რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე – მოლოდინები და რეალობა

ავტორის სტილი დაცულია
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტები

თემურ თუთარაშვილი
t1tutarashvili@gmail. com
მარიამ ბასიაშვილი
mariambasiashvili2003@gmail. com

რეზიუმე

როგორც მოგვეხსენება, ერთი წლის წინ რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო იერიში მიიტანა უკრაინაზე და მოწმე გავხდით 21-ე საუკუნის, ალბათ, ყველაზე სასტიკი ომის.  ყველასათვის ცნობილია ჩვენი ეკონომიკური კავშირები რუსეთ-უკრაინასთან, აღნიშნულიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენთვის მეტად ახლო, მტკივნეული და სახიფათოა, არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ჩვენი ისტორიული, ემოციური თუ ფსიქოლოგიური კავშირების გამო როგორც ერთ, ისე მეორე სახელმწიფოსთან.

ომის დაწყებისთანავე მრავალი მკვლევარი, მეცნიერი, პროფესორი აქვეყნებდა სტატიებსა და პუბლიკაციებს იმის შესახებ თუ რა შესაძლო ზიანის მომტანი იქნებოდა რუსეთ-უკრაინის ომი ჩვენი ეკონომიკისთვის. სტატიაში განვიხილავთ გასულ წელს გამოთქმულ ვარაუდებსა და დღევანდელობას შორის სხვაობას. გამართლდა თუ არა მეცნიერთა ჰიპოთეზები, გვქონდა თუ არა ის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები რომლებზე დაყრდნობითაც მანიპულირებდნენ საზოგადოებაზე მთელი წლის მანძილზე. გვაქვს თუ არა რეალურად იმგვარი სტატუს კვო საქართველოში, როგორიც შარშან ომის დაწყებისას ივარაუდა მრავალმა.

Abstract

As we know a year ago Russia started a large-scale military attack on Ukraine and we became witnesses of the most brutal war of the 21th century. As we all are aware of our close economic relations with Russia and Ukraine, it’s clear that compared to other countries this war is more close, painful and dangerous for us not only from the economic point of view, but also because of our historical, emotional and psychological ties with both states.

At the beginning of the war lots of researchers, scientists, professors started publishing articles and publications about the possible damages for our economics caused by Russia-Ukraine war. In the following article we will discuss the difference between the assumptions and the reality, whether the scientists’ hypotheses were justified or not, moreover whether we have those Macroeconomic indicators that were used in order to manipulate society during the whole year and lastly whether we have the status quo that were supposed to be a year ago at the beginning of the war.

ომის დასაწყისში მეცნიერები გამოთქვამდნენ თავიანთ ვარაუდებსა და პროგნოზებს ომის მიმდინარეობისას და მისი დამთავრების შემდგომ ქართული ეკონომიკის ბედზე.  ზოგიერთი ნამდვილად განცხადდა ჩვენს რეალობაში,  ზოგი კი უბრალოდ გააბათილა ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკურმა მაჩვენებლებმა.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა გარკევული ნაწილი ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებულ ნაბიჯებს ელოდა, ისინი ფიქრობდნენ რომ საქართველო სრულად თუ არა უმეტეს წილად მაინც გაწყვეტდა სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან, შეაჩერებდა ექსპორტს და სრულყოფილად შეუერთდებოდა სანქციების პაკეტს. სწორედ ამ ვარაუდზე დაყრდნობით იწერებოდა უამრავი სტატია თუ ნაშრომი. როგორც მოგეხსენებათ, ეს ასე არ მოხდა და გაკეთებული პროგნოზი მრავალ კომპონენტთან მიმართებით არ გამართლდა. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ამის გახლავთ ფორბსის 7 მარტს გამოქვეყნებული სტატია იმის შესახებ რომ წელს ჩვენს ქვეყანას 2-3%-იანი ეკონომიკური კლება უნდა ჰქონოდა, როგორც ეს 2015-2016 წლებში მოხდა. ჩვენი ეკონომიკური ზრდა კი როგორც ამას განუწყვეტლივ ვისმენთ ტელევიზიით გახლავთ ორნიშნა უფრო კონკრეტულად კი 10.5% (წყარო:საქსტატი). რამდენად აისახა ციფრი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ეს ცალკე მსჯელობის საგანია თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება. [1]

