კორუფცია და ეკონომიკა
ავტორის სტილი დაცულია
ჯენი ოსიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
jeni.osiashvili092@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
კორუფცია ახალი მოვლენა არაა, იგი სათავეს შორეული წარსულიდან იღებს, თუმცა მიუხედავად ამდენხნიანი არსებობისა მისი განმარტება მეცნიერთათვის მაინც სადავო საკითხს წარმოადგენს. ყველაზე გავრცელებული განმარტების მიხედვით კორუფცია ესაა საჯარო სექტორში თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის გამოყენება პირადი სარგებლის მიღების მიზნით, იქნება ეს მონეტარული თუ სხვა სახის. კორუფციას თითქმის ყველა დარგზე ახდენს გავლენას და როგორც წესი ეს გავლენა ნეგატიურია. მოცემულ სტატიაში განხილულია დამოკიდებულება კორუფციასა და ეკონომიკას შორის, კორუფციასთან დაკავშირებული ინდექსები და მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, პოზიცია ამ მაჩვენებლების მიხედვით. ასევე, სტატიაში საუბარია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე.
Annotation
Corruption is not a new phenomenon, it originates from the distant past, however, despite its existence for so long, its definition is still controversial for scientists. According to the most common definition, corruption is the use of a position by a public sector official for personal gain, whether monetary or otherwise. Corruption affects almost every sector and usually this impact is negative. This article discusses the relationship between corruption and the economy, corruption-related indices and the position of various countries in the world, including Georgia, according to these indicators. The article also discusses methods of combating corruption.
კორუფცია და ეკონომიკა
როგორც ვიცით, კორუფცია გარკვეულწილად ყველა დარგზე ზემოქმედებს, მათ შორის ეკონომიკაზეც. ეკონომიკურ ლიტერატურაში გამოყოფენ 2 ტიპის თეორის, რომელიც აღწერს იმას თუ როგორ ახდენს გავლენას კორუფცია ეკონომიკურ ზრდაზე. „grease the wheels” ჰიპოთეზა ამბობს, რომ კორუფცია ზრდის ეკონომიკურ ზრდას, ვინაიდან ის გვერდს უვლის არაეფექტურ რეგულაციებს, ხოლო „sand the Wheels“ ჰიპოთეზა კი ამტკიცებს, რომ კორუფცია ამცირებს ეკონომიკურ ზრდას, ვინაიდან ის ხელს უშლის ეფექტურ წარმოებას და ინოვაციებს. ეკონომისტთა უმრავლესობა ემხრობა ამ უკანასკნელს, ვინაიდან ემპირიული მტკიცებულებებიც სწორედ ამაზე მეტყველებენ. მათ მიაჩნიათ, რომ კორუფცია მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც ზღუდავს ცალკეული ინდივიდის კეთილდღეობას და ქვეყნის მისწრაფებას ინკლუზიური განვითარებისკენ. კორუფცია ამცირებს ინვესტიციებს და ანელებს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას, რაც განპირობებულია შემდეგი მიზეზებით: [1]
- გადახდილი ქრთამების შესახებ არცერთი მხარე არ ადგენს ანგარიშგებას, შესაბამისად იკარგება გადასახადები, რომელიც კორუფციის არ არსებობისას უნდა გადახდილიყო. ძირითადად, ამ ქრთამების უკან დგას ბიზნეს ტრანზაქციების დამალვა.
- საჯარო სერვისები ორიენტირებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ქრთამს იხდიან, შედეგად სერვისები არათანაბრად ნაწილდება ქრთამის გადამხდელებსა და არაგადამხდელებს შორის.
- სერვისის მიმწოდებლები ქრთამის საშუალებით ახერხებენ დაწესებული სტანდარტებისთვის თავის არიდებას და მომხმარებელს სთავაზობენ უფრო დაბალი სტანდერტების მქონე საქონელსა და მომსახურებას. ეს კი ეკონომიკას საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს.
