სოციალური მეწარმეობა

ავტორის სტილი დაცულია

ნანუკა ნოზაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მესამე კურსის სტუდენტი
Nanukan89@gmail.com

ანოტაცია

სოციალური მეწარმეობა უკანასკნელ წლებში სულ უფრო და უფრო მზარდ ინტერესს იწვევს მრავალ ქვეყანაში. ცალსახაა, რომ მეწარმის იდეა ყოველთვის უნდა იყოს დაკავშირებული სოციალურ ღირებულებებთან და პრობლემებთან. სოციალური მეწარმეობის შემთხვევაში მიდგომა არის განსაკუთრებული და გამორჩეული იმ თვალსაზრისით რომ საზოგადოების წინაშე არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი ამოცანების გადასაწყვეტად გამოიყენება ინოვაციური მიდგომები და სამეწარმეო სტრატეგიები.   გარდა, დადებითი სოციალური ეფექტისა, ამ უკანასკნელს გაცილებით მეტი დამსახურება შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის განვითარებაზე. მისი დანერგვა ამცირებს უმუშევრობის დონეს, ზრდის ეკონომიკური აქტიურობის მაჩვენებელს, ხელს უწყობს მწარმოებლურობის ამაღლებას. ამას კი თვალნათლივ აჩვენებს ფაქრი, რომ სოციალური ეკონომიკ ასაქმებს 11 მილიონ ადამიანს ევროკავშირში, რაც მთლიანად დასაქმებულთა რაოდენობის 6% უტოლდება[1].

მოცემული ნაშრომი წარმოაჩენს რამდენად ეფექტურად გამოიყენება დღევანდელ რეალობაში სოციალური მეწარმეობის რესურსი. ნათლად გვიჩვენებს მსოფლიოს გარშემო შექმნილ გამოწვევებს, რომლის პირისპირ სოციალური მეწარმეები დგანან. გარდა ამისა  ნაშრომის უმნიშვნელოვანესი მიზანია საზოგადოებაში სოციალური მეწარმეობის კულტურის დამკვიდრება, მისი როლის გაცნობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად შექმნილ სტრატეგიაში, სახელმწიფოს მნიშვნელობის თვალსაჩინოება სოციალური საწარმოებისთვის და  მისი განვითარების, როგორც მსოფლიო ასევე ეროვნული ანალიზი.

Annotation:

Social entrepreneurship has become increasingly of interest in many countries in recent years. It is unequivocal that the idea of an entrepreneur should always be associated with social values and problems. In the case of social entrepreneurship, the approach is exceptional and outstanding in the sense that innovative approaches and entrepreneurial strategies are used to solve the social and environmental tasks facing society. In addition to the positive social effect, the latter can have much more merit in the development of the country. Its introduction reduces the unemployment rate, increases the economic activity rate, helps to increase productivity. And this clearly shows the furlough that the social economy employs 11 million people in the EU, which equates to 6% of the number of employees as a whole[1].

This work demonstrates how effectively the resource of social entrepreneurship is used in today’s reality. Clearly shows the challenges that social entrepreneurs face around the world. In addition, the most important goal of the work is to establish a culture of social entrepreneurship in society, to learn about its role in the strategy created to achieve the Sustainable Development Goals, visualizing the importance of the state to social enterprises and its development as a world and national analysis.

სოციალური მეწარმეობის არსი, მიზნები და გამოწვევები

სოციალური მეწარმეობა XIX საუკუნის ევროპაში კოოპერატიული მოძრაობიდან დაიბადა, რომელმაც უშუალო ტრაექტორია გასული საუკუნის 80-90-იან წლებში მიიღო. თუმცა, პრინციპები რომელიც ამჟამად სოციალურ მეწარმეობას უკავშირდება წლების განმავლობაში ყალიბდებოდა. დღესდღეობით ეს უკანასკნელი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა შესაბამისად დღითიდღე იზრდება სოციალურ მეწარმეთა რიცხვი. მათი საქმიანობა განსხვავებული პრაქტიკით ხორციელდება, მაგრამ ყველა მათგანს ერთმანეთთან მთავარი კონცეფცია, ძირითადი არსი აკავშირებს – ბიზნესსაქმიანობა სოციალური მიზნებისთვის.

ტერმინ „სოციალური მეწარმეობის“ პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის უილიამ დრეიტონს. 1980 წელს მან დააფუძნა „აშოკა“ – საზოგადო ინოვატორების არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს სოციალურ მეწარმეობას.  დეიტონი სოციალურ საწარმოებს, 4 მახასიათებლით არჩევდა: შემოქმედებითობა, სამეწარმეო ხარისხი, სოციალური გავლენა და ეთიკური ჭრილი. მისი თქმით სწორედ სოციალური მეწარმეები არიან სოციალური ცვლილებების მამოძრავებელი ძალა.

მუჰამედ იუნუსმა და გრამენის ბენკმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სოციალური მეწარმეობის ზრდაში. 1980 წელს მათ დააფუძნეს გრამენის სახელით ცნობილი ბანკი ბანგლადეშში, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბალშემოსავლიანი მეწარმეების მიკროკრედიდებით და მიკროსაფინანსო მხარდაჭერით უზრუნველყოფა. გარდა ამისა 2011 წელს იუნუსმა და მისმა სამმა კოლეგამ დაარსეს Yunus სოციალური ბიზნესი, არაკომერციული საწარმო ფონდი, რომელიც ცდილობს საქველმოქმედო შემოწირულობები გადაქმნას ინვესტიციებად მდგრად სოციალურ საწარმოებში[2].

ეს ყოველივე ნათლად აჩვენებს, რომ თავიდანვე სოციალური საწარმოების მოქმედების არეალი განსხვავებული იყო, გარდა ამისა მათი სოციალური მისიაც სხვადასხვა სფეროებს მოიცავდა. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით მსოფლიო სოციალური მეწარმეობის ერთ კონკრეტულს განმარტებაზე არ ჩამოყალიბებულა (ზოგ შემთხვევაში მას განმარტება საერთოდ არ აქვს) შეგვიძლია ზოგადად ვთქვათ, რომ  სოციალური მეწარმეობა ეს არის ისეთი ბიზნესსაქმიანობა, რომელსაც გააჩნია სოციალური მისია – მოაგვაროს საზოგადოებრივი გამოწვევები სამეწარმეო პრინციპების, პროცესებისა და ოპერაციების გამოყენებით. ეს ერთგვარი სიცოცხლის ციკლია, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული სოციალური პრობლემის განსაზღვრას, შემდგომში კი  მის აღმოსაფხვრელად შექმნილი ბიზნესის ორგანიზებასა და მართვას. სოციალური საწარმო შეიძლება მიზნად ისახავდეს გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას, ნაკლებ კონკურენტუნარიანი (შშმ) პირების დასაქმებას, გარდა ამისა, მათი მიზნები შესაძლოა მოიცავდეს განათლების, კულტურული და ტრადიციული ხელობების შენარჩუნებასა და განვითარებას და მრავალ სხვა საზოგადო საქმიანობას. 2019 წლის მონაცემებით, რომელიც მოიცავს 161 ქვეყანას, სოციალური საწარმოს მიზნები პროცენტულად შემდეგნაირადაა განაწილებული. (იხ. დიაგრამა 1).

დიაგრამა 1. სოციალური საწარმოს მიზნები მსოფლიოს მასშტაბით, 161 ქვეყნის მიხედვით

წყარო: 2019 Echoing Green Fellowship Application[3].

ჩვენთვის აქამდე ცნობილი ზოგადი ბიზნეს საქმიანობის მთავარი მიზანი ნაკლები დანახარჯების ფონზე მაქსიმალური მოგების მიღებაა, მაგრამ სოციალური მეწარმეობა ძირითადად ყურადღებას ამახვილებს სოციალური კაპიტალის შექმნაზე. ამ შემთხვევაში მეწარმის მოგება რეინვესტირდება სოციალური მიზნების მიღწევისთვის წარმოებულ საქმიანობაში. აუცილებელია აღნიშნული საქმიანობა ყურადღებით იყოს განსაზღვრული, ვინაიდან სწორედ ის წარმოადგენს საწარმოს ძირითად ამოცანას და მისი საქმიანობის ძირითად პრინციპს. კარგად ჩამოყალიბებული მიზანი აძლევს გეზს სოციალურ მეწარმეობას, დაახარისხოს პრიორიტეტები და მოახდინოს ღირებულებების იდენტიფიცირება. აღნიშნული საკითხების გადაწყვეტას სოციალური საწარმო ოპტიმალურ რეალობასთან მიყავს, რომელიც საბოლოო ჯამში ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებას იწვევს.

როგორც უკვე აღვნიშნე, სოციალური მეწარმეობის სამყარო შედარებით ახალია, შესაბამისად ბევრი გამოწვევაა მათ წინაშე. აღნიშნული მნიშვნელოვნად აფერხებს ან სრულად აჩერებს მეწარმის საქმიანობას. კერძოდ:

  • საკანონმდებლო ბაზა

   მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მეწარმეობის სამოქმედო არეალი მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო და უფრო ფართოვდება, დღემდე არ არსებობს ტერმინის ერთმნიშვნელოვანი განმარტება და შესაბამისი ნორმატიული აქტები, რომელიც სრულყოფილს გახდის მსგავსი ტიპის მეწარმეობის საქმიანობას. ქვეყნების დიდი ნაწილი (მათ შორის საქართველოც) დღემდე სოციალური მეწარმეობის, როგორც ცალკე მდგომი ბიზნესის განხილვის პროცესშია. ეს უდიდეს ბარიერს წარმოადგენს, სოციალური მეწარმეობისთვის, ვინაიდან აღნიშნულ იწვევს რიგ პრობლემებს, კერძოდ: ცენტრალური სახელისუფლებლო პროგრამების სიმწირეს, დაფინანსების წყაროების მოძიების სირთულეს, გარდა ამისა სოციალურ საწარმოებზე არ ვრცელდება შეღავათები, არ აქვთ ხელმისაწვდომობა იაფ კრედიტებზე და ა.შ.  

  • დაფინანსების მოძიება, რისკი

   განსხვავებით უმრავლესი ბიზნეს მეწარმეების, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მიმდინარე ბაზრის ხარვეზებზე, სოციალური მეწარმეები ცდილობენ დაძლიონ არაპროგნოზირებადი, ჰიპოთეტური, უხილავი და ხშირად ნაკლებ გამოკვლეული საკითხები.  წარმატებული ბიზნესის დაფუძნება შეუძლებელია მხოლოდ პოტენციურ გადაწყვეტილებაზე იყოს დამოკიდებული, ვინაიდან ინვესტორები ნაკლებად უცხადებენ მხარდაჭერას სარისკო საქმიანობას.

   ამ საკითხის დაძლევის ერთ-ერთი გზა ალტერნატიული დაფინანსებებია. Crowdfunding-ი, ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მეთოდია ბიზნესის დაფინანსების, რომელიც ასევე წარმოების რეკლამირებასაც უზრუნველყოფს.

  • შემოსავლები

    სოციალურ მეწარმეებს და მათ თანამშრომლებს ხშირად ეძლევათ „კნინობითი“ და არარსებული ხელფასები, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. სწორედ ამიტომ მეწარმეების ძალისხმევა უმრავლესად მიმართულია შეინარჩუნონ კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლები. იმისათვის, რომ მეწარმეებმა სოციალური ორგანიზაციები მდგრადი გახადონ, მათ უნდა აღმოაჩინონ ახალი ბიზნეს მოდელი, რომელიც კაპიტალის სტანდარტულ გაცვლას არ ემყარება სწორედ აღნიშნული თვით-მდგრადობაა განმასხვავებელი სოციალურ მეწარმეობასა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც თითქმის მთლიანად ემყარებიან შემოწირულობებსა და გარე დაფინანსებას.

  • უნდობლობა, ეჭვის დაძლევა

    მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მეწარმეები მსოფლიოს ყველაზე აქტუალურ საკითხებს ებრძვიან, მათ მიმართ ხშირია სკეპტიკური დამოკიდებულება. საზოგადოება ეჭქვეშ აყენებს მათ ნამდვილა განზრახვებს. გარდა ამისა, მედიის წილი სოციალური მეწარმეების საქმიანობის გაშუქებაში, მცირეა. სწორედ ამიტომ სოციალურ მეწარმეობას სჭირდება ავტორიტეტული ბიზნესების, საზოგადოებისა და უმთავრესად სახელმწიფოს დიდი მხარდაჭერა.

სოციალური მეწარმეობა და მდგრადი განვითარება

სოციალური მეწარმეობა, როგორც მდგრადი განვითარების ძირითადი გამოწვევების მოგვარების საშუალება, ყურადღების ცენტრშია განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისათვის. მდგრადი განვითარების 17 მიზნის მისაღწევად აქცენტირება გლობალური პარტნიორობის განხორციელების გაძლიერებასა და დაინტერესებულ მხარეთა მიერ მაქსიმალურ ეკონომიკური, სოციალურ და გარემოსდაცვითი შედეგების მიღწევაზე კეთდება.  ამ შემთხვევაში სოციალური საწარმოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ეროვნული მთავრობები ის მთავარი ბერკეტია, რომელიც 2030 წლის დღის წესრიგს რეალობად აქცევს.

ბოლოდროინდელმა შეფასებებმა აჩვენა, რომ 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელება არსებითად უფრო მაღალ დაფინანსებას მოითხოვს, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. რაოდენობრივად მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება 6 ტრილიონ დოლარს საჭიროებს ყოველწლიურად, ანუ 90 ტრილიონი დოლარი 15 წლის განმავლობაში[4]. განსხვავებული პოლიტიკური ინტერესები ხელს უშლის საერთაშორისო ფინანსურ თანამშრომლობას. დღევანდელ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პირობებში არსებული რესურსების და ინოვაციური მიდგომების მობილიზება მნიშვნელოვანია მდგრადი მიღწევებისათვის. მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, კომერციული პირებისა და სოციალური მეწარმეობის ფინანსური და ოპერატიული მხარდაჭერა, მდგრადი განვითარების საწინდარია.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ სოციალურ მეწარმეობას შეუძლია ხელი შეუწყოს მდგრადი და ინკლუზიური სამუშაო ადგილების შექმნას და საერთაშორისო განვითარებას. 2016 წლის ბოლო შეფასებით, სოციალურმა საწარმოებმა სარგებელი მოიტანეს 871 მილიონ ადამიანს ევროპისა და ცენტრალური აზიის 9 ქვეყანაში, შექმნეს 6 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტი და მომსახურება, გაზარდეს დასაქმების დონე, განსაკუთრებით მარგინალიზებული სოციალური ჯგუფებისთვის. მაგალითად, ავსტრალიაში, მშპ-ს 2-3 პროცენტი სოციალურ მეწარმეობაზე მოდის. გარდა ამისა, არსებული სიტუაცია იძლევა შესაძლებლობას ითქვას, რომ აღნიშნული მაჩვენებელი მომავალში 4%-მდე გაიზრდება[5].

რეგიონებში, რომელიც ხასიათდება სიღარიბის და უმუშევრობის მაღალი დონით, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სოციალურ მეწარმეობას. როგორც აღვნიშნე სოციალურ საწარმოს შესაძლოა კონკრეტული საჭიროების მიხედვით ჰქონდეს საქმიანობის სფერო შერჩეული, მაგრამ სოციალურ მეწარმეებს გაცილებით მეტი შეუძლიათ. მათ შეუძლიათ წვლილი შეიტანონ უფრო ფართო სტრატეგიების შემუშავებაში, რომლებიც მიზნად ისახავს უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირებას.

იმის გათვალისწინებით, რომ სოციალურმა მეწარმეებმა გონივრულად უნდა გამოიყენონ შეზღუდული რესურსები, ისინი ხშირად ალტერნატიულ გზებს პოულობენ საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ, კერძოდ: იყენებენ საზოგადო ადგილებს, ხელს უწყობენ მსურველებს გამოავლინონ თავიანთი  უნარები ახალ საქმიანობაში. ქმნიან მოქნილ და ადვილად ადაპტირებად სტრუქტურას ორგანიზებისა და მომსახურებისთვის[6]. შესაბამისად სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე ფოკუსირებით, სოციალურ საწარმოებს შეუძლიათ გააუმჯობესონ მომგებიანობა საოპერაციო მოდელის გამოყენებით, რომელიც ინდუსტრიულ პრაქტიკას სამართლიანად უწევს კონკურენციას.  ვინაიდან მათი საქმიანობა ხშირად სწრაფად ცვლად გარემოს უკავშირდება, ფინანსური სიცოცხლისუნარიოანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მყარი საოპერაციო საფუძველი.  ბიზნესის მოდელის განვითარება დააბალანსებს ფინანსურ მდგრადობასა და მისიის სიზუსტეს შორის კავშირს.

დიაგრამა 2. სოციალური საწარმოს ორგანიზაციული ფორმების სტრუქტურა, 2019 წელი.

წყარო: 2019 Echoing Green Fellowship Application[3].

გარდა ამისა, მსგავს ჰიბრიდულ ბიზნესს, რომელსაც სოციალური საწარმოების სხვა ორგანიზაციულ სტრუქტურებში 18% უკავია (იხ. დიაგრამა 2) აქვს როგორც ფინანსური ასევე სოციალური მიზნები, შესაბამისად მისი როლი მდგრად განვითარებაში უფრო მეტად იკვეთება, რაც ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს მეწარმეებისთვის.

 სოციალური მეწარმეობა საქართველოს მაგალითზე

სოციალური მეწარმეობის სექტორი როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფარგლებში სოციალური მეწარმეობის ცალკეული მაგალითები გაცილებით ადრე დაიწყო უშუალოდ მისი განვითარება სულ რაღაც 10 წელს ითვლის, შესაბამისად მიზანმიმართული საქმიანობა აღნიშნულ სექტორში 2010 წლიდან დაიწყო.

საქართველოში არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ გვხვდება სოციალური მეწარმეობის განმარტება. სოციალური მეწარმეობის სტატუსის მარეგულირებელი მთავარი საკანონმდებლო აქტი „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ კანონის პროექტია, რომელიც პარლამენტში განხილვის პროცესშია და სოციალურ მეწარმეობას შემდეგნაირად განმარტავს: „სოციალური მეწარმეობა არის ამ კანონით განსაზღვრული ორგანიზაციული სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც ემსახურება სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფას, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებას, აგრეთვე სოციალური მიზნების მიღწევას განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებში“. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სოციალური საწარმო შესაძლოა საქმიანობას ეწეოდეს, როგორც იურიდიული პირის, ასევე სხვა ორგანიზაციული ფორმებით. ვინაიდან ყველაზე ხშირად სოციალური საწარმოს იდეა საზოგადოებრივ ორგანიზაციებისგან მოდის,  გასაკვირი არაა, რომ საქართველოში სოციალური საწარმოების უმეტესობა ოპერირებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით- ა(ა)იპ – 72%, შემდეგ მოდის შპს-დ რეგისტრირებული – 25% და 3%-ს იკავებს კოოპერატივის სტატუსით არსებული სოციალური მეწარმე[7].

სოციალურ საწარმოთა ერთიანი პლატფორმა – საქართველოს სოციალურ საწარმოთა ალიანსი, რომელიც ხელს უწყობს წევრების ერთობლივი ინტერესების დაცვას, საზოგადოებაში სექტორის ცნობადობის გაზრდას, თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების განვითარებას, გვაწვდის ინფორმაციას საქართველოში არსებული სოციალური საწარმოების შესახებ. დღესდღეობით საქართველოში 63-მდე საწარმოა, რომელთა მეშვეობით დაახლოებით 553 ადამიანია დასაქმებული(მათგან უმეტესობა უშუალოდ ბენეფიციარ საზოგადოებას ითვალისწინებს). დღემდე არსებული მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში სოციალური საწარმოების მიზნები მრავალფეროვანია, თუმცა მაინც გამოიყოფა რამდენიმე მათგანი (იხ. დიაგრამა 3).

დიაგრამა 3. საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების მიზნები, 2020 წელი.

წყარო: სოციალური მეწარმეობა საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი[7].

ამ კუთხით დღევანდელი მდგომარეობა ნათლად აჩვენებს რამდენად ეფექტურად შეიძლება განვითარდეს და გაიზარდოს დასაქმების დონე ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორებიცაა: შშმ პირები, მსჯავრდებულები, ხანგრძლივად დაუსაქმებელი ადამიანები. გარდა ამისა სოციალური მეწარმეობა მოშორებული რაიონებისა და სოფლების გამოცოცხლების, ტრადიციული კულტურული მახასიათებლების შენარჩუნებისა და გარემოსდაცვითი თუ განათლების საკითხების მოგვარების უდიდესი ბერკეტია. ამ ყოველივეს კი ისეთი სოციალური საწარმოები განაპირობებენ, როგორებიცაა:

  1. გუმბათი – სასწავლო ცენტრი, წალკის რაიონში მცხოვრები ენობრივი ბარიერის მქონე ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომელიც ახდენს ქართული ენის პოპულარიზაციას, აძლევს ადგილობრივებს განათლების თანაბარ შესაძლებლობას და ამ გზით დასაქმების შესაძლებლობის გაზრდას.
  2. მეგობარი – საერთო სამუშაო სივრცე და კაფე-ბარი ზუგდიდში, სადაც უსასყიდლოდ ეწყობა ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები და კაფე-ბარიდან მიღებული შემოსავალი ახალგაზრდების იდეების მხარდაჭერას ხმარდება
  3. ბაბალე – ხის, ტექსტილისა და კერამიკის მრავალფეროვანი ნივთებისა და სხვადასხვა აქსესუარების საწარმო, რომელშიც დასაქმებული განსაკუთრებული საჭიროების მქონდე ადამიანები არიან. ისინი ხელს უწყობენ ბენეფიციარებს შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება პროფესიული გადამზადების, დასაქმებისა და მათი ოჯახების გაძლიერების გზით[8].

და მრავალი სხვა სოციალური საწარმო, რომელიც იბრძვის შექმნას ნათელი მომავალი უმთავრესად ბენეფიციარებისთვის, შემდგომ კი სრულიად საზოგადოებისთვის.

სოციალური საწარმოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მათი არსებობის თითოეულ ეტაპზე მხარდამჭერი ორგანიზაციების არსებობაა. ფინანსები, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია რომელიც სტარტაპს ხელს უწყობს გახდეს ბიზნესი. საქართველოში მხარდამჭერ ორგანიზაციათა სხვადასხვა სახეების გვხვდება, რომელთა ფუნქციაც რა თქმა უნდა განსხვავებულია. მაგალითად:

  • საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) – ახორციელებს სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამას, რომელის მიზანია ამ უკანასკნელის ცნების დამკვიდრება და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობა, რის საფუძველზეც ახორციელებს 4 ტიპის საქმიანობას: ფინანსურ მხარდაჭერას, ტრენინგებსა და კონსულტაციებს, ეკოსისტემის განვითარებას და კონცეფციის პოპულარიზაციას;
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) – საქმიანობს სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო რეგულირების გაუმჯობესების მიმართულები;
  • ევროპის ფონდი – რომელიც ფინანსურად და საკონსულტაციო მომსახურებით მხარს უჭერს სოციალურ საწარმოებს. წელიწადში ერთხელ კონკურსის მეშვეობით არჩევს სამიზნე სოციალურ საწარმოებს[9].
  • საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ – საგრანტო კონკურსის გზით წელიწადში 5 სოციალური საწარმოს დაფინანსებისთვის გამოყოფს საფონდო ბიუჯეტს[10].

მხარდაჭერის ერთ-ერთი უდიდესი მაგალითია „სოციალური მეწარმეობის ფორუმი“ რომელიც ყოველწლიური ღონისძიებაა და ტარდება სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თანაორგანიზებით. ფორუმის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული ნომინაციაში( რომლის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია) „წლის სოციალური საწარმო 2020“, რომელიც  გახდა „გუმბათი“. გამარჯვებულს საქართველოს ბანკმა გადასცა 4000 ლარის ოდენობის გრანტი[11].

