სოფლის მეურნეობის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში

ავტორის სტილი დაცულია

გიორგი აკობია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი
Giorgi.akobia473@eab.tsu.ge

ანოტაცია

საქართველოში საუკუნეების მანძილზე სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განვითარებაში. ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობა ჯერ კიდევ არ არის სრულად ათვისებული, ვფიქრობ წინ დიდი გზაა. საქართველო ხომ მიწათმოქმედების ქვეყანაა, ღვინის სამშობლოა, რომელსაც ამ სფეროში ძალიან დიდი მომავალი გააჩნია.  სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე კი ქვეყნის წინსვლა თითქმის შეუძლებლად მიმაჩნია. აღნიშნულ სტატიაში მიმოვიხილავ სოფლის მეურნეობის რამდენიმე ძირითადი დარგს, ვისაუბრებ მათ ეკონომიკურ ფასეულობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

Annotation

For centuries, agriculture in Georgia has played an important role in maintaining the country’s identity and development. Agriculture in our country is not yet fully developed, I think there is a long way to go. Georgia is a country of agriculture, the homeland of wine, which has a great future in this field. Without the development of agriculture, I find it almost impossible for the country to move forward. In this article I will review some of the major sectors of agriculture, talk about their economic value and future prospects.

სოფლის მეურნეობა მატერიალური წარმოების ერთ-ერთი ძირითადი დარგია. ეს არის სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა და შინაური ცხოველების მოშენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის მიღების მიზნით. სოფლის მეურნეობის მთავარ დარგებს შორის აღსანიშნავია: მიწათმოქმედება, მეცხოველეობა, მეტყევეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მეთევზეობა და ა.შ. ბოლო წლების განმავლობაში რეალური ზრდა დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის სექტორში. 2019-2020 წლებში მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში გაიზარდა.

აღნიშნულ სტატიაში განვიხილავთ სოფლის მეურნეობის ძირითად დარგებს და ყურადღებას გავამახვილებთ მათ ზოგად სტატისტიკაზე (წარმოება, საგარეო ვაჭრობა;ექსპორტი და იმპორტი).

გრაფიკი #1: სასოფლო მეურნეობების განაწილება მეურნეობის სასოფლო-სამეურნეო ორიენტირის მიხედვით 2020 წელს

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/196/soflis-meurneoba

მიწათმოქმედება მიწის დამუშავებაა სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მოყვანის მიზნით. საქართველოს ძალიან ბევრი რაიონისთვის, მიწათმოქმედება ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა და მასში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა ჩართული.

აქვე აღსანიშნავია მემცენარეობაც,რომელიც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი დარგია, მისი მიზანია უმთავრესად კულტურული მცენარეების მოყვანა მცენარეული პროდუქციის წარმოების მიზნით. მემცენარეობა იძლევა სასურსათო პროდუქტებს, პირუტყვისათვის — საკვებს, კვების, საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობისათვის — მცენარეულ ნედლეულს. მემცენარეობა მოიცავს მებოსტნეობას, მეხილეობას, მევენახეობას, მემდელოეობას, მეტყევევეობას, მეყვავილეობას. მემცენარეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მეცხოველეობასთან. [1]

2020 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 211.3 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.1 პროცენტით აღემატება. ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 83.7 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 47.1 ათასი ჰექტარი იყო, ქერის – 25.6 ათასი ჰექტარი, კარტოფილის – 16.4 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების – 13.0 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის – 12.8 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 12.7 ათას ჰექტარს შეადგენდა. [5]

გრაფიკი #2: რეალიზებული პროდუქციის წილი სასოფლო მეურნეობების მიერ წარმოებულ მემცენარეობის პროდუქციაში 2016-2020წწ

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/196/soflis-meurneoba

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მემცენარეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მეცხოველეობასთან, მეცხოველეობა კი თავის მხრივ ცხოველთა მოშენებასა და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებას ითვალისწინებს. ის უზრუნველყოფს მოსახლეობას პროდუქტებით.

წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 468.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.5 პროცენტით მეტია. [3]

ცხვრისა და თხის ჯამურმა რაოდენობამ  1 მილიონი სული შეადგინა. ღორის- 174.7 ათასი სულით განისაზღვრა. ფრინველის რაოდენობამ კი 11.3 მილიონს მიაღწია.

ცხრილი #1: პირუტყვისა და ფრინველის სულადობა 2020-2021 წლებში კვარტლის ბოლოსათვის

წყარო: https://www.geostat.ge/ka/single-news/2240/sakartvelos-soflis-meurneoba-2021-tslis-i-kvartali-tsinastsari-monatsemebi-metskhoveleobis-shesakheb

2021 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 115.3 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.8 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 15.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.5 პროცენტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 171.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6.9 პროცენტით აღემატება. [3] აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ სასურსათო პროდუქტების საშუალო წლიური ფასი ბოლო წლებში გაიზარდა. ფასმა საგრძნობლად მოიმატა ხორცპროდუქტებზე, რძის ნაწარმზე, ხმელ ლობიოზე, ზეთზე და ა.შ.

რაც შეეხება ცოცხალი პირუტყვისა და ფრინველის ექსპორტს, 2021 წლის პირველ კვარტალში მსხვილფეხა ცოცხალი პირუტყვის 16.1 ექსპორტირდა. 0.2 ათასი სული კი შემოვიდა იმპორტის შედეგად ქვეყანაში. ფრინველთა  699 ათასი ფრთა ექსპორტის სახით გავიდა ქვეყნიდან ხოლო 1287.5 კი შემოვიდა (იმპორტირდა) ქვეყანაში.

ცხრილი #2: ცოცხალი პირუტყვისა და ფრინველის ექსპორტი 2020-2021 წლებში

წყარო: https://www.geostat.ge/ka/single-news/2240/sakartvelos-soflis-meurneoba-2021-tslis-i-kvartali-tsinastsari-monatsemebi-metskhoveleobis-shesakheb

ცხრილი #3: ცოცხალი პირუტყვისა და ფრინველის იმპორტი 2020-2021 წლებში

წყარო: https://www.geostat.ge/ka/single-news/2240/sakartvelos-soflis-meurneoba-2021-tslis-i-kvartali-tsinastsari-monatsemebi-metskhoveleobis-shesakheb

სამომავლო პერსპექტივა

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სოფლად ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს, თუმცა წარმოებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ რომ მათ მიერ შექმნილი დოვლათი სულაც არ არის ამ მაჩვენებლის პროპორციული.

აუცილებელია ვისაუბროთ იმ პრობლემებზე რაც დღეს არსებობს ამ დარგში, საჭიროა ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება, რადგანაც მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ასევე, საზოგადოებაში ძალიან ბევრი აზრი არსებობს გენმოდიფიცირებულ საკვებზე, ჯერ კიდევ სრულად არ არის ცნობილი, თუ რამდენად უვნებელია იგი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ალბათ კარგი იქნება უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს მოქალაქეებს ამ საკითხის შესახებ.

უნდა აღინიშნოს ისიც რომ, აუცილებელია წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა, რაც ალბათ მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. ეს ერთგვარი ხერხიც კია მოსახლეობაში მოტივაციის გასაზრდელად, რადგანაც იგი ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი კრიტერიუმია იმისთვის რომ რეგიონში განვითარდეს სოფლის მეურნეობის დარგი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს, რომლებიც მიმართულია სოფლის მეურნეობის განვითარებისაკენ. რაც რა თქმა უნდა სასარგებლოა საქართველოსთვის.  

მაგალითისთვის, წარმოგიდგენთ ერთ-ერთ პროექტს:  ,,საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 სტრატეგია“-რომლის მიზნებია:

მიზანი 1 -კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორები.


მიზანი 2 – ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია.

მიზანი 3 – სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტური სისტემები; [4]

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ  ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია ამ მხრივ. ვფიქრობ აუცილებელია სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალური ათვისება და მათი მიზნობრივად გამოყენება, რადგან ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

დასკვნა

ამრიგად, სოფლის მეურნეობა ქვეყნის მამოძრავებელი ღერძია, რომლის განვითარებასაც მისი ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, პერსპექტივა დიდია თუმცა გასათვალისწინებელია შესრულების ხარისხიც. სახელმწიფოს თანადგომა დიდ როლს ასრულებს მის განვითარებაში, კერძოდ, აუცილებელია პროდუქციის ხარისხის კონტროლი, რაც თავის მხრივ, აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ნაყოფიერი მიწის რესურსებით, რისი სრული გამოყენებაც მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კია ჩვენთვის.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://ka.wikipedia.org/wiki/მემცენარეობა
  2. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/196/soflis-meurneoba
  3. https://www.geostat.ge/ka/single-news/2240/sakartvelos-soflis-meurneoba-2021-tslis-i-kvartali-tsinastsari-monatsemebi-metskhoveleobis-shesakheb
  4. https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/20395
  5. https://www.geostat.ge/ka/single-news/2223/sakartvelos-soflis-meurneoba-2020-tseli-tsinastsari-monatsemebi-memtsenareobis-shesakheb