ეკოლოგია და ეკონომიკური განვითარება
ავტორის სტილი დაცულია
ლიკა სარაჯიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის III კურსის სტუდენტი
Lika.sarajishvili106@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
სიტყვა ,,ეკოლოგია“ ბერძნული წარმოშობისაა. პირველად ის 1866 წელს გამოიყენა გერმალემა ზოოლოგმა, ერნსტ ჰეკელმა. თავისი არსით ის გულისხმობს ცოცხალი ორგანიზმებისა და მათი ბუნებასთან დამოკიდებულების შესწავლას. თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით, ეკოლოგიური ფაქტორის ქვეშ იგულისხმება იმ გავლენის აღწერა, რომელიც ახლავს რაციონალური ბუნებათსარგებლობისა და გარემო ბუნების დაცვის მოთხოვნებს. ნაშრომში განვიხილავ ეკოლოგიისა და ეკონომიკის კავშირს. ასევე იმას, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია ამ უკანასკნელს ეკონომიკაზე და რა როლი აქვს ამ ყველაფერში სახელმწიფოს. დასასრულს კი ვისაუბრებ საქართველოს მაგალითზე და ყურადღებას გავამახვილებ საქართველოს მდგომარეობაზე ეკოლოგიური კუთხით.
Annotation
The word “ecology” is of Greek origin. It was first used in 1866 by the German zoologist Ernst Haeckel. By its very nature it involves the study of living organisms and their relationship to nature. From an economic point of view, however, the ecological factor refers to the description of the impact that accompanies the requirements of rational nature use and environmental protection. In the paper I discuss the connection between ecology and economics. As well as what impact the latter can have on the economy and what role the state has in all this. In the end, I will talk about the example of Georgia and focus on the ecological situation in Georgia.
რა არის ეკოლოგია?
სიტყვა ,,ეკოლოგია“ პირველად გამოიყენა გერმანელმა ზოოლოგმა ერნსტ ჰეკელმა 1866 წელს. თუმცა ის ბერძნული წარმოშობისაა და აღწერს ბიოლოგიის იმ ნაწილს, რომელიც შეისწავლის ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ დამოკიდებულებას ბუნებასთან.
ეკოლოგიის დისციპლინის ფარგლებში მკვლევარები ძირითადად ხუთ ვრცელ დონეზე მუშაობენ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია სხვადასხვაგვარი წარმოდგენის შექმნა იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ორგანიზმები გარემოსა და ერთმანეთთან. ეს დონეებია:
- ორგანიზმი – აქ შეისწავლება ის სასარგებლო ნიშან-თვისებები, ადაპტაციები , რომლებიც ჩნდება ბუნებრივი გადარჩევისას და ორგანიზმებს ცალკეულ ჰაბიტატში ცხოვრების საშუალებას აძლევს;
- პოპულაცია – აქ ერთიანდება ერთი და იგივე სახეობის ორგანიზმები. პოპულაციური ეკოლოგები ყურადღებას ამახვილებენ და შეისწავლიან პოპულაციათა ზომას, სტრუქტურას, ცვლილებასა და ა.შ;
