ინვესტიციები და სამუშაო ძალა, როგორც ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის ინდიკატორები
ავტორის სტილი დაცულია
თიკო ელაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
Tikoelashvili55@gmail.com
ანოტაცია
თანამედროვე ეკონომიკის პირობებში, ქვეყნები მიისწრაფვიან ეკონომიკური ზრდისკენ. ეკონომიკური ზრდა გულისხმობს ქვეყანაში წარმოების დონისა და ხარისხის ამაღლებას, შედეგად, ცხოვრების უფრო მაღალ დონესაც. საჭიროა, რომ ეკონომიკური ზრდა მაქსიმალურად ეფექტიანად მიმდინარეობდეს. უახლესი ისტორიის მაგალითზე ვნახავთ, რომ ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკო-პოლიტიკურ მიზანს. ეკონომიკური ზრდის სათანადო დონეზე შენარჩუნება სახელმწიფოს საშუალებას აძლევს კრიზისიდან შედარებით მარტივად გამოვიდეს, დაძლიოს რეცესია და თავიდან აიცილოს სერიოზული ეკონომიკური რყევები. აღსანიშნავია, რომ საქართველო, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს მიეკუთვნება. ცხადია, რომ მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის სწორი გატარება. ამისათვის კი, საჭიროა ეკონომიკური ზრდის ასპექტების შესწავლა, რაც მოგვცემს საშუალებას გავაანლიზოთ დღევანდელი მდგომარეობა და შევიმუშავოთ სწორი სტრატეგია. ნაშრომის მიზანია ავხსნათ ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის გარკვეული საკითხები და გავაანალიზოთ ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა საქართველოში. კერძოდ, ნაშრომში განვიხილავ ორ მნიშვნელოვან საკითხს: ინვესტიციებს და შრომით რესურსებს. ორივე წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის მნიშვნელოვან საფუძველს და სწორედ მათზეა დამოკიდებული რა სახის პოლიტიკა გატარდება ქვეყანაში.
Annotation
In the conditions of modern economy, countries are striving for economic growth. Economic growth means raising the level and quality of production in the country and a higher standard of living as well. In the example of recent history we see that economic growth is one of the most important eco-political goals. Maintaining a proper level of economic growth allows the state to emerge from the crisis relatively easily, overcome the recession and avoid serious economic fluctuations. Georgia belongs to the countries of transition economy, It is clear that the right conduct of economic growth policy is very important for it. For this, it is necessary to study the aspects of economic growth. The aim of the article is to explain certain issues of economic growth policy and to analyze the economic growth policy in Georgia. In particular, in the article I discuss two important issues: investments and labor resources.
ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის არსი
როგორც აღვნიშნეთ, ეკონომიკური ზრდა გულისხმობს ქვეყანაში წარმოების დონისა და ხარისხის ამაღლებას, შედეგად, ცხოვრების უფრო მაღალ დონესაც. გამოიყოფა ძირითადად 2 სახის ეკონომიკური ზრდა: ექსტენსიური და ინტენსიური.
ექსტენსიური ეკონომიკური ზრდა გულისხმობს საწარმოო ფაქტორების რაოდენობრივ ზრდას (საწარმოო პროცესში დამატებითი შრომის მოზიდვა, კაპიტალი, მიწა). ამ შემთხვევაში წარმოების ტექნოლოგიური ბაზა უცვლელი რჩება.
ინტენსიური ეკონომიკური ზრდის დროს ყურადღება ექცევა წარმოების ეფექტიანობის ამაღლებას, ხოლო ფაქტორთა რაოდენობა შეიძლება უცვლელი რჩებოდეს. [2]
თუ ფასების სტაბილურობის მისაღწევად ფართოდ გამოიყენება მონეტარული პოლიტიკა, ეკონომიკური ზრდის საკითხი ასეთი ცალსახა და მარტივი არ არის. ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა კომპლექსური სისტემაა, რომელიც რამდენიმე ეკონომიკურ ფრონტზე ბრძოლას მოიაზრებს. [1](გვ.671)
მოცემულ ნაშრომში ყურადღება გვინდა გავახვილოთ ამ პოლიტიკის 2 ძირითად ასპექტზე: პირველი – ეს გახლავთ ინვესტირება, რომელსაც ცხადია დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის განსაზღვრაში და მეორე – შრომითი რესურსებია, რომელთაც ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდისთვის.
ინვესტირება და ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა
ზოგადად, ეკონომიკური ზრდისთვის საჭიროა ინსტიტუციები, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული თამაშის წესები ეკონომიკური აგენტებისთვის, როგორებიცაა ფირმები და მომხმარებლები. საბაზისო პირობა, რომლის გარეშე საბაზრო ეკონომიკა ვერ ფუნქციონირებს ესაა საკუთრების უფლების და კონტრაქტების შესრულება. ვიცით, რომ ნებისმიერი ზრდის წყარო არის ინვესტიცია. არავინ არ დააბანდებს ინვესტიციას, თუ დარწმუნებული არ იქნება, რომ ამ ინვესტიციის შედეგი მისი საკუთრება იქნება.
