კომპანია Intel-ის როლი ტექნოლოგიების განვითარებაში და მისი საქმიანობის ანალიზი
ავტორის სტილი დაცულია
სოფიკო მათიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის IVკურსის სტუდენტი
ნაშრომში განხილულია კომპანია Intel-ის საქმიანობას და ანალიზს, მის როლს ტექნოლოგიების განვითარებაში. თავდაპირველად დაწვრილებით განვიხილავ კომპანიის წარმოშობის ისტორიას, მიზანს, ღირებულებებსა და ნიშას, პროდუქციას, რომელსაც ის უკვე 50 წელზე მეტია აწარმოებს, კომპანიის მენეჯმენტის ტიპსა და მარკეტინგულ ღონისძიებებს. ასევე აღვწერ ტექნოლოგიების ბაზარზე მის როლს და კონკურენტების გავლენას. ბოლოს კი Intel-ის SWOT და PESTEL ანალიზებს, რაც დაგვეხმარება უკეთ შევაფასოთ მისი როლი ეკონომიკის მრავალი სფეროს განვითარებაში. Intel-ი მრავალი წლის მანძილზე იკავებს პირველობას ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში და ყოველთვის ცდილობს სიახლეების დანერგვითა და არსებული პროდუქტების სრულყოფით ყველა მის მომხმარებელს გაუუმჯობესოს და გაუმარტივოს ცხოვრება.
Annotation
In this article I discuss and analyze the work of Intel Corporation and its role in developing technology. I start with describing the origins of the company, goals, value, niche and product, that it has been producing for over 50 years. Also, I discuss the type of management, marketing effort, its role in the technology market and competitor influence. At the end I talk about Intel’s SWOT and PESTEL analysis, which will help to better assess its role in advancing various fields of economics. For many years Intel is leader in innovative technology field and always tries to simplify lives of its customers by innovations and improvement of existing product.
კომპანია Intel-ის ისტორია, მისია, მიზანი, ღირებულებები და ნიშა.
Intel-ის კორპორაცია არის ლიდერი კომპანია ტექნოლოგიურ სფეროში. დაარსებიდან დღემდე იკავებს დომინანტურ პოზიციას ბაზარზე. კომპანია ძირითადად მოქმედებს როგორც ოლიგოპოლია. მას კომპიუტერებისა და მონაცემთა ცენტრების ბაზრებზე აქვს მრავალი კონკურენტული უპირატესობა, რომელთა განმეორება პრაქტიკულად შეუძლებელია კომპანიების უმეტესობის მიერ. სწორედ ეს ხდის მას უპირობო ლიდერს არსებულ ბაზარზე. [1]
კორპორაცია Intel-ი არის ამერიკული მრავალეროვნული ტექნოლოგიების კომპანია, რომლის სათაო ოფისი კალიფორნიაში, სანტა კლარაში, სილიკონის ველზე მდებარეობს.
Intel-ი დაარსდა 1968 წლის 18 ივლისს ამერიკელი ინჟინრების რობერტ ნოისისა და გორდონ მურის მიერ. განსხვავებით სხვა სილიკონის ველის დამწყები ბიზნესისგან, Intel-მა მოღვაწეობა დაიწყო 2.5 მილიონიანი აშშ დოლარის საწყისი კაპიტალით. მათ ეს თანხა ამერიკელი ფინანსისტისგან, არტურ როკისგან მიიღეს. Intel-ის დამფუძნებლები გამოცდილი ტექნოლოგები იყვნენ, რომლებსაც უკვე საკმაო რეპუტაცია გააჩნდათ. ნოისი 1959 წლიდან იყო სილიკონის ინტეგრირებული მიკროსქემის თანაგამომგონებელი და Fairchild Semiconductor–ის გენერალური მენეჯერი. ხოლო მური იყო Fairchild Semiconductor–ის კვლევისა და განვითარების ხელმძღვანელი. Intel-ის დაარსებისთანავე, ნოისმა და მურმა აიყვანეს Fairchild- ის სხვა თანამშრომლები, მათ შორის უნგრეთში დაბადებული ამერიკელი ბიზნესმენი ენდრიუ გროუ. ნოისი, მური და გროუ კომპანიის ისტორიის პირველი სამი ათწლეულის განმავლობაში ზედიზედ ასრულებდნენ თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობებს. [2]
Intel-ი არ იყო კომპანიის თავდაპირველი სახელწოდება. მას დამფუძნებლებმა Robert Noyce და Gordon Moore-მა NM Electronics დაარქვეს. კომპანიამ Intel-ის სახელწოდების გამოყენებისთვის საფასური გადაიხადა. Intel-ი არის Integrated Electronics-ის შემოკლებული სახელწოდება. [3]
კომპანიის მიზანია შექმნან ტექნოლოგია, რომელიც შეცვლის მსოფლიოს და გააუმჯობესებს დედამიწაზე ყველა ადამიანის ცხოვრებას. მათი ტექნოლოგია ეხმარება მსოფლიოს გახდეს უსაფრთხო, შექმნას ჯანმრთელი და ენერგიული საზოგადოება, გაზარდოს პროდუქტიულობა. მათი აზრით მონაცემები მკვეთრად აყალიბებს კაცობრიობის მომავალს. Intel-ი ავრცელებს AI-ს (Artificial Intelligence) ანუ ხელოვნურ ინტელექტს Smart მოწყობილობებში.