- თანასაზოგადოება – ეს არის პოპულაციათა გაერთიანება. თანასაზოგადოებრივი ეკოლოგებისათვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პოპულაციებს შორის არსებული ურთიერთკავშირი;
- ეკოსისტემა – ყველა ორგანიზმის, თანასაზოგადოების გაერთიანება. ეკოსისტემის ეკოლოგები აქ ყურადღებას ამახვილებენ ენერგიის ნაკადსა და საკვები ნივთიერებების რეცირკულაციაზე;
- ბიოსფერო – რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ეს არის პლანეტა დედამიწა, რომელსაც განვიხილავთ როგორც ეკოლოგიურ ეკოსისტემას. ამ დონეზე ეკოლოგების მიერ შეისწავლება გლობალური კანონზომიერები (სახეობათა განაწილება, კლიმატის ცვლილება და ა.შ). [1] [2]
ეკოლოგიური ფაქტორი და მისი გავლენა ეკონომიკაზე
ზემოთ ვისაუბრე უშუალოდ ეკოლოგიის განმარტებასა და არსზე, თუმცა რა საკვირველია ეკონომიკაში ეს ტერმინი ზუსტად ამ მნიშვნელობით არ უნდა იქნეს გაგებული. ეკონომიკური განვითარების ეკოლოგიური ფაქტორი გულისხმობს იმ გავლენის აღწერასა და გამოხატვას, რომელიც ახლავს რაციონალური ბუნებათსარგებლობისა და გარემო ბუნების დაცვის მოთხოვნებს. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ეკონომიკის მონაწილეებსა და ზოგადად ეკონომიკის მდგომარეობაზე. მარტივად რომ ითქვას, ეკოლოგიური ფაქტორის გათვალისწინებით ხდება ეკონომიკის ახალ მდგომარეობაში გადასვლა, რასაც თან ახლავს თვისებრივი ცვლილებები მის ელემენტებსა და საკუთრების ფორმებში. [1]
გარდა იმისა რომ ეკოლოგიური ფაქტორის ზემოქმედებით ხდება ეკონომიკაში შემავალი ელემენტების თვისებრივი ცვლილება და ახალ მდგომარეობაში გადასვლა, მნიშვნელოვან ზემოქმედებას განიცდის : ეკონომიკის სტრუქტურა, პროდუქტის ხარისხი, ფიზიკური და ადამიანური კაპიტალი, იცვლება რესურსებისა და სიმძლავრეების განაწილება და სხვა. [1]
ეკოლოგიური ფაქტორი შეიძლება იყოს მიზეზი ეკონომიკური ზრდის, როგორც შენელების, ასევე დაჩქარებისა. ვინაიდან ეკოლოგიური ფაქტორის გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს გარემოს დაცვასა და მასზე ზრუნვას, ეს უკანასკნელი კი დამატებით ხარჯებს მოითხოვს , შეიძლება ეკოლოგიური ფაქტორის ზეგავლენა გამოიხატოს ეკონომიკის ზრდის შენელებაში. მეორე მხრივ ბუნების დაცვა დამატებითი დარგების (ბუნებისდაცვითი მოთხოვნების შესასრულებლად) ჩამოყალიბების საფუძველია, ეკოლოგიურ პროდუქტებზე კი მოთხოვნა სულ უფრო მეტად იზრდება. შესაბამისად ყოველივე ეს ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს და უქმნის მას შესაბამის პირობებს.
სინამდვილეში ეკონომიკის ზრდაზე შენელების ეფექტი ვლინდება ბუნებისდაცვითი მოთხოვნილებების შესრულების თავდაპირველ ეტაპზე, თანდათან კი ეს ეფექტი იკლებს და ეკონომიკის ზრდაც დაჩქარებას იწყებს. ფაქტობრივად ეს არის ერთგვარი ,,ხარჯი“, რომელიც უნდა იქნეს გაღებული სამომავლო სასურველი შედეგების მისაღწევად, რაც ეკონომიკის განვითარების დაჩქარებასა და გარემოს დაცვის ხარისხობრივად მაღალ დონეს გულისხმობს.
