ადამიანური კაპიტალი – ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი

ავტორის სტილი დაცულია

არაბული ნინო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  IV კურსის სტუდენტი
ninutsa18arabuli@gmail.com

ანოტაცია

ადამიანური კაპიტალი წარმოადგენს ინვესტიციების შედეგად ადამიანის მიერ დაგროვებული ჯანმრთელობის, ცოდნის, გამოცდილების, უნარების, შესაძლებლობებისა და მოტივაციების მარაგს. ადამიანური კაპიტალის ფორმირებაში უმნიშვნელოვანესია ინვესტიციები ჯანმრთელობასა და განათლებაში, რაც ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების უმთავრესი ფაქტორია. სწორედ ამ მიზეზით, მოცემულ სტატიაში განვიხილავ ადამიანური კაპიტალის არსს და მის მნიშვნელობას ეკონომიკურ პროცესებში, მის ორ ძირითად ფორმას – განათლებასა და ჯანმრთელობას და დავახასიათებ თითოეულ კომპონენტს. ბოლოს გავაანალიზებ ადამიანური კაპიტალის გადიდებაში სახელმწიფოს როლს და მოვიყვან საქართველოს მაგალითს, სადაც განვიხილავ სახელმწიფო ბიუჯეტიდან განათლებასა და ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯების დინამიკას და გავაკეთებ სათანადო დასკვნას.                                   

Annotation

Human capital is assets of health, education, experience, skills, abilities and motivation by investing in employees. Investment in health an education is the most important in human capital formation that is the vital factor of the long-term economic development. For this reason, in this report I will discuss the meaning and value of human capital in economic processes, its two main forms:  the education and the health and explain each component. At the end, I will analyze the role of the country in increasing of human capital and I will give you example about the cost dynamic of the government budget of Georgia on the education and the health and I will take the relevant conclusion.

ადამიანური კაპიტალი

საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა ეკონომიკური სისტემები, ტრადიციული ეკონომიკა შეცვალა კაპიტალისტურმა წყობილებამ, რომელიც თავის მხრივ შეცვალა პოსტინდუსტრიული საზოგადოების ფორმირებამ, დღეს კი უკვე ინფორმაციული და ინოვაციურ ეკონომიკური სისტემა  ჩამოყალიბდა ,რომლის ძირითადი ეკონომიკური კატეგორია გახდა ცოდნა. აღნიშნულმა სისტემამ მოთხოვნა წარმოშვა  მაღალკვალიფიციურ  სპეციალისტებსა და ინტელექტუალურ შრომაზე, რომელიც კომბინირებულად ადამიანური კაპიტალის სახელწოდებით წარმოგვიდგება.   თავდაპირველად, ადამიანური კაპიტალის ცნება და მისი თეორიების ჩამოყალიბება უკავშირდება მე-20 საუკუნის მეორე ნახევარს, როდესდაც რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება ადამიანურ კაპიტალსა და განათლებაზე გაწეულს დანახარჯებზე. პირველად ტერმინი  „ ადამიანური კაპიტალი “  დაამკვირდა ნობელის პრემიის ლაურეატმა თეოდორ შულცმა, ხოლო შემდგომ მისი განვითარება დაკავშირებულია მისი მიმდევარი გერი ბეკერის სახელთან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  წვლილი  მიუძღვის ასევე ისეთ მეცნიერებს , როგორებიც იყვნენ: ს.ფიშერი,  ე. დენისონი, ჯ. კენდრიკი  და სხვა. [2]  სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანური კაპიტალი  არის ერთობლიობა ადამიანის ცოდნისა, უნარის , გამოცდილების, ანუ ეს არის სამუშაო ძალის არა უბრალოდ რაოდენობა, არამედ  შრომის ხარისხი, რომლის გამოყენება საწარმოო პროცესებში მნიშვნელოვნად ზრდის გამოშვების მოცულობას და შედეგად ამაღლებს ქვეყნის კეთილდღეობას, რაც განპირობებულია ადამიანური რესურსების მახასიათებლებით. [2] კონკრეტულად, ადამიანური რესურსი არის მწარმოებლური, რაც ნიშნავს რომ საწარმოში მისი გამოყენების შედეგად მიიღება მეტი საქონელი და მომსახურება. ასევე ის არის თვითონ წარმოებული, ადამიანურ კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად, რაც გულისხმობს დანახარჯებს განათლებაზე, ჯანდაცვაზე, მეცნიერების განვითარებაზე, ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებაზე, ეკონომიკურ თავისუფლებაზე, ინტელექტუალურ საქმიანობაზე, ცხოვრების დონის ამაღლებაზე,კულტურაზე, ხელოვნებაზე და სხვა. სწორედ აღნიშნული ინვესტიცია არის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მთავარი დანახარჯი. ადამიანური რესურსი ფიზიკური კაპიტალის მსგავსად იძლევა მოგებას, თუმცა მათ შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს , რომ ადამიანური კაპიტალის მიერ მიღებული უკუგება უფრო მაღალი ხელფასით მიიღება იმ შემთხვევაში, როცა მაღალკვალიფიციური მუშაკი უშუალოდ ასრულებს სამუშაოს, ხოლო ფიზიკური კაპიტალის მფლობელს კი მოგების მიღება შეუძლია იმ დროსაც , როცა ის იმყოფება სრულიად სხვა ადგილას და დაკავებულია მისთვის სასურველი საქმიანობით. [1] ასევე აღსანიშნავია, რომ ადამიანური კაპიტალიც, ისევე  როგორც ფიზიკური კაპიტალი განიცდის ცვეთას, რაც იმას გულისხმობს, რომ დროთა განმავლობაში არსებული უნარები უკვე აღარ აკმაყოფილებს საწარმოო მოთხოვნებს,  საჭირო ხდება მიღებული ცოდნის გაუმჯობესება, ახალი უნარების ათვისება ახალი ტექნოლოგიების, ახალი საწარმოო პროცესების შესაბამისად.   [2]

