შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება და ძირითადი გამოწვევები საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

თეა ჭაღალიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი
Chagalidzetiko@gmail.com  

ანოტაცია

თანამედროვე საზოგადოების მიზანია ნებისმიერი ადამიანისთვის განვითარების, თვით­­რეალიზების თანაბარი პირობების შექმნა. მათ შორის მნიშვნელოვანია სპე­ცი­ა­ლუ­რი საჭიროების მქონე პირების მაქსიმალური ინტეგრირება და ჩართულობა  საზო­გადო­ე­ბა­ში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ თუ კულტურულ პროცესებში. შეზ­ღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან ადამიანები, რომლებსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად მოშლის გამო, დარღვეული აქვთ ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქცია, რასაც იგი მიჰყავს ქმედითუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვასა და სოციალური დაცვის საჭი­როებამდე. ამიტომ,  მნიშვნელოვანია, ჯანსაღმა საზოგადოებამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს არ აგრძნობინოს თავი უსარგებლოდ და დაეხმაროს იმ ნიჭის აღმოჩენაში, რომელიც მათ აქვთ. ამის დახმარებით ისინი გახდებიან უფრო აქტიურები ყოველდღიურ ცხოვრებაში.  უნდა ითქვას, რომ, როდესაც ადამიანი თავს გრძნობს განსხავავებულად, მისთვის რთუ­ლია დაძლიოს მის წინაშე წარმოქმნილი ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ინტეგრაციას და არ აძლევს საშუალებას მას, განვითარდეს. და ბოლოს, ყველას აქვს განათლების მიღების, დასაქმების და ყველა სოციალურ აქტივობაში ჩართვის უფლება.

Annotation

The goal of modern society is to create equal conditions for development and self-realization for any person. Among them, it is important to maximize the integration and involvement of people with special needs in the current political, socio-economic or cultural processes in society. People with disabilities are people who, due to illness, trauma, mental or physical disability, are more or less disrupted by vital functions of the body, which leads them to temporary or permanent disability and social protection needs. Therefore, it is important that a healthy society does not make people with disabilities feel useless and helps them discover the talents they have. With the help of this, they will become more active in their daily life. It must be said, that when a person feels himself different, it is difficult to overcome the barriers that arise in front of him, which disturb the integration and do not allow him to develop. And finally, everyone has the right to get an education, to be employed and to participate in all social activities!

ზოგადი მიმოხილვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების შესახებ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2020 წლის მონაცემებით 1 მლრდ-ზე მეტი ა­და­­მიანი ცხოვრობს გარკვეული ფორმის შეზღუდული შესაძლებლობებით, რაც მსოფ­ლი­ო მოსახლოების დაახლოებით 15 %-ია. „შეზღუ­დუ­ლი შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს 2006 წლის კონვენციის მი­ხედ­ვით გაეროს წევრი ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, უზრუნველყონ და ხელი შეუწ­ყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებების და ძირი­თად თავისუფლებათა სრულ რეალიზებას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დის­კრი­მი­ნაციის გარეშე.[6]

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, მწვავე პრობლემაა შეზღუდული შესაძ­ლებ­ლო­ბების მქონე პირთა შრომის უფლებების რეალიზაცია. 2020 წლის მონაცემით, საჯარო სამსახურში დასაქმებული 39 392 ადამიანიდან შეზ­ღუ­­დული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა შეად­გენს მხოლოდ 51-ს.

იმისათვის, რომ სახელმწიფო ძლიერი იყოს, მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ასეთი ნაბიჯები მოქალაქეებს უფრო მეტად გააერთიანებს და დააახლოებს. აღსანიშნავია, რომ დასავლური, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის მისწრაფებების გავლენით, დღეს მეტი აქცენტი კეთდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დაფინანსებაზე, მათთვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნაზე. სახელ­მწი­ფო ცდილობს სხვადასხვა პროექტების საფუძველზე შეცვალოს მიდგომები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ. ეს გულისხმობს მათ ჩართულო-ბას ამა თუ იმ სფეროში, შესაძლებლობას, – იყვნენ მაქსიმალურად ხელ­შეწ­ყობილნი, რომ მიიღონ სრულყოფილი და მათი სურვილის შესაბამისი განათლება, ჰქონ­დეთ მეტი შანსი, რომ დასაქმდნენ სხვადასხვა საწარმოებსა თუ დაწესებულებაში და ა.შ.