დასკვნა

სოციალური მეწარმეობა ერთ-ერთი უდიდესი ინოვაციური მიმართულებაა სოციალური ეკონომიკისთვის, რომელიც ეფექტიანი ეკონომიკური მიდგომებით სოციალური პრობლემების გადაჭრაში უდიდეს როლს თამაშობს. შესაბამისად მისი განვითარება და ხელშეწყობა მნიშვნელოვან ტენდენციას უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოსთვის.

სოციალური საწარმოებისთვის ევროპის ქვეყნებში არსებობს მორგებული სახელმწიფო მხარდამჭერი მექანიზმები, ის აუცილებელი საკანონმდებლო აქტები თუ იურიდიული დოკუმენტები რომელიც ხელს უწყობს სოციალური საწარმოს ეკოსისტემის ჩამოყალიბებას. საქართველოს მაგალითის განხილვის დროს კი გამოჩნდა რამდენად რთულადაა სიტუაცია ამ მხრივ. საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ დაყოვნებულია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც აფერხებს სოციალური საწარმოების სრულყოფილ იდენტიფიცირებას.

აღნიშნული კანონის შემოღების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ზუსტი სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, მათ საფუძველზე ანალიზური შედეგების გამოვლენა, გარდა ამისა რიცხობრივად აღიწერება სოციალური მეწარმეობის განვითარების ტენდენციები, რაც ერთმნიშვნელოვნად გაზრდის ცნობიერებას და ინტერესს ამ განსაკუთრებული საქმიანობის შესახებ.

ასევე აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ საქართველოში სოციალური მეწარმე არ სარგებლობს არანაირი შეღავათებით, ამასთან საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს საგრანტო დაფინანსების გაცემას (ანუ იბეგრება გრანტი). ყოველივე ეს ართულებს სოციალური საწარმოს აღიარების პროცესს.

ამრიგად, საქართველოში სოციალური მეწარმეობა მეტნაკლებად სახელმწიფოს ჩრდილქვეშაა მოქცეული, როდესაც მისი როლი ისეთ გლობალურ საკითხებში გამოიკვეთება, როგორიც თუნდაც მდგრადი განვითარებაა. მიმაჩნია, ეს უკანასკნელი იმსახურებს რეგულირდებოდეს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით, რაც უფრო მეტად გაზრდის სოციალურ საწარმოთა რიცხოვნობას და ეფექტიანობას. მას არ აქვს მხოლოდ სოციალური ეფექტი, ეგ გზაა ეკონომიკური და პოლიტიკური წინსვლისკენ, რომელიც ყველაზე ზუსტად შემდეგი ტერმინით ხასიათდება –  „ხალხი ხალხისთვის“ ეს არის სოციალური მეწარმეობა.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. European Commission, Social Business Initiative, 2011: 1-14,  https://ec.europa.eu/transparency/documents-register/detail?ref=COM(2011)682&lang=en
  2. United Nations. (2020). World Youth Report. New York: United Nations.
  1. 2019 Echoing Green Fellowship Application
  2. Included in the opening remarks of Peter Thomson, President of the General Assembly of the United Nations, at the High-Level SDG Action Event: SDG Financing Lab (see United Nations, General Assembly, 2017).
  3. Smith, Fiona (2017). Profits with purpose: can social enterprises live up to their promise? The Guardian, 14 June. Available at https://www.theguardian.com/sustainable-business/2017/jun/15/ profits-with-purpose-can-social-enterprises-live-up-to-their-promise.
  4. Servantie, H.-R. M. (2018). Deconstructing the way in which value is created in the contect of social entrepreneurship . International Journal of Management Reviews, 62-80
  5. დათუაშვილი, ე. (2020). სოციალური მეწარმეობა საქართველოში. თბილისი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
  6. საქართველოს სოციალურ საწარმოთა ალიანსი, სოციალური მეწარმეები – http://seageorgia.ge/social-enterprises/all-enterprises
  7. ევროპის ფონდი . (2021, ივნისი 9). “ჩვენს შესახებ”. Retrieved from ევროპის ფონდი: https://epfound.ge/ge/chvens-shesakheb/
  1. სიცოცხლის ხე, საქართველოს ბანკის ფონდი – https://tree.ge/news-item/104/
  2. წლის სოციალური საწარმო 2020, საქართველოს სოციალურ საწარმოთა ალიანსი – http://seageorgia.ge/news/73