ეკოლოგიური ფაქტორის მნიშვნელობისა და როლის უკეთ გასაგებად შეიძლება ვახსენო მდგრადი განვითარება, რომელსაც ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. მდგრადი განვითარება გულისხმობს ახლანდელი თაობის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას, მომავალი თაობების არსებობისათვის ზიანის მიყენების გარეშე. ამ უკანასკნელის განხორციელება კი შეუძლებელი იქნება თუ არ მიიღწევა საზოგადოებასა და ბუნებას შორის ენერგიისა და ნივთიერებათა რაციონალური გაცვლა. ფაქტობრივად მე ვსაუბრობ კოევოლუციის ამოცანაზე, რომელიც ბოლო დროის ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი და ამოცანაა და გულისხმობს საზოგადოებისა და ბუნების განვითარებას, უფრო კონკრეტულად -ადამიანთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ბუნების თვითაღდგენისა და აღწარმოების მკაცრი კანონზომიერების გათვალისწინებით. ყოველივე განხილული ხაზს უსვამს ეკოლოგიური ფაქტორის როლსა და მნიშვნელობას ეკონომიკის განვითარებისათვის. [1]
სახელმწიფოს როლი ეკოლოგიური ფაქტორის გათვალისწინებაში
სუფთა გარემოში ცხოვრება თითოეული ჩვენგანის უფლებაა, გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა კი – ვალდებულება. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ამ საკითხს სრული პასუხისმგებლობით არ ვეკიდებით და არ ვფიქრობთ შესაძლო შედეგებზე? სწორედ ასეთ შემთხვევაში იზრდება და დიდ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოს როლი. სამწუხარო რეალობაა ხშირ შემთხვევაში ის, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ სუბიექტს არ სურს მიყენებული ზარალის შემცირება/ანაზღაურება, თუ ეს ზარალი უშუალოდ მასზე არ ახდენს გავლენას. ამ დროს საჭიროა გარკვეული კანონებისა და წესების არსებობა, რომელიც დაავალდებულებს თითოეულ ადამიანსა თუ კომპანიას, რომ იზრუნოს გარემოზე და მაქსიმალურად შეამციროს გარემოსადმი მიყენებული ზიანის სიდიდე, ან მოახდინოს ამ უკანასკნელის კომპენსაცია.
როგორც უკვე ვახსენე, არის შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის საწარმო უშუალოდ განიცდის უარყოფით ზემოქმედებას (მაგ: დასაქმებულ მუშაკთა ავადმყოფობის ზრდა, კადრების დენადობა და სხვა) მანამდე გარემოსადმი მიყენებული ზიანის შედეგად, რაც საბოლოოდ იმდენად ზრდის ფირმის დანახარჯებს და ამცირებს წარმოებული პროდუქციისა თუ მომსახურების კონკურენტუნარიანობას, რომ ეს უკანასკნელი იძულებული ხდება გაითვალისწინოს გარემო და უპასუხოს ბუნებისდაცვით მოთხოვნებს.
განსხვავებით ამ შემთხვევისგან , თუ ფირმა უშუალოდ არ განიცდის ზარალს ბუნებისადმი მიყენებული ზიანის გამო, საჭირო ხდება სახელმწიფოს ჩარევა და მეწარმის იძულება, შეამციროს ზარალის მიყენება გარემოსა და სხვა ობიექტებისათვის.
გარდა ზემოთქმულისა, სახელმწიფოს როლი აღნიშნულ საკითხებში ასევე მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ როგორც წესი ზარალის სრულად თავიდან აცილება ცალკეულ საწარმოთა დონეზე შეუძლებელია. აქ კი გამოსავალია სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ხარჯების გაღება და საჭირო გარემოსდაცვითი ღონისძიებების (ნებისმიერი სამეურნეო საქმიანობის სახე, რომელიც მიზნად ისახავს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას) გატარება. ასეთ დროს შეიძლება ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები: საწარმოებისა და სატრანსპორტო სისტემების ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით განლაგება, უნარჩენო ტექნოლოგიური პროცესების განვითარება, ფლორისა და ფაუნის დაცვა, მინერალური რესურსების რაციონალური გამოყენება და ა.შ.
გარემოს დაცვა – წარმატებული ბიზნესის საფუძველი
ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის წარმართვას ახლავს სხვადასხვა დადებითი შედეგები, რაც კარგია როგორც ბუნებისათვის, ასევე ეკონომიკისა და მისი განვითარებისათვის. გარდა ამისა იქმნება წინნაპირობა ისეთი გარემოს შექმნისათვის, რომელიც თავის მხრივ ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესის შემდგომ განვითარებას.
