ქართული პროდუქტის ექსპორტის პრობლემები და პერსპექტივები
ავტორის სტილი დაცულია
ქრისტინა შაშიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
kristina.shashiashvili219@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
ექსპორტი – ეს არის კონკრეტულ ქვეყანაში წარმოებული საქონელი ან მომსახურება, რომელიც შემდგომ სხვა ქვეყანაში იყიდება. ექსპორტი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ხშირად მომისმენია სხვადასხვა პიროვნებებისგან, რომ საქართველო მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მინერალური წყლებით და ა.შ. სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველოს საექსპორტო ზრდის საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია. მოცემულ ნაშრომში განხილულია ქართული პროდუქტის პერსპექტივები და პრობლემები, გაანალიზებულია სტატისტიკური მონაცემები და კოვიდ პანდემიის გავლენა საქართველოს ექპორტზე. შეფასებულია საჭირო ღონისძიებები საქართველოში ექსპორტის რაოდენობის გაზრდისათვის.
Annotation
Export – a product or service produced in a particular country, which is then sold in another country. Export is an important factor for the development of the country’s economy. I have often heard from different people that Georgia is rich in natural resources, mineral waters, etc. That is why many people think that Georgia has a great potential for export growth. This article discusses the prospects and problems of the Georgian product, analyzes the statistical data and the impact of the Covid Pandemic on Georgian exports. Assesses necessary measures to increase the number of exports in Georgia.
საქართველოს ექსპორტის სტატისტიკური მონაცემები
საქართველოს ექსპორტმა 2021 წელს 4,242.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ყველაზე დიდი მაჩვენებელი ნოემბრის თვეში – 430.4 მილიონი აშშ დოლარი დაფიქსირდა.
გრაფიკი 1. უმსხვილესი საექსპორტო საქონლის წილი მთლიან ექსპორტში 2021 წელს
ცხრილი: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც ხედავთ, პირველ ადგილს ქართული პროდუქტის ექსპორტში საქართველოს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს. შემდეგ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილებისა და ფეროშენადნობების ექსპორტი. მესამე პოზიციაზე მსუბუქი ავტომობილები დგას, რასაც შემდგომ მოსდევს ყურძნის ნატურალური ღვინოები და სპირტიანი სასმელები. ეს რათქმაუნდა არ არის გასაკვირი, რადგან საქართველოში ყურძნის მოყვანის მრავალწლიანი ტრადიციები გვაქვს და ეს კულტურა საკმაოდ განვითარებულია ჩვენს ქვეყანაში. 2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2021 წელს განხორციელებული ღვინის ექსპორტი, 2012 წლის იგივე მაჩვენებელს, 365%-ით აღემატება [2]
ქართული პროდუქტის ექსპორტის პრობლემები
პირველი მიზეზი, რომელიც ხელს უშლის ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტს არის პროდუქციის დაბალი ხარისხი და არაერთგვაროვნება. ქართული პროდუქცია დაბალი ხარისხისაა, არ არის კონკურენტუნარიანი, შესაბამისად არ სძალუძს კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნის პროდუქციას.
ამის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ხარისხიანი პროდუქტის შექმნისთვის შესაბამისი ცოდნის უქონლობა, ასევე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. ფერმერებმა არ იციან, როგორ გააუმჯობესონ ხარისხი. მსხვილი ექსპორტიორებისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს როგორც ხარისხიანი, ასევე, ერთგვაროვანი პროდუქციის შეგროვება, შესაბამისად, პროდუქტის სტანდარტულ კატეგორიებად დაყოფა რთულდება. ადგილობრივი შემგროვებელი პუნქტების არარსებობის გამო პროდუქცია დამატებით ტრანსპორტირებას საჭიროებს, რაც ზრდის პროდუქტების დაზიანებით გამოწვეულ დანაკარგებს. მნიშვნელოვნად შემაფერხებელია ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატების უქონლობა, რომლის აღება ისედაც მცირემასშტაბიანი ფერმერებისთვის დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.[3]
ასევე ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ საბრუნავი საშუალებები მცირეა და ქართველ ექსპორტიორებს რთულად მიუწვდებათ ხელი, ან საერთოდ არ აქვთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. სესხები საკმაოდ მაღალ პროცენტშია. რთულია ფინანსური რესურსების მოძიება, ექსპორტისთვის კი საჭიროა დიდი რაოდენობის პროდუქციის წარმოება. მოგეხსენებათ, ევროპის ბაზარზე შემსვლელი კომპანია არ შეიძლება პროდუქციას აწარმოებდეს ერთჯერადად. წარმოების პროცესი უნდა იყოს მუდმივი, რასაც დიდი რაოდენობით მასალები და ფულადი რესურსები სჭირდება.