ამგვარად,  ადამიანური კაპიტალი არის ფაქტორი, რომელიც ამაღლებს ცხოვრების დონეს, რადგან აკომპლექტებს საზოგადოებრივი საქმიანობის ნებისმიერ სახეს უმაღლესი ცოდნისა და გამოცდილების მქონე სამუშაო ძალით, ზრდის შრომის მწარმოებლურობას, რაც პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკის განვითარებასა და წინსვლას. თანამედროვე ეკონომიკა მოთხოვნას წარმოშობს  ახალი უნარ-ჩვევების მქონე მუშაკებზე, რომლებიც დანერგავენ ეკონომიკაში მართვის უახლეს ფორმებს, ინოვაციურ სისტემებს,  ასევე აღჭურვილები იქნებიან  ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების შესაბამისი ცოდნით. ამიტომ ადამიანურ კაპიტალს  სჭირდება მუდმივი სრულყოფა და განვითარება, რადგან არ ჩამორჩეს მსოფლიოში მიმდინარე  უახლეს პროცესებს  და იყოს შესაბამისი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონესთან . ამისთვის კი ,როგორც აღვნიშნე, საჭიროა მასში ინვესტიციების განხორცილება, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია განათლებასა და ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეული დანახარჯების როლი, რაც გამომდინარეობს იმ მიზეზით, რომ თუ პირველ რიგში ადამიანი არ იქნება ჯანმრთელი და შრომისუნარიანი , ზედმეტი იქნება საუბარი იმ შესაძლებლობაზე, რომ  აითვისოს დამატებითი ცოდნა, მიიღოს მეტი გამოცდილება და აქტიურად იყოს ჩართული საწარმოო პროცესებში. ხოლო განათლებაზე გაწეული დანახარჯები პირდაპირკავშირშია ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესებასთან, რადგან განათლება არის ის განსაკუთრებული სახის პროდუქტი, რომლის საშუალებით ადამიანი იღებს ცოდნას და ამასთანავე სრულყოფს  ისეთ პიროვნულ მახასიათებლებს, როგორიცაა მსოფლმხედველობა, ეთიკა, კულტურა, სულიერება, უნარ-ჩვევები, ესთეტიკა და სხვა. [1] [2]

ადამიანური კაპიტალი ჯანმრთელობის ფორმით

ჯანმრთელობა არის ადამიანური კაპიტალის მნიშვნელოვანი ელემენტი, მასში განხორციელებული ინვესტიციები გულისხმობს გაზრდილ შრომისუნარიან მოსახლოებას, ავადობის შემცირებას, სოცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას,რაც დადებითად აისახება ადამიანურ კაპიტალზე და შედეგად იწვევს ეკონომიკურ ზრდას. [1]