უმეტესწილად, საბაზრო სისტემისთვის არსებობს მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რომელთაც კერძო სექტორი ხშირად უგულებელყოფს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. ასეთ ინვესტიციებს მიეკუთვნება დაბანდებები ადამიანურ კაპიტალში, განათლებასა და მედიცინაში. ასევე ესაა სხვადასხვა სახის დაბანდება ინფრასტრუქტურაში, ახალგაზრდა სექტორებში, რომელთაც აქვთ პოტენციალი, მაგრამ საჭიროებენ ფინანსურ მხარდაჭერას განვითარებისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ სახელმწიფოს მხრიდან ინოვაციური პროექტების, კვლევებისა და განვითარების მხარდაჭერა. [3] თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნების მიხედვით განსხვავებული მიდგომები არსებობს, ზოგი მათგანი პირდაპირ აფინანსებს ამ სფეროებს, ზოგი კი არაპირდაპირ – კერძო აგენტებისთვის სტიმულის შექმნით.
საკუთრივ, განათლება პირდაპირ ზემოქმედებას არ ახდენს წარმოების პროცესზე. განათლება ადამიანური კაპიტალის ნიჭის გადაცემის საშუალებაა და ათვისების უნარი, მოგვეხსენება, არათანაბრადაა განაწილებული. ნელსონისა და პელფის შრომებში დამტკიცებულია კავშირი განათლებასა და ერთ სულ მოსახლეზე მსპ-ს დონეს შორის საშუალოდვადიან პერიოდში. შემდგომი კვლევების მიხედვით კი, ასევე დასტურდება განათლების მნიშვნელობა ეკონომიკურ ზრდაში. [1] (გვ.679)
საქართველოს რაც შეეხება, საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით მთავრობა საკუთრების უფლების დაცვის მთავარ გარანტად გამოდის. ის აქტიურად აუმჯობესებს საკანონმდებლო ბაზას, რათა ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს დაბანდებების განხორციელება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ასპექტია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რასაც, საბოლოოდ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა მოყვება.
აღნიშნულის გარდა, საქართველოს ფისკალური პოლიტიკა უზრუნველყოფს კერძო სექტორისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, სტაბილური საგადასახადო გარემოს შექმნას.
მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო რესურსები მობილიზებული იყოს. ინვესტიციებსა და დანაზოგებს შორის სხვაობის დასაფინანსებლად სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ღონისძიებები როგორც დანაზოგების ზრდის ხელშეწყობის, ისე უცხოური კაპიტალის შემოდინების წახალისების მიზნით.
მოიაზრება, რომ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის მიზანშეწონილია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. მათი შემოდინება განაპირობებს ინვესტიციების ზრდას და, შესაბამისად ცოდნისა და ტექნოლოგიების განვითარებას. [4] (გვ.21-22, 91-92)
შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს ინვესტიციები.
დიაგრამა 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა (1997-2020 წლები)
ავტორისეული გრაფიკი. მონაცემების წყარო: www.geostat.ge
საკმაოდ ზრდადი დინამიკის მიუხედავად, ორ მნიშვნელოვან ჩავარდნას ვხედავთ. პირველი ესაა 2008-2009 წლების პერიოდი, როდესაც საქართველო, როგორც მთელი მსოფლიო, ფინანსურ კრიზის განიცდიდა, ხოლო შემდგომი მნიშვნელოვანი ჩავარდნა 2017 წლიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება. კორონავირუსის პანდემიის შემდგომ, საინვესტიციო პოლიტიკის უმთავრესი მიზანი გახდა ინვესტორების მოზიდვა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის. შეგვიძლია ვნახოთ 2021 წლის მონაცემებიც.
დიაგრამა 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უმსხვილესი ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2021 წელი
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi
როგორც ვხედავთ, ინვესტიციების უდიდესი ნაწილი საფინანსო სექტორში გაიშვა, რაც ლოგიკურია, რადგანაც ეკონომიკურ ზრდას ყველაზე მეტად სწორედ ეს სექტორი უზრუნველყოფს. თუმცა, ინვესტიციების გარდა არსებობს მეორე მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელზეც დამოკიდებულია ეკონომიკური ზრდის ტემპები.
სამუშაო ძალა და ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა
სამუშაო ადგილების შექმნა და შრომის ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისი უზრუნველყოფა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამგვარად, სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ აქტიურ მოსახლეობას ჰქონდეს დასაქმების შესაძლებლობის მტკიცე საფუძველი. ეს, საბოლოოდ, აისახება ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე.