შემდეგი პრობლემა მდგომარეობს ქართველ ექსპორტიორების მხრიდან ინფორმაციის მიუწვდომლობაში. მათ არ გააჩნიათ შესაბამისი ინფორმაცია საერთაშორისო ბაზრების შესახებ. სწორედ ამ მიზეზის გამო ადგილობრივ მწარმოებლებს არ სურთ ევროკავშირის ბაზარზე გასვლა. ამ მოვლენის გამომწვვი ერთ-ერთი მიზეზია ევროპის ბაზრების შესახებ შესაბამისი ცოდნის არქონა. როდესაც ადამიანებმა არ იციან რას ეჭიდებიან, ბუნებრივია ეშინიათ გადაწყვეტილების მიღება და ნაბიჯის გადადგმა. თუ საზოგადოება ინფორმირებული იქნება იმის შესახებ, თუ როგორია ექსპორტი ევროკავშირში, რა არის ამისათვის საჭირო, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ და ა.შ. უფრო გაბედულები იქნებიან და ექსპორტიც შედარებით გაიზრდება.
ასევე დაბალია ცნობადობა უცხოურ ბაზარზეც – ქართული პროდუქციის მიმართ. საჭიროა აგრესიული მარკეტინგული ღონისძიებების ჩატარება და ქვეყნის ერთიანი ბრენდის შექმნა, რაც ევროკავშირის ქვეყნების მომხმარებლებს შეუქმნის გარკვეულ წარმოდგენას ქართულ პროდუქტზე.[3]
საქართველოს ექსპორტი და Covid19
2020 წელს მსოფლიოს მოსახლეობა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა გამოჩნდა ახალი ვირუსი – COVID 19. ამ ვირუსის გამო ბევრი ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა. ჩაიკეტა ქვეყნები, დაიკეტა მაღაზიები, აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, შემოღებულ იქნა კომენდანტის საათი. ქვეყნები ცდილობდნენ არ აღმოჩენილიყვნენ ეკონომიკურ კრიზისში და რაიმე გზით დაეცვათ ეკონომიკა. ამ ყველაფრისგან არც საქართველო აღმოჩნდა გამონაკლისი.
2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ და მათ შორის ექსპორტმა მძიმე დარტყმა მიიღო. გაიზარდა საკვები პროდუქტების და სასმელების ექსპორტი (7%-ით), თუმცა ყველა სხვა დანარჩენი საქონლის ექსპორტი შემცირდა. კერძოდ, სამრეწველო მარაგების ექსპორტი შემცირდა 14%-ით, საწვავი მასალების ექსპორტი შემცირდა 41%-ით, კაპიტალური საქონლის ექსპორტი შემცირდა 76%-ით, სატრანსპორტო მოწყობილობების ექსპორტი შემცირდა 38%-ით, ხოლო სამომხმარებლო საქონლის ექსპორტი 52%-ით.[4]თუმცა ეს მაჩვენებლები 1 წლის შემდეგ შეიცვალა და პანდემიის მიუხედავად, 2021 წელს საქართველოს ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ქართული პროდუქტის ექსპორტის პერსპექტივები
საქართველოში ექსპორტის განვითარებისათვის აუცილებელია საზოგადოების სტიმულირება, ამისათვის კი სახელმწიფოს ჩართულობაა საჭირო. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ხალხის ინფორმირება ევროპის ბაზრების შესახებ. ასევე შესაძლებელია შეიქმნას რაიმე ბაზა, სადაც მოხდება იმ ფირმებისა თუ კომპანიების დარეგისტრირება, რომელთაც სურთ თავიანთი პროდუქციისა თუ მომსახურების ექსპორტზე გატანა. ასევე, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო გამოყოფს გარკვეულ თანხას ექსპორტიორი ფირმების, საწარმოების თუ კომპანიების დასახმარებლად. ეს ღონისძიება მნიშვნელოვნად გაზრდიდა ქვეყნის ექსპორტს.[3]