როგორც ქვეყანა ვითარდება ეკონომიკურად, ასევე მისი მოსახლეობის ჯანმრთელობაც უმჯობესდება, რაც თავის მხრივ ამაღლებს ქვეყანაში ცხოვრების დონეს.ამგვარად, ჯანმრთელობას აქვს მწარმოებლური მხარე. სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია უფრო ინტენსიურად და დიდხანს უმუშაოს, უკეთ ისწავლოს, აითვისოს ნებისმიერი სიახლე, უფრო ნათლად იაზროვნოს. ეს ყოველივე კი განაპირობებს შემოსავლის ზრდას. უფრო ლოგიკურად რომ მივყვეთ, იმ შემთხვევაში თუ  ჯანმრთელობა  წარმოგვიდგება როგორც პირობითად უცვლელი სიდიდე,როცა შემოსავლების დონე  იცვლება, მაგალითად გაუმჯობესდა საწარმოო ტექნოლოგია, მაშინ მივიღებთ შედეგს, რომლის საილუსტრაციოდ გამოვიყენებ შემდეგ გრაფიკს:   

გრაფიკი 1. შემოსავლებში ეგზოგენური ცვლილების ეფექტი

წყარო: ეკონომიკური ზრდა-მოდული, ბაკალავრიატი, ნ.კაკულია, მ.ჩიქობავა

მოცემულ გრაფიკში y(h) – არის შემოსავლების გრაფიკი უცვლელი ჯანმრთელობის მდგომარეობის დროს, ხოლო h(y) – ჯანმრთელობის მრუდი უცვლელის შემოსავლების დონის დროს. ნახაზის მიხედვით შემოსავლებში ეგზოგენური ზრდის შედეგად მრუდი გადაადგილდა მარჯვნივ, რამაც გამოიწვია A წერტილიდან B წერტილში შემოსავლების ზრდა, თუმცა ეს თავის მხრივ გავლენას ახდენს ჯანმრთელობის დონეზე, რადგან უკეთესი შემოსავლების დროს ადამიანს შეუძლია მეტი დახარჯოს უკეთესი მედიკამენტების , ვაქცინების შეძენაზე, შრომის პირობების გაუმჯობესებაზე და სხვა. აღნიშნული მიზეზით უმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც შემოსავლების შემდგომ ზრდას იწვევს ე.წ. „მუტიპლიკატორის “ ეფექტით, რასაც  ასახავს ნახაზზე ისრებით მითითებული ტრაექტორია, თუ გავაგრძელებთ მსგავს მიმართულებას მივიღებ საბოლოოდ С- წერტილში არსებულ მდგომარეობას, რომელსაც შესააბამება როგორც ჯანმრთელობის , ისე შემოსავლების უფრო მაღალი დონე ვიდრე, ადგილი ჰქონდა თავდაპირველი შემოსავლების ზრდის დროს. მსგავსად წარმოგვიდგება ჯანმრთელობის თავდაპირველი გაუმჯობესების მულტიპლიკატორის ეფექტიც. რეალურად რომელი უფრო ეფექტურია საკამათო თემას წარმოადგენს , თუმცა მთავარია ის ფაქტი, რომ ჯანმრთელობის, როგორც ადამიანური კაპიტალის ფორმის  გაუმჯობესებით,  იზრდება ქვეყნის კეთილდღეობა. [1]