მათი ღირებულებებია_ მომხმარებლებზე ორიენტირებულობა, სიმართლე, გამჭვირვალობა, ჩართულობა, ხარისხი. ისინი ემსახურებიან მომხმარებლებს მათი მიზნების და წარმატების მისაღწევად. [4]
კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი 2020 წლის მონაცემებით შეადგენს 110 600 ადამიანს. მისი წლიური მოგება – $20.9 მილიარდი, ხოლო საოპერაციო შემოსავალი- $23.7 მილიარდია. აქციების ფასი კი 12.02.2021- ის მონაცემებით INTC -$61.81.[5]
2020 წლის მონაცემებით Intel-ი იკავებს მსოფლიო ბრანდებს შორის მე-12 ადგილს Interbrand-ის მიხედვით. [6]
Intel-ი არის მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე ძვირადღირებული ნახევარგამტარული ჩიპის მწარმოებელი კომპანია, რომელიც პიონერია ამ დარგში. Intel–ის საწყისი პროდუქტები იყო მეხსიერების ჩიპები, მათ შორის მსოფლიოში პირველი მეტალის ოქსიდის ნახევარგამტარი. შემდეგ იყო ერთ კილობიტიანი ოპერატიული მეხსიერების (DRAM) ჩიპი, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა და პირველი ჩიპი იყო, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავდა. იგი პირველად შეიძინა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Honeywell Incorporated-მა 1970 წელს, კომპიუტერში ძირითადი მეხსიერების ტექნოლოგიის შესაცვლელად. იმის გამო, რომ DRAM-ი იაფი იყო და იყენებდა ნაკლებ ენერგიას, ვიდრე ძირითადი მეხსიერება, ისინი სწრაფად გახდნენ სტანდარტული მეხსიერების მოწყობილობები მთელს მსოფლიოში.
DRAM-ის წარმატების შემდეგ, 1971 წელს Intel-ი უკვე გახდა საზოგადოებრივი კომპანია. ასევე 1971 წელს Intel- ის ინჟინრებმა ტედ ჰოფმა, ფედერიკო ფაგინმა და სტენ მაზორმა გამოიგონეს ზოგადი დანიშნულების ოთხ ბიტიანი მიკროპროცესორი, რომელმაც Intel-ს დიდი წარმატება მოუტანა.
მაგრამ Intel-ის ყველა ადრეული მცდელობა წარმატებული არ ყოფილა. 1972 წელს მათ მიიღეს ციფრული საათების მზარდ ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილება Microma–ს შეძენით. მაგრამ Intel-ს არ ჰქონდა რეალური გაგება მომხმარებლების შესახებ და 1978 წელს 15 მილიონი დოლარის ზარალით გაყიდა საათების მწარმოებელი კომპანია. მიუხედავად ამისა ამ საათს ერთ-ერთ დამფუძნებელი გორდონ მური დღემდე მაინც ატარებს. 1974 წელს Intel-ი აკონტროლებდა ოპერატიული მეხსიერების (DRAM) ჩიპების ბაზრის 82,9 პროცენტს, მაგრამ უცხოური ნახევარგამტარული კომპანიების ზრდასთან ერთად, 1984 წელს კომპანიის წილი 1,3 პროცენტამდე დაეცა. ამის შემდეგ Intel-ი მეხსიერების ჩიპებიდან გადაერთო მიკროპროცესორების ბიზნესზე. 1972 წელს მან აწარმოა რვა ბიტიანი პროცესორი (CPU), 2 წლის შემდეგ 10 ჯერ უფრო სწრაფი, ხოლო 1978 წელს კომპანიამ შექმნა პირველი 16-ბიტიანი მიკროპროცესორი.