შეიძლება გამოიყოს რამდენიმე მიზეზი, რაც დაგვარწმუნებს რომ გარემოზე ზრუნვა კომპანიების მხრიდან მათივე საქმიანობის წარმატების საფუძველია:
- ხარჯების შემცირება – მართალია რომ ბიზნესის ,,გამწვანება“ დასაწყისში დაკავშირებულია ხარჯების ზრდასთან, თუმცა შემდგომში კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა დაზოგოს ფული. მაგალითისთვის მზის ენერგიაზე გადასვლა დასაწყისში საკმაო თანხის ინვესტირებასთანაა დაკავშირებული, თუმცა მისი გამოყენებით საშუალო კომერციული ქონების მფლობელს შეუძლია თვეში 500$-ის დაზოგვა ელექტროენერგიაზე; [3]
- ახალი მომხმარებლები – დასაწყისშიც ვახსენე, რომ ეკოლოგიურ პროდუქტებზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ეკოლოგიური პროდუქციის წარმოებით კომპანიას შეუძლია კონკურენტუნარიანობის ამაღლება. ე.ი მას შეუძლია მეტად მიმზიდველი გახადოს წარმოებული პროდუქცია და მოიზიდოს ახალი მომხმარებლები;
- რეპუტაციის ამაღლება – ზოგადად კომპანიის საქმიანობის წარმატებასა და სამომავლო მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს მისივე რეპუტაცია. მნიშვნელოვანია როგორი იმიჯი დაიმკვიდრა კომპანიამ საზოგადოებაში და როგორ აღიქვამს მას მომხმარებელი. გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინება კი ხელს უწყობს კომპანიის რეპუტაციის ამაღლებას. ამის მაგალითია კომპანია Lego, რომელიც მსოფლიოს ყველაზე რეპუტაციულ კომპანიებში (The World’s Most Reputable Companies For Corporate Responsibility 2018) მოხვდა მესამე ადგილზე მას შემდეგ, რაც მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ წარმოებაში გამოეყენებინა მცენარეული რესურსები. [4]
- კონკურენტული უპირატესობის უზრუნველყოფა – ცნობილია რომ კორპორაციები რომლებიც მხედველობაში იღებენ მდგრად განვითარებასა და თავის მხრივ ბუნებისდაცვით მოთხოვნებს, აქვთ 18%-ით მაღალი ინვესტიციების დაბრუნების (ROI- Return on investment) მაჩვენებელი, ვინაიდან მათ შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი ქცევები ბიზნეს კლიმატის ცვლილების შესაბამისად. ეს უკანასკნელი იძლევა საფუძველს ფინანსების უკეთ მართვის, რაც შესაბამისად კონკურენტუნარიანობის ამაღლებასაც უწყობს ხელს და ა.შ. [5]
გარემოსდაცვითი პრობლემები და მისი გამოწვევები საქართველოში
2020 წლის ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსის (EPI – Environmental Performance Index) მიხედვით კვლევის მონაწილე 180 ქვეყანას შორის საქართველო 102-ე ადგილს (ცხრილი 1) იკავებს, რაც წინა წლების საფუძველზე მდგომარეობის გაუარესებაზე მიგვანიშნებს.
ცხრილი 1: EPI ინდექსის შედეგები, 2020 წელი.
