ახალი მსოფლიო მეურნეობრივი წესრიგი და საქართველოს ინტერესები
თეიმურაზ ბერიძე, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დღეს, როდესაც მსჯელობენ ახალ მსოფლიო მეურნეობრივ წესრიგზე, უპირველეს ყოვლისა გულისხმობენ გლობალიზაციას. უფრო მეტიც, ამ ფენომენმა გარკვეულწილად ფეტიშის ხასიათი მიიღო: რიგი გადაწყვეტილებებისა აიხსნება გლობალიზაციის მოთხოვნით.
გლობალიზაცია, როგორც წესი, აიხსნება როგორც სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ქსელების, ტელეკომუნიკაციური და სატრანსპორტო სისტემების განვითარების პროდუქტი, ასევე ნაციონალური ბაზრების ურთიერთქმედების, კაპიტალის, საქონლის, მომსახურების და სამუშაო ძალის მოძრაობის პროდუქტი მთელს სამყაროში. არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, როდესაც გლობალიზაცია აღიქმება მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში, რასაც მოწმობს ე.წ. “ანტიგლობალისტური” მოძრაობა. აღნიშნულ კონტექსტში, ცხადია, აუცილებელია გლობალიზაციის ბუნების ობიექტური მეცნიერული ახსნა, მისი, ფაქტიურად, ჩამოყალიბებული მოდელის ანალიზი.
მითუმეტეს, რომ გლობალიზაციას დადებით მხარეებთან ერთად გააჩნია უარყოფითიც (განსაკუთრებულად, მცირე ქვეყნებისათვის). სწორედ ეს ამოცანა დაისახეს სულ ახლახან აშშ-ში გამოცემული წიგნის “ფინანსური გლობალიზაცია და პოსტკომუნისტური საქართველო” ავტორებმა – ცნობილმა მეცნიერმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ და ნიჭიერმა ახალგაზრდამ, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატმა ვეფხია ჩოჩელმა. ხაზი უნდა გაესვას იმ ამოსავალ დებულებას, რომელსაც ჰქვია “საქართველოს ინტერესების” ახსნა საერთოდ გლობალიზაციის და, კერძოდ, ფინანსური გლობალიზაციის პირობებში. საქართველოს ინტერესების ახსნა-დაფიქსირება წითელ ზოლად სდევს მთელ ნაშრომს. ასეთი მეთოდოლოგიური წინამძღვრის საფუძველზე გაანალიზებულია საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ფუნქცია მსოფლიოში, ინფლაციური მოვლენების საზოგადოდ (და, კერძოდ, საქართველოში) ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, რუსეთის ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენა საქართველოზე, მისი პოლიტიკის შემქმნელ ფაქტორებზე, ასევე მსოფლიოში “სამპოლუსიანი სავალუტო სისტემის” შექმნა და მისი ზეგავლენა საქართველოზე. ნაშრომის პირველ თავში მოცემულია საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ანალიზი, მისი ადგილი მსოფლიოს ცვალებად ეკონომიკურ სისტემაში. ეკონომიკურ-ისტორიული ანალიზის საფუძველზე ნაჩვენებია საქართველოს სრულიად უნიკალური როლი “ევროპა-აზიის” დაკავშირებაში (ევროპა-კავკასია-აზია სატრანსპორტო დერეფანი) და, შესაბამისად, ამ დერეფანის ამოქმედება (შესაბამისი ინფრასტრუქტურით) არის საქართველოს ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელი ძალა. ცნობილია, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისას “შოკური თერაპიის” მეთოდის გამოყენების შედეგად, ადგილი აქვს ფასების საერთო დონის ზრდას (ინფლაცია). საქართველო ამ თვალსაზრისით გამონაკლისს არ წარმოადგენს. აქ უფრო სხვა რამ არის საინტერესო: რა ზეგავლენა აქვს ინფლაციას (მის მოლოდინს) ეკონომიკურ ზრდაზე.
მდიდარი ფაქტობრივი ანალიზის საფუძველზე ავტორები დასძენენ, რომ არ არსებობს ხისტი კავშირი ეროვნული ვალუტის დევალვაციისა, ინფლაციის დონის მაღალი ზრდისა და ეკონომიკის ზრდის ინიციირებისა პოსტკომუნისტურ საქართველოში (გვ. 12). ამასთან, ავტორები ასეთი მტკიცების თეორიულ-მეთოდოლოგიურ ანალიზსაც იძლევიან: რამდენად რეალურია საქართველოში მოქმედი სინამდვილისათვის მისი ეკონომიკის ფუნქციონირება მაღალინფლაციურ გარემოში? რამდენად ეფექტური იქნება მაღალინფლაციური გარემოს ზეგავლენა ეკონომიკის სხვა სფეროებზე? რამდენად ფლობენ საწარმოები ფინანსურ რესურსებს? და რა არის ასეთი რესურსების წყარო: ბანკები თუ უცხოური ინვესტიციები? თუ ორივე ერთად? რამდენად პოზიტიური იქნება მაღალინფლაციური გარემოს ზეგავლენა ცხოვრების სოციალურ ასპექტებზე? რამდენად რეალურია მაღალინფლაციურ პირობებში რეალური სექტორის ამოქმედება, რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზების განხორციელება ამ სექტორში? აი, ეს არის რიგი იმ შეკითხვებისა, რომელსაც ავტორები სვამენ ამ კონტექსტში. უნდა აღინიშნოს, რომ ავტორების მიერ, პრაქტიკულად, ყველა კითხვაზე დაფიქსირებულია პასუხი, რომელიც ცალსახად მეტყველებს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარების მიზანშეწონილობაზე პოსტკომუნისტურ საქართველოში. აქ ჩვენის აზრით, კიდევ ერთი რამ არის ძალზე მნიშვნელოვანი – მაღალინფლაციური გარემო იძულებულს გახდის მთავრობას, გაზარდოს მოსახლეობაზე გასაცემი ხელფასების და პენსიების ოდენობა, რაც ხანმოკლე ან საშუალოვადიან პირობებში ვერ იქნება გამაგრებული ეკონომიკის ზრდით, და, შესაბამისად, ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ინფლაციურ სპირალში.
