გადასახადები და საგადასახადო სისტემა საქართველოში
ავტორის სტილი დაცულია
მარიამ ბითარაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
III კურსის სტუდენტი
mariambitarashvili00@gmail.com
ანოტაცია
საგადასახადო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები ყველა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი საკითხია. მხოლოდ გამართული და თანადროული სოციალურ– ეკონომიკური პირობების შესატყვისი საგადასახადო სისტემის ფორმირების პირობებშია შესაძლებელი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევა, წარმოების განვითარება და ქვეყნის წინაშე არსებული სოციალური პრობლემების გადაწყვეტა.ქვეყნის ეკონომიკური სისტემის გამართული და ეფექტური ფუნქციონირება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სახელმწიფოს მიერ საგადასახადო სისტემის გამართულ მუშაობაზე. გადასახადები სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია. ნებისმიერი ქვეყნის მიზანია შექმნას ისეთი მოქნილი და მიზანდასახული საგადასახადო სისტემა, რომელიც ადვილად შეეწყობა ცვალებად ეკონომიკურ სიტუაციას და დროის კონკრეტულ მომენტში ქვეყნის ეკონომიკური მიზნებისა და ამოცანების ხასიათის გათვალისწინება შეეძლება.
Annotation
Issues related to the improvement of the tax system are the most important economic development policies of all countries. Only in the form of a tax system that is compatible with modern and contemporary socio-economic conditions will the country’s economic growth, sustainable economic development, production development and social problems facing the country be possible. The proper and effective functioning of the country’s economic system depends largely on the state’s tax policy and the proper functioning of the tax system. Taxes are a tool for the economy to influence the economy. The goal of any country is to create a flexible and purposeful tax system that can easily adapt to a changing economic situation and be able to take into account the nature of the country’s economic goals and objectives at a particular point in time.
საქართველოში მოქმედი გადასახადები
დღესდღეისობით გადასახადი განიმარტება,როგორც თანხა, რომელსაც კერძო პირი და საწარმო უხდის სახელმწიფოს. აკრეფილი გადასახადები ისეთ რაიმეზე იხარჯება, რაც მთელი ქვეყნისთვის სასარგებლოა, მაგალითად, თავდაცვა, არმია, საზღვაო და საჰაერო ფლოტი, ჯანდაცვა, განათლება და გზები. ერთ-ერთი ძირითადი გადასახადი საშემოსავლო გადასახადია. მოსახლეობამ თავისი შემოსავალის(გამომუშავებული ფულის) გარკვეული პროცენტი სახელმწიფოს უნდა გადაუხადოს. დიდი შემოსავლის მოქნე ადამიანი მეტ საშემოსავლო გადასახადს იხდის.
გადასახადები იყოფა ორ ჯგუფად: პირდაპირ და არაპირდაპირ გადასახადებად. პირდაპირი გადასახადი წესდება პირდაპირ ქონებაზე ან შემოსავალზე, ხოლო არაპირდაპირი გადასახადი, როგორც წესი, შედის მიწოდებული საქონლის/მომსახურების ფასში, ზრდის ფასს და მას თქვენ, საბოლოო მომხმარებელი გადაიხდით გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის/მომსახურების შეძენისას.დღესდღეობით მოქმედი გადასახადებია: [1]
1)საშემოსავლო გადასახადი – საშემოსავლო გადასახადი (განაკვეთი: მაქსიმუმ 20%) არის ფიზიკური პირების მიერ სხვადასხვა სახით მიღებული შემოსავლიდან სახელწიფოსთვის -გადასახდელი თანხა. საქართველოში მოქმედი პრაქტიკით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადს ბიუჯეტში თქვენ ნაცვლად ძირითადად თქვენი დამსაქმებელი რიცხავს. საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია შემოსავალთა კატეგორიები, რომლებიც იბეგრება სტანდარტულად 20%-იანი განაკვეთით, არასტანდარტული განაკვეთით ან გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. მაგალითად, სტანდარტული სახელფასო შემოსავალი იბეგრება 20%-ით, საცხოვრებელი სახლის გაქირავებით მიღებული შემოსავალი – 5%-ით, ხოლო სახელმწიფოს განაცემები, მაგალითად, სახელმწიფო სტიპენდია და პენსია, სრულად გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.