შშმ პირთა დასაქმების მხარდამჭერი მომსახურების განვითარება „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამას“ უკავშირდება, რომლის განხორციელება საქართველოში 2016 წლიდან დაიწყო. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმების მხარდამჭერი მომსახურების განვითარება „მოწყვლადი დაბალკონკურენტიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექნიზმების შემუშავება და დანერგვა“ ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ქვეპროგრამა ორი კომპონენტისგან შედგება:

(ა) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირება;

(ბ) სამუშაო ადგილების ადაპტირებისა და შრომის ანაზღაურების სუბსიდირება. მოცემულ პროგრამას ახორციელებს სოციალური მომსახურების სააგენტო. [7]

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია რიცხვითი მაჩვენებლები ამ თემასთან დაკავშირებით. დიაგრამაზე ნაჩვენებია საჯარო სამსახურში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა 2020 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით. სტატისტიკიდან ჩანს, რომ 51 ადამიანიდან ყველაზე მეტი (25 ადამიანი) დასაქმებულია ადგილობრივ თვითმართველობაში მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტში, საქართველოს  მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობა 0-ის ტოლია.  

 დიაგრამა 1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა საჯარო სამსახურში  2020 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით

წყარო: http://www.csb.gov.ge/media/3170/9654.pdf   

თუმცა სხვა ქვეყნის, მაგალითად გერმანიის მაგალითი რომ ავიღოთ, მათ შეზღუდული შესაძლებლობის ძლიერ მხარედ გამოყენება შეძლეს. „აღმომჩენი ხელების“ სახელით ცნობილი საქმიანობა ძირითადად განკუთვნილია მხედვე­ლობის დარღვევის მქონე პირებისათვის. როგორც ვიცით, მსგავს ადამიანებს შეხებითი ფუნქცია აქვთ უფრო მეტად განვითარებული. სწორედ ეს ფუნქციაა გამოყენებული გარკვეული დაავა­დებების ადრეული გამოკვლევისათვის. გერმანიაში ასევე ფუნქცი­ო­ნი­რებს 28 პროფესიული ტრენინგ-ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირე­ბი­სათ­ვის. ცენტრები სთავა­ზობენ შემდეგ სერვისებს: ინფორმაციის მიწოდება, შეფასება, ტრენინგი და სამუშაოს მოძებნაში მხარდაჭერა.[2]

და ბოლოს,  აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სამოქალაქო განვითარებასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აფუძნებენ. ისინი ცდილობენ, დაიცვან თავიანთი უფლებები და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირების ინტეგრაციის პროცესს. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის”, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ადვოკატების უზრუნველყოფა  საჯარო მომსახურების სფეროში.

დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოში

საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია  შრომის ბაზა­რი. შრომის ბაზრის გამართულად ფუნქციონირება ხელს უწყობს მეცნიერულ-ტექ­ნოლო­გი­უ­რი­ პროგრესის დაჩქარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. იგი ერთმა­ნეთ­თან აკავშირებს და ათანხმებს დამქირევებლებსა და დაქირავებულებს. ერთის მხრივ, დაქირავე­ბუ­ლ­მა უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, მეორე მხრივ, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთო, სამართლიანი სამუშაო გარემო.

დასაქმება რთული სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული და ფსიქოლო­გი­ური მოვლენაა, რომელიც დაკავშირებულია შემო­სავ­ლის მიღების მიზნით საზო­გა­დო­ებ­რი­ვად სასარგებლო საქმიანობაში ადამიანების მონა­წი­ლე­ობასთან. მისი მრავალი განმარ­ტე­­ბიდან განვიხილოთ შრომის საერთაშორისო ორგა­ნი­ზა­ციის მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც „დასაქმებულია 15 წლის და უფროსი ასაკის პი­რი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის­ გან­მავ­ლო­ბაში მუშაობდა სულ მცირე ერ­თი საათი მაინც, შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მი­ღების მიზნით ან ეხმარებოდა უსასყიდლოდ შინამე­ურ­ნე­ობის სხვა წევრებს“.  

ახლა კი უშუალოდ განვიხილოთ დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკა. ნებისმიერ ქვე­ყანაში დასაქმების სახელმწიფო სამსახურს ეკისრება მოსახლეობის სოციალურ-ეკონო­მი­კური გარანტიების უზრუნველყოფა სახელმწოფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახ­სრე­ბით, რაც დადგენილია ქვეყნის კანონმდებლობით. მისი  ფუნქციებია:

  • უმუშევართა აღრიცხვა მათი მიმართვის შემთხვევაში;
  • რეგისტირებულ უმუშევართა დიფერენციაცია სხვადასხვა კრიტერიუმით;
  • ვაკანსიების აღრიცხვა;
  • უმუშევათრთა უფასო მომსახურება ვაკანსიების მოძიებით, შრომითი მოწყობით, პროფესიული გადამზადებით;
  • შრომის ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და პროგნოზი;     
  • შრომის ბაზრის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება.[4]

არაერთი კვლევა ჩატარებულა,რომელთა მიზანსაც წარმოადგენდა შეზღუდული შე­საძ­ლებლობების მქონე პირთა დასაქმებასთან დაკავშირებით დამსაქმებელთა თუ  სა­ზო­გა­დოების  დამოკიდებულებისა და შეხედულებების გამოკვეთა. მეც გამოვიყენე რაოდენობრივი კვლევის მეთოდი.თუმცმა ჩემი კვლევის სა­მიზ­ნე ჯგუფს  უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ის პირები წარ­მო­ად­გენ­დნენ, რომელთაც ჰქონდათ ფიზიკური გადაადგილების, სენსორული, ინტე­ლექ­ტუა­ლუ­რი  ან ფსიქიკური პრობლემები. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 12-მა ადამიანმა (6 მა­მა­კაცი, 6 ქალბატონი) . ხოლო ასაკის მიხედვით 4 ადამიანი (33,3%) იყო 16-29 წლის, ხო­ლო 8 (66,7%) – 30-59 ასაკობრივ ჯგუფში. კითხვაზე – იყვნენ თუ არა დასაქმებულნი და თუ არა, რა იყო მისი მიზეზი, პასუხი დააფიქსირა 11 რეს­პო­დენ­ტმა, საიდანაც ირკვევა, რომ 2 ადამიანი დასაქმებულია საკუთარი პროფესიით, ხოლო 2 და­საქ­მებულია სხვა სფეროში. დანარჩენებმა კი, დააფიქსირეს უმუ­შევ­რობის რამდენიმე მიზეზი. (იხილეთ დიაგრამა2.)

დიაგრამა 2. კვლევაში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება და ძი­რი­­­თადი გამოწვევები საქართველოში“ რესპოდენტთა პასუხები მათი დასაქმების სტატუსის შესა­ხებ, 2021 წლის 19 ივნისი

წყარო: https://docs.google.com/forms/d/1CYo6L88sbkE3Nxc1oAC5ALY6S8wK6qMBoOC8zG1WCy8