1981 წელს კომპიუტერების ამერიკულმა მწარმოებელმა International Business Machines (IBM) აირჩია Intel-ის 16-ბიტიანი პროცესორი მისი პირველი მასობრივი წარმოების პერსონალური კომპიუტერებისთვის (PC). IBM-მა კონტრაქტი დადო Microsoft-ის კორპორაციასთან, რათა უზრუნველეყო დისკის ოპერაციული სისტემა (DOS). საბოლოოდ Microsoft–მა Windows–ის ოპერაციული სისტემა მიაწოდა IBM-ს პერსონალური კომპიუტერებისთვის, რომლებსაც Windows–ის პროგრამებისა და Intel–ის ჩიპების კომბინაციით უწოდეს „Wintel“ და დაარსების დღიდან დომინირებენ ბაზარზე. [2]
დღესდღეობით ის აწარმოებს პროცესორებს კომპიუტერული სისტემის მწარმოებლებისთვის, როგორიცაა Apple, Lenovo, HP და Dell. Intel-ი ასევე აწარმოებს დედაპლატის ჩიპსეტებს, ქსელის ინტერფეისის კონტროლერებს და ინტეგრირებულ სქემებს, ფლეშ მეხსიერებას, გრაფიკულ ჩიპებს, ჩაშენებულ პროცესორებსა და კომუნიკაციებთან და კომპიუტერებთან დაკავშირებულ სხვა მოწყობილობებს.
Intel-ის მომხმარებლები, ძირითადად, არიან აღჭურვილობის მწარმოებლები კომპიუტერულ და საკომუნიკაციო ინდუსტრიებში.
დესკტოპის და ნოუთბუქის კომპიუტერები გასულ წელს Intel-ის გაყიდვების დაახლოებით 60%-ს შეადგენდნენ და აგრძელებენ შემცირებას, რადგან კომპიუტერების მოთხოვნა აგრძელებს თანდათანობით შემცირებას ტაბლეტებისა და სმარტფონების სასარგებლოდ. Intel-ის ბიზნესის დანარჩენი 40% მოდის მონაცემების ცენტრის პროცესორებიდან, (ფლეშ მეხსიერების ჩიპები) რომლებიც გამოიყენება კომპიუტერის შესანახი საჭიროებისთვის და სხვა ჩიპები, რომლებიც აუმჯობესებენ კომპიუტერული მუშაობის შესაძლებლობას.
შედეგად, Intel–ის საოპერაციო მოგება თითქმის თანაბრად იყოფა მის კომპიუტერულ ბიზნესსა და ყველა სხვა ოპერაციას შორის, რომელსაც ხელმძღვანელობს მონაცემთა ცენტრის პროცესორები.
ბაზრის აღწერა
ბაზარზე მისი მთავარი კონკურენტი არის Advanced Micro Devices–AMD, რომელიც ასევე მსხვილი კომპანიაა, მაგრამ ბევრად ნაკლები დასაქმებულით და შემოსავლით. (შესაბამისად 11 400 ადამიანი და $ 6.73 მილიარდი). AMD 1969 წელს დაარსდა თუმცა ბაზარზე Intel-ს აქტიურ კონკურენციას მხოლოდ 6 წელია რაც უწევს. AMD-ც Intel-ის მსგავსად აწარმოებს: კომპიუტერულ პროცესორებს, მიკროპროცესორებს, დედაპლატის ჩიპსეტებს, და ნახევარგამტარებს.