2)მოგების გადასახადი – მოგების გადასახადით (განაკვეთი: მაქსიმუმ 15%) დაიბეგრებით, თუ ეკონომიკურ საქმიანობას იურიდიული პირის სახელით ეწევით. თანხა, რომელიც ბიუჯეტში უნდა გადაიხადოთ, გაუნაწილებელი მოგების, ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის არ მქონე ხარჯის, უსასყიდლოდ გაცემული ნივთების ღირებულების, საჩუქრად გაცემული თანხის ან საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წარმომადგენლობითი ხარჯის ოდენობაზე მეტი ხარჯის მიხედვით დაითვლება. საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია ბიზნესის საოპერაციო საქმიანობის სახეები რომლებიც ასევე იბეგრება მოგების გადასახადით.
3)დამატებული ღირებულების გადასახადი – დამატებული ღირებულების გადასახადი (განაკვეთი 18%) – დღგ არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც წარმოადგენს მიწოდებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატს და რომელსაც იხდით თქვენ, მომხმარებელი, ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას, თუმცა ბიუჯეტში ამ თანხის გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც იწოდება დღგ-ის გადამხდელად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, თუ ბიზნესის წლიური ბრუნვა 100,000 ლარზე ნაკლებია, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირება ნებაყოფლობითია. თუ ბრუნვა ამ მაჩვენებელს აღემატება, მაშინ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირება სავალდებულოა.
4)აქციზის გადასახადი – აქციზის გადასახადით იბეგრება ზოგიერთი ტიპის პროდუქციასთან (მაგალითად, თამბაქოს ნაწარმი, ალკოჰოლური სასმელი, მსუბუქი ავტომობილები და სხვა) დაკავშირებული ისეთი ოპერაციები, როგორებიცაა წარმოება, რეალიზაცია, ექსპორტი და იმპორტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს ასეთი პროდუქციის იმ სპეციალურ ჩამონათვალს, რომელსაც ეხება აქციზის გადასახადი. გადასახადის განაკვეთის ოდენობა კი დამოკიდებულია უშუალოდ პროდუქციის სახეობაზე.
5)იმპორტის გადასახადი – იმპორტის გადასახადი ეხება იმ საქონელს, რომელიც გადაკვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს, ანუ შემოდის საქართველოში სხვა ქვეყნიდან. აღნიშნული გადასახადი ეხება მხოლოდ საქართველოში შემოსულ პროდუქტს და არ ვრცელდება ექსპორტზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გადასახადის განაკვეთები განსაზღვრულია პროდუქტების მიხედვით.
6)ქონების გადასახადი – გადასახადებს შორის ქონების გადასახადი ერთადერთი ადგილობრივი გადასახადია. ყველა სხვა ზემოაღნიშნული გადასახადი საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს განეკუთვნება. ქონების გადასახადის განაკვეთი ქონების ღირებულების არაუმეტეს 1%-ია. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ქონების გადასახადის განაკვეთის ოდენობა დამოკიდებულია ქონების მფლობელი პირის სტატუსზე (ფიზიკური პირია იგი თუ იურიდიული), ასევე ქონების ტიპსა და შემოსავლის ოდენობაზე. [2]
საქართველოს საგადასახადო სისტემის თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები
საგადასახადო ტვირთის მაჩვენებელს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება ეკონომიკის რეგულირებისა დროს, კერძოდ: აღნიშნული მაჩვენებელი აუცილებელია სახელმწიფოს საგადასახადო სისტემის ფორმირების დროს, ცვლის რა საგადასახადო სისტემას, შემოაქვს ახალი გადასახადები თუ აუქმებს შეღავათებს, სახელმწიფო არ უნდა გასცდეს ეკონომიკაზე ზემოქმედების ზღვრულ დონეს. აღნიშნული მაჩვენებლის დადგენა აუცილებელია სამართლიანობისა და ეფექტიანობის პრინციპების პრაქტიკული განხორციელებისათვის. ასევე, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტების ეკონომიკურ ქცევას. სწორედ ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული ბიზნეს აქტივობის ზრდა ან შესუსტება ქვეყანაში.