განათლება, როგორც ადამიანური კაპიტალის  ფორმა

განათლება წარმოგვიდგება, როგორც ადამიანური კაპიტალის ფუნდამენტური ელემენტი. განათლება გულისხმობს განათლებულ ადამიანს, ანუ ახალი, ინოვაციური  იდეების არსებობას, რომელიც მიმართული იქნება ტექნოლოგიების სრულყოფის, მართვისა და ორგანიზაციის ახალი მეთოდების შემუშავებისა და ინოვაციური პროდუქციისა და მომსახურების დანერგვისკენ, რომელიც დღეს არის კონკურენტუნარიანობის მძლავრი იარაღი და წარმატების უმთავრესი ფაქტორი. ამ მიზეზით, ინვესტიციები, რომელიც ამაღლებს ადამიანის ინტელექტს, სხვა სიტყვებით, განათლების დონეს, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმაა, რომლის შედეგად მას ეკონომიკური ფასეულობა ენიჭება. [1] განათლება ეკონომიკაზე  გავლენას ახდენს, როგორც მეცნიერების განვითარების წინაპირობა და შრომის მწარმოებლურობის ამაღლების უმთავრესი საშუალება, ასევე  ის ზემოქმედებს მომხმარებლის გემოვნებასა და მოთხოვნილებაზე და თავის მხრივ აფართოვებს და სრულყოფს ბაზარს. განათლებას ახასიათებს დადებითი ექსტერნალიები, რაც იმას გულისხმობს ,რომ ერთი ადამიანის მიერ მიღებული განათლებით იზრდება არა მარტო მისი პირადი შემოსავალი, არამედ მისი გარშემომყოფების შემოსავლებიც. მაგ. განათლებული ფერმერი პირველად თავის სფეროში ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს მაგალითად, მაღალპროდუქტიულ სათესლე ჯიშებს, ახალ სასუქებს , რომლის შესახებ ინფორმაციას იღებენ მისი ნაკლებად განათლებული მეგობრები და მეზობლები, რომლებიც აღნიშულ ინოვაციას საკუთარ ფერმებში ავრცელებენ. [2] შედეგად მივიღებთ, რომ ერთი ადამიანის მიერ მიღებულ სარგებელზე გაცილებით მეტია მისი მთლიანი გარეგანი სარგებელი, რითაც შეიძლება ავხსნათ ის ფაქტი, რომ სახელმწიფოებმა იციან აღნიშნული სარგებლის რეალური შედეგი და სწორედ ამიტომ ერთვებიან ადამიანური კაპიტალის ფორმირებაში სავალდებულო განათლების ფორმით. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა განათლებული ადამიანის რიცხვის ზრდაზე, არამედ განათლების ხარისხის ამაღლებაზე, რაც სწორედ განათლების ეკონომიკის ამოცანას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება რა რაოდენობის სახსრები უნდა გამოყოს ქვეყანამ  განათლებისთვის და რამდენად ეფექტიანად იხარჯება ისინი შესაბამისი მაღალკვალიფიციური კადრების მოსამზადებლად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადამიანური კაპიტალის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი და შესაბამისად ეფექტური განათლების სტიმული არის შრომის ანაზღაურება, რაც იმას ნიშნავს , რომ განათლების  მიღების ძირითადი მოტივი უნდა იყოს მაღალი შრომის ანაზღაურება და არა უმაღლესი განათლების მიღების პრესტიჟულობა. სწორედ ამიტომ ადამიანური კაპიტალიდან მიღებული უკუგების შესაფასებლად იყენებენ ადამიანთა ხელფასის მონაცემებს. უფრო რომ დავაკონკრეტოთ,  თუ ვივარაუდებთ გარკვეული მონაცემებით და დავადგენთ,  რომ კონკრეტული წლის სწავლებიდან , მაგალითად მეშვიდე კლასის სწავლებიდან უკუგება არის 10%, მაშინ  აღნიშნული აღმოჩენა გულისხმობს, რომ თუ შევადარებთ ორ ინდივიდს, რომელთაგან ერთს აქვს შვიდწლიანი განათლება მიღებული, ხოლო მეორეს – ექვს წლიანი, მაშინ უფრი განათლებულ ადამიანს ექნება  მეორეზე 1.10 ჯერ მეტი ხელფასი. [1] ეს რა თქმა უნდა პირობითი მაგალითია, მაგრამ იმის გამო რომ ფიზიკური კაპიტალისგან გასხვავებით ადამიანური კაპიტალის განსაზღვრა საკმაოდ რთული პროცესია, მსგავსი აღმოჩენა ლოგიკურად უკავშირდება განათლების მნიშვნელობას და ცდილობს ამ პრობლემის გადაჭრას. ამგვარად, სახელმწიფომ რეალური მიზნის მისაღწევად, იმისთვის რომ გაადიდოს ქვეყანაში ადამიანურ კაპიტალი, საჭიროა გამოყოს მნიშვნელოვანი რესურსები განათლებასთან დაკავშირებით, ხელი შეუწყოს სტუდენტების გადამზადებასა და გამოცდილების ამაღლებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მოაწესრიგოს შრომის ბაზრის მდგომარეობა, რომ შეიქმნას შესაბამისი შრომითი პირობები კვალიფიკაციის შესაბამისი ადეკვატური ხელფასების დაწესებით, რაც არის აუცილებელი განათლების ხარისხის ამაღლებისთვის. [1] [2]