ასევე აღსანიშნავია თუ როგორ შეცვალა Intel-ის ფასების პოლიტიკა ბაზარზე AMD-ის გაძლიერებამ. მონოპოლიის პირობებში Intel-ი თავის პროდუქციაზე საკმაოდ მაღალ ფასებს აწესებდა, თუმცა AMD-ის გაძლიერებამ აიძულა შეემცირებინა ფასები ყველა იმ პროდუქციაზე, რომლებზეც კონკურენციას AMD უწევდა. ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა კარგად ასახავს საშუალო ფასებს წლების განმავლობაში.
დიაგრამა 1. Intel-ს და AMD-ს საშუალო ფასები 2016-2019 წლებში, $.
წყარო: https://www.gamersnexus.net/guides/3542-gn-special-report-intel-vs-amd-sales-volume
ხოლო ბაზარზე წილების განაწილება გამოსახულია მეორე ნახაზზე. 2018 წლიდან გაიზარდა AMD-ს საბაზრო წილი ყველა პროცესორზე.
დიაგრამა 2. AMD-ს და Intel-ის საბაზრო წილის განაწილება 2004-2021წწ.
წყარო: https://www.cpubenchmark.net/market_share.html
ორივე კომპანია დაარსდა 50 წელზე მეტი ხნის წინ, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ვერც ერთმა სხვა მნიშვნელოვანმა მოთამაშემ ვერ შეძლო ნახევარგამტარული ბაზრის ამ სეგმენტზე დომინირება, როგორც ამ ორმა კომპანიამ. Intel-ი დომინირებს CPU (the central processing unit) ბაზრის ყველა სექტორზე, მათ შორის მაღალი დონის მუშაობის პროცესორებზე. AMD ფოკუსირებული იყო დაბალი, ბიუჯეტიანი, საშუალო და დაბალი დონის ჩიპსეტებზე. მრავალი წლის განმავლობაში ჩანდა, რომ AMD მიკროპროცესორების ბაზარზე მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა. დაახლოებით 2016 წლამდე, AMD აკონტროლებდა პროცესორის ბაზრის ერთ მეოთხედს, ხოლო Intel-ი 70%–ზე მეტს. სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, როდესაც AMD–მ 2017 წლის თებერვალში თავისი წარმატებული Ryzen მიკროპროცესორი გამოუშვა.
2019 წლის აგვისტოში, Intel-მა AMD-ის Ryzen ტექნოლოგიას გაუმჯობესებული, მე -10 თაობის Core პროცესორის გამოშვებით უპასუხა, მისი ახალი მიკროარქიტექტურის საფუძველზე, რომელსაც Ice Lake ეწოდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ მისი პროცესორი მონაცემების გადაცემის 18% -იან ზრდას გვთავაზობს. [7]
Intel-ს AMD-ს გარდა სხვა კომპანიებიც უწევენ კონკურენციას, მაგრამ მხოლოდ კონკრეტულ სფეროებში. მაგალითად ასეთია IBM, რომელიც როგორც უკვე ვახსენე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმა თავის კომპიუტერებში Intel-ის პროცესორები გამოიყენა. მაგრამ 2013 წლიდან თავად დაიწყო პროცესორების წარმოება და ამით გახდა Intel-ის კონკურენტი ამ ბაზარზე.
NVIDIA არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გრაფიკული პროცესორების (GPU) ბაზარზე. Intel-ი 2021 წლისთვის გეგმავს გამოუშვას ვიდეო ბარათი (graphics card), “Intel-ი Xe GPU”, რომელიც კონკურენციას გაუწევს ამ სფეროში დომინანტურ NVIDIA-ს. [8]
Intel-ის და მისი კონკურენტების მეტოქეობის საფუძველზე ნათლად ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონკურენცია ნებისმიერ დარგში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ტექნოლოგიებს ეხება. თითოეული მათგანი მაქსიმალურად ცდილობს ინოვაციების დანერგვას და პროდუქციის ამ გზით გაუმჯობესებას, რათა კონკურენტული უპირატესობა და შესაბამისად ბაზრის მეტი წილი მოიპოვონ.
