთის დახმარების შედეგად ეს პროცესი შესაძლოა დაჩქარდეს, მაგრამ ის იმდენად რთულია რომ მთელ ეკონომიკაში უნდა მოხდეს ღრმა თვისებრივი ცვლილებები. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, გარკვეული პოზიტიური ცვლილებები ამ კუთხით აღინიშნება, მაგალითად, როგორიც არის გლობალური მწვანე ეკონომიკის ინდექსის მიხედვით საქართველოს მდგომარეობა. 2018 წლის მონაცემების მიხედვით მას შუალედური პოზიცია უკავია მსოფლიო ქვეყნებს შორის და მოსალოდნელია, რომ მომავალ წლებში, ამ რეიტინგში კიდევ უფრო მაღალ პოზიციაზე გადავინაცვლებთ.
ქვეყანას შეუძლია გამოიყენოს მწვანე ეკონომიკის პრინციპები ან მათი ელემენტები სტაბილური განვითარებისა და კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად. თუმცა, ისიც აღსანიშნავია რომ სტაბილურობის მიღწევა დამოკიდებულია ძლიერ ინტერეს-ჯგუფთა კოორდინირებულ მოქმედებაზე. არსებული მდგომარეობით კი ბევრად უფრო მეტია საჭირო მწვანე ეკონომიკის სრულყოფილად განვითარებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ნინო ტალიკაძე, მწვანე ეკონომიკის კონცეფცია და საქართველოს პოზიცია გლობალურ მწვანე ეკონომიკაში. URL
www.conferenceconomics.tsu.ge
2. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, მწვანე ეკონომიკა URL
www.eiec.gov.ge
3. რამაზ აბესაძე, „მწვანე“ ეკონომიკა: არსი და გამოწვევები URL
www.conferenceconomics.tsu.ge
4. OECD.Stat , Green Growth Indicators , URL
stats.oecd.org
5. Knoema, Global Green Economy Index 2018, URL
knoema.com