2019 წელს ჩატარდა საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების კვლევა პროექტის – „საქართველო ევროპულ გზაზე: DСFTA- ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტიანი მოდელის შექმნა“ფარგლებში. კვლევაში ასახულია საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ასახავს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ქართველი მწარმოებლების შესვლის მზაობას და ამ მიმართულებით მათთვის არსებულ გამოწვევებს. კვლევის ფარგლებში მოხვდა საწარმოების ექსპორტის პოტენციალის შეფასება. გამოკითხულთა შორის 127 კომპანია ახორციელებს ექსპორტს (საერთო რაოდენობის 23%), ხოლო არაექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა შეადგენს 426 (საერთო რაოდენობის 77%). გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოების უმრავლესობას (58%) თავიანთი პროდუქცია ექსპორტზე გააქვთ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, გამოკითხულთა მხოლოდ 15% გააქვთ ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქცია ექსპორტზე და 27%-ს – როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე მის არაწევრ სახელმწიფოებში.[5]
საქართველოში SME-ების განვითარების მნიშვნელოვანი ძლიერი მხარეები ევროკავშირთან ასოცირებიდან მოდის. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, განსაკუთრებით ასოცირების შეთანხმების საშუალებით, SME-ების მხარდაჭერის მექანიზმები შეიქმნა და გაფართოვდა ისეთი სააგენტოების მეშვეობით, როგორებიცაა: „აწარმოე საქართველოში“, „კონკურენციის სააგენტო“, „აკრედიტაციის ცენტრი“ და „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“. ამავდროულად, SME-ების მხარდაჭერისა და DCFTA-ის იმპლემენტაციის პროგრამები საერთაშორისო და ადგილობრივი დონორების მიერ ფინანსდება, რაც ადგილობრივ SME-ებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. როგორც გამოკითხვამ აჩვენა, ზოგიერთმა SME-მ ამ პროგრამებით სარგებლობა და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტი უკვე დაიწყო. SME-ების განვითარებისთვის საკმაოდ ხელსაყრელია შიდა რეგულაციაც, გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურებით, მიკრო და მცირე ბიზნესებისთვის შედარებით დაბალი გადასახადებითა და შეღავათიანი საგადასახადო სისტემით.[5]
დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს აღინიშნებოდა ექსპორტის მკვეთრი ზრდა, მაინც ვფიქრობ, რომ საჭიროა საქართველოში შეიქმნას ექსპორტის ხელშემწყობი გარემო, რომელიც დაეხმარება საზოგადოებას და მისცემს მათ ექსპორტირების სტიმულს. კოვიდ პანდემიის გამო შექმნილ მდგომარეობა საქართველოში საკმაოდ კრიტიკული იყო, მათ შორის ექსპორტის კლება, რომელიც შემდგომ 2021 წლის ექპორტის მკვეთრმა ზრდამ დააგვირგვინა. საექსპორტო პოტენციალის მხრივ საქართველო საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. გვაქვს ბევრი კარგი პროდუქცია, რომლის ექსპორტირებაც სრულიად შესაძლებელია მსოფლიო ბაზარზე, თუმცა ამისათვის უნდა მოხდეს ფირმების, საწარმოების და კომპანიების სტიმულირება, რათა გავიდნენ მსოფლიო ბაზარზე და გახდნენ საქართველოს ექსპორტიორები.
გამოყენებული ლიტერატურა
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/637/eksporti
- ი. ღარიბაშვილი. 2022. Factcheck.ge.
- ზ.შანშიაშვილი. ქართული პროდუქტის პოპულარობის ზრდის ტენდენციები საერთაშორისო ბაზრებზე. თბილისი. 2020. https://openscience.ge/bitstream/1/2104/1/Zurab%20Shanshiashvili%20Samagisrro.pdf
- საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი. Covid-19-ის შესაძლო გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. 2020. გვ12. http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadFile/136520/08_Viewpoint_2020-05-04_Covid_19_and_Georgian_economy.pdf
- დ. შოშიტაიშვილი. ევროკავშირში ექსპორტის პოტენციალის გავლენა საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. თბილისი. 2019.