მენეჯმენტის ტიპი
Intel-ს გააჩნია მენეჯმენტის MBO (Management By Objectives) სტილი. მართვის ასეთი სტილის დროს თანამშრომლები და მმართველები ახდენენ საერთო მიზნების იდენტიფიცირებას, რომლებიც უნდა იქნას მიღებული, როგორც შეფასების კრიტერიუმები. თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ ხელშესახები, გადამოწმებული და გაზომვადი მიზნების დასახვაში. მის მიხედვით ორგანიზაციის ყველა მსურველს აქვს მკაფიოდ გაცნობიერებული ამ ორგანიზაციის მიზნების და ამოცანების, ასევე საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაცია.
მენეჯმენტის თეორეტიკოსმა პიტერ დრუკერმა პიონერად აქცია ეს სტილი 1954 წელს თავის წიგნში “მართვის პრაქტიკა”. [9]
ამ ტიპის მენეჯმენტის გამოყენების დროს Intel-ი ჯერ არჩევს მთავარ მიზნებსა და ამოცანებს და შემდეგ მის დაქვემდებარებულ მიზანს. ყველაფერი ეს გაწერილია შესაბამისი დონის ორგანიზაციისთვის, რის შედეგადაც ინდივიდებისთვის მარტივია მიზანზე ორიენტირებულობა. „MBO სისტემა უზრუნველყოფს ფოკუსირებას.“ ამბობს ენდი გროვი-ვინც ეს მეთოდი ინტელში დაამკვიდრა. [10]
2021 წლის 15 თებერვლიდან Intel-ს ახალი CEO ჰყავს. 2018 წლიდან ბობ სვანი ხელმძღვანელობდა კომპანიას, მაგრამ 2021 წლის 13 იანვარს დააანონსეს, რომ რიგით მერვე CEO პეტ გელსინჯერი გახდებოდა. გელსინჯერი მრავალი წლის განმავლობაში ტექნოლოგიების ხელმძღვანელი იყო, ამიტომ კარგად იცნობს კომპანიის საჭიროებებს.
გატარებული მარკეტინგული ღონისძიებები და ლოჯისტიკა
Intel-ი იყენებს დემოგრაფიული და ფსიქოგრაფიული სეგმენტაციის ცვლადებს, რათა შეაფასოს ბაზრის ცვალებადი მოთხოვნილებები. დიფერენცირებული მიზნობრივი სტრატეგია გამოიყენება კომპანიის მიერ, რადგან მისი პროდუქტებისა და მომსახურების უმეტესი ნაწილი სტანდარტიზებულია და მარტივად არის ხელმისაწვდომი მთელს მსოფლიოში.
ახალი თაობის ტექნოლოგიის გამოგონება ეხმარება კომპანიას გააუმჯობესოს წარმოდგენა, აკონტროლოს ფასები და რესურსები უფრო ეფექტურად გამოიყენოს.
Intel-ის ბრენდი ხალხისთვის ასოცირდება მაღალ ხარისხთან და ინოვაციურ ტექნოლოგიასთან. [11]
Intel-ს ასევე აქვს საკუთარი მუზეუმი. ის 1980 წელს დაარსდა სათაო ოფისში. მას წელიწადში 86000-ზე მეტი დამთვალიერებელი ყავს.
Intel-ის ლოგომ კომპანიის დაარსებიდან მხოლოდ ორჯერ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება, განსხვავებით მისი სლოგანისგან. მისი სლოგანებიდან გამორჩეულია: The Computer Inside, Leap ahead, Sponsors of Tomorrow, Experience What’s Inside და Look Inside.
„Intel-ი Inside” ბრენდის კამპანია დაიწყო 1991 წელს, რამაც Intel-ის ბრენდის პოპულარობა გაზარდა.
2020 წელს კი Intel-ის ბრენდისთვის ახალი ერა დაიწყო. ბრენდის ახალ ტრანსფორმაციაში კარგად აისახება მისი როლი ტექნოლოგიების შექმნასა და განვითარებაში, რომელიც მსოფლიოს წინსვლისკენ უბიძგებს. [12]
სურათი1. Intel-ის ლოგოს ცვლილება წლების განმავლობაში.
წყარო: https://1000logos.net/intel-logo/
Intel-ი უზრუნველყოფს განსხვავებულ დისტრიბუციის არხებს განსხვავებული მომხმარებლებისთვის და პროდუქციისთვის. ის იყენებს საცალო მოვაჭრეებს, გამყიდველებს და სააგენტოს დისტრიბუტორებს, რათა თავისი პროდუქცია და სერვისი გახადოს ხელმისაწვდომი საბოლოო მომხმარებლებისთვის.