სახელმწიფო დანახარჯები განათლებასა და ჯანდაცვაზე

ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესებაში, როგორ ჯანმრთელობის დაცვის , ისე განათლების მხრივ არსებითია სახელმწიფოს მიერ გაწეული დანახარჯების როლი. მაგალითად, განათლებასთან დაკავშირებული გამოწვევების თავიდან აცილება მხოლოდ საბაზრო მექანიზმს არ შეუძლია, ამიტომ საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მისი რეგულირება საბაზრო მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ მხრივ გამოირჩევა სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლების  მიღების უზრუნვლელყოფა მოცემული ქვეყნის მოსწავლეებისთვის, რომლის შედეგად ერთნაირი სასტარტო პირობები იქმნება ყველა მათგანისთვის, რაც საფუძველია ქვეყნის მოსახლეობაში განათლების დონის ამაღლების,  რომელიც, თავის მხრივ, ქვეყნის შემდგომი განვითარების მთავარი პრიორიტეტი და ეკონომიკური სისტემის მოდერნიზაციის მნიშვნელოვანი წყაროა. ასევე ჯანდაცვის შემთხვევაშიც დიდი დატვირთვა აქვს სახელმწიფოს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვა შესაბამისი ხარჯების გამოყოფით, მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებლების გაუმჯობესება, რაც დადებითაც აისახება ქვეყნის ადამიანურ კაპიტალსა და ეკონომიკურ განვითარებაზე. სწორედ ამ მიზნით საინტერესოა განვიხილოთ როგორც საქართველოს მთავრობის მიერ განათლებაზე გამოყოფილი რესურსების დინამიკა და დღეს არსებული საგანმანათლებლო სისტემის მდგომარეობა, ასევე ჯანდაცვის დაფინანსება და მისი სტურუქტურა.  [3]

თავდაპირველად განვიხილავ განათლების დაფინანსების დინამიკას შემდეგი გრაფიკის საფუძველზე:

დიაგრამა 1. განათლების დაფინანსება, რაოდენობრივად ( მლნ ლარი) და  პროცენტულად ნაერთ ბიუჯეტთან მიმართებაში (2010-2020 წლები)

წყარო: [ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრეზენტაცია ]

როგორც გრაფიკიდან ვხედავთ, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში განათლების დაფინანსებაზე გაწეული ხარჯების დინამიკა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება და თანხობრივად,  გაზრდილია დაახლოებით სამჯერ, რაც დადებითია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. 2020 წლის მონაცემებით სახელმწიფოს ნაერთი ბიუჯეტიდან განათლების სექტორში დაიხარჯა დაახლოებით 1.9 მლრდ ლარი, რაც წარმოადგენს ბიუჯეტის  მთლიანი გადასახდელების 11.9 %-ს. განათლების სისტემის სტრუქტურაში აღნიშნული თანხის განაწილების საილუსტრაციოდ გამოვიყენებ შემდეგ დიაგრამას:

დიაგრამა 2. განათლებაზე გაწეული ხარჯების სტრუქტურული განაწილება (მლნ ლარი, 2020 წ)

წყარო: [2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრეზენტაცია]

