სიღარიბის პრობლემა საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

სალომე შუკაკიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
salome.shukakidze22@gmail.com

ანოტაცია

სიღარიბე და ეკონომიკური უთანასწორობა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს, რომლის მასშტაბები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება. განსაკუთრებით კი, პანდემიის გამო ეს პრობლემა მეტად გამწვავებულია როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. მიუხედავად მსოფლიო გლობალიზაციის მაღალი ტემპებისა, ცხოვრების დონის მიხედვით მსოფლიოს რეგიონები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. საქართველოში ეკონომიკის უამრავი რეფორმის გატარების მიუხედავად, მოსახლეობის ცხოვრების დონის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებლების მიხედვით არსებითი პროგრესი არ არის მიღწეული. ამ კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა სიღარიბისა და დასაქმების მაჩვენებლების მიხედვით. მოცემულ სტატიაში განხილულია, თუ რა იწვევს სიღარიბის პრობლემას საქართველოში, რამდენამ არის სიღარიბის მაჩვენებელი გაზრდილი და რა გზებია შემუშავებული ამ პრობლემის დასაძლევად.

Annotation

Poverty and economic inequality are one of the major problems of the modern world, the scale of which is growing more and more over time. Especially because of the pandemic, this problem is aggravated both in the world and in Georgia. Despite the high pace of globalization, the regions of the world differ significantly in terms of living standards. Despite numerous economic reforms in Georgia, substantial progress has not been made on the most important indicators of the living standards of the population. The situation in this regard is alarming in terms of poverty and employment rates. This article discusses what causes the problem of poverty in Georgia, how much the poverty rate has increased and what ways have been developed to overcome this problem.

სიღარიბის გამომწვევი მიზეზები

იუნისეფმა სიღარიბის ზრდის გამომწვევ მიზეზებად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება და ინფლაცია (სამომხმარებლო ფასების მატება – სურსათზე, ჯანდაცვაზე, ტრანსპორტზე და სხვა) დაასახელა. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ინფლაციური პროცესები უფრო მეტად აისახა დაბალშემოსავლიან ოჯახებზე, ვიდრე მაღალშემოსავლიან ოჯახებზე. 2017 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 6.7% იყო, რაც ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს – 4%-ს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. ხოლო 2020 წელს ინფლაცია 7.2%-მდე გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე, 3-ზე, ბევრად მაღალია. [1]

დღეს არსებული სიღარიბის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზები არსებობს, მათ შორის: ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობა,დაბალი ხელფასები,ინფლაცია, ოკუპირებული ტერიტორიები, მაღალი გადასახადები, თავისუფალი სავალუტო სისტემის არარსებობა და ა.შ. თუმცა სიღარიბის მთავარ პრობლემად ჩვენ შეგვიძლია უმუშევრობა განვიხილოთ, რომელიც განსაკუთრებით საქართველოში მწვავედაა გამოხატული. უმუშევრობა არის მდგომარეობა, როდესაც შრომისუნარიან ადამიანებს არ შეუძლიათ დასაქმება სტრუქტურული, სოციალური ან პოლიტიკური მიზეზების გამო. [6]

ბოლო წლებში სამუშაო ძალაზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირების ფონზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა უმუშევარი მოსახლეობის რაოდენობა, რამაც შემდგომ კიდევ უფრო ფართო მასშტაბები მიიღო. უმუშევრობა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, სპეციფიკური ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ბუნების მატარებელია. უმუშევრობა საქართველოში დიფერენცირებულია როგორც ქალაქსა და სოფელს შორის, ასევე ქვეყნის რეგიონების მიხედვით. ჩვენი აზრით, უმუშევრობის დაძლევისა და შესაბამისად სიღარიბის შერბილების მიმართულებით უმუშევრობის სოციალურ-პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა საქართველოში დიფერენცირებული უნდა იყოს რეგიონის სიდიდისა და სიმწვავის გათვალისწინებით. უმუშევრობის დონე მოცემულია ნახაზ 1-ზე.

ნახაზი 1: უმუშევრობის დონე საქართველოში, %,  2010-2020 წლები

წყარო: https://www.geostat.ge/ka

როგორც ნახაზი 1-დან ჩანს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი ქვეყანაში 17.6% იყო, რაც წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებული შედეგია, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, სადაც უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 6.7%-ია, თითქმის სამჯერ მაღალია. 2019 წელს, საქართველში 1.573 მილიონი ადამიანი იყო ეკონომიკურად აქტიური, მათგან 1.296 მილიონი დასაქმებული, ხოლო 277 ათასი უმუშევარი.  ყოველწლიურად დაუსაქმებელი ადამიანების რაოდენობა მცირდებოდა და ასე უნდა მომხდარიყო 2020 წელსაც, თუმცა კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ სულ სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა. საქსტატის მონაცემებით. 2020 წელს უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა და 18.3 პროცენტი შეადგინა. [2]

სიღარიბის პრობლემის სტატისტიკური ანალიზი საქართველოში

1997-2003 წლებში სიღარიბის დონე ზრდის ტენდენციით ხასიათდება, ხოლო ყველაზე მაღალი დონე 2003 წელს დაფიქსირდა. მოცემულ წლებში, ოფიციალური სტატისტიკით საქართველოს მოსახლეობის ნახევარი სიღარიბეში ცხოვრობდა, რაც ნათელ სურათს გვიქმნის იმ პერიოდის საქართველოს ცხოვრების დონეზე. 2005 წლის სტატისტიკური წელიწდეულის მიხედვით, 2004 წელს სიღარიბის დონე შემცირდა 2.5%-ით და შეადგინა 52.0%. 2006 წელს გამოცემულ სტატისტიკურ წელიწდეულში კი სიღარიბის დონის შესახებ გაჩნდა ახალი რიცხვები, რომლის მიხედვითაც 2004 წლის პირველივე კვარტალში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 32.8%. სიღარიბის დონე მედიანური მოხმარების 40%-ის მიმართ 2004-2012 წლებში 10.9%-დან 9.3%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალ მონაცემებს, 2019 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მოსახლეობის 19.5 იმყოფებოდა.  სოფლად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი  23.7 პროცენტი იყო, ქალაქში კი – 16.4 პროცენტი. ამასთან, უწყების ცნობით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 0.6 პროცენტით არის შემცირებული. 2018 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ საქართველოს მოსახლეობის 20.1 პროცენტი ცხოვრობდა. [2]

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მოსახლეობის 21.3 იმყოფებოდა, რაც გამოსახულია ნახაზ 2-ზე.

ნახაზი 2:

წყარო: https://www.geostat.ge/ka

როგორც ამ ნახაზიდან ჩანს, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 20.1% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით ცხოვრობდა. 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 21.9% იყო, ხოლო 2016 წელს 22%. აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, თუ რამდენ ადამიანს არ მიუწვდებოდა ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე. სოფელში სიღარიბეში 23.1% ცხოვრობს, ხოლო ქალაქში 18%. 2020 წელს სოფლად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი შარშან 27.5 პროცენტი იყო, ქალაქში კი – 17.1 პროცენტი. ამასთან, უწყების ცნობით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 1.8 პროცენტით არის გაზრდილი. 2019 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ საქართველოს მოსახლეობის 19.5 პროცენტი ცხოვრობდა.

სიღარიბის დონის გასარკვევად ასევე იყენებენ ფარდობით მაჩვენებლებს. ფარდობითი მაჩვენებლებით ირკვევა, ქვეყანაში საშუალო შემოსავლის მაჩვენებელთან შედარებით, მოსახლეობის რა ნაწილს აქვს 40 ან 60 პროცენტით ნაკლები შემოსავალი. აღნიშნული ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი მოცემულია ნახაზ 3-ზე.

ნახაზი 3:

წყარო: https://www.geostat.ge/ka

ნახაზი 3-დან ჩანს, რომ 2018 წელს, საშუალო შემოსავლის 60%-ზე ნაკლებს მოიხმარდა მოსახლეობის 20.5%, ხოლო 40%-ზე ნაკლებს 7.6%. 2017 წელს ეს მაჩვენებლები 22.3% და 8.5% იყო. 2019 წელს ეს მონაცემი კვლავ 20%-ს უტოლდება, ხოლო 2020 წელს ეს მაჩვენებელი ოდნავ კიდევ შემცირებულია.

 სიღარიბის დაძლევის გზები საქართველოში

როგორც უკვე ავღნიშნე, სიღარიბე ეს ნომერ პირველი პრობლემაა, რომლის აღმოსაფხვრელად საჭიროა დიდი ძალისხმევა და სწორი სტრატეგიები. საქართველოში სიღარიბის დაძლევის მრავალი სამთავრობო დოკუმენტი შეიქმნა, რომლებზედაც დიდძალი თანხები იხარჯებოდა, თუმცა სიღარიბის საერთო სურათი, როგორც დონის, ისე სიღრმისა და სიმწვავის მიხედვით რეალურად არც შეცვლილა.

2008 წელს მთავრობამ დაამტკიცა პროგრამა ,, ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე’’. პროექტი გულისხმობდა, დასაქმების შესაძლებლობების შექმნას, ეფექტურ შრომის კანონმდებლობაზე დაყრდნობით. 2011 წლის აპრილისთვის, საქართველოში 145 665 ოჯახი ყოველთვიურად ფინანსურ დახმარებას იღებდა. ასევე 2008 წელს შეიქმნა სამედიცინოს დაზღვევის პროგრამა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის. შედეგი შემდეგი იყო ამ წელს სიღარიბის მაჩვენებელი 23%_მდე შემცირდა.

ასევე ტურიზმის როლი საკმაოდ დიდია სიღარიბის დაძლევაში. სწორედ ტურიზმია  ის ეფექტური მექანიზმი, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლობას ეკონომიკური აქტივობისა და თვითდასაქმების შესაძლებლობებს. [1]

საქართველო არის ქვეყანა, რომლის რეგიონებსა თუ სოფელს აქვს უნიკალური მისთვის დამახასიათებელი ფოლკლორული კულტურა, რომელსაც აქვს უნარი იმის, რომ წარმატებულ ტურისტულ პროდუქტად იქცეს. აუცილებელია აღნიშნული მექანიზმის გამოყენება ჩვენს ქვეყანაში. შესაძლებელია ფინანსების არ ქონის გამო სრულიად ვერ მოხდეს მისი ადაპტირება, მაგრამ მისი გარკვეული დოზით განხორციელება გაზრდის რეგიონის კონკურენტუნარიანობას.

სიღარიბის შემცირება შესაძლებელია სოციალური ტრანსფერების (ფულადი დახმარებების) ზრდითაც, რომელსაც უფრო სწრაფი ეფექტი აქვს. მოსახლეობის ის ნაწილი ვინც სიღარიბეს ამ გზით (სოციალური დახმარებით) აღწევს თავს, რჩება მოწყვლად ჯგუფად და გაღარიბების რისკის ქვეშაა. ასევე მეტად მნიშვნელოვანია პენსია, რომელსაც სოციალური დატვირთვა აქვს და სოციალური დახმარების მსგავსად ხელს უწყობს სიღარიბის შემცირებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პენსიის სოციალური დახმარების ფუნქცია თანდათან ეკონომიკურით იცვლება. ამასთან, 2021 წლიდან ამოქმედდება პენსიების ინდექსაცია. [3]

სიღარიბის დაძლევა და უმუშევრობის შემცირება კორონავირუსის გავრცლებამდეც მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა. თუმცა, პრობლემა COVID-19-ის ზემოქმედების შედეგად კიდევ უფრო გამწვავდა, შესაბამისად, ახალი დღის წესრიგი მოითხოვს: შრომის ბაზრის პოლიტიკისა და პროგრამების განახლებას; მთავრობების პასიური და აქტიური საბაზრო პოლიტიკისა და პროგრამების გადასინჯვას; სოციალური დაცვის, განსაკუთრებით კი სოციალური დახმარების გაფართოებას; სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობას; ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებების შემუშვებას. [8]

საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიითა და ნავთობზე შემცირებული ფასებით გამოწვეულ საგრძნობ შენელებას განიცდის. ,,ეკონომიკურ გაჯანსაღებას საქართველო 2021 წელს გაზრდილი შიდა მოთხოვნითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ასევე საზღვარგარეთიდან აღდგენილი გადმორიცხვებით შეძლებს’’ – ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშში. თუმცა, საქართველოს ეკონომიკის ჩვეულ დინამიკაში დაბრუნება 2021 წელს 4.5%-იანი ზრდითაა მოსალოდნელი. “საქართველომ, როგორც წამყვანმა რეფორმატორმა,  უკვე გაატარა ზომები პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკის შესასუსტებლად, რაც სხვა ნაბიჯებთან ერთად, მოიცავს  ტურიზმის სექტორში ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების შეჩერებას, საბანკო-სასესხო რეგულაციების შემსუბუქებას და ინფრასტრუქტურაში გაზრდილ ხარჯვას,“ – განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა. [7]

დასკვნა

მაშასადამე  სიღარიბე ეს არის მდგომარეობა, როდესაც პიროვნება განიცდის როგორც ფინანსურ, ასევე მატერიალურ და სოციალურ ნაკლებობას. დღესდღეობით მსოფლიოში 3 მილიარდამდე ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში და ყოველდღიურად უწევთ, მიიღონ გადაწყვეტილება საკვებსა და გათბობას, წიგნებსა თუ ტანსაცმელს შორის. საქართველოში სიღარიბის პრობლემა განსაკუთრებულად გამწვავებულია. დღეს არსებული სიღარიბის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზები არსებობს, მათ შორის:
ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობა,დაბალი ხელფასები,ინფლაცია, ოკუპირებული ტერიტორიები, მაღალი გადასახადები, თავისუფალი სავალუტო სისტემის არარსებობა და ა.შ. თუმცა სიღარიბის მთავარ პრობლემად ჩვენ შეგვიძლია უმუშევრობა განვიხილოთ. ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და სიღარიბის დონის შესამცირებლად მთავრობამ მრავალი რეფორმა გაატარა, თუმცა ისევ და ისევ მწვავედ დგას ეს პრობლემა საქართელოში.

გამოყენებული ლიტერატურა

1. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა – – http://www.nplg.gov.ge/
2. საქსტატი – https://www.geostat.ge
3. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფერენციები – http://www.conferenceconomics.tsu.ge
4. მსოფლიო ბანკის ანგარიშები –  https://www.worldbank.org
5. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი – https://www.weforum.org
6. https://www.unicef.org
7. ფორბს საქართველო – „კოვიდ19-ის გავლენა ეკონომიკაზე. Forbes Georgia – “The impact of Covid19 on the economics of Georgia.” https://forbes.ge/saqarthvelos-ekonomika-ko/
8. ფორბს საქართველო – „უმუშევრობა, სიღარიბე, ინფლაცია – რას ამბობს NDI-ის კვლევა ქვეყნის ეკონომიკაზე“. Forbes Georgia – „unemployment, poverty,inflation – What does NDI’s research says about the economics of country”  https://forbes.ge/saqarthvelos-ekonomika-ko/