Intel-ის მომხმარებლები არიან OEM (ორიგინალური აღჭურვილობის მწარმოებლები), ბიზნეს სახლები და ინდივიდუალური მომხმარებელი, რომელთაც აქვთ მიდრეკილება ტექნოლოგიური პროდუქტების მიმართ.
SWOT ანალიზი
ძლიერი მხარე- strengths
Intel-ის ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს მისი პარტნიორობა Microsoft-თან. ის დიდ სარგებელს იღებს თავისი პროცესორების განთავსებით ბაზრის ლიდერ Windows სისტემებში. ასევე ამ შეთანხმებით სარგებლობს Microsoft-იც, რომელსაც სტაბილური პარტნიორი ყავს. ისინი ერთად ქმნიან ბაზარზე შესვლის ბარიერებს.
ასევე ბაზარზე ყოფნის დიდი ისტორია და მრავალწლიანი გამოცდილება ნახევარგამტარების წარმოებაში საშუალებას აძლევს გამოიყენოს მასშტაბის ეკონომია. ასევე მნიშვნელოვანია ბრენდის იმიჯი. [13] Intel-ი არის მე-5 ინოვატორული კომპანია მსოფლიოში.
სუსტი მხარეებიდან ერთ-ერთია სუსტი დივერსიფიკაცია. ასევე დამოკიდებულება Microsoft-ის აპარატებზე. მიუხედავად იმისა, რომ Intel-ი მხოლოდ ერთი პროდუქტის წარმოებაზე არ არის ორიენტირებული, ის მობილურ ბაზარზე ნაკლებადაა წარმოდგენილი, რადგან ძირითადად Windows-სთვის ამზადებს პროდუქციას. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით მობილური ტელეფონების ბაზარი ძალზედ მზარდია. ასევე მაღალი ფასები პროდუქციაზე წარმოადგენს სისუსტეს კონკურენტებთან შედარებით, რომლებსაც შედარებით დაბალი ფასები აქვთ ანალოგიურ პროდუქციაზე.
Intel-ს აქვს შესაძლებლობები გააუმჯობესოს დივერსიფიკაცია, ასევე შექმნას პროდუქტები მობილური მოწყობილობებისთვის და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ კომპიუტერულ მოწყობილობებზე. ასევე დრონების და ავტომატური მანქანების განვითარება. ამ პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, რაც ინტელზე მოთხოვნას გაზრდის.
საფრთხეებს ძირითადად წარმოადგენენ მისი კონკურენტები. კომპანია ARM-ის გაძლიერება მობილურის პროცესორების წარმოებაში, ხოლო კომპიუტერული პროცესორების წარმოებაში AMD-ის გაძლიერება დიდ საფრთხეს უქმნის Intel-ის მომავალს. Intel-ის ახლანდელი დომინირება განპირობებულია კომპიუტერული პროცესორების დამზადებით Windows-ის ოპერატიული სისტემისთვის, თუმცა ბაზრის სწრაფი გადასვლა მობილურ მოწყობილობებზე დიდი საფრთხის წინაშე აყენებს Intel-ის ამჟამინდელ დომინირებას. ასევე 15 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Apple-მა გადაწყვიტა, რომ Intel-ის პროცესორები მაკში ჩაანაცვლოს ჩიპებით, რომელსაც თავად გამოუშვებს. ეს Intel-ისთვის დიდი დარტყმა იქნება, რადგან Apple ერთ-ერთი მსხვილი დამკვეთია. Intel-ის CEO აცხადებს, რომ ცვლილებებია საჭირო, რათა Intel-მა კვლავ დაიბრუნოს ძველი ტექნოლოგიური პირველობა. ასევე თუ Apple ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება მაგალითი სხვა კომპანიებისთვისაც. [14]
PESTEL ანალიზი
Intel-ის კორპორაციის PESTEL ანალიზი სტრატეგიული ინსტრუმენტია მაკრო გარემოს გასაანალიზებლად. PESTEL ანალიზი გვაძლევს ინფორმაციას, იმ გამოწვევების შესახებ, რის წინაშეც დგას კომპანია, კონკურენტებთან მიმართებაში.