სადაც ვხედავთ, რომ ყველაზე მეტი წილი  49.8 % , რაოდენობრივად 945.8 მლნ ლარი , როგორც აღვნიშნე, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიმართულია ზოგად განათლებაზე, ხოლო – ყველაზე მცირე ხვედრითი წილი პროფესიულ განათლებაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მას ნაკლები მნიშვნელობა აქვს , პირიქით ის ხელს უწყობს მოთხოვნადი  და დეფიციტური პროფესიების შევსებას.  მაგრამ თავდაპირველად ძირითადი დატვირთვა აქვს ზოგად განათლებას, რომელიც არის განათლების სისტემის შემდგომი საფეხურების საფუძველი, მოსახლეობის ზოგადი განათლების განმსაზღვრელი.სწორედ ამიტომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით  მიმდინარეობს ახალ სკოლის მოდელზე გადასვლა, რომელიც ორიენტირებული იქნება სკოლის მართვის ეფექტიანი მიდგომების, სასწავლო გეგმებში ახალი პრინციპების დანერგვასა და განვითარებაზე, ასევე ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე სასწავლო პროცესებში, მასწავლებელთა  შეფასების ეფექტიანი სისტემის შემოღებაზე, რაც პირდაპირ არის კავშირში მიღებული განათლების ხარისხთან. [3]

ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯებიც ასევე მნიშნველოვნად არის გაზრდილი, რაც დღევანდელ რეალობაში კორონა ვირუსის პანდემიის გამო განსაკუთრებით მწვავე საკითხია. ზოგადად, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდა დადებითად აისახება ჯანმრთელობის მაჩვენებლებზე , რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. გრაფიკულად ბოლო ათი წლის მონაცემების დინამიკას აღწერს შემდეგი დიაგრამა:

დიაგრამა 3. ჯანდაცვის დაფინანსების დინამიკა 2010- 2020 წლებში (მლნ ლარი)

წყარო: [2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრეზენტაცია]

მოცემული დიაგრამა ნათლად გვიჩვენებს, რომ ბოლო ცხრა წელში განათლებაზე გაწეული დანახარჯების მსგავსად, ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯებიც დაახლოებით სამჯერ არის გაზრდილი და 2020 წლის მონაცემებით 1.210  მლრდ ლარს შეადგენს. ჯანდაცვის სექტორი მიმართულია ეფექტიანი სისტემის შექმნაზე, რაც აისახება 2020 წლის გეგმით ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო დახმარებისა და სოფლის ექიმის ერთი მენეჯმენტის ქვეშ მოქცევით, რომელიც წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვის ინტერესის სფეროს. ასევე გაიზარდა მათი ხელფასი საშუალოდ 100 ლარით, რაც დადებითი პროცესია ჯანდაცვის სფეროში, თუმცა რეალურად საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ სამედიცინო პერსონალის ფასდაუდებელ შრომას და მათ გაზრდილ ინტენსიურ მუშაობას პანდემიის პირობებში. აღსანიშნავია, რომ  იზრდება საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტურობა,რომელზეც მიმართულია ჯანდაცვის დანახარჯების ყველაზე დიდი წილი- 62.3%, რაც გამოიხატა ჯანდაცვის  ყველა სერვისის განფასებაში. აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის შემდგომ განვითარებას და ეროვნული ადამიანური კაპიტალის გაზრდას. [3]

დასკვნა

ამგვარად, როგორც ვნახეთ, ადამიანური კაპიტალი დღესდღეობით არის ქვეყნის კონკურენტუნარიანობის, მისი ადგილის  განმსაზღვრელი საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში, რადგან ადამიანური კაპიტალი არის წყარო მომავალი მეცნიერების, გამომგონებლების, ინჟინრების, რომლებიც ნერგავენ ახალ იდეებს, ორგანიზაციის ახალ მეთოდებს, ქმნიან ახალ პროდუქტს, ინოვაციებს. ის წარმოადგენს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების უმთავრეს პირობას. ამისთვის კი, პირველ რიგში, მნიშნველოვანია ჯანდაცვის ეფექტიანობა, ხოლო უმთვარესი ფაქტორია არის განათლება, რომელიც თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში ადამიანური კაპიტალის დაგროვებისა და ცოდნის გავრცელების უმნიშვნელოვანესი სფეროა. ამიტომ, სახელმწიფოს როლი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში  განისაზღვრება აღნიშნული სექტორების გაუმჯობესებით, რომლისკენაც მიმართულია ქვეყნების უმრავლესობა და, მათ შორის, საქართველოც.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. [ეკონომიკური ზრდა-მოდული, ბაკალავრიატი,ნ.კაკულია ,მ.ჩიქობავა ]
  2. [ეკონომიკური განვითარება – რ.აბესაძე,2018,თსუ]
  3. [2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრეზენტაცია]