ბაზრის ფიასკო და მისი გავლენა ეკონომიკაზე

ავტორის სტილი დაცულია

თიკო დალაქიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
tikodalaqishvili@gmail.com

ანოტაცია

საზოგადოების განვითარებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად თავისუფლებას და მათ შორის, ეკონომიკურ თავისუფლებას. ეკონომიკურ თავისუფლებაში კი იგულისხმება ის,თუ რამდენად ერევა მთავრობა ბიზნესის საქმიანობაში, ქვეყნის ეკონომიკის რა წილი მოდის სახელმწიფოს ფუნქციების შესრულებაზე და რამდენად კარგი სამართლებრივი გარემოა კერძო საკუთრების დაცვისთვის. ამასთან ერთად,ნებისმიერი ტიპის ეკონომიკაში ხშირია როგორც ჩავარდნები,ისე აღმავლობის პერიოდები. თავისუფალი ბაზარი მხოლოდ თეორიული კონსტრუქციაა და შესაბამისად, იგი გამოიყენება ბაზრის ზოგადი კანონზომიერების შესასწავლად. რეალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში კი ხშრად ხდება ამ კანონზომიერებიდან გადახრა. ამიტომ,თავისუფალი ბაზარი-ეს არის იდეალური ბაზრის მოდელის ის პირობითი ეტალონი,რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეს ბაზრის სახელმწიფო რეულირება.თავისუფალი ბაზრის მოდელს, მისი მიმზიდველობის მიუხედავად,არ შეუძლია სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტა,რაც ბაზრის ჩავარდნის სახელწოდებითაა ცნობილი.ბაზრის ფიასკო,იგივე საბაზრო ჩავარდნა არის მდგომარეობა,როდესაც ბაზარი რესურსებს ეფექტიანად ვერ ანაწილებს.ამ დროს მრავალი პრობლემა იჩენს თავს და მათ მოსაგვარებლად აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკის ფრთხილი ჩარევა.სახელმწიფოს ვალია,თავისუფალ კონკურენციას მისი დამაბრკოლებელი ბარიერების მოშლის გზით ხელი შეუწყოს,რათა საბაზრო ინფორმაციის თავისუფალი გავრცელება და კაპიტალის დაუბრკოლებელი გადინება მაქსიმალურად იყოს შესაძლებელი.

Annotation

Freedom in general and economic freedom are very important for the development of society. Economic freedom refers to the extent to which the government interferes in the conduct of business, the share of the country’s economy in the performance of state functions, and the good legal environment for the protection of private property. In addition, in any type of economy, both failures and periods of prosperity are frequent. The free market is only a theoretical construction and therefore it is used to study the general regularity of the market. In real economic life, however, deviations from this pattern often occur. Therefore, the free market is the conditional model of the ideal market model that the state market should strive for. The free-market model, despite its attractiveness, can not solve various important problems, which is known as market failure. Market fiasco, the same market failure is a situation when the market can not allocate resources effectively. At this time, many problems arise, and to solve them, the careful intervention of state policy is necessary. The state has to promote free competition by breaking down its barriers to the free flow of market information and the unimpeded flow of capital.

საბაზრო ჩავარდნის ფორმები

  • გარეგანი ეფექტები

გარეგანი ეფექტები, იგივე ექსტერნალიები წარმოიშობა მომხმარებლებს, მწარმოებლებს, ასევე მომხმარებლებს და მწარმოებლებს შორის.იგი შეიძლება იყოს როგორც უარყოფითი,ისე დადებითი[3].გარეგანი ეფექტების ზემოქმედებას ეკონომიკაზე მივყავართ საბაზრო ჩავარდნამდე, რადგან პროდუქტის ან მომსახურების ფასის წონასწორობა ზუსტად არ ასახავს მოცემული პროდუქტის ან მომსახურების რეალურ ხარჯებსა და სარგებელს. განასხვავებენ გარე ფაქტორების შემდეგ სახეებს:

  1. ტექნოლოგიური გარე ფაქტორები: ამ შემთხვევაში არსებობს ინდივიდუალურ სარგებელს, მოგებასა და დანახარჯს შორის პირდაპირი კავშირი, რომელიც არ არის დამოკიდებული საბაზრო ფასის ცვლილებებზე;
  2. ქსელური გარე ფაქტორები: ისინი თავს იჩენენ ქსელის ჩამოყალიბების ფაზაში მაშინ, როდესაც ქსელის სარგებლიანობა ყველა მომხმარებლისთვის იზრდება;
  3. ფულადი გარე ფაქტორები: ისინი წარმოიშვებიან, როგორც საბაზრო ურთიერთობის პირდაპირი შედეგები, როდესაც ინდივიდუალური მიწოდებისა და მოთხოვნის გადაწყვეტილებების საფუძველზე ბაზრის ყველა მონაწილისთვის საბაზრო ფასები იცვლება;
  4. ფსიქოლოგიური გარე ფაქტორები: ცალკეული პირის სარგებლიანობის დონეზე სხვა პირის სარგებლიანობამ შესაძლებელია დადებითად ან უარყოფითად იმოქმედოს ისე, რომ მათ შორის არ არსებობდეს პირდაპირი ფიზიკური კავშირი ან საბაზრო ურთიერთობა.

ნეგატიური,ტექნოლოგიური გარე ეფექტები თავს იჩენენ ყველგან, სადაც ინდივიდუალურ საწარმოო და მოხმარების გადაწყვეტილებებს თან ახლავს ბუნებრივი გარემოსთვის ზიანის მიყენება, რომელიც არ აისახება საბაზრო ფასებში. უარყოფითი გარე ეფექტის მაგალითია ფირმის მიერ ნარჩენების ჩაღვრა მდინარეში, სადაც თევზს იჭერენ. დადებითი გარე ეფექტები წარმოიშვება, მაგალითად ისეთი პროდუქტის ან წარმოების მეთოდის გამოგონებით, რომელსაც მოიხმარს არა მარტო გამომგონებელი, არამედ ბაზრის ყველა დანარჩენი მონაწილეც[2]. დადებითი გარეგანი ეფექტის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ განათლება. ცხადია, განათლებული ადამიანი მეტ სარგებელს იღებს – ნაყოფიერად მუშაობს და შესაბამისად აქვს უფრო მაღალი შემოსავალი.თუმცა, პირადი სარგებლის გარდა განათლებას ახასიათებს სხვა პოზიტიური შედეგებიც:

  1. მცოდნე მოსახლეობა ინფორმირებულ ამომრჩეველს ნიშნავს,რაც უკეთესი მთავრობის არჩევას გულისხმობს;
  2. მცოდნე მოსახლეობა აუმჯობესებს კრიმინოგენულ სიტუაციას;
  3. განათლებული საზოგადოება ხელს უწყობს ტექნოლოგიური მიღწევების გავრცელებას, ეს კი ყველას შრომის ნაყოფიერებას და ხელფასების დონეს აამაღლებს.[1]
  4. საბაზრო ძალაუფლება

ბაზრებზე, სადაც მაღალი კონკურენციაა, კომპანიებსა და ორგანიზაციებს აქვთ მოტივაცია, რომ აწარმოონ საქონელი და მომსახურება დაბალი ღირებულებით, რომელზეც მომხმარებელთა მხრიდან მაღალი მოთხოვნაა.  თუ ისინი ვერ დააკმაყოფილებენ მომხმარებელთა მოთხოვნას ან ვერ შეინარჩუნებენ ფასების დაბალ დონეს, მაშინ კომპანია მიიღებს ზარალს ან სრულიად შეწყვეტს საქმიანობას და გავა ბაზრიდან. ეს იმიტომ ხდება,რომ მომხმარებელს შეუძლია იპოვოს მოცემული პროდუქტის შემცვლელი.

საბაზრო ძალაუფლებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მყიდველი ან გამყიდველი ფლობს ძალას, განსაზღვროს საქონლის ან მომსახურების ფასი ბაზარზე. სოფლის მეურნეობის კულტურები, როგორიცაა სიმინდი ან სოიო, წარმოადგენენ მაღალკონკურენტული ბაზრების მაგალითს. ბევრი ფერმერი აწარმოებს მსგავს კულტურებს. ფერმერები, რომლებიც ცუდი ხარისხის სიმინდს აწარმოებენ ან მათ ძალიან მაღალ ფასად ყიდიან, სავარაუდოდ დაკარგავენ მომხმარებელს, რადგან მათ სხვაგან ადვილად შეუძლიათ იპოვონ უკეთესი ან იაფი სიმინდი.