რეიტინგი | ქვეყანა | EPI ინდექსის ქულა | 10 წლიანი ცვლილება |
99 | თურქეთი | 42.6 | 2.1 |
100 | მაროკო | 42.3 | 13.3 |
101 | ბელიზი | 41.9 | -2 |
102 | საქართველო | 41.3 | -1.3 |
103 | ბოტსვანა | 40.4 | -1.1 |
104 | ნამიბია | 40.2 | 9.1 |
წყარო: https://epi.yale.edu/epi-results/2020/component/epi
2019 წლის საზოგადოებრივი მომსახურებებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევის მიხევდით, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რესპოდენტები ქალაქში უფრო მეტად მიუთითებენ და საუბრობენ ეკოლოგიურ პრობლემებზე, ვიდრე სოფელში. კერძოდ ჰაერის (63% ქალაქში, ხოლო 18% სოფელში), მიწის (47% ქალაქში, 14% სოფელში), და ბუნებრივი რეზერვუარების (44% ქალაქში, 21% სოფელში) დაბინძურებაზე. აღნიშნულ პრობლემებზე მაღალმთიან რეგიონებში კიდევ უფრო ცოტა რესპოდენტი მიუთითებს ( ჰაერი – 10%, მიწა – 10%, ბუნებრივი წყლის რეზერვუარი – 10%). მონაცემებიდანაც ჩანს რომ ეკოლოგიური პრობლემები ყველაზე მეტად თბილისში შეინიშნება. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ წინა წლებთან შედარებით ახლა უფრო მეტი რესპოდენტი (28%) მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან გატარებულ ღონისძიებებსა და დახმარებებზე გარემოსადმი მიყენებული ზიანის შესამცირებლად.
ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ის ფაქტი რომ დღეს საქართველოში არ არის ბევრი ინდუსტრიული საწარმო, გარკვეულწილად გვაძლევს გარემოსადმი ზიანის მიყენების შედარებით დაბალ მაჩვენებელს, თუმცა სახარბიელო მდგომარეობა ამ კუთხით მაინც არ გვაქვს. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ყოველი ახალი საწარმო მოვარგოთ ბუნებისდაცვცით მოთხოვნებს ფუნქციონირების დაწყების პირველივე ეტაპიდან, რაც სამომავლოდ უკეთესი შედეგების მიღებაში დაგვეხმარება და შედარებით ნაკლები ეკოლოგიური პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით.
ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ხშირად მოისმენთ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეკონომიკის განვითარებისათვის საჭიროა გარკვეულ დათმობებზე წასვლა, ამ უკანასკნელში კი როგორც წესი გარემოსადმი ზიანის მიყენების უგულებელყოფა მოიაზრება. ფაქტობრივად ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით გარემოს დაბინძურება მიზანშეწონილია, თუ გვსურს ეკონომიკური ზრდისა და განვითარების დაჩქარება.
როგორც უკვე აღვნიშნე, ეკოლოგიური ფაქტორის გათვალისწინება საწყის ეტაპზე იწვევს დანახარჯების ზრდას და რიგ შემთხვევებში ეკონომიკური ზრდის შენელებასაც, რის გამოც ჩნდება სწორედ ზემოხსენებული მოსაზრება. თუმცა მარტივი შედარება ხაზს გაუსვამს იმას, რომ ეს მოსაზრება არასწორია.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარების სანაცვლოდ ბუნებისდაცვით მოთხოვნების უგულებელყოფაზე, უნდა ვიაზრდებდეთ რომ ასევე საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ადამიანთა, თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას. განსაკუთრებით კი საქართველოში, სადაც ეს პრობლემა საკმაოდ მძიმედ დგას.
2019 წლის დეკემბერში GAHP-ის (გლობალური ალიანსი ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ) გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ევროპის რეგიონში გარემო ფაქტორებიდან ადამიანთა ჯანმრთელობას სწორედ ჰაერის დაბინძურება უქმნის საფრთხეს.
დიაგრამა 1: სიკვდილიანობა ევროპის რეგიონში გარემო ფაქტორების მიხედვით, 2019
100 000 მოსახლეზე დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით კი ევროპის რეგიონში საქართველო მეორე ადგილს იკავებს.
დიაგრამა2: 100 000 მოსახლეზე დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა ევროპის რეგიონში
ქვეყანა | სიხშირე |
სერბეთი | 175 |
საქართველო | 140 |
ბულგარეთი | 137 |
უკრაინა | 128 |
ბოსნია და ჰერცეგოვინა | 125 |
სომხეთი | 114 |
ხორვატია | 108 |
რუმინეთი | 106 |
ბელარუსი | 105 |
უნგრეთი | 105 |
შესაბამისად ზემოთ თქმული მოსაზრება, რომ ეკონომიკური განვითარებისათვის საჭიროა ბუნებისდაცვითი მოთხოვნების უგულებელყოფა, თავისთავად უნდა აღიქმებოდეს შემდეგნაირად, რომ ეკონომიკის განვითარებისათვის საჭიროა ადამიანთა ჯანმრთელობის უგულებელყოფა, რაც მოკლებულია ყველანაირ ლოგიკასა და საღ აზრს. საჭიროა ეკონომიკური საქმიანობისა და ბუნებისდაცვითი მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა. ამ მხრივ კი, როგორც უკვე ვახსენე, სახელმწიფოს მიუძღვის დიდი როლი.
ვინაიდან და რადგანაც არცერთი ინვესტორის ინტერესებში არ შედის ის, რომ გაითვალისწინოს ბუნებისდაცვითი მოთხოვნები და გაიღოს ამისთვის დამატებითი ხარჯები, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გონივრული საკანონმდებლო რეგულაციების გატარება გარემოს დაცვისა და ინვესტორების , მეწარმეების წასახალისებლად. უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული ეკოლოგიური სტანდარტები და მხოლოდ მას შემდეგ მიეცეს ამა თუ იმ საწარმოს წარმოების უფლება, როდესაც ამ სტანდარტებს მოერგება და დააკმაყოფილებს მას.
მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფომ დიდი ყურადღება გამოიჩინოს საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებისას, ვინაიდან ეს უკანასკნელი, არასწორად შემუშავებული, ვერ გამოიღებს ვერანაირ შედეგს. ამის მაგალითია ევრორეგულაციების შესაბამისად პოლიეთილენის შესაფუთი მასალების სტანდარტების შემოღება, რომელიც საკმაოდ სწრაფად დაინერგა, წინასწარი ანალიზისა და სწორი გათვლების გარეშე. რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა ის, რომ კერძო სექტორი ამ რეგულაციებს მოუმზადებელი შეხვდა და ის პრაქტიკაში ვერ განხორციელდა.
საბოლოოდ, საქართველოს მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მიღწევა ეკოლოგიური პრობლემების გარეშე საკმაოდ რთული ამოცანაა. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ასეთი პატარა ქვეყნისათვის რთულია იმ დამატებითი ხარჯებისა და რესურსების გაღება, რაც საჭიროა ბუნებისდაცვითი მოთხოვნების შესასრულებლად. თუმცა რეალობა შემდეგია, ყოვლად დაუშვებელია ეს უკანასკნელი უგულებელვყოთ და საფრთხისქვეშ დავაყენოთ ადამიანთა ჯანმრთელობა. ამ მხრივ სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს დიდი ყურადღება და შესაბამისი პოლიტიკითა და ღონისძიებებით ნელ-ნელა გამოასწოროს არსებული სიტუაცია და შეცვალოს ის უკეთესობისაკენ.
დასკვნა
ზემოთ განხილული თემების შემდეგ პირველი დასკვნა, რაც შეიძლება ჩამოვაყალიბო არის ის, რომ ეკოლოგიასა და ეკონომიკას, განსაკუთრებით კი ეკონომიკის განვითარებას შორის მჭიდრო კავშირია. ეკოლოგიურ პრობლემებს უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაზე, თავის მხრივ ეკონომიკის წარმართვას ბუნებისდაცვითი მოთხოვნების გათვალისწინებით/არგათვალისწინებით ასევე დიდად შეუძლია არსებული გარემოს შეცვლა. ერთი შეხედვით არჩევანის წინაშე ვდგავართ: გარემოს დაცვა თუ ეკონომიკის განვითარება? მაგრამ რეალობა ასეთია. რომელიმე მათგანის არჩევა, ე.ი თავისთავად რომელიმე მათგანის უგულებელყოფა, ნებისმიერ შემთხვევაში დასრულდება არასასურველი შედეგებით. თუ ერთი მხრივ ვფიქრობთ რომ გარემოს დაცვითი საკითხების გათვალისწინება დამატებითი ხარჯია და ეკონომიკის განვითარებას ანელებს, მეორე მხრივ მისი საერთოდ არ გათვალისწინება ეკონომიკას მთლიანად მოშლის დროთა განმავლობაში. გარემოსადმი ცუდი მოპყრობა საბოლოოდ შეამცირებს იმ რესურსებს, რომელიც საჭიროა წარმოებისა და ეკონომიკისათვის, საფრთხეს შეუქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას და ა.შ, რაც ნამდვილად უარესია, ვიდრე უბრალოდ ეკონომიკის განვითარების შენელება ზოგ შემთხვევაში.