პოლიტიკური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს Intel-ზე.
მთავრობის მხარდაჭერა გლობალიზაციასთან დაკავშირებით Intel-ს შესაძლებლობას აძლევს გააფართოვოს თავისი ბიზნესი, ბაზრის პირობების გაუმჯობესების საფუძველზე. თუმცა ეს ასევე ზრდის კონკურენციის საფრთხეებს, რადგან უცხოური ფირმებიც უფრო მარტივად შეძლებენ გლობალურ ბაზრებზე შეღწევას, კერძოდ კი ნახევარგამტარებისა და პროცესორების ბაზარზე. თავის მხრივ, მთავრობის ანტიმონოპოლიური პოლიტიკა ხელს უწყობს Intel-ის ზრდას, იმ კომპანიების მზრდი რაოდენობის საფუძველზე, რომლებიც ლეპტოპებსა და კომპიუტერებს აწარმოებენ.
ეკონომიკური ფაქტორები.
განვითარებული ბაზრების უმეტესი ნაწილი შედარებით ეკონომიკურად სტაბილურია. ეს გარეგანი ფაქტორი წარმოადგენს Intel-ის შესაძლებლობას გააუმჯობესოს ნახევარგამტარული ბიზნესის შემოსავლები. მაგალითად, კომპანიას აქვს შესაძლებლობა აგრესიულად შევიდეს ახალი ალიანსებით ამ ბაზრებზე, გააძლიეროს კონკურენტუნარიანობა და გაზარდოს თავისი საბაზრო წილი. განვითარებადი ბაზრების სწრაფი ზრდის გარეგანი ფაქტორები ქმნის ბიზნესის გაუმჯობესების შესაძლებლობებს. მაგალითად, განვითარებადი ბაზრების მომხმარებლები, როგორიცაა აზიის ქვეყნები, ზრდიან მოთხოვნას კომპიუტერულ მოწყობილობებზე, რომელთაგან დიდი ნაწილი Intel-ის პროცესორს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ეკონომიკური გარე ფაქტორების გავლენა არაპირდაპირია, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის პირდაპირი მომხმარებლები არიან აღჭურვილობის მწარმოებლები, მაგალითად, ლეპტოპების მწარმოებლები და არა კომპიუტერების საბოლოო მომხმარებლები. შესაბამისად ეს ყველაფერი ზრდის Intel-ის შემოსავლებს.
სოციალური ფაქტორები
სოციალური და კულტურული ფაქტორები საერთაშორისო ბიზნესის სფეროში დომინანტურ როლს თამაშობენ. სიმდიდრის განაწილების გაუმჯობესება ის სოციალური ტენდენციაა, რომელიც უფრო მეტი ადამიანის მსყიდველუნარიანობას ზრდის. შედეგად უფრო მეტ ადამიანს შეუძლია შეიძინოს კომპიუტერული მოწყობილობები Intel-ის პროცესორებით. მეორეს მხრივ, ეკოლოგიური პროდუქტების სასარგებლოდ მზარდი დამოკიდებულება კომპანიას საშუალებას აძლევს გააუმჯობესოს თავისი პროდუქტი. მაგალითად, Intel-ს შეუძლია შექმნას და დაამზადოს ახალი მიკროპროცესორები, რომლებსაც აქვთ უფრო მაღალი ენერგოეფექტურობა. ამ სოციოკულტურული გარე ფაქტორის უპასუხოდ დატოვებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას კომპანიას, რადგან სხვა ფირმებს შეუძლიათ განავითარონ კონკურენტული უპირატესობა მათი პროდუქციის ენერგოეფექტურობის საფუძველზე.
ტექნოლოგიური ფაქტორები
მობილური მოწყობილობების მზარდი გამოყენება საშიშროებას წარმოადგენს Intel-სთვის, რადგან მას სმარტფონების პროცესორების ბაზარზე უმნიშვნელო წილი აქვს. მობილურების ბაზარი როგორც ზემოთ აღვნიშნე Intel-ის სუსტი მხარეა. კომპანია ორიენტირებულია ლეპტოპებისა და დესკტოპების სისტემების შექმნაზე განსაკუთრებით კი Windows სისტემებზე. თუმცა Intel-ს აქვს შესაძლებლობა განავითაროს მობილური მოწყობილობების პროცესორები, მაგალითად სმარტფონებისთვის. ასევე Intel-მა უნდა გაზარდოს სამეცნიერო-კვლევით-ექსპერიმენტულ-საკონსტრუქტორო სამუშაოები, რათა მოიპოვოს უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით.