- ეკონომიკური თვალსაზრისით, კორუფცია ტრანზაქციებს ირაციონალურს ხდის,რაც გამოიხატება იმაში რომ კონტრაქტს იგებს ის ინდივიდი, რომელიც უფრო დიდ ქრთამს იღებს და არ ის ვინც მომხმარებელს დაბალ ფასსა და მაღალ ხარისხს სთავაზობს. [2]
კორუფცია ეკონომიკურ ზრდას განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში ამცირებს, სადაც ინვესტიციების დონე და მმართველობის ხარისხი დაბალია. კვლევები გვიჩვენებენ,რომ კორუფცია უარყოფით დამოკიდებულებაშია ეკონომიკურ ზრდასთან. GDP ერთ სულ მოსახლეზე შემცირდა 17 პროცენტით გრძელვადიან პერსპექტივაში, მაშინ როდესაც პირიქით CPI გაიზარდა ერთი სტანდარტული გადახრით. [3]
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კორუფცია არასახარბიელო ეკონომიკურ გარემოს ქმნის, აქედან გამომდინარე აუცილებელია მის აღმოსაფხვრელად გარკვეული ღონისძიებების გატარება. თუმცა, აუცილებელია იმის განსაზღვრაც მომგებიანი იქნება თუ არა ეკონომიკისთვის კორუფციის მთლიანად აღმოფხვრა, ამის დასადგენად ერთმანეთს უნდა შევადაროთ კორუფციული დანაკარგები და დანახარჯები, რომლებიც გაწეულია მის აღმოფხვრაზე. ეკონომიკური თვალსაზრისით, კორუფციის აღმოსაფხვრელად დანახარჯების გაწევა მანამ უნდა გაგრძელდეს სანამ კორუფციის აღმოფხვრის ეკონომიკური შედეგები მეტი არ იქნება დანახარჯებზე. მაშასადამე, კორუფციის ოპტიმალური დონე მიიღწევა მაშინ, როდესაც მის აღმოფხვრაზე გაწეული დანახარჯენი გაუტოლდება მიღებულ შედეგს.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ კორუფცია გავლენას ახდენს შემოსავლების განაწილებაზე, სიღარიბეზე, ინვესტიციებსა და განათლებაზე. ის ზემოქმედებს ხელისუფლების ისეთ ტრადიციულ ფუნქციებზე, როგორებიცაა რესურსების განაწილება, ეკონომიკის სტაბილურობა და შემოსავლების რედისტრიბუცია . ქვეყნის კორუფციის ინდექსის გაუარესება ერთი სტანდარტული გადახრით(2.52 ქულა შკალაზე 0-10) იწვევს ჯინის კოეფიციენტის ზრდას 4.4 ქულით. [4]
კორუფციის გამო ფირმები ხშირად კარგავენ მოგებას, აქედან გამომდინარე ინდივიდებს არ აქვთ ბიზნესის წამოწყების სტიმული, ხოლო მოქმედ მეწარმეებს კი ბიზნესის გაფართოების. მათ შესაძლოა არსებული დანაზოგები არაფორმალურ სექტორში გადაიტანონ.
კორუფციის გაზომვის მათემატიკურად ზუსტი მეთოდი არ არსებობს, თუმცა მის გასაზომად შემქნილი ინდექსები გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნიან ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე. ასეთი ინდექსებია: ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსი, კორუფციის აღქმნის ინდექსი, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი და ა.შ ამ თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისთვის არც თუ ისე მიმზიდველია.
ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსი
ყოველწლიურად, ორგანიზაცია Trace International აქვეყნებს ბიზნესის კორუფციის რისკის შესახებ მაჩვენებელს ე.წ ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსს. ამ ეტაპზე 2021 წლის მაჩვენებელი არ გამოქვეყნებულა, ამიტომ 2020 წლის მონაცემებით შემოვიფარგლებით. 2020 წელს ორგანიზაციამ 194 ქვეყანა 100 ქულიანი სისტემით შეაფასა, სადაც 100 ქულა კორუფციის მაღალ, ხოლო 0 ქულა კი კორუფციის დაბალ რისკზე მიუთითებს. აღნიშნული მონაცემების მიხედვით საქართველომ 28-ე ადგილი დაიკავა, ბიზნესის კორუფციის რისკის 25 ქულით. Trace International-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებზე დაკვირვებით, ჩანს , რომ ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში, ბიზნესის კორუფციის რისკი იმატებს. 2020 წელს აღნიშნული რისკის 1 ქულით შემცირების მიუხედავად, საერთაშორისო რეიტინგში საქართველომ მაინც ერთი ადგილით უკან გადაინაცვლა. როგორც გრაფიკიდან ვხედავთ, 2017 წელთან შედარებით 2018 წელს მდგომარეობა გაუარესებულია, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელი კი 2018 წლის იდენტურია. [5]
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) [5]
ქვეყნის რისკის საერთო ქულა გაინგარიშება 4 დარგის კომბინირებული და შეწონილი მაჩვენებლის საფუძველზე. შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებელი კორუფციის რისკის ბუნებას ოთხი მიმართულებით შეისწავლის, ესენია:
- კორუფციის შესაძლებლობის რისკი, რომელშიც იგულისხმება ბიზნესის ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ხელისუფლებისთვის ქრთამის გადახდის მოლოდინი და რეგულირების ტვირთი. ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით 17 ქულა აქვს.
- კორუფციული რისკების აღკვეთა, რომელშიც იგულისხმება ხელისუფლების მხრიდან ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება და საზოგადოების დამოუკიდებლობა კორუფციისადმი. საქართველოს ამ მიმართულებით 39 ქულა აქვს.
- გამჭირვალობა, რომელშიც იგულისხმება ხელისუფლების მმართველობითი ფუნქციის ღიაობის ხარისხი, სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობა. საქართველოს ამ მიმართულებით 26 ქულა აქვს მინიჭებული.
- ზედამხედველობა, რომელშიც მოიაზრება მედიის ხარისხი და მისი თავისუფლება, ასევე საზოგადოების ჩართულობა. საქართველოს ამ მიმართულებით 28 ქულა აქვს.
უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო დონეზე ბიზნესის კორუფციის რისკის მაჩვენებლის მიხედვით პირველ ადგილზეა დანია, ხოლო ბოლო 194-ე ადგილზე კი ჩრდილოეთ კორეაში.
კორუფციის აღქმის ინდექსი
კორუფციის აღქმნის ინდექსი 1995 წლიდან ქვეყნდება, თუმცა 2012 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევადაროთ სხვადასხვა წლის მონაცემები. აღნიშნული ინდექსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული მათგანი ცალკეულ ქვეყნებში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.
ყოველწლიურად, საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აქვეყნებს კორუფციის აღმქის ინდექსს. ჯერ-ჯერობით 2021 წლის მაჩვენებელი არ გამოქვეყნებულა, აქედან გამომდინარე ვისაუბრებთ 2020 წლის მაჩვენებელზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც შეფასებულია საჯარო სექტორში კორუფციის დონე მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.
2020 წლის რეიტინგი 13 სხვადასხვა სახის გამოკითვაზეა დამყარებული. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ დონეს აღნიშნავს, ხოლო 0 ქულა კი ყველაზე მაღალს. 2020 წლის რეიტინგში საქართველო 56 ქულით 45-ე ადგილს იკავებს. მისი შეფასება წინა წლის ანალოგიურია, ხოლო პოზიცია კი 1 საფეხურით გაუარესებული. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში ითვლება კორუფციისგან ყველაზე სუფთა ქვეყანად. [6]
2020 წლის ინდექსში საქართველოს ქულა ემყარება შემდეგი სახის კვლვევებს:
- ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი
- მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი
- „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკების რეიტინგი
- „ფრიდონ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა
- პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“ [7]
ზემოთ ხსენებულ ანგარიშში საუბარია იმ ფაქტზეც, რომ 2012 წლის შემდგომ, ინდექსში საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ბოლო წლებია ანტიკორუფციული თვალსაზრისით სტაგნაციას განიცდის.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა [8]
სამწუხაროდ, წლევანდელი კორუფციის აღქმნის ინდექსი მთელს მსოფლიოში კორუფციის მდგომარეობის საშინელ სურათს წარმოადგენს. წინა წლების მსგავსად, ახლაც ქვეყნების 2/3-ზე მეტს 50-ზე დაბალი ქულა აქვს კორუფციის აღქმნის ინდექსში, საშუალო მაჩვენებელი კი 43-ია. მონაცემები გვიჩვენებს, რომ გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ქვეყნების უმეტესობა ვერ ახერხებს კორუფციის ეფექტურად მოგვარებას. [9]
ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყნების ხუთეულში შედის: დანია(88 ქულა), ფინეთი, ახალი ზელანდია, შვედეთი და სინგაპური, ხოლო მსოფლიოში ყველაზე აღიარებული კორუმპირებული ქვეყნებია სომალი და სამხრეთ სუდანი, მათ მინიჭებული აქვთ 12-12 ქულა. 2020 წელს ყველაზე დიდი წინსვლა მალდივებს ჰქონდა, ის 14 პოზოციით დაწინაურდა და ამჟამად 75-ე ადგილზე იმყოფება. [10]
კორუფციასთან ბრძოლის მეთოდები
ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარება ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ნორმალურ, შეუფერხებელ ფუნქციონირებას. აუცილებელია კორუფციის წარმომშობი მიზეზების აღმოფხვრა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს მიეკუთვნება:
- საკანონმდებლო ცვლილება, რაც გულისხმობს კანონებისა და მათი შესრულების გამკაცრებას.
- ფინანსური კონტროლი (აუდიტი)
- სახელმწიფო მოხელეთა ხელფასების ზრდა
- სრულყოფილი საბაზრო მექანიზმის შექმნა
- ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის გაუმჯობესება
- ისეთი მაკრო კლიმატის შემქნა, რომელიც აღმოფხვრის კორუფციის წარმომშობ მიზეზებს
- დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება და სხვ.
დასკვნა
საბოლოოდ, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორუფცია ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ ძლიერ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც წარმოშობს არაერთ ნეგატიურ მოვლენას. ის უარყოფითად აისახება მთელს ინდუსტრიაზე, ასევე ქვეყანას უქმნის ნეგატიურ იმიჯს, როგორც მისი მოქალაქებიის ასევე, სხვა ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორების თვალში. ასევე, კორუფციასთან დაკავშირებული ინდექსები ნათლად გვიჩვინებენ ქვეყნის მდგომარეობას ამ თვალსაზრისით. კორუფციის ასეთი დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნებისმიერი ქვეყნის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს მისი სრულყოფილად აღმოფხვრა.
გამოყენებული ლიტერატურა:
- https://www.jstor.org/stable/30026673
- https://gipa.ge/res/docs/20181003202005%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D.pdf
- https://www.econstor.eu/bitstream/10419/213586/1/167566210X.pdf
- https://www.imf.org/external/pubs/ft/wp/wp9876.pdf
- https://idfi.ge/en/business_bribery_risk_index_2020
- https://www.radiotavisupleba.ge/a/31073466.html
- https://netgazeti.ge/news/514789/
- https://www.transparency.ge/en/post/corruption-perceptions-index-2020-main-problems-georgias-anti-corruption-policy-remain
- https://www.transparency.org/en/news/cpi-2020-global-highlights
- https://forbes.ge/blogs/saqarthvelo-koruphtsiis-donis-reitingshi/