ასევე უნდა ითქვას ის, რომ ეკონომიკის შენელება როგორც წესი საწყისი ეტაპის თანმდევი ეფექტია, შემდგომში კი ბუნებისდაცვითი მოთხოვნების გათვალისწინება და გარემოსადმი მიყენებული წიანის შემცირება იწვევს ეკონომიკის ზრდისა და განვითარების დაჩქარებას და რა თქმა უნდა, გარემოპირობებისა და ადამიანთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. შესაბამისად ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი დადებითი შედეგი უნდა იყოს სტიმული და მოტივაცია იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანმა უფრო დიდი ყურადღება დაუთმოს ეკოლოგიურ საკითხებს, როგორც ეკონომიკური საქმიანობისას, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ნაშრომში ასევე განვიხილე გარემოსდაცვითი მოთხოვნების დადებითი შედეგები კომპანიებისათვის. იქიდან გამომდინარე რომ ამ უკანასკნელის გათვალისწინებას შეუძლია მომავალში ფირმების ხარჯების შემცირება, მათი რეპუტაციისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება და სხვა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ აღნიშნული გზით ბევრად უფრო კარგი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი, ვიდრე გარემოსადმი ზიანის მიყენების უგულებელყოფით.
ასევე განვიხილე საქართველოს შემთხვეა. ვნახეთ რომ საქართველოში ამ კუთხით ნამდვილად არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა, ვინაიდან 100 000 მოსახლეზე დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით ევროპის რეგიონში საქართველო მეორე ადგილს იკავებს, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ საჭიროა უფრო მეტი ყურადღების დათმობა ბუნებისდაცვითი მოთხოვნებისათვის და ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისად წარმართვა. ასევე სახელმწიფოს მხრიდან მეტი მობილიზება და საჭირო რეგულაციების გატარება.
დასასრულს შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ სუფთა გარემოში ცხოვრება თითოეული ჩვენგანის უფლებაა, გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა კი – ვალდებულება. მნიშვნელოვანია ამ უკანასკნელის არსი ყველასათვის გასაგები იყოს და დროთა განმავლობაში ეკონომიკის ზრდისა და დაჩქარებასაც თავისთავად შევძლებთ.
გამოყენებული ლიტერატურა :
- რ.აბესაძე ,,ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური რეგრესი. თბ., ‘‘თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა“, 2015;
- (რა არის ეკოლოგია? ) – https://ka.khanacademy.org/science/biology/ecology/intro-to-ecology/a/what-is-ecology
- ,,Solar panels for businesses: does commercial solar make sense?” – https://news.energysage.com/commercial-solar-benefits-for-business/
- ,,The World’s Most Reputable Companies For Corporate Responsibility 2018”, By Vicky Valet – https://www.forbes.com/sites/vickyvalet/2018/10/11/the-worlds-most-reputable-companies-for-corporate-responsibility-2018/?sh=3455d91c3371
- ,,Sustainable corporations perform better financially, report finds“ – https://www.theguardian.com/sustainable-business/2014/sep/23/business-companies-profit-cdp-report-climate-change-sustainability