საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობები

ავტორის სტილი დაცულია

თიკო დალაქიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
tikodalaqishvili@gmail.com

ანოტაცია

დღეს, გლობალიზაციისა და მსოფლიო ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესების პარალელურად, მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების არსისა და თავისებურებების შესწავლა.
საგარეო ვაჭრობა ექსპორტ-იმპორტის წესით, ეს არის  ქვეყნებს შორის საქონლის ურთიერთგაცვლა, ურთიერთხელსაყრელ პირობებში. საგარეო ვაჭრობის მიმდინარეობა და განვითარების პერსპექტივები დამოკიდებულია არა მხოლოდ ქვეყნის შიდა ეკონომიკურ პოლიტიკაზე, არამედ მსოფლიოს წამყვანი სავაჭრო ქვეყნების საგარეო პოლიტიკურ-ეკონომიკურ კურსზე და შესაბამისად, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ევროპის ქვეყნებთან მჭიდრო, ურთიერთსასარგებლო პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება. იმისათვის,რომ ქვეყანამ თავი დააღწიოს უარყოფით სავაჭრო სალდოს, ანუ დეფიციტს, მიზანშეწონილია სამამულო პროდუქციის საშინაო და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამით მასზე საშინაო და საგარეო მოთხოვნის ზრდა.

Annotation

Today, in parallel with the processes of globalization and world economic integration, it is important to study the essence and peculiarities of Georgia’s foreign trade relations.
Foreign trade in the form of export-import, it is the exchange of goods between countries, on mutually beneficial terms. The current state and prospects of foreign trade depend not only on the domestic economic policy of the country, but also on the foreign policy-economic course of the world’s leading trading countries and, consequently, on the decisions made by them.
The main goal of Georgia’s foreign policy is to establish close, mutually beneficial partnerships with European countries. In order for the country to get rid of the negative trade balance, or deficit, it is advisable to increase the domestic and international competitiveness of domestic products and thus increase domestic and foreign demand for it.

საგარეო ვაჭრობის არსი და თავისებურებანი

ვაჭრობა ერთგვარი ქუჩაა ორმხრივი მოძრაობით. ქვეყნებს არ შეუძლიათ უსასრულოდ აიღონ სესხი ან გაყიდონ აქტივები,რათა იმპორტის გადახდა უზრუნველყონ.იმისათვის, რომ გვქონდეს იმპორტირების შესაძლებლობა, ქვეყანამ უნდა განახორციელოს ექსპორტი.

წარმოების ინტერნაციონალიზაცია, შრომის საერთაშორისო დანაწილება და ინტეგრაციულ პროცესთა გაღრმავება ქმნის იმ ტენდენციას, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მხოლოდ ეროვნულ ჩარჩოებში შეუძლებელი ხდება. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები მსოფლიო მეურნეობის განვითარებასთან ერთად აფართოებს და აღრმავებს თავისი არსებობის სფეროს, იძენს გლობალურ ხასიათს.

საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვანი თავისებურებებით ხასიათდება:

  • განსხვავება მობილურობაში – ქვეყნებს შორის რესურსების გადაადგილება უფრო რთულია, ვიდრე ქვეყნის შიგნით;
  • თითოეული ქვეყანა განსხვავებულ ვალუტას იყენებს და იმისათვის, რომ სხვა ქვეყნიდან იმპორტირებული საქონლისთვის ანგარიშსწორება მოახდინოს, ამ ქვეყნის ვალუტა უნდა შეიძინოს,ანუ თავისი ვალუტა სხვა ქვეყნის ვალუტაზე გაცვალოს;
  • საგარეო ვაჭრობა ისეთ პოლიტიკურ ჩარევასა და კონტროლს ექვემდებარება, რომელიც თავისი ხარისხითა და ხასიათით მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც საშინაო ვაჭრობაში იყენებენ.

საქონლის მოძრაობა საზღვარზე აუცილებლად არ გულისხმობს სავაჭრო გარიგების არსებობას. როგორც წესი, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვაში არ აისახება მომსახურების ყიდვა-გაყიდვა, შემოსავლები კაპიტალიდან და კაპიტალის ბრუნვა, თუმცა მასში ჩაირთვება საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა. საგარეო ვაჭრობის შესწავლისას საქმე გვაქვს საქონლის ისეთ მახასიათებლებთან, როგორებიცაა: ღირებულება, რაოდენობა, ფასი.

საგარეო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ხასიათდებიან გარკვეულ მაჩვენებელთა სისტემით, რომელთა შორის გამოიყოფა როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მახასიათებლები,ესენია: ექსპორტი, იმპორტი, ექსპორტ-იმპორტის ანუ საგარეო ვაჭრობის სალდო, საგარეო ვაჭრობის ერთიანი სასაქონლო ნომენკლატურა, დემპინგი, გენერალური ვაჭრობა, საგარეო ვაჭრობის საქონელბრუნვის ეკონომიკური ეფექტიანობა, ეკონომიკის გახსნილობის რაოდენობრივი ინდიკატორები და სხვა.

საქონლის ექსპორტი და იმპორტი არის კომერციული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მატერიალური ფორმით საქონლის ყიდვა-გაყიდვასთან. რადგან ერთი ქვეყნიდან მეორეში საქონლის გადაადგილება მხედველობით აღიქმება, ზოგჯერ მათ „ხილულ“ ექსპორტს და იმპორტს უწოდებენ.[1]

საქართველოს საგარეო ვაჭრობის ანალიზი 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის მიხედვით

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 352.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია. აქედან ექსპორტი გაიზარდა 24.9%-ით და განისაზღვრა   3 392.5 მლნ. აშშ დოლარით. იმპორტი გაიზარდა 22.3%-ით და განისაზღვრა 7 959.9 მლნ. აშშ დოლარით. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში, 4 567.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2016-2021 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით. (იხ.დიაგრამა1.)

დიაგრამა1. გვიჩვენებს, რომ ექსპორტი 2016 წლიდან 2019 წლამდე უწყვეტად იზრდებოდა. კორონა ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პარალელურად კი 2020 წელს ამ მაჩვენებლის კლება შეინიშნება,თითქმის ყოველი თვე წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია (2020 – იანვარი 13.3%, თებერვალი -1%,მარტი -23.4%,აპრილი -28.5%,მაისი -31.2%,ივნისი -13.5%,ივლისი-15.3%, აგვისტო -7.5%,სექტებერი 8.4%,ოქტომბერი -2.1%,ნოემბერი -13.4%,დეკემბერი -17.8%). 2021 წელს კი ექსპორტის მაჩვენებლი გაზრდილია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.მისი ზრდის ტენდენცია გამოიხატება პროცენტული ცვლილებით წინა წლის შესაბამის თვესთან (2021 – იანვარი -16.2%,თებერვალი 1.9%, მარტი 30.5%,აპრილი 69.8%, მაისი 45%,ივნისი 30.6%,ივლისი 40.7%,აგვისტო 14.6%,სექტემბერი 12.8%,ოქტომბერი 31.45).[2]

დიაგრამა1. საგარეო ვაჭრობის ზოგადი მაჩვენებლები 2016-2021 წწ. იანვარ- ოქტომბერში.

წყარო: www.geostat.ge

2021 წლის იანვარ-ოქტომბრის წინასწარი მონაცემებით,ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.2%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.9%-ით გაიზარდა და 2 484.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2021 წლის 10 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,ადგილობრივი ექსპორტი 526.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა(იხ.დიაგრამა2.) და ზრდა ძირითადად განხორციელდა შემდეგი პროდუქტების ხარჯზე:

  • ფეროშენადნობები – ექსპორტი 377.9 მლნ აშშ დოლარი,ზრდა 91.1%.
  • ღვინო – ექსპორტი 187.8 მლნ აშშ დოლარი,ზრდა 15.6%.
  • მინერალური და მტკნარი წყლები – ექსპორტი 118.4 მლნ აშშ დოლარი,ზრდა 26.6%.
  • თხილი – ექსპორტი 88.3 მლნ აშშ დოლარი,ზრდა 31.1%.
  • სპირტიანი სასმელები – ექსპორტი 77.6 მლნ აშშ დოლარი,ზრდა 18.7%.
  • აზოტოვანი სასუქები – ექსპორტი 76.4 მლნ აშშ დოლარი,ზრდა 31.2%.
  • ტრიკოტაჟის ნაწარმი – ექსპორტი 53.4 მლნ აშშ დოლარი,ზრდა 70.1%.

წმინდა ექსპორტში მნიშვნელოვანი წილი უკავია სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტს 655.6 მლნ აშშ დოლარი (კლება 1.8%) და ოქრო 53.3 მლნ აშშ დოლარი(კლება 31.5%).[3]

დიაგრამა2. ექსპორტის ტენდენციები საქართველოში 2016-2021 წწ. იანვარ-ოქტომბერში.

წყარო: www.geostat.ge

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 678.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 294.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 225.8 მლნ. აშშ დოლარი). აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სიაში შეერთებული შტატებია წარმოდგენილი,ამასთან,ბრუნვის მიხედვით მისი წილი 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 0.1%-ით და 5.7% შეადგინა.(იხ.დიაგრამა3.)[2]

დიაგრამა3. ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2021* წლის იანვარ-ოქტომბერში.

წყარო: www.geostat.ge

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.4 % შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (520.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (481.8 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (443.4 მლნ. აშშ დოლარი). რაც შეეხება უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების სამეულს,ის ასე გამოიყურება: თურქეთი(1 418.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (812.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (705.2 მლნ. აშშ დოლარი). ასევე, საკმაოდ მაღალია ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი, რომელიც საქართველოს მთლიან იმპორტში 67.3%-ს შეადგენს.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 655.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 377.9 მლნ. აშშ დოლარით,მთლიანი ექსპორტის 11.1%, ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 373.3 მლნ. აშშ დოლარით, 11%. უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში პირველი ადგილი დაიკავა მსუბუქმა ავტომობილებმა – 706.7 მლნ. აშშ დოლარით (მთელი იმპორტის 8.9%),წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით იგი გაიზარდა 6.2%-ით, მეორე ადგილზეა  ნავთობი და ნავთობპროდუქტები 651.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.2%),რომელიც გაიზარდა 58%-ით. მესამე ადგილზე კი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 564.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.1%),წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 22%-ით.[2]

სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო – პრობლემები და მისი დაძლევის გზები

მსოფლიოში თითოეული ქვეყნისთვის დამახასიათებელია სხვა ქვეყნებთან ურთიერთქმედება რეგიონალურ და გლობალურ დონეზე. ამ მხრივ, სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებაში არსებულ პრობლემებს და ქვეყნის სავაჭრო დისბალანსს გააჩნია განსაკუთრებული მნიშვნელობა. სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდოს ჩამოყალიბებული ნეგატიური ტენდენციების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზებია:

  • საქართველოს მაღალი მოცულობის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რომელიც, თავის ხრივ, ქვეყანაში არსებული უმწვავესი პრობლემის, ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს.
  • განვითარებადი ქვეყნების შესაბამისი ექსპორტი,რომელიც ძირითადად მოიცავს ბუნებრივ რესურსებსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას,ანუ ის საქონელი,რომლის მოპოვებაც შესაძლებელია ქვეყანაში ადგილობრივი კლიმატური პირობების შესაბამისად.
  • საქართველოდან ძალიან მცირე რაოდენობით გადის მზა პროდუქცია, რომელიც კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზარზე. ამის მიზეზი ბევრია, ქვეყანაში არ შემოდის საკმარისი რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამის გამო შეუძლებელი ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა და დანერგვა, ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს არ ყოფნით ცოდნა და გამოცდილება.[4]
  • ქვეყნის ძირითადი საექსპორტო პროდუქცია არის სპილენძის მადნები და კონცენტრატები(ექსპორტის მთელი მოცულობის 19.3%),აგრეთვე ავტომანქანები (ექსპორტის 11%).ეს ორივე ფაქტობრივად წარმოადგენს რეექსპორტს, ასევე რეექსპორტია სამკურნალო საშუალებები(ექსპორტის 2.3%).[2]
  • ნელა ვითარდება ეროვნული საექსპორტო ინფრასტრუქტურა. მსოფლიო ბანკის ბოლო მონაცემებით,ლოჯისტიკის ინდექსის რეიტინგში საქართველომ 130-ე ადგილიდან 155 ქვეყანას შორის(2016წელს),2018 წელს 119-ე ადგილზე გადაინაცვლა,სადაც წარმოდგენილი იყო 160 ქვეყანა[5]. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, რეიტინგში რიგი ქვეყნების ჩამატება/ამოღება ხდებოდა, რასაც შესაძლოა საქართველოს რეიტინგი უკეთეს, ან უფრო ცუდ პოზიციაზე მოექცია, თუმცა, საბოლოო ჯამში ქვეყნების გადანაცვლების ეფექტი ერთმანეთს აბალანსებს და აღნიშნულ ფაქტორს, საქართველოს პოზიციის ცვლილებაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია.
  • დაბალ დონეზეა საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაცია.

საკვანძო პრობლემები, რომლებიც მოითხოვენ გადაწყვეტას, რათა დაბალანსდეს საგარეო ვაჭრობა და შემცირდეს სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო შემდეგია:

  • ეკონომიკის სტრუქტურული დისბალანსი.
  • ეროვნული ინოვაციური სისტემის არასაკმარისი ეფექტიანობა.
  • ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მოცულობა და ეფექტიანობა.

აღნიშნული პრობლემების დასაძლევად მიზანშეწონილია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

  • უცხოური პირდაპირი ინვესტიციების აქტიურად მოზიდვა.
  • ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნები, მისი ორიენტაცია საექსპორტო პოტენციალის გაზრდაზე.
  • სასაქონლო ექსპორტის სტიმულირება, პერსპექტიულ პროდუქციაზე კრედიტების გაცემის გზით.
  • მომსახურების ექსპორტის გაზრდა, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორში.

საქართველოს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტა, ეროვნული ეკონომიკის რესტრუქტურიზაციისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის შესაბამისი ღონისძიებების რეალიზაციის გზით, ხელს შეუწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დაბალანსებას, რაც გამოიწვევს ქვეყნის სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას, ეს კი თავის მხრივ, გახდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარი.[4]

დასკვნა

დღეს, როდესაც ასე აქტიურად მიმდინარეობს და უფრო მეტად ღრმავდება მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციის პროცესი, გლობალიზაცია ყოველდღიური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების მთავარი ობიექტი ხდება.შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების სტატისტიკურ შესწავლას განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა ენიჭება, როგორც საგარეო სავაჭრო მოვლენებისა პროცესების, უცხოური დაბანდებების დონის, დინამიკისა და განვითარების ტენდენციების დადგენაში, ისე არსებული მდგომარეობის ანალიზისა და შეფასების საკითხში.

ეროვნული მთავრობები საგარეო ვაჭრობის რეგულირების სატარიფო და არასატარიფო მეთოდებით ახდენენ ეროვნული სამომხმარებლო ბაზრის დაცვასა და ექსპორტის წახალისებას. საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციებში გაწევრიანება და ამ ორგანიზაციების პრინციპებისა და წესების გაზიარება კი ქვეყნებს გზას უხსნის საერთაშორისო ბაზრებზე. ის ქვეყნები, რომლებიც შეძლებენ ეროვნულ დონეზე არსებული და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციების რეგულირების წესების შეთანაწყობას, შეძლებენ ქვეყნის სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას და გახდებიან კონკურენტუნარიანნი საერთაშორისო დონეზე, რითაც დაიმკვიდრებენ ადგილს მსოფლიო სამეურნეო სისტემაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://openscience.ge/bitstream/1/608/1/dolidze%20khatia.pdf?fbclid=IwAR10vzM3iv3uAtLfX_EvpPwtODdbIo2oVF55Kk4LrEkWUPVGn_bVyy6Lp2c
  2. https://www.geostat.ge/ka/single-news/2388/sakartvelos-sagareo-vachroba-2021-ts-ianvari-oktomberi-tsinastsari?fbclid=IwAR1Cz9nvsYuBVFQvITnMHVM0YGuefaU412XLqw7qi6sbJbmnEgiHzHOKKFE
  3. https://www.geostat.ge/ka/single-news/2387/adgilobrivi-eksporti-eksporti-reeksportis-gareshe-2021-ts-ianvari-oktomberi
  4. https://openscience.ge/bitstream/1/1812/1/Iveri%20Tchagalidze%20%20Samagistro.pdf?fbclid=IwAR2-5cKooFHIeOOGpkyBIfv69X_K_U87TdPn-cAqNN7-zHGNOmMaNwssFW0
  5. https://lpi.worldbank.org/international/global