ამის საპირისპიროდ, მონოპოლისტი არის საქონლის ან მომსახურების ერთადერთი მწარმოებელი და საბაზრო ძალა კონცენტრირებულია ერთი მწარმოებლის ხელში. ამ დროს, სხვა მწარმოებლები არ არსებობენ, ასევე არ არსებობს ამ პროდუქტის შემცვლელები და ერთიან ორგანიზაციას გააჩნია ძალაუფლება,რომ ვერცერთმა კონკურენტმა ვერ შეძლოს ბაზარზე ფეხის მოკიდება რაიმე სხვა ჩარევის,დახმარების გარეშე-ეკონომისტები ამას „შესვლის ბარიერებს“ უწოდებენ. შედეგად, მომხმარებლებს არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მონოპოლისტის საქციელზე. მონოპოლისტს მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილების სტიმული თითქმის არ გააჩნია. მონოპოლიის პირობებში, კომპანია ან ორგანიზაცია აწარმოებს ძალიან მცირე ან უხარისხო საქონელს ან მომსახურებას, ხოლო ფასები ზღვრული ღირებულების მაღლა მდებარეობს, ასეთი ტიპის ბაზრები არაეფექტურად მუშაობენ.[11]

  • ინფორმაციის ასიმეტრიულობა

ბაზრის ასიმეტრიულობა უარყოფითად მოქმედებს იმ პროდუქტების მოთხოვნაზე, რომელთა სამომხმარებლო თვისებები მხოლოდ მათი მოხმარების შემდეგაა აღქმადი. ბაზრის თავისებურებებიდან გამომდინარე, ინფორმაციის ფლობის უპირატესობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის ან მომხმარებლის მხარეზე. დროითი ფაქტორის მიხედვით განასხვავებენ ინფორმაციის ასიმეტრიულობის ორ ტიპს:

  1. უარყოფითი შერჩევა – ინფორმაციის ასიმეტრიულობას ხელშეკრულების გაფორმებამდე მივყავართ არასასურველ შერჩევამდე.
  2. მორალური რისკი – ინფორმაციის ასიმეტრიულობას ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მივყავართ მორალურ რისკამდე.

მოთხოვნის მხარეს არსებული ინფორმაციის ნაკლებობის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს მეორადი საქონლის ბაზრები. ასეთ შემთხვევებში მომხმარებლებს შეუძლიათ პროდუქტის ფასის, როგორც ხარისხის ინდიკატორის ინტერპრეტაცია. მაღალი ფასი საშუალოდ მაღალი ხარისხის მაჩვენებელი უნდა იყოს, ხოლო დაბალი ფასი – ცუდი ხარისხის სიგნალი. მიწოდების მხარესაც ინფორმაციის ნაკლებობის მაგალითების პოვნა შესაძლებელია დასაქმების ბაზრის სხვადასხვა სეგმენტში, სადაც დამსაქმებლები ინფორმაციას მიღწევების საშუალო ხარისხის შესახებ მხოლოდ რეალური ხელფასის რაოდენობის მიხედვით იღებენ.[2]

ბაზრის ფიასკო და მისი კორექტირების მეთოდები

არასრულყოფილი ბაზრის შედეგების გამოსწორება შესაძლებელია რესურსების გადანაწილების ან მასტიმულირებელი სტრუქტურის შეცვლით. ეკონომისტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ბაზრის ჩავარდნების ხასიათზე და იმაზე,თუ რა ქმედითი ნაბიჯები უნდა იქნეს გადადგმული მათ თავიდან ასაცილებლად ან გამოსასწორებლად.

ბაზრის წარუმატებლობის საერთო ინტერპრეტაცია არის საბაზრო ჩავარდნა სრულყოფილი კონკურენციის სტანდარტების შესაბამისად. ეს იდეა გამოიყენება ზოგადი წონასწორობის  ეკონომიკაში, როდესაც მიწოდებისა და მოთხოვნის კანონი ვერ ახერხებს თავისუფალ ბაზარზე წონასწორობის დონეს რაიმე გარე ძალის გამო. საბაზრო ჩავარდნის დადგენა შესაძლებელია ბევრ, თუ არა ყველა ბაზარზე.

ფართო, სრულყოფილი კონკურენციის განსაზღვრის შესაბამისად, ბაზრის წარუმატებლობები გამოსწორებულია იმით, რომ კონკურენტ მეწარმეებსა და მომხმარებლებს დროთა განმავლობაში წონასწორობისკენ უბიძგებენ ბაზარზე. ბაზრები მუდმივად წონასწორობისკენ ისწრაფვიან და მას ფაქტობრივად არასდროს აღწევენ, ეს კი გამოწვეულია ადამიანის შეზღუდული ცოდნისა და რეალური გარემოს ცვლილებებით.