ცხრილი 1. საგადასახადო ტვირთის დინამიკა 2016-2020* წლებში (%)
მაჩვენებელი | 2016 | 2017 | 2018 | 2019 | 2020* |
საგადასახადო შემოსავლები,მლნ ლარი | 7986,7 | 8991,3 | 9695,9 | 9665,6 | 9364,8 |
მშპ მიმდინარე ფასებში,მლნ ლარი | 35836,0 | 40761,7 | 44599,3 | 49252,7 | 49407,3 |
საგადასახადო ტვირთი % | 22,3 | 22,1 | 21,7 | 19,6 | 18,9 |
წყარო:https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp, http://treasury.ge/5709 [3]
როგორც ცხრილის მონაცემები გვიჩვენებს, საგადასახადო ტვირთი საქართველოში 18-22% დიაპაზონში მერყეობს. [4] გადასახადებიდან ამოღებული თანხის უდიდესი ნაწილი საჯარო სექტორში მიდის და მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი რჩება კერძო სექტორში. ეს კი სერიოზულად ამცირებს საინვესტიციო შესაძლებლობებს.ამრიგად, საქართველოს საგადასახადო სისტემა და საგადასახადო პოლიტიკა საგადასახადო განაკვეთების ოპტიმიზაციის გარეშე ხელს ვერ შეუწყობს ეროვნული ეკონომიკის მაღალი ტემპებით განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და საგადასახადო ბაზის გაფართოებას.საგადასახადო ტვირთის შემცირების პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომაა საჭირო და აუცილებელია მასში სახელმწიფოს, მწარმოებლისა და მომხმარებლის ინტერსების გათვლისწინება.
2005 წლიდან საქართველოში სახეზე გვაქვს ერთის მხრივ საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება, საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რომლის მნიშვნელოვანი მიზანი იყო ლიბერალური საინვესტიციო გარემოს მხარდაჭერა. ამ მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსი უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებს მნიშვნელოვან შეღავათებს თავაზობდა, ხოლო მეორეს მხრივ, ამ პერიოდიდან მოყოლებული ფიქსირდება ინვესტიციების მოცულობის ზრდა 2018 წლამდე. [5] პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართ ლიბერალური პოლიტიკის კიდევ ერთი დამატებითი ინსტრუმენტია „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმებები, რომლებიც დადებულია ქვეყნის ძირითად სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებთან.
ცხრილი 2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა საქართველოში 2013-2020* წლებში (მლნ. აშშ დოლარი)
როგორც ცხრილიდან ვხედავთ, 2020*წელს საგრძნობლად არის შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლებთან შედარებით,რაც გამოწვეულია covid პანდემიით. 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შემოსავლის და კაპიტალის საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საქართველოს მიერ 55 სახელმწიფოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს შორის, 6 თვიდან საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმში მოქცეულია 32 სახელმწიფო, 9 თვიდან -13 სახელმწიფო, 12 თვიდან – 8 სახელმწიფო, 90 დღიდან – 1 სახელმწიფო, 6/183 – დღიდან. აღნიშნული ვადები იძლევა სამართლებრივ საფუძველს, ამ ქვეყნების რეზიდენტი პირების მიმართ, რომლებიც თავიანთ საქმიანობას, როგორც არარეზიდენტი პირები, ფაქტიურად ახორციელებენ საქართველოში, ანუ წყაროს ქვეყანაში, წარმოიშვას საგადასახადო ვალდებულებები. გატარებული არაერთი საგადასახადო რეფორმის შედეგად მოხდა საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში ბიზნეს გარემოს შეფასების კუთხით. [6]
Doing Business 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ბიზნესის კეთების ამჟამინდელი რეიტინგის ტოპ 20 ქვეყნებს შორის, საქართველომ რეგულაციების გასამარტივებლად ყველაზე მეტი რეფორმა (ჯამში 47 რეფორმა 2003-2017 წლებში) განახორციელა და 190 ქვეყანას შორის ლიდერთა რიგებში მოექცა. მსოფლიო ბანკის მიერ წარმოებულ, ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში 190 ქვეყანას შორის საქართველო იკავებს მე-7 პოზიციას. ქვეყანას პოზიცია უჭირავს 83.7 ქულით. ქვეყანამ გაუსწრო ისეთ ლიდერ ქვეყნებს, როგორიცაა ნორვეგია (მე-9 ადგილი) და დიდი ბრიტანეთი (მე-8 ადგილი). გადასახადების გადახდის მაჩვენებლით საქართველო იკავებს 14 ადგილს რაც წინა წელთან შედარებით 2 პოზიციით გაუმჯობესებას ნიშნავს. ქონების რეგისტრაციით საქართველო მე-5 ადგილზეა(წინა წელთან შედარებით 1 პოზიციით გაუარესდა); კრედიტების მიღებით მე-15 ადგილზეა. [7]
ცხრილი 3. Doing business-ის 2020 წლის მონაცემები რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე
ეკონომიკა | ბიზნესის კეთების სიმარტივე | გადასახადების გადახდა | ქონების რეგისტრაცია | ელექტროენერგიის მიღება | კრედიტების მიღება |
სინგაპური | 2 | 7 | 21 | 19 | 37 |
ჩინეთი | 3 | 2 | 51 | 3 | 37 |
ნიდერლანდები | 4 | 8 | 11 | 21 | 48 |
კორეა | 5 | 21 | 40 | 2 | 67 |
აშშ | 6 | 25 | 39 | 64 | 4 |
საქართველო | 7 | 14 | 5 | 42 | 15 |
დიდი ბრიტანეთი | 8 | 27 | 41 | 8 | 37 |
ნორვეგია | 9 | 34 | 15 | 44 | 94 |
წყარო: Rankings (doingbusiness.org) [7]
დასკვნა
გადასახადების განაკვეთების დადგენისას აუცილებელია ისეთი საგადასახადო ოპტიმუმის დაცვა, რომელიც უზრუნველყოფს ბიუჯეტში შემოსავლების სათანადო დონისა და გადასახადის გადამხდელთათვის შემოსავლის ისეთი წილის დატოვებას, რაც საშუალებას მისცემს წარმოების მაშტაბების გაფართოებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. აღნიშნულთან დაკავშირებით მიზანშეწონილად მიგვაჩნია საგადასახადო ტვირთის შემცირება და დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდა.
საქართველოს წინაშე მდგარი ეკონომიკური ამოცანებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის მთავარ მიმართულებებად უნდა იქცეს ეკონომიკური სტაბილურობისა და ეკონომიკის პრიორიტეტული სფეროების სტიმულირება.
გადასახადის გადახდა რომ აუცილებელი და გარდაუვალია საზოგადოების კეთილდღეობისთვის, ეს გათავისებული უნდა ჰქონდეს ქვეყანაში ფუნქციონირებად ყველა სამეურნეო სუბიექტს. ამასთან ერთად აუცილებელია, რომ კანონმდებელმა ცალსახად აღიქვას და გაითავისოს, რომ საგადასახადო ტვირთი, როგორც წესი, იმაზე მეტი არ უნდა იყოს, რისი ატანაც შეუძლია ბიზნესსექტორს. შესაბამისად, ეს საკითხი აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის – ბიუჯეტის შედგენისას. აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მეწარმეებისთვის ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ერთადერთი გზა მხოლოდ და მხოლოდ საგადასახადო განაკვეთის შემცირებაა. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელებში საგადასახადო ტვირთის სიმძიმის აღქმა შესაძლებელია შემცირდეს მისი თანმდევი მოვლენის – საგადასახადო წნეხის მინიმიზაციით და საზოგადოების საგადასახადო ცნობიერების დონის ამაღლებით.
გამოყენებული ლიტერატურა
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი | სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” (matsne.gov.ge)
- საქართველოში მოქმედი გადასახადები – ფინანსური განათლების პორტალი (finedu.gov.ge)
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi
- http://treasury.ge/5709
- საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე განმარტებითი ბარათი. 2018, საქართველოს კანონი „საბიუჯეტო კოდექსის შესახებ“
- https://www.mof.ge/
- https://www.doingbusiness.org/en/rankings