თვეების მანძილზე საზოგადოებას აფრთხობდა ჩვენი ენერგომომარაგების საკითხი, პოლიტიკოსებისთვის საზოგადოებაზე მანიპულაციის მთავარ იარაღს სწორედაც ენერგოსაკითხები წარმოდგენდა. სამწუხაროდ, როგორც თითქმის ყველას სხვა მოვლენისას, ახლაც მსჯელობა დოკუმენტაციის, არგუმენტების, ისტორიულ-მეცნიერული თვალთახედვის გარეშე მიმდინარეობდა. პოლიტიკოსები თუ ექსპერტები მოსახლეობას ჰიპოთეტურად, პოპულიზმის ენით ესაუბრებოდნენ. მთავარი კი ყველას გამორჩა, ხაზგასმით აღსანიშნავი, რომ საქართველო რუსეთზე ენერგეტიკულად დამოკიდებული არ არის. ამის დასტურის მოძებნა მარტივად შეიძლება ნებისმიერ სახელმწიფო ვებ-გვერდის არქივებსა თუ მონაცემთა ბაზებში. დამოკიდებული არ ვართ არც ელექტორენერგიის და არც ბუნებრივი აირის ნაწილში.

საქართველოში ელექტორენერგიაზე მოთხოვნის უდიდეს ნაწილს თავად  იკმაყოფილებს ჰიდრო და თბოელექტრო სადგურებით. სეზონურობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, განსხვავებულია პროცენტრული მაჩვენებელი, ივლის-აგვისტოს შუალედში 98%-ზე მეტი , ხოლო დეკემბერ-თებერვლის შუალედში 46-53%. ჩვენ გვაქვს ტრანსსასაზღვრო ურთიერთობები თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, მათ შორის რუსეთთან. ელექტროენერგიის იმპორტი ყოველთვიურად, როდესაც ამის საჭიროებაა, მიმდინარეობს იმ მეზობელი სახელმწიფოდან, რომელიც უფრო დაბალ ფასს შემოგვთავაზებს.  2021 წელს იმპორტთან ერთად საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა მაის-ივლისში.  [2]

გასაბათილებელია მოსაზრება, თითქოს საქართველო კრიტიკულადაა დამოკიდებული  ბუნებრივი აირით  რუსეთზე, რადგან 90%-ზე მეტი ბუნებრივი აირისა ჩვენს ქვეყანაში აზერბაიჯანიდან შემოდის, მხოლოდ მცირე ნაწილის იმპორტი ხორციელდება რუსეთის ფედერაციიდან. ეს გარკვეულწილად გაზსადენის წნევების რეგულიირებისთვის საჭირო ტექნიკური ინსტრუმენტია.

ამდენად კიდევ ერთი მუქარა თუ შანტაჟი, ქართველი თუ არაქართველი ექსპერტებისა რომ ჩვენ დავრჩებოდით სინათლისა და ბუნებრივი აირის გარეშე იმთავითვე მოკლებული გახლდათ მეცნიერულ თუ დოკუმენტურ საფუძვლებს.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ენერგო საკითებისა თუ პროდუქტებზე ფასებისა და საბაზრო კონიუქტურის ცვლილება არ კმარა ამ საკითხის სრულად დაფარვისათვის. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ერთი მხრივ იაფი ფასის გამო, მეორე მხრივ კი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით რუსეთ-უკრაინიდან შემოტანილი ფიზიკური კაპიტალის დახმარებით ხდებოდა, ეჭვქვეშ დადგა და ნამდვილად დიდ დაბრკოლებებს წააწყდა. საჭირო გახდა სხვა მომწოდებლების მოძიება ან არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალ პირობებზე შეთანხმება. სწორედ ამიტომ, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 27 აპრილს გამოსცა №753 განკარგულება – „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“.  განკარგულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებული/გასაფორმებელი ხელშეკრულებების ფარგლებში, დასაშვები ხდება თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების ცვლილება და სახელშეკრულებო ფასის კორექტირება.  სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ცვლილების დაანგარიშება, საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ დადგენილ სამშენებლო მასალების ფასების ინდექსს დაეფუძნება. [3]

ყველა ზემოთ განხილულ საკითხთან ერთად ერთობ მნიშვნელოვანია უშუალოდ საქონლის ექსპორტ-იმპორტის კოეფიციენტების გაანალიზება.