სამწუხაროდ, საქართველოში დასაქმების მაჩვენებლი საკმაოდ დაბალია, რაც უკანასკნელ წლებში კიდევ უფრო გამძაფრებულია COVID-19-ის პანდემიით. საქართველოს შრომის ბაზრის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს შრომის ბაზრის კონიუნქტურის დისბალანსი. ბევრია ისეთი სპეციალობის მქონე ადამიანი, რომელზეც შრომის ბაზარზე მოთხოვნა ნაკლებია. ამავე დროს, არასაკმარისია სათანადო კვალიფიკაციის მქონე კადრი. არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ასევე განათლების დაფინანსების დაბალი დონე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში განათლების დაფინანსება იზრდება, საქართველო ჯერ კიდევ ძლიერად ჩამოუვარდება აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს.
სახელმწიფო პოლიტიკა ამ სფეროში მოსახლეობისთვის დასაქმების შესაძლებლობების გასაზრდელად არის მიმართული. საჭირო ხდება შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოს მაძიებელთა ინფორმირებულობის გაზრდას. მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსება, ეფექტიანი დასაქმების ხელშეწყობით. საბოლოო შედეგი უმუშევრობის შემცირება იქნება, რასაც შემდგომ, წარმოების ზრდაც მოყვება.
ევროპული გამოცდილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შრომითი უფლებების დაცვის მონიტორინგის ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას, რომლებიც დაიცავს დასაქმებულთა უფლებებს. [4] (გვ.64-66)
აღნიშნულის გარდა, სახელმწიფოს შეუძლია გაზარდოს შრომის მიწოდება. ამისთვის ძირითადად გამოიყენება 2 ძირითადი ინსტრუმენტი:
პირველი – სამუშაო შემწეობა იმ მშრომელებისთვის, რომელთა შრომითი შემოსავალი ზღვრულ შემოსავალს ოდნავ აღემატება ან მასზე დაბალია. შესაბამისად, სახელმწიფოს შეუძლია შეიმუშავოს პროგრამები, რომელიც სტიმულს დაუკარგავს მოქალაქეებს მიიღონ სამუშაო შემწეობა და ეძებონ სამუშაო.
მეორე – საპენსიო რეფორმა. ეს ბერკეტი დასაქმებულს აძლევს სტიმულს მეტი ხნით დარჩეს სამუშაო ადგილზე.
ასეთი პოლიტიკა ეფექტიანია ეკონომიკური ზრდისთვის მოკლევადიან და ხანდახან საშუალოვადიან პერიოდებშიც კი. მაგრამ როგორ უნდა იზრუნოს სახელმწიფომ გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე? ცხადია, მასტიმულირებელ პროგრამებს შეზღუდული ეფექტი აქვთ. ამ პირობებში ერთადერთი პოლიტიკა, რომელსაც წვლილი შეაქვს გრძელვადიანი პერიოდის შრომის მიწოდების ზრდაში არის ფერტილობის მაჩვენებლის ზრდა ან იმიგრაცია. მიუხედავად იმისა, რომ ფერტილობის დონე, როგორც წესი, ეგზოგენური ცვლადია, მასზე ზემოქმედება შესაძლებელია, მაგალითად, სხვადასხვა სახის პროგრამის შეთავაზებით. [1] (გვ. 689-690)
დიაგრამა 3: დასაქმების დონე საქართველოში, %
ავტორისეული გრაფიკი. მონაცემების წყარო: www.geostat.ge
დიაგრამა 4: უმუშევრობის დონე საქართველოში, %
ავტორისეული გრაფიკი. მონაცემების წყარო: www.geostat.ge
ეკონომიკური ზრდა საქართველოში: ემპირიული კვლევები
თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ეკონომიკური ზრდის მოდელირება ხდება ძირითადად 3 მიმართულებით: კეინზიანური, ნეოკლასიკური და ისტორიულ-სოციოლოგიური მოდელები. ამ ნაშრომში ყურადღებას გავამახვილებთ კეინზიანურ და ნეოკლასიკურ მოდელებზე და შევეცდებით საქართველოს მაგალითზე დავინახოთ, რამდენად შეესაბამება ეს მოდელები რეალობას. [6]
დავიწყებთ კეინზიანური მოდელების განხილვით. ერთ-ერთი საინტერესო მოდელი ამ ჯგუფიდან გახლავთ აქსელერატორის მოდელი. მიკროდონეზე ის განიხილავს ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ ფირმას გააჩნია მარაგები და ისინი გამოშვების მოცულობის პროპორციულია. თუ განვაზოგადებთ ამ მოდელს მაკროდონეზე, მაშინ შეგვიძლია განვიხილოთ ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ქვეყნის მასშტაბით ინვესტიციების მოცულობა, მთლიანი სამამულო პროდუქტის ცვლილების პროპორციული იქნება. რეგრესიული ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია ავაგოთ შემდეგი მოდელი:
აქსელერატორის მოდელიდან გამომდინარეობს, რომ ინვესტიციები წარმოების მოცულობის ცვლილების პროპორციულია. წარმოების მოცულობის ზრდის შემთხვევაში ინვესტიციების მოცულობაც იზრდება (ერთ ერთეულზე 0.26 ერთეულით). თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე, ეს მოდელი ასახავს ე.წ. წარმოების აჩქარებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინვესტიციების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, ჩქარდება თუ ყოვნდება ეკონომიკის განვითარება. მოდელის შედეგი, ცხადია 100%-იან რეალობას არ ასახავს, თუმცა რეალურ მნიშვნელობას მიახლოებულია, რადგანაც, როგორც ეკონომიკური, ასევე სტატისტიკური თვალსაზრისით, მოდელი მისაღებს წარმოადგენს. [5]
ნეოკლასიკური ტიპის მოდელები, უფრო საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ უკეთ შეგვიძლია შევაფასოთ ამ მოდელების რეალობასთან მორგების ხარისხი, ვინაიდან, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ის მრავლობით რეგრესიას ეფუძნება. გარკვეული დაშვებების პირობებში, მოდელი მიიღებს ზოგად სახეს:
შეგვიძლია გავაკეთოთ ეკონომიკური ინტერპრეტაცია: კობი-დუგლასის ფუნქციის შეფასებით მივიღეთ, რომ სხვა თანაბარ პირობებში კაპიტალის 1%-ით გაზრდა გამოიწვევს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.08%-ით გაზრდას. ასევე, მსგავსი მდგომარეობაა დასაქმების მხრივაც: სხვა თანაბარ პირობებში, დასაქმების რაოდენობის 1%-ით გაზრდა გამოიწვევს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.13%-ით გაზრდას. როგორც შევნიშნეთ, პარამეტრებს შორის მცირედი სხვაობაა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ბაზარი შრომაინტენსიურია. ეს შეიძლება იმით ავხსნათ, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე მიწოდება სჭარბობს მოთხოვნას და საჭიროა მეტი კაპიტალის მოზიდვა და საქართველოს მთავრობის მიერ ინვესტიციებისა და მწარმოებლურობის ზრდის ხელშეწყობა, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და შრომის ბაზრის კონიუნქტურა დაბალანსდეს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ მოდელის მიხედვით საქართველოს ახასიათებს მასშტაბის კლებადი უკუგება (0.08+0.13=0.21<1)
დასკვნა
ამრიგად, მოცემულ ნაშრომში განვიხილეთ ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის ორი მნიშვნელოვანი მიმართულება. ინვესტირების როლი ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის გატარებაში და სამუშაო ძალის მნიშვნელობა. საქართველოს მაგალითზე ვისაუბრეთ ყველაზე მწვავე პრობლემებზე და ასევე, ემპირიული მონაცემების საფუძველზე განვიხილეთ ორი საინტერესო მოდელი. ცხადია, ორივე მათგანი არ ასახავს ზუსტ რეალობას, მაგრამ მოცემული შერცევების პირობებში წარმოადგენს რეალობის მიახლოებულ ვარიანტს. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორი რეალისტური არ უნდა იყოს მოდელი, რეალური პოლიტიკური გადაწყვეტილებები უმეტეს შემთხვევაში არ ეფუძნება მოდელის შედეგებს. საბოლოოდ, ცხადია ერთი რამ: ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა არის ღონისძიებათა მთელი კომპლექსი, რომელთა ერთდროული გატარება ხშირად დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული.
- ეკონომიკური პოლიტიკა: თეორია და პრაქტიკა (ა.ბენასი-კუერი, ბ.კიური, პ.ჟაკი, ჟ. პისან-ფერი; თსუ; 2016)
- Политика экономического роста ( https://studfile.net/preview/519600/page:21/ )
- Как государства ускоряют рост экономики? ( https://beroc.org/media/press/teper-ponyatno-kak-gosudarstva-uskoryayut-rost-ekonomiki/ )
- საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია (2020-2021)
- ეკონომეტრიკა და მათემატიკური მოდელირება (ი.ანანიაშვილი; თსუ; 2018)
- Экономическая теория – Модели экономического роста (Ю.Е.Кривонос; Конспект лекций; ТТИ ЮФУ; 2009)
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ( https://www.geostat.ge/ka )
- World Statistics – International statistics ( https://world-statistics.org/ )
- პროგრამული უზუნველყოფა MS Excel 2019
- პროგრამული უზრუნველყოფა STATA
- პროგრამული უზრუნველყოფა Eviews