ეკოლოგიური ფაქტორები
ელექტრონული ნარჩენებით გამოწვეული გარემოს დაბინძურების მზარდი დონის გამო, Intel-ი რთულ სიტუაციაშია. აღნიშნული უარყოფითი ეკოლოგიური გარეგანი ფაქტორი აფერხებს მომხმარებლებს იმ პროცესორების შეძენისგან, რომლებიც დაბალი ენერგოეფექტურობით გამოირჩევიან. ამის გამოსასწორებლად კომპანიამ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები უფრო ენერგოეფექტური პროცესორების შესაქმნელად. ამასთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი პროგრამებისადმი ინტერესის ზრდა Intel-ს ეხმარება გარემოსდაცვითი სტრატეგიის გაუმჯობესებაში.
სამართლებრივი ფაქტორები
Intel-ი განიცდის კონკურენციის რეგულაციების გაზრდის საფრთხეს. ეს სამართლებრივი საგარეო ფაქტორი საფრთხეს წარმოადგენს, რადგან კომპანია სარგებლობს ვირტუალური მონოპოლიით Windows სისტემებზე. კომპანიას ასევე აკრიტიკებენ აღჭურვილობის მწარმოებლებთან აგრესიული არაკონკურენტული შეთანხმებების გამო. [15]
მიუხედავად მრავალი სირთულეებისა, რომელიც Intel-მა დაარსებიდან გამოიარა, ის მაინც ტექნოლოგიების სფეროში ლიდერი კომპანიაა, რომელიც პირველობას არ თმობს. მას კიდევ აქვს პოტენციალი გაფართოვდეს და მოახდინოს პროდუქციის დივერსიფიკაცია მობილურების ბაზარზე. ასევე AMD-სთან კონკურენციით ის მეტად გააუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს და შეამცირებს ფასებს, რაც დაეხმარება ბაზარზე წილის კიდევ უფრო გაზრდაში და პოზიციის გამტკიცებაში.
სამომავლოდ Intel-ს კიდევ უფრო მეტი დაბრკოლება და სირთულე ელის. Apple -ის და IBM-ის გადაწყვეტილება თავისი კომპიუტერებისთვის თავად გამოუშვან პროცესორები დიდ პრობლემას შეუქმნის კომპანიას. ასევე შესაძლოა სხვა კომპანიებმაც გაიმეორონ მათი მაგალითი. საინტერესოა მომავალშიც რამდენად კარგად გაუმკლავდება Intel-ს ახლად დანიშნული CEO ამ ამოცანებსა და სირთულეებს.
- https://investorplace.com/2016/04/intel-intc-a-technology-monopoly-paying-safe-growing-dividends/
- https://www.britannica.com/topic/Intel#ref338628
- https://www.bizjournals.com/sanjose/news/2018/07/10/intel-history-intc.html
- https://www.intel.com/content/www/us/en/company-overview/company-overview.html
- https://www.nasdaq.com/market-activity/stocks/intc
- https://interbrand.com/best-global-brands/intel/
- https://www.investopedia.com/insights/why-amd-intels-only-competitor-intc-amd/
- https://www.investopedia.com/ask/answers/120114/who-are-intels-intc-main-competitors.asp
- https://www.referenceforbusiness.com/management/Log-Mar/Management-Styles.html
- https://www.slideshare.net/shangrillajagtap18/management-by-objectives-10099975
- https://www.marketing91.com/marketing-strategy-intel/#:~:text=Distribution%20strategy%20in%20the%20Marketing%20strategy%20of%20Intel%20%E2%80%93,available%20to%20the%20end%20customers.
- https://newsroom.intel.com/editorials/intel-brand-karen-walker/#gs.t3lmsb
- https://www.marketing91.com/swot-analysis-intel/
- https://www.nytimes.com/2020/06/19/technology/apple-intel-breakup.html