არსებობს ჩარევები და რეგულაციები,რომლებიც საბაზრო ჩავარდნის კომპენსაციას ახდენენ. აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს სამთავრობო პოლიტიკის მეშვეობით, როგორებიცაა ახალი კანონები ან გადასახადები,ტარიფები, სუბსიდიები,სტანდარტები და სავაჭრო შეზღუდვები. უნდა აღინიშნოს,რომ მთავრობის ჩარევა ეკონომიკურ ცხოვრებაში დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს. მთავრობის ჩარევამ, რომელიც მიზნად ისახავს ბაზრის ფიასკოს გამოსწორებას, შეიძლება ხშირად გამოიწვიოს რესურსების არაეფექტური განაწილება, სახელწოდებით –  მთავრობის წარუმატებლობა.[12]

საზოგადოებრივი დოვლათი

საზოგადოებრივი დოვლათი არის საქონელი, რომელსაც მოიხმარს მოსახლეობის დიდი რაოდენობა და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მათი ღირებულება არ იზრდება. როგორც წესი,ამ მომსახურებებს მართავენ მთავრობები კოლექტიური დაბეგვრის გზით.საზოგადოებრივი დოვლადი კერძო დოვლათის საპირისპიროა,რომელიც არსებითად მწირია და მის საფასურს ინდივიდუალურად იხდის თითოეული მოქალაქე. საზოგადოებრივი დოვლათი ხელმისაწვდომია ყველასთვის,მიუხედავად იმისა,იხდის თუ არა ინდივიდი მისთვის.თუმცა შესაძლებელია საზოგადოების ზოგიერთმა წევრმა ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისარგებლოს დოვლათით.  

საზოგადოებრივ დოვლათს გააჩნია ორი დამახასიათებელი ნიშანი,ის არის: 1.არაკონკურენტული და 2.გამოურიცხავი.[10]

არაკონკურენტულია დოვლათი, თუ წარმოების ნებისმიერ დონეზე ამ დოვლათის მიწოდების ზღვრული დანახარჯი კიდევ ერთი მომხმარებლისთვის ნულის ტოლია. ხოლო,გამოურიცხავია დოვლათი თუ შეუძლებელია ადამიანის მოხმარებიდან მისი გამორიცხვა. მათი გამოყენება გადახდის გარეშეა შესაძლებელი.[3]

ზოგიერთ შემთხვევაში, საზოგადოებრივი საქონელი სრულად არ არის კონკურენტუნარიანი და არ არის გამორიცხული. მაგალითად, საფოსტო განყოფილება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც საზოგადოებრივი სიკეთე, რადგან მას იყენებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და აფინანსებს გადასახადის გადამხდელები. ამასთან, განსხვავებით ჩვენს მიერ ჩასუნთქული ჰაერისა, საფოსტო განყოფილების გამოყენებას სჭირდება გარკვეული ნომინალური ხარჯები – მაგალითად, საფოსტო გადასახადის გადახდა. ანალოგიურად, ზოგიერთ საქონელს აღწერენ, როგორც “კვაზი საზოგადოებრივ” საქონელს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხელმისაწვდომია ყველასთვის, მათი ღირებულება შეიძლება შემცირდეს, რადგან უფრო მეტი ადამიანი იყენებს მათ. მაგალითად, ქვეყნის საგზაო სისტემა შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მისი ყველა მოქალაქისთვის, მაგრამ ამ გზების ღირებულება იკლებს, როდესაც გადატვირთულია პიკის საათებში.[10]