2022 წელს უკრაინიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 274, 890. 1 ათასი ა.შ.შ.  დოლარი შეადგინა,  რაც 39%-ით ნაკლებია 2021 წლის იმპორტის მოცულობასთან და 2005 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებლად ითვლება.  [4]

რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულება, 1, 835, 412. 4 ათასი დოლარი გახლავთ, რაც ისტორიული მაქსიმუმია.  2021 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით კი 79, 4%-ითაა გაზრდილი.  ამ მონაცემებზე დაკვირვებით ნათლად ჩანს,  რომ ომმა საქართველო უფრო მეტად გახადა რუსეთზე დამოკიდებული,  რაც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არასახარბიელოა და გარკვეულ სიტუაციებში შესაძლოა ფატალური შედეგის მომტანიც აღმოჩნდეს. [4]

ახლა ვისაუბროთ ექსპორტის მაჩვენებლების ცვლილებაზე.  განსხვავებით იმპორტისა,  აქ ასეთი კოლოსალური რყევები არ შეინიშნება.  რუსეთში ექსპორტი 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 6, 8%-ით გაიზარდა ეს კი 2021 წლის ზრდის ტემპზე 38, 3% გაცილებით ნაკლებია,  მაგრამ, მიუხედავად პოლიტიკურ-ეკონომიკურ ამინდში ამხელა ცვლილებისა, რიცხვობრივი მაჩვენებლები მაინც გაზრდილია.  თუმცა რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულება იმდენად დიდია,  რომ ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბალანსი მაინც უარყოფითია. [5]

უკრაინასთან ექსპორტს რაც შეეხება,  24%-ითაა შემცირებული,  მაგრამ ბოლო წლებში პანდემიის გამო იმდენად არასტაბილური სიტუაცია იყო,  რომ ძნელია გარკვეული ტენდენციის გამოვლენა.  აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი: თვით 2020 წელს,  როდესაც ეკონომიკა პანდემიის პირველ დარტყმებს იღებდა,  უკრაინასთან ექსპორტი მხოლოდ 13%-ით შემცირდა. გასული ორი-სამი წლის ნატურალურ მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, 2022-ის ექსპორტი შემცირებულია,  მაგრამ უფრო ადრეულ მონაცემებთან შედარებით არსებითად გადახრილი არაა. [5]

მიუხედავად ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდისა,  რომ საქართველოში დიდი რაოდენობით რუსი და უკრაინელი მოქალაქეების შემოსვლა  და ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდა ლარის რეალურ სავალუტო კურსს გაზრდიდა,  ძნელია ვივარაუდოთ უკანასკნელი კონკრეტულად რითია გამოწვეული.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ,  ვნახავთ,  რომ ლარის კურსი 2021 წლის პირველი კვარტლიდან,  ესე იგი იმიგრაციის დაწყებამდეც,   არათანაბრად,  ხშირი ჩავარდნებით,  მაგრამ მაინც იზრდებოდა დოლარისა და ევროს მიმართ.  იხ.  ცხრილი 1

ცხრილი 1. ლარის გაცვლითი კურსი დოლარსა და ევროსთან მიმართებით.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო [6]

ორიოდე სიტყვით მიმოვიხილოთ ფულადი გზავნილებიც. გრაფიკზე 1 კარგად ჩანს,  რომ თუ ომამდე პერიოდში უკრაინასთან წმინდა ჩარიცხვა,  ანუ უკრაინიდან ჩარიცხულს თანხას უკრაინაში გადარიცხული თანხა, დადებითი სიდიდე იყო,  ახლა,  პირიქით,  უკრაინიდან შემომავალი ფულადი ნაკადები ფაქტობრივად ნულის ტოლია.  აქ,  რა თქმა უნდა,  მხოლოდ საბანკო ტრანზაქციები იგულისხმება და იმ ფაქტის უგელებელყოფა გვიწევს რამდენმა უკრაინელმა შეაფარა თავი საქართველოს და თან გარკვეული ფინანსური რესურსიც შემოიტანა.

გრაფიკი 1. უკრაინიდან შემომავალი ფულადი ნაკადები.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი [7]

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას აქ რადიკალურად განსხვავვებული სიტუაციაა.(იხ. გრაფიკი 2) ომის დაწყების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან შემომავალი ფულადი ნაკადები,  ხოლო თითქმის ნულამდე დავიდა გადარიცხული თანხები.  ამრიგად,  რუსეთიდან შემომავალი ფულადი სახსრები 21. 9 მილიონიდან 313, 9 მილიონამდე გაიზარდა.  საინტერესოა რა ეკონომიკური ინტერპრეტაცია დგას ამ მონაცემების უკან და რით შეიძლება აიხსნას ეს ფაქტი.

გრაფიკი 2. რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემომავალი ფულადი ნაკადები.  

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი [7]

ერთ-ერთი მიზეზი ცხადია რუსეთში საყოველთაო მობილიზების გამოცხადება გახლავთ. მოგეხსენებათ აღნიშნულის შემდეგ რუსეთის მრავალი მოქალაქე გადმოვიდა საქართველოში, ზოგი დროებით, ზოგიც კი სამუდამოდ. ხშირია ასევე ფაქტები, როდესაც ოჯახის გარკვეული ნაწილი,ძირითადად მამაკაცები კვეთენ საზღვარს ქალები კი რჩებიან მშობლიურ რუსეთში და თავიანთი ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებს იქიდან უგზავნიან დიდი რაოდენობით თანხას. ყოველ შემთხვევაში რუსული ფული აქაც რუსულ ანგარიშებზე აკუმულირდება და ამ ფაქტს, არანააირი საგრძნობი გავლენა ქართველთა კეთილდღეობაზე არ აქვს.

დასკვნა

ომის დაწყებისას მსოფლიო იკვლევდა მის ყველა შესაძლო შედეგს. ამ პროცესს არ ჩამორჩნენ არც ქართველი მეცნიერები და პოლიტიკოსები. იწერებოდა მრავალი სტატია იმის შესახებ თუ რა გავლენა ექნებოდა ომს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. ზოგიერთი მათგანი გამართლდა, ზოგი ნაწილობრივ, ზოგიც კი სრულად მოკლებული აღმოჩნდა რეალობას. საბოლოოდ შეგვიძლია ხაზგასმით აღვნიშნოთ,  რომ საქართველოს ყველა მაკროეკონომიკური მაჩვნებელი გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე ამას ზუსტად ერთი წლის წინ ელოდნენ. შესაძლოა 2022 წლის თებერვალ-მარტის შიში 2023 წლის მიმართ სრულიად ლოგიკური გახლდათ. სარწმუნო და მეცნიერულად დასაბუთებული იყო გარკვეული ნაწილი ჰიპოთეზებისა, თუმცა  ეკონომიკა არის მეცნიერება, სადაც ორჯერ ორი მუდამ ოთხის ტოლია როდია.

    ბიბლიოგრაფია:

1. რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს ეკონომიკაზე? (https://forbes.ge/ra-gavlenas-moakhdens-ruseth-ukrainis-omi-saqarthvelos-ekonomikaze/

2. რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოკლევადიან პერიოდში. WEG 2022  http://weg.ge/sites/default/files/russia_-ukraine_war_and_georgian_energy_security.pdf)

3. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (https://matsne.gov.ge/)

4. იმპორტი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სა+მსახური (geostat.ge) ბოლოს ნანახი: 18.02.2023

5. ექსპორტი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (geostat.ge)  ბოლოს ნანახი: 18.02.2023

6. მონეტარული სტატისტიკა – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (geostat.ge)  ბოლოს ნანახი: 25.02.2023

7. ფულადი გზავნილები (nbg.gov.ge)    ბოლოს ნანახი: 25.02.2023