ცხოვრების დონე საქართველოში
ავტორის სტილი დაცულია
მარიამ თოფჩიევა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
IV კურსის სტუდენტი
topchieva888@gmail.com
ანოტაცია
მოცემულ სტატიაში განვიხილავ ცხოვრების დონეს, როგორც ადამიანების კეთილდღეობის და ეკონომიკური განვითარების ძირითად მაჩვენებელს. პრაქტიკაში გამოყენებადი ცხოვრების დონეების გაგებას, ცხოვრების დონის განმაპირობებელ ძირითად ფაქტორებს და მდგომარეობას საქართველოში. შევეხები უმუშევრობის დონეს და არსებული მდგომარეობის მიზეზებს, საშუალო ფენის მნიშვნელობას სახელმწიფო ეკონომიკისათვის, დასაქმებული მოსახლეობის ხელფასებს, ადამიანის განვითარების ინდექსს და საქართველოს ადგილს მსოფლიო რეიტინგებში სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით. განვიხილავ სიღარიბის მცნებას და აგრეთვე შემოგთავაზებთ ჩემებურ ხედვას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აუცილებელი ქმედითი ნაბიჯების წარმოდგენით.
Annotation
In this article I will discuss the standard of living as a key indicator of human well-being and economic development. Understanding the living standards used in practice, the main factors determining the standard of living and the situation in Georgia. I will touch upon the level of unemployment and the reasons for the current situation, the importance of the middle class for the state economy, the salaries of the employed population, the human development index and Georgia’s place in the world rankings according to various economic indicators. I will discuss the commandment of poverty and also offer my vision by taking the necessary effective steps to improve the current situation.
ცხოვრების დონის არსი
ცხოვრების დონე არის ცალკეულ ადამიანთა და მთლიანად საზოგადოების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების დონე. რაც უფრო მაღალია ცალკეული ადამიანისა და მთლიანად საზოგადოების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების დონე, მით უფრო მაღალია ცხოვრების დონე და პირიქით. მოთხოვნილებები კი, განუსაზღვრელია და იცვლება ცხოვრების დონის ზრდასთან ერთად. [1] ცხოვრების დონე დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, რომელთაგან უმთავრესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების არსებული მდგომარეობა (რაც უფრო მაღალია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე მით უფრო მაღალია ადამიანთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა). ცხოვრების დონეზე ზეგავლენას ახდენს ასევე პოლიტიკური ,სოციალური ,ეროვნული თავისებურებები, ეკონომიკური პირობები(მაგ. ინფლაციის ტემპი, შემოსავლები ,დანახარჯები და სხვ)
პრაქტიკაში გამოიყენება მოსახლეობის ცხოვრების დონის 4 გაგება:
- უზრუნველყოფილი დონე (კეთილდღეობა), რომლის პირობებშიც შესაძლებელია ადამიანის ყოველმხრივი განვითარება.
- ნორმალური დონე-რომელიც ითვალისწინებს რაციონალურ მოხმარებას მეცნიერულად დასაბუთებული ნორმების მიხედვით და შესაძლებელს ხდის ადამიანის ფიზიკური და ინტელექტუალური ძალების აღდგენას;
- სიღარიბე, რომლის პირობებშიც შესაძლებელია მხოლოდ შრომისუნარიანობის შენარჩუნება.
- სიღატაკე- მასში იგულისხმება საქონლის და მომსახურების ნაკრები, რომელიც საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ადამიანის სიცოცხლის უნარიანობა.[2]
საშუალო ფენა
ცნება – “საშუალო ფენა” (და არა კლასი) პირველად გამოიყენა არისტოტელემ, ალბათ, ძირითადად, ხელოსანთა, ვაჭართა, მევახშეთა და მონათა იმ ნაწილის აღსანიშნავად, რომელთა მდგომარეობა მონათა ძირითად ნაწილზე უკეთესი იყო, ხოლო მონათმფლობელზე – უარესი.
განვითარებულ ქვეყნებში დღეისათვის საშუალო ფენის ხვედრითი წონა იმდენად დიდია და ცხოვრების საერთო დონე იმდენად მაღალი, საზოგადოების დაყოფა კლასებად საერთოდ კარგავს აზრს (ეს აისახა მ. ვებერის, ტ. პარსონსის, რ. დარენ-დორფის, ბ. ბარბერის, კ. დევისის, უ. მორის, პ. კოლინზის და სხვათა ნაშრომებში). ამიტომ საზოგადოების დაყოფა ხდება მხოლოდ “სტრატებად”, ანუ “ფენებად”, რომელთა შორის ანტაგონისტური წინააღმდეგობა არ არსებობს. მისი შემადგენლობა მრავალფეროვანია და ასევე მობილური. მის რიგებში შეიძლება იყოს თანამედროვე საზოგადოების სრულიად სხვადასხვა წრის წარმომადგენელი (მუშა, გლეხი, მეწარმე, სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერი, მწერალი, სპორტსმენი და ა.შ.). საშუალო ფენის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური განვითარებისათვის. იგი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მაკროეკონომიკურ და, საერთოდ, ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობას. სწორედ ამიტომაა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ეს ფენა საზოგადოების ყველაზე დიდი ნაწილია. საშუალო ფენის კეთილდღეობის ერთ ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი კი მისი დასაქმების და აღებული ანაზღაურების დონეა. თავისთავად ცხადია რომ ადამიანებმა თავიანთი მოთხოვნილებები რომ დაიკმაყოფილონ, პირველ რიგში დასაქმებულები უნდა იყვნენ და გაწეული შრომისათვის ღირსეულ ანაზღაურებას უნდა იღებდნენ.
უმუშევრობა საქართველოში
საქართველო მსოფლიოში მეათეა უმუშევრობის დონით [3] ჩვენზე უარეს დღეში მხოლოდ 9 ქვეყანაა ესენია: სამხრეთი აფრიკა – 28.7%, დასავლეთი სანაპირო და ღაზა – 27.4%, ლესოტო – 24.6%, ესვატინი – 23.4%, გაბონი – 20.5%, ნამიბია – 20.4%, სენტ-ვინსენტი და გრენადინები – 20.3%, სომხეთი – 20.2% და ლიბია – 19.4%. რით არის განპირობებული ეს ?
2020 წლის ბოლოს საქართველოში 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. აქედან 15 წლის და მეტი ასაკის იყო დაახლოებით 3 მილიონი. ამ 3 მილიონიდან 1.2 მილიონი დასაქმებული იყო, ხოლო 282 ათასი – უმუშევარი. დარჩა კიდევ 1.5 მლნ ადამიანი, რომელთაც 15 და მეტი წელი შეუსრულდათ, ანუ არიან სამუშაო ასაკში, მაგრამ არც დასაქმებული არიან და არც უმუშევარი. ეს რიცხვი – 1.5 მილიონი – მოიცავს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის ან სხვა გარემოების გამო არ შეუძლიათ მუშაობა (მაგალითად, პატიმარია) ან თავიანთი ნებით არ ეძებენ სამსახურს. მათ შორის, 700 ათასი არიან 15-19 წლის და საპენსიო ასაკის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, ობიექტური მიზეზების გამო არ არიან დაინტერესებული მუშაობით. 800 ათასი ადამიანი კი ოჯახის საქმეებით არის დაკავებული, ან აღარ აქვს იმედი, რომ სამსახურს იშოვის, აღარც ეძებს ან, უბრალოდ, არ უნდა მუშაობა. რადგან საქართველო ემიგრანტების გადმორიცხულ თანხაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შეუძლია, არ იმუშაოს და მაინც ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონდეს. ასეთი ადამიანები დაბალანაზღაურებიან სამსახურს არ თანხმდებიან და უკეთეს სამუშაო ადგილებს ელოდებიან.
ამ ციფრებს მივყავართ კითხვამდე, კი მაგრამ 800 000 ადამიანი არც კი ეძებს სამსახურს რადგან არ აკმაყოფილებს ანაზღაურება. როგორია საშუალოდ ის ?
ხელფასები საქართველოში
საქსტატის მონაცემებით საქართველოში საშუალო ხელფასის მაჩვენებელი ბოლო წლებში მატების ტენდენციაშია და 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე სულ იზრდება (თუ არ ჩავთვლით კოვიდის აფეთქების მონაკვეთს)
ნახაზი #1 საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქართველოში
თუმცა მისი პიკი (1368 ლარი) მაინც ვერ იძლევა იმის საშუალებას რომ დასაქმებულმა მოსახლეობამ საკუთარი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს, მით უფრო, რომ ამხელა უმუშევრობის ფონზე ლოგიკურია იმის დაშვებაც, რომ ეს ხელფასი მხოლოდ 1 ადამიანს არ ეკუთვნის ხოლმე, რადგანაც ოჯახში დიდი ალბათობით იქნება მინიმუმ 1 უმუშევარი/არასრულწლოვანი/პენსიონერი, რაც თავისთავად გულისხმობს აღნიშნული ხელფასის ორ, ზოგ შემთხვევაში კი 3 ან მეტ ადამიანზე გადანაწილებას, რაც საარსებო მინიმუმს ძლივს სცდება, (223,5 ლარი) არათუ ცხოვრების მაღალი დონის საშუალებას იძლევა.
ადამიანის განვითარების ინდექსი (HGI)
მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის წარმოადგენს ინდიკატორს მისი განვითარებისა და ის აერთიენებს ამ განვითარების ისეთ საზომებს, როგორიცაა: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა; განათლების დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ადამიანის განვითარების ინდექსი გაეროს მიერ აღიარებულია ადამიანური განვითარების განსაზღვრის სტანდარტულ საშუალებად.
საქართველო 70-ე ადგილს იკავებს 189 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის, რომელთა ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI) შევიდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის ადამიანის განვითარების ანგარიშში (HDR). [4]
ანგარიშის მიხედვით, ადამიანების კეთილდღეობა კომპლექსურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომლებიც ფულის გარდა, სხვა მაჩვენებლებსაც მოიცავს. ამის გათვალისწინებით, ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI) ჯანმრთელობასთან, განათლებასთან და შემოსავლებთან დაკავშირებულ მონაცემებს აერთიანებს.
საქართველოს ადამიანის განვითარების ინდექსის (HDI) მაჩვენებელი 0.786-ია, რაც ადამიანის განვითარების მაღალ დონეს შეესაბამება. 2000-2018 წლებში საქართველოს HDI მაჩვენებელი 0.669-დან 0.786-მდე გაიზარდა, რაც 17.5%-იან ზრდაზე მიუთითებს. სიცოცხლის ხანგრძლივობა 3.2 წლით გაიზარდა, სასკოლო განათლების საშუალო ხანგრძლივობა 1.1 წლით, ხოლო სასკოლო განათლების მოსალოდნელი ხანგრძლივობა კი 3.0 წლით. 1990-2018 წლებში საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი, GNI, ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 19.8%-ით გაიზარდა.
ამ თვალსაჩინო პროგრესის მიუხედავად, უთანასწორობის გათვალისწინებით დაკორექტირებული HDI მაჩვენებელი საგრძნობლად მცირდება. საქართველოს შემთხვევაში ეს კლება 12%-ია, რაც მის HDI მაჩვენებელს 0.692-მდე ამცირებს.
სიღარიბე საქართველოში
სიღარიბე შეიძლება იყოს ქრონიკული ან დროებითი და დიდწილად დაკავშირებული სხვადასხვა სახის უთანასწორობასთან. საერთაშორისო მეთოდოლოგია ძირითადად განარჩევს აბსოლუტური (უკიდურესი, ექსტრემალური) და შედარებითი სიღარიბის სახეებს. აბსოლუტური სიღარიბის გაზომვა ხდება ერთი და იგივე გლობალური სტანდარტით, რომელიც იცვლება დროისა და გარემოებების მიხედვით. შედარებითი სიღარიბე განსხვავდება ქვეყნების, საზოგადოებებისა და ეპოქების მიხედვით და განსაზღვრულია მდგომარეობად, როდესაც ადამიანს არ შეუძლია მიაღწიოს ცხოვრების სტანდარტის განსაზღვრულ დონეს იმავე ადგილას და იმავე დროში მცხოვრებ სხვა ადამიანების საშუალო ცხოვრების სტანდარტთან შედარებით.
აბსოლუტური სიღარიბე
აბსოლუტური, იგივე უკიდურესი, ექსტრემალური სიღარიბე, ესაა „მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მკაცრი დეპრივაციით ბაზისური ადამიანური საჭიროებებიდან, როგორიცაა საკვები, სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა, ჰიგიენური პირობები, ჯანდაცვა, საცხოვრებელი, განათლება და ინფორმაცია. ის დამოკიდებულია არამხოლოდ შემოსავალზე, არამედ სერვისებზე წვდომაზეც“. მსოფლიო ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ მაკნამარა აბსოლუტურ/ექსტრემალურ სიღარიბეს აღწერს, როგორც „მდგომარეობას, რომელიც იმდენად ლიმიტირებულია არასრულფასოვანი კვებით, წიგნიერების დონის არარსებობით, დაავადებებით, ბინძური გარემოთი, ბავშვთა მაღალი სიკვდილიანობით და დაბალი სიცოცხლის ხანგრძლივობით, რომ ვერ ჯდება ადამიანური ღირსების ვერცერთ გონივრულ დეფიცინიციაში.“
აბსოლუტური სიღარიბე არის სრული უქონლობა საბაზისო პიროვნული საჭიროებებისთვის აუცილებელი საშუალებებისა, როგორიცაა საკვები, ტანსაცმელი და თავშესაფარი.
საქსტატის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის ყოველი მეხუთე მოქალაქე (2020 წლის მონაცემებით 21.6 %) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. რთულია ამ ადამიანების ცხოვრების დონეზე საუბარი. ისინი უფრო არსებობენ, ვიდრე ცხოვრობენ და ეს ჩვენი მოსახლეობის მეხუთედზე მეტია.
ნახაზი #2 სიღარიბის აბსოლიტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი
წყარო : https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done [6]
საქართველო მსოფლიო რეიტინგებში
„მთავრობის ვალის ტვირთის მიხედვით“ -საქართველო მსოფლიოში 108-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2021 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 54.2% და ვალის ტვირთის ამ მაჩვენებლით საქართველო 187 ქვეყანას შორის 108-ე ადგილზეა. 2020 წლის ბოლოს 92-ე ადგილზე იყო . პანდემიის შედეგად ბოლო 2 წელიწადში საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვნად გაუარესდა.2020 წელს მთავრობის ვალი 9.7 მილირდი ლარით გაიზარდა, რაც კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ და ლარის კურსის ვარდნამ განაპირობა . საქართველოს მთავრობის ვალის 80%-მდე საგარეო ვალია, რომელიც უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული და ლარის გაუფასურების შემთხვევაში ლარში აღრიცხული ვალი იზრდება. სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს მთავრობის ვალი 2022 წელს 35 მილიარდს ლარს მიაღწევს .[7]
„ინფლაციის დონით“ საქართველო მსოფლიოში მე-17 ადგილზეა.[8] საქსტატის მონაცემების მიხედვით ინფლაციის დონე 13.9%’ს უდრის.
„სამუშაო ძალის კვალიფიკაციით“ საქართველო მსოფლიოში 125-ე ადგილზეა(40,6 ქულა 100ქულიდან) . სამუშაო ძალის კვალიფიკაციის რეიტინგი 141 ქვეყანას მოიცავს).სამუშაო ძალის კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა – 3.1 დასაქმებულთა პროფესიული ტრენინგების ხარისხში აქვს. საქართველოს 3.4 ქულა აქვს უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალის კვალიფიკაციაში და მსოფლიოში 125-ე ადგილზეა. ყველაზე მაღალი ქულა – 3.7 საქართველოს მოსახლეობაში თანამედროვე (ციფრული) ტექნოლოგიების ცოდნაში აქვს და მსოფლიოში 107-ე ადგილს იკავებს. 3.6 ქულა აქვს კვალიფიციური სამუშაო ძალის მოძიების სიმარტივეში (120-ე ადგილი). სამუშაო ძალის კვალიფიკაციით საქართველო სამეზობლოში სამწუხაროდ ბოლო ადგილზეა.[9]
„ბიუჯეტის დეფიციტის სიდიდით“ საქართველო 2021 წლის მონაცემებით მსოფლიოში 72-ე ადგილზეა.(190 ქვეყანას შორის). 2020 წელს საქართველო რეიტინგში 45-ე ადგილზე იყო, ანუ 2021 წელს ქვეყნის პოზიცია შედარებით გაუმჯობესდა. ფონდის ინფორმაციით, ნომინალურ გამოსახულებაში 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი 3.7 მილიარდი ლარია, 2020 წელს კი 4.6 მილიარდი ლარი იყო.
„ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური ეროვნული შემოსავლის“ რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 108-ე ადგილზეა.(ასევე 190ქვეყანას შორის).საქართველოში ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 4,290 დოლარს შეადგენს.
სხვა მონაცემები :
„მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ საქონლით საგარეო ვაჭრობის დეფიციტით საქართველო მსოფლიოში მე-20 ადგილზეა.
ინტერნეტის გლობალური თავისუფლების რეიტინგში საქართველო მე-9 ადგილზეა.
ეკონომიკური გლობალიზაციის საერთაშორისო ინდექსში საქართველო 22-ე ადგილზეა.
ემიგრანტების გზავნილებით საქართველო მსოფლიოში მე-17 ადგილზეა[10]
გლობალური ინოვაციების ინდექსით საქართველო 59-ე ადგილზეა.
ექსპორტიორის რეიტინგით 94-ე ადგილზეა (127 ქვეყანას შორის)
იმპორტიორის რეიტინგით იგივე 127 ქვეყანას შორის 80-ე ადგილზეა.
ზოგადად სავაჭრო ბალანსის რეიტინგით 98-ე ადგილზეა.
და ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდექსი , რომელიც განსაზღვრავს ცხოვრების დონეს ქვეყანაში ეს არის განათლების დონე. „განათლების დონის“ მიხედვით საქართველო 56-ე ადგილზეა 2021წლის მონაცემებით. 2020წელთან შედარებით განათლების დონე ორი ადგილით გაუმჯობესდა (58-ე ადგილზე იყო).[11]
დასკვნა
საქართველოში ცხოვრების დონე დაბალია. მოსახლეობის მეხუთედი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. დაახლოვებით ნახევარი უმუშევარია ან არ მუშაობს რადგან არ არის მზად დაბალ ანაზღაურებაზე იმუშაოს, თუმცა ინარჩუნებს ცხოვრებისათვის საჭირო პირობებს ემიგრანტებისგან გადმორიცხული თანხის ხარჯზე. ჩვენი უმუშევრობის დონის, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის და ხელფასების რაოდენობის გათვალისწინებით უფრო მესამე სამყაროს დონის ქვეყანას განვეკუთვნებით, თუმცა ფონს გავდივართ შედარებით მაღალი განათლების, ჯანდაცვის, ტექნოლოგიური განვითარების ხელმისაწვდომობის და ცხოვრების დაცულობის დონის ხარჯზე და განვითარებად ქვეყანად ვითვლებით. ჩემი აზრით საქართველოში ადამიანები სტატიის დასაწყისში მოყვანილი ცხოვრების დონის განმსაზღვრელ დონეებში მესამე და მეოთხე დონეს განეკუთვნებიან მეტწილად, ანუ ცხოვრობენ სიღარიბესა ან სიღატაკეში.
გამოსავალს კი ვხედავ : 1. შრომის ბაზრის ინსტიტუციური მოწყობა, სახელმწიფო სამსახურისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა. 2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების ადგილობრივი მუშახელის დასაქმებისათვის უპირატესობის მინიჭება; 3. იმპორტშემცველი და ექსპორტზე ორიენტირე-ბული დარგების მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან; 4. კორუფციის მინიმუმამდე დაყვანა; 5. მცირე ბიზნესის განვითარების სახელმწიფოს მხარდა¬ჭერის ფართო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა; 6. საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების ორგანიზება, რისთვისაც სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს ბიუჯეტის სახსრები, უცხოური კრედიტები და დახმარებები.
გამოყენებული ლიტერატურა
- http://conferenceconomics.tsu.ge/?mcat=0&cat=arq&leng=ge&adgi=933&title=%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%20%E1%83%93%E1%83%90%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D
- http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=576
- https://forbes.ge/umushevrobith-msophlioshi-gamorcheuli-qveqhana/
- https://www.ge.undp.org/content/georgia/ka/home/presscenter/pressreleases/2019/HDR2019.html
- https://www.geostat.ge/media/42179/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98–III_2021.pdf
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done
- https://forbes.ge/blogs/saqarthvelo-mthavrobis-valis-msophlio-reitingshi-2/
- https://forbes.ge/blogs/saqarthvelo-inphlatsiis-donith-msophlioshi-me-17-adgilzea/
- https://forbes.ge/blogs/samushao-dzalis-kvaliphikatsiith-saqarthvelo-msophlioshi-125-
- https://forbes.ge/blogs/emigrantebis-gzavnilebith-saqarthvelo-msophlioshi-me-17-
- https://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=12291
- https://globaledge.msu.edu/countries/georgia/tradestats