საბაზრო ჩავარდნები Covid-19-ის პირობებში

მას მერე, რაც 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ ვუჰანში პირველად დააფიქსირეს ახალი კორონავირუსი, ამ ვირუსით 200 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა და 3.5 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა 223 ქვეყანაში. პანდემიის და მასთან ბრძოლის შედეგად გლობალური ეკონომიკის მიერ მიღებული ზარალი კოლოსალურია: მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით უკვე აღემატება 10 ტრილიონ აშშ დოლარს და შეიძლება 25 ტრილიონსაც კი მიაღწიოს მანამ, სანამ მსოფლიო თავს დააღწევს პანდემიურ საფრთხეს[4]. მიუხედავად ამისა, COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიერ ქვეყნის ეკონომიკასა და ადამიანების კეთილდღეობაზე მიყენებული ზიანი ჯერ კიდევ არაპროგნოზირებადი და მზარდია. სახელმწიფოების მხრიდან ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის და პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის გატარებულმა ზომებმა – მათ შორის, საზღვრების ჩაკეტვამ, ქალაქებს შორის მოძრაობის აკრძალვამ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ და სოციალური დისტანცირების მოტივით ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვამ, მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას და შეგვიძლია ვთქვათ,რომ შედეგები 2008-2009 წლების გლობალურ კრიზისზე უარესია[8].რაც შეეხება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურ ზრდას, 2020 წლისთვის იგი 6.2%-ით შემცირდა[7].

გრაფიკი1.მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,%

წყარო: https://www.geostat.ge/ka

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიმართ საქართველოს ეკონომიკის მაღალი მოწყვლადობა სხვადასხვა ფაქტორებითაა გამოწვეული. უპირველეს ყოვლისა ეს დაკავშირებულია მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურასთან, სადაც დარგობრივად ყველაზე დიდი წილი ისეთ ეკონომიკურ საქმიანობებზე მოდის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზიანდნენ კორონავირუსის პირობებში – ესენია საბითუმო და საცალო ვაჭრობა – 13.5%, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 12.9%, მშენებლობის სექტორი – 6.6% და საფინანსო-სადაზღვევო საქმიანობები – 5.4%.[14] ამასთან, ტურისტული სექტორის გაჩერებამ, რომელიც წლებია ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედად მოიაზრება, მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა როგორც შრომით ბაზარს, ასევე ლარის კურსის სტაბილურობას – ტურიზმიდან შემოსული ფინანსური კაპიტალი, უცხოეთიდან შემოსულ ფულად გზავნილებთან და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, ლარის კურსის გამყარების მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნიდა. კიდევ ერთი გარემოება, რამაც კორონავირუსის პირობებში მაღალი ეკონომიკური დესტაბილიზაცია განაპირობა დაკავშირებულია შრომის ბაზრის სტრუქტურასთან, სადაც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა არაფორმალურ სექტორში თვითდასაქმებულთა რაოდენობას უტოლდება, ხოლო თავად დაქირავებით დასაქმებულთა შორის მაღალია ე.წ. პრეკარიალურ და არასტაბილურ სამსახურებში დასაქმებულთა წილი, როგორიცაა მომსახურების სფერო, ატიპიური დასაქმებები, სეზონური დასაქმება თუ სხვა[8]. ამ პირობებში კი გასაკვირი არ არის, რომ უმუშევრობა მნიშვნელოვნად , 18.5%-ით გაიზარდა.[15]

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით,2020 წელს საქართველოს საგადასახდელო ბალანსი,ანუ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი სავალუტო ნაკალდების მოცულობა კვლავ დეფიციტური იყო.დეფიციტის მოცულობა COVID-19-ის კრიზისის გამო ორჯერ გაიზარდა და მან მინუს $2 მილიარდი დოლარი ,ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 12.3 შეადგინა. შედარებისთვის, 2019 წელს ეს მაჩვენებელი ორჯერ ნაკლები იყო და $891 მილიონ დოლარს და მშპ-ის 5.1%-ს შეადგენდა.[9]

განვითარებადი ბაზრისა და ეკონომიკის ქვეყნებში გვხვდება შემდეგი: ზეწოლა სუსტ ჯანდაცვის სისტემებზე, ვაჭრობისა და ტურიზმის მდგომარეობის გაუარესება, ფულადი გზავნილების შემცირება, კაპიტალის ნაკადის შემცირება და მკაცრი ფინანსური პირობები სესხის ზრდით გამოხატული. განსაკუთრებით მძიმე დარტყმას განიცდიან ენერგიისა ან სამრეწველო საქონლის ექსპორტიორები. პანდემიამ და მისი შეზღუდვის მცდელობებმა გამოიწვია ნავთობის მოთხოვნის უპრეცედენტო კოლაფსი და ფასების კრახი . ასევე შემცირდა მოთხოვნა ლითონებსა და სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებულ საქონელზე, როგორიცაა კაუჩუკი და პლატინა, რომლებიც გამოიყენება ავტომობილების ნაწილებისთვის.[13]