ასევე სამწუხარო შედეგი მივიღე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პროგრამასთან დაკავშირებით. 11 გამოკითხულიდან მხოლოდ 2-მა ისარგებლა ამ პროგრამით. 3-მა დააფიქსირა, რომ ვერ დაეხმარა პროგრამა, ხოლო 6 რესპოდენტს არც კი სმენია ამის შესახებ.  თუმცა, ამავე კვლევიდან გამოიკვეთა, რომ დასაქმებულების სამუ­შაო ადგილი არის სრულიად ან ნაწილობრივ მა­ინც ადაპტირებული. კვლევა, რა თქმა უნ­და, ეხებოდა სტერეოტიპებსაც. რესპოდენტებს უნდა დაეწერათ თუ რა სახის სტე­რე­ო­ტი­პები ხვდებოდათ სამუშაო სივრცეში და მათი პასუხები რომ განვაზოგადოთ, ძი­რითადად თანამშრომლების მიერ იგრძნობოდა სიბრალული, ასევე უკვირდათ თუ რო­გორ ასრუ­ლებ­დნენ დამოუკიდებლად სამუშაოს, როგორ ახერხებდნენ ტრანსპორ­ტი­რე­ბას, ან უვლიდნენ შვილებს, როგორ მუშაობდა მცირედმხედველი კომპიუტერთან და სხვა.

საქართველოს შრომის კოდექსის მეორე მუხლის მესამე ქვეპუნქტის მიხედვით-

„შრო­­მით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულების გამო“.(3)  თუმცა, სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა დისკრიმინაცია რეა­ლუ­რად მაინც ხდება.

ბარიერები მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების მიმართულებით

გარემო ჯანსაღია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები თანასწორი უფლებებით სარგებლობენ. გაეროს შეზ­ღუ­­დული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის 27-ე მუხლით განისაზღვრა, რომ შეზ­ღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს თანაბარ პირობებში დისკრიმინაციის გა­რე­შე დასაქმების უფლება. მიუხედავად ამისა, სამუშაოს ძიების პროცესში შეზღუდული შე­საძ­ლებლობების მქონე  პირები სხვადასხვა ტიპის ბარიერებს, სამწუხაროდ, მაინც აწყდე­ბიან. ესენია: დამსაქმებლის სტერეოტიპული, დისკრიმინაციული დამოკიდებულება, მიმღებლობის დონე, სამუშაო ადგილების ადაპტირება, შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მიმართ სტერეოტიპების არსებობა, საკანონმდებლო დონეზე არსებული სირთულეები.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დასაქმება – ეს არის ადაპტაციის გზა. დასაქმების ადგილზე არიან ადამიანები, ვისთან ურთიერთობაც ეხმარებათ მათ ინტეგრაციისა და რესოციალიზაციის პროცესში, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი სტერეოტიპულად აზროვნებს. ამ შემთვევაში იკვეთება როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური  დისკიმი­ნა­ცი­ის ფორმა. პოზიტიურია, როდესაც თანამშრომლები ცდილობენ მუშაობის პროცესში დაეხმარონ ან მათი საქმე შეითავსონ, ხოლო ნეგატიურის შემთხვე­ვაში კოლეგები აპრო­ტეს­ტებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების იქ ყოფნას, რადგან ფიქრობენ რომ შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვთ. [1]

ვფიქრობ, ჯერ კიდევ არ არის საზოგადოება მზად, რომ მიიღოს ისინი სამუშაო ადგილზე, თავის მხრივ, არც შეზღუდული შესაძლებ­ლო­ბების მქონე პირები თვლიან თავს ქართულ საზოგა­დოებაში ინტეგრირებულად. მათი უმ­რავ­­ლესობა მოკლებულია თვითრე­ალი­ზე­ბი­სა და სრულ­ფა­სო­ვანი ცხოვრების შესაძ­ლებ­ლობებს, აქვთ ნაკლები ურთიერთობა თანამ­შრომლებთან. ამის გამო მათ, ხშირ შემთხვევაში, უწევთ სამსახუ­რის დატოვება.

საბოლოოდ, მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ნელ-ნელა საზოგადოების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დამოკიდებულებები, განწყო­ბები იცვლება. ეს შედეგი ძირითადად მი­იღება იმ ადამიანების მხრიდან,  რომლებსაც აქვთ ურთიერთობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან სკო­ლა­ში, უნი­ვერ­სი­ტეტში, სამსახურში და ა.შ. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ხელმი­საწ­ვდო­მო­ბასთან ერთად მნიშვნელოვანია ურთიერთობა, რათა მოხდეს სტერეოტიპების დამ­სხვრე­ვა, რომ ასეთი ადამიანები უუნაროები არ არიან.   ვფიქრობ, რომ შეზღუდული შესაძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქონე პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ იყოს აქტიური მოქალაქე არის საკუთარ თავთან დიდი ბრძოლის შედეგი და საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს მათ არჩევანს.

დასკვნა

დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება მნიშვნელოვანი  გამოწვევაა საქართველოში. არსებული რეგულაციების, შრომის კოდექსის და კვლევების საფუძველზე დასტურდება, რომ უამრავი პრობლემის წინაშე დგას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების საკითხი. დამაბ­რკოლებელ ფაქტორებს ძირითადად უკავშირდება: გაუმართავი საკანონმდებლო ბაზა, არაადაპტირებული და მადისკრიმინირებელი გარემო, ინკლუზიური განათლების ჩავარდნა, საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე, შეზღუდული შესაძლებ­ლო­ბების მქონე პირთა უნარებსა და გამოცდილებაზე გავრცელებული სტიგმა და სტერეოტიპული აზროვნება როგორც დამსაქმებელთა, ასევე საზოგადოების მხრიდან.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ საზოგადებაში გავრცელებულ დამოკიდებულებად ითვლება: თავის არიდება, სიბრალული, გარიყვა, იზოლაცია, გადაჭარბებული დაცვა, ხშირად დაცვინვა და აგრესია. როგორც ზემოთ აღვნიშნე საზოგადოების ამდაგვარი დამოკიდებულება უკიდურესად უარყოფითად აისახება მათ ფსიქიკურ და სულიერ მდგომარეობაზე. ყველა ის სირთულე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები უპირისპირდებიან, შედეგია იმ დამოკი­დე­ბულებისა, რომელიც საზოგადოებას შეზღუდულობის მიმართ აქვთ.  ამიტომ ვფიქ­რობ, უმნიშვნელოვანესი საკითხია  გარემოს ადაპტირება და საზოგადოების ცნო­ბიერების ამაღლებაზე ზრუნვა. ადაპტირებული გარემო ავტომატურად გამოიწვევს უფრო მეტი გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირის ქუჩაში გამოსვლას და მათ სო­ცი­ლი­ზაციას. შესაბამისად, საზოგადოებასაც მათთან უფრო ხშირად ექნება კონტაქტი და ამით უფრო მე­ტად გაიზრდება საზოგადოების ცნობიერება შეზღუდული შესაძლებ­ლო­ბე­ბის მქონე პირთა შესახებ. სავალდებულოა  ასევე შეზღული შესაძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქონე პირების მშობ­ლების ცნობიერების ამაღლებაც, რათა ხელი შეუწყონ შვილების დამოუკიდებლო­ბას. სწორედ ჩვენ, საზოგადოებას, სახელმწიფოს, შეგვწევს ძალა, რომ დავეხმაროთ მათ, გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგ­რაციის ბარიერები ქართულ საზოგადოებაში“, (ბ. დარსალია, 2017, თსუ, თბილისი)
  2.  „შეზღუდული შესაძ­ლე­ბ­ლობების მქონე პირების დასაქმება“,(მ.ზაქარეიშვილი, ლ.ბარაბაძე, ვ. მიდელაური,2015, თბილისი)
  3. საქართველოს შრომის კოდექსი
  4. სოციალური პოლიტიკა (მ. შელია, 2020, თსუ, თბილისი)
  5.  Employment, Social Affairs & Inclusion PES approaches for   sustainable activation of people with disabilities (Scharle A. 2013, European Commission)
  6. matsne.gov.ge/ka/document/view/2334289?publication=0&scroll=100
  7. http://gov.ge/files/439_57125_293451_333.pdf
  8. https://idfi.ge/ge/emplyment_of_pwds_in_georgia  
  9. https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/disability-and-health