ნაშრომის მესამე თავი ეძღვნება მსოფლიო შესაძლო ეკონომიკური კრიზისის წარმოჩენას და საქართველოს სტრატეგიას აღნიშნულ კონტექსტში. აქ საკმაოდ კარგადაა გაანალიზებული რუსეთის შესაძლო ქცევები (სცენარი) გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, განხილულია “ძველი” (ტრადიციული, ინდუსტრიული) და “ახალი” ეკონომიკის ბუნება და მათი ურთიერთქმედება კრიზისთან მიმართებაში, აშშ დოლარის ფლუქტუაციის საზღვრები “ძველი” ეკონომიკის “ახალი” (ინფორმაციული) ეკონომიკით შეცვლის შემთხვევაში, და ყველაფერი ამის ზეგავლენა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებზე. საინტერესოა ამ კონტექსტში რუსული ხედვის ანალიზი ჩინეთის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელშიც პროტექციონიზმის დოზა საკმაოდ საგრძნობია. ავტორების აზრით, აშშ დოლარის კრიზისის და, შესაბამისად, მსოფლიო გლობალური კრიზისის ჩამოყალიბება გადაჭარბებულია (გვ. 24). პარადოქსია, რომ დოლარის კრიზისის რუსული სცენარი აიხსნება “ახალი” ეკონომიკის ამუშავებით. ავტორები აქვე იხილავენ ისეთი ფენომენის ზეგავლენას ეკონომიკაზე, როგორიცაა ტერორიზმი, თუმცა ჩვენ ეკონომიკაზე ამ ფაქტორის ზეგავლენის სიძლიერე გადამეტებულად მიგვაჩნია (გვ. 25-27). ტერორიზმი მოქმედებს უარყოფითად სოციუმის ყველა მხარეზე, მათ შორის ეკონომიკაზეც. ძალზე მნიშვნელოვანია ავტორთა შეხედულება საქართველოს სტრატეგიაზე. ერთი მხრივ, ხაზგასმულია, რომ მას გააჩნია მცირე ეკონომიკა, რომელსაც არ ძალუძს ზეგავლენა იქონიოს მსოფლიო ეკონომიკაზე, მეორე მხრივ, ახსნილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედება და, აქედან გამომდინარე, საქართველოს ადგილის, ფუნქციის მოპოვება მსოფლიო ეკონომიკურ ურთიერთობებში. რაც შეეხება ტაქტიკას, აქ ნაჩვენებია მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ეფექტურობა და დასახულია საბანკო სისტემის განმტკიცების გზები.
ნაშრომის დასკვნით თავში (4) ავტორები არ ეთანხმებიან მოსაზრებას, თითქოს აშშ დოლარის დევალვაცია გამოიწვევს მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ აშშ დოლარის, იაპონური იენის და ევრო ზონის არეალში იწარმოება მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 45.3 პროცენტი და ძალზე აქტუალურია ამ სავალუტო სისტემების მდგრადობა. აქედან გამომდინარე, ავტორები მდგრადობის ერთ-ერთ ვარიანტად გვთავაზობენ – “სამპოლუსიან მსოფლიო გაცვლით სისტემას”, რაც ჩვენის აზრით ორიგინალური შეხედულებაა. რაც შეეხება საქართველოს სტრატეგიას ახალი მსოფლიო გაცვლით სისტემასთან და მონეტარულ პოლიტიკასთან მიმართებაში, ავტორები საკმაოდ დამაჯერებელ ანალიზს იძლევიან ეკონომიკურ სისტემაზე ნავთობის ფაქტორის ზემოქმედებაზე, მათ შორის ლარის სტაბილურობაზე. ხოლო “სამპოლუსიანი სავალუტო სისტემის” რეალობიდან გამომდინარე სთავაზობენ საბანკო პოლიტიკის სრულყოფის გზებს (სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაცია ცენტრალურ და კომერციულ ბანკებში და სხვ.).
საყურადღებოა, რომ ნაშრომში ვრცლადაა გამოყენებული ქართველ ეკონომისტთა ქართულ და რუსულენოვანი ნაშრომები, რაც ქართული ეკონომიკური აზრის ინგლისურენოვან სამეცნიერო სივრცეში პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული სამეცნიერო ნაშრომი მნიშვნელოვანი შენაძენია ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.