სახელმწიფოს მხრიდან შეიძლება არსებობდეს ინტერვენციის სხვადასხვა გზა. მაგალითად, არსებობს მიდგომა, რომლის მიხედვითაც ოჯახებს ურიგებენ ნაღდ ფულს – ამას helicopter money-ს ეძახიან და ამერიკაში გამოიყენება. აღნიშნულმა მიდომამ შეიძლება მოკლევადიანი პრობლემა მოხსნას და მათი შემოსავალის მინიმალური სტაბილიზაცია განაპირობოს, თუმცა ეს ვერ იქნება სიღრმისეული პასუხი არსებულ კრიზისზე. სახელმწიფო ვალდებულია მისი მხრიდან მოახდინოს ინვესტიცია ეკონომიკის ტრანსფორმირებისთვის, რადგან ეს უფრო მეტ პოტენციალს გააჩენს, ვიდრე მხოლოდ სტაბილიზაციის მცდელობა. ეკონომიკის ტრანსფორმაციაში იგულისხმება ისეთი ეკონომიკური პროექტების ინიცირება ან მხარდაჭერა (ინფრასტრუქტურული, მწარმოებლური, სამრეწველო თუ სხვა), რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადამიანთა დასაქმებას და მათთვის შემოსავლების გაჩენას, ასევე ეკონომიკის გადაგეგმვასაც.[8]

დასკვნა

ამრიგად, საბაზრო ეკონომიკა არის თავისუფალი ეკონომიკა, სადაც ჯანსაღი კონკურენციაა. ასეთ სრულყოფილად ფუნქციონირებად ბაზრებზე მიწოდებასა და მოთხოვნას შორის წონასწორობა ყალიბდება საბაზრო ფასის მეშვეობით, რასაც საბოლოო ჯამში საზოგადოებისათვის ოპტიმალური შედეგები მოაქვს. თუმცა არ არსებობს იდეალურად სრულყოფილი ეკონომიკა და ზოგჯერ ვაწყდებით ხოლმე ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ბაზარზე რესურსები სწორად ვერ ნაწილდება – ასეთ დროს საქმე გვაქვს საბაზრო ჩავარდნასთან. ამ შემთხვევაში აუცილებელია ბაზრის სახელმწიფო რეგულირება,რომელიც იქნება დოზირებული და კვალიფიციური. ქვეყნის მთავრობას უნდა ესმოდეს, რომ ეკონომიკაში კონსტრუქციული ჩარევის გადამეტება ან თვითნებაზე მიშვება წამგებიანია.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. გაგნიძე,ინეზა.2015.კეთილდღეობის ეკონომიკა.
  2. კლუმპი,რაინერ.2015. ეკონომიკური პოლიტიკა,თბილისი.
  3. ხარაიშვილი,ეთერი.ინეზა,გაგნიძე.2014.მიკროეკონომიკა,სახელმძღვანელო. თბილისი: უნივერსალი. 
  4. https://forbes.ge/pandemiaze-reagirebis-zogierthi-gakvethili/  
  5. https://forbes.ge/ekonomikuri-thavisuphleb-2/
  6. https://www.gfsis.org
  7. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp
  8. https://socialjustice.org.ge/ka/products/ekonomikuri-politika-krizisis-dros-interviuebi-ekonomikis-mkvlevrebtan
  9. https://bm.ge/ka/article/2020-wels-saqartvelos-mimdinare-angarishis-deficiti-2-miliardamde-mshp-is-12-mde-gaizarda/79087
  10. https://www.investopedia.com/terms/p/publicgood.asp#:~:text=In%20economics%2C%20a%20public%20good,and%20the%20rule%20of%20law
  11. https://www.edchoice.org/engage/defining-market-failure-with-examples/?fbclid=IwAR2C7L_BWZdXznd_MP9riVK2ZK_WHimp3jKD6itqVrvZKBXPeFScXD7I3u0
  12. https://www.investopedia.com/ask/answers/042115/how-market-failure corrected.asp#:~:text=Market%20failures%20can%20be%20corrected,%2C%20subsidies%2C%20and%20trade%20restrictions
  13. https://www.worldbank.org/en/news/feature/2020/06/08/the-global-economic-outlook-during-the-covid-19-pandemic-a-changed-world
  14. https://www.geostat.ge/media/32070/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98-I-Quarter%2C-2020.pdf
  15. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba